ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ძებნა qwelly

თემა: გი დე მოპასანი - ორლა
მიყვარს ეს მხარე. აქ ცხოვრებაც მიყვარს, რადგან სწორედ აქაა ჩემი ფესვები, ღრმა და სათუთი ფესვები, რომელიც ადამიანს იმ მიწასთან აკავშირებს, სადაც ერთ დროს იშვნენ და მერე მიიცვალნენ მისი წინაპრები, აკავშირებს იმასთან, რასაც ფიქრობს ან რითაც იკვებება, ზნე-ჩვევებთან, კუთხურ სიტყვა-პასუხთან, გლეხურ გამოთქმასთან, მიწის სურნელთან, სოფლებთან და თვით ჰაერთან. მე მიყვარს სახლი, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი. ფანჯრიდან სენას ვხედავ. მდინარე აქვე, ბაღის გასწვრივ მიედინება; ასე მგონია, ჩემს ოთახზე გადის-მეთქი... წყალუხვი, აღმა-დაღმა მოსრიალე გემებით დახუნძლული ფართო სენა, რომელიც რუანიდან ჰავრისკენ მიეშურება. მარცხნივ, იქით, რუანია... ლურჯი სახურავები, ცად ასხლეტილი გოთური სამრეკლოები და ტაძრების ამაყად აწვერილი კოშკები. ზოგი სამრეკლო ჰაეროვანია, ზოგიც მედიდური. ურიცხვი ზარი, დილაობით ხასხასა ლურჯ ჰაერს აზანზარებს. მე ჩამესმის მათი ნაზი და შორეული ბუბუნი. ბრინჯაოს სიმღერა ნიავს მოჰყვება. თუ კარგად დაუბერა – ძლიერი, ყურისწამღები: ზოგჯერ კი უქარობისას – მოგუდული და მიმქრალი. ვიშ, რა დილაა! თერთმეტ საათზე ჩემი ეზოს მესერთან გემების ქარავანმა ჩაიარა. ქარავანს ნეხვის ბუზივით გაბერილი ბუქსირი მიათრევდა: მეტი ჯაფისგან ხრიალებდა და ხშირ, შავ კვამლს ბოლქვებად უშვებდა. ორ ინგლისურ კარჭაპს, რომელთა წითელ ბაირაღებს ქარი ათამაშებდა, დიდებული ბრაზილიური სამანძიანი გემი მოჰყვებოდა. გემი თეთრად ქათქათებდა და მზეზე ბრწყინავდა. მე ხელი ავწიე და მივესალმე. არ ვიცი კი რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ კარგი რამ სანახავი იყო. 12 მაისი – ეს რამდენიმე დღეა, სიცხე მაქვს. თავს კარგად ვერ ვგრძნობ, უფრო ზუსტად კი კაეშანმა დამრია ხელი. მაცოდინა მაინც, საიდან მოდის ეს იდუმალი ძალა, რომელიც ბედნიერებას უბედობად აქცევს, ნებისყოფას კი უიმედობას უნაცვლებს? კაცი იფიქრებს, თვით ჰაერია გაჟღენთილი ამ შეუცნობელი ძალებით, რომელთა უჩინარი მეზობლობა ესოდენ ავბედით გავლენას ახდენს ჩვენზე. დღეს ბედნიერ ფეხზე ავდექი. ისე ამიტაცა სიხარულმა, რომ ცოტაც და ავმღერდებოდი – რატომ? წყლის პირას ჩავედი. აი, ახლა კი ხანმოკლე გასეირნების შემდეგ, ისეთი მისავათებული ვბრუნდები, თითქოსდა შინ საშინელი უბედურება მომელოდეს. რატომ? ნუთუ სიცივემ შეატანა ძვალ-რბილში და სული ამიფორიაქა? იქნებ ღრუბელთა სრბოლამ, დღის ნათელმა და საგანთა თვალშეუვლებმა ფერისცვალებამ ამიწეწა აზრები? ისიც ხომ შეიძლება, რომ ყოველივე, რაც გარს გვარტყია, რასაც ვუყურებთ და ვერ კი დაგვინახია, ვეხებით და ვერ კი მოგვიხელთებია, ჩვენს გრძნობებზე და მერე უკვე მათი მეშვეობით ჩვენს აზრებზეც და ჩვენს გულზეც რაღაც წამიერ, საოცარ და აუხსნელ ზემოქმედებას ახდენს? ო, რაოდენ ღრმაა უჩინარი ძალის ეს იდუმალება! როგორ გინდა ჩაწვდე ამ უძირო უფსკრულს ჩვენი უსუსური გრძნობებით? ჩვენი თვალი ხომ ვერც უმცირესს რამეს არჩევს და ვერც ერთობ დიდს, ვერც ძალზედ დაახლოებულს და ვერც ძალზედ დაშორებულს. ვერც ვარსკვლავთ ბინადართ ჭვრეტს და ვერც წყლის წვეთში მოქცეულ სამყაროს. ჩვენი ყურიც ხომ წამდაუწუმ გვაცდუნებს, რამეთუ ჰაერის უმცირეს თრთოლვასაც კი ხმამაღალ ბგერებად წარმოგვიდგენს: ზღაპრული ფერიის მსგავსად, რაღაც სასწაულით, ჰაერის რხევას ხმაურად აქცევს და ამ სახეცვლის წყალობით მუსიკას ბადებს. მუსიკა კი, თავის მხრივ, ბუნების იდუმალ ნანავს სიმღერად გარდაქმნის. ადამიანის ყნოსვაც ხომ ძაღლის ყნოსვაზე გაცილებით სუსტია. გემოსაც ვერ დაენდობი! ის კი არადა, ღვინის წლოვანებაც ვერ გაგვირჩევია! რა იქნებოდა, გამჩენს სხვა გრძნობებიც მოეცა, რომლებიც ჩვენდა საბედნიეროდ, სასწაულს მოახდენდა და ჩვენ ირგვლივ განფენილ უთვალავ საიდუმლოს ფარდას ახდიდა. 16 მაისი – ეჭვიც არ მეპარება, რომ ავად ვარ. არადა, ეს ბოლო თვე კარგად ვიყავი! ციება შემეყარა, საშინელი ციება, უფრო ზუსტად, ნერვიული ციება, რომელიც ჩემს სულსაც ისე ტანჯავს, როგორც სხეულს. ვერსად ვემალები გარდაუვალი ხიფათის საშინელ განცდას, რომელიც არ ვიცი საიდან მომიხტება. ვერც სიკვდილის შიშს, რომელიც აქვეა, სულ ახლოს, ვერც შეუცნობელ უბედურების მოლოდინს, რომელიც ჩემს სისხლსა და ხორცში თესლივით ღვივდება. 18 მაისი – ეს-ეს არის ჩემს ექიმს გავესინჯე და შევჩივლე, ძილი გამიტყდა-მეთქი. მაჯაც აჩქარებული გაქვს და თვალის გუგაც გაგფართოებიაო, მითხრა. მაგრამ საგანგაშო ვერაფერი ნახა... მირჩია, ცივ წყალში იბანავე და კალიუმის ბრომი დალიეო. 25 მაისი – არავითარი ცვლილება! მართლაცდა, საოცრება მემართება! საღამო ჩამოწვება თუ არა, შეუცნობელი შფოთი მეუფლება, თითქოსდა ღამე საშინელ უბედურებას მიმზადებდეს. ნაჩქარევად წავიხემსებ, მერე ვცდილობ წიგნი ვიკითხო, მაგრამ სიტყვების აზრს ვერ ვწვდები, ძლივს თუ ვარჩევ ასოებს. ოთახში ბოლთას ვცემ და დაუძლეველი შიში მომეძალება... ძილისა და საწოლის შიში... ათ საათზე საწოლ ოთახში ავდივარ, შევალ თუ არა, წამსვე კარს გადავრაზავ და ურდულს ვუყრი – მეშინია... რისი? აქამდე ხომ არაფრისა მეშინოდა. კარადას ვაღებ, საწოლის ქვეშ ვიხედები, მივაყურადებ, ვუსმენ... რას? განა საოცარი არ არის, რომ რაღაც სულ უბრალო სისუსტე, მცირე ნერვული გაღიზიანება, ჩვენი არცთუ ისე სრულქმნილი სხეულის ჩვეული რიტმის წამიერი დარღვევა, ლაღ და გულად კაცს მელანქოლიკად და ლაჩრად აქცევს? მერე ვწვები და ისე ველი ძილს, როგორც სიკვდილმისჯილი თავის ჯალათს – ველი და მაშინებს მისი მოსვლა, გული ყელში მებჯინება, მუხლები მიცახცახებს: მთელი სხეულით ვკანკალებ საბნის სიმხურვალეში, სანამ ერთბაშად არ დავინთქები სიმშვიდის სამეუფოში, მსგავსად იმ თვითმკვლელისა, რომელსაც თავის დახრჩობა განუზრახავს და მორევში ვარდება. უწინდებურად ვეღარ ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება ცბიერი ძილი, აქამდე სადღაც ჩემ გვერდით მიყუჟული, რომელიც ერთხანს მითვალთვალებს, მერე ერთბაშად მომვარდება, თვალებს მიხუჭავს და არყოფნის ბნელეთში მომისვრის. მძინავს – დიდხანს – ორი თუ სამი საათი – შემდეგ სიზმარი – არა, საშინელი ზმანება მიხუთავს სულს... კარგად ვგრძნობ, რომ ვიღაც მიახლოვდება, მიყურებს, ხელს მიფათურებს, საწოლზე მობობღავს, ხელებს ყელში ჩამავლებს და მიჭერს, მიჭერს მთელი ძალითა და ღონით, თითქოს ჩემს დახრჩობას ლამობსო. მე კი ვებრძვი, თუმცა ის საშინელი უძლურება, სიზმარში რომ შევიგრძნობთ ხოლმე, ხელ-ფეხს მიბორკავს: ყვირილი მინდა – ხმა არ მომდევს, მინდა გვერდი ვიცვალო – თითსაც ვერ ვანძრევ: სუნთქვაშეკრული სხეულს ვძაბავ და მსურს გავიბრძოლო, რომ ეს საშინელი არსება მოვისროლო, რომელიც მახრჩობს და მსრესს – არაფერი გამომდის. ერთბაშად ვიღვიძებ, ოფლში გახვითქული, გონებაარეული. სანთელს ვანთებ. მარტო ვარ. ამ ზმანების შემდეგ, რომელიც ყოველღამ მეორდება, მშვიდად და უდრტვინველად ვიძინებ გათენებამდე. 2 ივნისი – უარესად ვარ. რა მემართება? ბრომი არაფერს მშველის, არც შხაპი. ზოგჯერ, ისედაც მისუსტებული სხეული კიდევ მეტად რომ გავთანგო, რუმარის ტყეში ვსეირნობ. თავდაპირველად ისიც ვიფიქრე, ბალახისა და ფოთლების სურნელით გაჟღენთილი სუფთა და ლბილი ჰაერი ძარღვებში ახალ სისხლს ჩამისხამს, – გულს კი მაცოცხლებელ წვენს მიაწვდის-მეთქი. ჩვეულებისამებრ მონადირეთა ხეივანს დავუყევი. შემდეგ ვიწრო ბილიკით ბიუსკენ გავწიე, ბილიკს ორთავე მხარეს უზარმაზარი ხეები შემოჯაროდა და მათი ხშირი ფოთლები მუქ-მწვანე თაღად გადახლართულიყო ჩემსა და ზეცას შორის. უეცრად, ჟრჟოლამ დამიარა. არა, სიცივისა არ იყო, კაეშნის უცნაურ შემოტევას უფრო ჰგავდა. ნაბიჯს ავუჩქარე, ტყეში მარტოობისა შემეშინდა. უმიზეზო შიში იყო, სულელური, სრული სიმარტოვისას რომ განიცდის კაცი, სწორედ ისეთი. მომეჩვენა, რომ ვიღაც ფეხდაფეხ მომდევდა, სულ ახლოს, სადაცაა ხელსაც მტაცებდა. ერთბაშად შემოვბრუნდი. არავინ იყო. ჩემ უკან მხოლოდ სწორ და ფართო ხეივანს ვკიდე თვალი. მაღალი ხეებით შემოსაზღვრული ხეივანი შიშისმომგვრელად ცარიელი მეჩვენა. ჩემ წინაც იგივე ხეივანი გადაჭიმულიყო, უსასრულოდ გრძელი და შიშისმომგვრელი. თვალები დავხუჭე. რატომ? ქუსლზე ტრიალი ვიწყე. უფრო და უფრო ავუჩქარე და ჩიკორივით დავბზრიალდი, ცოტაც და მიწაზე მოვადენდი ზღართანს. თვალები გავახილე. ჩემ გარშემო ხეები ფერხულს უვლიდნენ, ფეხქვეშ მიწა ირწეოდა. ხის ძირში ჩამოვჯექი. ახლა იმასაც ვეღარ ვიხსენებდი, როგორ აღმოვჩნდი აქ. უცნაურია, ღმერთმანი! აღარაფერი მესმოდა. ხელმარჯვნივ გავუხვიე და სწორედ იმ ხეივანში ამოვყავი თავი, რომელმაც ადრე შუა ტყეში შემიტყუა. 3 ივნისი – საშინელი ღამე! რამდენიმე კვირით სახლს გავერიდები. ხანმოკლე მოგზაურობა, იმედია, მიწამლებს. 2 ივლისი – განკურნებული ვბრუნდები შინ. სასიამოვნო მოგზაურობა კი იყო! სენ-მიშელის მთა მოვინახულე, რომელიც აქამდე არც მენახა. ერთი გაცოდინათ; რა სანახაობას გადააწყდება კაცი აი, ასე ჩემსავით, დღის მიწურულს რომ მიადგები ავრანშს. ქალაქი დაბალ გორაკებს შეჰფენია. წინ, თვალის გადაწვდენამდე, უზარმაზარი ყურე გადაჭიმულიყო... ორ დაშორიშორებულ ნაპირს შორის მოქცეული წყალი ნისლში ითქვიფებოდა. ამ უკიდეგანო, ყვითელი ყურეს შუაგულში კი, ოქროსფერი და მხურვალე ზეცის ქვეშ, ქვიშის კუნძულზე, პირქუში და წამახვილებული უცნაური მთა ამოზიდულიყო. ჩამავალი მზით აელვარებული ჰორიზონტის ფონზე მკვეთრად ისახებოდა ამ ფანტასტიკური კლდის პროფილი, რომელსაც თავზე ასევე ფანტასტიკური ძეგლი ედგა. ინათა თუ არა, მთისკენ გავუყევი. ზღვა ისეთივე მშვიდი დამიხვდა, როგორც წინადღით. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მთას, მით უფრო მკაფიოდ იკვეთებოდა ეს გასაოცარი სააბატო. რამდენიმე საათის შემდეგ დახვავებული ქვების უზარმაზარ მთას მივაღწიე. ქალაქი მთის კალთებზეა გაშენებული. მაღალი ტაძარი დაჰყურებს. ვიწრო, დაკლაკნილი ქუჩა ავათავე და უეცრად დედამიწის ზურგზე ღმერთის სადიდებლად აგებულ ყველაზე სრულქმნილ გოთურ სამლოცველოში აღმოვჩნდი. ერთი ქალაქის ოდენა ტაძარი იყო, დაბალთაღებიანი დარბაზებითა და ჰაეროვან სვეტებზე აზიდული დერეფნებით. კრძალვით შევდგი ფეხი ამ გიგანტური გრანიტის სამკაულში. მაქმანივით მსუბუქ ტაძარს უამრავი კოშკი და ნათელი სამრეკლო ამშვენებს. კოშკებზე ხვეული კიბეები ადის. დღეა თუ ღამე, ტაძარი ლოცვასავით აღავლენს ცისკენ უცნაური ქიმერებით, ეშმაკებით, ზღაპრული ცხოველებით და ჯერაც უხილავი ყვავილებით მოხატულ კოშკებს, რომლებიც მოჩუქურთმებული კამარებით გადაჭდობიან ერთმანეთს. ტაძრის ქიმზე რომ ავედი, ჩემს მეგზურ ბერს მოვუბრუნდი: „მამაო ჩემო, რა საამო უნდა იყოს აქ ცხოვრება!“ მან მიპასუხა: „ძლიერი ქარი იცის, ბატონო ჩემო“. ჩვენ საუბარს შევუყევით და თან მღელვარე ზღვას გადავყურებდით, რომელიც ქვიშნარს ლოკავდა და სანაპიროს ტალღების აბჯარს ასხამდა. ბერმა ამ მხარის ძველისძველი თქმულებები და არაკები მიამბო... ბევრი ლეგენდის მსმენელი გავხდი იმ დღეს. განსაკუთრებით ერთმა მათგანმა გამაოცა. აქაურები, უმეტესად მთიელები, ირწმუნებიან, თითქოს ღამით, ქვიშიან სანაპიროზე რაღაც ხმები ესმით, ხანდახან ორი თხაც გაბმულად პეტელობს, ერთი უფრო ხმამაღლა გაჰყვირის, მეორეს კი სუსტი ხმა აქვს. ურწმუნონი ამტკიცებენ, ეს ზღვის ფრინველთა ხმებიაო, ზოგჯერ თხის პეტელს ემსგავსება, ზოგჯერ კი – ადამიანის მოთქმასო. შეგვიანებული მეთევზეები კი იფიცებიან, ხშირად გვინახავს ქვეყნის კიდეზე გადაკარგულ ქალაქის კედლებთან, ქვიშის ბორცვებს შორის მოხეტიალე ვიღაც მოხუცი მწყემსი. თავ-პირი მოსასხამით აქვს შებურვილი. მოხუცი ორ თხას მიერეკება, ვაცს მამაკაცის სახე აქვს, ნეზვს კი ქალისა. ორთავეს გრძელი, თეთრი ბეწვი მოსავს. ისინი გაუთავებლად ლაპარაკობენ, რაღაც გაუგებარ ენაზე კამათობენ, მერე უცებ სიტყვას შეწყვეტენ და ხმამაღლა პეტელს მოჰყვებიან. – თქვენ გჯერათ? – შევეკითხე ბერს. – არ ვიცი, – წაიჩურჩულა მან. მე სიტყვა გავაგრძელე: „თუკი დედამიწაზე ჩვენ გარდა კიდევ სხვა რამ სულიერნიც არსებობენ, აქმდე რატომ არაფერი გვსმენია მათზე? ან კი როგორ მოხდა, რომ არც თქვენ შეგხვედრიათ ისინი და არც მე?“ მან მიპასუხა: „ჩვენ ყოველი არსებულის ერთ მემილიონე ნაწილსაც ვერ ვხედავთ, ჩემო ბატონო. აი, თუნდაც ქარი ავიღოთ, ბუნების ყველაზე ძლიერი სტიქიონი. ქარი ადამიანებს მიწაზე სცემს, შენობებს ანგრევს, ხეებს ძირფესვიანად გლეჯს, ზღვას მთისოდენა ტალღებად აფოფრავს, კლდეებს ძირს უთხრის და დიდრონ გემებს მორევში ითრევს. ქარი ანგრევს, კივის, კვნესის, ღრიალებს – მაგრამ გინახავთ კი იგი, ან შეგიძლიათ მისი ხილვა? ჰოდა, ქარი ხომ მაინც არსებობს?“ რა უნდა მეპასუხა? ეს კაცი ან ბრძენი უნდა ყოფილიყო ან ბრიყვი. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. მეც ბევრი მიფიქრია იმაზე, რასაც ახლა იგი მეუბნებოდა. 3 ივლისი – ცუდად მეძინა. აშკარაა, რაღაც სენი ტრიალებს ამ მიდამოში იმიტომ, რომ ჩემი მეეტლეც ჩემსავით წუხს. გუშინ, შინ რომ დავბრუნდი, უცნაურად ფერმკრთალი დამიხვდა. ჟან, რა დაგმართნია-მეთქი? – ჩავეძიე. – მოსვენება დავკარგე, ბატონო ჩემო. ღამეები დამიგრძელდა. მას შემდეგ, რაც გაემგზავრეთ, თითქოს ვიღაცამ გამთვალა. სხვა მსახურებს არაფერი ეტყობათ. მე კი მეშინია, ხელმეორედ არ მომიაროს ავადმყოფობამ. 4 ივლისი – ასეცაა, ისევ წამომიარა. ძველი ზმანებებიც დამიბრუნდა. ამ ღამეს ვიგრძენი, რომ ვიღაც ზემოდან მაზის, პირი პირთან მოუტანია და ჩემს სიცოცხლეს ისუნთქავს. დიახ, სწორედ რომ ასეა, წურბელასავით ისრუტავს. მერე, გული რომ იჯერა, ზეზე წამოდგა და მეც გამეღვიძა. გათანგულსა და სასომიხდილს განძრევის თავიც არ მქონდა. რამდენიმე დღეს კიდევ დავახანებ, ჰოდა, თუკი ყველაფერი თავიდან დაიწყება, უეჭველად გავემგზავრები. 5 ივლისი – ნუთუ ჭკუას გადავედი? იქ, რაც ამ ღამით მოხდა და რაც საკუთარი თვალით ვიხილე, იმდენად უცნაურია, რომ ახლაც გონზე ვერ მოვსულვარ. ამ ბოლო დროს დამჩემდა – ძილის წინ ოთახის კარს გულდაგულ ჩავრაზავ ხოლმე. ახლაც ასე მოვიქეცი. მერე, მომწყურდა და ნახევარი ჭიქა წყალი დავლიე. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ წყლის სურა პირამდე იყო სავსე. დავწექი თუ არა, წამსვე გადავეშვი საშინელ ზმანებაში, საიდანაც ორი საათის შემდეგ, რაღაც ბიძგმა გამომიყვანა. წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ძინავს და რომელსაც ძილში კლავენ. იგი იღვიძებს, ფილტვში დანა აქვს გაყრილი, ხროტინებს, პირიდან სისხლი სდის, ვეღარც სუნთქავს და სადაცაა სულს განუტევებს. თვითონაც არ იცის, რა მოსდის. აი, სწორედ ასე დამემართა. გონება მოვიკრიბე და ვიგრძენი, მწყუროდა. სანთელი ავანთე და მაგიდასთან მივედი, სადაც სურა მეგულებოდა. სურის ტუჩი ჭიქაზე დავხარე, მაგრამ წყალი არ გადმოიღვარა. სურა ცარიელი იყო. წვეთიც არ შერჩენილიყო ჭურჭელში. თავდაპირველად ვერაფერი ვიაზრე, მერე – ერთბაშად ისე ავღელდი, რომ იქვე, სკამზე დავენარცხე. მყისვე ფეხზე წამოვხტი და მიმოვიხედე. მერე გაოცებისგან და შიშისგან რეტდასხმული ისევ სკამზე დავჯექი და გამჭვირვალე სურას მივაშტერდი. ვუყურებდი და ვცდილობდი რამეს მივმხვდარიყავი. ხელები მიცახცახებდა. გამოდის, წყალი ვიღაცამ დალია! კი მაგრამ, ვინ? მე? რა თქმა უნდა, მე. აბა, სხვა ვინ იქნებოდა? მაშ, მთვარეული ვყოფილვარ და ეგაა. ეტყობა, აქამდე ისე ვცხოვრობდი, რომ ჩემი ორეულის არსებობა ეჭვადაც არ გამივლია. ორგვარი ცხოვრებით მიცხოვრია და ესაა. მეორე ცხოვრება სწორედ ის იდუმალი ყოფიერებაა, კაცს რომ გაფიქრებინებს, ჩემს არსებაში ორი პიროვნება შერწყმია ერთმანეთსო. შეიძლება ისიც იწამო, რომ ვიღაც უცნობს დაუსადგურებია შენს არსებაში, ვიღაც შეუცნობელს და უჩინარს. ჰოდა, როდესაც ჩვენი სული მიიძინებს, ის მეორეა, სწორედ ყველა ჩვენს ქცევას რომ განაგებს. ჩვენი სხეულიც მას ემორჩილება, ვინ იცის, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ჩვენ. ვინ გაიგებს ჩემს გულისამრევ კაეშანს? ვინ გაუგებს კაცს, გონიერს, ეს-ესაა გამოღვიძებულს, შიშისგან გაფართოებული თვალებით რომ მისჩერებია წყლის სურას, რომელშიც წყალი თავისთავად დაწრეტილა? გათენებამდე ასე ვიჯექი. დაწოლა ვერ გავბედე. 6 ივლისი – მგონი, ვგიჟდები. ამ ღამითაც გამომიცალეს სურა. სხვა ვინ უნდა იყოს? მართლა მე დავლიე? მე ვიყავი? ან კი სხვა ვინ უნდა იყოს? ო, ღმერთო ჩემო! ნუთუ გავგიჟდი? ვინ მიშველის? 10 ივლისი – გასაოცარი ცდები ჩავატარე. ცხადია, გიჟი ვარ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ. 6 ივლისს, დაწოლის წინ, ჩემს მაგიდაზე ღვინო, რძე, წყალი, პური და მარწყვი შემოვდგი. წყალი და ცოტაოდენი რძე შეუსვამთ. იქნებ მე თვითონ შევსვი? არც ღვინისთვის და არც მარწყვისთვის ხელი არ უხლიათ. 7 ივლისს ცდა გავიმეორე. შედეგი იგივე იყო. 8 ივლისს წყალი და რძე აღარ დამიდგამს მაგიდაზე. ყველაფერი ხელუხლებელი დამხვდა. 9 ივლისს მხოლოდ წყალი და რძე დავტოვე. ჭურჭელი თეთრ ქსოვილში შევფუთე და თავი მაგრად მოვუკარი. მერე ტუჩებზე, წვერზე და ხელებზე გრაფიტი წავისვი და დავწექი. ღრმა ძილმა შემიპყრო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ისევ იმ უხეშმა ბიძგმა გამაღვიძა. ეტყობა, ძილში გვერდიც არ მიცვლია. საბანსაც არსად ეტყობოდა შავი ლაქები. მაგიდას მივვარდი. ბოთლების თეთრ შალითებს არაფერი ეტყობოდა. თოკს ვხსნიდი და თან შიშისგან ვკანკალებდი. მთელი წყალი შეუსვამთ! რძის ბოთლიც გამოუშრიათ! ო, ღმერთო დიდებულო! ახლავე პარიზს მივემგზავრები! 12 ივლისი – აჰა, პარიზიც! ამ ბოლო დღეებმა ხომ სულმთლად ამირია გზა-კვალი. ეტყობა, საკუთარი წარმოსახვის ტყვედ ვიქეცი. თუკი, რა თქმა უნდა, მართლაც მთვარეული არა ვარ. ან იქნებ იმ აუხსნელი ძალის გავლენას განვიცდი, რომელსაც შთაგონებას უწოდებენ? ვინ იცის, შეიძლება ჩემი შიში სიგიჟეშიც კი გადაზრდილიყო, მაგრამ პარიზამდე ერთი დღე-ღამის მგზავრობამ ისევ ჩვეულ კალაპოტში ჩამაყენა. გუშინ მთელი დღე ქალაქში სირბილსა და ვიზიტებს მოვუნდი. ახალი სული შთამბერა თითქოს. საღამოს კომედი-ფრანსეზში ალექსანდრე დიუმა-შვილის პიესა ვნახე. დიუმას მძლავრი და მახვილი გონება მეც მადლად გადმომედო. ეჭვს გარეშეა, გამუდმებით ჯაფაში მყოფი გონებისათვის მარტოობა საშინელი სენია. ამიტომაა, რომ გვერდით ისეთი ადამიანებიც გვჭირდება, ვინც ფიქრობს და ნაფიქრალს სხვასაც უმხელს. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მარტონი ვრჩებით, სიმარტოვეს ჩვენივე ქიმერებით ვავსებთ. ერთობ მხიარულ გუნებაზე დავბრუნდი, ბულვარზე გავლით, სასტუმროში. ხალხის ტალღას მივაპობდი, გამვლელებს ვეხებოდი და ჩემი წინანდელი შიში და განცდები ახლა უკვე სასაცილოდ მეჩვენებოდა. არც ის მადარდებდა, რომ რაღაც უჩინარმა არსებამ ჩემს ჭერქვეშ დაიდო ბინა. ჩვენივე გონების სისუსტის ბრალი თუა, რომ უმნიშვნელო მოვლენა ეგრე ძალუმად აგვაფორიაქებს. იმის ნაცვლად, რომ თავს ვუთხრათ, არ მესმის იმიტომ, რომ მიზეზი ვერ მიპოვიაო, რას არ მოვიგონებთ და რა ზებუნებრივ ძალებს არ გამოვჩხრიკავთ ხოლმე! 14 ივლისი – რესპუბლიკის დღეა! ქუჩაში გავისეირნე, მაშხალები და დროშების ფრიალი ბალღივით მართობდა. ისე, დიდი სისულელე კია, იმხიარულო ერთ რომელიმე გარკვეულ დღეს და ისიც მთავრობის განკარგულებით. ხალხი ბრიყვების ბრბოა, ხან მონურად მორჩილი, ხან კი პირუტყვულად აღტყინებული. „მიდი, გაერთე“, – ეტყვიან და ისიც ერთობა. „მეზობელს მიუვარდი“, – თუ უბრძანეს, წამსვე საომრად გაემზადება. „ხმა მიეცი იმპერატორს!“ – ერთს შეუძახებენ და ისიც მზადაა. „ახლა რესპუბლიკას დაუჭირე მხარი“, – ეტყვიან და ამაზეც თანახმაა. ხალხის გამგებელნიც ბრიყვები არიან. მაგრამ ისინი ადამიანებს კი არა, – სულელურ, მწირ და ყალბ პრინციპებს ემორჩილებიან. პრინციპი, აბა, სხვაგვარ როგორ იქნება! ეს ხომ სწორედ ის იდეებია, რომელიც ადამიანებს უცილობელ და ურყევ კატეგორიებად დაუსახავთ, მაშინ როცა ამქვეყნად არავის არაფრისა სწამს, რამეთუ თვით სინათლეც და ხმაურიც ფუჭი ილუზიაა და სხვა არაფერი. 16 ივლისი – გუშინ ისეთი ამბის მოწმე გავხდი, რომ ახლაც გონს ვერ მოვსულვარ. ჩემს ბიძაშვილთან, ქალბატონ საბლესთან ვსადილობდი. მისი ქმარი ლიმოჟში დაბანაკებული 76-ე მსროლელი პოლკის მეთაურია. სადილზე ჩემ გარდა, ორი ახალგაზრდა ქალიც იყო მოწვეული. ერთის ქმარი, ექიმი პატანტი ნერვულ სნეულებებს იკვლევს. ამასთან ერთად ჰიპნოზისა თუ შთაგონების დროს აღნუსხულ არაჩვეულებრივ გამოვლენებსაც სწავლობს. ექიმი პატანტი ინგლისელი მეცნიერებისა და ნანსის სამედიცინო სკოლის ძიებათა სასწაულებრივ შედეგებზე გვესაუბრებოდა კარგა ხანს. ექიმის მიერ მოხმობილი ფაქტები დაუჯერებელი მეჩვენა და უნდობლობის დამალვა არც მიცდია. „ჩვენ, – განაცხადა ექიმმა, – სადაცაა აღმოვაჩენთ ბუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს, უფრო ზუსტად ბუნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს, რომელიც კი დედამიწის ზურგზე გვხვდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ბუნებას შეიძლება კიდევ სხვაგან სადმე ჰქონდეს საიდუმლოებანი, ვთქვათ, ვარსკვლავეთში. მას შემდეგ, რაც ადამიანმა აზროვნება იწყო და შეძლო გამოეთქვა ან დაეწერა საკუთარი აზრი, იგი გრძნობს, რომ მუდამ რაღაც საიდუმლოს ეხლება, რომელსაც თავისი უხეში და უსუსური გრძნობებით ვერ ჩასწვდომია. ჰოდა, ისიც ცდილობს გრძნობათა უკმარისობა გონების მცდელობით აინაზღაუროს. ადამიანური გონების განვითარების დაბალ საფეხურზე ამ უჩინარმა ფენომენმა საშიში და საზარელი სახე მიიღო. სწორედ აქედან იშვა ზებუნებრივი ძალების რწმენა, უმწიფარი გონების მიერ დაბადებული, ფერიებით, მოჩვენებებითა და ჯუჯებით სავსე უამრავი ლეგენდა და ზღაპარი. ცხადია, ღმერთის რწმენაც ამასვე ემყარება, რადგანაც სამყაროსა და ადამიანთა შემოქმედების ცნება, რომელ რელიგიასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს ის, დაშინებული ადამიანის გონების ნაყოფია და სხვა არაფერი. მოსწრებულად თქვა ვოლტერმა: „თუკი ღმერთმა სახითა თვისითა შეგვქმნა, ჩვენ სათანადო მივუზღეთ“, მაგრამ აი, უკვე მთელი საუკუნეა ახალი აღმოჩენის ზღურბლთან ვდგავართ. მესმერმა და სხვებმა აქამდე უხილავ გზაზე დაგვაყენეს და ეს ოთხი თუ ხუთი წელია განსაცვიფრებელ შედეგებს მივაღწიეთ“. ჩემი ბიძაშვილი ეჭვით აქნევდა თავს და იღიმებოდა. „გნებავთ დაგაძინოთ, ქალბატონო?“ – მიუბრუნდა ექიმი პატანტი ქალს. „კეთილი ინებეთ, ბატონო“, – გაეპასუხა ჩემი ბიძაშვილი და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა. ექიმმა თვალი თვალში გაუყარა და სეანსი დაიწყო. მე შევცბუნდი, გული ამიძგერდა და ნერწყვი გამიშრა. კარგად ვხედავდი, როგორ ჩამოუგრძელდა სახე ჩემს ბიძაშვილს, მერე პირიც გვერდზე მოექცა და ძალუმად სუნთქვას მოჰყვა. ათი წუთის შემდეგ მადამ საბლეს ღრმა ძილით ეძინა. „უკან დაუჯექით“, – მითხრა ექიმმა. მე ქალის უკან დავჯექი. ექიმმა ქალს სავიზიტო ბარათი ჩაუდო ხელში: – ეს სარკეა, რას ხედავ შიგ?! – ჩემს ბიძაშვილს, – უპასუხა ქალმა. – რას აკეთებს? – ულვაშს იწიწკნის. – ახლა? – ჯიბიდან ფოტოსურათს იღებს. – რა სურათია? – საკუთარი ფოტოა. დიახაც, რომ ასე იყო! ეს სურათი სწორედ იმ საღამოს გადმომცეს სასტუმროში. – როგორ გამოიყურება თქვენი ბიძაშვილი? – ფეხზე დგას, ხელში ქუდი უჭირავს. ქალი ამ თეთრ, გლუვ სავიზიტო ბარათში ისე ხედავდა, თითქოს მართლა სარკე ეკავა ხელში „გეყოფათ, გეყოფათ!“ – აკივლდნენ შეშინებული ქალები. მაგრამ ექიმი თავისას არ იშლიდა: „ხვალ, 8 საათზე ადგებით, შემდეგ თქვენს ბიძაშვილს ეახლებით სასტუმროში და იმ 5000 ფრანკს დაესესხებით, რომელსაც მეუღლე გთხოვდათ თავისი მომავალი მოგზაურობისთვის“. მხოლოდ ამის შემდეგ გააღვიძა ექიმმა ქალი. სასტუმროში რომ ვბრუნდებოდი, სულ ეს უცნაური სეანსი მედგა თვალწინ. ჩემი ბიძაშვილის გულწრფელობაში, რა თქმა უნდა, ეჭვს ვერ შევიტანდი. მას ხომ ბავშვობიდან ვიცნობდი და დასავით მიყვარდა. ექიმმა თუ იცუღლუტა-მეთქი, ვფიქრობდი. შეიძლება სადმე სარკეც ჰქონდა დამალული და ჩემდა უჩინრად, მიძინებულ ქალს ბარათთან ერთად შეაჩეჩა. განა მარჩიელები ამაზე უარესს არ სჩადიან? სასტუმროში დავბრუნდი და დავწექი. ამ დილით რვის ნახევარზე მოახლემ გამაღვიძა: „ქალბატონი საბლე თქვენს ნახვას ითხოვს: გადაუდებელი საქმე მაქვსო – მოგახსენათ“. ნაჩქარევად ჩავიცვი და სტუმარს შევეგებე. ქალი შეწუხებული ჩანდა: პირბადე არ აუწევია და თავდახრილი მელაპარაკებოდა: – ძვირფასო ძმაო, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან. – გისმენთ. – მრცხვენია კი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც უნდა გავბედო. 5000 ფრანკი მჭირდება გადაუდებლად. – თქვენ გჭირდებათ? – დიახ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ – ფულის შოვნა ჩემმა მეუღლემ დამავალა. ისე ვიყავი გაოცებული, რომ პასუხად არც კი ვიცი რა წავილუღლუღე. ისიც კი გავიფიქრე, ჩემმა ბიძაშვილმა და ექიმმა პირი ხომ არ შეკრეს და ჩემი გაცურება ხომ არ ისურვეს-მეთქი. ადრევე შემზადებულ და ზუსტად გამიზნულ ხუმრობას ჰგავდა ეს ყველაფერი. მაგრამ ბიძაშვილს რომ შევხედე, უკანასკნელი ეჭვიც გამიქარწყლა. ქალი მთელი სხეულით კანკალებდა. ჩანდა, ძალზე გაუჭირდა აქ მოსვლა. ხმაზეც ემჩნეოდა, რომ ყელში მობჯენილ ქვითინს ძლივს იკავებდა. კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ბიძაშვილი ძალზე მდიდარი იყო. – როგორ, – შევეკითხე მე, – განა თქვენს მეუღლეს 5000 ფრანკი გაუხდა საშოვნელი? აბა, ერთი კარგად დაფიქრდით! დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ მან დაგავალათ ფულის სესხება? ქალი შეყოყმანდა, თითქოსდა რაღაცის გახსენებას ლამობსო, შემდეგ კი მიპასუხა: – დიახ... დიახ... დარწმუნებული ვარ. – წერილი მოგწერათ? ქალი ისევ შეყოყმანდა და ჩაფიქრდა. მე მივხვდი, რა სატანჯველშიც იყო. რაღაც ბუნდოვანი, შეუცნობელი აზრის მოხელთებას ცდილობდა და ვერ ახერხებდა. ვერაფერი გაეგო. ერთი კი იცოდა – ჩემთან იმიტომ მოვიდა, რომ თავისი ქმრისთვის 5000 ფრანკი ესესხა. სწორედ ამიტომაც გაბედა და იცრუა. – დიახ, წერილი მომწერა. – როდისღა? გუშინ ამის თაობაზე არაფერი გითქვამთ. – წერილი ამ დილით მომიტანეს. – ხომ ვერ მაჩვენებთ? – არა, არა... ერთობ ინტიმური ბარათია... პირად საქმეებს ეხება... მე იგი... დიახ, იცით, მე იგი დავწვი. – გამოდის, თქვენი ქმარი ვალებს იღებს. ქალი შეცბა, მერე კი წაიჩურჩულა: – არ ვიცი. – საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი თანხა არ მაქვს, – მტკიცედ განვუცხადე ქალს. ჩემს ბიძაშვილს ტანჯვის ოხვრა აღმოხდა. – გთხოვთ, გაისარჯოთ. იქნებ მაინც მიშოვოთ. ქალი აღელდა, ხელები ვედრებით აღაპყრო და მუდარით შემომცქეოდა. ვიგრძენი, რარიგ შეეცვალა ხმა. ზლუქუნებდა და თან რაღაცას ბუტბუტებდა. ეტყობა, გუშინ მიღებული ბრძანების მონა-მორჩილად ქცეულიყო. – გემუდარებით, გემუდარებით... რომ იცოდეთ, რარიგ ვიტანჯები, ფული დღესვე მჭირდება. ქალი შემებრალა. – ფულს ახლავე მიიღებთ, პირობას გაძლევთ. – ო, გმადლობთ, ეჭვიც არ მეპარებოდა თქვენს სიკეთეში! – წამოიძახა ქალმა. მე სიტყვა გავაგრძელე: – გახსოვთ, რა მოხდა გუშინ საღამოს? – დიახ. – ექიმმა პატანტმა რომ დაგაძინათ, ისიც გახსოვთ? – დიახ. – ჰოდა, სწორედ მაშინ გიბრძანათ, ამ დილითვე ჩემგან 5000 ფრანკი გესესხათ. ახლა თქვენ მის ბრძანებას ასრულებთ. ქალი წუთით ჩაფიქრდა და მიპასუხა: – კი მაგრამ, ფულს ხომ ჩემი ქმარი მთხოვს? მთელი საათი მოვუნდი სიმართლის მტკიცებას, მაგრამ აზრი ვერ იქნა და ვერ შევაცვლევინე. ქალი რომ გავისტუმრე, ექიმთან გავეშურე. სულზე მივუსწარი. ღიმილით მომისმინა და მერე მითხრა: – ახლა ხომ დარწმუნდით? – მეტი რა ძალაა? – თქვენს ბიძაშვილთან წავიდეთ. არაქათგაცლილი ქალბატონი საბლე სავარძელში თვლემდა. ექიმმა მაჯა გაუსინჯა. რამდენიმე ხანი დაკვირვებით უყურა, ხელი თვალებზე ააფარა და ქალმაც ნელ-ნელა მოხუჭა თვალები. ეტყობა, მაგნიტურ ძალას ვეღარ გაუძლო. ქალმა რომ მიიძინა, ექიმმა შეგონება დაუწყო: – თქვენს ქმარს აღარ სჭირდება 5000 ფრანკი. დაივიწყეთ, რომ ბიძაშვილს ფული სთხოვეთ და თუკი ამაზე სიტყვა ჩამოგიგდოთ, არაფერი შეიმჩნიოთ. მერე ექიმმა ქალი გააღვიძა. მე საფულე ამოვიღე: – აი, ძვირფასო, დილით რომ მთხოვეთ, ის ფული მოგართვით. ქალი ისე გაოცდა, რომ ძალის დატანება ვეღარ შევბედე. მაინც შევეცადე დილანდელი ამბავი შემეხსენებინა, მაგრამ ქალი უარზე იდგა. დამცინითო, სულ ამას იმეორებდა და ბოლოს გაგულისდა კიდეც. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .        აი, ასე იყო! სასტუმროში დავბრუნდი. ამ ცდამ ისე ამაფორიაქა, რომ საუზმეს პირიც ვერ დავაკარე. 19 ივლისი – ბევრმა ვისაც ეს ამბავი მოვუყევი, სიცილი დამაყარა. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო! ერთ ბრძენკაცს უთქვამს: „დიადი „ვინ იცის“, მოსახილველად მივდივარო“. 21 ივლისი – ბუჟივალში ვისადილე; საღამო კი აფროსნობის მოყვარულთა მეჯლისზე გავატარე. როგორც ჩანს, ყველაფერი ადგილსა და გარემოზეა დამოკიდებული. „ბაყაყების კუნძულზე“ იყო კაცი და რაღაც ზებუნებრივ ძალებზე ფიქრობდე? მართლაც რომ სიგიჟეა!.. მაგრამ სენ-მიშელის მთა? ინდოეთი? გარემო მართლაც რომ დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ერთ კვირაში შინ დავბრუნდები. 30 ივლისი – გუშინ ჩამოვედი. ყოველივე რიგზეა. 2 აგვისტო – ახალი არაფერია. ბრწყინვალე ამინდია. მთელი დღეები სენის დინებას ვადევნებ თვალს. 4 აგვისტო – ჩემი მსახურები წაკამათდნენ. იფიცებიან, ღამით ვიღაც ჭიქებს ამსხვრევს კარადაშიო. მოახლე მზარეულს დებს ბრალს, მზარეული მრეცხავ ქალს ადანაშაულებს, ეს კი ორთავეს ეჭვის თვალით უყურებს. ბოლოს და ბოლოს, ვინ არის დამნაშავე? გულთმისანი უნდა იყო, სიმართლე რომ დაადგინო. 6 აგვისტო – ამჯერად, სიგიჟეს ვეღარ დავიბრალებ. ჩემი თვალით ვნახე... დიახ, ვნახე! ეჭვიც აღარ მეპარება! ყოველივე ჩემ თვალწინ მოხდა. შიშმა თავით-ფეხებამდე დამიარა. ახლაც კი მაჟრჟოლებს. ორი საათი იყო. ბაღში, ვარდის ბუჩქებთან ვსეირნობდი. შემოდგომის გვიანი ვარდები გაფურჩქვნას ეპირებოდნენ. ის იყო, „მეომარ დევგმირთან“ შევჩერდი და მის სამ მშვენიერ ყვავილს დავაკვირდი, რომ უეცრად იქვე, ჩემს ახლოს, ერთი ვარდის ღერო გადაიზნიქა და გადატყდა, თითქოსდა რაღაც უხილავმა ხელმა გადატეხაო. მერე ყვავილი იმ უხილავ ხელს აჰყვა, ჰაერში აიზიდა და გაქვავდა... ჩემგან სამიოდე ნაბიჯზე გამჭვირვალე ჰაერში ხასხასა სისხლისფერ ლაქად ბრდღვიალებდა წითელი ვარდი. გიჟივით ვეცი ყვავილს, მაგრამ ამოდ. ისე უცებ გაუჩინარდა, თვალიც ვერ მოვატანე. თავს შევუწყერი: დინჯ და გონებადალაგებულ კაცს ასეთი მოჩვენებები არ ეკადრება-მეთქი. ნუთუ მართლა მოჩვენება იყო? ღეროს დავუწყე ძებნა და წამსვე ვიპოვე. ეს-ეს არის გადატეხილი, ორ სხვა ვარდს შორის გაჩხერილიყო ბუჩქზე. შეცბუნებული შევბრუნდი სახლში. ახლა უკვე დღესავით ნათელია, რომ ჩემ გვერდით რაღაც უხილავი არსება დააბიჯებს, რომელიც რძეს და წყალს ხვრეპს, საგნებს ეხება და ადგილს უცვლის. ამ არსებას, რომელიც ახლა ჩემს ჭერქვეშ ბინადრობს, ჩვენი გრძნობებისათვის შეუღწევადი ნივთიერი ბუნება გააჩნია. 7 აგვისტო – „უშფოთველად მეძინა. იმან წყალი დალია, მაგრამ ჩემთვის ძილი არ დაუფრთხია. ხომ არ შევიშალე-მეთქი, ვფიქრობ, როდესაც მზის გულზე, მდინარის პირას ვსეირნობ. ეჭვი მიპყრობს, კიდევ გონზე ვარ თუ არა. ეს უკვე ადრეული, ბუნდოვანი ეჭვი კი არა, გამოკვეთილი და მკაფიო აზრია. მე მინახავს გიჟები. ისეთებსაც ვიცნობ, ვინც თითქმის ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას ერთობ საღად და გონივრულად აღიქვამს, მაგრამ რაჟამს იმ ზღვარს მიუახლოვდებიან, საიდანაც მათი ავადმყოფობა იწყება, აქამდე ნათელი და ღრმა მსჯელობა ერთბაშად სახეს იცვლის, ჰოდა, მათი აზრიც აზვირთებულ, აბობოქრებულ და ნისლიან ოკეანეში დაინთქმება, რასაც ჩვენ „სიგიჟეს“ ვუწოდებთ. რაღა თქმა უნდა, მეც გიჟად ჩავთვლიდი თავს, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავ, რომ საღი მსჯელობის უნარი ჯერ კიდევ შემრჩა. ერთი სიტყვით, ჰალუცინაციებით შეპყრობილი გონიერი ადამიანი ვარ. აბა, სხვა რა ვიფიქრო? ტვინი რაღაც უცნაურმა ღელვამ ამიფორიაქა. სწორედ ისეთმა, რომლის აღწერას ცდილობენ თანამედროვე ფიზიოლოგები. ეს შფოთი სწორედ ჩემი გონებისა, აზრების მწყობრ სვლას არღვევს და ნაპრალს აჩენს. მსგავსი ფენომენი სიზმარში გვევლინება უმეტესწილად და წარმოუდგენელ ფანტასმაგორიებში გადაგვისვრის, ისე, რომ არც კი გავიოცებთ, რადგანაც მოვლენათა განმსჯელი აპარატი და კონტროლის უნარიც ერთნაირად დაქვეითებული ან სულაც მიძინებულია. წარმოსახვა კი ფხიზლობს და თავის საქმეს განაგრძობს. შეძლება ჩემი გონებრივი კლავიატურის ერთი რომელიმე კლავიში დაზიანდა? რაიმე უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანები მეხსიერებას კარგავენ, ან სახელებს ივიწყებენ ან კიდევ სიტყვებს და ციფრებს. ისიც ხდება, რომ მხოლოდ თარიღები ამოუვარდებათ მეხსიერებიდან. აზრის ყველა ნაწილაკის ლოკალიზაციის შესაძლებლობა დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ჰოდა, თუკი ასეა, რაღა გასაკვირია, რომ მეც ზოგიერთი ჰალუცინაციის კონტროლის უნარი დამიქვეითდა? მდინარის ნაპირს მივყვებოდი და ამაზე ვფიქრობდი. მზე წყლის ზედაპირს ელამუნებოდა და მიწას მსუბუქ ჭავლში ახვევდა. თვალებში სხივი ჩამიდგა. სიცოცხლე მიყვარდა. ეს მერცხლებიც, რომელთა აღმა-დაღმა სრიალი სიხარულს მგვრიდა და ნაპირზე ამოქოჩრილი ბალახიც, რომლის ჩუმი თრთოლვა ბედნიერების ჰანგებად ჩამესმოდა. მაგრამ თანდათან რაღაც კაეშანი შემომეძალა, რაღაც იდუმალი, მისტიური ძალა ფეხებს მიბორკავდა, სიარულს მიშლიდა და უკან მეზიდებოდა. ასეთი მწველი განცდა ადამიანს იმ დროს ეუფლება, როცა შინ სნეული საყვარელი არსება ეგულება და ერთბაშად შიში იპყრობს, ვაითუ ავადმყოფის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდესო. ჩემდა უნებურად უკან გამოვბრუნდი. დარწმუნებული ვიყავი, სახლში უბედურების მაცნე წერილი ან დეპეშა მაინც მელოდა, მაგრამ მოვტყუვდი. ამან კიდევ უფრო მეტად გამაოცა და ამაღელვა, ვიდრე ფანტასტიკური ზმანების ხილვამ. 8 აგვისტო – საშინელი საღამო გავატარე. ხედვით ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ კი, რომ იგი ჩემ გვერდითაა... გამუდმებით მითვალთვალებს და სულ უფრო და უფრო მიმონებს. უჩინარი და მალული უფრო საშინელი მეჩვენება. მირჩევნია, ზებუნებრივი ხერხებით გაამჟღავნოს თავისი თვალშეუვლელი არსებობა... და მაინც, კარგად მეძინა. 9 აგვისტო – არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც მეშინია. 10 აგვისტო – დღესაც არაფერი შეცვლილა. რა მომელის ხვალ? 11 აგვისტო – ყველაფერი ძველებურადაა. გული არ მიდგება შინ. ერთხელ აკვიატებული შიში მოსვენებას არ მაძლევს. უნდა გავემგზავრო. 12 აგვისტო, საღამოს 10 საათი – მთელი დღე გამგზავრებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი. მსურდა თავისუფლების ეს მეტად უბრალო და მარტივი საქმე მაინც შემესრულებინა – ეტლში ჩავმჯდარიყავი და რუანისკენ ამეღო გეზი. ვერა და ვერ მოვახერხე. რატომ? 13 აგვისტო – კაცს რომ მავანი სენი შეგიპყრობს, თითქოსდა მთელი სხეული გეშლება, ენერგიისგან იცლები, ჯანი გისუსტდება, ძვალი ხორცივით დუნე გიხდება, ხორცი კი წყალივით ბლანტი. ეს განცდა მთელ ჩემს არსებას მოედო და ახლა შიგნიდან მღრღნის. იმის ძალაც აღარ შემწევს, რომ მხნეობა მოვიკრიბო და თავი მოვთოკო. ვატყობ, ნებისყოფაც მღალატობს. აღარავითარი ვნება-სურვილი არ მაღელვებს, სხვის ნებას კი ვემორჩილები. 14 აგვისტო – აღარაფერი მეშველება! ვიღაც ჩემს სულს დაეპატრონა და თავის ნებაზე მათამაშებს. ყოველ ჩემს ქმედებას, მოძრაობას თუ აზრს ის ვიღაც განაგებს. თითქოსდა საკუთარი არსობისგან დავიცალე და ჩემივე მოქმედებების პასიური მხილველი შევიქენი. მინდა, გარეთ გავიდე. არ შემიძლია, რადგანაც მას არ სურს. ჰოდა, გაქვავებული და თავზარდაცემული სავარძელში ვრჩები. მინდა, ავდგე, წამოვიწიო მაინც, რომ საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონად ვიგრძნო თავი. ამასაც ვერ ვახერხებ. გეგონებათ, სავარძელს მიმაკრესო. ჩემი სავარძელიც ისე მყარადაა იატაკს დაბჯენილი, რომ ვერავითარი ძალა, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ დაგვძრავს. ერთბაშად ბაღში გასვლისა და მარწყვის ჭამის დაუოკებელი სურვილი ამიტაცებს. ასეც ვიქცევი. მარწყვს ვკრეფ და მუჭა-მუჭა ვიყრი პირში. ო, ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! არსებობს კი ღმერთი! ჰოდა, თუკი არსებობს დამიხსნას კიდეც! ღმერთო, მიხსენი! შემიწყალე და შემიბრალე! მადლი მოისხი და განსაცდელს განმარიდე! ოო, რა სატანჯველში ვარ! რა წამებაა! რა საშინელებაა! 15 აგვისტო – ახლაღა ვხვდები, რა დღეში იყო ჩემი ბიძაშვილი, ფულის სასესხებლად რომ მეწვია. იგი მისავე არსებაში ჩაბუდებულ უცხო, პარაზიტულ და ყოვლისმომცველ ნებას ემორჩილებოდა. სამყაროს დასასრული ხომ არ ახლოვდება? ვინ არის ის უჩინარი, თავის ნებაზე რომ მათამაშებს? ეს შეუცნობელი, ზებუნებრივი წარმომავლობის მოხეტიალე ძალა რაღაა? გამოდის, უხილავი არსებანი მართლაც არსებობენ?! თუ ასეა, სამყაროს დასაბამიდან დღემდე რატომ არ გამოამჟღავნეს თავი? რაღა ჩემთვის მოიცალეს? იმ ამბის მსგავსი, რაც ჩემს ჭერქვეშ ხდება, არც წამიკითხავს და არც მომისმენია. ო, სახლის დატოვება და სადმე გადახვეწა რომ შემეძლოს, უკანმოუხედავად მოვქუსლავდი. კიდევაც გადავრჩებოდი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია. 16 აგვისტო – დღეს, როგორც იქნა, ორი საათით გამოვიპარე სახლიდან, თითქოს პატიმარი ვყოფილიყავი და დარაჯს საკნის კარი შემთხვევით ღია დარჩენოდა. უეცრად ვიგრძენი, რომ თავისუფალი ვიყავი. ისიც აღარ იყო ჩემ გვერდით. ცხენების შებმა ვუბრძანე და რუანისკენ გავწიე, რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ვიღაცას უბრძანო: „აბა, რუანისკენ გაუყევი“, და ისიც გემორჩილება. ბიბლიოთეკასთან შევჩერდი და დოქტორ ჰერმან ჰერესტაუსის ის დიდტანიანი ნაშრომი მოვიკითხე, რომელიც ანტიკური და თანამედროვე სამყაროს უცნობ ბინადრებს ეხება. მერე ეტლში ასვლისას, ის იყო მეეტლესთვის უნდა მეთქვა, სადგურისკენ გაუხვიე-მეთქი, რომ ჩემდა უნებურად ხმამაღლა შევძახე, არა, კი არ შევძახე, ისე ვიღრიალე, სახლისკენ გაუტიე-მეთქი, რომ გაოცებული გამვლელებიც კი მომიტრიალდნენ, სუნთქვაშეკრული, ეტლის მუთაქებზე გადავესვენე. აქაც მომაგნო და დამიმონა! 17 აგვისტო – ო, რა ღამე იყო! რა ღამე! მაინც ვფიქრობ, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. პირველ საათამდე ვიკითხე, ფილოსოფიისა და თეოგონიის დოქტორ ჰერმან ჰერესტაუსს ადამიანების გვერდით მარადჟამს მოხეტიალე ან კიდევ ადამიანური წარმოსახვით დაბადებულ, უჩინარ არსებათა მთელი ისტორია შეუქმნია. წიგნი ვრცლად მოგვითხრობს მათ წარმომავლობაზე; მათ სამეუფოსა და მათ ძლიერებასაც აღწერს. მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მივამსგავსე იმას, ვინც ესოდენ მტანჯავს და მაწვალებს. ეტყობა, ადამიანმა აზროვნება იწყო თუ არა, რაღაც ახალი არსების მომავალი აღზევება იწამა და ერთდროულად მისდამი შიშიც შეიცნო. იგი, მომავალი მემკვიდრე, ადამიანზე მეტად ძალმოსილი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ქვეყნიერების ამ ახალი ბატონ-პატრონის ბუნება შიშით შეპყრობილმა ადამიანმა ვერ იქნა და ზუსტად ვერ განსაზღვრა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ოკულტური და ფანტასტიკური ქიმერებით დაასახლა დედამიწა. პირველ საათზე კითხვას თავი ვანებე და ფანჯარასთან მივჯექი, რათა მრუმე ღამის ნიავით გამეგრილებინა გადახურებული ტვინი. წყნარი ამინდი იდგა. რარიგ მიყვარდა ასეთი ღამეები! მთვარე არ ჩანდა. შავად ჩაქუფრულ ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. ვინ ცხოვრობს ამ ვრცელ სამყაროში? რა ფორმები, რა ცოცხალი არსებები, რა ცხოველები ან რა ნარგავები? ნეტავ, შორეული სამყაროს მოაზროვნე ბინადრებმა თუ იციან ჩვენზე მეტი? ჩვენზე მეტი ძალისხმევა თუ აქვთ? ხედავენ რამეს ისეთს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ? შეიძლება, რომელიმე მათგანმა სივრცის საზღვარი გაარღვიოს და დედამიწის დასაპყრობად გამოეშუროს, როგორც ერთ დროს ნორმანებმა გადაჭრეს ზღვა უფრო სუსტი ხალხების დასამონებლად? რაოდენ უსუსურნი, დაუცველნი, უვიცნი და მცირენი ვართ ადამიანები, ამ ტალახის გუნდაზე რომ ვცხოვრობთ, წყლის პატარა გუბეში. ღამის სიგრილემ დამიამა და ამ ფიქრებში კიდეც ჩამთვლიმა. ორმოციოდე წუთი თუ მეძინა. მერე თვალები გავახილე, ისე რომ არც შევნძრეულვარ. რაღაც ბუნდოვანმა შეგრძნებამ გამაღვიძა. ჯერ ვერაფერი გავარჩიე. მერე დავინახე, რომ ჩემს მაგიდაზე გადახსნილი წიგნის ფურცელი თავისით გადაიშალა. ფანჯრიდან ნიავის სუნთქვაც ვერ ატანდა. გაოცებული ველოდი, რა მოხდებოდა. ორმოცი წუთის შემდეგ საკუთარი თვალით ვიხილე, რომ მომდევნო ფურცელიც წინას მიჰყვა, თითქოსდა უხილავმა ხელმა გადაფურცლაო. ჩემი სავარძელი ცარიელი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენა. მაგრამ წამსვე ვიაზრე, რომ ის აქ იყო, ჩემს ადგილზე იჯდა და კითხულობდა. გონდაკარგული მხეცი რომ ეძგერება თავის მომთვინიერებელს, სწორედ ისეთი შმაგი ნახტომით გადავჭერი ოთახი, რათა ხელი მეტაცა მისთვის, მკლავებში მომეგდო და მომეხრჩო. მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვასწარი, რომ სავარძელი აყირავდა, თითქოს ვიღაც უხილავმა ფეხი ჰკრა და გაიქცა... მაგიდა შეინძრა, ლამპაც ჩამოვარდა და ჩაქრა. ფანჯარა ზათქით მოიხურა, იფიქრებდით, დანაშაულის ადგილზე გამოჭერილი ქურდი დარაბებს მოეჭიდა და გარეთ ისკუპაო. გამოდის, გაქცევით უშველა თავს. შეეშინდა. დიახ, ჩემი შეეშინდა! ამრიგად... ჰო, სწორედ რომ ასეა! ერთ მშვენიერ დღეს მოვიხელთებ და მიწაზე დავცემ. ზოგჯერ ძაღლიც ხომ კბენს და ყელსაც გამოღადრავს თავის პატრონს? 18 აგვისტო – მთელი დღე ფიქრსა და განსჯაში გავატარე. მაშ ასე, ქედს მოვიდრეკ, ყველა მის ახირებას ავყვები, ყველა მის სურვილს ავასრულებ, ლაჩრად და უნდილად მოვაჩვენებ თავს. იგი ხომ ყველაზე ძლიერია! მაგრამ, დრო მოვა და ... 19 აგვისტო – მივხვდი... საიდუმლოს ფარდა აეხადა... ეს-ეს არის „სამეცნიერო სამყაროს ჟურნალში“ ამოვიკითხე: „უცნაური და ყურადსაღები ცნობა მივიღეთ რიო-დე-ჟანეიროდან. სიგიჟის ეპიდემია, მსგავსი იმ გადამდები სენისა, რომელიც შუა საუკუნეების ევროპის ერებს მოედო, მძვინვარებს სან-პაულუს პროვინციაში. აფორიაქებული და დაშინებული მოსახლეობა საცხოვრებელს ტოვებს და სოფლებს აცარიელებს. ღვთის ანაბარა რჩება მინდვრები და ბაღები. თითქოსდა პირი შეკრესო. ლტოლვილები ერთხმად აცხადებენ, რომ უჩინარმა, მაგრამ შეგრძნებადმა არსებებმა დაიმორჩილეს მათი ნება, ფარასავით მიერეკებიან და ზღაპრული ურჩხულების მსგავსად ძილში სისხლს წოვენ. გარდა ამისა, წყალსა და რძეს სვამენ, მაგრამ სხვა რამ საკვებს პირს არ აკარებენ. პროფესორი დონ პედრო ენრიკესი რამდენიმე მეცნიერის თანხლებით სან-პაულუს პროვინციაში გაემგზავრა, რათა ადგილზევე გაარკვიოს ამ უცნაური სიგიჟის წარმომავლობა და ნიშნები. იგი იმპერატორს წარუდგენს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რით და როგორ შეიძლება გონდაკარგული ხალხის დაშოშმინება“. ჰოდა, მეც იმჟამინდელი ბრაზილიური სამანძიანი გემი გამახსენდა. სწორედ ის, ჩემი ფანჯრების წინ, სენის დინებას აღმა რომ მიუყვებოდა, 8 მაისის დილას, რაოდენ ლამაზი, ხალისიანი და ქათქათა მეჩვენა! ის არსებაც გემზე იყო, სამშობლოდან მოეშურებოდა. ეტყობა, სწორედ მაშინ მკიდა თვალი. ჩემი თეთრი სახლიც შეამჩნია და გემიდან ნაპირზე გადმოეშვა. ო, ღმერთო ჩემო! ახლა უკვე ყოველივე ცხადია: ადამიანის მეუფება დასრულდა... და ჰა, მოვიდა იგი, ვინც გულუბრყვილო ხალხების პირველქმნილი შიშისა და ძრწოლისაგან იშვა, ის, ვისაც კრულვას უთვლიდნენ შეშფოთებული ქურუმნი, ვისაც უკუნი ღამით იხმობდნენ ჯადოქრები, ვინც არვის ეჩვენებოდა და ვისაც ამ ქვეყნის წარმავალ მეუფეთა წინათგრძნობა ხან ჯუჯად წარმოიდგენდა, ხან ფერიას სამოსში ხვევდა, ხან კი უწმინდურ ძალად სახავდა. პირველყოფილ უხეშ წარმოდგენას უფრო გონიერმა ადამიანებმა საღი აზრი და ნათელი ხილვა შეუნაცვლეს. მესმერმა იგი ამოიცნო, ექიმები კი, აი, უკვე ათი წელია ზუსტად აღწერენ მისი ძლიერების არსსა და ხასიათს. ის დღეც არ არის შორს, როცა იგი თვითვე გამოამჟღავნებს საკუთარ ძალისხმევას. ადამიანები გაეთამაშნენ ამ ახალი ბატონის სასტიკ იარაღს, რომელიც ადამიანის სულს მაჯლაჯუნასავით აწვება და იმორჩილებს. რა სახელი არ გამოუძებნეს: მაგნეტიზმიო, ჰიპნოტიზმიო, შეგონებაო... და ვინ იცის კიდევ რა. უგუნური ბავშვებივით ეღლაბუცებოდნენ ამ ყოვლისმომსხვრელ ძალას. ვაგლახ ჩვენ! ვაი, შენი ცოდვის ბრალი, ადამის ძეო! იგი მოვიდა, აი, ის... რა ჰქვია? ასე მგონია, თითქოს სახელს ჩამძახის, მე კი არ მესმის. ჰო, სწორედ რომ ასეა, სახელს მეუბნება... ვაყურადებ... ვერ ვარჩევ... გაიმეორე... ორლა გავიგონე... ორლა.. დიახ, ის არის... ორლა... აჰა, მოვიდა!.. ძერამ მტრედი მოინადირა, მგელმა ცხვარი შეჭამა, ლომმა რქააპრეხილი კამეჩი დაგლიჯა, ადამიანმა ისრით, მახვილით თუ ტყვიით ლომს სული გააფრთხობინა. ორლაც ისევე მოექცევა ადამიანს, როგორც ერთ დროს ჩვენ მოვექეცით ცხენსა და ხარს: მხოლოდ საკუთარი ნებისყოფის წყალობით საკუთარ ნივთად, მსახურად და საკვებად გვაქცევს. განკითხვის ჟამი დგება! მაგრამ ისიც ხომ ხდება, რომ ზოგჯერ ამბოხებული მხეცი თავის მომთვინიერებელს ჰკლავს. მეც მსურს... მეც ხომ შემიძლია... მაგრამ ამისთვის საჭიროა ვიცნობდე მას, ხელი შევახო, დავინახო! მეცნიერთა აზრით, ცხოველის თვალი ადამიანის თვალისგან განსხვავებით საგნებს ერთიმეორისგან ვერ არჩევს, ჰოდა, აი, ჩემი თვალიც იმ ახლადგამოცხადებულ არსებას, რომელიც ასერიგად მტანჯავს, ვერა და ვერ ხედავს. რატომ? სენ-მიშელის მთის ბერის სიტყვებს ვიხსენებ: „ჩვენ ყოველი არსებულის მემილიონე ნაწილსაც ვერ ვხედავთ. აი, თუნდაც ქარი, ბუნების ყველაზე ძლიერი სტიქიონი ავიღოთ. ქარი ადამიანებს მიწაზე სცემს, შენობებს ანგრევს, ხეებს ძირფესვიანად გლეჯს, ზღვას მთისოდენა ტალღებად აფოფრავს, კლდეებს ძირს უთხრის და დიდრონ გემებს მორევში ითრევს. ქარი ანგრევს, კივის, კვნესის, ღრიალებს – მაგრამ გინახავთ კი იგი, ან შეგიძლიათ მისი ხილვა? ჰოდა, ქარი ხომ მაინც არსებობს?“ ჰოდა, მეც ვფიქრობ: ჩემი ხედვა ისე სუსტია, რომ შუშასავით გამჭვირვალე მყარი სხეულების გარჩევაც კი არ ძალუძს. წინ რომ უჩარჩო სარკე დამიდონ, მერწმუნეთ, ცხვირ-პირს შევახეთქებ, მსგავსად ოთახში შემოფრენილი ჩიტისა, რომელიც ბრმად ეხლება ფანჯრის მინებს. ვინ იცის, რამდენი რამ აცდუნებს ჩვენს ხედვას? ყველაფერ ამის შემდეგ, აბა, რა გასაკვირია, თუკი ჩემი თვალი იმ ჰაერივით უჩინარ, ახალმოვლენილ სტუმარსაც ვერ არჩევს? ახალი არსება! რატომაც არა? იგი უცილობლად უნდა მოსულიყო! ან კი რატომ უნდა იყოს ადამიანი დედამიწის უკანასკნელი ბინადარი? ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ვერც ჩვენმა წინაპრებმა შეიცნეს იგი. იმიტომ, რომ მისი ბუნება ჩვენსაზე უფრო დახვეწილია.. მისი სხეული კი უფრო სრულყოფილი და დასრულებულია. რაოდენ უსუსური მეჩვენება ადამიანის სხეული, მოუქნელი, მუდმივ გადაღლილი ორგანოებით აღჭურვილი, რთული მექნიზმის ზამბარასავით მუდამჟამს დაჭიმული, მცენარისა და პირუტყვის არსებობის დონეზე დასული, ჰაერით, ბალახბულახითა და ხორცით რომ გააქვს თავი. ეს ხომ ცოცხალი მანქანაა, სნეული, მუდმივ ცვალებადი, ხრწნადი, ძლივსღა რომ უდგას სული, უვიცი და უცნაური, უხეშად აწყობილი, ვიღაცის გაუწაფავი აზრითა და ხელით შექმნილი. მხოლოდ და მხოლოდ მკრთალი მონახაზი იმ არსებისა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გონიერებისა და სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე უნდა ასულიყო. ჩვენ ხომ არც ისე ბევრნი ვართ მიწაზე, ლოკოკინათი დაწყებული და ადამიანით დამთავრებული? მაშ, რატომ არ შეიძლება ერთით მეტი ვიყოთ? მით უმეტეს, თუკი იმასაც ვივარაუდებთ, რომ ახალი სახეობების წარმოშობის ჟამი დადგა? რატომ არ შეიძლება-მეთქი, გეკითხებით? განა ძნელია იმის წარმოდგენა, რომ სადღაც ხარობს უზარმაზარი ხე, რომლის ვეება ყვავილების სურნელი მთელ გარემოს აბრუებს? ხომ შეიძლება არსებობდეს კიდევ რაიმე სხვა ნივთიერება ცეცხლის, ჰაერის, მიწის და წყლის გარდა? ნუთუ მხოლოდ ეს ოთხია ყოველი არსებულის დედა-მშობელი? დასანანია! დაე, ოთხის ნაცვლად ყოფილიყო ორმოცი, ოთხასი, ოთხი ათასი! ყოველივე რარიგ მწირია, გასაცოდავებული და დაგლახებული! მისხალ-მისხალ მოზომილი, ზერელედ გააზრებული და ნაჩქარევად გაკეთებული! აგე, სპილოები და ჰიპოპოტამები! აი, ვისა აქვს ჭეშმარიტი ხიბლი! ან, თუ გნებავთ, აქლემების სინარნარე გაიხსენეთ! მაგრამ პეპელაზე ან ჰაერში მოფარფატე ყვავილზე რაღას იტყვითო, შემეპასუხებით. ჩემს წარმოდგენაში ვხატავ უზარმაზარ, ას სამყაროსოდენა პეპელას უკიდეგანო ფრთებით, რომლის ვერც მოხაზულობას, ვერც მშვენიერებას, ვერც ფრთებს და ვერც რხევას ვერ აგიწერთ! მაგრამ იგი ახლაც თვალწინ მიდგას. პეპელა ვარსკვლავიდან ვარსკვლავისკენ მიფრინავს და თავისი მძლავრი ფრთებით სიგრილესა და სურნელს აკმევს ციურ მნათობთ, ხოლო მონუსხული და მოჯადოებული ზეცის მოსახლენი მისი მეფური ფრენის ცქერით ტკბებიან. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა მემართება? ორლა... დიახ, ისაა, გონებას რომ მირევს და ამ გიჟურ ზმანებას მიხატავს. იგი ჩემს არსებაში ჩასახლდა, სულისგან დამცალა და მისი ადგილი დაისაკუთრა. მე მას... მოვაშთობ!.. 19 აგვისტო – მე მას მოვკლავ! მე იგი დავინახე! გუშინ საღამოს მაგიდასთან ვიჯექი... თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს წერით ვიყავი გართული. კარგად ვიცოდი, რომ ირგვლივ მიტრიალებდა, აქვე, სულ ახლოს, ხელის გაწვდენაზე. რა მოხდება, ხელში რომ მოვიგდო? იმედგადაწურული კაცის მხნეობით შევუტევ. აგე, ხელებიცა მაქვს, მუხლებიც, მკერდიც, შუბლიც... სხვა თუ არაფერი, ყელის გამოსაღადრად კბილებიც ივარგებს. დავკბენ, დავახრჩობ, ნაკუწებად დავფლეთ. ასე ძარღვებაწეწილი ველოდი... ორი ლამპა ავანთე და რვა სანთელი შემოვდგი ბუხარზე. ვიფიქრე, ამ ბრდღვიალა სინათლეში უფრო ადვილად მოვიხელთებ-მეთქი. ჩემ წინ ჩემი ძველი, ფეხებიანი საწოლია, მარჯვნივ ბუხარი, ხელმარცხნივ ჩარაზული კარი, რომელიც კარგა ხნით ღია დავტოვე იმ იმედით, იქნებ შემოვიტყუო-მეთქი. უკან მაღალი, სარკიანი კარადაა. ამ კარადის წინ წვერს ვიპარსავ, ვიცვამ და როცა წინ ჩავუვლი, თხემით ფეხებამდე ავათვალ-ჩავათვალიერებ ხოლმე საკუთარ თავს. ჰო, იმას ვამბობდი, თავი მოვიკატუნე და ვცდილობდი მეჩვენებინა, ვითომც წერით ვიყავი გატაცებული. მინდოდა შემეცდინა, რადგანაც ვიცოდი, ისიც მათვალიერებდა. ერთბაშად ნათლად ვიგრძენი, ჩემ უკან ატუზულიყო და ნაწერს კითხულობდა. მისი სუნთქვა ყურში ჩამესმოდა. სკამიდან წამოვხტი. ხელები წინ გავიწვდინე და ისე მკვირცხლად შემოვტრიალდი, რომ კინაღამ იატაკზე გავიშოტე. იცით, რა მოხდა? დღენათელი იყო, მაგრამ სარკეში საკუთარი გამოსახულება ვერ დავლანდე. სარკე ცარიელი იყო, პრიალა, ღრმა და სინათლით სავსე... ჩემი ორეული კი... არადა ზუსტად სარკის წინ ვიდექი. კარგად ვხედავდი სარკის გლუვ ზედაპირს. თვალები გადმოვქაჩე. ფეხიც ვერ წავდგი წინ, ხელიც ვერ გავანძრიე, თუცა დარწმუნებული ვიყავი, იგი აქვე იყო. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, ახლაც ხელიდან დამისხლტებოდა. სწორედ მისმა უხილავმა სხეულმა შთანთქა ჩემი ანარეკლი. შიშმა ამიტანა. მერე, უცებ სარკეში საკუთარი ორეულიც წარმომიდგა. თითქოს ნისლიდან გამოდიოდა, სარკის სიღრმიდან, წყლის ჭავლის უკან. წყლის წვეთები მარცხნიდან მარჯვნივ ხაზავდა სარკის ზედაპირს და წუთიდან წუთზე ჩემი გამოსახულება სულ უფრო მკაფიო ხდებოდა. გონება გამინათდა. იმას, რაც აქამდე სარკეში საკუთარი თავი დანახვას მიშლიდა მკაფიოდ, კონტურები არ უნდა ჰქონოდა. ბუნდოვანი გამჭვირვალება იყო და სხვა არაფერი. დაბოლოს, მთელი ტანით გამოვჩნდი სარკეში, ისე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. მე იგი დავინახე! იმდღევანდელი შიში ახლაც ტანში მაქვს გამჯდარი. 20 აგვისტო – როგორ მოვკლა? ხელში მოგდებაც რომ არ შემიძლია? საწამლავით? მაგრამ ხომ დაინახავს, წყალში რომ შევურევ? ისიც საკითხავია, იმოქმედებს თუ არა მასზე საწამლავი? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რა ვიღონო? 21 აგვისტო – რუანიდან ხელოსანი მოვიწვიე და ჩემი ოთახის ფანჯრებისთვის რკინის დარაბები შევუკვეთე. სწორედ ისეთი, პარიზში, ზოგიერთი კერძო სახლის პირველ სართულს რომ ააკრავენ ხოლმე, აქაოდა, ქურდი არ შეიპაროსო. რკინის კარსაც გამიკეთებს. რა თქმა უნდა, სიმხდალეა, მაგრამ ვისაც რა უნდა, ის თქვას! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .         10 სექტემბერი – რუანი, ოტელი „კონტინეტალი“. აღსრულდა! მაგრამ მართლა მოკვდა კი? იმ საშინელმა სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა... გუშინ ხელოსანი საქმეს რომ მორჩა, ფანჯრები და კარი შუაღამემდე ღია დავტოვე, თუმცა კი საკმაოდ გრილოდა. უცებ, ვიგრძენი, რომ აქ იყო. გიჟურმა სიხარულმა ამიტაცა. ნელა წამოვდექი... და რომ არ დამფრთხალიყო ბოლთის ცემას მოვყევი. საწოლთან მივედი, კიდეზე ჩამოვჯექი, ფეხსაცმელები წავიძრე და ფლოსტებში წავყავი ფეხები. მერე დარაბები დავხურე და კარიც ჩავრაზე. ფანჯრებისკენ გამოვბრუნდი. საკეტები ჩავკეტე და გასაღები ჯიბეში ჩავისრიალე. მყისვე ვიგრძენი, როგორ აწრიალდა. ეტყობა, მასაც შეეშინდა. გარშემო მიტრიალებდა, თითქოსდა მიბრძანებდა, კარი გამიღეო. ცოტაც გაწყდა და არ დავუთმე. თავი შევიკავე. კარს მივეყრდენი და ფრთხილად გამოვაღე, ისე, რომ ლიობში გავტეულიყავი. მაღალი ტანის ვარ და კარის ძგიდეს თავით ვწვდებოდი. ახლა კი ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თავს ვერ დაიძვრენდა. კარი გამოვიხურე და ოთახი ჩავკეტე. ო, რა შვება ვიგრძენი! გამოვიჭირე და ეგაა! კიბე სირბილით ჩავავთავე. დარბაზში ორივე ლამპას ვტაცე ხელი და ნავთი ავეჯს მოვასხურე. კუთხე-კუნჭულიც არ დამიტოვებია. შემდეგ ცეცხლი წავუკიდე, შემოსასვლელი კარი გულდაგულ გადავრაზე და თავს ვუშველე. ბაღის მივარდნილ კუთხეში შევიყუჟე, დაფნის ბუჩქებთან. დრო უსაშველოდ გაიწელა. სიბნელე და მდუმარება სუფევდა ირგვლივ. ჰაერიც არ იძროდა და ერთი ვარსკვლავიც არ ცრიატებდა ცაზე. უხილავი ღრუბლების მთელი მთა მედო გულზე და სულს მიხუთავდა. სახლს ვუყურებდი და ველოდი. ლოდინი დაუსრულებელი მეჩვენა. ის იყო გავიფიქრე, შეიძლება ცეცხლი ჩაქრა ან თვითონ ჩააქრო-მეთქი, რომ ქვედა სართულის ფანჯარამ მოწოლილი ცეცხლისგან ზათქი მოიღო და ვეებერთელა, წითელ და ყვითელ ფერებად აბრდღვიალებული გრძელი, ნებიერი და მხურვალე ალი ლოკვით აუყვა თეთრ კედელს. რაღაც უცნაური შუქი გადაენთო ხეთა ტოტებსა და ფოთლებს... ბაღს შიშის ნიავმა გადაურბინა. ჩიტებს ძილი დაუფრთხათ... ძაღლი აყეფდა... ესაა და გათენდა-მეთქი – ვიფიქრე. კიდევ ორმა ფანჯარამ დაიზრიალა და ქვედა სართული საშინელ ნახანძრალს დაემსგავსა. უცებ გულისშემძვრელმა, განწირულმა კივილმა გაკვეთა ღამე. ქალის ხმა იყო. ზედა სართულის ფანჯრები გაიღო. მაშინღა გამახსენდა მოახლე ქალები! ახლა მათ შიშისგან დამანჭულ სახეებს და შიშველ მკლავებს ვხედავდი, უმწეოდ რომ ასავსავებდნენ ჰაერში. თავზარდაცემული სოფლისკენ გავქანდი, თან ვღრიალებდი: „გვიშველეთ, გვიშველეთ, ხანძარია!“ გზად სახლისკენ მომავალ ხალხს გადავეყარე და მათთან ერთად უკან გამოვეშურე, რათა კიდევ ერთხელ მეხილა ჩემი ნახელავი! სახლი ერთ დიდ საშინელ და თვალისმომჭრელ კოცონად გიზგიზებდა. მართლაც, რომ არნახული სანახაობა იყო! მხურვალე ცეცხლში იწვოდნენ ადამიანები და მათთან ერთად ისიც, ჩემი ტყვე, ახალი არსება, ახალი პატრონი, ორლა! უცებ, სახურავი გამაყრუებელი ხმაურით დაენთქა კედლებს შორის და ცეცხლის ალი ზეცად აიჭრა. ღია ფანჯრებიდან, თითქოსდა ღუმელის სარკმელებიაო, მოგიზგიზე ცეცხლს ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ ის, უკვე მკვდარი, ამ საშინელ საკირეში იფერფლებოდა. მაგრამ, მოკვდა კი? ვინ იცის? მერედა, მისი სხეული? შეიძლება ყოველივე ის, რაც ადამიანისთვის დამღუპველია, სრულიად უვნებელი გამომდგარიყო ამ უსახო და უხორცო სხეულისთვის, რომელიც დღის სინათლეში ითქვიფება? ჰოდა, თუკი არ მოკვდა? შეიძლება მხოლოდ დრო იყოს ამ უჩინარი და საშინელი არსების ერთადერთი ჯალათი! მაშ, რაღად უნდა ეს გამჭვირვალე და მოუხელთებელი სხეული, თუკი ჩვენებრ ემონა ტკივილს და ჭრილობას, ან კიდევ ადრეულ სიკვდილს? ადრეული სიკვდილი... დიახ, სწორედ ეს არის თავი და თავი ადამიანური ტრაგიზმისა. ადამიანის შემდეგ ორლა მოვა... იმას, ვისაც ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველდღე და ყოველი მხრიდან ემუქრება საბოლოო განადგურება, შეცვლის დიადი არსება, ის, ვინც მისთვის განკუთვნილ დღეს, საათსა და წამს თუ მოკვდება, სწორედ მაშინ, როცა თავისი არსებობის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს. არა... არა... ეჭვიც არ მეპარება!.. იგი არ მომკვდარა. ჰოდა, თუკი ასეა, ახლა ისღა დამრჩენია, თვითონ მოვიკლა თავი!.. 1886 წელი …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:51pm on მაისი 16, 2014
თემა: პროსპერ მერიმე - კარმენი
იმე ლიეთი ჩრდილოეთით. ჩემი საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, რომლებიც ანონიმური ავტორის ტექსტის, Bellum Hispaniense-ს შესახებ დამებადა, და იმ რამდენიმე ცნობის მიხედვით, რომლებიც ჰერცოგ დ’ოსინას საუცხოო ბიბლიოთეკაში შევკრიბე, ვფიქრობდი, რომ ის ღირსსახსოვარი ადგილი, სადაც იულიუს კეისარმა უკანასკნელად გაუსწორა ანგარიში რესპუბლიკის დამცველებს, მონტილას მიდამოებში უნდა გვეძებნა. როდესაც 80 წლის შემოდგომის პირას ანდალუზიაში მოვხვდით, საკმაოდ შორი გზა მოვიარე, რათა უკანასკნელი ეჭვებიც გამეფანტა. გამოკვლევა, რომელსაც ახლო მომავალში გამოვაქვეყნებ, ვიმედოვნებ ბოლოს მოუღებს ყოველგვარ გაუგებრობას და ყოყმანს არქეოლოგთა შორის. სანამ ჩვენი დისერტაცია საბოლოოდ გადასჭრიდეს ამ გეოგრაფიულ პრობლემას, რომელიც მთელ განათლებულ ევროპას აღელვებს, მსურს ერთი პატარა ამბავი მოგითხროთ; ის გავლენას არ მოახდენს მუნდას ადგილმდებარეობის საინტერესო საკითხზე. კორდოვაში გამყოლი და ორი ცხენი ვიქირავე. ავკიდე ჩემი ბარგი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კეისრის „კომენტარებისა“ და რამდენიმე პერანგისაგან შედგებოდა, და გავუდექი გზას. ერთ დღეს, კაჩენას ვაკის ამაღლებულ ნაწილში ხეტიალის დროს დაღლილ-დაქანცული, წყურვილისაგან ღონემიხდილი, სიცხე-პაპანაქებისაგან დამწვარი, კეისარსაც და პომპეუსის ვაჟებსაც სულით და გულით ჯანდაბის იქით ვგზავნიდი; მოულოდნელად იმ ბილიკიდან საკმაოდ შორს, რომელსაც მე ვადექი, ლერწმით და ღელით დაფარული პატარა მწვანე მინდორი შევნიშნე. ეს წყაროს სიახლოვეს მოასწავებდა. მართლაც, რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ ის, რაც მე მინდორი მეგონა, ჭაობი ყოფილიყო, რომელსაც პატარა ნაკადული ერთვოდა; ნაკადული სიერა კაბრას ორ მაღალ ქედს შორის მოთავსებული ვიწრო ხევიდან გადმოდიოდა, გავიფიქრე ხევს თუ ავყვები, უფრო ანკარა წყალს ვნახავ, ალბათ წურბელები და ბაყაყებიც ნაკლები იქნება და შეიძლება სადმე კლდეებში ჩრდილსაც წავაწყდე-მეთქი. ხევში შესვლისთანავე ჩემა ცხენმა დაიჭიხვინა და მას იმწამსვე უპასუხა სხვა ცხენმა, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავდი. ასიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ ხევი მოულოდნელად გაფართოვდა და ბუნებრივ ცირკს დაემსგავსა. მას გარშემორტყმული ქარაფების ჩრდილი მთლად ჰფარავდა. შეუძლებელი იყო სხვა ადგილის მოძებნა, რომელიც უფრო საამო დასვენებას აღუთქვამდა მგზავრებს. ციცაბო კლდეების ძირში აქაფებული ნაკადული მოსჩქეფდა და თოვლივით თეთრი ქვიშით მოფენილ პატარა გუბეში ჩადიოდა. ხუთი თუ ექვსი მშვენიერი, ქარებისაგან მუდმივ დაცული და წყაროს წყლით გახარებული მწვანე მუხა აღმართულიყო მის ნაპირებზე და ხშირი ფოთლებით ჩრდილავდა. და ბოლოს ხასხასა, რბილი მოლი აუზის გარშემო გაცილებით უკეთეს საწოლს წარმოადგენდა, ვიდრე ათი ლიეს მანძილზე ირგვლივ, რომელიმე სასტუმროში შეგეძლოთ გეპოვნათ. ამ საუცხოო ადგილის აღმოჩენის პატივი მე არ მეკუთვნოდა. იქ უკვე ვიღაც კაცი ისვენებდა და ეჭვს გარეშე იყო, რომ ჩემს იქ მისვლამდე ეძინა. ცხენების ჭიხვინზე გამოღვიძებოდა, წამომდგარიყო და მიახლოვებოდა თავის ბედაურს, რომელსაც პატრონის ძილით ესარგებლა და ამ მიდამოების ბალახით მოელხინა. ეს იყო საშუალო სიმაღლის, მაგრამ ჩასკვნილი ტანის ყმაწვილი, რომელსაც სახის პირქუში და ამაყი გამომეტყველება ჰქონდა. მისი კანის ფერი ერთ დროს შეიძლება თეთრიც ყოფილიყო, ახლა კი მზის გავლენით, თმაზე უფრო გამუქებოდა. ერთი ხელი თავისი ცხენისათვის ჩაევლო აღვირში, მეორეთი სპილენძის თოფი ეჭირა. უნდა გამოვტყდე, უცნობის ხელში თოფის დანახვამ და მისმა სასტიკმა გამომეტყველებამ ცოტა არ იყოს შემაკრთო; მაგრამ ისე ხშირად მქონდა გაგონილი ყაჩაღების ამბები, ხოლო შეხვედრით კი არასოდეს არ შემხვედროდა, რომ უკვე აღარ მწამდა მათი არსებობა, გარდა ამისა, იმდენი პატიოსანი გლეხი მყავდა ნანახი, რომლებიც ბაზარში გამგზავრების დროს თავით ფეხებამდე თოფ-იარაღში სხდებოდნენ, რომ მარტოოდენ თოფის დანახვა ჯერ კიდევ უფლებას არ მაძლევდა, ეჭვი შემეტანა უცნობის პატიოსნებაში, ეგრეც არ იყოს, შინაურული თავის დაკვრით მივესალმე და ღიმილით ვკითხე, ძილი ხომ არ დაგიფრთხეთ-მეთქი. ამათვალიერ-ჩამათვალიერა; შემდეგ, თითქოს განსჯით დაკმაყოფილდაო, იმგვარივე ყურადღებით ახედ-დახედა ჩემს გამყოლსაც, რომელიც უკან მომყვებოდა. მე დავინახე, რომ გაფითრდა ეს უკანასკნელი და, აშკარა შიშით შეპყრობილი შედგა. „ცუდი შეხვედრა გვაქვს“, ვთქვი ჩემს გულში. მაგრამ იმწამსვე გონიერებამ მირჩია, სჯობს არავითარი შეშფოთება არ შევიმჩნიო-მეთქი. ჩამოვხტი, ვუთხარი გამყოლს ცხენებისათვის აღვირი წაეყარა, დავიჩოქე წყაროსთან და თავი და ხელები წყალში ჩავყავი; შემდეგ, გედენოს უხეირო ჯარისკაცივით პირქვე დამხობილმა, წყლით გული ვიჯერე. ამასობაში თვალს არ ვაშორებდი ჩემს გამყოლს და უცნობს. პირველი მეტად უხალისოდ მიახლოვდებოდა, მეორეს კი, თითქოს არავითარი ცუდი განზრახვა არ ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან თავის ცხენს ხელი გაუშვა და თოფიც, რომელიც აქამდე ჰორიზონტალურად ეჭირა, ახლა მიწისკენ იყო მიმართული. გადავწყვიტე, რომ არ ღირდა საწყენად მიმეღო ჩემი პიროვნების უგულებელყოფა, წამოვწექი მოლზე და რიდისა და კრძალვის გარეშე ვკითხე კაცს, ტალკვესი ხომ არა გაქვთ-მეთქი. იმავე დროს ჯიბიდან სიგარების კოლოფი ამოვიღე. უცნობმა ისევე უსიტყვოდ გაჩხრიკა ჯიბეები, ამოიღო ტალკვესი და მარდად დამიკვესა ცეცხლი, ცხადი იყო, რომ მოშინაურდა, რადგან ჩემს წინ დაჯდა, თუმცა თოფისთვის ხელი მაინც არ შეუშვია. ჩემს სიგარას რომ მოვუკიდე, დარჩენილებიდან საუკეთესო ამოვარჩიე და შევეკითხე, ხომ არ ეწევით-მეთქი. - დიახ, სინიორ, - მიპასუხა მან. ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც მისგან გავიგონე და შევიტყვე, რომ ანდალუზიურად არ გამოსთქვამდა S-ს, საიდანაც დავასკვენი, რომ ისიც ჩემისთანა მგზავრი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ არა არქეოლოგი. - თქვენ ეს ძალიან მოგეწონებათ, - ვუთხარი და ნამდვილი ჰავანური რეგალია გავუწოდე. მან ოდნავ თავი დახარა, თავის სიგარას ჩემსაზე მოუკიდა, თავის ისეთივე ოდნავი დახრით მადლობა გადამიხადა და აშკარად დიდი სიამოვნებით დაიწყო წევა. - აჰ! - წამოიძახა მან და ბოლი ნელ-ნელა გამოუშვა პირიდან და ნესტოებიდან, - ამდენი ხანია აღარ მომიწევია! ესპანეთში სიგარის შეთავაზება და მიღება, ისევე როგორც აღმოსავლეთში პურ-მარილის გაზიარება, საკმარისია იმისათვის რომ სტუმარ-მასპინძლური დამოკიდებულება დამყარდეს. ჩემი უცნობი გაცილებით უფრო გულღია მოსაუბრე აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი, მაგრამ, თუმცა მან თავი მონტილას ოლქის მცხოვრებად გაასაღა, აღმოჩნდა, რომ ამ მხარეს საკმაოდ ცუდად იცნობდა. მან არ იცოდა იმ მომხიბლავი ხევის სახელი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით; ვერც ერთი მახლობელი სოფელი ვერ დამისახელა; დაბოლოს, როდესაც გამოვკითხე, ამ მიდამოებში კედლის ნანგრევები, ან ფართო, ამაღლებულკიდეებიანი კრამიტები ანდა ჩუქურთმიანი ქვები ხომ არსად შეგხვედრია-მეთქი, გამომიტყდა: ასეთი რამეებისათვის არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღებაო. სამაგიეროდ ცხენების საუკეთესო მცოდნე აღმოჩნდა. ჩემი ცხენი გააკრიტიკა, რაც ძნელი არ იყო, შემდეგ თავისი ცხენის გენეალოგია გამაცნო: ის კორდოვას განთქმული საჯიშიდან ყოფილიყო. მართლაც რომ კეთილშობილი პირუტყვი იყო მისი ცხენი, დაღლილობის არაჩვეულებრივი ამტანი, პატრონის სიტყვით, ერთ დღეს, თურმე, ჭენებით და ჩორთით 0 ლიე გაევლო. მაგრამ ამ ლაპარაკში რომ იყო, უცნობი უეცრად გაჩუმდა, თითქოს თავს გაუჯავრდა, რომ ზედმეტი წამოსცდა. „იცით, ძალიან მიმეჩქარებოდა კორდოვაში, ცოტა დაბნეულად განაგრძო მან, იქ მოსამართლეებს უნდა მოვლაპარაკებოდი ერთი საქმის თაობაზე...“ და ამ სიტყვებთან ერთად შეხედა ჩემს გამყოლს - ანტონიოს, რომელმაც თვალები ძირს დახარა. ჩრდილში, წყაროს გვერდით, მალე მადა გამეხსნა და გამახსენდა, რომ ჩემმა მონტილელმა მეგობრემა ჩემს გამყოლს ჩანთაში საუცხოო შაშხის რამდენიმე ნაჭერი ჩაუდეს. მოვატანინე შაშხი და მოვიწვიე უცნობი, რომ ჩემი სახელდახელო საუზმე გაეზიარებინა. შევატყვე, რომ მას არა თუ თამბაქო აღარ მოეწია დიდხანს, არამედ სულ ცოტა, დღე-ღამის განმავლობაში არაფერი არ უნდა ჰქონოდა ნაჭამი. მშიერი მგელივით ნთქავდა ყველაფერს. გავიფიქრე, ჩემთან შეხვედრა ნამდვილად განგებამ გამოუგზავნა ამ საცოდავ კაცს-მეთქი. ამავე დროს ჩემი გამყოლი ძალიან ცოტას ჭამდა, უფრო ნაკლებს სვამდა და გაჩუმებული იჯდა, თუმცა ჩვენი მოგზაურობის დასაწყისიდანვე თავი გამოიჩინა, როგორც შეუდარებელმა მოლაყბემ. ეტყობოდა, ჩვენს სტუმართან თავს უხერხულად გრძნობდა; ერთმანეთს უნდობლად უცქეროდნენ, თუმცა ვერაფრით ვერ გამეგო ამისი მიზეზი. პურისა და შაშხის უკანასკნელი ნამცეცებიც გაქრა; მეორე სიგარაც მოვწიეთ; ვუბრძანე ჩემს გამყოლს ცხენებისათვის ლაგამი ამოედო და, ის იყო ვაპირებდი ჩემს ახალ ნაცნობთან გამოთხოვებას, რომ მკითხა, სად აპირებთ ღამის გათევასო. სანამ თვალს შევასწრებდი ჩემს გამყოლს, რომელიც რაღაცას მანიშნებდა, უკვე ვუპასუხე, ვენტა დელ კურვოში მივდივარ-მეთქი. - თქვენისთანა ადამიანისათვის ვერ არის შესაფერისი სადგომი, ჩემო ბატონო... მეც იქ მივდივარ და, თუ ნებას მომცემთ, გამოგყვებით, ერთად ვიმგზავროთ. - დიდი სიამოვნებით, - ვუთხარი და ცხენზე შევჯექი. ჩემმა გამყოლმა, რომელსაც ჩემი უზანგი ეჭირა, კიდევ რაღაც მანიშნა თვალით. პასუხად მხრები ავიჩეჩე, რათა დამერწმუნებინა, სრულიად დამშვიდებული ვარ-მეთქი, და გავუდექით გზას. ანტონიოს იდუმალი ნიშნები, მისი მოუსვენრობა, რამდენიმე სიტყვა, რომელიც უცნობს წამოსცდა, განსაკუთრებით ოცდაათი ლიეს ჭენებით გავლის შესახებ, რაც მან დამაჯერებლად ვერ ამიხსნა, - ყველაფერი ეს საკმარისი იყო, რომ ჩემს თანამგზავრზე უკვე გარკვეული აზრი შემქმნოდა. ეჭვიც აღარა მეპარებოდა, რომ კონტრაბანდისტთან ან, შეიძლება, მძარცველთანაც მქონდა საქმე; რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ამას? მე საკმარისად ვიცნობ ესპანელების ხასიათს, რათა სავსებით დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ საშიში არაფერი მომელოდა ისეთი კაცისაგან, რომელმაც ჩემთან პური გატეხა და თამბაქო მოსწია. თვით მისი თანხლებაც კი უზრუნველგვყოფდა და დაგვიფარავდა ყოველგვარი ცუდი შეხვედრისაგან. მეორეს მხრივ, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ყაჩაღის გაცნობით. ყაჩაღებს ხომ ყოველდღე ვერ შეხვდებოდით. და გარდა ამისა, საშიშ არსებასთან ყოფნა ერთგვარ სიამოვნებასაც გვგვრის, განსაკუთრებით, როდესაც ვგრძნობთ, რომ ის მოთვინიერებულია. იმედი მქონდა, რომ უცნობს ნელ-ნელა გულახდილ საუბარზე გადავიყვანდი და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამყოლი რაც ძალი და ღონე ჰქონდა თვალს მიკრავდა, ლაპარაკში გავარდნილ ყაჩაღებს გადავწვდი. გასაგებია, რომ მათ პატივისცემით ვიხსენებდი. იმხანად ანდალუზიაში ერთი განთქმული ბანდიტი იყო, სახელად ხოზე-მარია, რომლის საგმირო საქმეები ყველას პირზე ეკერა. „ვინ იცის, იქნებ ხოზე-მარიას გვერდით ვარ?“ - ვამბობდი ჩემს გულში... მოვყევი ზოგიერთი ამბავი, რომელიც გაგონილი მქონდა ამ გმირის შესახებ; უნდა ითქვას, რომ ყოველ მათგანში ის დადებითი გამომყავდა და უდიდესი აღტაცებით ვაქებდი მის სიმამაცეს და სულგრძელობას. - ხოზე-მარია გარეწარია და მეტი არაფერი, - გულგრილად თქვა უცნობმა. „ნეტა ღირსეულ შეფასებას მიუზღავს თავის თავს, თუ მეტისმეტი თავმდაბლობით ამბობს ასე?“ - გონებაში შევეკითხე ჩემს თავს, რადგან, რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი ჩემს თანამგზავრს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მას უდგებოდა ხოზე-მარიას აღწერილობა, რომელიც ანდალუზიის ბევრ ქალაქში საჯარო ადგილებში გამოკრული წამეკითხა. დიახ, ეს სწორედ ის არის... ქერა თმა, ცისფერი თვალები, დიდი პირი, ლამაზი კბილები, პატარა ხელები, წმინდა ქსოვილის პერანგი, ვერცხლისღილებიანი ხავერდის ჯუბა, თეთრი ტყავის ფეხსაცმელი, ქურანა ცხენი... ეჭვი აღარ არის! მაგრამ პატივი ვცეთ მის ინკოგნიტოს. მივედით ვენტაში. ის სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორც ამიწერეს, ესე იგი უბადრუკი და საძაგელი, რომლის მსგავსი ჯერ არსად მენახა. ერთი მოზრდილი ოთახი წარმოადგენდა სამზარეულოსაც, სასადილოსაც და საწოლ ოთახსაც. ეცხლი შუაგულ ოთახში ენთო ბრტყელ ქვაზე და ბოლი ჭერში გაკეთებული გასავლით ადიოდა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ღრუბლებივით დგებოდა იატაკიდან რამდენი ფუტის სიმაღლეზე. კედლის გასწვრივ, იატაკზე გაშლილი იყო ხუთი თუ ექვსი ჯორის საოფლე; ეს მგზავრებისათვის გამზადებული ლოგინები იყო. ამ, ჩემს მიერ აღწერილი სახლიდან, ანუ უფრო სწორად ოთხიდან, ოციოდე ნაბიჯის მოშორებით ერთი ფარდული იდგა, რომელიც თავლის მაგივრობას სწევდა. ამ მშვენიერ ბინაში ძე ხორციელი არავინ იყო, გარდა ერთი დედაბრისა და ათი-თორმეტი წლის გოგოსი; ორივენი გაჭვარტლული და საშინლად ჩამოძონძილი იყვნენ, -აი რაღა დარჩენილა ანტიკური მუნდის მოსახლეობიდან! ჰოი, კეისარო! ჰოი, სექსტუს პომპეუს! რა გაოცებული დარჩებოდით, ამქვეყნად ხელახლა რომ მობრძანებულიყავით. ჩემი თანამგზავრის დანახვაზე დედაბერს მისდაუნებურად გაოცებისაგან აღმოხდა: - აჰ! სენიორ დონ ხოზე! დონ ხოზემ წარბები შეიკრა და ისეთი მბრძანებლური ჟესტით ასწია ხელი, რომ დედაბერი მყისვე გააჩუმა. მე ჩემს გამყოლს მივუბრუნდი და შეუმჩნეველი ნიშნით გავაგებინე, ახალს ვერაფერს შემატყობინებ ამ კაცის თაობაზე, რომელთანაც ღამის გათევას ვაპირებ-მეთქი. ვახშამი უკეთესი იყო ვიდრე მოველოდი: პატარა, ერთი ფუტის სიმაღლის მაგიდაზე მოგვართვეს, ბრინჯით და ბლომად წიწაკით შეზავებული ბებერი მამალი, შემდეგ წიწაკა ზეთში, დაბოლოს, გასპაჩო, თავისებური წიწაკის სალათა. სამი ამგვარად შეზავებული კერძის შემდეგ იძულებული გავხდით ხშირ-ხშირად მოგვეყუდებინა მონტილას ღვინით სავსე ხელადა; ღვინო საუცხოო აღმოჩნდა. ვახშმის შემდეგ შევნიშნე კედელზე ჩამოკიდებული მანდოლინა (ესპანეთში მანდოლინები ყველგან აქვთ), და ვკითხე პატარა გოგოს, რომელიც გვემსახურებოდა, დაკვრა ხომ არ იცი-მეთქი. - არა, მიპასუხა მან, - მაგრამ დონ ხოზე ძლიან კარგად უკრავს! - კეთილი ინებეთ, - ვუთხარი დონ ხოზეს, - და მიმღერეთ რამე; მე გაგიჟებით მიყვარს თქვენი ეროვნული მუსიკა. - მე არ ძალმიძს რამეზე უარი ვუთხრა ასეთ ზრდილ ბატონს, რომელიც ასეთი კარგი სიგარებით მიმასპინძლდება, - წამოიძახა კარგ გუნებაზე მოსულმა დონ ხოზემ, და მოატანინა მანდოლინა, დაუკრა და დაამღერა: ხმა მოუხეშავი, მაგრამ სასიამოვნო ჰქონდა, ჰანგი ნაღვლიანი და უცნაური იყო, რაც შეეხება სიტყვებს, მე ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. - თუ არა ვცდები, - ვუთხარი მას, - თქვენ რომ იმღერეთ, ეს არ იყო ესპანური ჰანგი. ის „სორსიკოს“ უფრო ჰგავდა, რომლებიც პროვინციაში მომისმენია, და სიტყვებიც ბასკური უნდა იყოს. - დიახ, - მოღუშული სახით მიპასუხა დონ ხოზემ. მან მანდოლინა ძირს დადო, გულხელი დაიკრიფა და არაჩვეულებრივი მწუხარე გამომეტყველებით მიაშტერდა ცეცხლს. პატარა მაგიდაზე დადგმული ლამპის შუქით განათებული მისი კეთილშობილი და მკაცრი სახე მილტონის სატანას მაგონებდა, ვინ იცის, იქნებ მისი აზრიც მიტოვებულ სამყოფელს დასტრიალებდა, იქნებ ისიც მასავით იმ დევნაზე ფიქრობდა, რომელსაც რაღაც შეცოდებასავით განიცდიდა. ვეცადე გამომეცოცხლებინა საუბარი, მაგრამ ის ისე იყო თავის ნაღვლიან ფიქრებში წასული, რომ არ მიპასუხა. მოხუცი უკვე კუთხეში მიწვა დასაძინებლად, თოკზე გადაკიდებული დაგლეჯილი ფარდის უკან, პატარა გოგოც მიჰყვა მას ამ მშვენიერი სქესისათვის განკუთვნილ სავანეში. ამას შემდეგ ჩემი გამყოლიც ფეხზე წამოდგა და თავლაში გამიწვია; მაგრამ ამ სიტყვებზე, თითქოს ხელის კვრით გამოაღვიძესო, დონ ხოზე უხეშად შეეკითხა, საით მიხვალო. - თავლაში, - უპასუხა გამყოლმა. - იქ რა გინდა? ცხენებს საჭმელი აქვთ. აქ დაწექი, ბატონი ნებას მოგცემს. - ვშიშობ ბატონის ცხენი ავად არ იყოს: მინდა, რომ ბატონმა ნახოს: იქნებ შეატყოს რა მოუხდება. აშკარა იყო, ანტონიოს ჩემთან განმარტოებით სურდა საუბარი, მაგრამ მე არავითარი სურვილი არ მქონდა დონ ხოზესთვის ეჭვები აღმეძრა, რადგან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, ვფიქრობდი, რომ უმჯობესია, რაც შეიძლება მეტი ნდობა გამოვიჩინო-მეთქი. ამიტომ ანტონიოს ვუპასუხე, ცხენებისა მე არაფერი მესმის და თანაც მეძინება-მეთქი. დონ ხოზე გაჰყვა მას თავლაში და მალე იქიდან მარტო დაბრუნდა. მან მითხრა, ცხენს არაფერი უჭირს, მაგრამ თქვენი გამყოლი ისეთ ძვირფას პირუტყვად თვლის, რომ ოფლის მოსადენად თავისი საკუთარი ხალათით დაუწყო ზელვა და გადაუწყვეტია მთელი ღამე ამ სასიამოვნო საქმიანობაში გაატაროსო. ამასობაში მე წამოვწექი ჯორის საოფლეზე, მაგრამ ისე ბეჯითად გავეხვიე ჩემს მოსასხამში, რომ ტანით სულ არ შევხებოდი მას. დონ ხოზემ ჩემთან ბოდიში მოიხადა, ვკადნიერდები და თქვენს მახლობლად ვწვებიო, და კარების წინ დაწვა; მაგრამ ჯერ თავის თოფს პირისწამალი გამოუცვალა და წინდახედულად ამოიდო ჩანთის ქვეშ, რომელსაც ბალიშად ხმარობდა. ხუთ წუთში, მას შემდეგ რაც ერთმანეთს ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ, ერთსაც და მეორესაც მაგრად გვეძინა. ჩემს თავს საკმარისად დაქანცულად ვთვლიდი, რათა ამგვარ ჭერქვეშაც კარგად დამძინებოდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ მეტისმეტად უსიამოვნო ქავილმა დამიფრთხო ძილი. როგორც კი მივხვდი რაში იყო საქმე, ავდექი იმ გადაწყვეტილებით, რომ სჯობს ღამის დანარჩენი ნაწილი ღია ცისქვეშ გავატარო, ვიდრე ამ არასტუმართმოყვარე ჭერქვეშ-მეთქი, ფეხაკრეფით მივედი კარებთან, გადავალაჯე დონ ხოზეს, რომელსაც ალალ-მართალი კაცის ძილით ეძინა და ისე გამოვედი სახლიდან, რომ არ გამიღვიძებია. კარებთან ერთი განიერი სკამ-ლოგინი იდგა, მეც ღამის გასათევად ვაი-ვაგლახით მასზე მოვეწყვე. ის-ის იყო მეორედ დავხუჭე თვალები, რომ მომეჩვენა თითქოს წინ სრულიად უხმაუროდ კაცის და ცხენის ლანდმა ჩამიარა. მაშინვე წამოვჯექი და ანტონიო ვიცანი. მისი ასეთ დროს თავლის გარეთ დანახვამ გამაოცა, ავდექი და მისკენ წავედი. მანაც შემნიშნა და გაჩერდა. - სად არის? - შემეკითხა ანტონიო ხმადაბლა. - ვენტაში სძინავს, ბაღლინჯოების არ ეშინია, სად მიგყავს ეგ ცხენი? მაშინღა შევამჩნიე, რომ სიფრთხილის გულისათვის ანტონიოს ცხენის ფეხებზე ძველი საოფლის ნაფლეთები დაეხვია, რათა ფარდულიდან უხმაუროდ გასულიყო. - უფრო ჩუმად ილაპარაკეთ, ღვთის გულისათვის! - მითხრა ანტონიომ. - თქვენ არ იცით, ვინ არის ეგ კაცი. ეგ ხოზე ნავაროა, ანდალუზიის ყველაზე სახელგანთქმული ყაჩაღი. მთელი დღე სულ მაგას განიშნებდით, მაგრამ თქვენ ჩემთვის ყურადღება არ მოგიქცევიათ. - ყაჩაღია თუ არა, მე რა? - მივუგე მე, - მას ჩვენ არ გავუძარცვივართ და, სანაძლეოს დავდებ, რომ არც აქვს მასეთი სურვილი. - ძალიან კარგი, მაგრამ ვინც მაგას გასცემს, ორასი დუკატია ჯილდო. აქედან ერთნახევარი ლიეს მანძილზე ულანების პოსტია, და გათენებამდე მე მაგას კაი ზორბა ბიჭებს დავასევ. მინდოდა ნავაროს ცხენი წამეყვანა, მაგრამ ისეთი ავია, პატრონის მეტს არავის იკარებს. - დაგლახვროს ეშმაკმა! - ვუთხარი. - რა დაგიშავა ამ საცოდავმა ადამიანმა, რომ გინდა დააბეზღო? დარწმუნებული კი ხარ, რომ ეგ მართლა ის ყაჩაღია, რომელიც გგონია? - სრულიად დარწმუნებული ვარ; ცოტა ხნის წინ, თავლაში რომ გამომყვა, მითხრა: „შენ, გეტყობა, მიცნობ. თუ ამ კარგ ბატონს ეტყვი ვინა ვარ, შუბლში ტყვიას გკრავ“. დარჩით ბატონო, თქვენ მასთან დარჩით; თქვენთვის საშიში არაფერია. სანამ მაგას ეცოდინება, რომ თქვენ აქ ბრძანდებით, ეჭვს არაფერზე აიღებს. ამ ლაპარაკში საკმაოდ დავშორდით ვენტას, და იქამდე ცხენის ნალების ხმა ვეღარ მიაღწევდა, ანტონიომ თვალის დახამხამებაში გაათავისუფლა ცხენი ფლოქვებზე დახვეული ძონძებისაგან და მოემზადა შესაჯდომად. მე მუდარაც ვცადე და მუქარაც, რათა შემეჩერებინა იგი. - მე ერთი საწყალი კაცი გახლავართ, ბატონო, - მიპასუხა მან, - განა შემიძლია ხელიდან გავუშვა ორასი დუკატი, მით უმეტეს, თუ ქვეყანასაც მაგგვარი ნაძირალებისაგან გავათავისუფლებ. თქვენ კი გაფრთხილებთ: გაიღვიძებს ნავარო თუ არა, მაშინვე თავის თოფს ეცემა და ვაი თქვენ, თუ თავი არ მოარიდეთ! მე უკან დასახევი გზა აღარა მაქვს; თქვენ კი ისე მოიქეცით, როგორც გიჯობდეთ. ის შეჩვენებული უკვე უნაგირზე იჯდა; ქუსლები ჰკრა ცხენს და მალე სიბნელეში ჩემს თვალთაგან მიიმალა. მე ძალიან გაჯავრებული ვიყავი ჩემს გამყოლზე და საკმაოდ მოუსვენრობასაც ვგრძნობდი. ერთი წუთის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე და ვენტაში დავბრუნდი. დონ ხოზეს ისევ ეძინა, უეჭველია, რამდენიმე ფათერაკით და ხიფათით სავსე უძილო დღე-ღამის დაღლილობისაგან ისვენებდა. იძულებული გავხდი მაგრად შემენჯღრია, რათა გამეღვიძებინა. არასოდეს არ დამავიწყდება მისი სასტიკი სახე და სწრაფი მოძრაობა, რომლითაც თოფს გადაწვდა; მაგრამ თოფი სიფრთხილის გულისთვის ადრევე შორს გადავდე მისი ლოგინიდან. - ბატონო, - ვუთხარი მას, - ბოდიშს ვიხდი თქვენი გაღვიძებისათვის, მაგრამ ერთი სულელური შეკითხვა უნდა მოგცეთ: სასიამოვნოდ დაგრჩებოდათ თუ არა, რომ აქ ერთი ექვსიოდე ულანი მოსულიყო? ის ხელად ფეხზე წამოხტა და საშინელი ხმით მკითხა: - ვინ გითხრათ? - რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის რჩევა, ოღონდ ის კარგი იყოს. - თქვენმა გამყოლმა გამცა, მაგრამ მე ამას არ შევარჩენ, სად არის? - არ ვიცი... ალბათ, თავლაშია... ჰოდა ვიღაცამ მითხრა, რომ.. - ვინ გითხრათ?... დედაბერი ვერ გეტყოდათ... - ვიღაცამ, რომელსაც არ ვიცნობ.. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თუ გაქვთ მიზეზები, ჯარისკაცების მოსვლას არ დავუცადოთ, დროს ნუღარ კარგავთ! თუ არა და ძილი ნებისა, ბოდიშს ვიხდი, რომ ძილი გაგიტეხეთ. - აჰ! თქვენი გამყოლი! თქვენი გამყოლი! თავიდანვე ეჭვი ავიღე მასზე... მაგრამ... არა უშავს, გადავუხდი!... მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ღმერთმა მოგიზღოთ იმ სიკეთისათვის, რომელიც მე მიყავით. არც ისე ცუდი ვარ, როგორიც, ალბათ, თქვენ გგონივართ... დიახ, ჩემში კიდევ არის რაღაც, წესიერი ადამიანის სიბრალულის ღირსი... მშვიდობით, ბატონო... მხოლოდ ერთი ჯავრი მიმყვება, რომ არ შემიძლია სამაგიერო გადაგიხადოთ. - ჩემს მიერ გაწეულ სამსახურის საფასურად პირობა მომეცით, დონ ხოზე, რომ არავისზე ეჭვს არ მიიტანთ და შურისძიებაზედაც არ იფიქრებთ. აი, წაიღეთ გზაში სიგარები; კეთილი მგზავრობა! და ხელი გავუწოდე. მან უსიტყვოდ ხელი ხელზე მომიჭირა, აიღო თავისი თოფი და ჩანთა, დედაბერს რამდენიმე სიტყვა უთხრა რაღაც ჟარგონზე, რომელიც მე ვერ გავიგე და ფარდულისაკენ გაექანა. რამდენიმე წამის შემდეგ უკვე მინდვრად შემომესმა მისი ცხენის თქარათქური. ამის შემდეგ ისევ დავწექი ჩემს სკამლოგინზე, მაგრამ აღარ დამეძინა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, სწორედ მოვიქეცი თუ არა, რომ სახრჩობელას გადავარჩინე ყაჩაღი და, ალბათ, კაცის მკვლელი, მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად შაშხი და ვალენსიურად მომზადებული ბრინჯი ვჭამე-მეთქი. განა ჩემს გამყოლს არ ვუღალატე, რომელიც კანონს ემხრობოდა; განა მე ის ვიღაც არამზადის შურისძიების მიზნად არ ვაქციე? მაგრამ სტუმარ-მასპინძლობის მოვალეობა... ველურის ცრურწმენაა, ვამბობდი ჩემთვის; ამიერიდან მე ვიქნები პასუხისმგებელი ყველა იმ ბოროტმოქმედებისა, რომელსაც ის ყაჩაღი ჩაიდენს... მაგრამ განა ცრურწმენაა ეს სინდისის ალღო, რომელიც ყოველგვარ მსჯელობას ეწინააღმდეგება? ისეთი საჩოთირო გარემოებაში, როგორშიც მე ვიმყოფებდი, უთუოდ ადვილად ვერ გადავურჩებოდი სინდისის ქენჯნას. ჯერ კიდევ უდიდეს გაურკვევლობას განვიცდიდი და ვმერყეობდი ჩემი საქციელის გამო, როდესაც დავინახე ექვსი ცხენოსანი და ანტონიო, რომელიც წინდახედულად ზურგს უკან ამოფარებული მოსდევდა მათ. მათ შესახვედრად წავედი და ვაცნობე, რომ უკვე ორი საათია, რაც ბანდიტი გაიქცა-მეთქი. დედაბერმა, როდესაც ბრიგადირმა დაჰკითხა, უპასუხა, ვიცნობ ნავაროს, მაგრამ ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, ვერასოდეს ვერ გავბედავ მის დაბეზღებას და ამით ჩემი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასო. მან დასძინა, რომ ნავაროს ჩვეულებად აქვს, როცა ჩემთან მოდის, ყოველთვის შუაღამისას მიემგზავრება. მეც მომიხდა წასვლა იქიდან რამდენიმე ლიეს მანძილზე ჩემი პასპორტის საჩვენებლად და ალკაიდის წინაშე ჩვენებაზე ხელის მოსაწერად, რის შემდეგაც ნება დამრთეს განმეგრძო ჩემი არქეოლოგიური კვლევა-ძიება. ანტონიო სულ მიბღვერდა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ სწორედ მე შევუშალე ხელი ორასი დუკატის მიღებაში, მაგრამ კორდოვაში ჩვენი მაინც კარგ მეგობრებად გავიყარენით; იქ მას იმდენად დიდი გასამრჯელო მივეცი, რამდენის ატანაც ჩემს ჯიბეს შეეძლო. თავი მეორე       კორდოვაში რამდენიმე დღე დავყავი. დომენიკელთა წიგნთსაცავში ერთი ხელნაწერი მიმასწავლეს, საიდანაც საინტერესო ცნობები უნდა ამომეკრიფა ანტიკური მუნდას შესახებ. კეთილი მამების მიერ კარგად მიღებული, მე მთელ დღეებს ვატარებდი მათს მონასტერში, ხოლო საღამოობით ქალაქში დავსეირნობდი. კორდოვაში მზის ჩასვლის ჟამს, გვადალკივირის მარჯვენა მხარეს, სანაპიროზე მრავალი უქმი ხალხი იყრის ხოლმე თავს, იქ, მართალია, იმ დაბახანის ჰაერით სუნთქავთ, რომელიც ამ მხარეს ძველიდანვე ტყავების დამზადებით მოპოვებულ სახელს უნარჩუნებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ისეთი სანახაობით შეიძლება დატკბეთ, რომელსაც უთუოდ თავისი ღირსება აქვს. რამდენიმე წუთით ადრე, მწუხრის ზარის დარეკვამდე, საკმაოდ ამაღლებულ სანაპიროს ქვევით, მდინარის ნაპირზე აუარებელი ქალი იყრის ხოლმე თავს, ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაბედავს ამ ბრბოში შერევას. როგორც კი მწუხრის ზარი ჩამოჰკრავს, ითვლება, რომ უკვე დაღამდა. უკანასკნელ ზართან ერთად ქალები ტანისამოსს იხდიან და წყალში შედიან. ატყდა ყიჟინა, სიცილი, ჯოჯოხეთური ყაყანი. ზევიდან, სანაპიროდან, მობანავეებს მამაკაცები უცქერიან; თვალებს აცეცებენ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ხედავენ. ამისდა მიუხედავად წყლის მუქ ფონზე ბუნდოვნად გამოსახული ეს თეთრი სხეულები პოეტურ განწყობილებას გიქმნიან: სულ პატარა ფანტაზიაა საჭირო და ადვილად წარმოიდგენთ მობანავე დიანას თავისი მხლებელი ნიმფებითურთ, ისე, რომ ამისთვის აქტეონის ბედი არ გაიზიაროთ. მიამბეს, რომ ერთხელ, თურმე, რამდენიმე ლაზღანდარას მოულაპარაკებია, ფული შეუგროვებია და ტაძრის მნათე მოუქრთამავს, რომ მწუხრის ზარი კანონიერ საათზე ოცი წუთით ადრე დაერეკა. თუმცა ჯერ კიდევ სინათლე ყოფილა, გვადალკივირის ნიმფებს მწუხრის ზარისთვის უფრო დაუჯერებიათ, ვიდრე მზისთვის, უყოყმანოდ შეცვივნულან წყალში საბანაოდ და დამშვიდებული სინდისით შეუსრულებიათ ეს მეტად მარტივი პროცედურა. მე იმ დროს იქ არ ვყოფილვარ. ჩემს დროს მნათე უანგარო იყო, საღამო - ბნელი, და მხოლოდ კატა თუ მოახერხებდა ფორთოხლების გამყიდველი მოხუცი დედაბერი კორდოვის ულამაზესი გრიზეტისაგან გამოერჩია. ერთ საღამოს, როდესაც იმდენად დაბინდდა, რომ აღარაფერი ჩანდა, სიგარას ვეწეოდი სანაპიროს მოაჯირზე დაყრდნობილი; ამ დროს მდინარისაკენ მიმავალი კიბით ვიღაც ქალი ამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. თმებში გარჭობილი ჰქონდა ჟასმინის თაიგული, რომელიც საღამოობით დამათრობელ სურნელებას გამოსცემს. ქალი უბრალოდ, ღარიბულადაც კი იყო ჩაცმული, შავებში, როგორც გრიზეტთა უმეტესობა იცვამს საღამოობით. წესიერი ქალები შავ ტანსაცმელს მხოლოდ დილაობით ატარებენ, საღამოობით ისინი a la francesia იცვამენ. როდესაც ეს ჩემი მობანავე ქალი მომიახლოვდა, თავზე წამოსხმული მანტილია მხრებზე ჩამოიცურა და ვარსკვლავთა მკრთალ შუქზე დავინახე, რომ ის პატარა, ახალგაზრდა და კოხტა ტანისა იყო. ძალიან დიდი თვალები ჰქონდა. იმწამსვე გადავაგდე ჩემი სიგარა, ამ წმინდა ფრანგული თავაზიანობით გამოხატულ ყურადღებას ის ხელად მიმიხვდა და მითხრა, თამბაქოს სუნი ძალიან მომწონს და კიდევაც ვეწევი ხოლმე, როდესაც საკმაოდ სურნელოვანი papelitos შემხვდებაო. საბედნიეროდ, ჩემი სიგარების კოლოფში ასეთები მოიპოვებოდა და საჩქაროდ შევთავაზე. ინება ერთი სიგარის აღება და ცეცხლმოკიდებული თოკის ნაგლეჯზე მოუკიდა; ეს თოკის ნაგლეჯი პატარა ბიჭმა მოგვირბენინა ერთ სუდ. თამბაქოს წევაში და საუბარში მე და მშვენიერი მობანავე ქალი ისე გავერთეთ, რომ სანაპიროზე თითქმის მარტონი დავრჩით. ვიფიქრე, კადნიერება არ იქნება, თუ შევთავაზებ ნევერიაში წამომყვეს და ნაყინზე მეწვიოს-მეთქი. მცირეოდენი მოკრძალებული ყოყმანის შემდეგ, მან მიიღო ჩემი მოწვევა; მაგრამ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდა, მოისურვა გაეგო რომელი საათი იყო. მე ჩემს საათს დავარეკინე, და ამ რეკვამ ის განაცვიფრა. - დახე, რას არ მოიგონებენ თქვენში, ბატონო უცხოელებო! რომელი ქვეყნიდან ბრძანდებით თქვენ, ბატონო? უთუოდ ინგლისელი იქნებით. - ფრანგი გახლავართ და მზად ვარ გემსახუროთ. თქვენ კი, ქალბატონო თუ ქალიშვილო, ალბათ კორდოველი ბრძანდებით, არა? - არა. - მაგრამ, მაინც ანდალუზიელი იქნებით, მგონი, თქვენი ნაზი გამოთქმა არ მატყუებს. - თუ აგრე კარგად არჩევთ სხვადასხვა კუთხის გამოთქმებს, მაშინ უნდა გამოიცნოთ კიდეც ვინა ვარ. - მგონი, რომ თქვენ იესოს ქვეყნიდან ბრძანდებით, რომელიც სამოთხის ახლოს არის. (მე ეს მეტაფორა რომელიც ანდალუზიას აღნიშნავს, ჩემი მეგობრისაგან, კარგად ცნობილ პიკადორ ფრანსისკო სევილასაგან ვისწავლე). - ეჰ! სამოთხე კი არა... აქაურები ამბობენ, სამოთხე ჩვენთვის არ მოუგონიათო. - აბა მაშ თქვენ მავრის ქალი იქნებით ან... - მე შევჩერდი, რადგან ვეღარ გავბედე მეთქვა: ებრაელი-მეთქი. - კარგი ერთი! თქვენც კარგად ხედავთ, რომ ბოშა ვარ. გინდათ შახი8 გითხრათ? განა არაფერი გაგიგონიათ კარმენსიტას შესახებ? ეს მე ვარ. მე მაშინ, მას აქეთ თხუთმეტი წელი იქნება, ისეთი ურწმუნო ვიყავი, რომ შიშისაგან თავზარი არ დამეცა და უკან არ დავიხიე, როდესაც ჩემს გვერდით ჯადოქარი ქალი დავინახე. „მშვენიერია!“ - გავიფიქრე, - გასულ კვირას, ხომ გავარდნილ ყაჩაღთან ვივახშმე, მოდი დღეს ამ ეშმაკის მსახურთან გეახლებით ნაყინს. მგზავრობაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო“. კიდევ მეორე მიზეზიც მქონდა, რომ მასთან ნაცნობობა გამეგრძელებინა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ კოლეჟის დამთავრების შემდეგ კარგა ხანი მოვანდომე საიდუმლო მეცნიერებათა შესწავლას და რამდენჯერმე ბნელი ძალების შელოცვაც ვცადე. მართალია, ამგვარი კვლევა-ძიებისაგან უკვე დიდი ხნის განკურნებული გახლდით, მაგრამ მაინც შემრჩა ერთგვარი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ყოველ ჯურის ცრუმორწმუნეობისაკენ მიზიდავდა; ამიტომ მიხაროდა, გავიგებ რა დონეზეა აყვანილი ბოშათა შორის მისნობის ხელოვნება-მეთქი. ამგვარი საუბრით ჩვენ ნევერიაში შევედით და ერთ პატარა მინის ბურთში ჩასმული სანთლით განათებულ მაგიდასთან დავსხედით. სანამ რამდენიმე წესიერი შესახედაობის კაცი, რომლებიც ნაყინს შეექცეოდნენ, გაოცებული მაშტერდებოდნენ, ასეთ კარგი საზოგადოებაში რომ დამინახეს, მე საშუალება მომეცა ჩემი ხიტანა კარგად დამეთვალიერებინა. ძლიერ ვეჭვობ, რომ სინიორიტა კარმენი წმინდა სისხლის ბოშა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ის გაცილებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი ხალხის სხვა ქალები, რომლებიც მინახავს. იმისათვის, რომ ქალს ნამდვილად ლამაზი ეწოდოს, როგორც ესპანელები ამბობენ, საჭიროა მის დახასიათებაში ოცდაათი „თუ“ შეერთდეს, ანუ სხვანაირად თუ გსურთ, უნდა შეიძლებოდეს მისი აღწერა ათი ზედსართავის საშუალებით, რომელთაგან ყოველი მისი სხეულის სამ ნაწილს უნდა ეხებოდეს. მაგალითად, მას უნდა სამი რამ შავი ჰქონდეს - თვალები, წამწამები და წარბები; სამი რამ ნაზი: თითები, ტუჩები და თმა, და ა.შ. დანარჩენები შეგიძლიათ ბრანტომთან იხილოთ. ჩემს ბოშა ქალს არ შეეძლო ისეთი სრულყოფილი სილამაზის პრეტენზია ჰქონოდა. მისი კანი თუმცა სრულიად გლუვი იყო, სიმუქით სპილენძის ფერს უახლოვდებოდა. თვალის ჭრილი ირიბი, მაგრამ ძლიერ წარმტაცი ჰქონდა, ტუჩები ცოტა მსხვილი, მაგრამ კარგი მოყვანილობის, და მათ უკან კანგადაცლილ ნუშზე უფრო თეთრი კბილები მოუჩანდა. მისი გრძელი და მბზინავი თმა, შეიძლება ცოტა მაგარი და უხეში, შავი ფერის იყო და ზედ ყორნის ფრთასავით ოდნავ სილურჯე გადაჰკრავდა. მეტისმეტი გაჭიანურებული აღწერით რომ თავი არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ყველა მის ნაკლს რაიმე ღირსებაც უკავშირდებოდა, რომელიც ალბათ კონტრასტის ძალით უფრო მეტად გხვდებოდა თვალში. მისი სახის უცნაური და ველური სილამაზე დასაწყისშივე გაოცებდათ, მაგრამ მისი დავიწყება არ შეიძლებოდა. განსაკუთრებით მის თვალებს ერთდროულად რაღაც ვნებიანი და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ, რაიც მას შემდეგ მე აღარც ერთ სახეზე არ შემინიშნავს. ბოშის თვალი - მგლის თვალიო, ასე ამბობენ ესპანელები, როდესაც სურთ კარგი დაკვირვების უნარი გამოხატონ. თუ არა გცალიათ, რომ ზოოლოგიურ პარკში წაბრძანდით მგლის გამოხედვის შესასწავლად, მაშინ თქვენ კატას დაუკვირდით, როდესაც ის ბეღურას უთვალთვალებს. გასაგებია, რომ სასაცილო იქნებოდა კაფეში მემკითხავებინა. ამიტომ ლამაზ მკითხავს ვთხოვე ნება მოეცა სახლში გავყოლოდი: ის ადვილად დამთანხმდა, მაგრამ ჯერ მოისურვა, კიდევ გაეგო რა დრო იყო და მთხოვა, ხელახლა დაარეკინეთ თქვენს საათსაო. - მართლა ოქროსია? - მკითხა მან და ყურადღებით დაუწყო სინჯვა საათს. როდესაც კაფედან გამოვედით და გზას გავუდექით, უკვე ბნელი ღამე იყო. დუქნები თითქმის ყველგან დაეკეტათ და ქუჩებიც დაცარიელებულიყო. ჩვენ გვადალკივირის ხიდზე გადავედით და გარეუბნის ბოლოში ერთ სახლთან გავჩერდით, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ ჩამოგავდა სასახლეს. კარი ერთმა ბავშვმა გაგვიღო. ბოშა ქალმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ჩემთვის უცნობ ენაზე, რომელიც, როგორც შემდეგ გავიგე, „რომანი“, ანუ „ჩიპე კალი“ უნდა ყოფილიყო, - ბოშათა ენის კილო. ბავშვი იმწამსვე გაქრა და ერთ მოზრდილ ოთახში დაგვტოვა, სადაც ერთი პატარა მაგიდის, ორი ტაბურეტისა და სკივრის მეტი არაფერი იდგა. კინაღამ დამავიწყდა წყლით სავსე თუნგი, ფორთოხლების გროვა და ერთი გალა ხახვი. როგორც კი მარტო დავრჩით, ბოშა ქალმა თავისი სკივრიდან ამოიღო ბანქოს ქაღალდი, რომელსაც დიდი ხნის დამსახურება ეტყობოდა, ანდამატი, გამხმარი ქამელეონი და კიდევ რამდენიმე მისი ხელობისთვის საჭირო სხვა ნივთი. შემდეგ მითხრა, მარცხენა ხელის გულზე ფულით ჯვარი გამომესახა და ჯადოქრობა დაიწყო. ზედმეტი იქნებოდა მომეხსენებინა თქვენთვის, რა მიწინასწარმეტყველა მან, მაგრამ რაც შეეხება მისი მკითხაობის ხერხებს, აშკარად ემჩნეოდა, რომ ის იყო ნამდვილი ჯადოქარი. საუბედუროდ ჩვენ მალე ხელი შეგვიშალეს. უეცრად ვიღაცამ კარი შემოაღო ძალით და ოთახში ერთი კაცი შემოვარდა, რომელიც ისე იყო შეხვეული მიხაკისფერ მოსასხამში, რომ მხოლოდ თვალებიღა უჩანდა; მან ბოშა ქალს საკმაოდ უხეშად მიმართა. მე, მართალია, არ მესმოდა მისი ლაპარაკი, მაგრამ ხმაზე ვატყობდი, რომ ძალიან განრისხებული უნდა ყოფილიყო. მის დანახვას ბოშა ქალი არც გაუკვირვებია, არც გაუბრაზებია; იგი მის შესახვედრად გაექანა და სხაპასხუპით რამდენიმე ფრაზა უთხრა უცნაურ ენაზე, რომელიც მე ერთხელ უკვე გავიგონე მისგან. ერთადერთი სიტყვა, რომელიც გავიგე, რადგან ის ხშირად იმეორებდა მას, იყო „პაოლო“. ვიცოდი, რომ ბოშები ამ სიტყვებით აღნიშნავენ ყოველ ადამიანს, რომელიც მათ რასას არ ეკუთვნის. მივხვდი, რომ ლაპარაკი მე მეხებოდა და მოველოდი რომ უსიამოვნო ახსნა-განმარტების მიცემა დამჭირდებოდა; ტაბურეტის ფეხს ხელი დავავლე და ჩემს გულში ვცდილობდი გამერკვია, როდის დადგებოდა ისეთი მომენტი, როდესაც საჭირო იქნებოდა თავში მეთხლიშა იგი ჩვენი მყუდროების დამრღვევისათვის. მან ბოშა ქალი ხელის კვრით მოიშორა გზიდან და ჩემკენ გამოიწვია; მაგრამ მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - ეჰ! ეს თქვენ ბრძანდებოდით, ბატონო! მეც, ჩემის მხრივ, შევხედე და ჩემი მეგობარი დონ ხოზე ვიცანი. ამ წუთს, ცოტა არ იყოს, ვინანე, რატომ არ დავანებე, რომ ის ჩამოეხრჩოთ. - ეჰე! ეს თქვენა ხართ, ჩემო კარგო! - წამოვიძახე მე და როგორც კი შემეძლო, ძალდაუტანებლად გავიცინე; - სწორედ იმ დროს შეუშალეთ ამ ქალიშვილს ხელს, როდესაც ის ფრიად საყურადღებო ამბებს მაუწყებდა. - მუდამ ერთი და იგივე ამბავი! მაგრამ ამას ბოლო მოეღება, - წაიბურტყუნა მან და მოღუშული მზერა მიაპყრო ქალს. ამასობაში ბოშა ქალი განაგრძობდა მასთან ლაპარაკს თავის ენაზე. ნელ-ნელა ის აღელდა. თვალები სისხლით აევსო, საშინელი გამომეტყველება მიიღო, სახე მოეღრიცა, ფეხს იატაკზე სცემდა. მეჩვენებოდა, თითქოს აიძულებდა დონ ხოზეს რაღაც გაეკეთებინა, ხოლო ეს უკანასკნელი აშკარად ყოყმანობდა. მგონი კარგად მივხვდი, რას ამბობდა კარმენი, რადგან ვხედავდი, რომ თავის პატარა ხელს ხშირად ისვამდა ნიკაპქვეშ. ძალაუნებურად აზრად მომივიდა, რომ საქმე ყელის გამოჭრას ეხებოდა, და ეჭვი დამებადა, რომ ეს ჩემი საკუთარი ყელი უნდა ყოფილიყო. მთელი ამ მჭერმეტყველების ნიაღვარს დონ ხოზემ მხოლოდ ორი თუ სამი სიტყვით უპასუხა და მოკლედ მოჭრა. მაშინ ბოშა ქალმა ზიზღით შეხედა, კუთხეში მიჯდა, ამოირჩია ფორთოხალი, გაიფცქვნა და ჭამა დაუწყო. დონ ხოზემ მკლავში ხელი წამავლო, გააღო კარი და ქუჩაში გამომიყვანა. ორასიოდე ნაბიჯი უღრმეს სიჩუმეში გავიარეთ, შემდეგ ხელი გაიშვირა: - სულ ასე იარეთ დ ხიდთან მიხვალთ. მან მაშინვე ზურგი შემომაქცია და სწრაფად გამშორდა. სასტუმროში ცოტა დარცხვენილი და ცუდ გუნებაზე დავბრუნდი. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ გახდისას აღმოვაჩინე, ჩემი საათი აღარ მქონდა. სხვადასხვა მოსაზრებებმა ხელი შემიშალა, მეორე დღეს წავსულიყავი და ჩემი საათის დაბრუნება მომეთხოვა, ან ბ-ნი კორეხიდორისათვის მიმემართა თხოვნით, რომ კეთილი ენებებინა და მოეძებნინებინა ჩემი საათი. დავამთავრე მუშაობა დომინიკელთა ხელნაწერებზე და სევილიაში გავემგზავრე. ანდალუზიაში რამდენიმე თვის ხეტიალის შემდეგ გადავწყვიტე მადრიდში დაბრუნება; გზად კორდოვაში მომიხდა გავლა. განზრახვა არ მქონდა დიდი ხნით დავრჩენილიყავი იქ, რადგან ეს ლამაზი ქალაქიც და გვადალკივირში მობინავე ქალებიც ავითვალწუნე, მაგრამ რამდენიმე მეგობარი მყავდა სანახავი, რამდენიმე დავალება შესასრულებელი და ყოველივე ეს სამ თუ ოთხ დღეს მაინც დამაკავებდა მაჰმადიან მბრძანებელთა ძველ სატახტო ქალაქში. როგორც კი დომინიკელთა მონასტერში გამოვჩნდი, ერთი ბერი, რომელიც მუდამ ცხოველ ინტერესს იჩენდა ჩემი კვლევისადმი მუნდას ადგილმდებარეობის შესახებ, ხელგაშლილი მომეგება და წამოიძახა; - იკურთხოს ღვთის სახელი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ჩვენ ყველას მკვდარი გვეგონეთ, და მე, რომელიც ახლა გელაპარაკებით, ბევრი „მამაო ჩვენო“ და „მოგვმადლენ“ მაქვს ნათქვამი თქვენი სულის საცხონებლად, რასაც არ ვნანობ. მაშ, თქვენ არ მოუკლიხართ, გაძარცვით კი გაგძარცვეს, ვიცი. - ეგ რანაირად? - ცოტა გაოცებულმა შევეკითხე მე. - დიახ, თქვენ ხომ გახსოვთ ის მშვენიერი ზარიანი საათი, რომელსაც არეკვინებდით ხოლმე წიგნთსაცავში, როცა ჩვენ გეტყოდით, წირვაზე წასვლის დროა. ჰოდა, ის ნაპოვნია, და დაგვიბრუნებენ. - ჰო, ის საათი, - სიტყვა მოვუჭერი მე აბნეულად, - მე ის სადღაც დავკარგე. - არამზადა დამწყვდეულია და რადგან ვიცოდი, რომ ის ისეთი კაცი იყო, რომ წვრილი ფულის გულისთვის ქრისტიან ადამიანს თოფს ესროდა, გვეშინოდა თქვენც მოკლული არ ჰყოლოდით. მე გამოგყვებით კორეხიდორთან და დავიბრუნებ თქვეს მშვენიერ საათს. ოღონდ ამის შემდეგ არ გაბედოთ და თქვენს ქვეყანაში არ ილაპარაკოთ, რომ ესპანეთში მართლმსაჯულებას თავისი ხელობისა არაფერი ესმისო. - უნდა გამოგიტყდეთ, - ვუთხარი მე, - რომ მირჩევნია ის საათი დამეკარგოს, ვიდრე სასამართლოში მოწმედ გამოვიდე და საწყალი კაცი ჩამოახრჩონ მხოლოდ იმისათვის, რომ.. რომ.. - ოჰ! თქვენ ნურაფერზე ნუ სწუხართ; მას საკმაოდ ბევრი ბრალი ედება, და ორჯერ ხომ ვერ ჩამოახრჩობენ! რას ვამბობ ჩამოახრჩობენ-მეთქი, ვცდები. თქვენი გამძარცველი ჰიდალგოა; ამიტომ ზეგ მას შეუწყალებლად დაახრჩობენ! თქვენ ხედავთ, რომ ერთი ქურდობით მეტი თუ ნაკლები მის საქმეში ვეღარაფერს შეცვლის. ნეტავი, ღვთის განგებით, ქურდობაზე მეტი არაფერი ჩაედინა. მას რამდენიმე, ერთიმეორეზე უფრო შემზარავი მკვლელობა აქვს ჩადენილი. - რა ჰქვია? - ამ მხარეში მას ხოზე ნავაროს სახელით იცნობენ, მაგრამ მეორე ბასკური სახელიც აქვს, რომლის გამოთქმას ვერც თქვენ და ვერც მე ვერასოდეს ვერ მოვახერხებთ. იცით, იმ კაცის ნახვა ღირს და თქვენ, რომელსაც ასე გიყვართ ქვეყნის თავისებურებების გაცნობა, არ უნდა გაუშვათ ხელიდან შემთხვევა, გაიგოთ, როგორ სტოვებენ სააქაოს არამზადები ესპანეთში. ის ახლა ეგვტერში ჰყავთ და მამა მარტინესი მიგიყვანთ მასთან. ჩემმა დომენიკელმა ისე დაიჟინა „პატარა ლამაზი ჩამოხრჩობის“ სამზადისი ნახეთ, რომ მეტი ღონე აღარ იყო, დავთანხმდი. ტუსაღის სანახავად რომ მივედი, თან ერთი კოლოფი სიგარებიც წავიღე, რაც, იმედი მქონდა, გაამართლებდა მის თვალში ჩემს მოურიდებლობას. დონ ხოზესთან იმ დროს შემიყვანეს, როდესაც ის საჭმელს ჭამდა. მან საკმაოდ ცივად დამიკრა თავი და ზრდილობიანად გადამიხადა მადლობა ჩემი მიტანილი საჩუქრებისათვის. დათვალა სიგარები კოლოფში, რომელიც ხელში მივაჩეჩე, ამოიღო იქიდან რამდენიმე ცალი და დანარჩენი ისევ დამიბრუნა, ამის მეტი აღარ დამჭირდებაო. მე ვკითხე, ხომ არ შემიძლია ცოტა ფულით ან ჩემი მეგობრების გავლენით განაჩენი შევამსუბუქებინო - მეთქი. პირველად სევდიანი ღიმილით მხრები აიჩეჩა; მაგრამ მალე გადაიფიქრა და შემეხვეწა, ჩემი სულის საცხონებლად აწირვინეთო. - ხომ არ ინებებდით, - დაუმატა მან კრძალვით, - ხომ არ ინებებდით, კიდევ მეორე ადამიანის სულისთვისაც აწირვინოთ, რომელმაც თქვენ გაწყენინათ? - რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, - ვუთხარი მე; - მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, ამ მხარეში ჩემთვის არავის უწყენინებია. მან დინჯად ხელი ჩამომართვა და მაგრად მომიჭირა. ერთი წუთის სიჩუმის შემდეგ განაგრძო. - შეიძლება კიდევ ერთი თხოვნა გაგიბედოთ?. თქვენს ქვეყანაში რომ დაბრუნდებით, შეიძლება ნავარაზე გაიაროთ; ყოველ შემთხვევაში, ვიტორიაში მაინც გაივლით, რომელიც ძლიერ დაშორებული არ არის იქიდან. - დიახ, - ვუპასუხე მე, - ვიტორიაში, რასაკვირველია გავივლი, მაგრამ იქიდან შეიძლება პამპლონისკენაც მომიხდეს გადახვევა, და თქვენ ხათრით ხომ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გადავუხვევ იქით. - ძლიან კარგი! პამპლონაში თუ ჩახვალთ, ბევრ რასმეს ნახავთ თქვენთვის საყურადღებოს... პამპლონა საუცხოო ქალაქია. მე თქვენ მოგცემთ ამ მედალიონს (მან მაჩვენა პატარა ვერცხლის მედალიონი, რომელიც კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული), ქაღალდში გაახვიეთ... ერთ წუთს შეჩერდა, რათა მღელვარება დაეოკებინა.. და გადაეცით ან გაუგზავნეთ ერთ კეთილ ქალს, რომლის მისამართს მოგცემთ. - უთხარით, რომ მოვკვდი, მხოლოდ არ უთხრათ, როგორ. პირობა მივეცი, რომ მის დავალებას შევასრულებდი. მე ის მეორე დღესაც ვინახულე და კარგა ხანს დავყავი მასთან. მისგან მოვისმინე ის სევდიანი ამბავი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.   თავი მესამე       მე დავიბადე, - დაიწყო მან, - ელიზონოდოში, ბაზტანის ხეობაში. ჩემი სახელია დონ ხოზე ლიზარაბენგოა, და თქვენ საკმარისად იცნობთ ესპანეთს, ბატონო, რომ ჩემმა სახელმა იმწამსვე გაუწყათ, რომ მე ბასკი ვარ და წმინდა წყლის ქრისტიანი. თუ ჩემს სახელს „დონს“ ვუმატებ, ამის უფლება მაქვს და, ელიზონდოში რომ ვიყო, ჩემს გენეალოგიასაც გაჩვენებდით პერგამენტზე. ჩვენებს სურდათ, რომ სასულიერო პირი გამოვსულიყავი და ამიტომ მასწავლიდნენ, მაგრამ ჩემი სწავლებიდან არაფერი გამოვიდა. მეტისმეტად მიყვარდა ჩოგნით თამაში, და სწორედ ამან დამღუპა. როდესაც ჩოგანს ვთამაშობთ, ჩვენ, ნავარელებს, ყველაფერი გვავიწყდება. ერთ დღეს ერთ ალაველ ბიჭს მოვუგე და მან ჩხუბი ამიტეხა, „მაკილას“9 ვტაცეთ ხელი, და აქაც მოგებული მე დავრჩი; მაგრამ ამის გამო ჩემი ქვეყნის დატოვება მომიხდა. გზაზე დრაგუნებს შევხვდი და მოხალისედ შევედი ალმანზას ცხენოსან ლეგიონში. ჩვენი მთის ხალხი სამხედრო საქმეს ადვილად ითვისებს. მე მალე ბრიგადირი გავხდი; მპირდებოდნენ, რომ უნტეროფიცრობას მომცემდნენ, როდესაც, ჩემდა საუბედუროდ, სევილიის თამბაქოს ფაბრიკის ყარაულში დამნიშნეს. თუ თქვენ სევილიაში ყოფილხართ, უთუოდ ნანახი გექნებათ ის დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ გექნებათ ეს დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობს, გვადალკივირის ნაპირზე. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ალაყაფის კარი და მის გვერდით საყარაულო შენობა. მორიგეობის დროს ესპანელებმა ან ბანქო უნდა ითამაშონ, ან იძინონ; მე კი, როგორც ნამდვილი ნავარელი, მუდამ ვცდილობდი რაიმე საქმე გამეჩინა. ამჯერად თითბრის მავთულიდან ძეწკვს ვაკეთებდი ჩემი ფალიის გასაწმენდი ნემსის დასამაგრებლად. უცებ მომესმა ამხანაგების ხმა: აგერ ზარიც რეკავს, ახლა ქალები დაბრუნდებიან სამუშაოდ. მოგეხსენებათ ბატონებო, რომ თამბაქოს ფაბრიკაში კაი ოთხასი თუ ხუთასი ქალი მუშაობს. ისინი ერთ დიდ დარბაზში სიგარებს ახვევენ; ამ დარბაზებში მამაკაცებს მხოლოდ ვენტკვატროს0 ნებართვით უშვებენ, რადგან, როდესაც ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დასცხებათ, ისინი შილიფად მუშაობენ. მუშა ქალების დაბრუნების დროს, სადილობის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა ვაჟი იყრის თავს ქალების საცქერლად; ისინი მათ ათასნაირ სისულელეს და საარშიყო სიტყვებს ეუბნებიან. ამ ქალებში ცოტაა ისეთი, რომელიც უარს იტყვის ფარჩის მანტილიაზე, და ასეთ თევზაობის მოყვარულს ხელის გაწვდის მეტი არაფერი სჭირდება თევზის დასაჭერად. სანამ სხვები ქალებს უჭვრეტდნენ, მე ჩემი სკამიდან არ დავძრულვარ, ალაყაფთან დავრჩი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დღენიადაგ ჩემს მხარეზე ვფიქრობდი და ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, რომ ლამაზ ქალს ლურჯი ქვედა ტანი არ სცემოდა და მხრებზე ნაწნავები არ ჰქონოდა დაყრილი. გარდა ამისა, ანდალუზიელი ქალები მაშინებდნენ, მათ ყოფაქცევას ვერ შევეგუებოდი: ისინი ყოველთვის დაგვცინიან და ერთ გონივრულ სიტყვას მათგან ვერ გაიგონებ. ამიტომ ჩემი ძეწკვიდან თავი არ ამიღია. ამ დროს ყური მოვკარი, როგორ წაულაპარაკეს მოქალაქეებმა ერთმანეთს: „აგერ, ხიტანილაო!“ ზევით ავიხედე და ის დავინახე. ეს მოხდა პარასკევს, ის დღე არასოდეს არ დამავიწყდება. დავინახე კარმენი, რომელსაც თქვენც იცნობთ და რომელთანაც ამ რამდენიმე თვის წინ შეგხვდით. მას წითელი, ძლიერ მოკლე ქვედატანი ეცვა, რომელიც ვერ უფარავდა თეთრ აბრეშუმის დაგლეჯილ წინდებს და ალისფერი ბასტებით შეკრულ კოპწია წითელ ფეხსაცმელებს. მანტილია გადაეხადა, რათა მხრები და პერანგზე მიმაგრებული აკაციის დიდი თაიგული გამოეჩინა. აკაციის ერთი ყვავილი კბილებით ეჭირა და კორდოვას საჯიშე ფაშატივით თეძოების რხევით მოდიოდა. ჩვენთან ასე ჩაცმული ქალის შეხვედრაზე ყველა პირჯვარს გადაიწერდა, სევილიაში კი ყველა შემხვედრი რაიმე გიჟმაჟური ქათინაურით უქებდა მიხვრა-მოხვრას. ისიც ცალი ხელით დოინჯშემოყრილი ყველას პასუხს აძლევდა, თვალს უკრავდა და ირიბად უცქეროდა ხოლმე, ნამდვილი ბოშა ქალივით უტიფარი. პირველად არ მომეწონა და ისევ ჩემი საქმე განვაგრძე, ის კი, ქალების და კატების ჩვეულება ხომ გაგიგიათ, როცა ეძახი, არ მოდიან, როცა არ ეძახი, მაშინ მოდიან, წინ დამიდგა და გამომელაპარაკა. - ნათლიმამ, - მითხრა ანდალუზიურ კილოთი, - შენს ძეწკვს არ მომცემ, რომ ჩემი სკივრის გასაღებები ავასხა ზედ? - ამით ჩემი ფალიის ნემსი უნდა დავამაგრო, - ვუპასუხე მე. - შენი ნემსი! - გადაიხარხარა მან. - აჰ! ეტყობა, ეს ვაჟბატონი მაქმანს ქსოვს, რაკი ნემსები სჭირდება. იქ მყოფებმა სიცილი დამაყარეს, ვიგრძენი, როგორ გავწითლდი, მაგრამ საპასუხო სიტყვა ვერ გამოვძებნე. - მოდი, ჩემო საყვარელო, - განაგრძო მან, - შვიდი არშინი მაქმანი მომიქსოვე, მანტილიისთვის მინდა. მერე გამოიღო პირიდან ყვავილი, ცერის ერთი მოძრაობით მესროლა და შიგ თვალებს შუა მომახვედრა. ბატონო ჩემო, მომეჩვენა, თითქოს ყვავილი კი არა, ტყვია მომხვდა... არ ვიცოდი სირცხვილისაგან სად დავმალულიყავი, ადგილზე გავშეშდი. როდესაც ფაბრიკაში შევიდა, ჩემს ფეხთან დაცემული ყვავილი დავინახე. არ ვიცი რამ მაქნევინა, დავიხარე, ის ყვავილი ამხანაგებისაგან შეუმჩნევლად ავიღე და მოწიწებით შევინახე ქურთუკის უბეში. პირველი სისულელე! ორი თუ სამი საათის შემდეგ, ისევ ამ ამბავზე ვფიქრობდი, როდესაც საყარაულო შენობაში მღელვარებისაგან სახეშეშლილი და აქოშინებული მეკარე მოვარდა, ერთი ქალი მოკლეს და საჭიროა დარაჯების გაგზავნაო. უნტეროფიცერმა მე გამგზავნა ამბის გამოსარკვევად და ორი კაცი გამატანა. წავედით ფაბრიკაში. წარმოიდგინეთ, ბატონო, რომ დარბაზში შესვლისას თავდაპირველად ვერაფერი დავინახე სამასი პერანგისამარა ქალების მეტი, რომლებიც ერთად კიოდნენ, ღრიალებდნენ, ხელებს იქნევდნენ და ისეთ აურზაურს ქმნიდნენ, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. ერთ კუთხეში გასისხლიანებული ქალი ეგდო ჩლიქებაშვერილი, სახეზე დანის ორი დარტყმით ჯვარი ჰქონდა გამოხატული. დაჭრილს ამ ბრბოდან ყველაზე უფრო გულკეთილად უწევდნენ დახმარებას, ხოლო მის პირდაპირ დავინახე კარმენი, რომელიც ხუთ თუ ექვს დედაკაცს ჰყავდა გაკავებული. დაჭრილი გაჰკიოდა - მაზიარეთ! მაზიარეთ! ვკვდებიო! - კარმენი არაფერს ამბობდა, კრიჭა ჰქონდა შეკრული და თვალებს ატრიალებდა ქამელეონივით. - რა მოხდა? - ვიკითხე მე. მუშა ქალები ყველანი ერთად აყაყანდნენ დიდი გაჭირვებით გამოვარკვიე, რაც მომხდარიყო, თურმე დაჭრილ ქალს დაეტრაბახა, საკმარისი ფული მაქვს და ტრიანას ბაზარზე ვირი უნდა ვიყიდოო. - დახეთ ამას, - უთქვამს კარმენს, რომელსაც მწარე ენა ჰქონია, - განა ცოცხის ტარი აღარ გყოფნის? - მეორეს, რომელსაც ეს გაკილვა სწყენია, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხში თავს მთლად წმინდანად ვერ გრძნობდა, უპასუხნია: მე ცოცხის ტარებისა არაფერი მესმის, რადგან არ მაქვს პატივი ბოშა ქალი ან სატანას ნათლული გახლდეთო, მაგრამ ჩემს ვირს კი ქალბატონი კარმენსიტა მალე ნახავსო, როდესაც ბატონი კორეხიდორი სასეირნოდ გაგზავნის მას და უკან ორ ლაქიას გაადევნებს ბუზების მოსაშორებლადო. - მაშ კარგი, - უთქვამს კარმენს, - მე შენ გაგიკეთებ ლოყაზე ბუზებისათვის ვარცლს, დამაცა ერთი ჭადრაკის დაფასავით მოგიხატო ეგ სახეო. ამის თქმა იყო და დანით, რომლითაც სიგარებს ბოლოებს აჭრიდა, ამ ქალს სახეზე წმინდა ანდრიას ჯვრების ხატვა დაუწყო. საქმე ნათელი იყო. მე კარმენს მკლავში წავავლე: - ჩემო დაო, - ვუთხარი თავაზიანად, - უნდა გამომყვე. მან ერთი შემომხედა და თითქოს მიცნო. მაგრამ მორჩილად მიპასუხა: - წავიდეთ. სად არის ჩემი მანტილია? - მან თავისი მანტილია თავზე მოიხვია ისე, რომ მხოლოდ ერთი დიდი თვალიღა უჩანდა და ცხვარივით თვინიერი მიჰყვა ჩემს ჯარისკაცებს. საყარაულო შენობაში რომ მივედით, უნტეროფიცერმა თქვა, დანაშაული მძიმეა და ციხეში უნდა წაიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მძიმეა და ციხეში უნდა წავიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მისი წაყვანა, ორ დრაგუნს შუა ჩავაყენე, ხოლო თვითონ უკან გავყევი, როგორც ასეთ შემთხვევაში უნდა მოიქცეს ბრიგადირი. ქალაქის გზას დავადექით. დასაწყისში ბოშა ქალი მდუმარებას არ არღვევდა. მაგრამ გველის ქუჩაბანდზე რომ გავედით - თქვენც იცნობთ იმ ქუჩაბანდს, რომელიც თავისი მიხვეულ-მოხვეულებით სავსებით იმსახურებს თავის სახელს. მან ჯერ მანტილია გადაიგდო თავის მხარზე, რათა თავისი მაცდური სახე დაენახვებინა ჩემთვის, მერე მობრუნდა ჩემკენ და მითხრა: - ბატონო ოფიცერო, სად მიგყავართ? - ციხეში, ჩემო საბრალოვ, - ვუპასუხე რაც შეიძლება დაყვავებით, როგორც კარგი ჯარისკაცი ვალდებულია ელაპარაკოს ტუსაღს, მით უმეტეს ქალს. - მახლას! რა მომივა იქ მე? ბატონო ოფიცერო, შემიბრალეთ, თქვენ ასეთი ახალგაზრდა ბრძანდებით, ასეთი კეთილი!... შემდეგ ცოტა უფრო ხმადაბლა განაგრძო: - საშუალება მომეცით გავიქცე, და „ბარ ლაჩის“ ნატეხს მოგცემთ, რომლის ძლითაც ყველა ქალს შეაყვარებ თავს. „ბარ ლაჩი“, ბატონო, ანდამატის ქვაა, რომლითაც როგორც ბოშები ამტკიცებენ, ათასნაირი ჯადოსნობის ჩადენა შეიძლება, თუკი მისი მოხმარება იცით. ერთი ბეწო მისი ნაქლიბი რომ დაალევინო ქალს ერთი ჭიქა თეთრი ღვინით, ის წინააღმდეგობას ვეღარ გაგიწევთ. მე, რაც შეიძლებოდა სერიოზულად ვუპასუხე კარმენს. - ჩვენ აქ იმიტომ კი არა ვართ, რომ სისულელეები ვჩმახოთ. ციხეში უნდა წავიდეთ, ასეთია ბრძანება და ამას აღარაფერი ეშველება. ჩვენ, ბასკების ქვეყნის ხალხს, ისეთი გამოთქმა გვაქვს, რომ ესპანელები ადვილად გვცნობენ. სამაგიეროდ, არც ერთი ესპანელი არ მოიპოვება, რომ თუნდაც მხოლოდ bai, jaona-ს წარმოთქმა ისწავლოს. ამიტომ კარმენს არ გაუჭირდა გამოეცნო, რომ პროვინციიდან ვიყავი. თქვენც მოგეხსენებათ, ბატონო, ბოშები არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნიან, ყველგან მოგზაურობენ, ყველა ენაზე ლაპარაკობენ და მათი უმრავლესობა მშვენივრად გრძნობს თავს პორტუგალიაშიც და, საერთოდ, ყველგან. ისინი მავრებსა და ინგლისელებსაც კი კარგად ურიგდებიან. კარმენმაც ბასკური საკმაოდ კარგად იცოდა. - Laguna, ene bihostarena, ჩემი გულის მურაზო, - მოულოდნელად მითხრა მან, - ჩვენებური ხართ? ჩვენი ენა, ბატონო ისეთი მშვენიერია, რომ, როდესაც უცხოეთში გვესმის, სიამის ჟრუანტელი გვივლის ხოლმე... - ოჰ, ნეტავი ერთი ჩვენებური მღვდლისათვის მათქმევინა აღსარება, - უფრო ხმადაბლა დაუმატა ყაჩაღმა. მცირე სიჩუმის შემდეგ, განაგრძო. - მე ელიზონდოდან ვარ, - ვუპასუხე ბასკურად, ძლიერ აღელვებულმა იმით, რომ კარმენი ჩემს ენაზე ლაპარაკობდა. - მე კი ეჩალარიდან, - თქვა მან (ეს მხარე ჩვენგან ოთხი საათის სავალზეა). - ბოშებმა წამომიყვანეს სევილიაში, ფაბრიკაში ამიტომ ვმუშაობდი, რომ ცოტა გზის ფული მომეგროვებინა და ნავარაში დავბრუნებულიყავი საბრალო დედაჩემთან, რომელსაც ერთი პატარა barratcea აქვს, სადაც ოცი ძირი ვაშლი უდგას, და ჩემს მეტი დამხმარე ქვეყანაზე არავინ გააჩნია. აჰ, ნეტავი ჩემს ქვეყანაში ვიყო და თოვლიან მთებს ვუცქეროდე! მე შეურაცხყოფა მომაყენეს იმიტომ, რომ ამ ქურდბაცაცობისა და დამპალი ფორთოხლების გამყიდველებს ქვეყნიდან არა ვარ. და ის ქუჩახვეტიები სუყველა ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, როდესაც ვუთხარი, რომ ერთი ჩვენებური, ლურჯბერეტიანი, მაკილათი შეიარაღებული ბიჭი არ შეუშინდება ყველა თქვენს სევილიელ ყოყლოჩინებს და მათ ბებუთებს-მეთქი. ამხანაგო, მეგობარო, განა არ შეგიძლიათ როგორმე დაეხმაროთ თანამემამულეს? ის ცრუობდა, ბატონო, ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა, არ ვიცი, როდისმე უთქვამს თუ არა იმ ქალს ერთი მართალი სიტყვა; მაგრამ, როდესაც ლაპარაკობდა, მე მას არ ვუჯერებდი: არ შემეძლო არ დამეჯერებინა, ეს ჩემს ძალ-ღონეს აღმატებოდა. ის ამტვრევდა ბასკურს და ამიტომ ნავარიელი მეგონა, თუმცა მისი თვალი, პირი და სახის ფერი საკმარისად ამხელდნენ, რომ ბოშა იყო. სულ გადავირიე და აღარაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. ვფიქრობდი, ესპანელებს რომ გაებედათ ჩემთან ქვეყნის ავად სხენება, მეც ისევე დავუსერავდი მათ სახეს, როგორც კარმენმა დაუსერა თავის ამხანაგებს-მეთქი. მოკლედ, მთვრალივით ვიყავი. მეც დავიწყე სისულელეების ლაპარაკი და მზად ვიყავი სისულელეები ჩამედინა კიდეც. - მე რომ ხელი გკრათ და თქვენ დაეცეთ, ჩემო თანამემამულევ, - განაგრძო მან ბასკურად, - ეს ორი კასტილიელი ახალწვეული მე ვეღარ დამაკავებს... ღმერთს გეფიცებით, ბრძანებაც გადამავიწყდა და ყველაფერიც, და ვუთხარი: - აბა, ჩემო მეგობარო, ჩემო თანამემამულევ, სცადე და ჩვენი მთის ღვთისმშობელი იყოს შენი შემწე! ამ წუთში ჩვენ ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაბანდისკენ შევუხვიეთ, რომლებიც ასე ბევრია სევილიაში. უცებ კარმენი მობრუნდა და მკერდში მუშტი მკრა. მეც განგებ გულაღმა გადავვარდი, ერთი ნახტომით ზედ გადამევლო და გიყვარდეს გაქცევა!.. ბასკების ფეხები სიმარდით განთქმულია, მაგრამ არც მისი ფეხები ჩამოუვარდებოდა ვისმეს ფეხებს... არც სიმარდით და არც სიკოხტავით. წამოვვარდი, მაგრამ ჩემი შუბი შესახვევში გარდიგარდმო გავხიდე და გზა გადავღობე ისე, რომ ჩემი ამხანაგები გამოკიდების ნაცვლად პირველად შეჩერდნენ, შემდეგ თვითონაც გამოვუდექი გაქცეულს, და ისინიც მომყვნენ უკან, მაგრამ სადღა დავეწეოდით ჩვენი დეზებით, ხმლებით, შუბებით, - ამის შიში აღარ მქონდა. ჩვენი ტუსაღები უფრო მალე მიიმალა, ვიდრე მე თქვენ ამას გეტყოდით. ამას გარდა, მთელი უბნის დედაკაცებიც გაქცეულს უწყობდნენ ხელს და ჩვენ დაგვცინოდნენ, სწორ გზას არ გვიჩვენებდნენ, ბევრი აქეთ-იქით ხეტიალის შემდეგ ისევ ჩვენს საყარაულო შენობაში დავბრუნდით და ციხის უფროსისაგან მიღების ბარათი ვერ მოვიტანეთ. ჩემმა ჯარისკაცებმა სასჯელის ასაცდენად განაცხადეს, რომ კარმენი ბასკურად მელაპარაკებოდა და, სიმართლე რომ ითქვას, არც ჩანდა ბუნებრივი, რომ იმისთანა პატარა ქალმა მუშტის ერთი დარტყმით ისე ადვილად დასცა ჩემისთანა ღონიერი ვაჟკაცი. ყველაფერი ეს საეჭვო, ანუ უკეთ, სავსებით ცხადი ეჩვენათ. ყარაულიდან შეცვლის შემდეგ ხარისხი ამყარეს და ერთი თვით ციხეში გამგზავნეს. ეს ჩემი პირველი სასჯელი იყო სამსახურის დაწყებიდან. მშვიდობით უნტეროფიცრის სირმებო, რომლებსაც უკვე ჩემად ვთვლიდი! ციხეში პირველმა დღეებმა ძლიერ სევდიანად გაიარა. როდესაც სამხედრო სამსახურში შევდიოდი, წარმოდგენილი მქონდა, რომ სულ მალე ოფიცერი მაინც გავხდებოდი. ლონგა, მინა, ჩემი თანამემამულენი, უკვე გენერალ-კაპიტნები იყვნენ, ჩაპალანგარა, რომელიც მინასავით „შავი“ იყო და მასავით თქვენს ქვეყანაში გადმოხვეწილი, პოლკოვნიკი იყო, მე კი ოცჯერ მაინც მითამაშნია ჩოგბურთი მის ძმასთან, რომელიც ერთი ჩემისთანა საწყალი ტლუ ბიჭია. ახლა ჩემ თავს ვეუბნებოდი: მთელი, ის დრო, რაც უსასჯელოდ გიმსახურნია, დაკარგულია. შენ ახლა ცუდი თვალით გიყურებენ. იმისათვის, რომ უფროსების ნდობა კიდევ დავიმსახურო, ათჯერ მაინც მეტი უნდა იმუშაო, ვიდრე მაშინ მუშაობდი, როდესაც მოხალისედ შემოხვედი!! ნეტა რისთვის დავასჯევინე თავი? ერთი ვიგინდარა ბოშა ქალისათვის, რომელმაც გამამასხარავა და რომელიც ამ წუთს, ალბათ, ქალაქის რომელიმე უბანში საქურდლად დაძრწის, მიუხედავად ამისა, მასზე ფიქრს ვერ ვიშლიდი... დამიჯერებთ, ბატონო? გამუდმებით თვალწინ მედგა მისი დაგლეჯილი აბრეშუმის წინდები, რომლებიც მთლიანად გამოუჩნდა, როცა გარბოდა. მე ციხის შერკინული ფანჯრიდან ქუჩაში ვიცქირებოდი და გამვლელ-გამომვლელ ქალებში ერთსაც ვერ ვხედავდი ისეთს, რომ იმ ალქაჯთან შედარების ღირსი ყოფილიყო. ჩემდა უნებურად, ვყნოსავდი ყვავილს, რომელიც მან მესროლა. ის, თუმცა გახმა, მაინც ინარჩუნებდა თავის სურნელებას... თუკი მართლა არიან სადმე ჯადოქრები, ის გოგოც ერთი იმათგანი იყო! ერთ დღეს შემოდის ჩემთან სატუსაღოს დარაჯი და მაწვდის ალკალურ პურს. - აჰა, დაიჭით, ეს თქვენმა ბიძაშვილმა გამოგიგზავნათ. - ძლიერ გაოცებულმა გამოვართვი პური, რადგან სევილიაში ბიძაშვილები არ მყავდა, შეცდომა ხომ არ არის-მეთქი, ვფიქრობდი და პურს დავცქეროდი, მაგრამ პური ისეთი გემრიელი ჩანდა, ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, რომ თავი დავანებე იმაზე ფიქრს, ვისთვის იყო ის გამოგზავნილი და ვისგან, გადავწყვიტე შემეჭამა. გაჭრა რომ დავუპირე, დანას რაღაც მაგარი დახვდა. დავხედე და პატარა ინგლისური ქლიბი დავინახე, რომელიც ცომში ჩაედოთ პურის გამოცხობამდე. ქლიბის გარდა, პურში ორპიასტრიანი ოქროს ფულიც იდო. ეჭვი აღარ იყო, კარმენი მიგზავნიდა ამ საჩუქარს. მისი ტომის ხალხისათვის თავისუფლება ყველაფერია, ისინი მზად არიან თუნდ მთელი ქალაქი გადაბუგონ, ოღონდ ნურც ერთი დღით, ნუ ჩასვამთ ციხეში. კარმენი დიდი გაქნილი ვინმე იყო, იმ პატარა ქლიბით ერთ საათში უმსხვილეს რკინასაც გადავქლიბავდი, ორ პიატრად კი პირველივე მეძველმანესთან გადავცვლიდი ჩემს სამხედრო ფორმას მოქალაქის ტანსაცმელზე. თქვენ ადვილად მიხვდებით, რომ ვისაც მთებში ხშირად ამოუსხამს ბუდიდან არწივის ბარტყები, სულ არ გაუჭირდებოდა ქუჩაში ჩასვლა ფანჯრიდან, რომელიც ოცდაათი ფუტის სიმაღლეც არ იყო; მაგრამ მე არ მინდოდა გაქცევა. ჯერ კიდევ მქონდა ჯარისკაცობის ღირსების შეგნება და დეზერტირობა დიდ დანაშაულად მიმაჩნდა. მაგრამ მაინც მიამა, რომ კარმენს ვახსოვდი თურმე. როდესაც ადამიანი ციხეში ზის, მას ყოველთვის ახარებს ის აზრი, რომ გარეთ ვიღაც მეგობარი დაინტერესებულია მისი ბედით. ის ოქროს ფული ცოტა მეხამუშა, ძალიან მინდოდა დამებრუნებინა, მაგრამ სად ვიპოვიდი ჩემს მევალეს? ეს ადვილი საქმე არ იყო. ხარისხის აყრის ცერემონიის შემდეგ მეგონა, რომ სხვა ცუდი აღარაფერი მომელოდა, მაგრამ თურმე კიდევ ერთი დამცირება მქონდა გადასატანი. ეს მოხდა ჩემი ციხიდან გამოსვლისთანავე, როდესაც მორიგედ გამაწესეს და უბრალო ჯარისკაცივით დამაყენეს ყარაულში. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას განიცდის ასეთ შემთხვევაში თავმოყვარე ადამიანი. მგონი ამას დახვრეტა მერჩივნა: სხვა არა იყოს რა, მარტო მაინც მიუძღვები წინ შენს ოცეულს; გრძნობა, რომ რაღაცას წარმოადგენ, რომ ქვეყანა შენ გიცქერს. პოლკოვნიკის კარებთან დამაყენეს ყარაულად. პოლკოვნიკი ახალგაზრდა და მდიდარი იყო. უყვარდა ხელგაშლილი ცხოვრება და გართობა. მთელი ახალგაზრდა ოფიცრობას და ბევრ მოქალაქეს მოეყარა მასთან თავი; ქალებიც იყვნენ, როგორც ამბობდნენ, მსახიობები. მე ისე მეჩვენებოდა, თითქოს მთელი ქალაქი შეყრილიყო მის კარებზე ჩემს სანახავად. გავიხედე და მოდის პოლკოვნიკის ეტლი: კოფოზე მისი ლაქია ზის. ერთიც ვნახოთ, ვინ ჩამოდის ეტლიდან?.. ხიტანილა, ამჯერად ის ძალიან იყო გამოპრანჭული, სულ ოქროებითა და ბაფთებით მორთულ-მოკაზმული. ტანთ ეცვა კილიტებიანი კაბა, ფეხზე კილიტებიანი ლურჯი ფეხსაცმელები, სულ ოქრომკერდსა და ყვავილებში ჩაფლული. ხელში დაირა ეჭირა. მასთან კიდევ ორი სხვა ბოშა ქალი იყო, ერთი ახალგაზრდა და ერთიც მოხუცი. როცა ბოშა ქალები სადმე მიდიან, მუდამ ვინმე მოხუცი დედაკაციც უნდა გაჰყვეთ ხოლმე; კიდევ ერთი მოხუცი ბოშაც იყო გიტარით, რათა ქალები ემღერებინა და ეცეკვებინა. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში ხშირად უყვართ ხოლმე ბოშა ქალების მოყვანა, რათა „რომალისი“ აცეკვონ, ეს მათი ცეკვაა, და კიდევ სხვა მიზნითაც. კარმენმა მიცნო, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ. იმ წუთს მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და დავმარხულიყავი. - Agur Lagruna, - მითხრა მან, - ჩემო ოფიცერო, შენ ახალწვეულივით დამდგარხარ ყარაულში! და სანამ პასუხს ვეტყოდი, ის უკვე სახლში შევიდა. მთელი საზოგადოება პატიოში იყო და, თუმცა ხალხი ბლომად ირეოდა, მე მაინც გისოსიდან თითქმის ყველაფერს ვხედავდი, რაც იქ ხდებოდა, მესმოდა კანსტანეტების და დაირის ხმა, სიცილი და ვაშას ძახილი; ზოგჯერ კარმენის თავსაც ვხედავდი, როცა ის დაირით ხელში შეხტებოდა ხოლმე. მესმოდა ოფიცრების ლაპარაკიც, ისინი ისეთ რამეებს ეუბნებოდნენ მას, რისი გაგონებაც მე მაწითლებდა. არ ვიცი, კარმენი როგორ პასუხს აძლევდა. მგონი, სწორედ იმ დღის შემდეგ შემიყვარდა სამუდამოდ, რადგან თავში სამჯერ თუ ოთხჯერ გამიელვა აზრმა, შევჭრილიყავი პატიოში და ხმლით დავრეოდი ყველა იქ მყოფ ქარაფშუტებს, რომელნიც მას საარშიყო სიტყვებს ეუბნებოდნენ. ჩემი სატანჯველი მთელ საათს გაგრძელდა; შემდეგ ბოშები გამოვიდნენ და ეტლმა უკან გააბრუნა. გვერდით რომ გამიარეს, კარმენმა კიდევ ერთხელ შემომხედა თავისი თვალებით, თქვენც ხომ იცით როგორი თვალები ჰქონდა, და ძალიან ხმამაღლა მითხრა: - ჩვენებურო, ვისაც კარგი შემწვარი თევზი უყვარს, ტრიანაში მიდის ხოლმე მის საჭმელად, ლილას პასტიასთან. შველივით მსუბუქად შეახტა ეტლს, მეეტლემ ჯორებს მათრახი გადაჰკრა, და მთელი ის მხიარული ბრბო სადღაც გაემგზავრა. თქვენც ადვილად მიხვდებით, რომ ყარაულიდან გავთავისუფლდი თუ არა, ტირანასკენ გავეშურე, მაგრამ ჯერ წვერი გავიპარსე და ტანისამოსი გავწმინდე, როგორც აღლუმის დღეს. ის ლილას პასტიასთან დამხვდა; ლილას პასტია ერთი მოხუცი მედუქნე ბოშა იყო, მავრივით შავი, რომელთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა ხოლმე შემწვარი თევზის საჭმელად, განსაკუთრებით, მგონი მას შემდეგ, რაც კარმენმა დაისადგურა იქ. - ლილას, - თქვა კარმენმა, დამინახა თუ არა, - დღეს მე აღარაფერს ვაკეთებ. ხვალაც ამ თვისაა! წამო, ჩვენებური, გავისეირნოთ. მან თავისი მანტილია მოიხვია და ქუჩაში გამოვედით; არ ვიცოდი საით მივდიოდით. - ქალბატონო, - ვუთხარი, - მადლობა უნდა გადაგიხადოთ საჩუქრისათვის, რომელიც ციხეში გამომიგზავნეთ. პური გეახელით, ქლიბი შუბის წვერის გასამახვილებლად გამომადგება, მე მას თქვენს სახსოვრად შევინახავ; ფული კი აი, ინებეთ. - უყურეთ ამას! ფული შეუნახავს, - წამოიძახა მან და სიცილი წასკდა. - მით უკეთესი, მე ახლა ქესატად ვარ; თუმცა რა? მოხეტიალე ძაღლი ძვალს ყოველთვის იპოვის. წამოდი და ეგ ფული სულ შევჭამოთ. შენ მპატიჟებ. ჩვენ სევილიის გზას დავადექით. გველის ქუჩის დასაწყისში კარმენმა თორმეტი ფორთოხალი იყიდა და ჩემს ხელსახოცში გამახვევინა. ცოტა მოშორებით კიდევ ერთი პური, ძეხვი და ერთი ბოთლი მანზანილა; ბოლოს ერთ საშაქარლამოში შემიყვანა. დახლზე დააგდო ჩემი დაბრუნებული ოქრო, კიდევ ერთი ოქრო, რომელიც ჰქონდა ჯიბეში და ცოტა თეთრი ფული, შემდეგ მეც მომთხოვა, რაც გვაქვს, სულ მომეციო. მე ცოტა ხურდა ფულის მეტი არაფერი გამაჩნდა და ამიტომ ძლიერ დარცხვენილმა გავუწოდე. მეგონა, ის მთელი დუქნის ყიდვას აპირებს-მეთქი, იმდენი „იემასი“, „ტურონი“, დაშაქრული ხილი და სხვა ტკბილეული მოითხოვა, სულ საუკეთესო და უძვირფასესი, რასაც ფული გასწვდებოდა. ყველაფერი ამის ზიდვა ქაღალდის პარკებით მე მომიხდა. თქვენ, ალბათ იცნობთ კანდილეხოს ქუჩას, სადაც მეფე დონ პედრო სამართლიანის თავი დგას. ჩვენ ამ ქუჩაზე ერთი ძველი სახლის წინ შევჩერდით, კარმენი შევიდა შესასვლელში და პირველი სართულის კარზე დააკაკუნა. კარი ბოშა ქალმა გაუღო, რომელიც ნამდვილ სატანას მსახურს ჰგავდა. კარმენმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ბოშურად. დედაბერმა ჯერ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ დასამშვიდებლად კარმენმა ორი ფორთოხალი და ერთ მუჭა ტკბილეული გაუწოდა და ცოტა ღვინის გემოც გაასინჯა. შემდეგ ზურგზე თავისი მოსასხამი წამოასხა, კართან მიიყვანა, გაისტუმრა და კარი შიგნიდან ხის ურდულთა დაკეტა. მარტო რომ დავრჩით, მან გიჟივით დაიწყო ცეკვა და სიცილი, თან მღეროდა: - შენ ჩემი rom ხარ, მე კი შენ romi. მე ოთახის შუაგულში ვიდექი, ჩვენი ამანათებით დატვირთული, და არ ვიცოდი სად რა დამეწყო. მან ყველაფერი ძირს დამაყრევინა, კისერზე ჩამომეკიდა და მითხრა: - მე ჩემი ვალი უნდა მოვიხადო, ჩემი ვალი უნდა მოვიხადო! ეს cales კანონია! - აჰ! ბატონო, რა დღე იყო! რა დღე იყო!.. ის დღე რომ მაგონდება, ხვალინდელ დღეს მავიწყებს. ყაჩაღი ერთხანს დადუმდა; შემდეგ მოუკიდა ჩამქრალ სიგარას და განაგრძო. ჩვენ მთელი დღე ერთად გავატარეთ ჭამა-სმაში და ალერსში. როცა ტკბილეულობით ექვსი წლის ბავშვივით გული იჯერა, მუჭით დაიწყო მისი ჩაყრა დედაბრის წყლის კოკაში. შარბათი უნდა გავუკეთოო, - ამბობდა. „იემასს“ კედელს ესროდა და ზედ ატყაპნიდა. ეს იმისთათვის, რომ ბუზებმა ჩვენ თავი დაგვანებონ. .. არ იყო ისეთი ოინი ან სისულელე, რომ მას არ ჩაედინა. მე ვუთხარი, მინდა გნახო როგორ ცეკვავ-მეთქი, მაგრამ სად გვეშოვნა კასტანეტები? მან მაშინვე ხელი სტაცა დედაბრის ერთადერთ თეფშს, დაამსხვრია და ფაიფურის ნატეხების ტკაცუნით „რომალისის“ ცეკვა დაიწყო ისე, თითქოს ხელში შავი ხის ან სპილოს ძვლის კასტანეტები სჭეროდეს. ღმერთმანი, იმ გოგონასთან ადამიანს არ მოსწყინდებოდა. დაღამდა და საღამოს დოლის ხმაც მომესმა, რაც მაუწყებდა, რომ დრო იყო ყაზარმაში დავბრუნებულიყავი. - ახლა კი ყაზარმაში უნდა გამოვცხადდე გამოძახებაზე, - ვუთხარი მას. - ყაზარმაში? - მკითხა მან ზიზღით. - შენ რა, ზანგი ხომ არა ხარ, ნებას რომ აძლევ მორჩილებაში გიყოლიონ? ნამდვილი იადონი ყოფილხარ ტანისამოსითაც და ხასიათითაც. წადი, ჩიტის გული გქონია. მე დავრჩი, წინასწარ შერიგებული იმ აზრთან, რომ ჰაუპტვახტში მომიხდებოდა ჯდომა. მეორე დილას პირველად მან დამიწყო ლაპარაკი განშორებაზე. - ყური მიგდე, ხოზეიტო, - თქვა მან; - ხომ გადაგიხადე ვალი? ჩვენი კანონით მე შენი აღარაფერი მმართებს, რადგან შენ პაილო ხარ; მაგრამ კარგი ბიჭი ხარ და მომეწონე. ახლა ქვითა ვართ, მშვიდობით. მე ვკითხე, მეორედ როდის გნახავ-მეთქი. - როცა აგეთი ტუტუცი აღარ იქნები, - სიცილით მიპასუხა მან. შემდეგ უფრო სერიოზული კილოთი განაგრძო: - იცი, ჩემო ბიჭუნავ, მგონია, ცოტა შემიყვარდი, მაგრამ ეს დიდხან ვერ გასტანს. ძაღლი და მგელი დიდხანს ვერ შეეგუებიან ერთმანეთს. ვინ იცის, შენ რომ ბოშების კანონი მიგეღო, იქნებ მომესურვებინა შენი romi გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა: ეგ შეუძლებელია. ეჰ! ჩემო ბიჭო, დამიჯერე, შენ კიდევ იაფად გადარჩი. შენ ეშმაკს წააწყდი, დიახ, ეშმაკს; ის ყოველთვის შავი არ არის და კისერი არ მოგიგრიხა. მე მატყლითა ვარ შემოსილი, მაგრამ ცხვარი არ გახლავარ. წადი და შენს „მახარეი“ სანთელი დაუნთე, მან გადაგარჩინა. კიდევ ერთხელ მშვიდობით. ნუღარ იფიქრებ კარმენსიტაზე , თორემ ის ხის ფეხებიან ქვრივზე დაგაქორწინებს. ამ ლაპარაკით მან ურდული გამოაძრო კარს, გამოვედით თუ არა, თავის მანტილიაში გაეხვია და ზურგი მომიბრუნა. ის სრულ სიმართლეს მეუბნებოდა. ძალიან გონივრულად მოვიქცეოდი, მასზე რომ აღარ მეფიქრა; მაგრამ კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღის შემდეგ მე სხვა აღარაფერზე შემეძლო ფიქრო. მთელ დღეს დავსეირნობდი იმ იმედით, რომ სადმე შემხვდებოდა კარმენი. მისი ამბავი დედაბერს და შემწვარი თევზის ვაჭარსაც კი ვკითხე. ერთმაც და მეორემაც მიპასუხეს, ლალოროში გაემგზავრაო, ასე უწოდებდნენ ისინი პორტუგალიას, შესაძლებელია კარმენმა დაარიგა ასე ეთქვათ ჩემთვის, რადგან ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და გამოვარკვიე, რომ ისისნი ცრუობდნენ. კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ალაყაფთან დამაყენეს ყარაულად. ამ ალაყაფის ახლოს ქალაქის გალავანი ერთგან გამონგრეული იყო, დღისით იქ მუშაობდნენ ღამღამობით კი ყარაულებს აყენებდნენ ხოლმე, რათა კონტრაბანდისტები არ შემოპარულიყვნენ. დღისით დავინახე ლილას პასტია, რომელმაც რამდენჯერმე ჩაუარა საყარაულო შენობას და ზოგიერთ ჩემს ამხანაგს გამოელაპარაკა; ყველა კარგად იცნობდა მას, ხოლო მის თევზებსა და იალღოებს ხომ კიდევ უკეთესად. მერე მე მომიახლოვდა და მკითხა, კარმენის ამბავი ხომ არაფერი გაგიგიაო. - არა-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა მაშ მალე გაიგებ, ნათლიმამ. ის არ ცდებოდა. ღამით შენგრეულ ადგილას დამაყენეს. მომშორდა თუ არა ბრიგადირი, ვიღაც ქალი წამოვიდა ჩემკენ. გულმა მითხრა, რომ ეს კარმენი უნდა ყოფილიყო , მაინც დავუძახე: - მოშორდი, აქ გავლა არ შეიძლება! - კარგი ერთი, ნუ იმუქრები, - მითხრა მან და გამომეცნაურა. - როგორ, ეს თქვენ ხართ, კარმენ! - დიახ, ჩვენებურო, მოკლედ მოვჭრათ. გინდა ერთი დურო მიიღო? აქ ხალხი მოვა ტვირთით, გაუშვი, გაიარონ. - არა, - ვუპასუხე. - მე მათ ვერ გავუშვებ, ასეთია ბრძანება. - ბრძანება! ბრძანება! კანდილეხოს ქუჩაზე ბრძანება არ გაგონდება?! - აჰ! - ვუპასუხე მე, მარტო ამ მოგონებით მთლად აღელვებულმა, - მაშინ რომელი ბრძანება არ დაავიწყდებოდა კაცს, კონტრაბანდისტების ფული კი არ მსურს. - კარგი მაშ, თუ ფულზე უარს ამბობ, გინდა კიდევ წავიდეთ სადილზე მოხუც დოროთეასთან? - არა! - ვუთხარი, მაგრამ სიტყვა ყელში გამეჩხირა და ისეთი ძალდატანება მომიხდა ჩემს თავზე, რომ კინაღამ დავიხრჩე, - არ შემიძლია. - ძალიან კარგი. შენ თუ ასეთი მიუდგომელი ხარ, მაშინ ვიცი, ვისაც მივმართო. მე შენს ოფიცერს შევთავაზებ დოროთეასთან წასვლას. ის გულკეთილი ჩანს და ყარაულად ისეთ კაცს დააყენებს, რომელიც მხოლოდ იმას დაინახავს, რისი დანახვაც საჭირო იქნება. მშვიდობით, იადონო. რამდენს ვიცინებ იმ დღეს, როცა შენი ჩამოხრჩობის ბრძანებას გამოსცემენ. მე სისუსტე გამოვიჩინე და უკან მოვიხმე; დავპირდი, თუ საჭირო იქნება მთელი ქვეყნის ბოშებს გავატარებ, ოღონდ ერთადერთი ჩემთვის საწადელი გასამრჯელო მივიღო-მეთქი. მან იმწამსვე დაიფიცა: ხვალვე შევასრულებ ჩემს სიტყვასო და ამხანაგებთან გაიქცა შესატყობინებლად, ისინი იქვე იცდიდნენ ორ ნაბიჯზე. ხუთი კაცი იყო, მათში ლილეს პასტიაც ერია; ყველანი ძლიერ დატვირთულნი იყვნენ ინგლისური საქონლით. კარმენი მიდამოს ზვერავდა. მას კასტანეტებით უნდა გაეფრთხილებინა ამხანაგები, თუ პატრულს შენიშნავდა, მაგრამ ეს აღარ დასჭირდა, კონტრაბანდისტებმა თავისი საქმე თვალის დახამხამებაში მოათავეს. მეორე დღეს კანდილეხოს ქუჩაზე წავედი. კარმენმა ბევრი მაცდევინა და საკმაოდ ამრეზილი მოვიდა. - მე არ მიყვარს ისეთი ხალხი, ვისაც ხვეწნა სჭირდება, - თქვა მან, - პირველად შენ გაცილებით უფრო დიდი სამსახური გამიწიე, თუმცა არავითარ ხეირს არ მოელოდი იქიდან. გუშინ კი ვაჭრობა დამიწყე, არ ვიცი, რად მოვედი, მე შენ აღარ მიყვარხარ. აჰა, აი ერთი დურო შენ გარჯისათვის და წადი. ცოტაღა დამაკლდა, ფული თავში არ მესროლა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეცემა... ერთი საათის ცხარე დავის შემდეგ გააფთრებული გამოვვარდი იქიდან. ერთხანს ქალაქში დავდიოდი გადარეულივით; ბოლოს ერთ ეკლესიაში შევედი, ყველაზე უფრო ბნელ კუთხეში მივიმალე და ცხარე ცრემლებით ავტირდი. უეცრად ხმა მომესმა: - ნიანგის ცრემლები! მე მისგან სიყვარულის სამსალას დავამზადებ. ავიხედე და ჩემს წინ კარმენი დავინახე. - ჩვენებურო, კიდევ ჯავრობ ჩემზე? - მითხრა მან. - რა გაეწყობა, რაც უნდა მომივიდეს, უნდა შეგიყვარო, რადგან შენ რომ გამექეცი, მას შემდეგ არ ვიცი რა მემართება. აბა მიყურე, ახლა მე გეხვეწები, რომ კანდილეხოს ქუჩაზე წამომყვე. ასე შევრიგდით. კარმენის განწყობილება ჩვენებურ ამინდს ჰგავდა. ჩვენს მთებში ქარიშხალი მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც მზე ყველაზე ახლოს ბრწყინავს. ერთხელ დამპირდა, დოროთეასთან შეგხვდებიო, მაგრამ არ მოვიდა. დოროთეამ კი უტიფრად გამომხედა, ლალოროში წავიდა, ბოშების საქმეებზეო. ვინაიდან უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, რამდენად სანდო იყო მათი სიტყვები, ამიტომ კარმენს ძებნა დავუწყე ყველგან, სადაც კი, ჩემი აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეში ორჯერ მაინც შევივლიდი ხოლმე კანდილეხოს ქუჩაზე. ერთ საღამოს დოროთეასთან ვიყავი, რომელსაც დროგამოშვებით თითო-ოროლა ჭიქა ანისულის არაყით ვუმასპინძლდებოდი ხოლმე და ამით თითქმის მოვიშინაურე; ანაზდად შემოვიდა კარმენი, თან ახალგაზრდა კაცი შემოჰყვა, ჩვენი ლეგიონის ლეიტენანტი.    *გაგრძელება* იხილეთ: პროსპერ მერიმეს ლიტერატურა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:14pm on აპრილი 10, 2014
თემა: თვისებრივი კვლევის მახასიათებლები და ეტაპები
სიათებლებია: გამოკვლევაში მონაცემების მოსაპოვებლად ზუსტი და მრავალგვარი მეთოდი გამოიყენება. გამოკვლევა თვისებრივი კვლევის ბუნებისა და დაშვებების ფარგლებში წარმოებს. კვლევა-ძიება ძირითადი თვისებაა და ერთი ან მეტი ტრადიციის შესატყვისად შეიძლება, წარმოებდეს (მაგალითად, ბიოგრაფია, ეთნოგრაფია, ფენომენოლოგია, შემთხვევის შესწავლა, მონაცემებზე დაფუძნებული თეორია). კვლევის პროექტი თემაზე ან პრობლემაზე ერთი ფოკუსით იწყება და არა - ცვლადებს შორის მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შესახებ ჰიპოთეზით, ან წინასწარი დაშვებით. ურთიერთმიმართება შეიძლება შემდგომში განვითარდეს, მაგრამ ეს ღია საკითხია. განსაზღვრულია გადამოწმების კრიტერიუმები, ანგარიში იწერება ზუსტად და ზედმიწევნით. დამაჯერებლობა საჭიროა იმდენად, რომ მკითხველს შეეძლოს აღწერილ სიტუაციაში თავის წარმოდგენა. მონაცემების გაანალიზება სხვადასხვა დონეზე ხდება, ისინი მრავალშრიანია. ნაწერი იტაცებს მკითხველს და, დამაჯერებლობისა და სიზუსტის ფონზე, სავსეა მოულოდნელი წვდომებით. ეტაპი 1: საკვლევი ველის განსაზღვრა       ბოგდანი და ბიკლენი (1992: 2) თვლიან, რომ კვლევის კითხვები თვისებრივ კვლევაში არ შემოიფარგლება მხოლოდ ცვლადების ოპერაციონალიზაციით, როგორც პოზიტივისტურ პარადიგმაში. პირიქით, კვლევის კითხვები in situ - ადგილზე ყალიბდება არსებული სიტუაციების პასუხად, ანუ თემას მთელი თავისი კომპლექსურობით ბუნებრივ გარემოში იკვლევენ. ველი, როგორც არსენო და ანდერსონი (Arsenault and Anderson 1998: 125) ამბობენ "თვისებრივ კვლევაში ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და უბრალოდ ფენომენის ადგილმდებარეობას აღნიშნავს”.       ზოგიერთ თვისებრივ კვლევაში საკვლევი სფეროს შერჩევაზე გავლენას ახდენს კვლევის მიზნები, საჭიროება, კვლევისთვის ბიძგის მიმცემი, კვლევაში წამოწეული პრობლემა და კვლევის კითხვები და ქვეკითხვები. ზოგ თვისებრივ კვლევაში კი ეს ელემენტები შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდეს, რაც მკვლევარი გარკვეულ დროს თავად გაატარებს საკვლევ ველში. ეტაპი 2: ეთიკური საკითხების მოგვარება       დილი და მისი კოლეგები (Deyle et al. 1992: 623) გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ეთიკურ საკითხს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას კვლევაში:       როგორ წარადგენს მკვლევარი საკუთარ თავს საკვლევ ველში? ვის წარუდგენს საკუთარ თავს? რამდენად ეთიკურად გამართლებულია სხვა ადამიანად თავის მოჩვენება იმ ცოდნის მისაღებად, რომელსაც სხვა გზით ვერ მიიღებდა და იმ ადგილებში მოსახვედრად, სადაც სხვა შემთხვევაში ვერ მოხვდებოდა ან ვერ დარჩებოდა?       აქ რამდენიმე საკითხია. პირველია ინფორმირებული თანხმობის თემა (მონაწილეობისთვის და გახსნისთვის), უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილის თანხმობა (ასევე, იხილეთ Lecompte and Pressle 1993: 66). ამას სხვა მსჯელობამდე მივყავართ - ფარული თუ ღია კვლევა. ერთი მხრივ, არსებობს ძლიერი არგუმენტი ინფორმირებული თანხმობის სასარგებლოდ, თუმცა, რაც უფრო მეტი იციან მონაწილეებმა კვლევის შესახებ, მით ნაკლებად ბუნებრივად შეიძლება იქცეოდნენ (Lecompte and Pressle 1993: 108), ხოლო ბუნებრიობა, თავისთავად ცხადია, რომ ბუნებრივი პარადიგმის ძირითადი კრიტერიუმია.       მიჩელი (1993) საუბრობს დილემაზე, რომელიც მკვლევრის წინაშე დგას: მან უნდა გადაწყვიტოს, ფარული კვლევა აწარმოოს, თუ ღია. ის ამბობს, რომ ინფორმირებული თანხმობის საკითხმა შეიძლება კვლევის კონკრეტული ფორმების არჩევამდე მიგვიყვანოს, ისეთი ფორმების, სადაც მკვლევრებს შეუძლიათ საკვლევი ფენომენის გაკონტროლება. ამით გამოირიცხება კვლევის სხვა სახეები, სადაც მონაწილეები მოქმედებენ ნაკლებად კონტროლირებულად, ნაკლებად პროგნოზირებულად და დადგენილი წესით, სადაც მათ დროთა განმავლობაში რეალურად შეუძლიათ კვლევაში ჩართვა, ან კვლევის დატოვება.       ის ამტკიცებს, რომ რეალურ სოციალურ სამყაროში კვლევის მნიშვნელოვანი სფეროები ხელმიუწვდომელი იქნება, თუ ინფორმირებული თანხმობის მიღებას ვეცდებით, მაგალითად, საზოგადოების მარგინალური ჯგუფების, ან უპოვართა კვლევისას. თავად მონაწილეებისთვისაა უკეთესი კვლევის საიდუმლოდ შენახვა, ვინაიდან თუ ასე არ მოხდა, მაშინ შესაძლოა, მნიშვნელოვანი სამუშაო არ შესრულდეს და ის "მნიშვნელოვანი საიდუმლო" (Mitchell 1993: 54) საიდუმლოებად დარჩეს; ეს საზოგადოების და თავად მონაწილეების ლეგიტიმურ ინტერესებში შედის. მიჩელი საიდუმლოდ შენახვის სერიოზულ შემთხვევას აღწერს და ამტკიცებს, რომ ინფორმირებული თანხმობით მკვლევარმა შეიძლება თავი დაიძვრინოს ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებულ და შეჭიდულ ჯგუფებთან შეხვედრისგან, რომელთაც საზოგადოების თვალისგან სურთ თავის დაცვა. გასაიდუმლოება და ინფორმირებული თანხმობა საკამათო თემებია. ამიტომ მკვლევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რას ერთგულებენ და რა პასუხისმგებლობები აქვთ (Lecompte and Pressle 1993: 106), მაგალითად, რისი ცოდნის უფლება აქვს საზოგადოებას და რისი საიდუმლოდ დატოვების უფლება - ინდივიდს (Morrison 1993; De Laine 2000: 13).       ლეკომტი და პრეისლი (1993) მიუთითებენ, რომ ფარული და ღია კვლევის საკითხთან ერთად, მონაწილისთვის რისკისა და მოწყვლადობის პრობლემებიც უნდა განიხილებოდეს. მონაწილისთვის რისკისა და ზიანის მიყენების ასარიდებლად გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო (პრინციპი "არ ავნო” - პრიმუმ ნონ ნოცერე). ბოგდანი და ბიკლენი (1992: 54) აფართოებენ განხილვის არეალს და მონაწილეთა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებისა და ზიანის საკითხებიც შემოაქვთ. მოწყვლადობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას, როდესაც კვლევაში მონაწილეებს შეზღუდული აქვთ არჩევანის თავისუფლება, მაგალითად, ასაკის, ჯანმრთელობის, სოციალური შეზღუდვების, მათი ცხოვრების სტილის (მაგალითად, კრიმინალში მონაწილეობის), სოციალური მიუღებლობის და ჩაგვრის (მაგალითად, ძალადობის, ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლნი) გამო (Bogdan and Biklen 1992: 107). როგორც ავტორები ამბობენ, მონაწილეები იშვიათად არიან კვლევის ინიციატორები, ამიტომ მათი დაცვა მკვლევრის ვალდებულებაა. მკვლევრისა და კვლევის მონაწილეების ურთიერთობები იშვიათად არის სიმეტრიული ძალაუფლების მხრივ, ხშირად ხდება, რომ მეტი ძალაუფლების, ინფორმაციისა და რესურსების მქონენი იკვლევენ იმათ, ვინც მოკლებულია ამ ყველაფერს ან ფლობს, მაგრამ უფრო ნაკლები ოდენობით.       ხშირად დაცვის სტანდარტულ მეთოდს კონფიდენციალობის გარანტია, ანუ მონაწილეების ნამდვილი სახელებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლების გაუმჟღავნებლობა წარმოადგენს. ბოგდანი და ბიკლენი (1992: 106) ამას ანონიმურობას ადარებენ, როდესაც ვინაობა იმიტომ არ მჟღავნდება, რომ მართლაც უცნობია. ამასთან, დგება ამოცნობისა და თვალის დევნების საკითხები. მონაწილეებმა შეიძლება თავად ამოიცნონ საკუთარი თავი კვლევის ანგარიშში, თუმცა სხვებმა ვერ შეძლონ ეს. ამას უკავშირდება მონაცემებისა და შედეგების კუთვნილების, გაცემული შედეგების კონტროლისა (ვის და როდის) და მონაწილის მიერ კვლევის შედეგებზე ვეტოს დადების უფლების განსაზღვრის საკითხები. პატრიკი (1973) ამ საკითხის უკიდურეს ვარიანტზე მიუთითებს: ის, როგორც მკვლევარი, გლაზგოს ბანდაში ყოფნისას თავად გახდა მკვლელობის მოწმე. დილემა ნათელია - პოლიციაში წასულიყო და განეცხადებინა მკვლელობის შესახებ (და ამით გამოეაშკარავებინა თავი და საფრთხეში ჩაეყენებინა საკუთარი სიცოცხლე), თუ გაჩუმებულიყო და ფარულ მკვლევრად დარჩენილიყო.       ბოგდანი და ბილკენი (1992: 54) ამატებენ მონაწილეების, როგორც სუბიექტების, პატივისცემის საჭიროებას, რომლებიც არ არიან, უბრალოდ, საკვლევად მოსახმარი და შემდეგ გადასაყრელი ობიექტები. მასონი (Mason 2002: 41) თვლის, რომ მნიშვნელოვანია, მკვლევარმა გაითვალისწინოს ის ორგანიზაციები, პრაქტიკები და მხარეები, რომლებიც შეიძლება დაინტერესებული იყვნენ კვლევით ან განიცდიდნენ მის ზემოქმედებას და, ასევე, მხედველობაში მიიღოს ყველა დასმულ კითხვაზე პასუხების გავლენა კვლევის წარმოებაზე, ანგარიშის მომზადებასა და გავრცელებაზე. ეთიკის საკითხები მეორე და მეხუთე თავებში განვიხილეთ და მკითხველს ვურჩევთ, რომ მიმართოს ამ თავებს. ეტაპი 3: შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება       იდეალურ ვარიანტში მკვლევარს ჯგუფის მთლიანად შესწავლა შეეძლებოდა. ასეთი შემთხვევა იყო გოფმანის (Goffman 1968) ნაშრომში "მთლიანი ინსტიტუტები", რომელიც ეხება საავადმყოფოებს, ციხეებს და პოლიციას. ანალოგიური გამოცდილება ჰქონდათ ანთროპოლოგებს, როდესაც ცალკეულ იზოლირებულ თემებს, ან ტომებს სწავლობდნენ. დღეს ეს იშვიათად არის შესაძლებელი, ვინაიდან ასეთი ჯგუფები აღარ არიან იზოლირებული, ან ჩაკეტილი. აქედან გამომდინარე, მკვლევარი შერჩევის საკითხის წინაშე დგება, ანუ, მან ისე უნდა შეარჩიოს ადამიანები, რომ ისინი უფრო ფართო ჯგუფს წარმოადგენდნენ (ნებისმიერად განსაზღვრულს). მკვლევარმა უნდა განსაზღვროს ის ჯგუფები, ვისთვისაც ადეკვატურია კვლევის კითხვები, კვლევისთვის მნიშვნელოვანი კონტექსტები, საჭირო დროის შუალედი და მისთვის საინტერესო მოსალოდნელი არტეფაქტები. სხვა სიტყვებით, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება ადამიანების შერჩევის, კონტექსტების, საკითხების, ვადების, არტეფაქტებისა და მონაცემების წყაროების თაობაზე.       ზოგიერთი სახის კვლევაში შერჩევა დასაწყისშივე განსაზღვრულია, თუმცა შეიძლება მოხდეს შერჩევის კვდომის" გამო (მაგალითად, ადამიანები ტოვებენ კვლევას). ამას პრობლემურად მიიჩნევენ. ეთნოგრაფიული კვლევა ამას ბუნებრივ პროცესად აღიქვამს და არა - მოსაბეზრებლად. ადამიანები კვლევაში მოდიან და მიდიან. ეს გავლენას ახდენს არჩევანზე - ჩატარდეს ერთი სინქრონული კვლევა დროის ერთ მომენტში, თუ უპირატესობა მიენიჭოს დიაქრონულ კვლევას, როდესაც მოვლენებსა და ქცევებს დროთა განმავლობაში აკვირდებიან და სიტუაციებს უტოვებენ შეცვლის, განვითარებისა და წარმოქმნის შესაძლებლობას. ეთნოგრაფიულ კვლევა-ძიებაში შერჩევა ცვალებადი და სიტუაციურია და არა - დასაწყისიდანვე განსაზღვრული. ის იცვლება და ვითარდება დროში. ვნახოთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს.       ლეკომტი და პრეისლი (1993: 82 – 3) მიუთითებენ, რომ ეთნოგრაფიული მეთოდები სხვადასხვა მიზეზის გამო გამორიცხავენ სტატისტიკურ შერჩევას. ეს მიზეზებია: უცნობია პოპულაციის მახასიათებლები; ჯგუფში არ არის საზღვრების თვალსაჩინო მარკერები (კატეგორიები ან სტრატები); განზოგადებადობა - სტატისტიკური მეთოდების მიზანი - არ წარმოადგენს ეთნოგრაფიული კვლევისF აუცილებელ მიზანს; შერჩევაში შესაძლოა თანაბრად არ გადანაწილდეს მისი მახასიათებლები; მთლიანი შერჩევის მახასიათებლების მხოლოდ ერთი ან ორი ჯგუფი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი; მკვლევრებს შეიძლება ხელი არ მიუწვდებოდეთ მთელ პოპულაციაზე; შერჩევის ზოგიერთი წევრი შეიძლება არ იყოს იმ პოპულაციის წარმომადგენელი, რომლიდანაც განზრახული იყო შერჩევის აღება.       აქედან გამომდინარე, საჭიროა სხვა ტიპის შერჩევები. კრიტერიუმზე დაფუძნებული შერჩევა მკვლევრისგან იმ თვისებების, ფაქტორებისა და მახასიათებლების, ანუ კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრას მოითხოვს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს კვლევაში. შესაბამისად, მკვლევრის ამოცანაა, უზრუნველყოს, რომ ეს კრიტერიუმები წარმოდგენილი იყოს აღებულ შერჩევაში (სტრატიფიცირებული შერჩევის ეკვივალენტი). არსებობს შერჩევის სხვა ფორმებიც (განხილულია მეოთხე თავში), რომლებიც გამოსადეგია ეთნოგრაფიულ კვლევაში (Bogdan and Biklen 1992: 70; Lecompte and Pressle 1993: 69 – 83). ეს ფორმებია: ხელმისაწვდომი შერჩევა: შესაძლებლობის შერჩევა, ხელმისაწვდომი ადამიანებიდან არჩევა. კრიტიკული შემთხვევის შერჩევა: მაგალითად, ადამიანები, რომლებთანაც მკვლევრისთვის საინტერესო თემები ან მახასიათებლები მთელი სისრულით, ან მათი ქცევისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმით ვლინდება.  მახასიათებლის ნორმის იდენტიფიცირება: როდესაც დადგენილია მოცემული მახასიათებლის უკიდურესი გამოვლინებები და მათი საზღვრები. ტიპური შემთხვევის შერჩევა: იდენტიფიცირდება თვისებების ან მახასიათებლების პროფილი, რომელიც ჩვეულია "საშუალო", ტიპური პიროვნებისთვის, ან შემთხვევისთვის და შერჩევას ახდენენ ამ ჩვეულებრივი ადამიანებისგან, ან შემთხვევებისგან. უნიკალური შემთხვევის შერჩევა: იდენტიფიცირდება ერთი ან მეტი კრიტერიუმის მიხედვით იშვიათი, განუმეორებელი, ან უცნაური შეთხვევები და მათგან ხდება შერჩევა. რა მახასიათებლებით და თვისებებითაც არ უნდა ჰგავდეს ინდივიდი სხვებს, ის ერთი ან რამდენიმე კონკრეტული თვისება ან მახასიათებელი მაინც გამოარჩევს მას. რეპუტაციის შემთხვევის შერჩევა: კრიტიკული შემთხვევისა და უნიკალური შერჩევის ვარიანტი, როდესაც მკვლევარი შერჩევას ახდენს გარკვეული სფეროს ექსპერტის რეკომენდაციის საფუძველზე. ზვავისებრი შერჩევა: სხვა რესპონდენტების მოზიდვა პირველი რესპონდენტის რჩევით და რეკომენდაციით.       პატონი (1980) გამოყოფს შერჩევის რამდენიმე ტიპს, რომელიც გამოსადეგია ბუნებრივ კვლევაში, მათ შორისაა: ექსტრემალური/დევიაციური შემთხვევების შერჩევა: უჩვეულო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ისეთი შემთხვევების აღება, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური, ან ნათლის მომფენი იყოს. ზვავისებრი შერჩევა: როდესაც ერთი მონაწილე უზრუნველყოფს შემდგომ მონაწილეებთან წვდომას და ა.შ. მაქსიმალური ცვალებადობის მქონე შერჩევა: მოწოდებულია უნიკალური ცვლილებების დიაპაზონის დასაფიქსირებლად; ეს ცვლილებები ხშირად იმის შედეგია, რომ ადამიანებს უწევთ განსხვავებულ პირობებთან შეგუება. გამოსადეგია, თუ კვლევა მიზნად ისახავს კონკრეტული ფენომენის, ან ფენომენების ცვალებადობის, დიაპაზონისა და პატერნების დადგენას (Goffman 2002: 74). ინტენსიურობის მიხედვით შერჩევა: დამოკიდებულია იმაზე, თუ მკვლევრისთვის საინტერესო რომელი მახასიათებლები ჩანს, ან ვლინდება. კრიტიკული შემთხვევების შერჩევა: შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა შემთხვევებშიც: თუ ინფორმაცია ჭეშმარიტია კრიტიკული შემთხვევებისთვის (მაგალითად, როდესაც ყველა ფაქტორი სახეზეა), მაშინ, მოსალოდნელია, რომ ის სხვა დანარჩენი შემთხვევებისთვისაც ჭეშმარიტი იქნება. პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, ან სენსიტიური შემთხვევების შერჩევა: ყურადღების მიპყრობა კონკრეტულ შემთხვევაზე. ხელმისაწვდომი შერჩევა: მკვლევარს აზოგვინებს დროს, ფულსა და ნაკლებად დამყოლი მონაწილეების მოძებნაზე დახარჯულ ძალისხმევას.       ამ ჩამონათვალს შეგვიძლია დავამატოთ მაილსისა და ჰუბერმანის მიერ დასახელებული შერჩევის ტიპები (1994: 28): ჰომოგენური შერჩევა: ფოკუსირდება მსგავსი მახასიათებლების მქონე ჯგუფებზე. თეორიული შერჩევა: გამოიყენება მონაცემებზე დაფუძნებულ თეორიაში, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, როდესაც მონაწილეებს არჩევენ მათი უნარის გამო, წვლილი შეიტანონ თეორიის შემუშავებაში. დამადასტურებელი და უარმყოფელი შემთხვევები: ჰგავს ექსტრემალურ და დევიაციურ შემთხვევებს, რომელზეც პატონი (1980) მიუთითებს. გამოიყენება წესიდან გამონაკლისების მოსაძიებლად, რამაც შეიძლება, წესის მოდიფიკაციამდე მიგვიყვანოს. შემთხვევითი მიზნობრივი შერჩევა: როდესაც პოტენციური შერჩევა ძალიან დიდია, შეიძლება უფრო მცირე მოცულობის ქვეშერჩევების გამოყენება და ამ დროს მაინც ნარჩუნდება გარკვეული განზოგადებადობა. სტრატიფიცირებული მიზნობრივი შერჩევა: გამოიყენება ქვეჯგუფებისა და სტრატების იდენტიფიცირებისთვის. კრიტერიუმის მიხედვით შერჩევა: ირჩევა ყველა, ვინც აკმაყოფილებს მოცემული ჯგუფის, ან კლასის წევრობის გარკვეულ დადგენილ კრიტერიუმს. შესაძლებლობის შერჩევა: ასეთი შერჩევა მოულოდნელი მოვლენების, ინიციატივების, იდეების, თემების უპირატესობით სარგებლობს.       მაილსი და ჰუბერმანი (1994) თვლიან, რომ ამ სტრატეგიების გამოყენება შეიძლება როგორც ცალ-ცალკე, ისე - კომბინირებული სახით და მათ ასე გამოყენებას ტრიანგულაციაში შეაქვს წვლილი.       ქვემოთ შერჩევის ორ კატეგორიას განვიხილავთ: "პირველად ინფორმანტებს" და "მეორად ინფორმანტებს" (Morse 1994: 228) ანუ მათ, ვინც სრულიად აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს და მათ, ვინც ავსებენ ამ კრიტერიუმების შერჩევას.       ლინკოლნი და გუბა (1985: 201 – 2) აღწერენ მნიშვნელოვან განსხვავებას, რომელიც არსებობს ტრადიციული და ბუნებრივი კვლევის სქემებს შორის. ტრადიციული კვლევა მსგავსებების გამოვლენასა და განზოგადების მიღწევაზეა ორიენტირებული, ხოლო ბუნებრივი კვლევის მიზანი ინფორმაციულობაა - იმდენად მრავალფეროვანი წვრილმანების, დეტალების მოპოვება, რომ შესაძლებელი იყოს თითოეული შემთხვევის უნიკალობისა და ინდივიდუალობის წარმოჩენა. ბრალდებას, რომ ბუნებრივი კვლევა-ძიება, შერჩევის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს განზოგადებას, ავტორები პასუხობენ, რომ ეს გარდაუვალია, მაგრამ - ტრივიალური; ერთი სიტყვით, უმნიშვნელოა.       შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ოდნავ უფრო რადიკალურ პოზიციას იკავებს პატონი (1980: 184) და ამბობს, რომ "თვისებრივ კვლევაში შერჩევის მოცულობისთვის წესები არ არსებობს ". შერჩევის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი ცოდნა სურს მკვლევარს, კვლევის მიზნებზე, რა იქნება გამოსადეგი, სანდო და რისი გაკეთებაა შესაძლებელი არსებული რესურსებით, მაგალითად, დრო, ფული, ადამიანები, მხარდაჭერა - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გააზრების საგანია დამწყები მკვლევრისთვის.       ეზი (Goffman 2002: 74) აქცენტს "თეორიული შერჩევის" ცნებაზე აკეთებს, რომელსაც გლასერი და სტრაუსი (1967) გვთავაზობენ, და ამბობს, რომ კვლევის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, თვისებრივი კვლევის დაწყებისას შეიძლება ყოველთვის ზუსტად არ იცოდნენ, თუ ვინ უნდა შეარჩიონ და შერჩევა ადგილზე, კვლევის წინსვლის პროცესშივე განისაზღვროს. თეორიული შერჩევა მონაცემებთან ერთად იწყება და შედეგად მიღებული სურათის შეფასების საფუძველზე მკვლევარი იღებს გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით წავიდეს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი თეორიის განსავითარებლად (Glaser and Strauss 1967: 45). ამ საკითხს უფრო დეტალურად 23-ე თავში განვიხილავთ.       ინდივიდებს და ჯგუფებს იმიტომ ირჩევენ, რომ მათ აქვთ პოტენციალი (ან იმედოვნებენ, რომ აქვთ), რაღაც ახალი შესძინონ განვითარებად თეორიას, ანუ მათ თეორიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით გამოარჩევენ. თეორიის განვითარებასთან ერთად, მკვლევარი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის მიმართოს მონაწილეობის სათხოვნელად. თეორიული შერჩევა არ ითხოვს პოპულაციის მახასიათებლების ცოდნას, ან ცნობილი პოპულაციის წინასწარ წარმოდგენას, ხოლო შერჩევის მოცულობა არ არის წინასწარ განსაზღვრული. შერჩევა მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც თეორიული გაჯერება (ქვემოთ არის განხილული) მიიღწევა.       ეზის (2002: 74 – 5) მაგალითად მოაქვს საკუთარ შრომაში გამოყენებული თეორიული შერჩევა, რომელშიც უმუშევრობას იკვლევდა. მან განავითარა თეორია, რომ უმუშევარი ადამიანების მიერ განცდილი დისტრესის[1] დონეზე გავლენას ახდენდა ფინანსური დისტრესის დონე. დისტრესის დონის განსასაზღვრად მან ჩაატარა ინტერვიუები ვალის მქონე და არმქონე მცირე შემოსავლისა და დიდი შემოსავლის მქონე ჯგუფებთან. იგი აღნიშნავს, რომ დისტრესის დონეს იმდენად არ განაპირობებდა შემოსავლის აბსოლუტური ოდენობა, რამდენადაც შემოსავლისა და ვალის ურთიერთმიმართება.       განათლების სფეროში თეორიული შერჩევის გამოყენების მაგალითი ასეთი შეიძლება იყოს: მორალური მდგომარეობის შესახებ მასწავლებლების ინტერვიუირებამ შეიძლება, მიგიყვანოთ თეორიამდე, რომ სკოლებში მასწავლებლის მორალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეების ხელისშემშლელი ქცევა. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს იმ მასწავლებლების შერჩევა, რომლებსაც ბევრ ასეთ მოსწავლესთან უწევს მუშაობა ძნელად აღსაზრდელთა სკოლებში. ეს იქნება "კრიტიკული შემთხვევის შერჩევა". თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ ასეთ გარემოში მომუშავე ზოგიერთ მასწავლებელს მყარი მორალური მდგომარეობა აქვს, კერძოდ, იმიტომ, რომ ისინი მოელიან ხელისშემშლელ ქცევას პრობლემური მოსწავლეებისგან და ამიტომ არ უკვირთ, ანდა არ აშინებთ ის; და კიდევ იმიტომ, რომ ამ სკოლების თანამშრომლები უდიდეს მხარდაჭერას უწევენ ერთმანეთს - ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს რთულ მოსწავლეებთან მუშაობა.       ამრიგად, მკვლევრები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სკოლის ისეთ მასწავლებლებზე ფოკუსირდნენ, რომლებსაც შედარებით ნაკლები რაოდენობის პრობლემურ მოსწავლეებთან უწევთ მუშაობა. მკვლევარი აღმოაჩენს, რომ ამ მასწავლებლების მორალური მდგომარეობა გაცილებით უარესია. ის გამოთქვამს ჰიპოთეზას, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ მასწავლებლები ბევრს ელიან მოსწავლის ქცევისგან და როდესაც გამოჩნდება ერთი ან ორი მოსწავლე, რომელიც არ ამართლებს ამ მოლოდინს, მასწავლებლების მორალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ზარალდება; და იმიტომაც, რომ ხელისშემშლელი ქცევა ამ სკოლებში მასწავლებლის სისუსტედ არის მიჩნეული და თითქმის არ არსებობს ურთიერთმხარდაჭერის პრაქტიკა. შესაბამისად, დაიხვეწება მკვლევრის თეორია და ის ჩათვლის, რომ მასწავლებლის მორალურ მდგომარეობაზე მისივე მოლოდინი უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე მოსწავლის ხელისშემშლელი ქცევა. ასე რომ, მკვლევარი იღებს მასწავლებლების "მაქსიმალური ვარიაციის შერჩევას" მთელ რიგ სკოლებში, რათა იკვლიოს, რა მიმართებაშია მოლოდინი და მორალური მდგომარეობა მოსწავლის ხელისშემშლელ ქცევასთან. ამ შემთხვევაში შერჩევა წარმოიქმნება კვლევის წინსვლასთან და თეორიის განვითარებასთან ერთად. სწორედ ეს არის თეორიული შერჩევა - "თვისებრივი კვლევის სამეფო გზა" (Flick 2004: 151). შაცმანმა და სტრაუსმა (Schatzman and Strauss 1973: 38 ff) გამოთქვეს მოსაზრება, რომ თეორიული შერჩევის შიგნით შერჩევა, შეიძლება, შეიცვალოს დროის, ადგილის, ინდივიდებისა და მოვლენების მიხედვით.       ზემოთ აღწერილი პროცედურა თანხვდება გლასერისა და სტრაუსის (1967) მოსაზრებას, რომ შერჩევა მოიცავს მონაცემების უწყვეტად შეგროვებას მანამ, სანამ პრაქტიკული ფაქტორები (საზღვრები) არ შეწყვეტს მონაცემების მოგროვებას, ან თუ შემდგომი, დამატებითი მონაცემებით თეორიას ახალი აღარაფერი ემატება - "თეორიული გაჯერების" ეტაპი, როდესაც თეორია ირგებს ახალ მონაცემებს. თეორიულ გაჯერებას გლასერი და სტრაუსი (1967: 610) აღწერენ, როგორც მდგომარეობას, როდესაც "აღარ მოიპოვება დამატებითი მონაცემები, რომლითაც სოციოლოგი კატეგორიის თვისებებს განავითარებდა". მიუხედავად ამისა, მკვლევარი ფრთხილად უნდა იყოს, რომ თავიდან აირიდოს მონაცემების მოგროვების ნაადრევად შეწყვეტა. ძალიან იოლი იქნებოდა კვლევის შეწყვეტა შეზღუდული ოდენობის მონაცემებით, როდესაც შემდგომ შერჩევას და მონაცემების შეგროვებას რეალურად შეიძლებოდა თეორიის თავიდან ფორმულირებამდე მიეყვანა მკვლევარი.       თეორიული შერჩევის გაგრძელებაა "ანალიტიკური ინდუქცია" - პროცესი, რომელიც ზნანიეცკიმ შემოგვთავაზა (Znaniecki 1934). ამ შემთხვევაში მკვლევარი თეორიით (რომელიც შეიძლება მონაცემებიდან წარმოქმნილიყო, როგორც ეს მონაცემებზე დაფუძნებულ თეორიაში ხდება) იწყებს და შემდეგ, თეორიის მტკიცე დაცვის უზრუნველსაყოფად, მიზანმიმართულად ეძებს დევიაციურ, ან წინააღმდეგობრივ შემთხვევებს. ეს თანხვდება პოპერის მოსაზრებას, რომ მყარი მეცნიერული თეორია ფალსიფიცირებადობის შემოწმებას უნდა უძლებდეს. ანალიტიკურ ინდუქციაში მკვლევარი განზრახ, მიზანმიმართულად ეძებს მონაცემებს, რომლებიც პოტენციურად შეძლებდა თეორიის ფალსიფიცირებას და ამით გააძლიერებდა საბოლოო თეორიას.       ჩვენ ვთვლით, რომ თვისებრივ კვლევაში შერჩევა ყოველთვის ვერ იქნება წინასწარ "ერთხელ და სამუდამოდ" განსაზღვრული. შერჩევის პროცესი შესაძლოა, მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშის ეტაპებზე გაგრძელდეს. ამაში აისახება თვისებრივი კვლევის წრიული პროცესი, როდესაც მონაცემების შეგროვება, ანალიზი, ინტერპრეტაცია, ანგარიშის წარდგენა და შერჩევა აუცილებლად სწორხაზოვნად არ მისდევს ერთმანეთს. ეს ცვალებადი და მრავალჯერადი პროცესია. შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილება, იმთავითვე ანუ წინასწარ, არ მიიღება. შერჩევა შეიძლება გადაწყდეს, შეიცვალოს, გაიზარდოს და გაფართოვდეს კვლევის წინსვლასთან ერთად. ეტაპი 4: როლის მორგება და კონტექსტში შესვლა       აქ შედის საკვლევ ველში ყოფნის მიზეზის მოფიქრება, წვდომისა და ნებართვის საკითხები, როლისა და ლეგენდის შექმნა, გუშაგების მოძიება, რომლებიც მკვლევარს საკვლევ ჯგუფში შესვლაში დაეხმარებიან (იხილეთ Lecompte and Pressle 1993: 100 და 111). მკვლევრის წინაშე რთული ამოცანა დგას: ის ჯგუფის წევრიც უნდა იყოს და უნდა შეისწავლიდეს კიდეც მას, ამიტომ ფრთხილად არის მოსაფიქრებელი ის როლი, რომელიც მკვლევარს საშუალებას მისცემს, იყოს ორივე - მონაწილეცა და მკვლევარიც. ლეკომტი და პრეისლი (1993: 112) ამბობენ, რომ შესვლის უფლების უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანესი ელემენტებია მკვლევრის მზაობა მოქნილი იყოს და მონაწილეთა ქცევისა და რეაქციებისადმი მგრძნობელობა. როგორც დე ლაინი (De Laine 2000: 41) შენიშნავს: "შესვლის უფლების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია საკვლევ გარემოში ადამიანებთან დაახლოების უნარი და მიმდინარე აქტივობებში მათთან ერთად მონაწილეობა".       ვულფი (2004: 195 – 6) თვლის, რომ ველზე შესვლის უფლების მოპოვებისას ორ ფუნდამენტურ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: როგორ შეუძლია მკვლევარს კონტაქტების დამყარება და ინფორმანტებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა? როგორ შეუძლია მკვლევარს თავის იმგვარად წარმოჩენა, რომ ჰქონდეს კვლევის წარმოებისთვის საჭირო დრო, სივრცე და სოციალური ურთიერთობები?       ფლიკი (1998: 57) აჯამებს ვულფის (2004) მიერ იდენტიფიცირებულ რამდენიმე საკითხს, რომელიც კვლევის წარმოების მიზნით ინსტიტუტებში შესვლას შეეხება. კვლევა ყოველთვის არის სოციალურ სისტემაში შეჭრა და ჩარევა და ამიტომ არღვევს შესასწავლ სისტემას; შედეგად სისტემა რეაგირებს, ხშირად - დაცვითი რეაქციების სახით. საკვლევ სოციალურ სისტემასა და კვლევით პროექტს შორის არსებობს ე. წ. "ორმხრივი გაუმჭვირვალობა", რომელიც არ მცირდება შესასწავლ სისტემასა და მკვლევარს შორის ინფორმაციის გაცვლით. ეს კი ართულებს სიტუაციას და, აქედან გამომდინარე, "იმუნურ რეაქციებსაც". გარმოში შესვლისას ურთიერთგაგების მოპოვების ნაცვლად, სჯობს, თანხმობისთვის, როგორც პროცესისთვის, ბრძოლა. ვინაიდან აუცილებელია მონაცემების შენახვის უფლებებზე შეთანხმება, ამან შეიძლება გაართულოს თანხმობის მიღწევა. საკვლევი ველი მხოლოდ მაშინ ხდება ნათელი და გასაგები, როდესაც მკვლევარი შევა მასში. კვლევითი პროექტი, ჩვეულებრივ, ვერაფერს სთავაზობს სოციალურ სისტემას. შესაბამისად, ბევრ ვერაფერ სარგებელს ან სერვისს დაჰპირდება მკვლევარი, თუმცა შეიძლება, მაინც არ არსებობდეს რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება სოციალურმა სისტემამ უარი უთხრას მკვლევარს.       ურთიერთობების მართვის საკითხი მნიშვნელოვანია თვისებრივ კვლევაში. ხელმისაწვდომობის, გუშაგებისა და ინფორმატების საკითხები მეოთხე თავში განვიხილეთ. მკვლევარს უყურებენ, როგორც, ვიღაცას, ვისაც "არ აქვს ისტორია" (Wolff 2004: 198), "პროფესიონალ უცნობს" (Flick 1998: 99), ვინც უნდა მიიღონ, გაიცნონ და მაინც შეინარჩუნოს დისტანცია მათთან, ვისაც იკვლევს. ფაქტიურად, ფლიკი (1998: 60) მკვლევრისთვის ოთხ როლს გვთავაზობს: უცხო, სტუმარი, შინაური და ახალი წევრი. პირველი ორი არსებითად ინარჩუნებს გარეშე პირის როლს, ხოლო მესამე და მეოთხე ინსტიტუტის დანახვას წევრების თვალით, შიგნიდან ცდილობს. ამ ორი უკანასკნელი როლის განხორციელება ძნელდება, თუ საქმე სენსიტიურ თემებს შეეხება (იხილეთ თავი 5). ეს ტიპოლოგია თანხმობაში მოდის ოთხ როლთან, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, დამკვირვებლისთვის ასახელებენ ხოლმე, როგორც დიაგრამაზეა მოცემული.             როლის შეთანხმება, ბალანსი და ნდობა მნიშვნელოვანი და რთული მისაღწევია. მაგალითად, თუ მკვლევარმა სკოლაში უნდა იმუშაოს, რა როლი უნდა აირჩიოს: მასწავლებლის, მკვლევრის, ინსპექტორის, მეგობრის, მენეჯერის, გარკვეული სერვისის (მაგალითად, ექსკურსიებისა და სხვა კულტურული აქტივობების) უზრუნველმყოფის, კონსულტანტის, სოციალური მუშაკის, რესურსების მიმწოდებლის, ბიბლიოთეკარის, დამლაგებლის, სკოლის გაჩერებაზე ან სასადილოში მომსახურე პერსონალის და ა. შ.? საქმე ისაა, რომ მან ის როლი უნდა აირჩიოს, რომელიც შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანთან წვდომის შესაძლებლობას მისცემს, ნეიტრალობას შეუნარჩუნებს (არ დადგება არავის მხარეს) და უსაფრთხოების გარანტიებსაც მისცემს.       როლური კონფლიქტი, დაძაბულობა და გაურკვევლობა მოსალოდნელია თვისებრივ კვლევაში. მაგალითად, დე ლეინი (2002: 29) საუბრობს შესაძლო კონფლიქტზე მკვლევარს, როგორც ასეთს, თერაპევტსა და მეგობარს შორის. იგი მიუთითებს, რომ სხვადასხვა როლის წინასწარ დაგეგმვა იშვიათად არის შესაძლებელი და ის საველე სამუშაოს აუცილებელი ნაწილია, უქმნის რა მკვლევარს ეთიკურ და მორალურ პრობლემებს და მუდმივ მოლაპარაკებასა და მოგვარებას მოითხოვს.       დროთა განმავლობაში როლები იცვლება. უოლფორდი (2001: 62) აღწერს ეტაპობრივ პროცესს, რომელშიც მკვლევრის როლი ხუთ ფაზას გადის: ახალმოსული, პირობით მიღებული, კატეგორიულად მიღებული, პიროვნულად მიღებული და გარდაუვალი მიგრანტი. იგი (2001: 71) თითქმის მოსალოდნელად მიიჩნევს, რომ სხვადასხვა როლში ყოფნა მკვლევარს არა მარტო სიტუაციასთან გამკლავების საკუთარ უნარში დააეჭვებს, არამედ მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს მიაყენებს, შფოთვასა და არაადეკვატურობის განცდას შეუქმნის. ეს განსაკუთრებით მწვავედ ჩანს, როდესაც მკვლევრებს ინფორმაციის დაფარვა და სხვადასხვა როლის შესრულება უწევთ, რათა მოიპოვონ წვდომა, შეინარჩუნონ ნეიტრალობა, პიროვნული რწმენებისა და ღირებულებების ერთგულნი დარჩნენ და გაუმკლავდნენ სიტუაციებს; ამასთან, უნდა მოიპოვონ ინფორმაცია სხვების შესახებ ისე, რომ არაფერი თქვან საკუთარ თავზე. უოლფორდი (2001) თვლის, რომ მკვლევარს, შეიძლება, როლების მოფიქრებისა და მანევრირების ძალიან მცირე შესაძლებლობა ჰქონდეს, ვინაიდან შეზღუდულია მათი მოლოდინებით, ვისაც იკვლევს.       კიდევ ერთი რელევანტური საკითხია საკვლევ ველში შესვლის ვადები, რომელიც ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მკვლევრებმა მუშაობა შეძლონ სათანადო მომენტებში (მაგალითად, პროგრამის დაწყებამდე, დაწყებისას, მსვლელობისას და დასასრულს). საქმე უფრო შორს მიდის ეთნოგრაფისთვის, რომელმაც ჯერ ჯგუფში შესვლა უნდა უზრუნველყოს და მისი შესვლა-არ შესვლა შეიძლება ჩაცმულობას, ქცევის სტილს, პიროვნებას, ასაკს, კანის ფერს, ეთნიკურ კუთვნილებას, ემპათიასა და ჯგუფთან იდენტიფიკაციას, სამეტყველო ენას, აქცენტს, ჟარგონს, ჯგუფის საქმეებში ჩართულობისადმი მზაობას, ჯგუფის ქცევებისა და ღირებულებების მიღებას და ა. შ. უკავშირდებოდეს (იხილეთ გლაზგოს ბანდის პატრიკისეული (1973) მომხიბვლელი და წარმტაცი კვლევა). ამიტომ მკვლევარმა უნდა გააცნობიეროს "შთაბეჭდილების მართვის" მნიშვნელოვნება (Hammersley and Atkinson 1983: 78 ფფ). ფარულ კვლევაში ეს ფაქტორები კიდევ უფრო საგულისხმო ხდება, ვინაიდან ერთმა წაბორძიკებამ შეიძლება მთელი ლეგენდა ჩაშალოს (Patrick 1973).       ლოფლენდი (1971) თვლის, რომ საკვლევ ველში მომუშავე მკვლევარმა უნდა აღიაროს და მოირგოს "მისაღები არაკომპეტენტურობის" როლი - იცოდეს როგორ დაიცვას ბალანსი შეჭრასა და განზე გადგომას შორის. ასეთი ბალანსირება მუდმივად მიმდინარე პროცესია. ჰამერსლი და ატკინსონი (1983: 97 – 9) ფიქრობენ, რომ მკვლევრებმა უნდა მოახერხონ "მარგინალობის მართვა": ისინი არიან ორგანიზაციაში, მაგრამ არ ეკუთვნიან მას. ავტორები ამბობენ, რომ "ეთნოგრაფი გონებრივად "ნაცნობობასა" და "უცნობობას" შორის უნდა ინარჩუნებდეს წონასწარობას, ხოლო სოციალურად - "უცნობსა" და "მეგობარს" შორის". ისინი იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე როლთან გამკლავებამ, განსაკუთრებით, "მარგინალობის მართვამ", შეიძლება "დაუცველობის მუდმივი შეგრძნება გააჩინოს" (Hammersley and Atkinson 1983: 100).       როგორც მეხუთე თავში ვთქვით, წვდომისა და შესვლის უფლების მიღება პროცესის სახით უნდა განვიხილოთ (Walford 2001: 31), რომელიც დროში იშლება და არ ხდება ერთხელ და სრულად. უოლფორდი აღწერს სხვადასხვაგვარ მარცხს, შეფერხებასა და ცვლილებას, რაც ხდება, ან მოსალოდნელია თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად საკვლევ ველში შესვლის უფლების მოპოვებისას. ეტაპი 5: ინფორმანტების პოვნა       ინფორმანტების პოვნა გულისხმობს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს ცოდნა საკვლევი საზოგადოების, ან ჯგუფის შესახებ. აქ მკვლევარი რთულ სიტუაციაში ვარდება, ვინაიდან მან უნდა შეძლოს ძირითადი ინფორმანტების შეფასება და გადაწყვიტოს ვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანია; ვინ არის კომპეტენტური ინფორმატებს შორის, რომ კომენტარები და შენიშვნები გამოთქვას; ვინ არის სანდო; რა სტატუსი აქვთ ინფორმანტებს; რამდენად რეპრეზენტაციულები (გარკვეული ადამიანების, საკითხების, სიტუაციების, მოსაზრებების, სტატუსების, როლებისა თუ ჯგუფის) არიან ძირითადი ინფორმანტები; როგორ უნდა მოიძებნონ ინფორმანტები სხვადასხვა გარემოში; რეალურად იციან თუ არა ინფორმანტებმა სიტუაცია ახლოდან და ექსპერტული პოზიციიდან; რამდენად ცენტრალური ადგილი უჭირავს ინფორმანტს ორგანიზაციაში ან სიტუაციაში (მაგალითად, ცენტრალური ან მარგინალური); როგორ უნდა შეხვდეს მკვლევარი ინფორმატებს და როგორ უნდა შეარჩიოს ისინი; რამდენად მნიშვნელოვანია გუშაგი ინფორმანტი სხვა ინფორმანტებთან მიმართებაში, უშვებს ადამიანებს კვლევაში, თუ კარს უკეტავს (Hammersley and Atkinson 1983: 73); ურთიერთობა ინფორმანტსა და შესასწავლი ჯგუფის სხვა წევრებს შორის და მათი დამოკიდებულება სიტუაციიისადმი.       ინფორმანტების არჩევა და მათთან ურთიერთობის დამყარება პრობლემურია. ლეკომტი და პრეისლი (1993: 95), მაგალითად, გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ პირველი ინფორმანტები, შესაძლოა, თვითშერჩეული ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჯგუფის მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ, დაბალი სტატუსი აქვთ და ამიტომ საკუთარი პრესტიჟის გაზრდას კვლევაში ჩართულობით ცდილობენ. ლინკოლნი და გუბა (1985: 252) გვასწავლიან, რომ მკვლევარი წინდახედულად უნდა მოიქცეს და ინფორმანტები, რომლებსაც, სავარაუდოდ, "ანგარებიანი მიზნები" აქვთ, ენის მიმტანებად კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიიღოს მათგან. ავტორები ამტკიცებენ, რომ მკვლევრები, რომლებიც გუშაგებთან მუშაობენ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების მუდმივ პროცესში არიან ჩართული.       მორსი (Morse 1994: 228) ამბობს, რომ "კარგი" ინფორმანტი ის არის, ვისაც საკვლევი საკითხის შესახებ აუცილებელი ცოდნა, ინფორმაცია და გამოცდილება აქვს, შეუძლია ამ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფიქრება, აქვს პროექტში მონაწილეობის დრო, მზად არის ამისთვის და რეალურად შეუძლია სხვა ინფორმანტების მოზიდვა. ინფორმანტს, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, "პირველადი ინფორმანტი" ეწოდება. მორსი (1994) იმასაც ამბობს, რომ ინფორმანტს შეიძლება არ ჰქონდეს ყველა ეს თვისება, მაგრამ მაინც სასარგებლო იყოს კვლევისთვის. ასეთებს "მეორად ინფორმატებს" უწოდებენ და მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, რა დროს მიმართოს მათ. ეტაპი 6: ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება       ეს ეტაპი ისეთი ინტერპერსონალური და პრაქტიკული საკითხების მოგვარებას მოიცავს, როგორიცაა: მონაწილეების ნდობის მოპოვება; რაპორტის, ნდობის, სენსიტიურობისა და კეთილგონიერების ფორმირება; ისეთ ადამიანებთან და საკითხებთან გამკლავება, რომლებსაც მკვლევარი არ ეთანხმება ან მიუღებლად მიაჩნია. ყურადღებიანობა და ემპათიურობა; თავშეკავებულობა; საკვლევ ველში დარჩენის ხანგრძლივობის განსაზღვრა.       სპაინდლერი და სპაინდლერი (Spindler and Spindler 1992: 65) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ეთნოგრაფიული ვალიდობა იმით მიიღწევა, რომ მკვლევარი საკმარისად დიდხანს რჩება ველში და ხედავს, რომ მოვლენები განმეორებადია და არა ერთჯერადი, ანუ აკვირდება მათ რეგულარობას.       ლეკომტი და პრეისლი (1993: 89) თვლიან, რომ საველე სამუშაო, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ პირისპირ ტარდება, ისეთ პრობლემებსა და საკითხებს წამოჭრის, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია შორ მანძილზე წარმოებული კვლევებისთვის მათ რიცხვს მიეკუთვნება: როგორ ეკონტაქტონ მონაწილეებს გასაგებად; რა გავლენას ახდენს მონაწილეებზე და მკვლევარზე ერთმანეთში გამოწვეული ემოციები და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ; რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მკვლევარსა და მონაწილეებს შორის არსებულმა მსგავსებებმა და განსხვავებებმა (მაგალითად, პიროვნული მახასიათებლები, ძალაუფლება, რესურსები) მხარეების ურთიერთობასა და კვლევის მიმდინარეობაზე. მკვლევრის (როგორც მკვლევრის და როგორც თემის წევრის) პასუხისმგებლობები მონაწილეების წინაშე მაშინაც კი, როცა იგი თემში მცირე ხნით რჩება. როგორ უნდა შენარჩუნდეს წონასწორობა თემის წინაშე პასუხისმგებლობებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.       ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობისა და რაპორტის შენარჩუნება (De Laine 2000: 41), ინტერესის გამოვლენა, კონფიდენციალობის უზრუნველყოფა (სადაც საჭიროა) და შეფასებებისგან თავის შეკავება. ამას ემატება გაურკვევლობის მოთმენის, ეჭვების გადამოწმების, დაუცველობის ატანის, სიტუაციასთან მორგების უნარები და მოქნილობა (De Laine 2000: 97). ეს თვისებები ვერ დარჩება მხოლოდ ფორმალური შეთანხმების ფარგლებში, ისინი ეფექტური თვისებრივი კვლევის მაცოცხლებელი ძალაა და თავად პროცესისთვის არის დამახასიათებელი. ეტაპი 7: მონაცემების შეგროვება ადგილზე       თვისებრივ მკვლევარს ინფორმაციის შესაგროვებლად სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება შეუძლია. არ არსებობს მონაცემების მოგროვებისთვის ერთი კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენების ერთადერთი რეცეპტი, არამედ აქ "მიზნისთვის შესატყვისობის" საკითხი დგება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეთნოგრაფი "მეთოდოლოგიური ყველაფრისმჭამელია"! ეს კი ასეა, მაგრამ მაინც არსებობს მონაცემების შესაგროვებელი ინსტრუმენტების რამდენიმე ტიპი, რომლებიც სხვებზე მეტად გამოიყენება თვისებრივ კვლევაში. მკვლევარს შეუძლია გამოიყენოს საველე ჩანაწერები, მონაწილის დაკვირვება, საჟურნალო ჩანაწერები, ინტერვიუები, დღიურები, ცხოვრებისეული ისტორიები, არტეფაქტები, დოკუმენტები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები და ა. შ. ზოგიერთი მათგანის განხილვა ამ წიგნშია მიმოფანტული. ლინკოლნი და გუბა (1985: 199) ერთმანეთისგან განასხვავებენ "აბეზარ" (მაგალითად, ინტერვიუს, დაკვირვებას, არავერბალურ სამეტყველო ენას) და "არააბეზარ" მეთოდებს (მაგალითად, დოკუმენტებსა და ჩანაწერებს) იმის მიხედვით, ესწრება თუ არა მეორე ადამიანი მონაცემების შეგროვების პროცესს.       საველე ჩანაწერები შეიძლება ადგილზეც გაკეთდეს და სიტუაციის გარეთაც. მათში მოცემულია დაკვირვების შედეგები. დაკვირვების თავისებურებები ეთნოგრაფიულ კვლევაში მეჩვიდმეტე თავშია განხილული. დაკვირვების ტექნიკის თანმხლები მეთოდებია ინტერვიუ, დოკუმენტების ანალიზი და ცხოვრებისეული ისტორიები. ეს მეთოდები, შესაბამისად, ცალ-ცალკეა განხილული მეშვიდე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე თავებში. თვისებრივ კვლევაში ფართოდ გამოიყენება ინტერვიუირების ერთ-ერთი ტექნიკა - ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, როდესაც კეთდება ზოგადი მონახაზი და საკმაოდ ღიაა იმისთვის, რომ გადაანაცვლონ, გადაუხვიონ და მეტად განავრცონ თემები, ჩართონ ახალი მიმართულებები და განაგრძონ ზონდირება. კარსპიქენი (Carspecken 1996: 159 – 60) აღწერს ასეთი ინტერვიუს ცვალებადობის დიაპაზონს: ინტერვიუერი ზომიერი წახალისებიდან, "არადირექტიული" მითითებებიდან, აქტიური მოსმენიდან, ნაკლები დასკვნების შემცველი პერიფრაზირებიდან მიდის ზომიერ და მეტი წილი დასკვნების შემცველ პერიფრაზირებამდე. მკვლევარს შეიძლება დაკვირვების პროცესში წამოჭრილი ზოგიერთი თემის მეტად შესწავლა ინტერვიუს გზით უნდოდეს. ბუნებრივ კვლევაში ინტერვიუს ვალიდობის წესებში შედის: პატიოსნება, რესპონდენტის დაინტერესებულობა, პასუხების სიღრმე და მრავალფეროვნება (Oppenheim 1992).       ლინკოლნი და გუბა (1985: 268 – 70) ინტერვიუირების რამდენიმე მიზანს აღწერენ, მათ შორის: მოვლენების შესწავლა, პიროვნების გრძნობების, აქტივობების, მოტივაციების, საფიქრალის, მოთხოვნების გამოვლენა და ა. შ. ასევე, ორგანიზაციების, სტრუქტურების აღწერა-წარმოდგენა, წარსული გამოცდილების რეკონსტრუქცია; მომავლის დაგეგმვა-პროგნოზირება; მონაცემების შემოწმება, გაუმჯობესება და განვრცობა.       გარდა ამისა, სილვერმენი (1993: 92 – 3) ამატებს, რომ ინტერვიუირება თვისებრივ კვლევაში გამოსადეგია: ფაქტების შესაგროვებლად; ფაქტებში დასარწმუნებლად; გრძნობებისა და მოტივების გამოსავლენად; მოქმედებების სტანდარტების შესახებ მოსაზრებების (რა შეიძლება, გაკეთდეს მოცემულ სიტუაციებში) მოსასმენად; მიმდინარე ან წარსული ქცევის შესასწავლად; მიზეზების დასადგენად და ასახსნელად.       ლინკოლნი და გუბა (1985) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ინტერვიუს პროცესის დაგეგმვა, რაც მოიცავს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ინტერვიუს დაწყებას, მის ტემპსა და დროის განაწილებას, საუბრის დინამიკის შენარჩუნებას და ინტერვიუს დასასრულისკენ წაყვანას და მის საბოლოო დასრულებას. ცხადია, მნიშვნელოვანია ინტერვიუს რამდენიმე ეტაპის დეტალურად და ზედმიწევნით გააზრება. მაგალითად, დაგეგმვის ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცეს რაოდენობას (შეხვედრების რიცხვს თითოეულ პიროვნებასთან), ხანგრძლივობას, ვადებს, სიხშირეს, გარემოს/ადგილმდებარეობას, ერთ ინტერვიუზე დამსწრე ადამიანების რაოდენობას (მაგალითად, ინდივიდუალური თუ ჯგუფური ინტერვიუ) და რესპონდენტების სტილს (Lecompte and Pressle 1993: 177). განხორციელების ეტაპზე მნიშვნელოვანია, მაგალითად, რესპონდენტისთვის პასუხების გაცემა, წახალისება, ზონდირება, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, ახსნა, კრისტალიზაცია - ფორმის მიცემა, მაგალითების მოყვანა, შეჯამება, ცენზურისთვის თავის არიდება, მიღება. ანალიზის ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია, მაგალითად (Lecompte and Pressle 1993: 195): აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა; მონაწილეების დაინტერესების დონე; კითხვისა და პასუხის სიცხადე; ინტერვიუერის სიზუსტე (და ამის გადმოცემა); როგორ უმკლავდება ინტერვიუერი საეჭვო პასუხებს (მაგალითად, შეთხზულ პასუხებს, სიცრუეს, პრეტენზიებს).       თვისებრივი კვლევა შორდება წინასწარ სტრუქტურირებულ, სტანდარტიზებულ ფორმებს და თავისუფალ ან ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუზე გადადის (იხილეთ თავი 16), რაც რესპონდენტებს სამყაროს მათეული გაგების პროეცირების შესაძლებლობას აძლევს. ის მოქნილობის საშუალებას იძლევა და არ ზღუდავს მონაწილეებს საუბრის ფიქსირებული თანმიმდევრობით, აძლევს მათ წინასწარ გაუთვალისწინებელი თემების წამოჭრისა და განხილვის შესაძლებლობას (Denzin 1970ბ; Silverman 1993).       ინტერვიუებთან ერთად, ლინკოლნი და გუბა (1985) განიხილავენ მონაცემების მიღებას ისეთი წყაროებიდან, რომლებშიც ადამიანი არ არის ჩართული, მათ შორის: დოკუმენტები და ჩანაწერები (მაგალითად, საარქივო ან პირადი ჩანაწერები) იმით არის მიმზიდველი, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომია, ხშირად საკმაოდ იაფად იძლევა ფაქტობრივ მასალას. მეორე მხრივ, ისინი შეიძლება, იყოს არარეპრეზენტაციული და სელექციური, ობიექტურობას მოკლებული, უცნობი იყოს მათი ვალიდობა და, შესაძლოა, განზრახ შეჰყავდეს მკითხველი შეცდომაში (იხილეთ Finnegan 1996). ნაკლებად შესამჩნევი ინფორმაციული ნარჩენები: აქ შედის არტეფაქტები, ფიზიკური კვალი და სხვადასხვაგვარი ჩანაწერი. მართალია, მათ ხშირად აქვთ ზედაპირული ვალიდობა, ისინი მარტივია, უშუალოდ მოცემული და ჩარევის გარეშეა მიღებული (და, შესაბამისად, შემცირებულია რეაქტიულობის პრობლემა), მაგრამ შესაძლოა, უკიდურესად დედუქციური, ლოგიკური მსჯელობის შედეგად მიღებული, ძნელად ასახსნელი იყოს და ისეთ ელემენტებს შეიცავდეს, რომელთა რელევანტურობაც ეჭვქვეშ დგას.       თვისებრივი მონაცმების შეგროვება არ შემოიფარგლება რამდენიმე დასახელებული სტრატეგიით. მას ეკლექტიზმი და მიზნისთვის შესატყვისობა ახასიათებს. ეს არ ნიშნავს, რომ "ყველაფერი გამოდგება", არამედ - "გამოიყენე ის, რაც შესატყვისია" - და ეს ქმედითი რჩევაა. მასონი (2002: 33 – 4) მხარს უჭერს მეთოდების ინტეგრაციას რამდენიმე მიზეზის გამო: ფენომენის სხვადასხვა ნაწილის ან ელემენტის შესწავლა მკვლევრის მიერ და რწმენა იმისა, რომ იცის, რა მიმართებაა მათ შორის; პასუხების გაცემა კვლევის სხვადასხვა კითხვაზე; სხვადასხვაგვარი პასუხის გაცემა ხედვის სხვადასხვა კუთხიდან კვლევის ერთ კითხვაზე; მეტ-ნაკლებად ღრმა და ვრცელი ანალიზი; ტრიანგულაცია (დასაბუთება) ერთი და იმავე ფენომენის შესახებ მოძიებული მონაცემებით.       მასონი (2002: 35) ამტკიცებს, რომ ინტეგრაცია სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს. ის თვლის, რომ მკვლევარმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები ურთიერთშემავსებელი, რათა გააერთიანოს, დააფუძნოს, დააგროვოს ისინი და ამით მთლიანი სურათი შექმნას. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია, მონაცემები ონტოლოგიურად ავსებდნენ ერთმანეთს, ანუ ეფუძნებოდნენ "სოციალური არსებისა და ფენომენის ბუნების შესახებ მსგავს, კომპლემენტარულ (ანუ ერთმანეთის შემავსებელ) ან ურთიერთშესადარებელ დაშვებებს". მასონი (2002: 36) ფიქრობს, რომ ინტეგრაცია ეპისტემოლოგიური თვალსაზრისით უნდა მოხდეს, ანუ მონაცემები ერთი და იგივე, უკიდურეს შემთხვევაში, კომპლემენტარული ეპისტემოლოგიებიდან უნდა მომდინარეობდეს; ის ამბობს, რომ მონაცემები "ეფუძნება მსგავს, ურთიერთშემავსებელ ან ურთიერთშესადარებელ დაშვებებს იმის შესახებ, თუ რისი დასაბუთებული მოცემა შეუძლია მტკიცებულებების ცოდნას". და ბოლოს, მასონი (2002: 36) ამტკიცებს, რომ ინტეგრაცია ახსნის დონეზე უნდა მოხდეს, რაშიც ის გულისხმობს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებიდან სხვადასხვა მეთოდით მიღებული მონაცემების გაერთიანება თანმიმდევრულ, დამაჯერებელ და სათანადო არგუმენტად. ეტაპი 8: მონაცემების შეგროვება საკვლევი ველის გარეთ       შესადარებლად და ფენომენის ასახსნელად მკვლევარმა შეიძლება სასარგებლოდ მიიჩნიოს იმ ჯგუფის ფარგლებს გარეთ გასვლა, რომელშიც ეს ფენომენი ვლინდება. ეს რომ რთული და მძიმე საკითხია, შემდეგ მაგალითში ჩანს: ორი მოსწავლე ძალიან აგრესიულად, ფიზიკურად ჩხუბობს. ერთი შეხედვით, ეს, უბრალოდ, ორი ადამიანის ჩხუბია; თუმცა ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავია ამ ორი მოსწავლისთვის - ისინი მეზობლები არიან და დიდად მეგობრული ურთიერთობით არ გამოირჩევიან, ვინაიდან მათ ოჯახებს შორის დიდი ხნის უთანხმოებაა. ისინი ერთმანეთის მეზობლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაასახლა, ვინაიდან გადაწყდა, რომ ერთად დაესახლებინათ ის ოჯახები, ვისაც უჭირდა ბინის ქირის გადახდა. ხელისფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შესაბამისად მიიღო, რომლის თანახმადაც, ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი ჯგუფების ერთად ლოკალიზაციის შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა მიზანმიმართული ქმედებები და ინტერვენციები. ამით დაკმაყოფილდებოდა როგორც მთლიანად თემის, ისე, ცალკეული ინდივიდების საჭიროებები.       აქ საკითხი ასე დგას: რამდენად უნდა დაშორდეს მკვლევარი მიკროგარემოს ამ სიტუაციაში გასარკვევად? ეს დაუზუსტებელი საკითხია, მაგრამ არ არის უმნიშვნელო განათლების სფეროში კვლევისთვის, ის საფუძვლად ედო რამდენიმე ნაშრომს, მაგალითად: (ა) ბოულსისა და გინტისის (Bowles and Gintis 1976) ცნობილ კვლევას, რომელიც კაპიტალისტური ამერიკის სკოლებს შეეხებოდა და სადაც ავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ სკოლები ფარული პროგრამით ისეთი სხვადასხვაგვარი სამსახურებრივი კარიერისთვის ამზადებდნენ მოსწავლეებს, რომელიც არაეგალიტარული კაპიტალისტური სისტემისთვის იყო დამახასიათებელი; (ბ) თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კვლევას (Hurn 1978); (გ) პოლარდის (1985: 110) შრომას, რომელიც ეხება დაწყებითი სკოლის სოციალურ გარემოს, სადაც ყოველდღიური ინტერაქციები მოსწავლეებს ამზადებდა ინდივიდუალიზმის, კონკურენციის, მიღწევაზე ორიენტაციის, იერარქიებისა და თავდაჯერებულობისთვის, რაც ასე პოპულარობით სარგებლობს ფართო საზოგადოებაში; (დ) დელამონტის (1981) პროპაგანდას, რომ განათლების სფეროს თეორეტიკოსებმა სკოლების მსგავსი ინსტიტუტები კი არ უნდა იკვლიონ, არამედ მათგან განსხვავებული (მაგალითად, საავადმყოფოები და სხვა "ტოტალური" ინსტიტუტები), რათა უცნობი ნაცნობად აქციონ (ასევე, იხილეთ Eriskon 1973). ეტაპი 9: მონაცემების ანალიზი       მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის ორი თავი (22-ე და 23-ე) მთლიანად თვისებრივი მონაცემების ანალიზს ეძღვნება, თვისებრივი კვლევის 11-ეტაპიანი პროცესის მთლიანობის დაცვის მიზნით, რამდენიმე წინასწარი შენიშვნა მაინც უნდა გავაკეთოთ. მონაცემების ანალიზი მოიცავს ორგანიზებას, რაოდენობრივ შეფასებასა და ახსნას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის მონაცემებში შინაარსის ჩადება სიტუაციის, შემჩნეული პატერნების, თემების, კატეგორიებისა და კანონზომიერებების განმსაზღვრელი მონაწილისეული ტერმინებით. თვისებრივ კვლევაში მონაცემების ანალიზი, ჩვეულებისამებრ, მათი შეგროვების პროცესშივე იწყება. ეს რამდენიმე მოსაზრებით ხდება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.       პრაქტიკულ ჭრილში თუ შევხედავთ, თვისებრივი მონაცემები სწრაფად აღწევს უზარმაზარ რაოდენობას, უფრო ადრეულიანალიზი კი ამცირებს მონაცემებით გადატვირთულობის პრობლემას, ვინაიდან ამ დროს ხდება შემდგომი ფოკუსირებისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების გადარჩევა. მაილსი და ჰუბერმენი (1984) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მონაცემების ზუსტად წარმოჩენა რედუქციისა და შერჩევის მნიშვნელოვანი ელემენტია. პარლეტისა და ჰამილტონის მიხედვით (Parlett and Hamilton 1976), "თანდათანობითი ფოკუსირება" მაშინ იწყება, როდესაც მკვლევარი მონაცემების შეგროვებისას ხედვის ფართო კუთხეს იღებს და შემდეგ მათი გამოხშირვით, დახარისხებით, გადახედვითა და გააზრებით ნათელი ხდება სიტუაციის ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებლები. ამ პროცესის შედეგად მიღებული მონაცემები შემდგომი ფოკუსირების საყრდენად გამოიყენება. ეს პროცესი ძაბრისებრია - ფართოდან ვიწროსკენ.       თეორიულ ჭრილში თვისებრივი კვლევის ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ ანალიზი მონაცემების შეგროვების დაწყებისთანავე იწყება, ასე რომ, უკვე შესაძლებელი ხდება თეორიის გენერაცია (LeComple and Pressle 1993: 238). ლეკომტი და პრეისლი (1993: 237 – 53) თვლიან, რომ მკვლევრებმა საკვლევი ფენომენის ძირითადი კონტურები უნდა მოხაზონ. შემდეგ უნდა გადაახარისხონ, დააჯგუფონ მონაცემები, რათა ერთიანი ლოგიკური სურათი დაინახონ (მაგალითად, წერილობით შეაჯამონ ნანახი). ამის შემდეგ გულდასმით უნდა დაანაწევრონ საველე ჩანაწერები, შეუთავსონ ერთმანეთს, დაუპირისპირონ, გადააჯგუფონ, შეადარონ და მოაწესრიგონ არსებული ჩანაწერები. აქ მიზანია გადანაცვლება აღწერიდან ახსნისკენ და თეორიის გენერაციისკენ.       მეტი სიცხადისთვის მონაცემების ანალიზი შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ შვიდნაბიჯიან პროცესად, რომელიც ქვემოთ არის მოცემული: ნაბიჯი: მონაცემების ანალიზის ერთეულების დადგენა და ამ ერთეულების მსგავსებისა და განსხვავების ჩვენება; ნაბიჯი: "სფეროების ანალიზი"; ნაბიჯი: სფეროებს შორის ურთიერთმიმართებისა და კავშირის დადგენა; ნაბიჯი: სპეკულაციური დასკვნების გაკეთება; ნაბიჯი: შეჯამება; ნაბიჯი: ნეგატიური და გამონაკლისი შემთხვევების მოძიება; ნაბიჯი: თეორიის გენერაცია. ნაბიჯი 1: მონაცემების ანალიზის ერთეულების დადგენა და ამ ერთეულების მსგავსებისა და განსხვავების ჩვენება. აქ კრიტერიუმია, რომ ანალიზის თითოეული ერთეული (კატეგორია - კონცეპტუალური, რეალური, კლასიფიკაციის ელემენტი, კლასტერი, საკითხი) შეძლებისდაგვარად დისკრეტული იყოს და, ამასთანავე, მთლიანობასაც ინარჩუნებდეს, ანუ ყოველი ერთეული ნათლად უნდა იყოს ფორმულირებული და კონტექსტს ან სხვა მონაცემებს დამახინჯებულად არ უნდა წარმოადგენდეს. ანალიზის ერთეულების შექმნა მონაცემებისთვის კოდების მინიჭებით არის შესაძლებელი (Miles and Huberman 1984), რაც "უნიფიკაციის" პროცესს ჰგავს (Lincoln and Guba 1985: 203). ნაბიჯი 2: "სფეროების ანალიზი". სფეროების ანალიზი დებულებებისა და ერთეულების ურთიერთდაკავშირებულ კლასტერებად, თემებად და პატერნებად დაჯგუფებას მოიცავს; სფერო ის კატეგორიაა, რომელიც რამდენიმე სხვა კატეგორიას აერთიანებს. სფეროების ანალიზს დეტალურად 23-ე თავში განვიხილავთ. ნაბიჯი 3: სფეროებს შორის ურთიერთმიმართებებისა და კავშირების დადგენა. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ შენარჩუნდეს მონაცემების სიმდიდრე და "კონტექსტით დაფუძნებულობა". კავშირების პოვნა დამადასტურებელი შემთხვევების იდენტიფიცირებით არის შესაძლებელი, რაც "საფუძვლად მდებარე ასოციაციებისა" (Lecompte and Pressle 1993: 246) და მონაცემთა ქვეჯგუფებს შორის კავშირების მოძიებით ხორციელდება. ნაბიჯი 4: სპეკულაციური დასკვნების გაკეთება. ეს მნიშვნელოვანი საფეხურია, ვინაიდან ამ დროს კვლევა აღწერიდან დასკვნაზე გადადის. მტკიცებულებების საფუძველზე მკვლევარმა გარკვეული ახსნების პოსტულირება უნდა მოახდინოს მოცემული სიტუაციისთვის, ზოგიერთი ძირითადი ელემენტისა და, სავარაუდოდ, მათი მიზეზებისთვისაც კი. ეს ჰიპოთეზების გენერაციის ან სამუშაო ჰიპოთეზების წამოყენების პროცესია, რასაც თეორიის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი. ნაბიჯი 5: შეჯამება. მკვლევარი უკვე დადგენილი ძირითადი თვისებების, საკითხების, ცნებების, კონსტრუქტებისა და იდეების შეჯამების მონახაზს წერს. შეჯამებაზე უფრო დაწვრილებით 23-ე თავში ვისაუბრებთ. ნაბიჯი 6: ნეგატიური და განსხვავებული შემთხვევების მოძიება. თეორიის გენერაციისას მნიშვნელოვანია არა მარტო დამადასტურებელი შემთხვევების მოძიება, არამედ საწინააღმდეგო შემთხვევების მნიშვნელობის შეფასებაც. ლეკომტი და პრეისლი (1993: 270) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ვინაიდან მონაცემების ინტერპრეტაცია თავად მონაცემებსვე ეფუძნება, შედეგები ვერ ახერხებს საწყისი ჰიპოთეზების მხარდაჭერას, არც უარიყოფა და არც საეჭვოდ ითვლება. ამიტომ თავად ჰიპოთეზა უნდა შეიცვალოს ისე, რომ მოერგოს ამ მონაცემებს. პრობლემების გადაწყვეტის თანდათანობით პროცესს ერიკსონი (1992: 208) ერთნოგრაფიული კვლევისა და მონაცემების ანალიზის ერთ-ერთ ძირითად ასპექტად მიიჩნევს. ლეკომტი და პრეისლი (1993: 250 – 1) ნეგატიურ შემთხვევას განმარტავენ, როგორც ნიმუშს, რომელიც ეწინააღმდეგება ან უარყოფს არსებულ სამუშაო ჰიპოთეზას, წესს ან ახსნას. ასეთი შემთხვევა პოზიტივისტი მკვლევრის ნულოვანი ჰიპოთეზის ეკვივალენტია თვისებრივ კვლევაში. განვითარების პროცესში მყოფი თეორია უფრო ძლიერდება და მყარდება, თუ ნეგატიურ შემთხვევას უმკლავდება, ვინაიდან ეს შემთხვევა აწესებს თეორიის საზღვრებს, ახდენს მის მოდიფიცირებას და განსაზღვრავს თეორიის გამოყენების პარამეტრებს.       განსხვავებული შემთხვევა იმდენად წესიდან გამონაკლისი არ არის (როგორც ნეგატიური შემთხვევა), რამდენადაც წესის ვარიანტი (Lecompte and Pressle 1993: 251). განსხვავებულ შემთხვევას კონსტრუქტის, წესის ან წამოყენებული ჰიპოთეზის მოდიფიკაციამდე ან შემუშავებამდე მივყავართ. მკვლევარმა ისეთი შემთხვევები უნდა მოძებნოს და გააანალიზოს, რომლებსაც წესი, კონსტრუქტი ან ახსნა ვერ მიუდგება, ან რომელთაც მათ ვერ მოვარგებთ, ანუ ეს შემთხვევები არც გამონაკლისია და არც საწინააღმდეგო, ისინი, უბრალოდ, ერთმანეთისგან განსხვავდება! ნაბიჯი 7: თეორიის გენერაცია. თეორია მონაცემებიდან მომდინარეობს, მას საფუძველი მონაცემებში აქვს და მათგან წარმოიქმნება. როგორც ლინკოლნი და გუბა (1985: 205) ამტკიცებენ, მონაცემებზე დაფუძნებული თეორია უნდა ერგებოდეს საკვლევ სიტუაციას. დაფუძნებული თეორია ინტერაქციული პროცესია, რომელიც მონაცემებსა და თეორიას შორის მოძრაობს მანამ, სანამ თეორია არ მოერგება მონაცემებს. ამით ირღვევა ტრადიციული კვლევის უმეტესობისთვის დამახასიათებელი სწორხაზოვნება (Flick 1998: 41, 43), რომლის დროსაც ყალიბდება ჰიპოთეზები, მიიღება გადაწყვეტილება შერჩევის შესახებ, გროვდება მონაცემები და ანალიზდება. ჰიპოთეზები ან დასტურდება, ან - არა. დაფუძნებულ თეორიაში მიღებულია წრიული და ცვალებადი პროცესი, როდესაც თეორია მონაცემების მიხედვით იცვლება და წამოჭრილი საკითხების საკვლევად მეტი და მეტი მონაცემების მოპოვებას ცდილობს (თეორიული შერჩევა).       ლინკოლნი და გუბა (1985: 354 – 5) მოუწოდებენ მკვლევარს, რომ მონაცემების ანალიზისას და ინტერპრეტირებისას რამდენიმე საკითხი ახსოვდეს, მათ შორის: მონაცემებით გადატვირთვა; მხოლოდ პირველი შთაბეჭდილების მიხედვით მოქმედების პრობლემა; ადამიანებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მაგალითად, რამდენად რეპრეზენტაციულია ისინი და საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანები და მონაცემები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდა, შეიძლება, მნიშვნელოვანი ყოფილიყო); საფრთხე, რომელსაც ქმნის მხოლოდ დამადასტურებელი და არა საწინააღმდეგო შემთხვევების ძებნა; მონაცემების სანდოობა და თანმიმდევრულობა და რწმენა, რომ შეიძლება ამ მონაცემების შედეგში შეტანა.       ეს მნიშვნელოვანი საკითხებია კვლევაში სანდოობის, დამაჯერებლობისა და ვალიდობის პრობლემების მოგვარებისას (იხილეთ სანდოობისა და ვალიდობის განხილვა მეხუთე თავში). ამ მიდგომის არსი, რომ თეორია მონაცემებიდან მომდინარეობს და მათ ეფუძნება, არ რჩება კრიტიკის გარეშე. მაგალითად, სილვერმენს (1993: 47) მიაჩნია, რომ ის ვერ ახერხებს იმ იმპლიციტური თეორიების გათვალისწინებას, რომლებიც კვლევის ადრეულ ეტაპებზე წარმართავს კვლევას (ანუ მონაცემები თეორიისგან თავისუფალი, ანუ სრულიად ნეიტრალური კი არ არის, არამედ გაჟღენთილია თეორიით); ასევე, თვლის, რომ მას შეიძლება, კარგად ეხერხებოდეს კატეგორიზაცია აუცილებელი ახსნითი პოტენციალის გარეშე. ეს გაფრთხილებააა, რომელიც, ალბათ, თვისებრივ კვლევაში რეფლექსიის პროცესშია გამოსაყენებელი. ეტაპი 10: საკვლევი ველის დატოვება       კვლევის დასასრულს გადასაწყვეტია, როგორ დავამთავროთ კვლევა, როგორ გამოვიდეთ აღებული როლებიდან, როგორ შევწყვიტოთ კვლევის პროცესში აწყობილი ურთიერთობები (და უნდა შევწყვიტოთ თუ არა საერთოდ) და როგორ გამოვიდეთ ველიდან ისე, რომ, შეძლებისდაგვარად, მინიმალურად დაზარალდეს ჯგუფი ან სიტუაცია (Lecompte and Pressle 1993: 101). დე ლეინი (2000: 142) შენიშნავს, რომ შეიძლება, ზოგიერთ მონაწილეს კვლევის შემდეგაც უნდოდეს ურთიერთობის შენარჩუნება და უარმა მათში იმედგაცრუების, ექსპლუატაციის, ღალატის განცდაც კი გამოიწვიოს. მკვლევარმა უნდა გაიაზროს წასვლის შემდგომი ეფექტები და იზრუნოს, რომ არავინ დატოვოს გულნატკენი კვლევის დასრულების შემდეგ, მაშინაც კი, როცა შეუძლებელია დადგენა, ნახეს თუ არა მათ რაღაც სარგებელი კვლევიდან. ეტაპი 11: წერილობითი ანგარიში       კვლევით ლიტერატურაში შეინიშნება კვლევის ჩატარებიდან კვლევის წარდგენისკენ გადანაცვლება. ხშირად ხდება, რომ ბუნებრივი კვლევის წერილობითი სახით წარდგენის მთავარი საშუალება შემთხვევის შესწავლაა (იხილეთ თავი 11), რომლის "ნდობის ღირსად ყოფნა" (Lincoln and Guba 1985: 189) განისაზღვრება ტერმინებით: დამაჯერებლობა, გადატანა, სანდოობა და დადასტურება. ეს თემები მეექვსე თავში განვიხილეთ. შემთხვევის შესწავლა იმ მხრივ არის გამოსადეგი, რომ ეთნოგრაფიული კვლევისთვის სასარგებლო გაჯერებულ აღწერებს იძლევა და შეუძლია დააფიქსიროს და მკითხველს გადასცეს, რას ნიშნავს სიტუაციაში ყოფნა (გვ. 214). როგორც ლინკოლნი და გუბა (1985: 359) ამბობენ, შემთხვევის შესწავლა იდეალური ინსტრუმენტია -ემურ კვლევა-ძიებაში. ის იმ ნაგულისხმევი ცოდნის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ავტორი და მკითხველი დებენ ნაშრომში. შემთხვევის შესწავლა ამ ცოდნაზევე აიგება და, ამგვარად, სერიოზულად უყურებს კვლევაში "ადამიანის, როგორც ინსტრუმენტის" მკვლევრისა და მონაწილეებისეულ ცნებას, მიუთითებს რა მათ ურთიერთქმედებაზე.       ლინკოლნი და გუბა (1985: 365 – 6) შემთხვევის შესწავლის წერილობითი სახით წარდგენისთვის რამდენიმე მითითებას იძლევიან: წერილობითი ნაშრომი არაფორმალური, ბუნებრივი უნდა იყოს, რათა გადმოსცეს არაფორმალურობა და ბუნებრიობა. რამდენადაც შესაძლებელია, ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტები. გამონაკლისს შეადგენს ნაშრომის ის ნაწილები, სადაც თვალნათლივ არის მოცემული ინტერპრეტაცია, შეფასება და დასკვნა. ნაშრომის კონტურების მოხაზვისას უმჯობესია, საჭიროზე მეტი დაიწეროს, ვიდრე დააკლდეს რამე. ანგარიშის წერის ეთიკურ წესებს სათანადო პატივი უნდა მიეგოს, მაგალითად, ანონიმურობას და ამოუცნობლობას. შემთხვევის შესწავლის წერილობით წარდგენისას იმდენად ნათლად უნდა იყოს მოცემული მონაცემები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომი, რომ მკითხველმა შეძლოს სანდოობის, ვალიდობისა და დასკვნების გადამოწმება. უნდა განისაზღვროს ნაშრომის დასრულების კონკრეტული თარიღი.       სპრადლი (1979) ეთნოგრაფიული კვლევის წერილობითი ნაშრომის სახით გაფორმების ცხრა პრაქტიკულ ნაბიჯს გვთავაზობს: შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია; შეარჩიეთ თეზისი; ჩამოწერეთ თემები და გააკეთეთ ეთნოგრაფიული კვლევის გეგმა; მოხაზეთ გეგმის თითოეული ნაწილის უხეში, ზოგადი კონტურები; გადასინჯეთ გეგმა და გაუკეთეთ ქვესათაურები; შეასწორეთ თქვენივე რედაქტირებული მონახაზი; დაწერეთ შესავალი და დასკვნა; წაიკითხეთ მონაცემები და ანგარიში მაგალითების მოსაძებნად; დაწერეთ საბოლოო ვარიანტი.       ცხადია, რომ შემთხვევის შესწავლის წერილობით გადმოცემისას ბევრი სხვა ასპექტია, რომელიც უნდა აღინიშნოს. მათზე მეთერთმეტე თავში ვისაუბრებთ.       კრიტიკული ეთნოგრაფია       კრიტიკული ეთნოგრაფია ეთნოგრაფიის განვითარებადი შტოა, რომელიც პირველ თავში განხილულ კრიტიკულ პარადიგმას თანხვდება. აქ წარმოებს თვისებრივი, ანთროპოლოგიური, მონაწილის, დამკვირვებელზე დაფუძნებული კვლევა და მისი თეორიული საფუძველი კრიტიკულ თეორიაში ძევს (Quantz 1992: 448; Carspecken 1996). როგორც პირველ თავში ითქვა, ეს პარადიგმა დაინტერესებულია, რომ საზოგადოებაში არსებული ჩაგვრისა და უთანასწორობის პირობებში, გაიზარდოს ინდივიდებისა და ჯგუფების უფლებამოსილება კოლექტიური ემანსიპირების იდეის წარმოჩენით. ამ თვალსაზრისით, კვლევა იმთავითვე პოლიტიკური წამოწყებაა. ქარსპეკენი (1996: 4 ff) კრიტიკური ეთნოგრაფიის რამდენიმე ძირითად წანამძღვარს ასახელებს: კვლევა და აზროვნება ძალაუფლებითი ურთიერთობებით არის გაშუალებული; ეს ძალაუფლებითი ურთიერთობები კონკრეტულ სოციალურ და ისტორიულ კონტექსტში ხორციელდება; ფაქტები და ღირებულებები განუყოფელია ერთმანეთისგან; ურთიერთობები საგნებსა და ცნებებს შორის დენადია და წარმოების სოციალური ურთიერთობებით არის გაშუალებული; სამეტყველო ენას ცენტრალური ადგილი უკავია აღქმაში; საზოგადოების გარკვეული ჯგუფები სხვებზე უფრო ძლიერია; უთანასწორობა და ჩაგვრა წარმოებისა და მოხმარების კაპიტალისტური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია; იდეოლოგიური დომინაცია ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ჩაგრული ჯგუფები საკუთარ მდგომარეობას გარდაუვლად, ბუნებრივად ან აუცილებლად მიიჩნევენ; ჩაგვრის ფორმები ერთმანეთს აშუალებენ და ამიტომ ერთად უნდა განიხილებოდეს (მაგალითად, რასა, გენდერი, კლასი).       ქუანცი (Quantz 1992: 473 – 4) ამტკიცებს, რომ კვლევაში უცილობლად მოიაზრება გარკვეული ღირებულებები, ამიტომ ის გარკვეულ ინტერესებს ემსახურება. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ კრიტიკულ ეთნოგრაფიაში მომუშავე მკვლევრებმა უნდა გამოიკვლიონ ეს ინტერესები და მონაწილეები ემანსიპაციისკენ და თავისუფლებისკენ წაიყვანონ. ამგვარად, კვლევის ფოკუსი და მიზანი სულით ხორცამდე პოლიტიკურია და ეხება ძალაუფლებას, დომინირებას, ხმის უფლებასა და უფლებამოსილებას. კრიტიკულ ეთნოგრაფიაში ის კულტურები, ჯგუფები და ინდივიდები, რომლებსაც შეისწავლიან, ძალაუფლებისა და ინტერესების კონტექსტებში იმყოფებიან. ეს კონტექსტებია საკვლევი, მათი ლეგიტიმურობაა გასარკვევი და თავად კვლევის საფუძვლად მდებარე ღირებულებებია გამოსავლენი. კრიტიკულ ეთნოგრაფიაში მაღალია რეფლექსიურობის დონე. ეთნოგრაფიის სხვა ფორმებისგან კრიტიკული ეთნოგრაფია იმით განსხვავდება, რომ ის საზოგადოებაში ლეგიტიმურობის, ძალაუფლების და ღირებულებების შესახებ სვამს კითხვებს და წინა პლანზე სწევს დომინირებასა და ჩაგვრას. როგორ მუშაობს კრიტიკული ეთნოგრაფი?       ქარსპეკენი და ეიფლი (Carspecken and Apple 1992: 512 – 14) და ქარსპეკენი (1996: 41 – 2) კრიტიკულ ეთნოგრაფიაში ხუთ ეტაპს გამოყოფენ. ეს ეტაპები ქვემოთ არის აღწერილი. ეტაპი 1: პირველადი "მონოლოგური" ჩანაწერები       ამ ეტაპზე მკვლევრები - მონაწილე დამკვირვებლები - შედარებით პასიურები და შეუმჩნევლები არიან. მათი ამოცანა ობიექტური მონაცემების მოპოვებაა. ეს "მონოლოგური" პროცესია იმ მხრივ, რომ მკვლევარი მხოლოდ თავისთვის აკეთებს ჩანაწერებს. ლინკოლნი და გუბა (1985) თვლიან, რომ ამ ეტაპზე ვალიდობის შემოწმება მოცავს: ჩაწერისთვის სხვადასხვაგვარი მოწყობილობისა და სხვადასხვა დამკვირვებლის გამოყენებას; დაკვირვების მოქნილი განრიგის გამოყენებას მიკერძოებულობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით; სიტუაციაში ხანგრძლივად დარჩენას ჰოთორნის ეფექტის დაძლევის მიზნით; დასკვნების ნაკლებად შემცველი ტერმინოლოგიისა და აღწერების გამოყენებას; კოლეგებთან გასაუბრების გამოყენებას; რესპონდენტის მიერ ვალიდაციის გამოყენებას.       ეხმიანება რა ვალიდობის შესახებ ჰაბერმასისეულ (1979; 1982; 1994) ნაშრომს, ვალიდობა მოიაზრებს სიმართლეს (ნათქვამის უტყუარობა), ლეგიტიმურობას (ნათქვამის სისწორესა და შესატყვისობას), გაგებას (ნათქვამი გასაგებია) და გულწრფელობას (მთქმელის განზრახვები). ქარსპეკენი (1996: 104 – 5) ითვალისწინებს ამას, როდესაც ობიექტური ვალიდობის შესახებ დასკვნის რამდენიმე კატეგორიას გვთავაზობს: აქტი გასაგები, სოციალურად ლეგიტიმური და შესატყვისია; აქტიორს კონკრეტული იდენტობა და განზრახვები ან გრძნობები აქვს, როდესაც მოქმედება ხორციელდება; აღიარებული და გათვალისწინებულია ობიექტური, კონტექსტუალური ფაქტორები. ეტაპი 2: წინასწარი რეკონსტრუქციული ანალიზი       რეკონსტრუქციული ანალიზი ცდილობს, გამოავლინოს სიტუაციის მნიშვნელობის ან აბსტრაქციების ის მდგენლები, რომლებსაც მონაწილეები თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევენ. ასეთი ანალიზი ღირებულებათა სისტემების, ნორმებისა და ძირითადი ცნებების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად, რომლებიც მას საფუძვლად უდევს და რომლებიც მართავენ სიტუაციებს. ქარსპეკენი (1996: 42) ფიქრობს, რომ მკვლევარი უბრუნდება I ეტაპზე გაკეთებულ პირველად ჩანაწერებს ურთიერთქმედების პატერნების, ძალაუფლებითი ურთიერთობების, როლების, მოვლენების მიმდევრობის და სიტუაციებისთვის მინიჭებული მნიშვნელობების შესასწავლად. ის აცხადებს, რომ ამ ეტაპს "რეკონსტრუქციულად" აქცევენ ის კულტურული თემები, სოციალური და სისტემის ფაქტორები, რომელთა შესახებ თავად მონაწილეები, ჩვეულებისამებრ, არ საუბრობენ ხოლმე და, ფაქტიურად, ხდება მათი რეკონსტრუქცია და გარკვევით წარმოჩენა - შეუმჩნეველ დისკურსად იქცევა. ამ ეტაპზე აბსტრაქციის უფრო მაღალ დონეზე გადანაცვლებისას შესაძლებელია კოდირების უფრო მაღალი დონის გამოყენება (იხილეთ კოდირების განხილვა ამ თავში).       კრიტიკულ ეთნოგრაფიაში ქარსპეკენი (1996: 141) ამ ეტაპზე ვალიდობის უზრუნველყოფის რამდენიმე გზას აღწერს: თავად სუბიექტებთან ინტერვიუებისა და ჯგუფური დისკუსიების გამოყენება; რეკონსტრუქციების ჯგუფის წევრებთან გადამოწმება, რათა გათანაბრდეს ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართება; კოლეგებთან გასაუბრების გამოყენება (წყვილს სთხოვენ, გადახედოს მონაცემებს და თქვას, მკვლევარი ძალიან სელექციური ხომ არ იყო, მაგალითად, ინდივიდების, მონაცემების ან დასკვნების მიმართ) რეკონსტრუქციებში მიკერძოებულობის ან ჩავარდნების გადასამოწმებლად; ველში ხანგრძლივად ყოფნა, რათა მკვლევარმა უკეთ შეძლოს შინაურის, ჯგუფის წევრის თვალთახედვის წვდომა; "უკუანალიზის" გამოყენება - პირველადი მონაცემებიდან ამოკრეფილ მონაცემებში თემებისა და სეგმენტების გადამოწმება, მათი პირველად მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ნეგატიური შემთხვევების ანალიზის გამოყენება. ეტაპი 3: მონაცემების დიალოგური მოგროვება       ამ ეტაპზე მონაცემების მოპოვება მონაწილეებთან საუბრით ხდება და მათთანვე განიხილება (Carspecken and Apple 1992). ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი არაბუნებრივია იმ მხრივ, რომ მონაწილეებს სთხოვენ, დაფიქრდნენ საკუთარ სიტუაციებზე, გარემოებებსა და ცხოვრებაზე და წამოაყენონ თეორიები მათ შესახებ. ეს გადამწყვეტი ეტაპია, ვინაიდან მონაწილეებს ხმის უფლებას აძლევს, ხოლო კვლევას დემოკრატიულობას სძენს. შესაძლოა, ამ ეტაპზე ახალი მონაცემები გაჩნდეს, რაც წინა ორი ეტაპისთვის გამოწვევაა და საეჭვოს ხდის მანამდე მიღებულ სურათს.       კვლევის ამ ეტაპზე მონაწილეების მეტი სუბიექტურობის უზრუნველსაყოფად ქარპსეკენი (1996: 164 – 5) ვალიდობის გადამოწმების რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს, მაგალითად: ჩაწერილი ინტერვიუების შეთანხმებულობის შემოწმებას, განმეორებით ინტერვიუებს მონაწილეებთან, მიმდინარე მოვლენის ან მომხდარი მოვლენის შესახებ მონაწილის ნათქვამისა და დაკვირვების შედეგების ურთიერთშედარებას, ინტერვიუირებისას მიმართულების მომცემი კითხვებისთვის თავის არიდებას, კოლეგასთან გასაუბრების გამოყენებას, რესპონდენტების მიერ ვალიდაციას, თხოვნას, რომ მონაწილეებმა ბუნებრივი კონტექსტების აღწერისას თავიანთი ტერმინები გამოიყენონ და განმარტონ ისინი. ეტაპი 4: სისტემური მიმართებების აღმოჩენა       ამ ეტაპზე დგინდება საკვლევი ჯგუფის მიმართება სხვა ფაქტორებთან, რომელთანაც უწევს მას შეჯახება, მაგალითად, ლოკალური ადგილმდებარეობა, ლოკალური თემის ჯგუფები, რომლებიც კულტურულ პროდუქტს ქმნიან. ქარპსეკენი (1996: 202) აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვალიდობის შემოწმება მოიცავს წინა ეტაპების მოთხოვნების დაცვას, მკვლევრის ანალიზისა და მონაწილეებისა და სხვა მკვლევრების მიერ მოწოდებული კომენტარების ურთიერთშედარებას, კოლეგასთან გასაუბრებას და რესპონდენტის მიერ ვალიდაციის გამოყენებას. ეტაპი 5: სისტემური მიმართებების გამოყენება მიღებული შედეგების ასახსნელად       ამ ეტაპზე ხდება მიღებული შედეგების შესწავლა და ახსნა მაკროსოციალური თეორიების ჭრილში (Carspecken 1996: 202). ნაწილობრივ, ეს არის კვლევის შედეგებისა და სოციალური თეორიის ურთიერთშედარების და შედეგების თეორიისთვის მორგების პროცესი.       ამრიგად, კრიტიკულ ეთნოგრაფიაში მოძრაობის მიმართულება ასეთია: სიტუაციის აღწერა, გაგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და შეცვლა. ეს შეესაბამება იდეოლოგიის კრიტიკის ეტაპებს, რომელიც პირველ თავშია წარმოდგენილი: ეტაპი: არსებული სიტუაციის აღწერა – ჰერმენევტიკული პროცესი; ეტაპი: იმ მიზეზების წვდომა, რომლებმაც შექმნა არსებული სიტუაცია; ეტაპი: სიტუაციის შეცვლის გეგმა; ეტაპი: ახალი სიტუაციის მიღწევის შეფასება.       ეთნოგრაფიულ და ბუნებრივ მიდგომებთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა       ეთნოგრაფიულ და ბუნებრივ მიდგომებში რამდენიმე სირთულე არსებობს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კვლევის სანდოობასა და ვალიდობაზე. მათ რიცხვში შედის: სიტუაციის დეფინიცია: მონაწილეებს სთხოვენ სიტუაციის მათეული დეფინიციის მოცემას, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი განსაზღვრება. ისინი შეიძლება "მცდარად პატიოსანნი" იყვნენ (არაფერი იცოდნენ "რეალური" სიტუაციის შესახებ), განზრახ ამახინჯებდნენ, ან მცდარად წარმოაჩენდნენ სიტუაციას, ან უკიდურესად სელექციურნი იყვნენ. სანდოობისა და ვალიდობის ეს საკითხები წიგნის მეექვსე თავშია განხილული (იხილეთ ტრიანგულაციის განხილვა). სანდოობა: ჰოთორნის ეფექტი - მკვლევრის ყოფნა სიტუაციაში განაპირობებს მის შეცვლას, რადგან მონაწილეებს შეიძლება, სურდეთ, მკვლევარს თავი აარიდონ, მიმართულება მისცენ ან უარყონ, მასზე ზემოქმედება იქონიონ, ან შთაბეჭდილება მოახდინონ. ეს საკითხებიც მეექვსე თავშია განხილული. რეაქტიულობის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება გულდასმით მოლაპარაკებით, ველში საკმარისად ხანგრძლივად ყოფნითა და მკვლევრის მიერ საკუთარი თავის შეძლებისდაგვარად სწორად წარდგენით. ანგელოზის ეფექტი: როდესაც სიტუაციის ან მონაწილეების შესახებ არსებული ან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით შეიძლება მონაცემების შემდგომი მოგროვება სელექციური გახდეს, ანდა ამ ინფორმაციის არსებობამ შემდგომში სიტუაციის კონკრეტულ ჭრილში ხედვამდე მიგვიყვანოს (თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების[2] ეკვივალენტი კვლევაში). ეს სანდოობის საკითხია და მისი მოგვარება შესაძლებელია ფართო, ტრიანგულირებული მონაცემთა ბაზის გამოყენებითა და გარეშე დამკვირვებლის დახმარებით. შარავანდედის ეფექტი, ჩვეულებრივ, გულისხმობს, რომ მკვლევარს სწამს მონაწილეების გულკეთილობა და სულგრძელობა (მონაწილეები შარავანდედით არიან მოსილნი!) და, შესაბამისად, მათი ქცევის უარყოფითი მხარე თუ პიროვნული ნაკლი უარიყოფა ან უყურადღებოდ რჩება. ამის საპირისპიროა, ეშმაკის ეფექტი, როცა მკვლევარს სწამს, რომ მონაწილეები ცუდი, უვარგისი ადამიანები არიან (ეშმაკის რქები ადგათ თავზე!) და უარყოფს ან უყურადღებოდ ტოვებს მათ დადებით მხარეებს. ინტერპრეტაციული მეთოდოლოგიის იმპლიციტური კონსერვატიზმი. კვლევის ეს ტიპი, კრიტიკული ეთნოგრაფიის გამოკლებით, მონაწილეებსა და დამხმარეებს მათი სტატუს კვოთი იღებს. ის მათ წარსულსა და აწმყოზე ფოკუსირდება და არა მომავალზე. არსებობს ნაცნობზე ფოკუსირების სირთულე. მონაწილეები (და, შესაძლოა, მკვლევრებიც) იმდენად ახლოს არიან სიტუაციასთან, რომ უარყოფენ მის ნამდვილად არსებულ, ხშირად ნაგულისხმევ, ასპექტებს. შესაბამისად, დგება ნაცნობის უცნობად გადაქცევის ამოცანა. დელამონტი (1981) თვლის, რომ ნაცნობის უცნობად გადაქცევა შეიძლება: ერთი საკითხის უჩვეულო მაგალითების შესწავლით (მაგალითად, ატიპური კლასები, სასკოლო ცხრილები ან სტრუქტურა); სხვა კულტურებიდან აღებული მაგალითების შესწავლით; იმ სხვა სიტუაციების შესწავლით, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდნენ საკვლევ სიტუაციას (მაგალითად, სკოლების შესწავლისას შეიძლება გამოსადეგი იყოს ისეთი, გარკვეულწილად, მსგავსი, მაგრამ განსხვავებული ორგანიზაციების ნახვა, როგორიცაა საავადმყოფო ან ციხე). შესასწავლი სიტუაციების ღიაობითა და მრავალფეროვნებით. ჰამერსლი (1993) ამბობს, რომ სპეციფიკურ კონტექსტებსა და სიტუაციებზე ფოკუსირებით შესაძლოა ზედმეტად გამოკვეთილი აღმოჩნდეს კონტექსტებსა და სიტუაციებს შორის განსხვავებები და არა მათ შორის არსებული უფრო მეტი მსგავსება, მათი საერთო ნიშნები. იგი ამტკიცებს, რომ მკვლევრები კანონზომიერებებსაც ისევე უნდა აცნობიერებდნენ, როგორ განსხვავებებს. უფრო ფართო სოციალური კონტექსტისა და შეზღუდვების უარყოფით. ისეთი სიტუაციების შესწავლისას, სადაც ხაზგასმულია მათი სიტუაციით შეზღუდულობა, შეიძლება უარყოფილ იქნას უფრო ფართო დინებები და კონტექსტები - კვლევის მიკროდონე საზღვრების დაწესების რისკის წინაშე დგას, რაც გამორიცხავს მაკროდონის მნიშვნელოვან ფაქტორებს. ფართო მაკროკონტექსტები ვერ გამოირიცხება კონკრეტული სიტუაციებიდან. განზოგადების საკითხი. თუ სიტუაციები უნიკალური და არაგანზოგადებადია, როგორც მრავალი ბუნებრივი პრინციპი ამბობს, როგორ უნდა გადაწყდეს განზოგადების საკითხი? რა კონტექსტებისთვის იქნება მიღებული შედეგები გამოსადეგი? რა როლი აქვს და როგორია რეპლიკაციის კვლევები? როგორ უნდა დაიწეროს მრავალჯერადი რეალობა და ახსნა? როგორ მიიღწევაა რეპრეზენტაციული ხედვა? რა ხდება მაშინ, როდესაც მკვლევარი ისეთ რაღაცეებს ხედავს, რაც მონაწილეებს არ დაუნახავთ? ვის ეკუთვნის მონაცემები, ანგარიში, და ვინ აკონტროლებს მათ გაცემას?       ამრიგად, ბუნებრივი და ეთნოგრაფიული კვლევები განათლების სფეროში მნიშვნელოვანი, მაგრამ პრობლემური კვლევის მეთოდების ერთიანობაა. ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი სტილის ეს კვლევები ფართოდ არის გავრცელებული და თანდათან მატულობს მათი გამოყენება. [1] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: მედიცინაში ამ ტერმინით აღნიშნავენ მდგომარეობას, როდესაც ადმიანს არ შეუძლია სტრესთან შეგუება [2] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: შესატყვისი ინგლისური ტერმინია "self-fulfiling prophecy", რომელიც ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველება, ვარაუდი თავად იწვევს შესრულებას, რადგან მის დაჯერებასა და ქცევას შორის კავშირია. ◄ წინა ნაწილი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:41pm on მარტი 29, 2017
თემა: კონტენტ ანალიზი
მეთოდების გამოყენების ორი ვრცელი მაგალითი. თვისებრივი მონაცემების ანალიზს ხშირად კონტენტ ანალიზის ფორმა აქვს. თვისებრივი მონაცემების ანალიზის ერთ-ერთ მუდმივად არსებულ პრობლემას დიდი რაოდენობის წერილობითი მონაცემების შემცირება და ოპტიმალურ რაოდენობამდე დაყვანა წარმოადგენს. მონაცემების შემცირება თვისებრივი ანალიზის ძირითადი ელემენტია, რომელიც თვისებრივი მონაცემების თვისების გათვალისწინებით ხორციელდება. აღნიშნულისმიღწევის ერთ-ერთი გავრცელებული პროცედურა კონტენტ ანალიზია - პროცესი, რომლითაც „ტექსტებში მოცემულიდიდი რაოდენობის სიტყვები გაცილებით მცირე რაოდენობის კატეგორიებში ერთიანდება“ (Weber 1990: 15). ამ პროცედურის მიზანი მასალის სხვადასხვა გზით შემცირებაა (Flick 1998: 192). კატეგორიები, ჩვეულებრივ, თეორიული კონსტრუქტებიდან ან მკვლევრისთვის საინტერესო სფეროებიდან მიიღება, რომლებიც ანალიზის დაწყებამდე, წინასწარაა განსაზღვრული (წინასწარი კატეგორიზაცია) და მიღებული მასალისგან ნაკლებად იქმნება თუმცა, ცხადია, ემპირიული მონაცემების მიხედვით მათი შეცვლა შესაძლებელია. რა არის კონტენტ ანალიზი?       ტერმინი „კონტენტ ანალიზი“ („შინაარსის ანალიზი“) ხშირად არა ზუსტად გამოიყენება. ფაქტობრივად, ის უბრალოდ წერილობითი მონაცემების, მათი ძირითადი შინაარსისა და მოწოდებული ცნობის - შეჯამებასა და წარდგენას გულისხმობს. უფრო ზუსტად, კონტენტ ანალიზი განისაზღვრება, როგორც წერილობითი მონაცემების შინაარსის დეტალური ანალიზის, შესწავლისა და დასაბუთების ზუსტი და თანმიმდევრული პროცედურების ერთობლიობა (Flick 1998: 192; Mayring 2004: 266). კრიპენდორფის (Krippendorp 2004: 18) მიხედვით, ეს არის „კვლევის ტექნიკა, რომელიც ტექსტებიდან (ან მნიშვნელობის მქონე სხვა შინაარსიდან) მათი (ამ ტექნიკების) გამოყენების კონტექსტის შესახებ გამეორებადი და ვალიდური დასკვნების გასაკეთებლად არის განკუთვნილი“. ტექსტი განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი წერილობითი კომუნიკაციის მასალა, რომლის წაკითხვა, ინტერპრეტაცია და გაგება ანალიტიკოსების გარდა, სხვებმაც უნდა შესძლონ (Krippendorp 2004: 30).       კონტენტ ანალიზი მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საჯარო გამოსვლების ანალიზის საფუძველზე შეიქმნა და ორივე ფორმის საკომუნიკაციო მასალის, როგორც სტრუქტურირებულის, ასევე არასტრუქტურირებულის შესწავლაზე ვრცელდება. ის შეიძლება გამოყენებული იყოს „იმ მნიშვნელოვანი პრობლემების შესასწავლად, რომლებიც თავს იჩენს კულტურის, სოციალური სტრუქტურისა და სოციალური ურთიერთქმედების თანხვედრისას; ასევე, ექსპერიმენტულ კვლევებში დამოკიდებული ცვლადების ჩამოყალიბებასა და ჯგუფების, როგორც საზოგადოების მიკრომოდელების, შესასწავლად“ (Weber 1990: 11) .კონტენტ ანალიზის ჩატარება ნებისმიერი სახის წერილობითი მასალაზეა შესაძლებელი–დოკუმენტებიდან ინტერვიუს ტრანსკრიპტებამდე და მედია პროდუქტებიდან პირად ინტერვიუებამდე. კონტენტ ანალიზის სისტემურობისა და წესებით განსაზღვრულობის გამო, მას ხშირად დიდი მოცულობის ტექსტების გასაანალიზებლადიყენებენ.ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეთოდის ასეთი მოწესრიგებულობა კომპიუტერული ანალიზის განხორციელების საშუალებასაც იძლევა.       კონტენტ ანალიზი რამდენიმე თვისების გამოა მიმზიდველი. პირველ რიგში, ის შეუჩნეველი მეთოდია (Krippendorp 2004: 40) – ადამიანს, სხვებისგან შეუმჩნევლად შეუძლია დაკვირვების წარმოება. (Robson 1993: 280) კონტენტ ანალიზი ენასა და ლინგვისტურ მახასიათებლებზე, კონტექსტის მნიშვნელობაზე ფოკუსირდება, სისტემატური და გადამოწმებადია (მაგალითად, კოდებისა და კატეგორიების გამოყენებით), ვინაიდან ანალიზის წესები ნათელი, გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია (Mayring 2004: 267 – 9). ამასთან, ვინაიდან მონაცემები უცვლელი ფორმითაა (ტექსტების სახით) წარმოდგენილი, შესაძლებელია მათი ხელახალი ანალიზი.       ბევრი მკვლევარი კონტენტ ანალიზს თვისებრივი მონაცემების რაოდენობრივი ანალიზის ალტერნატივად მიიჩნევს, მაგრამ ეს ასე არ არის; მიუხედავად ამისა, მას ფართოდ იყენებენ ვერბალური მონაცემებიდან რიცხობრივი მონაცემების მისაღებად. როგორც ანდერსონი და არსენო (Anderson and Arsenault 1998: 101 – 2) სამართლიანად მიუთითებენ, კონტენტ ანალიზით არა მხოლოდგარკვეული თემების ფარდობითი სიხშირისა და მნიშვნელოვნების აღწერააა შესაძლებელი, არამედ წერილობით მასალებში მიკერძოების, ცრურწმენების ან პროპაგანდის შეფასებაც შეიძლება.       ვებერისთვის (1990: 9) კონტენტ ანალიზის მიზანს გამოკითხვებისთვის განკუთვნილ ღია კითხვების კოდირება, ინდივიდის, ჯგუფის, ინსტიტუციური ან საზოგადოებრივი საქმიანობების ფოკუსების გამოვლენა და კომუნიკაციურ შინაარსში გამოკვეთილი პატერნებისა და ტენდენციების აღწერა წარმოადგენს. ეს უკანასკნელი კონტენტ ანალიზში სხვადასხვა სტატისტიკური ტექნიკის როლზე მიუთითებს. ვებერი (1990: 10) სამართლიანად თვლის, რომ კონტენტ ანალიზით წარმოებულ საუკეთესო კვლევებში ტექსტების (ტექსტში იგულისხმება ნებისმიერი ფორმის წერილობითი კომუნიკაცია) როგორც რაოდენობრივი, ისე - თვისობრივი ანალიზი გამოიყენება.       კონტენტ ანალიზისას მოცემული ტექსტის გაანალიზება, მოცულობის შემცირება, გარჩევა და შეჯამებული სახით წარმოდგენა ხდება. აღნიშნული ხორციელდება წინასწარ არსებული კატეგორიებისა და ტექსტზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი თემების საშუალებით და მიზნად თეორიის განზოგადებას ან შემოწმებას ისახავს. ამ კატეგორიებთან მიმართებაში მეთოდური, გამეორებადი, დაკვირვებადი და წესებს დაქვემდებარებული ანალიზი გამოიყენება. კრიპენდორფის (2004: 22 – 4) აზრით, ტექსტს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, რომელიც კონტენტ ანალიზის განსაზღვრებას უკავშირდება; მათ შორისაა ის ფაქტი, რომ ტექსტს ობიექტური, მკითხველისგან დამოუკიდებელი თვისებები არ გააჩნია. ტექსტს მრავალგვარი მნიშვნელობა აქვს და მრავალგვარ ინტერპრეტაციას ექვემდებარება. მისი ცალსახა მნიშვნელობის და აზრის მიგნება და აღწერა შეუძლებელია. რათქმაუნდა, ტექსტში მოცემული მნიშვნელობები შეიძლება პიროვნული იყოს და უკავშირდებოდეს განსაზღვრულ კონტექსტს, დისკურსებსა თუ მიზნებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით უნდა იქნას მოძიებული. ამასთანავე, კონტენტ ანალიზი აღწერს კომუნიკაციის თვალსაჩინო მახასიათებლებს (Krippendorp 2004: 46) (კითხულობს, ვინ ვის რას და როგორ ეუბნება), აკეთებს დასკვნებს კომუნიკაციის წინაპირობებისა (კომუნიკაციის მიზეზები, მიზნები და კონტექსტი: Mayring 2004: 267) და შედეგების (კომუნიკაციის ეფექტები) შესახებ. კრიპენდორფს (2004: 75 – 7) მიაჩნია, რომ კონტენტ ანალიზი მაშინაა ყველაზე წარმატებული, როდესაც „ლინგვისტურად აგებული ფაქტების“ ოთხ სხვადასხვა კლასად დაყოფა ხდება; ეს კლასებია: თვისებები (ატრიბუტები), სოციალური ურთიერთობები, საზოგადო ქცევები და ინსტიტუციური რეალობები. როგორ ტარდება კონტენტ ანალიზი?       ეზის (Ezzy 2002: 83) მიხედვით, კონტენტ ანალიზი ტექსტების (ერთეულების) შერჩევით იწყება. შემდეგ ანალიზის ერთეულები (მაგალითად, სიტყვები, წინადადებები) და ანალიზში გამოსაყენებელი კატეგორიები განისაზღვრება. კოდირებისა და კატეგორიებში გაერთიანების მიზნით ხდება ტექსტის მიმოხილვა; შემდეგ კი დაითვლება და აღირიცხება სიტყვების, კოდებისა და კატეგორიების სიხშირეები. აქედან იწყება სტატისტიკური ანალიზისა და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება, რასაც შედეგების ინტერპრეტაცია მოჰყვება. მარტივად რომ ვთქვათ, კონტენტ ანალიზი მოიცავს კოდირებას, კატეგორიზაციას(მნიშვნელობის მქონე კატეგორიების შექმნა, რომლებშიც გაერთიანდება ანალიზის ერთეულები - სიტყვები, ფრაზები, წინადადებები და ა. შ.), შედარებასა (კატეგორიების შედარება და მათი ურთიერთდაკავშირება) და დასკვნას - ტექსტიდან თეორიული დასკვნების გამოტანას.       ანდერსონი და არსენო (1998: 102) კონტენტ ანალიზის რაოდენობრივ ბუნებაზე მიუთითებენ, როდესაც ამბობენ, რომ „უმარტივეს დონეზე, კონტენტ ანალიზი დოკუმენტებში ცნებების, სიტყვების ან ხდომილობების დათვლას და მათი ცხრილების სახით წარმოდგენას მოიცავს“. ამ მოკლე განმარტებაში კარგად არის გამოხატულიკონტენტ ანალიზის პროცესის არსებითი მახასიათებლები: ტექსტის ანალიზის ერთეულებად დაყოფა; ერთეულების სტატისტიკური ანალიზი; ანალიზის მაქსიმალურად ეკონომიური ფორმით წარდგენა.       ჩამონათვალში არ ჩანს კონტენტ ანალიზის ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელი, როგორიცაა მაგალითად, ანალიზის ერთეულების (კატეგორიების) ურთიერთკავშირის შესწავლა, თემების თანმიმდევრული ბუნება და თეორიის შემოწმება, განვითარება და ჩამოყალიბება.კონტენტ ანალიზის მთელი პროცესი თერთმეტ თანიმდევრულ ეტაპს გულისხმობს. ეტაპი 1: კვლევის კითხვების განსაზღვრა, რომელსაც კონტენტ ანალიზმა უნდა გასცეს პასუხი       ეს ეტაპი, ასევე, გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რისი მიღება სურს მკვლევარს იმ ტექსტიდან, რომელზედაც კონტენტ ანალიზი ტარდება. საკვლევი საკითხის ფორმირებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს იმ თეორიამ, რომლის შემოწმებაც ხდება, ან სულაც, ამ თეორიიდან მომდინარეობდეს. ეტაპი 2: იმ პოპულაციის განსაზღვრა, საიდანაც ტექსტების ერთეულები უნდა შეირჩეს       პოპულაციაში იგულისხმება არა მარტო ადამიანები, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, ტექსტი - ანალიზის სფეროები. მაგალითად, რას ვააანალიზებთ: გაზეთებს, პროგრამებს, ინტერვიუს ტრანსკრიპტებს, სახელმძღვანელოებს, საუბრებს, საჯარო სარგებლობის დოკუმენტებს, საგამოცდო ნაწერებს, ელექტრონულ გზავნილებს, ინტერნეტ-დიალოგებს თუ სხვას? ეტაპი 3: შერჩევის განსაზღვრა       ადამიანების შერჩევის წესები დოკუმენტების შერჩევისასაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, დოკუმენტების ალბათურ შერჩევას აკეთებს თუ არაალბათურს; შერჩევის რომელ ფორმას იყენებს: სტრატიფიცირებულს(ამ შემთხვევაში მიუთითოს როგორ სტრატებს გამოიყენებს), შემთხვევითს, ხელმისაწვდომს, სფეროს, კლასტერულს, მიზნობრივს, სისტემატურ, დროის, ზვავისებრს და სხვ. (იხ. თავი 4) რობსონი (1993: 275 – 9) შერჩევის სტრატეგიის ზუსტად განსაზღვრის აუცილებლობაზე მიუთითებს, მაგალითად, ამა თუ იმ დოკუმენტების ნაკრები, ესა თუ ის დროის მონაკვეთი (მაგალითად გაზეთებისთვის), ამდენი და ამდენი სატელევიზიო პროგრამა ან ინტერვიუ. შერჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები ტექსტების შერჩევაზეც ვრცელდება: რეპრეზენტაციულობა, ხელმისაწვდომობა, შერჩევის მოცულობა და შედეგების განზოგადება.       კრიპენდორფი (2004: 145) მიუთითებს, რომ საქმე შეიძლება გვქონდეს „ერთმანეთის მომცველი ჩანაწერის ერთეულებთან“, როდესაც ერთი ერთეული მეორე ერთეულშია მოცემული, მაგალითად, შერჩეული გაზეთების შემთხვევაში, ასეთი ვითარება შეიძლება გვქონდეს:       მოცემულ გაზეთში საკითხი შეირჩა; გაზეთში შერჩეულ საკითხზე თავის მხრივ, შეირჩა სტატიები; გაზეთში შერჩეულ საკითხზე შერჩეულ სტატიებში შერჩეულ იქნა აბზაცები; შემდეგ, გაზეთში შერჩეულ საკითხზე შერჩეულ სტატიაში შერჩეული აბზაცების შემადგენელი წინადადებების შერჩევა მოხდა. (Krippendorp 2004: 145)       ეს პროცესი საფეხურეობრივი შერჩევის ეკვივალენტურია რომელიც მეოთხე თავშია განხილული. ეტაპი 4: დოკუმენტის შექმნის კონტექსტის განსაზღვრა       ეს პროცესი შეისწავლის, მაგალითად, თუ როგორ შეიქმნა მასალა (Flick 1998: 193); ვინ მონაწილეობდა მის შექმნაში; ვინ ესწრებოდა შექმნის პროცესს; ვისგან იქნა მოწოდებული დოკუმენტები; როგორ მოხდა მასალის ჩაწერა და/ან რედაქტირება; სურდა თუ არა პიროვნებას სიმართლის თქმა, შეეძლო თუ არა სიმართლის თქმა და თქვა თუ არა მან სიმართლე; არის თუ არა მონაცემები ზუსტად ჩაწერილი (Robson 1993: 273); არის თუ არა მონაცემებიდადასტურებული, სარწმუნო და დამაჯერებელი; ასევე, დავადგენთ დოკუმენტების შექმნის კონტექსტს, შევისწავლით დოკუმენტებში მოცემული მტკიცებულებების შერჩევასა და შეფასებას. ეტაპი 5: ანალიზის ერთეულების განსაზღვრა       ანალიზის ერთეულების განსაზღვრა შეიძლება მრავალდონეზე გაკეთდეს, მაგალითად, ანალიზის ერთეული შეიძლება იყოს სიტყვა, ფრაზა, წინადადება, აბზაცი, მთლიანი ტექსტი, ადამიანები და თემები. რობსონი (1993: 276), გაზეთის ანალიზისთვის ისეთ დამატებით ერთეულებს იყენებს, როგორებიცაა: მოცემულ თემაზე სტატიების რაოდენობა, სვეტის სიგანე (სანტიმეტრებში), სათაურის მოცულობა, ერთ გვერდზე სტატიების რაოდენობა, ფოტოების რაოდენობა და ტიპი. მის მიერ დამატებული ერთეულები გვიჩვენებს, თუ რამდენად ზედმიწევნით და გააზრებულად უნდა შეარჩიოს მკვლევარმა ანალიზის ერთეულები. ანალიზის განსხვავებული დონეები სანდოობის განსხვავებულ საკითხებს წამოჭრიან, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ანალიზის ერთეულების იმავე კატეგორიის ტექსტში გაერთიანება, რომელსაც იგივე ან მსგავსი მნიშვნელობა ექნება თავად ტექსტის კონტექსტში (სემანტიკური ვალიდობა) (Krippendorp, 2004: 296); თუმცა, ეს შეიძლება პრობლემური იყოს (მოგვიანებით განვიხილავთ). ანალიზის ერთეულების აღწერა გაზომვისა და დათვლის ერთეულებსაც მოიცავს.       კოდირების ერთეული მასალის ის უმცირესი ელემენტია, რომლის გაანალიზებაც შესაძლებელია, ხოლო კონტექსტუალური ერთეული ის უდიდესი ტექსტუალური ერთეულია, რომელიც შეიძლება ერთ კატეგორიაში შეგვხვდეს.       კრიპენდორფი (2004: 99 – 101) სამი სახის ერთეულს განასხვავებს: შერჩევის ერთეულები ის ერთეულებია, რომლებიც ჩართულია ანალიზში ან გამორიცხულია ანალიზიდან; ეს შერჩევის ერთეულებია. ჩაწერის/კოდირების ერთეულები ის ერთეულებია, რომლებსაც შერჩევის ერთეულები მოიცავენ და უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე შერჩევის ერთეულები ამიტომ, მათ ერთეულებისთვის ჩვეული კომპლექსურობა არ ახასიათებთ; ისინი აღწერის ერთეულებია კონტექსტის ერთეულები კი „ტექსტუალური თემების ერთეულებია, რომლებიც საზღვრებს უწესებენ ჩაწერის ერთეულების აღწერილობაში გასათვალისწინებელ ინფორმაციას“. ეს ის ერთეულებია, რომლებიც „შემოფარგლავენ ინფორმაციას, რომელიც მკვლევარს ჩაწერის/კოდირების ერთეულების დახასიათებისას სჭირდება“ (Krippendorp 2004: 101, 103).       გარდა ამისა, კრიპენდორფი (2004) შერჩევის ერთეულების ხუთ ნაირსახეობას გვთავაზობს, ესენია: ფიზიკური (მაგალითად, დრო, ადგილი, ზომა), სინტაქსური (სიტყვები, გრამატიკა, წინადადებები, აბზაცები, თავები, სერიები და ა. შ.), კატეგორიული (კატეგორიის წევრებს რაღაც აქვთ საერთო), პროპოზიციული (კონკრეტული კონსტრუქციების ანუ პროპოზიციების მოხაზვა) და თემატური (ტექსტების თემებად და კატეგორიების კომბინაციებად გაერთიანება). კატეგორიების საკითხი შემდეგ ეტაპზე მიგვითითებს. კრიტერიუმია ის, რომ ანალიზის ყოველი ერთეული (კატეგორია - კონცეპტუალური, აქტუალური, კლასიფიკაციის ელემენტი, კლასტერი, საკითხი) შეძლებისდაგვარად წყვეტილი (დისკრეტული) უნდა იყოს და, ამასთანავე, მთლიანის ინტეგრირებულობას ინარჩუნებდეს, ესე იგი, ყოველი ერთეული კონტექსტისა და სხვა მონაცემთა ზუსტი გამოხატულება უნდა იყოს და არა - დამახინჯებული. ანალიზის ერთეულების შექმნა მონაცემებისთვის კოდების მინიჭებით არის შესაძლებელი (Miles and Huberman 1984). ეს „ელემენტების ერთ მთელში გაერთიანების “პროცესის მსგავსია (Lincoln and Guba 1985: 203). ეტაპი 6: ანალიზისას გამოსაყენებელი კოდების განსაზღვრა       შინაარსისა და ცნებების განსაზღვისას კოდებს შეიძლება სხვადასხვა დონის კონკრეტულობა და ზოგადობა ახასიათებდეს. შეიძლება გვქონდეს კოდები, რომლებიც, თავის, მხრივ, სხვა კოდებს მოიცავენ და ასე იქმნება იერარქიული კლასიფიკაცია - ერთი კოდი მეორეს მოიცავს და თავადაც სხვა კოდში ერთიანდება, რაც შედეგად კოდების ხისებრ დიაგრამას ქმნის. ზოგი კოდი ძალიან ზოგადია, ზოგი კი - უფრო კონკრეტული. კოდები დიდი რაოდენობით მასალას ერთად კრავს და გარკვეული წესითა და სტრუქტურით აერთიანებს. ისინი სიტყვებს სიტყვებად ტოვებენ და კონტექსტის სპეციფიკურობას/კონკრეტულობას ინარჩუნებენ. კოდები შეიძლება აღწერითი იყოს (Bogdan and Biklen 1992: 167 – 72) და სიტუაციის კოდებს, სუბიექტების თვალსაზრისებს, ადამიანებსა და საგნებზე მსჯელობის თავისებურებებს, პროცესთან, აქტივობასთან, მოვლენასთან, სტრატეგიასთან, ურთიერთობასა და სოციალურ სტრუქტურასთან, ასევე მეთოდებთან დაკავშირებულ კოდებსმოიცავდეს. თუმცა, მონაცემებთან დაკავშირებული სიზუსტის დასაცავად უნდა აღინიშნოს, რომ კოდები მიღებული მონაცემებიდან უფრო მიიღება, ვიდრე წინასაწარ ზოგადად განსაზღვრული გზით. შესაბამისად, კოდის მისანიჭებლად მკვლევარი ყველა მონაცემს სათითაოდგანიხილავს. კოდი არის სიტყვა ან აბრევიატურა, რომელიც საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რასაც აღწერს და მკვლევარს ერთი შეხედვით შეუძლია მიხვდეს, თუ რას აღნიშნავს ის (ამ მხრივ, კოდი განსხვავდება რიცხვისგან). მაგალითად, კოდი „ნდობა“ პიროვნების სანდოობას შეიძლება მოიაზრებდეს, კოდი „ძალაუფლება“ - ჯგუფში პიროვნების სტატუსს ან ძალაუფლებას.       მაილსისა და ჰაბერმანის (1984) მიხედვით, უმჯობესია კოდები, შეძლებისდაგვარად, წყვეტილი (დისკრეტული)იყოს; ასევე, კოდირება რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, რადგან გვიან დაწყებული კოდირება ანალიზს ასუსტებს; თუმცა, ასევე, არსებობს საფრთხე, რომ ადრეულმა კოდირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს შემდგომ კოდირებაზე. ავტორები მიუთითებენ, რომ მონაცემებზე მუშაობის პროცესში ოთხმოცდაათამდე კოდის გაჩერებაა შესაძლებელი ადამიანის მუშა მეხსიერებაში. თუმცა, ცხადია, ეს პროცესი მრავალჯერადად მეორდება, რომლის შედეგადაც ზოგიერთი ადრეულ ეტაპზე გამოყენებული კოდი შეიძლება შეიცვალოს და, პირიქით, აუცილებელია, რომ მკვლევარმა მონაცემები რამდენჯერმე გადასინჯოს, რათა უზრუნველყოს კოდირების კონსისტენტურობა დახვეწილობა, მოდიფიცირება და ყოვლისმომცველობა (ზოგიერთი კოდი შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს, ზოგი კი უფრო მცირე კოდებად დაიყოს). მონაცემების კოდირებით მკვლევარს სიხშირეებისა (რომელი კოდები გვხვდება ყველაზე ხშირად) და ტენდენციების (რომელი კოდები გვხვდება ერთობლივი ფორმით) გამოვლენა შეუძლია.       ჰამერსლი და ატკინსონი (1983: 177 – 8) თვლიან რომ, მონაცემებში საფუძვლიანად გასარკვევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მათი წაკითხვა და ხელახალი გადაკითხვა. ასევე, აუცილებელია კითხვის დროს ყურადღების გამახვილება ნებისმიერ საინტერესო ტენდენციაზე, მოულოდნელ, უცნაურ და გასაკვირ მახასიათებლებზე, ნებისმიერ თვალსაჩინო არათანმიმდევრულობასა ან წინააღმდეგობრიობაზე (მაგალითად, ჯგუფებს შორის, ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის ან ადამიანების ნათქვამსა და მათ მოქმედებას შორის). ეტაპი 7: ანალიზის კატეგორიების შექმნა       კატეგორიები ტექსტის კონსტრუქტების ან ძირითადი მახასიათებლების მთავარი დაჯგუფებებია, რომლებიც ანალიზის ერთეულებს შორის კავშირებზე მიგვითითებენ. მაგალითად, მასწავლებლების სტრესის შესახებ ტექსტს შეიძლება ჰქონდეს ისეთი დაჯგუფებები, როგორიცაა „მასწავლებლის სტრესის მიზეზები“, „მასწავლებლის სტრესის ბუნება“, „სტრესის დაძლევის გზები“ და „სტრესის შედეგები“. მკვლევარმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა ურთიერთგამომრიცხავი კატეგორიები (მათი არსებობა სასურველი, მაგრამ რთულია). მკვლევარმა, ასევე უნდა დაადგინოს რამდენად ფართო ან ვიწრო იქნება თითოეული კატეგორია, კატეგორიის ზოგადობის რიგი, ანუ, დონე (ზოგიერთი კატეგორია შეიძლება ძალიან ზოგადი იყოს და მოიცავდეს სხვა უფრო კონკრეტულ კატეგორიებს; ამ შემთხვევაში ანალიზი მხოლოდ ერთი კატეგორიის დონეზე უნდა გაკეთდეს; სხვადასხვა დონის კატეგორიები ერთი და იმავე ანალიზში არ ერთიანდება და, შესაბისად, მათთან ერთი და იგივე ანალიზის გამოყენება არ შეიძლება. კატეგორიების შესახებ დასკვნას მკვლევარი აკეთებს, ხოლო კონკრეტული სიტყვები ან ანალიზის ერთეულები დასკვნებს ნაკლებად ექვემდებარება. რაც უფრო ვუახლოვდებით დასკვნის გაკეთებას, მით ნაკლებია სანდოობა და მეტია მკვლევრის გეგმების მონაცემებთან შერევის შესაძლებლობა.       შინაარსის ვალიდობის უზრუნველსაყოფადკატეგორიები ამომწურავი უნდა იყოს. რობსონი (1993: 277) ამტკიცებს, რომ კონტენტ ანალიზი „იმდენადაა კარგი, რამდენადაც კარგია მისი კატეგორიების სისტემა“ და მასში შეიძლება შედიოდეს: განსახილველი საგანი, მიმართულება (როგორ უდგებიან საკითხს - დადებითად თუ უარყოფითად), ღირებულებები, მიზნები, მიზნების მისაღწევად გამოყენებული მეთოდები, მახასიათებლები (ადამიანების აღსაწერად გამოყენებული მახასიათებლები), აქტორები (ვინ არის განხილვის საგანი), უფლებამოსილება (ვისი სახელით კეთდება განცხადებები), ადგილმდებარეობა, კონფლიქტი (წყაროები და დონეები) და შედეგები (კონფლიქტის გადაჭრის გზა).       ამ ეტაპს (ანუ კატეგორიების შექმნას) ზოგჯერ „სფეროს ანალიზსაც“ უწოდებენ. ეს გულისხმობს ერთეულების გაერთიანებას კლასტერებში, ჯგუფებში, ტენდენციებში, თემებსა და თანმიმდებრულ კლასებში სფეროების ჩამოყალიბების მიზნით. სფერო არის ნებისმიერი სიმბოლური კატეგორია, რომელიც თავის მხრივ, სხვა კატეგორიებს მოიცავს (Spradley 1979: 100). ამ ეტაპზე მკვლევრისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს მონაცემების ხელახალი კოდირება სფეროების კოდებში, ან უკვე გამოყენებული კოდების გადასინჯვა და ნახვა, თუ რამდენად ბუნებრივად ერთიანდებიან ისინი კლასტერებად და შემდეგ თითოეული კლასტერისთვის საერთო კოდის მინიჭება. ჰამერსლი და ატკინსონი (1983) გვიჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება დებულებების ერთზე მეტი კატეგორიისთვის მიკუთვნება და ეს სასურველად მიაჩნიათ, რადგან ამ გზით მონაცემების სიმდიდრეა შენარჩუნებული. აღნიშნული პროცედურა „კატეგორიზაციის“ პროცესის (Lincoln and Guba 1985) მსგავსია, რომელიც გულისხმობს „კომპლექსური, უნიფიცირებული (ერთ მთელში გაერთიანებული)“ მონაცემებით ინფორმაციის აღწერასა და დასკვნების გამოტანს. უნიფიცირების პროცესი გულისხმობს ანალიზის მნიშვნელობის ერთეულებში მონაცემების მოთავსებას, მონაცემების შესწავლასა და იმის განსაზღვრას, თუ რას წარმოადგენს ეს ერთეულები. მნიშვნელობის ერთეული უბრალოდ მონაცემთა ის ცაკლეული ნაწილია, რომელსაც მკვლევარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ის შეიძლება ისეთი მცირე იყოს, როგორიცაა სიტყვა ან ფრაზა, ან ისეთი დიდი მოცულობის, როგორიცაა აბზაცი, აბზაცების ჯგუფი ან, სულაც, მთლიანი ტექსტი, რომელსაც თავისთავად აქვს თავისი მნიშვნელობა.       სპრედლი (1979) თვლის, რომ სფეროების დადგენა ოთხი ანალიტიკური ამოცანის შესრულებით არის შესაძლებელი: სიტყვა-სიტყვით ჩაწერილი ინტერვიუს შერჩევისა და საველე ჩანაწერების არჩევა; საგნების სახელწოდებების მოძიება; შერჩევიდან შესაძლო ტერმინების დადგენა/იდენტიფიცირება; დამატებით ჩანაწერებში სხვა პუნქტების მოძიება. სპრედლიამ ამოცანების შესრულების ექვს ეტაპს გამოყოფს: ერთი სემანტიკური მიმართების შერჩევა; სფეროს ანალიზის ფორმის მომზადება; რესპონდენტების დებულებების შერჩევის გამოყოფა; შესაძლო ზოგადი დასახელებების მოძიება, რომლებიც ასევე დადგენილ სემანტიკურ მიმართებას ერგებიან; თითოეული დადგენილი სფეროსთვის სტრუქტურული კითხვების ფორმულირება; ყველა ჰიპოთეტური სფეროს ჩამოთვლა.       ამრიგად, სფეროს ანალიზის მიზანს სიმბოლოების ურთიერთმიმართების დადგენა წარმოადგენს (Spradley 1979: 157).       კოდების მსგავსად, კატეგორიებიც შეიძლება კონკრეტულობის და ზოგადობის სხვადასხვა დონით ხასიათდებოდეს. ზოგი კატეგორია უფრო ზოგადი და ყოვლისმომცველია, ზოგი კი,- ნაკლებად. როგორც წესი, კოდები უფრო კონკრეტულია ხოლმე, ვიდრე კატეგორიები. ეს კვანძებსა და კოდებს შორის განხვავებაზე მიგვითითებს. კოდი ტექსტის ნაწილის იარლიყია, სახელწოდებაა, ხოლო კვანძი არის კატეგორია, რომელშიც თავსდება, ანუ, გროვდება სხვადასხვა კოდი. მკვლევრის სურვილის შესაბამისად, კვანძი შეიძლება იყოს ცნება, იდეა, პროცესი, ადამიანთა ჯგუფი, ადგილი და ნებისმიერი სხვა დაჯგუფება; იგი მაორგანიზებელი კატეგორიაა. კოდები სპეციფიკურ ტექსტურ მომენტებს აღწერენ, ხოლო კვანძები კატეგორიათა ჩარჩოში აერთიანებენ ამ კოდებს და ერთმანეთთან აკავშირებენ კოდირებულ სეგმენტებსა და ცნებებს. ტექსტი შეგვიძლია შევადაროთ წიგნს, რომლის თავები კვანძებია, ხოლო აბზაცები - კოდები. კვანძები რამდენიმენაირად შეიძლება შეიკრას, მაგალითად, ერთი ცნება შეიძლება განსაზღვრავდეს მეორეს, ანლოგიკურად ან ემპირიულად (აღმოჩნდეს, რომ ერთმანეთის თანხლებით ჩნდებიან ტექსტში) უკავშირდებოდნენ ერთმანეთს (Krippendorp 2004: 296).       უნდა გვახსოვდეს, რომ კოდებისა და კატეგორიების შექმნით შეგვიძლია მიმართულება მივცეთ კვლევასა და მის შედეგებს, ანუ, მკვლევარი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს კვლევის პროცესში. მაგალითად, იგი შეიძლება სკოლაში კლასგარეშე აქტივობებს სწავლობდეს და აღმოაჩინოს, რომ ეს არაშემეცნებით და არააკადემიურ სფეროში იძლევა სასარგებლო შედეგს და არა - აკადემიურში, თუმცა, რეალურად, ეს შეიძლება სულაც არ იყოს ასე. საქმე ისაა, რომ შემეცნებითი/აკადემიური და არაშემეცნებითი/არააკადემიური სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნას თავად კოდები და კატეგორიები იწვევენ და არა - რესპოდენტების გონებაში არსებული მონაცემები. თუ მკვლევარი სპეციალურად დაინტერესდებოდა ამის შესახებ, ან აკადემიურ და არააკადემიურ სფეროებს შორის კავშირის ამსახველ კოდებსა და კატეგორიებს შეიმუშავებდა, მაშინ უფრო მეტს აღმოაჩენდა, ვიდრე მანამდე შეეძლო დაედგინა. ეს ის საფრთხეა, რომელიც კოდებისა და კატეგორიების გამოყენებით მონაცემების წინასწარ განსაზღვრასთან არის დაკავშირებული. ეტაპი 8: მონაცემების კოდირება და კატეგორიზაცია       კოდებისა და კატეგორიების დადგენის შემდეგ უკვე შესაძლებელია ანალიზის დაწყება. ეს პროცესი ტექსტისთვის კოდებისა და კატეგორიების რეალურად მიწერას გულისხმობს. კერლინგერი (1970) კოდირებას განსაზღვრავს, როგორც ანალიზის მიზნით კითხვებზე პასუხებისა და რესპოდენტის ინფორმაციის კონკრეტულ კატეგორიებად გარდაქმნას. როგორც ვნახეთ, ბევრი კითხვა წინასწარ კოდირებულია, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია თითოეული პასუხის დაუყონებლივ და პირდაპირ ქულად გარდაქმნა. წინასწარ კოდირებული კითხვების მაგალითებია რეიტინგის სკალები და პასუხების ვარიანტების ჩამონათვალი. კოდირება არის მონაცემის ერთეულისთვის კატეგორიის სახელის მიწერა, რომელიც ან წინასწარაა განსაზღვრული, ან მონაცემების შეგროვების შემდეგ მათი მიხედვით განისაზღვრება.       მეირინგი (Mayring 2004: 268 – 9) მიუთითებს, რომ შემაჯამებელი კონტენტ ანალიზი მასალას ისეთ მოცულობამდე ამცირებს, რომელიც უკეთესად სამართავია და ამავე დროს, შინაარსის სიზუსტეც შენარჩუნებულია. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კატეგორიების ინდუქციური ფორმირება შემაჯამებელი კონტენტ ანალიზის მეშვეობით ტექსტური მასალიდან კატეგორიების ინდუქციურად წარმოქმნის პროცესს წარმოადგენს. აღნიშნული ექსპლიციტური კონტენტ ანალიზის საწინააღმდეგო პროცესია. შემაჯამებელი კონტენტ ანალიზის საწინააღმდეგოდ, ტექსტის ანალიზისა და კატეგორიების ლოკალიზაციისთვის დამატებით ინფორმაციას ეძებს. პირველი ამცირებს კონტექსტუალურ დეტალებს, მეორე კი - ინარჩუნებს მათ. მასტრუქტურირებელი კონტენტ ანალიზი ფილტრავს ტექსტის ნაწილებს, რათა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე მასალის სხვადასხვა ნაწილების შედარების საშუალება მოგვცეს.       აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რას ვანიჭებთ კოდს თვითონ ცნების არსებობას თუ ტექსტში მისი შეხვედრის სიხშირეს. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირველ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ცნების არსებობას ვაფიქსირებთ, დაიკარგება ინფორმაცია მისი შეხვედრის სიხშირის შესახებ, ხოლო სიხშირე, შესაძლოა, ტექსტში ცნების მნიშვნელოვნებაზე მიუთითებდეს. გარდა ამისა, კოდირებისას უნდა გადაწყდეს, მხოლოდ კონკრეტული სიტყვების კოდირება უნდა მოხდეს, თუ მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებისაც. სავარაუდოდ, პირველი მონაცემების მნიშვნელოვან დაკარგვას გამოიწვევს, რადგან სიტყვები ხშირად არ მეორდება იმ ცნებების სახით, რომელსაც ისინი გამოხატავენ. მეორე შემთხვევაში, შეიძლება გარკვეული სიტყვებისა და ფრაზების ნიუანსები დაიკარგოს. მართლაც, ზოგიერთი ორატორი თავის გამოსვლებში შეიძლება განზრახ იყენებდეს ორაზროვან სიტყვებს ან ფრაზებს.       ტრანსკრიპტის კოდირებისას მკვლევარი როგორც წესი, სისტემურად, სტრიქონ-სტრიქონ მიჰყვება ტექსტს და ყოველ მონაცემს მისთვის შესატყვის კოდს მიაწერს, მაგალითად:             თვალსაჩინოა, რომ ამ მაგალითში კოდები აბრევიატურებია, რომლებიც მკვლევარს საშუალებას აძლევს ადვილად მიხვდეს, რა საკითხია ამ კოდებით აღნიშნული, ვინაიდან კოდი მიახლოებულია საკითხთან (კოდირების ეს ფორმა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე თითოეული მონაცემისთვის კოდების სახით რიცხვების მიწერა, რომლებიც არანაირად არ მიანიშნებს მონაცემის ან კატეგორიის შინაარსზე). მაილსი და ჰაბერმანის (1994) მიხედვით, აბრევიატურების არ არსებობის შემთხვევში, კოდების სახელწოდებები საკმარისად უნდა წააგავდეს ორიგინალურ მონაცემს, რათა მკვლევარმა კოდის მიხედვით შინაარსის დადგენა შესძლოს.       არსებობს რამოდენიმე კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აიოლებს კოდირებას (მაგალითად, ETHNOGRAPH, N-Vivo), თუმცა ამ შემთხვევაში, ორიგინალური ტრანსკრიპტის ელექტრონული ვერსია უნდა არსებობდეს. ერთერთი ასეთი პროგრამა, ჩოდე-A-თეხტ, განსაკუთრებით სასარგებლოა დიალოგების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზისათვის (სისტემა აუდიო და ვიდეო სიგნალებსაც იღებს).       კოდირების პირველი საფეხურის შემდეგ მკვლევარს უკვე შეუძლია ტენდენციებისა და თემების დანახვა და განზოგადების დაწყება (მაგალითად, კოდების სიხშირეების დათვლით). მკვლევარს კოდების უფრო ზოგად კლასტერებში დაჯგუფებაც შეუძლია, ანუ იწყებს მონაცემთა ფაქტორებად დაყოფას.       მაილსი და ჰაბერმანი (1994) მიუთითებენ, რომ ტექსტის დამუშავებისას მუშა მეხსიერებაში ერთდროულად ოთხმოცდაათი კოდის შეჩერებაა შესაძლებელი; თუმცა, აღნიშნავენ, რომ მონაცემების ხელახალი კოდირება შეიძლება მეორე ან მესამე წაკითხვისას მოხდეს. ადრე გამოყენებული კოდები შეიძლება დაიხვეწოს მოგვიანებით გამოყენებულ კოდების საფუძველზე, რათა კოდები უფრო კონკრეტული და გასაგები გახდეს, ან პირიქით, გაერთიანდეს ის კოდები, რომლებიც ზედმეტად კონკერტულია. ეს ავტორები ამტკიცებენ, რომ კოდები მკვლევარს საშუალებას უნდა აძლევდეს, მოიცვას მონაცემების კომპლექსურობა და სირთულე. სავარაუდოდ, ყველაზე დიდ პრობლემას, ღია კითხვების კოდირება და ქულებში გადაყვანა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ორი გამოსავალია: მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ღიაა, ინტერვიუერმა მაგალითად, წინასწარ ისე შეიძლება გადააკოდიროს ინტერვიუს განრიგი, რომ რესპოდენტის თავისუფლად საუბრისას, მისი პასუხების ან მათი ნაწილების შინაარსისთვის წინასწარ განსაზღვრული შესატყვისი კოდების მინიჭება მოახერხოს. ასეთი სახის კლასიფიკაციის გაკეთება პილოტური კვლევების დროსაა შესაძლებელი.       ალტერნატიული გზა მონაცემების ინტერვიუს დასრულების შემდეგ კოდირებაა. ინტერვიუს შედეგად მიღებულ მასალაზე, რომელსაც შეიძლება შეჯამებული სახე ჰქონდეს,ან აუდიო ჩამწერის დახმარებით გაკეთებული სიტყვა-სიტყვითი ტრანსკრიპტი იყოს, მკვლევარმა კონტენტ ანალიზი რამდენიმე ხელმისაწვდომი პროცედურიდან ერთ-ერთის გამოყენებით შეიძლება ჩაატაროს, მაგალითად, სკალირების, ქულების მინიჭების, რანჟირების, პასუხების დათვლისა და ა. შ. ეტაპი 9: მონაცემთა ანალიზი       მონაცემთა კოდირებისა და კატეგორიზაციის შემდეგ მკვლევარს შეუძლია ტექსტში თითოეული კოდის ან სიტყვის სიხშირის და თითოეულ კატეგორიაში სიტყვების რაოდენობის დათვლა. ეს ძიების პროცესია, რომელიც მრავალნაირად შეიძლება მიმდინარეობდეს, მაგალითად, სიტყვების, კოდების, კვანძების და კატეგორიების ფორმით. ზოგი სიტყვა შეიძლება ერთზე მეტ კატეგორიაში მოხვდეს, მაგალითად, როდესაც ერთი კატეგორია მეორის ქვესიმრავლეა ანუ, ერთი კატეგორია მეორეს მოიცავს. ვებერი (1990: 21 – 4) თვლის, რომ უმჯობესია, დასაწყისში, მთლიან ტექსტზე მუშაობის ნაცვლად, ტექსტის შერჩეულ მცირე მონაკვეთზე ვიმუშაოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, შევამოწმოთ კოდირება და კატეგორიზაცია და, ასევე, შევიტანოთ საჭირო ცვლილებები. სემანტიკური თანმიმდევრულობის დასაცავად კი სრული ტექსტები უნდა გაანალიზდეს.       სიტყვები და ცალკეული კოდები თავისთავად ბევრის მომცემი არ არის და ამიტომ მნიშვნელოვანია სიტყვებსა და კოდებს შორის კავშირებისკენ, ანუ, კატეგორებისა და მათ შორის მიმართებებისკენ გადანაცვლება. სფეროებს შორის მიმართებებისა და კავშირების დადგენა მონაცემების შენარჩუნებას, მათ სიმდიდრეს და „კონტექსტით განპირობებული?“ უზრუნველყოფს. კავშირების აღმოჩენა დამადასტურებელი შემთხვევების გამოვლენით, მონაცემების ქვესიმრავლეებს შორის „საფუძვლად არსებული ასოციაციების“ (LeCompte and Preissle 1992: 246) და კავშირების მოძიებით არის შესაძლებელი.       ვებერის (1990: 54) აზრით, ტექსტის მოძიება უმჯობესია კატეგორიების და არა - ცალკეული სიტყვების საფუძვლზე განხორციელდეს, ვინაიდან კატეგორიები ცალკეულ სიტყვებზე მეტს გვაძლევენ, იყენებენ რა სინონიმებსა და კონცეპტუალურად ახლოს მდგომ მნიშვნელობებს. მკვლევარს შეუძლია დათვალოს როგორც კატეგორიები, ისე სიტყვები. Fფაქტობრივად, მას შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს, რომელ დონეზე შეიძლება განხორციელდეს დათვლა, ანუ, რას დაითვლის, მაგალითად, სიტყვებს, ფრაზებს, კოდებს, კატეგორიებსა თუ თემებს.       ამ პროცედურის შედეგი ისაა, რომ სიტყვების, კოდების, კვანძებისა და კატეგორიების სიხშირეები მათ აქტუალურობაზე მიუთითებს. ეს შეიძლება ასე იყოს ან არც იყოს ასე, ვინაიდან გარკვეულ ტექსტებში (მაგალითად, სიტყვით გამოსვლებში) სიტყვის ან კატეგორიის შემდგომი მოხსენიება, შესაძლოა, რთულად იყოს გამოთქმული. სიხშირე არ არის მნიშვნელოვნების ტოლფასი, ხოლო სულ არაფრის თქმა (კომენტარისგან თავის შეკავება) ისეთივე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, როგორიც რაიმე ნათქვამი. კონტენტ ანალიზისას უფრო მოცემულის, ნათქვამის ანალიზი ხდება, ვიდრე იმისა, რაც გამოტოვებულია, ან არ თქმულა (Anderson and Arsenault 1998: 104). ამასთან, როგორც ვებერი (1990) ამბობს:       გზადაგზა არსებითი სახელები შეიძლება ნაცვალსახელებით შეიცვალოს; წამოჭრილი საკითხის განვითარებამ შეიძლება არაპროდუქტიული გამეორებით გამოწვეული მრავალსატყვაობა მოიტანოს, ტექსტის მოცულობის შეზღუდვამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს თემასთან დაკავშირებაში; ზოგი თემის წამოწევა შეიძლება სხვებთან შედარებით უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებდეს. (Weber 1990: 73)       მკვლევარმა შეიძლება შეაჯამოს ტექსტიდან გამომდინარე დასკვნები, მოძებნოს ტენდენციები, კანონზომიერებები და ტექსტის სხვადასხვა სეგმენტებს შორის არსებული კავშირები, ასევე, შეამოწმოს ჰიპოთეზები. კატეგორიებისა და მონაცემების შეჯამება სტატისტიკური ტექნიკების მიზანია, რაც ტენდენციების, სიხშირეების, პრიორიტეტებისა და მიმართებების გამოთვლის საშუალებას იძლევა. მონაცემების ანალიზის ეტაპზე რამდენიმე მიდგომისა და მეთოდის გამოყენება შეიძლება. კრიპენდორფის (2004: 48 – 53) მიხედვით, მათ შორის შეიძლება იყოს: ექსტრაპოლაციები: ტენდენციები და განსხვავებები; სტანდარტები: შეფასებები და მსჯელობები; ინდექსები: მაგალითად, ურთიერთობების, ხდომილობის და რამდენიმე ხდომილობის თანხვედრის სიხშირეების ინდექსები, შესატყვისი და არაშესატყვისი ერთეულების რაოდენობა; ლინგვისტური რეპრეზენტაციები:       სიხშირეების დათვლის შემდეგ შესაძლებელია სტატისტიკური ანალიზის განხორციელება და შემდეგი მეთოდების გამოყენება: ფაქტორული ანალიზი: მსგავსი პასუხების დაჯგუფება; მონაცემების ცხრილების სახით წარმოდგენა: სიხშირეების ან პროცენტების; ნიშანთა შეუღლების ცხრილები (კროს-ტაბულაცია): მატრიცის შექმნა, რომელშიც სიტყვები ანუ კოდები სვეტების დასახელებებია, ხოლო სახელდების სკალის ცვლადები (მაგალითად, გაზეთი, წელი, სქესი) - სტრიქონების; კორელაცია: სიტყვებს, კოდებს და კატეგორიებს შორის კავშირის სიძლიერისა და მიმართულების დადგენა; გრაფიკური გამოსახვა: მაგალითად, დროის მონაკვეთში ან ტექსტებში კონკრეტული სიტყვების, ცნებების, კატეგორიების შეხვედრის სიხშირეების გრაფიკურად გამოსახვა; რეგრესია: ერთი ცვლადის/სიტყვის/კოდის/კატეგორიის ღირებულების დადგენა მეორესთან მიმართებაში - ასოციაციის ფორმა, რომელიც რეგრესიის წრფის ზუსტ მნიშვნელობებსა და გრადიენტს ანუ დახრის კუთხეს გვაძლევს; მრავალჯერადი რეგრესია: დამოკიდებულ ცვლადებში დამოუკიდებელი ცვლადების წონის გამოთვლა; სტრუქტურული განტოლების მოდელირება და LISREL ანალიზი: მიზეზშედეგობრიობის სხვადასხვა მიმართულების და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების ანალიზში სხვადასხვა კავშირის წონის დადგენა; დენდროგრამები: ხისებრი დიაგრამები კატეგორიებსა და კოდებს, კოდებსა და კვანძებს შორის დამოკიდებულების საჩვენებლად.       სტატისტიკური სიდიდეების გამოთვლა და წარდგენა 24-26-ე თავებშია განხილული. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ანალიზისთვის შესაძლებელია თვისებრივი მონაცემების ანუ სიტყვების რიცხობრივ მონაცემებად გარდაქმნა.       თუ ანალიზის ნაკლებად რაოდენობრივი ფორმაა საჭირო, მაშინ ეს გამორიცხავს ზემოთ აღწერილ სტატისტიკური პროცედურების თვისებრივ ვერსიას. მაგალითად, მკვლევარს შეუძლია ცნებებსა და კატეგორიებს შორის კავშირის დადგენა და ამ კავშირების სიძლიერისა და მიმართულების შესწავლა (რამდენად მჭიდროდ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და რამდენად დადებითია, ან რამდენად უარყოფითია ეს კავშირი). ბევრი კომპიუტერული პროგრამა იძლევა სტატისტიკური პროცედურების თვისობრივი ეკვივალენტების შესრულების საშუალებას.       ასევე, სასარგებლოა ძირითადი კატეგორიების იდენტიფიცირება (იხ. დაფუძნებული თეორია). ძირითადი კატეგორია ის კატეგორიაა, რომელსაც ყველაზე მეტი ახსნითი შესაძლებლობა აქვს და რომელსაც სხვა კატეგორიები და ქვეკატეგორიები, სავარაუდოდ, ხშირად და მჭიდროდ უკავშირდება (Strauss 1987: 11). რობსონი (1993: 401) თვლის, რომ თვისებრივი მონაცემებიდან დასკვნების გაკეთება შესაძლებელია დათვლით, ტენდენციების გამოკვეთით (განმეორებადი თემების ანუ ტენდენციების დაფიქსირებით), კლასტერების გამოყოფით (ადამიანების, საკითხების, მოვლენების და ა. შ., რომლებსაც მსგავსი მახასიათებლები აქვთ), ცვლადების დაკავშირებით, მიზეზ-შედეგობრივი ქსელების შექმნითა და შედეგების თეორიული ჩარჩოსთვის დაკავშირებით.       მიუხედავად იმისა, რომ თვისობრივი მონაცემების ანალიზისას რიცხობრივი მიდგომის ან პარადიგმების გამოყენება შეიძლება მათი პოზიტივისტურობის გამო გააკრიტიკონ, გასათვალისწინებელია დაფუძნებული თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გლასერის (Glaser 1996) სიტყვებიც, რომელიც ამბობდა, რომ დაფუძნებული თეორია არა მარტო თვისებრივ მონაცემებთან რაოდენობრივი პარადიგმებს გამოყენებას არ ცდილობს, არამედ პარადიგმული სიზუსტეც მიუღებელი იყო თვისებრივი მონაცემების ანალიზის რეალური სამყაროსთვის, სადაც წარმმართველი მიზანთან შესატყვისობა ან დაქვემდებარება უნდა იყოს. შესამჩნევია, რომაილსი და ჰაბერმანი (1984) მხარს უჭერენ მონაცემების გრაფიკულად გამოსახვას, როგორც თვისებრივი მონაცემების შემცირების ეკონომიურ საშუალებას. ასეთი გრაფიკები მიზეზ-შედეგობრივ მიმართებაზე მითითებისა და მონაცემთა შეჯამების საშუალებას იძლევა. ეტაპი 10: შეჯამება       ამ ეტაპზე მკვლევარს შეუძლია უკვე შესწავლილი სიტუაციის ძირითადი მახასიათებლების შეჯამება. შეჯამებაში მოცემული იქნება ძირითადი ფაქტორები, საკითხები, ცნებები და შემდგომი კვლევის მიმართულებები.ესარის გარდატეხის ეტაპი მონაცემების შეგროვებისას, ვინაიდან ამ დროს ხდება მონაცემებიდან აქამდე მოძიებული ძირითადი თემების, საკითხებისა და პრობლემების გამოკვეთა და შემდგომი კვლევის გზების დასახვა. შეჯამების წერისას გამოიყენება როგორც თავად მონაცემებიდან, ისე მკვლევრის დასკვნით მიღებული ცნებები (Hammersley and Atkinson 1983: 178).       აქ მკვლევარს თეორიის ჩამოყალიბების მოსამზადებელი ეტაპების გავლა მოუწევს. პატონი (1980) თვისებრივი ანალიზის შემთხვევაში შემდეგ ეტაპებს გამოყოფს: კვლევისა და ანალიზის ფოკუსის პოვნა; მონაცემების ორგანიზება, დამუშავება, მოწესრიგება და გადამოწმება; თვისებრივი აღწერის ანუ ანალიზის დაწერა; კატეგორიების, ტიპოლოგიებისა და სახელწოდებების ინდუქციურად შექმნა; კატეგორიების ანალიზი იმის გასარკვევად, თუ სად არის საჭირო შემდგომი დაზუსტება და ჯვარედინი დაზუსტება; ამ კატეგორიების გამოხატვა და ტიპური შემთხვევების აღნიშვნა მეტაფორების საშუალებით (იხ. Pitman and Maxwell 1992: 747); ურთიერთმიმართებების, მიზეზებისა და შედეგების შესახებ დასკვნების გაკეთება.       ბოგდანი და ბიკლენი (1992: 154 – 63) რამდენიმე მნიშვენლოვან ფაქტორს გამოყოფენ, რომელიც მკვლევარმა ამ ეტაპზე უნდა გაითვალისწინოს. ამ ფაქტორთა რიცხვში შედის: საკუთარ თავზე ზემოქმედების მოხდენა იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევის ფოკუსის გამოყოფას, დავიწროებას და კვლევის ტიპის განსაზღვას; ასევე, ანალიტიკური კითხვების ჩამოაყალიბება; მონაცემების შეგროვების დაგეგმვისას ადრინდელი დაკვირვებით მიღებული მოანცემების გამოყენება, დაკვირვებების შესახებ რეფლექსიური ჩანაწერების გაკეთება, საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების ცდის პირებისთვის გაცნობა, საველე სამუშაოებისა და კვლევის წარმოების პარალელურად შესაბამისი ლიტერატურის ანალიზი, კვლევის დასაზუსტებლად ცნებების, მეტაფორების, ანალოგიების და ვიზუალური საშუალებების შექმნა. ეტაპი 11: სპეკულაციური დასკვნების გაკეთება       სპეკულაციური დასკვნების ეტაპი მნიშვნელოვანი ეტაპია, ვინაიდან მას კვლევა აღწერიდან დასკვნების გაკეთებაზე გადაჰყავს. ამ ეტაპზე მკვლევარს, ემპირიულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სიტუაციის, ზოგიერთი ძირითადი ელემენტისა და სავარაუდოდ, მათი მიზეზების ახსნების შემოთავაზება მოეთხოვება. ეს ჰიპოთეზის ჩამოყალიბებისან სამუშაო პიჰოთეზების ფორმირების პროცესია, რომელიც თეორიის გენერირებას უწყობს ხელს.       თეორიის გენერირების ეტაპი დაფუძნებულ თეორიას უკავშირდება და ამ საკითხს მოგვიანებით მივუბრუნდებით. ახლა გთავაზობთ კონტენტ ანალიზის მაგალითს, რომელშიც არ არის გამოყენებული სტატისტიკური ანალიზი, თუმცა მონაცემების ანალიზისადმი სისტემატურ მიდგომას მაინც გვიჩვენებს, რაც კონტენტ ანალიზის არსს წარმოადგენს. კონტენტ ანალიზის საილუსტრაციო მაგალითი       წინამდებარე მაგალითში მკვლევარს უკვე გაკეთებული აქვს სამსახურში მიღებული სტრესის შესახებ მონაცემების ტრანსკრიპტი, რომლებიც, ვთქვათ, რამდენიმე მასწავლებლის ანგარიშიდან და ინტერვიუდან არის აღებული და რომელშიც უკვე შეჯამებულია ძირითადი მომენტები. წარმოიდგინეთ, რომ თითოეული ანგარიში ან ინტერვიუ სათითაოდ არის დაწერილი და ცალკე ფაილებად ინახება (მაგალითად, კომპიუტერში) და ახლა ანალიზისთვის ერთიანი მონაცემების სახითაა წარმოდგენილი. პრაქტიკულად, რაც გვაქვს, უკვე ინტერპრეტირებული მონაცემებია და არა სტენოგრაფიული ჩანაწერი. ეტაპი 1: მონაცემებზე ინტერპრეტაციული კომენტარების მიწერა       თითოეული მონაცემის გასწვრივ კოდის/კატეგორიის/დესკრიპტორის აღმნიშვნელი სიტყვაა მიწერილი (მსხვილი შრიფტით), ესე იგი, შეჯამებული მონაცემები უკვე წარმოდგენილია 33 შემაჯამებელი წინადადების სახით. სტრესს იწვევს გაცრუებული მოლოდინები, ანუ დასახული მიზნის მიუღწევლობა, უკმაყოფილება საკუთარი საქციელის გამო, ზოგჯერ, თავად მასწავლებლების მოდუნება და ბედს დამორჩილება.მიზეზი სტრესს იწვევს პროფესიული საქმეებისათვის თავისუფალი დროის დათმობის საჭიროება. მაგრამ, სტრესის მიზეზი თავისუფალი დროის დახარჯვა კი არ არის, არამედ მასწავლებლის მიერ საკუთარ გეგმებთან/სურვილებთან დაკავშირებით კომპრომისის გაკეთებაა მიზეზი. სტრესის მიზეზი რამოდენიმე მოთხოვნის ერთდროულად შესრულების მოთხოვნიდან გამომდინარეობს .თავად ის ფაქტი, რომ ეს მოთხოვნები ერთდროულად არსებობს, მათი ერთდროულად დაკმაყოფილების შეუძლებლობაზე მიუთითებს. ამრიგად, სტრესი სიტუაციის დაძლევის პრობლემაშია - ეს გამოუვალი სიტუაციაა. ბუნება ერთი წყაროდან წარმოქმნილი სტრესი დამატებით სტრესს ქმნის, რაც უძილობას იწვევს – ეს კი იმის ნიშანია, რომ ყველაფერი უკიდურეს ზომამდეა მისული. შედეგი სტრესს განაპირობებს ის მნიშვნელობა, რომელსაც პიროვნება იმ აქტივობებს მიაწერს, რომელშიც იგი მონაწილეობს. ბუნება. სტრესს იწვევს ინდივიდის პატიოსნების/ღირებულებების არა მხოლოდ გამოცდა, არამედ ეჭვქვეშ დაყენება. მიზეზი სტრესი „ფრუსტრაციიდან“ წარმოიქმნება – ფრუსტრაციას სტრესამდე მივყავართ, რაც თავის მხრივ, ისევ სტრესს იწვევს, შემდეგ ისევ ფრუსტრაციამდე და ა. შ. - მანკიერი წრე. ბუნება როდესაც კარგად დაწყობილი გეგმები ირევა, ეს შეიძლება სტრესული იყოს. მიზეზი სტრესის მანკიერი წრე ძილის დარღვევასაც იწვევს, რაც თავის მხრივ, სტრესს იწვევს. ბუნება სტრესის შემცირება ხშირად მხოლოდ სიმპტომებზე მოქმედებს და არა - მიზეზებზე, მიზეზი ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს, ისაა, რომ სტრესორები არ უჩინარდება და სტრესი ძლიერდება. მიზეზი სტრესის ეფექტი ფიზიკურია, რაც, თავის მხრივ, უფრო დიდ სტრესს იწვევს - კიდევ ერთი ჩაკეტილი წრე. შედეგი სტრესი დაქვეითებული ენთუზიაზმიდან/პასუხისმგებლობიდან/მისწრაფებიდან/ მოლოდინიდან წარმოქმნება. მიზეზი სამუშაოს ზეწოლა ამცირებს მისწრაფებას, რომელიც ამცირებს სტრესს. მიზეზი სტრესი მეგობრებთან ურთიერთობით მცირდება. გამკლავება სტესს იწვევს ის, რაც ინდივიდის კონტროლს მიღმაა. მიზეზი სტრესი პრობლემურ მოსწავლეებთან ურთიერთობიდან მომდინარეობს. მიზეზი სტრესი წარუმატებელი მენეჯმენტის გამო ჩნდება. მიზეზი სტრესი კმაყოფილების განცდის უქონლობისგან ჩნდება. მიზეზი სტრესი თავისთავად იშვიათად წარმოიქმნება. ის, როგორც წესი, რამდენიმე ფაქტორის კომბინაციაა - ზვავივითაა, თანდათანობით მატულობს და ძლიერდება. ბუნება სტრესს პროფესიული პირობების გაუარესება იწვევს, რასაც მასწავლებლი ვერ აკონტროლებს. მიზეზი. სტრესი კონტროლისა და ავტონომიის დაკარგვის შედეგად ყალიბდება. მიზეზი პროფესიული პირობების გაუარესებით გამოწვეული სტრესის შედეგები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ბუნება სტრესი წარმოიქმნებამაშინაც, როდესაც პროფესიული სტანდარტების დათმობის საშიშროება ჩნდება. მიზეზი სტრესი მოუგვარებელი საქმეების გამო შეიძლბა გაჩნდეს. მიზეზი სტრესის მიზეზი პროფესიული კომპრომისი შეიძლება იყოს, რაც ინდივიდის კონტროლს არ ექვემდებარება. მიზეზი სტრესის ინტენსიობას მისი ზომა განაპირობებს - დიდი ყუმბარის აფეთქება მყისიერი ზიანის გამომწვევია. ბუნება სტრესს თვითგადარჩენის გზის არარსებობა იწვევს; სიტუაცია ჩაკეტილია და კიდევ უფრო მეტ სტრესს იწვევს. უცხვირო ჩაიდნის მსგავსად, რომელიც დუღილისას ჯერ ლითონს აწვება, მერე კი ფეთქდება. მიზეზი სტრესი გადატვირთვიდან და ფრუსტრაციიდან - კონტროლის დაკარგვიდან მომდინარეობს. სტრესი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანები თავიანთ სამუშაო გარემოსვერ აკონტროლებენ. მიზეზი სტრესს გადატვირთვა იწვევს. მიზეზი სტრესი ჩნდება მაშინაც, როდესაც ინდივიდი ხედავს, რომ მის გაკეთებულ საქმეს სხვა აფუჭებს თავისი უცოდინრობით. მიზეზი სტრესი გვხვდება მაშინ, როდესაც მისი შემცირების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს. ამრიგად, თუ სტრესის „ორთქლის გამოშვება“ არ ხდება, ის სულ უფრო და უფრო მოიმატებს. მიზეზი, ბუნება სტრესთან გამკლავება რელაქსაციითა და ვარჯიშით შეიძლება. გამკლავება სტრესის შემცირების ისეთი თვითდამაზიანებელი ქცევებით, როგორიცაა ალკოჰოლოს მიღება და მოწევა. გამკლავება, ბუნება სტრესი იმ საქმიანობებისადმი მინიჭებული მნიშვნელობის ფუნქციაა, რომელსაც მონაწილეები ახორციელებენ. ბუნება რაც უფრო ახლო ურთიერთობა აქვს ინდივიდს სტრესის გამომწვევ ადამიანებთან, მით მწვავეა სტრესი. ბუნება       მონაცემების ძალიან მიახლოვებითი კოდირება სამი ან ოთხი კატეგორიის მიხედვით მოხდა. შეიძლებოდა მონაცემების გაცილებით უფრო ზუსტად კოდირება, მაგალითად, თუ თითოეულ კონკრეტულ მიზეზს საკუთარი კოდი ექნებოდა. მართლაც, გარკვეული თეორიული მიმდინარეობა დაგვისაბუთებდა, რომ საწყის ეტაპზე კონკრეტული კოდების შექმნა მნიშვნელოვანია. მკვლევარმა შეიძლება გადაწყვიტოს სიტყვების (და შემდეგ სიტყვების სიხშირეების) ან მნიშვნელობების კოდირება – სიტყვების და არა მნიშვნელობების კოდირება ზოგჯერ სახიფათოა, რადგან ადამიანები ერთიდაიგივე აზრს სხვადასხვა სიტყვებით გამოთქვამენ ხოლმე. ეტაპი 2: მონაცემების დახარისხება ძირითადი არეების მიხედვით       გამოყენებული კოდები ოთხ ძირითად არეში განთავსდა, ესენია: სტრესის მიზეზები; სტრესის ბუნება; სტრესის შედეგები; სტრესთანბრძოლა. ეტაპი 3: თითოეული თემის დასახელება და დებულებების ხსენების სიხშირეების მიწერა       თითოეული თემის შესატყვისი მონაცემები ერთად გროვდება და დებულების გასწვრივ იმდენი ნიშანი (/) იწერება, რამდენჯერად ის მასწავლებელმა ახსენა.       სტრესის მიზეზები გაცრუებული მოლოდინი/მისწრაფება - / გაღიზიანება - / სხვებს არ გააქვთ თავისი - / სხვები ნებდებიან/ფარ-ხმალს ყრიან - / პროფესიული მოთხოვნები, მაგალითად, პრობლემური მოსწავლეები - / პროფესიული საქმეებისთვის თავისუფალი დროის დათმობის საჭიროება - / სამუშაოსთან დაკავშირებული სირთულეები - / თავისუფალი დროისა და სივრცის უქონლობა - / საკუთარი ან სხვების პროფესიული სტანდარტებისა და პატიოსნების დათმობა - /// ჩაშლილი გეგმები- / სტრესი თავისთავად იწვევს სტრესის გაძლიერებას- / სტრესის მიზეზების შემცირების უუნარობა - / ენთუზიაზმის/პასუხისმგებლობის/მისწრაფების შემცირება - / სამუშაოს ზეწოლა/წნეხი - / ის, რაც საკუთარი კონტროლის მიღმაა - / წარუმატებელი მენეჯმენტი ან მმართველობა - / დაუკმაყოფილებლობა - / პროფესიული პირობების გაუარესება - / კონტროლისა და ავტონომიის დაკარგვა - // პრობლემური სიტუაციის მოწესრიგების უუნარობა- / პრობლემური სიტუაციისგან თავის დაღწევის უუნარობა- / სამუშაოთი გადატვირთვა - / იმის ყურება, თუ როგორ აფუჭებენ სხვები ინდივიდის მიერ წარმატებით გაკეთებულ საქმეს -/       სტრესის ბუნება სტრესიგანპირობებულია იმ მნიშვნელობით, რომელსაც მონაწილეები მათ მიერ შესრულებულ საქმიანობებს ანიჭებენ. - / სტრესი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთდროულად ბევრი მოთხოვნაა, ანუ როდესაც სიტუაცია გამოუვალია - / სტრესი კუმულაციურია (ზვავივით მატულობს და გროვდება), სანამ უკიდურეს ზღვარს არ მიაღწევს - / სტრესი მანკიერი წრეა - // სტრესის ეფექტი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება - / სტრესის ინტერსივობა მისი ზომის ფუნქციაა - / თუ სტრესს არ აქვს გამოსავალი, „ორთქლის გამოსაშვები ხვრელი“, იგი უფრო ძლიერდება- // სტრესთან გამკლავების მცდელობამ თვითდამაზიანებელ ქცევამდე (თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის მიღება) შეიძლება მიიყვანოს ადამიანი - / სტრესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანი გასაკეთებელ საქმეებს - / რაც უფრო ახლო ურთიერთობა აქვს ინდივიდს სტრესის გამომწვევ ადამიანებთან, მით მწვავეა სტრესი - /       სტრესის შედეგები უძილობა ან ფიზიკური რეაქცია - / სტრესის შედეგები თავისთავად იწვევს მეტ სტრესს. - / თვითდამაზიანებელი ქცევა- /       სტრესთან გამკლავება ფიზიკური აქტივობა ან ვარჯიში - / მეგობრებთან ურთიერთობა - / ალკოჰოლის მიღება და მოწევა - / ეტაპი 4: მესამე ეტაპზე გაკეთებული ჩამონათვალის გადასინჯვა და საკითხების დაჯგუფება (კატეგორიასთან გადაფარვისთავიდან არიდება)       ამ ეტაპზე დაჯგუფებული მონაცემები ხელახლაა გაანალიზებული და ისინი ოთხიძირითადი დაჯგუფის სახითაა წარმოდგენილი (სტრესის მიზეზები, სტრესის ბუნება, სტრესის შედეგები და სტრესთან ბრძოლა)       სტრესის მიზეზები ► პიროვნული ფაქტორები გაცრუებული მოლოდინი/მისწრაფება - / გაღიზიანება - / პროფესიული საქმეებისთვის თავისუფალი დროის დათმობის საჭიროება - / თავისუფალი დროისა და სივრცის არქონა- / სტრესი თავისთავად მეტ სტრსს იწვევს - / სტრესის მიზეზების შემცირების უუნარობა - / ენთუზიაზმის/პასუხისმგებლობის/მისწრაფების შემცირება - / ის, რაც საკუთარი კონტროლის მიღმაა - / დაკმაყოფილების გრძნობის არქონა - / კონტროლისა და ავტონომიის დაკარგვა - // პრობლემის მოგვარების უნარის უქონლობა - / გამოსავალის არარსებობა- / ► ინტერპერსონალური ფაქტორები გაღიზიანება - / სხვების მიერ მიზნის მიუღწევლობა- / სხვებისთვის დანებება/ფარ-ხმლის დაყრა- / საკუთარი ან სხვების პროფესიული სტანდარტებისა და პატიოსნების დათმობა - /// იმის ყურება, თუ როგორ აფუჭებენ სხვები ინდივიდის მიერ წარმატებით გაკეთებულ საქმეს -/ ► მენეჯმენტი სამუშაოს ზეწონა - / ის, რაც კონტროლს მიღმაა - / წარუმატებელი მენეჯმენტი ან მმართველობა - / პროფესიული პირობების გაუარესება - / იმის ყურება, თუ როგორ აფუჭებენ სხვები ინდივიდის მიერ წარმატებით გაკეთებულ საქმეს - / ► პროფესიული საკითხები სხვების მიერ მიზნის მიუღწევლობა- / პროფესიული მოთხოვნები, მაგალითად, პრობლემური მოსწავლეები - / პროფესიული საქმეებისთვის თავისუფალი დროის დათმობის საჭიროება - / სამუშაოსთან დაკავშირებული სირთულეები - / საკუთარი ან პროფესიული სტანდარტებისა და პატიოსნების დათმობა - /// გეგმების ჩაშლა- / სამუშაოს ზეწოლა - / პროფესიული პირობების გაუარესება - / სამუშაოთი გადატვირთვა - / კონტროლისა და ავტონომიის დაკარგვა - //       სტრესის ბუნება ► ობიექტური სტრესი განპირობებულია იმ მნიშვნელობით, რასაც მონაწილეები გასაკეთებელ აქტივობებს ანიჭებენ - / სტრესი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთდროულად ბევრი მოთხოვნაა, - / სტრესი კუმულაციურია (ზვავივით მატულობსდა გროვდება), სანამ უკიდურეს ზღვარსარ მიაღწევს - / სტრესი მანკიერი წრეა - // სტრესის ეფექტი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება - / სტრესის ინტერსივობა მისი ზომის ფუნქციაა - / თუ სტრესს გამოსავალი არ აქვს, ის უფრო ძლიერდება- // სტრესთან გამკლავების მცდელობამ ადამიანი შეიძლება თვითდამაზიანებელ ქცევამდე (თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის მიღება) მიიყვანოს - / ► სუბიექტური სტრესი განპირობებულია იმ მნიშვნელობით, რასაც მონაწილეები გასაკეთებელ აქტივობებს ანიჭებენ- / რაც უფრო ახლო ურთიერთობა აქვს ინდივიდს სტრესის გამომწვევ ადამიანებთან, მით მწვავეა სტრესი - /       სტრესის შედეგები ► ფიზიოლოგიური უძილობა - / ► ფიზიკური ფიზიკური რეაქციები - // თამბაქოს მოწევის გაძლიერება - / ალკოჰოლის მოჭარბებული მოხმარება - / ► ფსიქოლოგიური გაღიზიანება - /       სტრესთან გამკლავება ► ფიზიკური ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში - / სოციალური სოლიდარობა, განსაკუთრებით, ახლობელ ადამიანებთან - /// მეგობრებთან ურთიერთობა - / ► სოციალური სოციალური სოლიდარობა, განსაკუთრებით, ახლობელ ადამიანებთან - /// მეგობრებთან ურთიერთობა - / ეტაპი 5: მეოთხე ეტაპზე გამოყოფილი ჯგუფების ან შედეგების კომენტირება და მათი მნიშვნელობების განხილვა       წინა ეტაპების დასრულების შემდეგ მკვლევარს უკვე შეუძლია ზოგად და კონკრეტულ მომენტებს დაუთმოს ყურადღება, მაგალითად: სტრესის უამრავი მიზეზი არსებობს (დაასახელეთ რაოდენობა); სტრესიდან გამოსვლის ძალიან ცოტა გზა არსებობს, ასე რომ, მისი აკუმულირება ალბათ, გარდაუვალია. სტრესის მიზეზები პიროვნულ ფაქტორებში იღებს სათავეს და არა - მენეჯმენტში, პროფესიული საქმიანობასა თუ სხვ. (აქ დაასახელეთ სიხშირეები). სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები უფრო ნაკლებ სტრესს იწვევს, ვიდრე სხვა ფაქტორები (მაგალითად, მენეჯმენტი). ანუ, ადამიანებმა მუშაობის დაწყებისას იციან, რას უნდა ელოდონ თავიანთი სამუშაოდან, მაგრამ პრობლემა სადღაც სხვაგანაა, თუნდაც - მენეჯმენტში (დაასახელეთ სიხშირეები). კონტროლის დაკარგვა მნიშვნელოვანი ფაქტორია (დაასახელეთ სიხშირეები). ადამიანების მიმართ არსებული გამოწვევები, და მათი პიროვნული ინტეგრირებულობის/თვითშეფასების ეჭვქვეშ დაყენება ძალიან სტრესულია (დაასახელეთ სიხშირეები). სტრესის ბუნება კომპლექსურია და რამდენიმე ურთიერთმოქმედ კომპონენტს მოიცავს (დაასახელეთ სიხშირეები). სტრესი ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში იჭრება. სტრესის დასაძლევად ზომების მიუღებლობა აგვარებს პრობლემას; სტრესის დასაძლევად ზომების მიღება აგვარებს პრობლემას. სტრესის ბუნების სუბიექტური ასპექტები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ობიექტური (დაასახელეთ სიხშირეები). სტრესის შედეგი პიროვნული უფროა, ვიდრე - პიროვნების გარეთ არსებული (მაგალითად, სისტემური ან სისტემის დამაზიანებელი) (დაასახელეთ სიხშირეები). სტრესის შედეგები თითქმის უკლებლივ უარყოფითია და არა - დადებითი (დაასახელეთ სიხშირეები). სტრესის შედეგების განცდაუფრო არაკოგნიტურია, მაგალითად, ემოციური და ფსიქოლოგიური, ვიდრე - კოგნიტური (დაასახელეთ სიხშირეები). სტრესთან გამკლავების ცოტა გზა არსებობს (სიხშირეები), ესე იგი, შეზღუდულია სტრესის შემცირების შესაძლებლობები.       გაანალიზებული მაგალითის ეტაპებში ასახულია ის თემები, რომლებიც კონტენტ ანალიზის წინა განხილვისას წამოიჭრა; თუმცა მაგალითში არ არის გაკეთებული სტატისტიკური ანალიზი და არც სიტყვებია დათვლილი. კონტენტ ანალიზის მიმართ სამართლიანობის დასაცავად ზოგიერთი იტყოდა, უფრო სწორედ კი, მოითხოვდა, რომ მონაცემებმა აუცილებლად უნდა გაიაროს შემდგომი ანალიზი. რაც კარგია განხილულ ანალიზში, ესაა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის წამოჭრა: მკვლევარმა მონაცემები მიმოიხილა როგორც კატეგორიებს შორის ასევე თავად კატეგორიებში დაჯგუფებების პატერნების, თემების, განზოგადებებისა, ასევე ვარაუდებისა და უჩვეულო შედეგების სანახავად. მკვლევარი იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა სიხშირეები მნიშვნელოვანი, ან არის თუ არა საკითხი მნიშვნელოვანი მაშინაც კი, თუ ის მხოლოდ ერთხელ ან რამდენჯერმე არის ნახსენები. მკვლევარმა მოიძია და წარმოადგინა დებულებების დამადასტურებელი და უარმყოფელი მტკიცებულებები. ანალიზის ბოლო ეტაპი თეორიის ჩამოყალიბებაა, იმის შესაჯამებლად, რაც სტრესის ასახსნელად ითქვა. ასევე, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, შემდგომი ანალიზისას მიზეზ-შედეგობრივი მიმართების დადგენის მცდელობაც: რა რისი მიზეზია და რა მიმართულება აქვს მიზეზობრივ კავშირს. ასევე, შეიძლება სასარგებლო იყოს დიაგრამების აგება მიმართულებების, ძლიერი მხარეებისა და დადებითი/უარყოფითი ბუნების საჩვენებლად. კონტენტ ანალიზში კომპიუტერის გამოყენება       ლეკომტი და პრეისლი (1993) საინფორმაციო ტექნოლოგიების თვისებრივ კვლევაში გამოყენების შესაძლო გზებს აჯამებენ (ასევე, იხ. Tesch 1990). როგორც ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან შეგვიძლია დავინახოთ, თვისებრივ კვლევაში ტექნოლოგიების გამოყენება მრავალფეროვანია. მონაცემები უნდა დამუშავდეს და რადგან სიტყვიერი მონაცემების დამუშავება შრომატევადი საქმეა, არსებობს მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის რამდენიმე პროგრამული პაკეტი, მკვლევრებმა სრულად უნდა გამოიყენონ ყველა არსებული გამოთვლითი ტექნოლოგია. თვისებრივ კვლევაში საინფორმაციო ტექნოლოგიები შემდეგი დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ (LeCompte and Preissle 1993: 280 – 1): მონაცემების შენახვა და შემოწმება (მაგალითად, კორექტურის); მონაცემების თანმიმდევრულად დალაგება და სეგმენტებად დაყოფა, მონაცემების გამრავლება (ასლები); ჩანაწერების წარმოება იმ ვითარებების აღწერის ჩათვლით, რომელშიც გაკეთდა ეს ჩანაწერები; მონაცემებში სიტყვის ან ფრაზის ძიება და მოძიებულის ამოკრეფა; ტექსტის ერთეულებისთვის საიდენტიფიკაციო ნიშნების მინიჭება (მაგალითად, კითხვარის პასუხები) ისე, რომ შემდგომ შესაძლებელი იყოს მათი დახარისხება; ტექსტზე კომენტარებისა და დანართების გაკეთება; მონაცემების დაყოფა ერთეულებად, რომლებიც მკვლევრის მიერ წინასწარ განსაზღვრულია, ან თავად მონაცემების ბუნებრივი ენის მიხედვით განისაზღვრა; მონაცემების წინასწარი კოდირება; ერთგვაროვანი შედარების ხელშეწყობისა და კლასიფკაციის სქემების დახვეწის მიზნით მონაცემების ცალკეული ნაწილების დახარისხება, ხელახლა გადახარისხება, კრიტიკული შედარება, კლასიფიკაცია და ხელახალი კლასიფიკაცია; ჩანაწერების კოდირება და მათი იმავე კლასიფიკაციის ჩარჩოში მოქცევა; მონაცემების გაერთიანება, ხელახალი გაერთიანება და მათი კატეგორიებში დაბრუნება; სიხშირეების დათვლა (მაგალითად, სიტყვების, ფრაზების, კოდების); მონაცემების ჯვარედინად გადამოწმება (მონაცემების ერთზე მეტ კატეგორიაში კოდირების და კატეგორიებს შორის კავშირების დადგენის შესაძლებლობა); ისეთი მონაცემების გამოვლენა, რომლებიც ერზე მეტ კატეგორიაში ხვდება; მონაცემების შედარებისა და დაპირისპირების მიზნით ქვესიმრავლეებიდან (მაგალითად, სქესი) მონაცემების კოდირებული და კვანძებად გაერთიანებული სეგმენტების ამოღება; მონაცემის ისეთი ნაწილების მოძიება, რომლებიც გარკვეული თანმიმდევრობითაა დალაგებული (მაგალითად, ქრონოლოგიურად); კოდირებულ კატეგორიებს შორის კავშირების დადგენა; კატეგორიებს შორის მიმართებების დადგენა (მაგალითად, იერარქიული, დროითი, ურთიერთობითი, დაქვემდებარებული, დამაქვემდებარებელი); საბოლოო ანგარიშში მონაცემების ციტირება.       კელეს (Kelle 1995) მოსაზრებით, კომპიუტერი განსაკუთრებით ეფექტურია თვისებრივი კვლევისთვის დამახასიათებელი ისეთ ხშირად წამოჭრილ პრობლემასთან გამკლავებისას, როგორიცაა გადატვირთული, ჭარბი მონაცემებიდან საჭირო მონაცემების ამოკრეფა. ამტკიცებენ, რომ კომპიუტერი მკვლევარს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს კოდები, შენიშვნები, დიდი მოცულობის ტექტსების სისტემები, სელექციური Mმოძიება, თანხვედრილი კოდები, ასევე, თვისებრივი მონაცემები რაოდენობრივად დათვალოს. (ასევე, იხ. Seidel and Kelle 1905). ეს, თავის მხრივ, ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირების, ქსელების აგებისა და, საბოლოო ჯამში, თეორიის შექმნის შესაძლებლობას იძლევა (Seidel and Kelle 1995). ლონკილა (Lonkila 1995) მიუთითებს, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერის გამოყენებამ ხელი შეუწყოს დაფუძნებული თეორიის ჩამოყალიბებას კოდირების, მუდმივი შედარების, კავშირების, ჩანიშვნების, ანოტაციების, დანართების, დიაგრამების, გადამოწმების გამოყენებით, რასაც საბოლოო ჯამში, თეორიის ჩამოყალიბება მოჰყვება. კელე და ლაური (Kelle and Lაურიე 1995: 27) თვლიან, რომ ამ პროცესში კომპიუტერული მეთოდების გამოყენება ზრდის ვალიდობასა (შერჩევების მართვით) და სანდოობას (მოცემულ თემაზე ყველა მონაცემის მოპოვებითა და ამით მონაცემების სარწმუნოების გაზრით). კომპიუტერი, ძირითადად, მონაცემების კოდირებისა და კომპილაციისთვის გამოიყენება (Kelle 1995: 62 – 104). ლონკილა (1995) კოდების რამდენიმე სახეს გამოყოფს: ღია კოდირების შედეგად წარმოიქმნება კატეგორიები და განისაზღვრება მათი თვისებები და განზომილებები. ღერძული კოდირება ერთი კატეგორიის შიგნით მუშაობს, ერთმანეთთან აკავშირებს ამ კატეგორიის ქვეჯგუფებს და ერთ კატეგორიას მეორესთან. ეს შეიძლება ეხებოდეს შესასწავლ მოვლენას, ამ მოვლენის გამომწვევ პირობებს, კონტექტს, რომელშიც ხორციელდება მოვლენა, მასთან დაკავშიებულ მოქმედებებსა და ურთიერთობებს, შედეგებსა და სიტუაციაში მოქმედ პირებს. სელექციური კოდირება ტექსტური მონაცემების ძირითად კატეგორიებს ადგენს, რომელთაც თეორიის ჩამოალიბებისთვის აერთიანებს. სეიდელი და კელე (1995) თვლიან, რომ კოდებით შეიძლება ტექსტის, მოვლენისა თუ ფაქტის მონიშვნა, და, ასევე, მათი გამოყენება მონაცემების ქსელების შესაქმნელად.       თვისებრივი მონაცემებისთვის არსებობს მთელი რიგი ისეთი კომპიუტერული პროგრამების პაკეტებისა (იხ. Kelle 1995), როგორიცაა, მაგალითად: AQUAD, ATLAS/ti, HyperQuad2, Hyper-RESEARCH, Hypersoft, Kwaliton, Martin, MAXqda, WINMAX, QSR.NUD.IST, Nvivo, QUALPRO, Textbase Alpha, ETHNOGRAPH, ATLAS.ti, Code-A-Text, Decision Explorer და Diction. ზოგიერთი მათგანი განხილული აქვთ პრეინსა და მის კოლეგებს (Pრეინ et al. 1995: 190 – 209). რეალურად, ეს პროგრამები თავად კი არ აანალიზებენ მონაცემებს (რაოდენობრივი მეთოდების ანალიზისთვის განკუთვნილი პროგრამებისგან განსხვავებით), არამედ ეხმარებიან მკვლევარს ამაში. კელე (2004: 277) შენიშნავს, რომ ეს პროგრამები იმდენად არ აანალიზებენ ტექსტს, რამდენადაც შემდგომი ანალიზისთვის მის ორგანიზებასა და სტრუქტურირებას ახდენენ.       ამ პროგრამების მიმზიდველობას დიდი მოცულობის ტექსტობრივ მასალასთან სწრაფად თავის გართმევის საშუალებას ქმნის; მონაცემების გამოთვლისა და მოძიებისას გამორიცხავს ადამიანურ შეცდომას; ასევე, ათავისუფლებს მკლვევარს ზოგიერთი მექანიკური დავალებისგან. სიტყვების, ფრაზების, კოდების, კვანძებისა და კატეგორიების შეთხვევაში, კომპიუტერული პროგრამით შესაძლებელია: ტექსტების, კოდების, კვანძებისა და კატეგორიების მოძიება და ჩამატება; ტექსტის გაფილტრვა; უკუთვლა; დაჯგუფებული მონაცემების სასურველი შერჩევის კრიტერიუმის მიხედვით წარმოდგენა, როგორც ტექსტებს შიგნით, ასევე რამდენიმე ტექსტში ერთად სტატისტიკური ანალიზის თვისებრივი ეკვივალენტების განხორციელება, როგორიცაა: - ლოგიკური ძიება (ისეთი ტექსტების თანაკვეთა, რომლებიც ერთზე მეტი კოდით ან კვანძითაა აღნიშნული, „და“ და „ან“ კავშირების გამოყენებით; ერთდროულად შეხვედრებისა და გადაფარვების ძიება); - სიახლოვის ძიება (მონაცემების კლასტერული გაერთიანებებისა და კვანძის ან კოდის ნებისმიერ მხარესთან დაკავშირებული კონტექსტური მონაცემების ძებნა); - შეზღუდვები, „ხეები“ და ნიშანთა შეუღლების ცხრილები (მონაცემების ძიებაში ჩართვა ან გამორიცხვა, კონკრეტულ კვანძში შემავალი კოდების და სხვა კვანძების მომცველი კვანძების ძიება) ურთიერთდაკავშირებული კვანძებისა და კოდების დენდროგრამების აგება (ხის სტრუქტურა); მონაცემების თანმიმდევრულად წარმოდგენა და ტექსტის მისთვის უახლოესი მასალის ფარგლებში განთავსება აუცილებელი კონტექსტით უზრუნველყოფის მიზნით; ტექსტის შერჩევა კომბინირებული კრიტერიუმების მიხედვით (მაგალითად, ერთდროულად გამოჩენა, ერთობლივი განლაგება); ტექსტებსა და ტექსტების პასაჟებს შორის მსგავსებების, განსხვავებებისა და ურთიერთობების ანალიზის შესაძლებლობა; ტექსტის კომენტირება და მის შესახებ ჩანიშვნების ჩაწერა.       ამას გარდა, მასალის კოდირების, ძიების, ამოკრეფვისა და წარდგენის გასაიოლებლად პროგრამა შეიძლება ლექსიკონებს და ტერმინების ანბანურ საძიებელსაც შეიცავდეს.       ვინაიდან კოდირების წესები და კატეგორიები ცნობილია და წესებით იმართება, კომპიუტერული ანალიზი განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ტექსტების მოძებნის, დაჯგუფებისთვის როგორც კონკრეტული სიტყვების, ისე - მსგავსი მნიშვნელობი მქონე სიტყვების მიხედვით. ცალკეულ სიტყვებსა და სიტყვების დათვლისას შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს კონტექსტის მნიშვნელობა. ამიტომ შეიქმნა ისეთი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც კონტექსტის ძირითად სიტყვებს (Key-Words-In-Context) პოულობენ. ასეთი პროგრამების უმეტესობას ჩანიშვნების გაკეთების ფუნქცია გააჩნია, ანუ, შესაძლებელია იმ ტექსტის თანმხლები კომენტარების გაკეთება, რომელიც ძირითად ტექსტს არ მიეკუთვნება და სურვილისამებრ, გამოირიცხოს ან ჩაერთოს ტექსტური მასალის ანალიზში. გარდა ამისა, ბევრი პროგრამული პაკეტი მოიცავს ტექსტის ანოტაციის და დანართის გაკეთების ფუნქციას, რომელიც ტექსტთან ერთად ინახება, სადაც იქვეა მითითებული, რომ ეს არის ანოტაცია და არა - ძირითადი ტექსტის ნაწილი.       კომპიუტერები ვერაფერს გააკეთებენ „ადამიანის ხელის“ გარეშე, ვინაიდან მაინც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და შექმნას კოდები და კატეგორიები, გადაამოწმოს მონაცემები და მოახდინოს მათი ინტერპრეტაცია. ანალოგიურად, „მკაცრადაა შეზღუდული ტექსტების ალგორითმული ინტერპრეტაციები“ (Kelle 2004: 277), ვინაიდან ტექსტები იმაზე მეტს შეიცავს, ვიდრე მექანიკურად გაანალიზირებადი მასალაა. გარდა ამისა, კელე (2004: 283) თვლის, რომ შეიძლება პრობლემები შეიქმნას ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაშვებები, რომელსაც კომპიუტერული პროგრამა ეყრდნობა, არ შეესაბამება მკვლევრის მიზნებს ან პროგრამა არ იძლევა თვისებრივ კვლევასთან დაკავშირებული ანალიტიკური ტექნიკების საჭირო არჩევანსა და დიაპაზონს. კელე (2004) ამტკიცებს, რომ კომპიუტერული პროგრამა დაფუძნებული თეორიის ტექნიკებს უფრო მჭიდროდ შეიძლება უკავშირდებოდეს, ვიდრე სხვა ტექნიკებს (მაგალითად, ჰერმენევტიკა, დისკურსის ანალიზი) (Coffey et al. 1996); პროგრამა შეიძლება წარმართავდეს ანალიზს და არა - პირიქით (Fielding and Lee 1998). ის ძირითადად კატეგორიების კოდირებითაა დაკავებული (Siedel and Kelle 1995). შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი, იმ თვალსაზრისით, რომ ტექსტის შეტანა უაღრესად შრომატევადი საქმეა და პროგრამა ანალიზს კი არ აკეთებს, არამედ მხოლოდ იმით ეხმარება მკვლევარს ანალიზის წარმოებაში, რომ ალაგებს მონაცემებს და იმახსოვრებს კოდებს, კვანძებს და ა. შ სანდოობა კონტენტ ანალიზში       ტექსტებისა და მათი კონტენტ ანალიზის სანდოობის განხილვისას რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი და თვისებრივი მონაცემების ანალიზისას ამისთვის, ფაქტობრივად, სხვადასხვაგვარი საშუალება გამოიყენება, მაგალითად; ნებითი და უნებლიე მტკიცებულებები (Robson 1993: 273): ნებითი მტკიცებულება ის მტკიცებულებაა, რომლის გამჟღავნებაც განზრახული იყო, ხოლო უნებრიე მტკიცებულება ისეთი მტკიცებულებაა, რომლის შესახებაც ტექსტიდან შეგვიძლია დავასკვნათ და რომლიც გაცემაც ინფორმაციის წყაროს განზრახულიარ ჰქონდა. ტექსტი, შესაძლოა, მკვლევრის გათვალისწინების გარეშე, არა კვლევისათვის, არამედ სრულიად სხვა მიზნით დაიწერა (რაც ხშირად ხდება დოკუმენტების შემთხვევაში). შესაბამისად, მკვლევარმა უნდა იცოდეს ტექსტის ავტორის განზრახვა, ან უნდა შეეძლოს მის შესახებ დასკვნის გაკეთება. დოკუმენტები შეიძლება შეზღუდული, სელექციური, ნაწილობრივი, მიკერძოებული, არანეიტრალური და არასრული იყოს, ვინაიდან ისინი სრულიად სხვა მიზნით შეიქმნა და არა — კვლევისთვის (ვალიდობისა და სანდოობის საკითხი); დოკუმენტებში, შესაძლოა, გაძნელდეს მიზეზ-შედეგობრიობის შესახებ დასკვნა - ისინი კონკრეტული სიტუაციის მიზეზი ან შედეგი შეიძლება იყოს. ტექსტის კლასიფიკაცია, შესაძლოა, არათანმიმდევრული იყოს (პრობლემა, რომელსაც ზოგჯერ ამსუბუქებს კომპიუტერული ანალიზი) ადამიანისთვის ჩვეული შეცდომის, კოდირებაზე მომუშავე პერსონალის ცვალებადობისა (ინდივიდის შიგნით და ინდივიდებს შორის ცვალებადობა) და კოდირების წესების ორაზროვნების გამო (Weber 1990: 17). ტექსტი შეიძლება არ იყოს დამოწმებული ან შეუძლებელი იყოს მისი დამოწმება; სიტყვები იმთავითვე ორაზროვანი და მრავალპარამეტრულია (ომოგრაფების პრობლემა). მაგალითად, რას ნიშნავს სიტყვა „სკოლა“: შენობას, ადამიანთა ჯგუფს, შემოქმედთა გარკვეულ გაერთიანებას (მაგალითად, იმპრესიონისტული სკოლა), დეპარტამენტს (სამედიცინო სკოლა), არსებით სახელს, ზმნას (სწავლება, განათლება, წარმართვა, გავარჯიშება, კონტროლი, ინსტიტუტში სიარული), ინსტიტუტში გატარებულ დროის მონაკვეთს („სკოლის შემდეგ ფეხბურთის სათამაშოდ დარჩნენ“), ზედსართავ სახელს (მაგალითად, სასკოლო დღე), აქტივობის სფეროს (მაგალითად, „ძლიერი დარტყმის სკოლა“), ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გარკვეული პრინციპების ერთგულია (მაგალითად, უტილიტარისტული სკოლა), ცხოვრების სტილს (მაგალითად, „ძველი სკოლის წარმომადგენელი ბატონი“), გარკვეული მიზნის ირგვლივ შეკრებილი ადამიანების ჯგუფს (მაგალითად, თამაშის სკოლა) და ა. შ. ეს განსაკუთრებით პრობლემური საკითხია კომპიუტერული პროგრამების შემთხვევაში, რომლებშიც შეიძლება სიტყვები მათი მნიშვნელობების გარეშე ანალიზირდებოდეს; კოდირებისას და კატეგორიზაციისას შეიძლება დაიკარგოს კონკრეტული სიტყვების ნიუანსები და მათი დამატებითი მნიშვნელობები (კონოტაციები); კატეგორიების განსაზღვრებები და თემები შეიძლება ბუნდოვანი, ორაზროვანი იყოს, რადგან ისინი დასკვნითი ხასიათისაა; ზოგიერთი სიტყვა შეიძლება ერთსა და იმავე საერთო კატეგორიაში შედიოდეს, მაგრამ მეტ-ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს იმ კატეგორიისთვის (სიტყვების შეწონვის სისტემა შეიძლება სანდო არ იყოს); მსგავს კატეგორიებში დაჯგუფებულ სიტყვებს შეიძლება განსხვავებული კონოტაციები ჰქონდეთY და მათ უფრო ნიუანსირებულად იყენებდნენ, ვიდრე კატეგორია აღიარებს. კატეგორია, შესაძლოა, მკვლევრის გეგმებს და მის მიერ მიწერილ მნიშვნელობა უფრო ასახავდეს, ვიდრე იმას, რაც რეალურადაა ტექსტში მოცემული, ან, რასაც ტექსტის შემქმნელები (მაგალითად, რესპოდენტები) გულისხმობდნენ. მონაცემების გაერთიანებამ შეიძლება სანდოობა შეამციროს. მაშინ, როდესაც ანალიზისისას წინადადებებს, ფრაზებს, სიტყვებსა და სრულ ტექსტებს შეიძლება მაღალი სანდოობა ჰქონდეთ, აბზაცებსა და ტექსტის უფრო დიდი ზომის, მაგრამ არასრული ნაწილებს — დაბალი (Weber 1990: 39). დოკუმენტში სათქმელი შეიძლება მიზანმიმართულად იყოს გამოტოვებული, გაზვიადებულად ან დაკნინებულად ნათქვამი (Weber 1990: 73)       უფრო ფართო დონეზე, ეზი (Ezzy 2002: 84) კონტენტ ანალიზის შეზღუდვას გვთავაზობს და ამტკიცებს, რომ ვინაიდან კოდირება და კატეგორიზაცია წინასწარ განსაზღვრულია, კონტენტ ანალიზი უკვე არსებული თეორიის შესამოწმებლად ან დასასაბუთებლად გამოდგენა და არა - ახლის შესაქმნელად, თუმცა, აქ, ალბათ, არასათანადოდაა შეფასებული კონტენტ ანალიზის ახალი თეორიის ჩამოყალიბებისთვის გამოყენების შესაძლებლობები, განსაკუთრებით, დაფუძნებული თეორიის შემთხვევაში (განხილულია ქვემოთ). კონტენტ ანალიზისას ხშირად წინასწანაა ცნობილი, თუ რას ეძებენ ტექსტში და რა კატეგორიებით მოხდება მისი გაანალიზება. ეზის (2002: 85) აზრით, ამით ანალიზის კატეგორიების მონაცემებისადმი რეაქციულობა მცირდება და, შედეგად, მონაცემების ანალიზი მკვლევრის გეგმების მიხედვით წარიმართება და არა - რაიმე „სხვა“ გეგმით. ამგვარად, შესაძლებელი ხდება არსებული თეორიის შემოწმება. ფაქტობრივად, მეირინგის (2004: 269) მტკიცებით, თუ კვლევის კითხვა ძალიან ზოგადია, ან თუ კვლევა შესწავლითია, მაშინ უმჯობესი იქნება კონტენტ ანალიზზე უფრო ღია პროცედურების, მაგალითად, დაფუძნებული თეორიის გამოყენება.       მიუხედავად იმისა, რომ ინდუქციური მიდგომები კონტენტ ანალიზის ადრეულ ეტაპებზე შეიძლება გამოირიცხოს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შემდგომ ეტაპებზეც გამორიცხული იქნება, ვინაიდან შესაძლებელია, მკვლევრმა წამოაყენოს და მონაცემებიდან ინდუქციურად გამოკვეთოს თემები და ინტერპრეტაციები და არა -მაინცდამაინც კატეგორიებიდან ან უკვე არსებული თეორიებიდან. აქედან გამომდინარე, თქმა იმისა, რომ კონტენტ ანალიზი უარს ამბობს ინდუქციაზე ან არსებული თეორიის შემოწმებით შემოიფარგლება (Ezzy 2002: 85), უსამართლობა იქნება. ეს კონტენტ ანალიზის მოქნილობაზე მცდარი წარმოდგენაა. ფლიკი (1998) თვლის, რომ თუ წინასწარ მომზადებული კატეგორიები მონაცემებს ვერ ერგებიან, ისინი უნდა მოდიფიცირდეს. ◄ წინა თავი მომდევნო ნაწილი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 12:45pm on ნოემბერი 29, 2017
თემა: ნოდარ დუმბაძე - კუკარაჩა
ვით ვიყავით შესეული და იყო დეიდა მართას ეზოში გაუთავებელი წყევლა-კრულვა, გნიასი, ხვეწნა, მუდარა და მუქარა: – ჩამოდი, შე არგასაზრდელო! – ისე ვერ ჩახეთქავ, ტოტი რომ არ მოგლიჯო, შე ოხერო?! – დაბრმავდი, აჰანდე, ვერა ხედავ, რომ ჯერ მკვახეა?! – ჟორა, გამოიტა ის მარილიანი თოფი! – ჯიბგირებო, ყაჩაღებო, ქურდებო, არამზადებო და დამტაცებლებო!!! – ჩამოდით ახლავე, ვიდრე კუკარაჩასთვის არ დამიძახნია!.. – არა გყავთ პატრონები? მაშ, თუ გყავთ, რად არ გამოდიან და არა მშველიან, ღმერთო, შენ გაუჩინე ამ ურდოს მუცლის გვრემა და ფაღარათი! დეიდა მართა ერთი ხის ძირიდან მეორესკენ გადარბოდა შინდის წკნელის ქნევით, მერე არაქათგამოცლილი შუა ეზოში ჯდებოდა და ახლა ხვეწნაზე გადადიოდა: – გოგო, ნათელა, მასწავლებლის შვილი მაინც არ იყო, დედაშენი მთელ ვაკეს ღრამატიკას და „ვეფხისტყაოსანს“ რომ ასწავლის, შენ საკუთარისა და სხვისი გარჩევა არ გასწავლა?! – აი და-და-და-და, დუდუ, შე თავგასიებულო, მეხი კი ინჟინერ მამაშენს დავაყარე, ნახევარი თბილისი ააშენა და რაღა ჩემი ოჯახის დამანგრევლადა გზრდის! – შენ რა გაცინებს, უდღეურო გურიელო, რაიკომის მდივნის შვილი კი არა და, მეხაშის შვილი უნდა იყო და ღორის ჯიგარსა რეცხამდე ვერეზე. ჩამოდი ძირს და მაწონს გაჭმევ – ემანდ რამე არ მოგივიდეს და დასაჭერად არ გამიხადო საქმე... – უი, ბროძელო, შენც აქა ხარ? ირაკლი კი არა, ვირაკლი უნდა გერქვას შენა, რადგან კაცის არ გეყურება, რამდენჯერ გითხარი, მაგ გიზიკას აყოლა ხელს არ მოგცემს-მეთქი, დღეს ალუბალს მოიპარავ, ხვალ სახლს გასტეხავ, ზეგ მატარებელს გააჩერებ, მაზეგ პარახოდსა და... უი, თვალი დამიდგეს, კუჭიკო, შენც აქა ხარ? კუჭიც და თავიც ერთად გაგიხმეს, ჩამო, შე საციმბირე, შენა... – ბერძენო კოსტია, აქ იმიტომ ჩამოეთერით, რომა ჩემი ოჯახი დაანგრიოთ, საბერძნეთში ცოტა ალუბალი და თუთა იყო?! – კუკარაჩა, ეგ არი, უბნის რწმუნებული ვარო, ქურდების ხორიალა ვარო, შავი ჭირი ვარო, ახალგაზრდობის აღმზრდელი ვარო, შენ ვისი გამზრდელი ხარ, შენ თვითონ პრიუტში გაზრდილო, შენა?!. *         კუკარაჩა ჩვენი მილიციის უბნის რწმუნებული იყო, კაცი მეტად უცნაური, სამართლის გამგები, გაჭირვებულის ქომაგი და საყვარელი. უბანში ვინმესთვის რწყილს რომ ეკბინა, კუკარაჩას შესჩივლებდა, სხვა უფრო დიდი საქმე ხომ უკუკარაჩოდ ვერა და ვერ გადაწყდებოდა. ფინეთის ომიდან დაბრუნებულს წითელი ვარსკვლავის ორდენი უმშვენებდა მკერდს. დაბრუნდა თუ არა ფრონტიდან, იმ დღესვე რაიკომში მისულა, – სამუშაო მომეცითო. – რა იციო? – უკითხავს რაიკომის მდივანს. – კაცის კვლაო, – უპასუხნია. რაიკომის მდივანს გასცინებია და მილიციაში გაუმწესებია უბნის რწმუნებულად. ეს იყო და ეს. ისე, ამბობდნენ, ფრონტზე დიდი გმირობა ჰქონდა ჩადენილი, ის კი არა, იმასაც ამბობდნენ, თურმე ის ორდენი ვოროშილოვმა საკუთარი მკერდიდან მოიხსნა და თვითონ დააბნია კუკარაჩას მკერდზეო, მერე მხარზე ხელი დაჰკრა და ასე უთხრაო: – მალადეც, კუკარაჩა, დზალიან კარგი ბიჩი ხარო!.. – ქართული საიდან იცით, ამხანაგო კლიმენტ ეფრემის ძევო! – გადარეულა თურმე კუკარაჩა. ვოროშილოვს გასცინებია თურმე კუკარაჩას გულუბრყვილობაზე და ასე უპასუხნია: – იოსიფ ვისარიონოვიჩმა მასცავლაო. მართალია თუ არა ეგ ამბავიო, რომ ჰკითხავდნენ ხოლმე კუკარაჩას, პასუხს თავს არიდებდა, არც უარს ამბობდა, არც ჰოს. – ეგ რა მოსაყოლია, სჯობია, იმას მოგიყვებით, ორდენი რაში მივიღეო. და მეასედ ჰყვებოდა... ტანკსაწინააღმდეგო თხრილში ჩავარდნილა თურმე კუკარაჩა თავის ტანკიანად. დიდხანს უბუქსავია შიგ, ვერც ამოსულა და ვერც ჩვენებისთვის მიუწვდენია ხმა. მერე მთელი დღის ნაჯაჯგურებსა და არაქათგამოცლილს ჩასძინებია. შუაღამისას ესმის, ვიღაც მის ტანკს ექაჩება. გახარებია, ჩვენებმა მომაგნესო, გაუხედავს სამზერში და რას ხედავს – მისი ტანკისთვის ორი მსუბუქი ტანკი ჩაუბამთ ტროსებით ფინელებს და თხრილიდან მიათრევენ. გატრუნულა კუკარაჩა, თავი მოუმკვდარუნებია. რის ვაი-ვაგლახით ამოუთრევიათ ფინელებს კუკარაჩას ტანკი თხრილიდან და ჩოჩიალ-ჩოჩიალით წაუთრევიათ თავიანთი პოზიციისაკენ. ერიჰა, – გაუფიქრია კუკარაჩას, – მე თუ მაგათ ვუყურე, ტყვეობა არ ამცდებაო. – დაუქოქია თავისი ტანკი, ჩაუგდია მესამე სიჩქარეში, მიუცია მაგარი გაზი, შემოუბრუნებია ჩვენი პოზიციისაკენ და ვიდრე ფინელები აზრზე მოვიდოდნენ, სულ ხრიგინ-ხრიგინით მიუთრევია ის ორი ტანკი ჩვენს სატანკო დივიზიაში... მართალია, ფინელებს მოუსწრიათ თავიანთი ტანკებიდან ამოძრომა და გაქცევა, მაგრამ, რაც მთავარია, ის ორი ტანკი ცხვრებივით მიურეკია კუკარაჩას სახლში. აქ წყვეტდა კუკარაჩა ამბავს. ვოროშილოვთან ქართულად საუბარი კი კვლავ საიდუმლოდ რჩებოდა. *        დეიდა მართას ეზოს ბიჭები „ვირების გარაჟს“ ვეძახდით, იმიტომ, რომ წყნეთიდან სისხამ დილით ჩამოსული მემაწვნეები თავიანთ ვირებს დეიდა მართას ეზოში ტოვებდნენ, ხურჯინებს მხარზე გადაიკიდებდნენ და სიმღერაჩადგმული „მალაკო-მაწონის“ ძახილით მოედებოდნენ თბილისის ქუჩებსა და ეზოებს. ნაშუადღევს ხელგაცლილები კვლავ ბრუნდებოდნენ ვირების გარაჟში, დეიდა მართას ხეხილის ბაღში ჩადგმულ გრძელ მაგიდას მიუსხდებოდნენ, თითო ლიტრა კახურ ღვინოს დაამშრალებდნენ და სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე დღის განმავლობაში გაგონილ ქვეყნის ჭორებსა და საკუთარი თვალით ნახულ ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. ხანდახან წყნეთელი მემაწვნეები ვირების დოღსაც მართავდნენ დეიდა მართას ეზოში. დოღი ეზოს ჭიშკრიდან იწყებოდა, ხოლო ფინიში ეზოს უკანა ღობე იყო, რომელზეც ვირები ება დღის განმავლობაში. მანძილი ჭიშკრიდან ფინიშამდე დაახლოებით 25-30 მეტრი გახლდათ. ვირების პატრონები ჟოკეებად ჩვენ გვქირაობდნენ, ბავშვებს. თუ მოვიგებდით, ერთი ქილა მაწონი ჩვენი იყო, თუ არადა, ყურის აწევა, დაცინვა და პანღური არ აგვცდებოდა. ყველა ვირს, რა თქმა უნდა, საკუთარი სახელი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჩვენზე მინდობილ ვირებს პატრონების სახელებს ვეძახდით. იმ დღეს შეზარხოშებულ წყნეთელ მემაწვნეებს ვირების დოღი ჰქონდათ. სანაძლეო 5 მანეთი იყო. მე ქიტესაზე ვიჯექი, ნათელა – არშაკაზე, დუდუ – შაქროზე, ირაჩა – იმედოზე, კოსტია ბერძენი – ხალვათაზე. კიდევ იყვნენ ვირები: ნიკალა, ნუგეშა, ვარდო, ბეგლარა და ქსენია, მაგრამ ეგენი პირველ ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ, რადგან სტარტის ხაზზე ხუთი ვირის მეტი ვერ ეტეოდა. მსაჯები დეიდა მართა და იმ ვირების პატრონები იყვნენ, რომლებიც დოღში არ მონაწილეობდნენ. დეიდა მართამ სამამდე დაითვალა და დოღი დაიწყო... ვირები პატარა ჩლიქების პაკაპუკითა და ყურების პარტყუნით დაიძრნენ ფინიშისაკენ. აზარტში შესული ფეხზე წამოცვენილი პატრონები ველური ყიჟინით, შეძახილებითა და ლანძღვა-გინებით გვამხნევებდნენ ჩვენც და ვირებსაც. – მიდი, შე დაკოდილო, ვაი, რა უქმად გაჭმევ ორაბაზიან ქერსა! – ბიჭო, გავაზე დააჯექი, გავაზე, უფრო გარეკავს! – ნახე, როგორ დადგა ეგ მართლა ვირი, დეზი, ბიჭო, დეზი ამოჰკარ! – ნელა, შე უდღეურო, ხომ იცი, ვირიდან გადმოვარდნას ცხენიდან გადმოვარდნა სჯობს! – ცოტაც, ქალაბიჭავ, და პირველი ხარ, შენ კი გენაცვალე, ჩემო მაია წყნეთელო! – ჩამოდით, თქვენი დოყლაპია დედა კი ვატირე, ამ უნიფხო გოგომ ყველას როგორ უნდა გაჯობოთ! ნათელამ ერთი ქილა მაწონი მოიგო, არშაკამ – ხუთი მანეთი, მე – პანღური... ის იყო, მეორე ტური უნდა დაგვეწყო, რომ მიტკალივით გაფითრებული ჩვენი ძმაკაცი ზევერა მოვარდა, შუა ეზოში დადგა, ხელები გაშალა და გადარეულივით იკივლა: – კუკარაჩა მოკლეს! ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ეზოში, რომ ბეღურებიც კი შეკრთნენ ხეებზე. – ხალხო, კუკარაჩა მოკლეს! – ახლა წყნარად თქვა ზევერამ და გამშრალი ტუჩები აილოკა. – ვინ? – იკითხა დიდი ხნის შემდეგ ხმაწართმეულმა დეიდა მართამ. – არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ზევერამ. – სად? – იკითხა ისევ დეიდა მართამ. – ქობულეთის აღმართზე! – თქვა ზევერამ და ხელი იქითკენ გაიშვირა, საითაც ქობულეთის აღმართი ეგულებოდა. – ინგას სახლში? ზევერამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. დეიდა მართამ თავშალი მოიძრო და ეზოდან გავიდა... ათ წუთში მთელი უბანი ინგას ეზოში იყო. ორმა სანიტარმა და ორმა მილიციელმა კუკარაჩა საკაცით გამოასვენეს ინგას ოთახიდან. გვერდით სახეშეშლილი და ღაწვებდახოკილი ინგა მოსდევდა გონდაკარგულ კუკარაჩას. – არ მოკვდე, კუკარაჩა, არ დამღუპო, თორემ ვინ დამიჯერებს, რომ უბრალო ვარ... არ მოკვდე, ბიჭო, შენი ჭირიმე, დედას გაფიცებ, კუკარაჩა, არ მოკვდე... – ამას ყურში ჩასჩურჩულებდა ინგა კუკარაჩას და შიშისაგან გადარეული თვალებით დასცქეროდა, მკერდზე ორ ადგილას ტყვიით გაგლეჯილი ძუძუსთავიდან ზანტად რომ მოჟონავდა უკვე ნახევრად შედედებული სისხლი და მჭიდროდ გადაკრულ დოლბანდზე ორ ყაყაჩოსავით რომ უღვივოდა... ... და ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანაში შეასვენებდნენ, კუკარაჩა გონს მოვიდა. – არ მოკვდე, კუკარაჩა, შენი სიცოცხლის ჭირიმე... – ისევ სთხოვა ინგამ და მის წინ მუხლებზე დაეშვა. კუკარაჩამ დანისლული თვალები მოავლო მის გარშემო შეკრებილ ხალხს. – კუკარაჩა, არ მოკვდე, ბიჭო, თორემ ვინ დამიჯერებს, რომ უბრალო ვარ... – ჩუმად... ადექი და წადი, ვითომ აქ სულაც არ ყოფილხარ, წადი, ქალო... – არ დამღუპო, კუკარაჩა... – ინგა ხელებს უკოცნიდა კუკარაჩას, ის კი ვიღაცას დაეძებდა ხალხში თვალით, იპოვა ბოლოს. – დავით! – თქვა მან. ხალხს გაფითრებული მილიციის უფროსი გამოეყო და კუკარაჩასთან მივიდა. – დავით, შენ ხომ იცი, ეს ქალი ცოლია ჩემი... ცოლია და იმ ცრემლივით წმინდაა, ლოყაზე რომ ჩამოსდის... შენ ხომ იცი, დავით?! – დავითმა თავი დაუქნია. კუკარაჩამ მშვიდად გაიღიმა. – ინგა, ნისლი მოვიდა, ვარდისფერი ნისლი და ვეღარ გხედავ...        მურტალო, შენი ოხერი დედა ვატირე, რა დედლურად გამაფუჭე... – თქვა თავისთვის ჩურჩულით კუკარაჩამ და თავი სინანულით გადაიქნია. მერე ინგას ახედა, ხელი ასწია, უნდოდა ლოყაზე მოალერსებოდა, მაგრამ გზაშივე მოსწყდა მკლავი და მარჯვნივ გადაუვარდა, ღიმილი ცოცხალივით შერჩა პირზე. არც ერთი დაკვნესება, არც ერთი „მიშველეთ!“ და არც ერთი „ვაი დედა!“ ლამაზად მოკვდა კუკარაჩა. *        ანასტასიევის ქუჩიდან ნიკო მარის ქუჩაზე რომ გადმოვედით საცხოვრებლად, პირველი, ვინც გვესტუმრა, მაღალი, შავტუხა, ლამაზი მილიციის ლეიტენანტი იყო. ზარი რომ დარეკა და დედამ რომ კარი გაუღო, იგი მოუპატიჟებლად შემოვიდა სახლში, სამზარეულოში გავიდა და ტაბურეტზე ჩამოჯდა. – ვინ ბრძანდებით თქვენ, ბატონო, და რა გნებავთ?! – ჰკითხა მილიციელის თავხედობით გაკვირვებულმა დედამ. – მე, ქალბატონო... – მილიციელი შეყოვნდა და დედას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო. – ანიკო! – მკვახედ უკარნახა დედამ. – მე, ქალბატონო ანიკო, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლავართ, ზედმეტ სახელად კუკარაჩას მეძახიან, – სულმოუთქმელად თქვა დაუპატიჟებელმა სტუმარმა. – კარგად შეურქმევიათ, – გაეცინა დედას, გოგიას მუგუზალივით შავ სიფათს რომ შეხედა. გოგიასაც გაეცინა. – სიშავის გამო შემარქვეს. – კი ხართ, სულო ცოდვილო, ცოტა შავგრემანი. – შეგიძლიათ დღეიდან კუკარაჩა დამიძახოთ! – დართო ნება დედას. – დიდი მადლობა, მაგრამ არა მგონია, მაგის შესატყობინებლად იყოთ მოსული, – უპასუხა დედამ და მეორე ტაბურეტზე ჩამოჯდა. – დიახ, მე უბანში ახლად დამკვიდრებული მოზარდების აღრიცხვას ვაწარმოებ, რადგან მათი სახლგარეთ აღზრდა და მეთვალყურეობა მევალება, – კუკარაჩამ პლანშეტიდან საერთო რვეული და ფანქარი ამოიღო. – ბატონო კუკარაჩა, თქვენ მისამართი ხომ არ შეგშლიათ? – ჰკითხა დედამ. კუკარაჩა ვერ მიუხვდა დაცინვას და სერიოზულად უპასუხა: – რას ბრძანებთ, ქალბატონო ანიკო, ნიკო მარის ქუჩა, #2, სადარბაზო 1, სართული 4, ბინა #8, ვლადიმერ ივანეს ძე გურიელი... ხომ არ მეშლება? – ძალიანაც გეშლებათ, ამხანაგო კუკარაჩა, ჩემი მეუღლე ვლადიმერი ბაღდადის რაიკომის პირველი მდივანი გახლავთ. ჩვენს ოჯახს მილიციასთან არაფერი საერთო არა აქვს, მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შვილის აღზრდაში თქვენი დახმარება არ მჭირდება, – დედას სახე აეფაკლა, – და წესიერ ოჯახებში სიარულს გირჩევნიათ ქუჩაში ჯიბგირებსა და ხულიგნებს მიხედოთ! – მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკო! – მშვიდად თქვა კუკარაჩამ და რვეული დაკეცა. – მე ვიცი, რასაც ვამბობ, ჩემი შვილი ჯერ თორმეტი წლისაც არ არის და მილიციაში აღრიცხვაზე ასაყვანი არაფერი სჭირს... – მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკო! – გაიმეორა კუკარაჩამ. – რას დაგიჩემებიათ, მაგას ნუ იტყვით და მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკოო, მეორეჯერ არ დაგინახოთ ამ საქმეზე ჩვენთან მოსული, – გაწიწმატდა დედა და ფეხზე წამოდგა. წამოდგა კუკარაჩაც. – ღმერთმა ქნას, ჩემი თავი არასდროს არ დაგაჭირვოთ, ქალბატონო ანიკო. ისე, იცოდეთ, თქვენი შვილის ტოლი რომ ვიყავი, ჩუმ-ჩუმად პაპიროსსაც ვეწეოდი, ყომარის თამაშსაც მასწავლიდნენ უბნის ბიჭები და სვირინგიც გამიკეთეს... – კუკარაჩამ სახელო აიწია და მკლავზე ამოსვირინგებული დახვეული ლურჯი გველი აჩვენა. – ნუ წუხდებით, უმაგისოდაც გეტყობათ! – მოკლედ მოუჭრა დედამ. – მე საჩხუბრად არ მოვსულვარ, ქალბატონო ანიკო, და ნუ მკადრებთ მაგას. – მშვიდობით! – უთხრა დედამ. – ნახვამდის! – უპასუხა კუკარაჩამ და კარისაკენ წამოვიდა. მე გასასვლელში ვიდექი და გაკვირვებული ვისმენდი მათ საუბარს. ასე გაცეცხლებული და უხეში დედაჩემი ადრე არასოდეს მენახა. კუკარაჩამ რომ ჩამომიარა, შეჩერდა და ლოყაზე მომითათუნა ხელი. – რა გქვია? – მკითხა ღიმილით. – თამაზი! – დავუღრინე მეც დედაჩემივით და ლოყა მოვარიდე. – ხელს თუ არ მომჭამ, მადლობელი ვიქნები! – მითხრა კუკარაჩამ და კარი გაიხურა. – Хам! – თქვა დედამ და კარი გადაკეტა. *       ეს ამბავი კუკარაჩას გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე მოხდა. ვარაზის ხევით მდინარე ვერეზე დავეშვით, ზოოპარკის ღობეზე გადავძვერით და კაკლის ძირში გავჩნდით. კუჭიკო წელში მოიხარა. – აბა მიდი! – ჩურჩულით მითხრა კუჭიკომ, – თითო უბე გვეყოფა! მე ზურგზე შევაჯექი და ხეს შევაფორთხდი. კუჭიკო წელში გაიმართა და ხელი შემაშველა. ჯერ ქვედა ტოტზე ჩამოვეკიდე მაიმუნივით, მერე მკლავზე ავიწიე, ტოტს გადავაჯექი და ფრთხილად ავცოცდი კენწეროსკენ. მე დუდუ მომყვა, დუდუს – კოსტია ბერძენი, კოსტიას – ირიჩა, კუჭიკო ბოლო ამოძვრა ხეზე. ვმუშაობდით უხმოდ და გამალებით. თხუთმეტ წუთში უბეები გატენილი გვქონდა რძეჩამდგარი ნიგვზით. – წავედით! – დაისისინა კუჭიკომ და კაკლის ძირისკენ დავიძარით. ნიგვზით უბეებგამოტენილები რის ვაი-ვაგლახით გადმოვძვერით ღობეზე და ვერეს მაღლა ავყევით. – აი, აქ! – თქვა კუჭიკომ და პატარა ტბორთან შეჩერდა. შარვლიდან პერანგის უბე ამოიქაჩა და თოთო ნიგოზი სილაზე დაახვავა. ყველამ იგივე გავიმეორეთ. – აბა, დავიწყოთ! – გასცა განკარგულება კუჭიკომ. ორ-ორი რიყის ქვა მოვძებნეთ და საქმეს შევუდექით. გამალებით ვთეთქვავდით ნიგოზს, თან აქეთ-იქით ვიცქირებოდით გაფაციცებით. ხელისგულები და სახე ისე გვქონდა ნიგვზის ნაჭის შხეფებისაგან ჩაშავებული და დაჭორფლილი, ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით. – აბა, ჩავყარეთ! – ბრძანა კუჭიკომ და მთელი ეს დაჩეჩქვილი ნიგოზი ტბორში გადავუშვით. დაიწყო მოლოდინის გაუთავებელი წუთები; ერთი წუთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და... პირველი მოწამლული თევზი გულაღმა ამობრუნდა და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. ხუთ წუთში პატარა მორევის ზედაპირი თევზებით გადათეთრდა. მოულოდნელი ეფექტისაგან სიფრთხილედაკარგულები წყალში შევცვივდით და თევზს შევესიეთ: ვწიოდით, ვყვიროდით, ვბღაოდით, ვიცინოდით, ვხარხარებდით, ერთმანეთს ხელიდან ვგლეჯდით ჯერ კიდევ ცოცხალ თევზებს... – არ გაუშვა! – ჩემია! – პირველმა მე დავიჭირე! – დაყვინთე, ნუ გეშინია! – უბეში ჩაიყარე, უბეში! – საღოლ, კუჭიკო, ვინ გასწავლა?! – ჩემით მოვიგონე! – მხეცი ხარ, მხეცი!      ნახევარი საათი მაინც გრძელდებოდა ეს ველური ყიჟინა და როდესაც ტბორი თევზისაგან დაიცალა, გალუმპულები და ილაჯგაწყვეტილები ჩვენც ჭერეხზე ამოყრილი თევზის გვერდით დავეყარენით. სული რომ მოვითქვით, კუჭიკომ თევზი თანაბრად გაჰყო, თან გაგვაფრთხილა, თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით – ანკესით დავიჭირეთ-თქო და ნანადირევით დატვირთულები, სასტიკად ამაყები დავბრუნდით შინ. თავით ფეხებამდე ჩაშავებული და გალუმპული რომ დამინახა, დედაჩემს გული კინაღამ შეუღონდა. თევზს რომ თვალი მოჰკრა, გაუკვირდა. როდესაც გაიგო, რომ საკუთრად ჩემი ნანადირევი იყო, ცოტათი დამშვიდდა. ერთი პირობა თევზის გადაყრა დააპირა, მაგრამ ნახევარსაათიანი მუდარის შემდეგ გამოკუჭა, მზესუმზირის ზეთსა და ფქვილში შეწვა, ცნობისმოყვარეობისა გამო ერთი თავი გასინჯა – უყურე შენ, რა გემრიელიაო, – თქვა და დანარჩენი წინ დამიდგა. თევზის ძვლებით აჩონჩხილი თეფში ჯერ კიდევ ალაგებული არ ჰქონდა დედას, მე კი – გაფშეკილი თითების ლოკვა დამთავრებული, რომ კართან ზარის ხმა გაისმა. დედამ კარი გააღო. კარში კუკარაჩა იდგა და იღიმებოდა. მისი მოსვლა იმდენად მოულოდნელი არ იყო, რამდენადაც გაუგებარი. – გამარჯობათ, შეიძლება, ქალბატონო ანიკო? – იკითხა მან დიდი მოკრძალებით. – მობრძანდით! – შემოიპატიჟა დედამ, ამჯერად ლმობიერად და მრგვალ მაგიდას მიუჯდა. კუკარაჩამ ბამბუკის ჯოხზე გაწყობილი ანკესი ოთახის კუთხეში მიაყუდა, პლანშეტიდან წითელყდიანი წიგნი ამოიღო და დედას პირდაპირ დაჯდა. – რაზე შეწუხებულხართ, ბატონო კუკარაჩა, ან ეს ბამბუკი რა არის? – ჰკითხა დედამ. – ახლავე მოგახსენებთ, ქალბატონო ანიკო: ეს წიგნი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი გახლავთ, ეს კი ჩვეულებრივი ანკესია. – კი, მაგრამ რა კავშირი აქვს ჩემს ოჯახთან ან ერთს, ან მეორეს? – გაუკვირდა დედას. – ანკესით, ქალბატონი ანიკო, მოგეხსენებათ, თევზს იჭერენ, სისხლის სამართლის კოდექსით კი – ადამიანებს... – თქვა კუკარაჩამ და წითელყდიანი წიგნი გადაშალა. – ბატონო კუკარაჩა, ძალიან გთხოვთ, ქარაგმებით ნუ მელაპარაკებით, პირდაპირ თქვით, რა გნებავთ. – დედას ხმაში გაღიზიანება დაეტყო. კუკარაჩამ ამას ყურადღება არ მიაქცია, თავისი საქმე განაგრძო. იგი წიგნს ფურცლავდა, ბოლოს მიაგნო სასურველ ადგილს და დედას ახედა. დედა მოუთმენლად ელოდა, რას იტყოდა კუკარაჩა. კუკარაჩამ დაიწყო: – ვნახოთ, რა წერია ამ დალოცვილ წიგნში, – თქვა და ახლა მე ამომხედა. – დაბრძანდით, პატივცემულო! – მომმართა და სკამზე მიმითითა. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, მაგრამ მაინც დავჯექი. – სახელმწიფო საკუთრების დატაცებაზე, რაც ნიგვზის მკვახე ნაყოფის დაკრეფასა და ბარბაროსულ განადგურებაში გამოიხატა, აღარაფერს ვამბობ. სხვა უფრო წვრილმანი დანაშაულიდან დავიწყებ. მაშ, ასე... მუხლი 175, – განაგრძო კუკარაჩამ, – თევზისა და სხვა მოპოვებითი სარეწების უკანონო წარმოება... ეს ჩვენ არ გვეხება, არც ეს... აგერ, ბატონო, ეს გვეხება ჩვენ... – თქვა უცებ ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხა: – ქმედობა, ჩადენილი ფეთქებადი ან მომწამვლელი, ვიმეორებ, – მომ-წამ-ვლე-ლი ნივთიერების გამოყენებით, ან საყოველთაოდ საშიში, ვიმეორებ, – სა-ში-ში საშუალებებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ, ვიმეორებ, – სამ-წლამ-დე, მთელი მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით. კუკარაჩამ წიგნი დახურა და შემომხედა. მე ცივმა ოფლმა გამომჟონა შუბლზე. ახლა კი მივხვდი, რატომ გვაფრთხილებდა კუჭიკო, არსად გვეთქვა თევზის ნიგვზის ნაჭით დაჭერის ამბავი. მე ნიგვზის ქურდობას ერიდებოდა მეგონა, თორემ რას ვიფიქრებდი, თუ ამ ლიფსიტების დაჭერისათვის საციმბიროდ გვამზადებდა ყველას. დედას გავხედე. იგი გაფითრებული იჯდა და თვალს არ მაცილებდა. მის ცქერას ვერ გავუძელი და თავი დავხარე. – რა ვქნა ახლა მე? – იკითხა კუკარაჩამ, – თევზის კონფისკაციას ვეღარ მოვასწრებ, რადგან ზეთიან ტუჩებზე გეტყობა, შეჭმული გაქვს, ნიგვზის შხეფები კი სახეზე ჭორფლივით გაყრია, – მომიბრუნდა მე. დედა ადგა, სამზარეულოში გავიდა და სასწაულით გადარჩენილი თევზნახევარი გამოიტანა თეფშით. – იმედია, ამ თევზის კონფისკაციის შემდეგ პიანინოსა და ავეჯს არ აგვიწერთ, ბატონო კუკარაჩა, ხოლო რაც შეეხება ნიგოზს, დარჩეულს მოგართმევთ, – უთხრა მან კუკარაჩას და თევზიანი თეფში წინ დაუდო. – ისე, მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ საბჭოთა კავშირში ლიფსიტების ჭერა აკრძალული იყო. – როგორ გეკადრებათ, ქალბატონო ანიკო, თევზის ჭერა აკრძალულია მხოლოდ ფეთქებადი და მომწამვლელი ნივთიერებით, ანკესით კი, რამდენიც გნებავთ, – უპასუხა კუკარაჩამ. – აბა, თქვენ რითი დაიჭირეთ? – მკითხა დედამ. მე თავი არ ამიღია ზევით. – დანაყული ნიგვზის ნაჭით, ქალბატონო ანიკო! – აუხსნა კუკარაჩამ. დედა ჩემთან მოვიდა და ნიკაპი ხელით ამიწია. – მართალია, რასაც ბატონი კუკარაჩა ამბობს? მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. დედამ ისე ამიწია ყური, ერთი დაკივლება ქვეყანას მერჩია, მაგრამ კუკარაჩასი შემრცხვა და გავიტრუნე. – იქ არ ვიყავი? – დაადასტურა კუკარაჩამ. – იქ თუ იყავი, დალოცვილო, და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახე, რაღა აქ მოდიხარ და მიკითხავ ამ სახარებას?! – უთხრა დედამ კუკარაჩას ნაწყენი ხმით. – მაპატიეთ, ქალბატონო ანიკო... – გაწითლდა კუკარაჩა და დედას ხელზე აკოცა. დედამ უხერხულად გაუღიმა და ისევ სამზარეულოში გავიდა. დაბნეული კუკარაჩა ცოტა ხანს იდგა შუა ოთახში, მერე ქუდი დაიხურა და სწრაფად წავიდა. *       მილიციის უფროსმა თუშურაშვილი იხმო. ხუთი წუთის შემდეგ კუკარაჩა დავითის საწერ მაგიდაზე მიდგმულ გრძელ მაგიდას უჯდა. – რაო, დავით, რაზე მეძახდი? – ბიჭო, რით ვერ ისწავლე, – რაზე მეძახდი კი არა, – ამხანაგო მაიორო, თქვენი ბრძანების თანახმად ლეიტენანტი თუშურაშვილი გამოცხადდა-თქო! გაიგე? – თქვა წყენით მილიციის უფროსმა და საქაღალდე გვერდზე გადადო. თუშურაშვილი ფეხზე წამოდგა, გაიჭიმა, ხელი საფეთქელთან მიიდო, და დაიწყო: – ამხანაგო მაიორო... – დაჯე, დაჯე, ახლა ეგ პატაკი ბებიაშენ აღათის მოახსენე, – გააწყვეტინა მილიციის უფროსმა. თუშურაშვილი ცივად დაჯდა. – რა გინდა, კაცო, სხვებთან სულ ბატონოს და გენერალოს გეძახი და ერთი-ერთზე, ძმაკაცთან კაცურად აღარ დამალაპარაკებ?! – ეწყინა კუკარაჩას. – სამსახურმა ძმაკაცობა არ იცის, ძმაკაცობა სახლში, ქუჩაში და... რესტორანში... ისედაც აავსეს კომისარიატი საჩივრებით, საბაშვილმა მილიცია ძმაკაცებით აავსოო, – უკმაყოფილოდ ახედა დავითმა კუკარაჩას და პაპიროსს მოუკიდა. კუკარაჩასაც მიაწოდა. – აღარ ვეწევი! – თქვა კუკარაჩამ. – როდის აქეთ? – გუშინს აქეთ! – ჯანმრთელი გინდა მოკვდე? – გაიღიმა ცალყბად და ახლად მოკიდებული პაპიროსი საფერფლეს დააჭყლიტა. – მაინც ვინ გიჩივის? – ჰკითხა კუკარაჩამ. – ყველა ოხერი და მამაძაღლი, ვისაც წერა შეუძლია და არ ეზარება. – იმ შენ მომჩივრებს უთხარი, თქვე ვირიშვილებო, მა მილიციაში უცხოსა და მტერს ხომ არ მოვიყვან, თანაც იარაღს ხომ არ მივცემთქო! – ასწავლა კუკარაჩამ. – ნეტაი შენ, ჭკუა არ გაწუხებს და დარდი, – ამოიოხრა მილიციის უფროსმა და თუშურაშვილს ქაღალდი გადასცა. – ქობულეთის აღმართის მცხოვრებლების კოლექტიური განცხადებაა. ნახე ერთი და შეამოწმე, ან იმ გოგოს დაუძახე და მოელაპარაკე. – თუშურაშვილმა განცხადება ჩამოართვა. ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების მილიციის უფროსს ამხ. დ. საბაშვილს ქობულეთის აღმ. № 137 მცხ. კოლექტიური გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა        მოგახსენებთ, რომ ჩვენს ეზოში ცხოვრობს და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა (პაპიროსსაც) ინგა ლალიაშვილი. ღამის ორ და ხანდახან ოთხ საათზე მისი ოთახიდან ისმის ჭიქების ჭახაჭუხი, უწმაწური სიტყვები და სიმღერები. მას ინტიმური კავშირი აქვს მრავალგზის ნასამართლებ ვინმე მურტალოსთან (ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია). გვრცხვენია, მაგრამ საქმის საჭიროების გამო ვასახელებთ იმ უწმაწურ სიტყვებსა და სიმღერებს, რომლებიც გვესმის ამ გარყვნილების ბუდიდან. სიტყვები: ბოზი, ჩათლახი, ნაბიჭვარი, ვირიშვილი, ყომარი, დურა, ატანდა, პლეტი, ხოში, ბითური და სხვ. სიმღერები: პარახოდმა ბათუმისკენ გასწია, ვოი ბიჭმა ჩემოდანი ასწია... შე ვირიშვილო სუდია, რა დაგიშავე ცუდია. ჰოპ, სტოპ, ზოია... გთხოვთ ჩვენ თუ არა, ჩვენი მომავალი (ბავშვები) მაინც იხსენით გახრწნისა და გათახსირებისაგან“. განცხადებას რვა კაცი აწერდა ხელს, იმათგან ერთი წითელი ფანქრით. „ამის დაწერილია“, გაიფიქრა კუკარაჩამ და გაეღიმა. – რას იღიმები? – ჰკითხა დავითმა. – ისე! – სასაცილო არაფერია, ეგ გოგო ადრეც გვყავს შემჩნეული, იმ მურტალოსთან დადის თუ პირიქით, მოკლედ, როგორც არის... ის მურტალო კი, შენც იცი, ვინ არის, მაგრამ რომ ვერ დავიჭირე საქმეზე? მაგის დედა ვატირე, ვერსაიდან ვერ მივუდექი... – თავისთვის ჩაილაპარაკა მილიციის უფროსმა. – ნება მომეცით, ამხანაგო მაიორო, წავიდე! – ფეხზე წამოდგა კუკარაჩა და მხედრულად გაიჭიმა. – წადი, წადი, შენც კარგი მაიმუნი ხარ, – ხელი აიქნია დავითმა და საქაღალდეში ჩარგო თავი. *        მორიგე იყო ინგა, ღამის 12 საათი იქნებოდა, აფთიაქში ახალგაზრდა ვაჟი შევიდა. მიუხედავად ულვაშისა, ზედა ტუჩზე ღრმა ნაჭრილობევი ემჩნეოდა, საშუალო ტანისა იყო, ჩასკვნილი, მაგრამ ფერი ჰქონდა რაღაც უცნაური, ერთად შეზავებული მიწისა და ბაიისფერი. უშიშარი, თავხედი და დამცინავი გამოხედვა ჰქონდა, რაც ანტიპატიურობის გარდა, რაღაც ვაჟკაცურ იერსაც კი აძლევდა. გული შეეკუმშა ინგას ამ კაცის დანახვაზე, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და წამლების დალაგებას შეუდგა მოგონილი სიმშვიდით. – გამარჯობათ, ქალიშვილო! – თქვა უცნობმა და გასაცემი წამლების სარკმლის რაფას ცალი იდაყვით დაეყრდნო. – გაგიმარჯოთ! – თავაუღებლად უპასუხა ინგამ და საქმე განაგრძო. – აქეთ მომხედეთ, ქალიშვილო! – გაუღიმა უცნობმა. – რა გნებავთ? – ჰკითხა ინგამ და სარკმელს მიადგა. – მარტო ხართ? – არა, გამგეც აქ არის და მთავარი პროვიზორიც, – იცრუა ინგამ. – ორივეს დაუძახე! – თქვა უცნობმა, ეს თქმა ბრძანებას უფრო ჰგავდა. – თუ რამე მზა წამალი გნებავთ, მე მითხარით და მოგცემთ, თუ არადა, რეცეპტი დამიტოვეთ, – უპასუხა ინგამ. – რასაც გეუბნები, ის გააკეთე! – უთხრა უცნობმა და ნაჭრილობევის ქვეშ ოქროს ორი კბილი გამოაჩინა. ინგას ისევ შეეკუმშა გული. „ღმერთო, რამ გაწყვიტა ეს ავადმყოფები, ვინმე მაინც შემოიხედავდეს“, – გაიფიქრა და კარისაკენ გაიხედა. უცნობმაც გაიხედა კარისაკენ. მერე კართან მივიდა და ზედ ჩამოკიდებული თეთრი მუყაოს ტაბლო გადმოატრიალა, რომელზეც შავი ასოებით ეწერა – აფთიაქი დაკეტილია, – შაბაშ! – თქვა სიცილით უცნობმა, – ახლა წადი და დაუძახე გამგესაც და პროვიზორსაც... ინგა გამგის კაბინეტისაკენ წავიდა, უცნობი თან გაჰყვა. – სად მოდიხართ? – ჰკითხა ინგამ. – გაგაცილებ! – ისევ გაუღიმა უცნობმა. ინგა გამგის კაბინეტში შევიდა. უცნობი შეჰყვა. კაბინეტი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო. – სად არიან? – ჰკითხა უცნობმა და თვალებში შეხედა. – წასულან! – თქვა დაკარგული ხმით ინგამ და მოწყვეტილი ჩაეშვა გამგის სავარძელში... – მაგას რა სჯობია, ახლა გამგეც შენა ხარ და მთავარი პროვიზორიც, – თქვა სიცილით უცნობმა. – რა გნებავთ, მითხარით! – თქვა ინგამ და შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა. – მორფი! – თქვა მოკლედ უცნობმა. ინგა გაფითრდა. – მე მორფი ვინ მომცა, სეიფშია ჩაკეტილი, – ძლივს მოაბრუნა გამშრალი ენა პირში ინგამ, – ხვალამდე მოითმინეთ, გამგე მოვა და... – მორფმა ხვალ და ზეგ არ იცის, ქალიშვილო, ან ახლა, ან არასოდეს! – თქვა უცნობმა. ინგამ უცნობის ამღვრეულ თვალებს შეხედა და მიხვდა, რომ მკვლელთან ჰქონდა საქმე. – დავრეკავ და ვკითხავ! – თქვა ინგამ და აკანკალებული ხელით ტელეფონის ყურმილი აიღო. უცნობი ადგა, ჯიბიდან დანა ამოიღო, დანამ გაიჩხაკუნა და შავი ტარიდან გველის ენასავით ამოსრიალდა დანის პირი. ინგამ პირი დააღო, მაგრამ დაკივლების მაგივრად ყელიდან ყრუ ხრიალი აღმოხდა. უცნობმა პირზე ხელის დაფარება მოასწრო. – ჩუმად, ნუ გეშინია, – გააფრთხილა მან. ინგას შიშისაგან კრიჭა შეეკრა. უცნობმა ყურმილის ზონარს დანა დაუსვა და ინგას მარტო ყურმილიღა შერჩა ხელში. – მორფს ტელეფონი და მოწმე არ უყვარს, – თქვა უცნობმა. ამის შემდეგ ინგა მონუსხულივით მოქმედებდა. იგი ადგა, საგანგებო უჯრასთან მივიდა, გამოაღო, მორფის ორი ამპულა ამოიღო და უცნობს გადასცა. უცნობმა ხელის კანკალით ჩამოართვა მორფი და სავარძელში ჩაჯდა. საოცარი სისწრაფით მოქმედებდა. ჯიბიდან ორგრამიანი შპრიცი ამოიღო, გააწყო, ამპულებს თავი წაამტვრია, შპრიცი აავსო, მარცხენა მკლავი იღლიამდე დაიკოტავა, მერე ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოაძრო, აქეთიქით ყურებში ორთავე ხელი წაავლო, დაატრიალა, მკლავზე დაიხვია, ცხვირსახოცის ცალი ყური კბილებით დაიჭირა, მეორე ხელით მაგრად გაისკვნა და გამობერილ ვენაში საოცარი ოსტატობით შეიყვანა ნემსი... მერე ყველაფერი შესაშური წესრიგით ჩაალაგა თავის ადგილას, თავი სავარძლის სკამზე გადაჰკიდა, თვალები დახუჭა და რაღაცას დაელოდა თვალმინაბული. ინგა შიშისაგან გაფართოებული თვალებით უმზერდა მთელ ამ პროცესს. უცნობი დაახლოებით ორ-სამ წუთს გარინდული იჯდა სავარძელში. – მოვიდა! – თქვა უცებ უცნობმა და თვალები გაახილა, ინგამ უნებურად კარისაკენ გაიხედა, კარში არავინ იდგა. – მოვიდა! – გაიმეორა უცნობმა და ინგამ მის ამღვრეულ თვალებში უზომო სიმშვიდე და ნეტარება დაინახა. – ხომ არ გასინჯავდით, ქალბატონო, – ჰკითხა ღიმილით უცნობმა. ინგა მუნჯივით იჯდა და განცვიფრებული უმზერდა ადამიანის საოცარ მეტამორფოზას. – თქვენ არ იცით, ეს რა არის. ხომ არ გნებავთ გუმილიოვი წაგიკითხოთ, გნებავთ, ესენინს წაგიკითხავთ, იქნებ გალაკტიონი გირჩევნიათ? ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის... თქვენ კი შეგეშინდათ, ღირდა ამისთვის ნერვიულობა? – იგი ზანტად წამოდგა სავარძლიდან, გულის ჯიბიდან სამთუმნიანების შეკვრა ამოიღო, ინგას წინ მაგიდაზე დადო და კარისაკენ წავიდა. – ოპერაცია „მორფი“ დამთავრებულია. შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ, ვკოცნი თქვენს ნაფეხურებს, მორფინისტი არ გეგონოთ, ვიყავი ერთ დროს, ახლა ათასში ერთხელ მომივლის, როდის და სად, მე თვითონ არ ვიცი და ასეთ სისულელეებს ჩავდივარ ხოლმე... სხვათა შორის, მე თქვენ გიცნობთ, ინგა გქვიათ, ქობულეთის აღმართზე ცხოვრობთ, 137 ნომერში... დღეიდან თქვენი შემწუხებელი ჩემი შემწუხებელია, ჩემი შემწუხებელი კი ყველა ვერის სასაფლაოზე წევს... – ამას გზადაგზა ამბობდა. კართან მობრუნდა და ინგას დააშტერდა. – არ გაინძრე, ეგრე იჯექი... ხელში პატარა ბავშვიც რომ გეჭიროს, ღვთიშობელი ხარ ნამდვილი... – თქვა და გავიდა. თითქოს თხოვნა შეუსრულაო, ინგა არ განძრეულა. დილის შვიდ საათზე მოსულმა დამლაგებელმა იგი აფთიაქის გამგის სავარძელში ნახა, ზონარგადაჭრილი ყურმილით ხელში. *        ინგასთვის მურტალოს სიყვარული არ აუხსნია. ერთი წელი ზამთარ-ზაფხულ ქურთი მარატიკას ხელით თითო კალათა წითელ ვარდებს უგზავნიდა ქობულეთის აღმართზე. ყველა თვის ბოლოს ვიღაც ქოსა, უცნობი მამაკაცი მოდიოდა და ათას მანეთს უტოვებდა. – ქალბატონო, მურტალომ ვალი მოგართვათ და დაგვიანებისათვის ბოდიშს გიხდითო. – ვიდრე ინგა რამეს მოიფიქრებდა, ის კაცი მოლანდებასავით ჰქრებოდა ხოლმე. ორი თვის თავზე ინგამ შეამჩნია, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი უბნის ბიჭი შეხვედრისას უხერხული ღიმილით არიდებდა თავს და უზომო მოწიწებით ეპყრობოდა. ყველგან და ყველაფერში გრძნობდა ინგა მურტალოს უჩინარ და ძლიერ ხელს, თვითონ მურტალო კი არსად ჩანდა. ინგა ხელშეუხებელი დედოფალი გახდა უბანში. მურტალო კი არ ჩანდა.        ინგას შიშთან ერთად რაღაც იდუმალი ძალის, აუხსნელი სიამაყისა და შემზარავი მოლოდინის გრძნობა გაუჩნდა. ეს გრძნობა დღითი დღე მატულობდა, იზრდებოდა, ღვივდებოდა და ამ მაჯლაჯუნა ფიქრისაგან თავი რომ დაეღწია და ამ იდუმალი საქმისათვის ბოლო რომ მოეღო, ინგამ თავად დაუწყო ძებნა მურტალოს. პირველად უბნის განთქმულ ბარიგასთან, ანჟელიკასთან მივიდა. წვრილად მოუყვა ყველაფერს. ანჟელა ყურს უგდებდა, თან „ყაზბეგს“ ერთიმეორეზე მიყოლებით აბოლებდა. ინგამ ამბავი დაასრულა და კითხვით სავსე თვალები მიაპყრო ორმოცდაათი წლის მკერდდამჭკნარ და ყელზე ძარღვებდაბერილ ქალს. ერთი საათი ახველა ანჟელიკამ, ბოლოს სული რომ მოითქვა, ცრემლით სავსე წამწამებგაცვენილი თვალებით ახედა ინგას. – იმ ფულს რას უშვრები? – ჰკითხა. – კაპიკი არ მომიკლია. – თორმეტი ათასი მანეთი ძალიან დიდი ფულია, – თქვა თავისთვის ანჟელიკამ. – რა უნდა ვქნა? – შეეკითხა ინგა. – უნდა დახარჯო! – ხელები გაშალა გაკვირვებულმა ანჟელიკამ. – მაგას არ გეკითხები. – მა რას მეკითხები? – საერთოდ რა ვქნა?! – ჰოო, – გააგრძელა ანჟელიკამ, – საერთოდ მძიმე საქმე მოგსვლია, სატანას შეყვარებოდი სჯობდა, ეგ მე მკითხე. – ჰოდა, გეკითხები. – მე რას მეკითხები, ვარდივით გოგო ხარ, ვიდრე ცოცხალია, ისე დაგაჭკნობს, სხვა კაცი შენს სურნელებას ვერ გაიგებს... – მაშ, ქვეყნად სამართალი არ არსებობს, არც მილიცია, არც მთავრობა, არც ხალხი, არც ციხე?! – ციხე მაგათი სახლია, დანარჩენი კი მაგათთვის არ არსებობს, – გადაუწურა წყალი ანჟელიკამ. – ეგ არის შენი ბოლო სიტყვა? – ეგ არის! – მაშ, საშველი არ არის? – არა, ვიდრე თავად არ დაგანებებს თავს. – ეგ როდის მოხდება? – ჩემსავით რომ დაჩამიჩდები. – სხვა საშველი არ არის? – არის! – რა? – იმედი მიეცა ინგას. – უნდა მოკვდეს. – ვინ? – ერთ-ერთი თქვენგანი, ეს ყველაზე ნაღდი გამოსავალია, – გაიღიმა ანჟელიკამ. – რომ დავაჭერინო? – ჰკითხა ფრთხილად ინგამ. – რამეს გიშავებს?! – ჯერ არაფერს! – შეყოყმანდა ინგა. – მაშ, თუ არაფერს გიშავებს, დალოცვილო, სიყვარულისთვის რომ ხალხს იჭერდნენ, მთელი დუნია ციხეში იქნებოდა, – ხრინწიანად გაეცინა ანჟელიკას. – შემახვედრე მაინც, – სთხოვა ინგამ. – თვითონ მოვა! – დაამშვიდა ანჟელიკამ. – ვიდრე მოვა, მე თვითონ უნდა ვნახო. – მაშინ ნახალოვკელ კოლასთან მიდი, ის გასწავლის, როგორ მოიქცე, – ანჟელა ფეხზე წამოდგა, ამით ინგას აგრძნობინა აუდიენცია დამთავრებულიაო. ნახალოვკელ კოლასთან საუბარი ძალიან ხანმოკლე და ლაკონური იყო: – მურტალო? რას ბრძანებთ, ქალბატონო, მურტალო ძალიან პროგრესული და კეთილშობილი ახალგაზრდაა. – მაგას არ გეკითხებით, ბატონო კოლა, სად ვნახო-მეთქი, – უთხრა ინგამ. – მე რა ვიცი, ქალბატონო, მაგის მისამართი საბჭოთა კავშირია, – ხელები გაშალა კოლამ. – მშვიდობით! – უთხრა ინგამ და ადგა. – ღმერთმა ხელი მოგიმართოს, – დალოცა კოლამ. *        ახალი წლის ღამე ინგამ თანამშრომლებთან ერთად გაატარა. რამდენიმე ჭიქა შამპანური დალია, ბევრი იმღერა, ბევრი იცეკვა, ბევრი იცინა და სახლში ღამის სამ საათზე დაბრუნდა. თავი სასიამოვნოდ უბრუოდა, ძალიან კარგ გუნებაზე იყო. კიბის ხუთი საფეხური ასკინკილათი აირბინა, კარი გააღო, პალტო ძუნძულ-ძუნძულით ჩამოიცურა მხრებიდან, ოთახში სინათლე აანთო და ინგას ზუსტად ისეთი ხრიალი აღმოხდა ყელიდან, როგორც ერთი წლის წინათ აფთიაქში. შუა ოთახში პირამდე სანოვაგითა და შამპანურის ბოთლებით გაძეძგილ მაგიდას მურტალო უჯდა. იგი ფეხზე არ წამომდგარა, არც სალამი უთქვამს. პაპიროსს აბოლებდა, თვალს არ აცილებდა ინგას და იღიმებოდა. ინგა თანდათან დამშვიდდა. მოულოდნელმა შიშმა გაუარა და, მისდა გასაკვირად, რაღაც სიხარულის მაგვარიც კი იგრძნო. კაცი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში დღე და ღამე დაეძებდა, ახლა მის წინ იჯდა და მორჩილი თვალებით უცქერდა. – გამოჩნდი? – ჰკითხა ინგამ და ტახტის კუთხეში დაეშვა. ხელები მუხლებზე დაიწყო და პასუხს დაელოდა. როდესაც ხელები მუხლებზე დაიწყო, შეამჩნია, რომ ხელებიცა და მუხლებიც ორივე ოდნავ მაინც უთრთოდა. ამიტომ კალთაზე ყურთბალიში დაიდო და ათრთოლებული ხელები იმის ქვეშ დამალა. – მოხვედი? – შეუბრუნა კითხვა ინგამ. მის ხმაში არც ზიზღი იყო ამ კაცის მიმართ, არც შიში, არც პატივისცემა, იყო მხოლოდ ცნობისმოყვარეობა. მურტალომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, შამპანური გახსნა რაღაცნაირად, უხმაუროდ, ჭიქებში დაასხა, ქაფს დაჯდომა აცალა, მერე ერთი ჭიქა აიღო და დაილოცა. – გილოცავ ახალ წელს, საქართველოს დიასახლისო, ყოვლადწმინდა ღვთიშობელი მარიამი იყოს შენი მფარველი. – როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში?! – ჰკითხა ინგამ. მურტალომ არაფერი უპასუხა, ადგა, ჭიქა აიღო, მაგიდას შემოუარა და ინგას გაუწოდა. ინგამ ჭიქა არ ჩამოართვა, რადგან ხელები ისევ უთრთოდა და არ უნდოდა, რომ მურტალოს შეემჩნია. მაშინ მურტალომ ჭიქა სკამზე დაუდგა და ადგილზე დაბრუნდა. – როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში? – გაუმეორა ინგამ კითხვა. – კარი ღია დაგრჩენია! – გაუღიმა მურტალომ. – მაშ, დაკეტილი რატომ დამხვდა? – არ ვიცი, ღმერთმანი, მე მოვედი, ვთქვი „სიმ-სიმ, გაიღე!“ და კარი გაიღო. – თქვა მურტალომ ისე გულწრფელად, თითქოს მართლაც ასე მომხდარიყოს. – მაშ, ახლაც იგივე თქვი და წადი! – უთხრა ინგამ. მურტალოს ხმა არ ამოუღია, ისევ შეავსო ჭიქა. – რა გინდა ჩემგან? – ჰკითხა ინგამ. – არაფერი, – უპასუხა მურტალომ ძალიან მშვიდად. – არაფერი, – გაიმეორა ინგამ. – კაცს, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, არ ვიცი მისი პროფესია, ასავალ-დასავალი, კაცს, რომელიც ყოველდღე ერთ კალათა წითელ ვარდებს მიგზავნის, ყოველთვე ვიღაცის ხელით ათას მანეთს მიტოვებს, კაცს, რომელმაც ჩამომაცილა უბნის ყველა ვაჟი და საეჭვო გახადა უბანში ჩემი ქალობა და პატიოსნება, არაფერი არ უნდა ჩემგან... თქვი, ვინა ხარ შენ და რა გინდა ჩემგან... მურტალოს სახეზე სევდა გამოეხატა. – მე შენთვის არაფერი არ მითხოვია. – მე – მით უმეტეს! – თქვა ინგამ. ადგა, კარადასთან მივიდა, უჯრა გამოაღო, თორმეტი ათასი მანეთი გამოიღო და წინ დაუყარა. მურტალოს ფულისთვის არ შეუხედავს. – ვარდები დამიბრუნე, თუ შეგიძლია! – უთხრა დიდი ხნის დუმილის შემდეგ. – როგორ? – გაუკვირდა ინგას. – როგორც გინდა! – უპასუხა მურტალომ. – ხვალვე დაგიბრუნებ, – უთხრა დაუფიქრებლად. – იცოდე, სამას სამოცდახუთი კალათი უნდა იყოს, ყველა წითელი, დარჩეული, არც ერთი თეთრი. – თქვა მურტალომ და ჭიქა გამოსცალა. – მე შენთვის ვარდები არ მითხოვია. ვარდები მოკვდა, დაჭკნა, ფული კი აქ არის, ხელი არ მიხლია და წაიღე. – ეს ფული მკვდარია, ქაღალდისაა, ვარდები კი ცოცხალი იყო! – თქვა მურტალომ. – მე შენი ქარაგმები არ მესმის. აიღე ფული და წადი! – თქვა ინგამ და ფული მიუჩოჩა. – ერთი ჭიქა ღვინო დალიე, დამლოცე და წავალ! – დაჰპირდა მურტალო. – შენზე ამბობენ, რომ მკვლელი, ქურდი, მორფინისტი და არამზადა ხარ!.. – ამბობენ, – სინანულით დაეთანხმა მურტალო. – ხარ თუ არა? – მე თავისუფალი კაცი ვარ! ვაკეთებ, რაც მინდა, როდესაც მინდა და როგორც მინდა. – რამდენი წლისა ხარ? – ოცდაათის. – რატომ ეშინია შენი ყველას? – ალბათ იმიტომ, რომ მე არ მეშინია არავისი. – იმ ღამით მორფი რომ არ მომეცა შენთვის, რას მიზამდი? მურტალო დაფიქრდა. – მოგკლავდი! – თქვა თავაუღებლად. – ახლა? – ახლა რომ გამაგდო, თავს მოვიკლავ. – მე? – შენ ვეღარა. – სტყუი! მურტალომ ნაგანი ამოიღო და მაგიდაზე დადო. ინგას ჟრუანტელმა დაუარა. – მაშინებ? – არა, შენს მზეს ვფიცავარ. – სტყუი! – გაიმეორა ინგამ და მურტალოსთან სულ ახლოს მივიდა. – თუ გინდა, შენ მომკალი, – უთხრა და ნაგანი მიუჩოჩა. – იცი, რომ მკვლელი არა ვარ და იმიტომ ხარ დიდ გულზე. – ნუ გეშინია, არაფერს გეტყვიან, ჩემი მოკვლისთვის შეიძლება ორდენიც მოგცენ, – გაუღიმა მურტალომ. – დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. – პირიქით. რასაც გეუბნები, სულ პირიქითაა. – ადექი და წადი ჩემი სახლიდან, გეყოფა მასხარაობა, – უთხრა ინგამ. – სიცოცხლეს უფრო ადვილად დავტოვებ, ვიდრე შენ, – თქვა მშვიდად გაფითრებულმა მურტალომ და ისევ დაისხა ღვინო. ინგა მიხვდა, რომ ეს კაცი სიტყვებს როყიოდ არ ისროდა. – ვიკივლებ! – თქვა მან და წუთში მიხვდა, რომ არ იკივლებდა, – ვიკივლებ და მეზობლები შემოცვივდებიან. – რამდენი მეზობელი გყავს? – ჰკითხა მურტალომ. – ოცი! – ათი მიუმატა ინგამ. – ოც მკვდარს გაიტანენ ამ ოთახიდან, – თქვა მურტალომ და ღვინო მოსვა. ინგას ისევ გააჟრჟოლა ტანში. – რამდენი კაცი გყავს მოკლული? – ყველა კაცი თვითონ იკლავს თავს და, ვინც მოკვდა, ყველა სიკვდილის ღირსი იყო. – მე ეგ შენი ქურდული ფილოსოფია არ მესმის, ახლავე ადექი და გაეთრიე ჩემი სახლიდან! – ტყუილად ცდილობ, ინგა, ჩემ გაგდებას, მე შენი თავი ყომარში კი არ მომიგია, ღმერთმა მაჩუქა... – ხვალვე განვაცხადებ მილიციაში! – დაემუქრა ინგა. – როგორ შემეშინდააა, – გააგრძელა მურტალომ და გაიცინა. – ნუთუ მართლა არაფრის გეშინია ქვეყანაზე? – ჰკითხა გაკვირვებულმა ინგამ. – ერთი რამის მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ უსიყვარულოდ წავიდოდი ამ ქვეყნიდან, ახლა ამისიც აღარ მეშინია, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ქვეყანაზე და რაღა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდები... ინგამ ვერ იგრძნო, როგორ გაექცა ხელი და როგორ გააწნა სილა მურტალოს. მურტალო არ განძრეულა, გაფითრდა მხოლოდ. – თავხედი ხარ შენ და სალახანა, წაეთრიე აქედან, სახელს ნუ მიტეხ. ამ ეზოში ჩემს გარდა, ხალხი ცხოვრობს... – ხალხი ბრბოა, ხვალ მოვა, შენს ფეხის ნაბან წყალს დალევს და მაგდალინელივით წმინდანად გამოგაცხადებს, – თქვა მურტალომ. ინგას სახეზე ცეცხლი წაეკიდა და ახლა მეორე ლოყაზე გააწნა სილა ისე მაგრად, რომ მურტალოს სისხლი წასკდა ცხვირიდან. მან თავი დახარა და მაგიდის თეთრი საფარი სისხლით შეიღება. ინგა შეკრთა სისხლის დანახვაზე, უკან დაიხია, მერე ანგარიშმიუცემლად სამზარეულოში შევარდა, ტილო ცივ წყალში დაასველა, გაწურა და ოთახში დაბრუნდა. მურტალო თავის ადგილას იჯდა და სისხლი ღვარად ჩამოსდიოდა ცხვირიდან. ინგამ იგი წამოაყენა, ტახტზე წამოაწვინა და ცივი ტილო დასიებულ სახეზე დაადო. ტილოს რომ ადებდა, ხელზე მურტალოს ტუჩების შეხება იგრძნო და, მისდა გასაოცრად, ინგას მისთვის ხელი არ წაურთმევია. დილამდე ენთო ინგას ოთახში სინათლე. დილით, როდესაც ტახტის კუთხეში გაუხდელად ჩაძინებულ ინგას გამოეღვიძა, ოთახში არავინ იყო. და თუ არა სისხლით შეღებილი მაგიდის საფარი, ყველაფერი სიზმარი ეგონებოდა. *        მოსე შაფთოშვილს დეიდა მართას სახლის სარდაფში ორი ბნელი ოთახი ჰქონდა დაქირავებული, შიგ სამღებრო საამქრო იყო გამართული. თვითონაც იქვე ცხოვრობდა თავისი ჯალაბით: ცოლით – რებეკათი და ასე თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ჭორფლიანი და ბობრი ვაჟით – ისხააკით. მომხმარებელთაგან დაკვეთებს, რაღა თქმა უნდა, მოსე იღებდა, სამღებრო საქმეებს კი ძირითადად რებეკა და ისხააკი ასრულებდნენ. ასე რომ, დეიდა მართას ეზო მარტო ვირების გარაჟი კი არა, რაც არ უნდა მსუბუქი გეძახათ, მაინც ჩვენი უბნის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრი გახლდათ. საამქრო მუშაობდა. საქმე მშვენივრად მიდიოდა და ყველანი უზომოდ ბედნიერნი იყვნენ. რებეკა რომ მთელი ღამის ნამუშევარს დილით მზეზე გამოფენდა ხოლმე, დეიდა მართას ეზოს ყურებას არაფერი სჯობდა. ბაწარზე გასაშრობად ჩამოკიდებული ფერად-ფერადი პერანგები, საცვლები, შარვლები, თავსაფრები, წინსაფრები, ცხვირსახოცები, პირსახოცები, ხელსახოცები, ბავშვების ტანსაცმელი ქარში იალქნებივით რომ დაიბერებოდნენ და ატკარცალდებოდნენ, მაშინ დეიდა მართას ეზო სააღლუმოდ გაწყობილ პატარა ხომალდს ჰგავდა ხოლმე და მიჰქროდა სადღაც შორს, ბობოქარი ცხოვრების ზღვაში და ამ ხომალდის მესაჭეცა და კაპიტანიც მოსე შაფთოშვილი გახლდათ, ჩვენ კი – მას მინდობილი, თითო მუჭა კანფეტად დაქირავებული მეზღვაურები, რათა ამ მოფრიალე ფერად-ფერად აფრებზე ტალახში ამოსვრილი ჯოხით რამე უწმაწური და უნაირო არ დაგვეწერა და დაგვეხატა. საათივით ჰქონდა მოსე შაფთოშვილს ცხოვრება აწყობილი, მაგრამ სწორედ იმ ზაფხულს, მეოთხე კლასში სამჯერ ჩარჩენილი ისხააკი რომ მეხუთე კლასში გადავიდა, მოსეს ოჯახის ცხოვრების ჟამთააღმრიცხველმა საათმა პირველი გლოვის ზარი შემოჰკრა... ვიღაც ოხერმა და ცოდვილმა ამბავი მოუტანა რებეკას: შენი ქმარი სვანეთისუბნელ ანგელინას ყვარობსო, მთელი შემოსავლის ნახევარი იმასთან მიაქვსო, შენ რომ გადაბრუნებული დრაფის პალტო გაცვია, ანგელინა კრაველის ქურქით დადისო... და ერთ მშვენიერ დღეს რებეკამ დეიდა მართას ეზოში სულ შავი აფრები გამოფინა. ყველაფერი: ხელსახოცი, პირსახოცი, წინდა, პერანგი, შარვალი შავად იყო შეღებილი, ისე, თითქოს ჩვენი პატარა ხომალდის კაპიტნის დაღუპვას გლოვობდა. ქალაქიდან შინ დაბრუნებულმა მოსემ ეს რომ დაინახა, თვალები მოისრისა, მერე შავად შეღებილ აფრებს მიუახლოვდა, ხელი შეახო და გაშავებულ ხელისგულზე დაიხედა. მაინც არ დაუჯერა თვალებს და იქ მყოფ ბიჭებს დაგვიძახა. – თამაზის დავენაცვლე, რა ფერისაა ეს? – მიმითითა ვიღაცის პერანგზე. – შავია, ძია მოსე. – გიზიკ, ბიჭო, თქვი, რომ მატყუილებს და მაროჟნს გიყიდი, – შეეხვეწა გიზიკას. – შავია, ძია მოსე, და რა გიყო? – დუდუ, მაბითურებენ ხომ? – ხავსს მოეჭიდა მოსე. – მთვრალი ხომ არა ხარ, ძია მოსე? – ჰკითხა დუდუმ. – ბროძელო, შენ მაინც მითხარი, რა ფერისაა ეს ჩემი მანუფაქტურა?! – შავს და თეთრს ვეღარ არჩევ, ძია მოსე? – გაუკვირდა ირაჩას. – რებეკა!!! – იკივლა უცებ მოსემ და თავში წაიშინა ხელები, – რებეკა, ოჯახის დამაქცეველო, ღორის გაგდებულო და ჯიგარში დანაგასაყრელო... ისხააკ, მამის გამყიდველო, იუდა ისკარიოტელო! – ახლა შვილს უხმო მოსემ. სარდაფში სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მაშინ იგი გიჟივით ეცა შიგნიდან გამოკეტილ კარს და მტვრევა დაუწყო. – გამოდით, ქმრის და მამის მკვლელებო, გამოდით, თორემ ნავთს გადავასხამ სახლს და ვირთხებივით გამოგწვავთ შიგ, თქვენი დედის ჯიგარი... გამოდით!! – მოსეს მუშტები და ფეხები რომ დაუბუჟდა კარზე რტყმევისაგან, გაქანდა და მუხის კარი თავით ჩამოიღო. სარდაფში ჯოჯოხეთი დატრიალდა, ეზო ხალხით გაივსო, მაგრამ ჯოჯოხეთში შესვლას, რომლის წიაღიდან გმინვა, კვნესა და ოხვრა ისმოდა, ვერავინ ბედავდა. – კუკარაჩას, კუკარაჩას დაუძახეთ! – მოიფიქრა ვიღაცამ. ხუთ წუთში კუკარაჩა მოვარდა და სარდაფში შეიჭრა. რამდენიმე წუთს მაინც არ შეწყვეტილა გმინვა სარდაფში, უცებ ჯოჯოხეთიდან მოსეს განწირული ღაღადისი გაისმა. – არ მომკლა, დაგენაცვლე, და გნებდები! – მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კიბეზე იღლიაში მოსეამოჩრილი კუკარაჩა გამოჩნდა. მოსეს ერთ მუჭში ისხააკის ცეცხლივით წითელი თმა ჰქონდა ჩაბღუჯული, მეორეში – რებეკას ყორნისფერი თმა. კუკარაჩამ ასე იღლიაში ამოჩრილი წაიყვანა მოსე. ცოტა ხნის შემდეგ სარდაფიდან დაბეჟილი რებეკა და ისხააკი ამოფორთხდნენ, უხმოდ ჩამოხსნეს შავი აფრები და ისევ სარდაფში შეიყუჟნენ. საღამოს მოსე აბრეშუმის ჭიასავით თვინიერი და ჩუმი დაბრუნდა კუკარაჩას თანხლებით და სარდაფიდან დილამდე ისმოდა ოთხ ხმაში ხან კახური მრავალჟამიერი, ხან თბილისური ბაიათი, ხან მეგრული არირა, ხან გურული კრიმანჭული, ხანაც „სამტრედიაში, ვადაი, ბურდღა გავყიდე...“ – რა თილისმა წაუსვა ამ კაცმა ამ ცოფიან ხვადაგს, ასე ანგელოსივით რომ გალობს? – თქვა გაკვირვებულმა დედამ და აივნის ფანჯარა მიხურა. *        მოსეს საქმე ასე მშვიდობიანად არ დამთავრებულა. იმ დღიდან ვირების დოღი ვიღას ახსოვდა, მოსემ დეიდა მართას ეზო ცირკის არენად აქცია და ყოველკვირა ახალ-ახალ სანახაობებს წარმოგვიდგენდა ხოლმე. იგი გაგლეჯილი მთვრალი მოდიოდა და სანახაობაც ხუთ წუთში იწყებოდა. – მაშ, ანგელინა თმებით ათრიე, არა?.. მაშ, კარაკულის შუბაზე გოგირდის მჟავა შეასხი, არა?... მაშ, ავადმყოფებს ლოგინში უწვება, არა? მაშ, ექთანი კი არა, ბოზი და კახპაა, არა?... მაშ, შენ ვინა ხარ? – არ გინდა, მოსე, არ გინდა, აჰა, დანა და ბარემ ყელი გამომღადრე! – მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა რებეკა მოსეს. – პაპიკ, დედას ხელი არ ახლო, თორემ!.. – ემუქრებოდა ისხააკი და დედამისის ზურგს უკან იმალებოდა. ამასობაში კუკარაჩაც გამოჩნდებოდა დაბარებულივით და მოსე იმ წუთში ხავერდად იქცეოდა. ერთ კვირა დღეს მოსემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რებეკა სარდაფიდან ეზოში გამოიყვანა, წელზევით კაბა შემოახია და ქამრით დაუწყო ცემა. – მაშ, ანგელინას ქუჩაში კაბა შემოახიე, არა?.. ლიფი მოგლიჯე, არა?.. მთელი სვანეთის უბნის ბიჭები ახარხარე, არა?.. ეგეც შენ, ეგეც შენ, ეგეც შენ... – რებეკა იდგა და უხმოდ იტანდა გვემას. ისხააკი მამამისის გარშემო დარბოდა ქვით ხელში და წვრილი ხმით ემუქრებოდა: – პაპიკ, დედას ხელი არ ახლო, თორემ ხომ იცი!.. მოსემ ისეთი ჭიტლაყი ამოჰკრა ისხააკს, რომ საბრალომ ორი მეტრი იფრინა და ვირების სადგომთან თავით დაერჭო, მაშინ კი იკივლა რებეკამ: – გოლგოთაზე სასეიროდ მოსულო პირუტყვებო, ღმერთის ხმა არ გესმით? გვიშველეთ რამე, კუკარაჩას დაუძახეთ! თითქოს ღმერთმა უსმინაო, ეზოში კუკარაჩა შემოვარდა. ... და მოხდა სასწაული. მოსე არ დანებდა კუკარაჩას. – გაიწი, თორემ მოგკლავ! – უთხრა მოსემ კუკარაჩას და ქამარი ისე შეაბრუნა ხელში, რომ რკინის ბალთა ბოლოში მოექცა. – დააგდე ქამარი, უბედურო, – უთხრა კუკარაჩამ და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. – უკან, თორემ მოგკლავ, კუკარაჩა! – თქვა მოსემ. ქამრის აბზინდმა კუკარაჩას საფეთქელთან გაიშხუილა, კუკარაჩამ უკან დაიხია და მკლავები დაიკოტავა. – ცოდვა არ ჩამადენინო, კუკარაჩა! – გააფრთხილა მოსემ კუკარაჩა.        კუკარაჩა არ შეეპუა და ისევ წინ წაიწია, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად, მაგრამ არ უშველა სიფრთხილემ კუკარაჩას, მოქნეული აბზინდა ყვრიმალზე მოხვდა და ლოყა შუაზე გადაეხსნა, სისხლმა იფეთქა კუკარაჩას სახიდან. ქალებმა კივილი ატეხეს. ყველამ გავიგონეთ, როგორ ააღრჭიალა კუკარაჩამ ტკივილისა და სიბრაზისაგან კბილები. სისხლი რომ დაინახა, მოსე სულ გადაირია, ქამრის ბალთა მეორედ მოხვდა კუკარაჩას სახეში. შემდეგ რაც მოხდა, ბევრს გარკვევით არც კი გვახსოვს, რადგან ყველაფერი რამდენიმე წამში შესრულდა. სახედასისხლიანებული კუკარაჩა წელში შეუვარდა მოსეს, ერთ წამს მოსე უმოწყალოდ აფართხალებდა ხელ-ფეხს ჰაერში, მერე კუკარაჩამ, თითქოს რაღაცას ფერთხავსო, ისე ჩამოიხია თავზე მოსე და გულშეღონებული და ყბამონგრეული რებეკას ფეხებთან დაუგდო... მოსე რომ არ გაინძრა, კუკარაჩამ მის წინ დაიჩოქა, ყბა გაუსწორა და გულზე ყური დაადო, მერე საყელო გაუხსნა და წყალი მოითხოვა. წყლის მომლოდინე დაჩოქილმა კუკარაჩამ უცებ იგრძნო, როგორ დაეშვა თავზე რაღაც უსაშველოდ მძიმე და თვალთ დაუბნელდა. ოდნავ გონს რომ მოეგო და მაღლა აიხედა, მის წინ სახეშეშლილი რებეკა იდგა შუაში გადამტვრეული სარეცხის საბიჯგი როკის სარით ხელში. – მოჰკალი, შე ურჯულო?.. მოჰკალი ოჯახის მარჩენალი და მასაზრდოებელი?.. შენ არჩენ აწი ჩემს ობოლ ისხააკს? შენ უშველი აწი ჩემს დაბნელებულ ქვრივ ცხოვრებას?.. მოკვდი, შე კაცის მკვლელო!.. – რებეკამ ისევ მოუქნია კუკარაჩას ხელში შერჩენილი სარის ნახევარი, მაგრამ კუკარაჩამ დროზე გამოსტაცა სარი ხელიდან და გვერდზე მოისროლა. – ახია ჩემზე! – თქვა და დასისხლიანებულ სახეზე ხელი მოისვა. – როგორც მომიკალი, ისე გამიცოცხლე! – ახლა ქვით მივარდა შეშლილი რებეკა კუკარაჩას. კუკარაჩამ ქვა წაართვა რებეკას, მერე ვიღაცას ერთი ვედრო წყალი ჩამოართვა და თავზე დაამხო გულშეღონებულ მოსეს. მოსემ ჯერ ამოიკვნესა, მერე ქუთუთოებიც შეარხია პრანჭია პატარძალივით, ბოლოს თვალიც გაახილა და თავი აქეთ-იქით გადაიქნია. – აჰა, შენია, მიჩუქნია, არავინ წაგართვას და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, – უთხრა კუკარაჩამ რებეკას. ცარიელი ვედრო ხმაურით დააგდო მოსეს გვერდით, ცალყბად გაიღიმა და ეზოდან გავიდა. რებეკა და ისხააკი მუხლებზე დაეცნენ მოსეს წინ და საიქიოდან დაბრუნებულივით გამოიცხადეს. – მობრუნდი, შენი სიცოცხლის ჭირიმე, ჩვენო მარჩენალო, იმედო, მზეო და სიხარულო!.. ხელი და ენა გაუხმეს შენს მტერს და დამაწყევარს... ათასი საყვარელი გაიჩინე, ოღონდ შენს ანგელოსის ხმას ნუ მოგვაკლებ, ჩვენო ღმერთო და უზენაესო!.. ხმა გაგვეცი, ჩვენო მოსევ, ჩვენო მოციქულო და ჩვენო წინასწარმეტყველო, ხმა გაგვეცი! მოსეს ძალიანაც უნდოდა ხმა გაეცა თავისი ჯამაათისათვის, მაგრამ ყბა ჰქონდა გაბზარული და ენას პირში ვერ აბრუნებდა. სახედასახიჩრებული კუკარაჩა მილიციის უფროსის კაბინეტში იჯდა და სველი ცხვირსახოცით იშუშებდა იარებს. – გოგია თუშურაშვილო, რამდენჯერ გითხარი, საკუთარ ინიციატივას მორჩი-მეთქი?! – ეკითხებოდა მილიციის უფროსი. – კაცო, რომელ საკუთარ ინიციატივაზე მელაპარაკები, როდესაც თვითონ მეძახდნენ, გვიშველეო, დღეს სულ გადაირია, ცოლ-შვილს კლავდა... – მერე, ეგ არის ცოლ-შვილს კლავდაო?! – ნიშნის მოგებით უთხრა მილიციის უფროსმა და კუკარაჩას შეშუპებულ ცხვირ-პირზე მიუთითა. – მე რა ვიცოდი, აქეთ მომდგებოდნენ! – დააპირა სკამიდან წამოდგომა და თავის მართლება კუკარაჩამ, მაგრამ, ნურას უკაცრავად, წელი ვერ აითრია და ადგილზე დარჩა. მილიციის უფროსმა ღილაკს ხელი დააჭირა. ოთახში მდივანი გოგონა შემოვიდა. – რა გნებავთ, ბატონო დავით? – ერთი, შენ რომ პატარა სარკე გაქვს, ის შემოიტანე და ამ ვაჟბატონს ათხოვე. მდივანმა გოგონამ პირზე ხელი აიფარა, რომ არ გასცინებოდა და ისე გავიდა კაბინეტიდან. – მასხრად მიგდებ? – ჰკითხა კუკარაჩამ. – მასხრად კი არა, ერთ საკითხზე მინდა მოგეთათბირო და შენი დასტური მჭირდება, – უპასუხა უფროსმა და ვიდრე სარკეს შემოიტანდნენ, რაღაცის წერა დაიწყო. ერთ წუთში მდივანმა გოგონამ პატარა ოთხკუთხედი სარკე შემოიტანა, კუკარაჩას გადასცა და ისევ პირზე ხელაფარებული გავიდა. კუკარაჩამ უხალისოდ ჩამოართვა სარკე, შიგ ირიბად ჩაიხედა და მილიციის უფროსის მაგიდაზე უკუღმა დადო. – როგორი ნამუშევარია? – ჰკითხა უფროსმა. – მაგარი, მაგრამ ხურდაც კარგი მიიღო, – მიაყოლა გულის მოსაფხანად. – როგორ ფიქრობ, რამდენ დღეში მოგიშუშდება? – არ მიაქცია უფროსმა ყურადღება კუკარაჩას ტრაბახს. კუკარაჩამ მხრები აიჩეჩა. – აბა, რა ვიცი?! – მაინც? – მე მგონი, ორი კვირა მაინც დასჭირდება, რაც უნდა იყოს, ბალთით არის დაჩეჩქვილი, – თქვა კუკარაჩამ გამოცდილი ქირურგივით. – დავიჯერო, ათი დღე არ ეყოფა? – ჩაჰკითხა უფროსმა. – არა მგონია, თხუთმეტი დღე, მინიმუმი! – კატეგორიულად თქვა კუკარაჩამ. – კარგად დაფიქრდი, ნუ აჩქარდები, – გააფრთხილა უფროსმა. – კაცო, ჩემი კანის ამბავს შენ მასწავლი? – ეწყინა კუკარაჩას. – კარგი, ჩემო კუკარაჩა, რადგან არ იშლი, თხუთმეტი სუტკა გაუპტვახტიც შენ, ეგ რუსულად, ქართულად კი თხუთმეტი დღე-ღამე ნაობახი, საუბედუროდ, ებრაულად როგორაა, არ ვიცი, – თქვა დავითმა და წერა შეწყვიტა. – რათა, კაცო?! – ახლა კი იკადრა წამოხტომა კუკარაჩამ. – ათი დღე ჭრილობების მოშუშებისათვის, ხუთი დღე ხულიგნობისა და საკუთარი ინიციატივისათვის. – მაშ, სამართალი არ არის? – სამართალი რომ იყოს, ამხანაგო თუშურაშვილო, ახლა სახლში იქნებოდი, თბილ ლოგინში ჩაღუღუნებული, – განუმარტა მილიციის უფროსმა და ქაღალდი გადასცა კუკარაჩას, – ბარემ შენ თვითონ გაუტანე თინიკოს, თან უთხარი, ეს შენი დაპატიმრების ბრძანება ახლავე დაბეჭდოს. კუკარაჩა კარისკენ წავიდა. – მოიცა! ეგ იარაღი აქ დამიტოვე, სეიფში ჩავკეტავ. – ოჰ, მოსე, შენი ოხერი დედა ვატირე! – ამოიკვნესა კუკარაჩამ კბილების კრაჭუნით და იარაღი მაგიდაზე დაუგდო დავითს. – ნუ იღრინები, თხუთმეტი დღე ხელად გაირბენს, წამალს და საჭმელს არ მოგაკლებ... – დააიმედა დავითმა. კუკარაჩა გალახული ძაღლივით გაძვრა მილიციის უფროსის კაბინეტის კარში და თხუთმეტი დღე უბანში არ გამოჩენილა. *        ერთი თვე იწვა ქრომონიკელის მავთულით ყბააკრული მოსე მიხეილის საავადმყოფოში და ერთი თვის განმავლობაში დღეში სამჯერ მიირთმევდა ვერცხლის კოვზით რებეკას მზრუნველი ხელიდან ბრინჯის ფაფას. საავადმყოფოდან იგი ჩვენს უბანში აღარ დაბრუნებულა. სამღებრო საამქრო, რა თქმა უნდა, გაუქმდა და რადგან ცირკი მოგვესპო, ჩვენ ისევ ვირების დოღზე გადავედით. *         ჩელუსკინელების ხიდის მარჯვენა ბურჯის მხრიდან ჩავყევით ბილიკს და ხუთ წუთში მტკვრის ნაპირზე ვიყავით. ისეთი პაპანაქება იყო, ჰაერი თახთახებდა და რიყეს ბუღი ასდიოდა. სწრაფად გავიხადეთ და მტკვარში შევცვივდით. კუჭიკო ჩვენ შორის ყველაზე უფროსი იყო და ყველაზე კარგადაც ცურავდა. არც მე, დუდუ და ირაჩა ჩამოვუვარდებოდით ცურვაში. მარტო კოსტია ბერძენს ჰქონდა ცურვა ახალნასწავლი და ისე აპარტყუნებდა ხელ-ფეხს, ისე ჭყუმპალაობდა, რომ მის გვერდით არ დაიდგომებოდა. მაინც გვეკითხებოდა ხშირ-ხშირად და თავმომწონედ: – როგორ ვცურავო. – როგორ ცურავ და, დილდილობით პირს რომ იბან, „სპასატელნი კრუგის“ ჩამოცმა არ დაგავიწყდეს, თორემ დაიხრჩვები, – ასწავლა დუდუმ. – აბა, წავედი გაღმა, ვისაც შეგიძლიათ, მომყევით! – დაიძახა კუჭიკომ და მტკვრის მეორე ნაპირს მიაშურა მხარულით. გვალვის გამო მტკვარი საგრძნობლად დაკლებული იყო და ყველანი თამამად მივყევით. მდინარის შუაწელს რომ მივაღწიე, უკან მოვიხედე და გული კინაღამ გამიჩერდა, ეს სულელი ბერძენი კოსტია კუდში არ მომდევს? თავი წყალში ჩაუყვია და ხელ-ფეხს ისე იქნევს, გეგონებათ, ათ კაცს ერთად ეჩხუბებაო. ჰაერის მარაგის დასაგროვებლად ხანდახან თავს ჰყოფს წყლიდან და გადმოცვენილი თვალები ისე აქვს ჩასისხლული, როგორც დეიდა მართას ალუბლები. ახლა ამას რომ ყვირილი დავუწყო, სულ გაფუჭდება-მეთქი, – გავიფიქრე და ამიტომ იმედიანად შევუძახე: – მიდი, კოსტია, შე ძველო, ნუ გეშინია, აქა ვარ! ისე იყო დაღლილი, მგონი, არც კი გაუგონია ჩემი შეძახილი. ერთი კი მოიქნია ხელ-ფეხი უღონოდ და მივხვდი, რომ ვიღუპებოდით. – მიშველეთ, ბიჭებო, კოსტია ბერძენი იხრჩობა! – ვიკივლე მე. – სად არის?! – იყვირა კუჭიკომ და უკან მოტრიალდა, მაგრამ კოსტია აღარ ჩანდა. – დაყვინთეთ! – იყვირა უცებ კუჭიკომ და თვითონაც დაყვინთა. გაქრა კოსტია ბერძენი, წყლის დინებამ კარგა მანძილზე გვათრია, შუაწელს გავცდით, ახლა უკვე ფეხზე დგომა შეიძლებოდა, თუმცა წყალი ნიკაპთან მწვდებოდა... – გვიშველეთ! – ისევ ვიყვირე განწირული ხმით. ვხედავ, ჩემს ქვემოთ დაახლოებით ხუთ მეტრზე კოსტიამ თავი ამოჰყო, ერთი კი ჩაისუნთქა ჰაერი და ისევ გაქრა. – გვიშველეთ, გვიშველეთ!!! – ავყვირდით ახლა ყველანი ერთად და იმ ადგილისაკენ გავქანდით ცურვით, სადაც კოსტია ბერძენმა თავი ამოჰყო. უცებ დავინახეთ, როგორ მოარღვევდა მტკვრის ჩქერს გადარეული და სახეშეშლილი კაცი. – ნუ გეშინიათ, ბიჭებო, აქა ვარ, ოღონდ ცოტა მომეხმარეთ, ცურვა არ ვიცი!.. – გვემუდარებოდა იგი. ფეხდაფეხ დაეწია გულშეღონებულ კოსტიას, ხელი სტაცა და გულში ჩაიკრა. ჩაიკრა და წაიქცა. ახლა ორთავე გაქრა წყალქვეშ, თუმცა იმწამსვე ჯერ ხელში ატაცებული კოსტია გამოჩნდა, მერე იმ ძლიერი ხელების პატრონის თავი... – კუკარაჩა, გვიშველე! – შეღაღადა ტირილით კუჭიკომ და კუკარაჩასთან მიცურა. – შენ თვითონ მიშველე, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, ცურვა არ ვიცი, ქვევით წამოდით, ფონია აქეთ... ყველანი კუკარაჩას შემოვეხვიეთ და ქვევით დავყევით მტკვარს. როდესაც წყალი კუკარაჩას მკერდზე მისწვდა, შვებით ამოვისუნთქეთ. ვიდრე დედის ხსენი არ წამოუვიდა პირიდან, მანამდე ჰყავდა კუკარაჩას კოსტია ბერძენი ფეხით დაკიდული. ბოლოს თვალებგადმოკარკლული და ენაგადმოგდებული რიყეზე დაასვენა და გვერდით მიუჯდა. ჩვენც გარშემო შემოვუცუცქდით. – როგორ ხარ? – ჰკითხა კუკარაჩამ კოსტია ბერძენს, თვალები რომ გაახილა და ენა რომ დამალა. გაკვირვებულმა კოსტიამ ჯერ ჩვენ შეგვხედა, მერე კუკარაჩას, რომ იცნო, შიშისაგან ისევ დახუჭა თვალები და დაიკვნესა. – მე ვარ, მე! – ცალყბად გაუღიმა კუკარაჩამ და თითით თვალის ქვედა ქუთუთო ჩამოქაჩა, – კარგად დამაკვირდი... – ნიშნის მოგებით უთხრა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. კუკარაჩა რომ გახდას შეუდგა, ჩვენ სასწრაფოდ ჩაცმა დავიწყეთ. – ტანსაცმელს ხელი გაუშვით! – ბრძანა კუკარაჩამ. ჩვენ ცივად გავუშვით ხელი ტანსაცმელს. კუკარაჩამ ხელის ერთი მოსმით მოხიკა ჩვენი ტანსაცმელი და ფეხებთან დაიყარა. – ახლა სიმაღლის მიხედვით დადექით! – ისევ ბრძანა კუკარაჩამ. – კუკარაჩა, ტრუსები მაინც მოგვეცი! – შეეხვეწა კუჭიკო და სასირცხვო ადგილზე ხელი აიფარა. – მე რა გითხარი? – მკაცრად იკითხა კუკარაჩამ. სხვა რა გზა გვქონდა, დავდექით სიმაღლის მიხედვით – ჯერ კუჭიკო, მერე ირაჩა, მესამედ დუდუ და მეოთხედ მე. ბერძენი კოსტია ისევ რიყეზე იწვა გულაღმა, მზისგან ტვინი რომ არ გამოლაყებოდა, კუკარაჩამ რომელიღაც ჩვენგანის პერანგი თავზე გადააფარა, მერე მოზრდილ ქვაზე დაჯდა და მწყობრს გამოგვხედა. – ახლა თქვენ შორის ყველაზე დიდი ვირი გამოვიდეს, – თქვა კუკარაჩამ. კუჭიკომ მშვენივრად იცოდა, ჩვენ შორის ყველაზე დიდი ვირი რომ იყო, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც გადმოგვავლო თვალი, იქნებ ამ ერთ საათში რომელიმე წამომეწიაო, და საიმედო რომ ვერაფერი დაინახა, ფეხათრევით მიუახლოვდა კუკარაჩას. – ხელები ჩამოუშვი! – კუჭიკომ ხელები ჩამოუშვა და პატარძალივით გაწითლდა. კუკარაჩას სადღაც ტუჩის კუნჭულში გაურბინა ღიმილმა და ისე სწრაფად გაუქრა, თითქოს იმ ადგილას ბუზი დააჯდა და მოიგერიაო. ჩექმა გაუშვირა კუჭიკოს. – მომეხმარე! – კუჭიკო რაღაც საშინელებას ელოდა და ასეთი უბრალო საქმე რომ დაავალეს, ისე გაუხარდა და ისეთი გულმოდგინებითა და სისწრაფით გახადა კუკარაჩას ჩექმა, რომ თავი ვერ შეიკავა და უკან ყირაზე გადავიდა, მაგრამ უცებ წამოხტა და ახლა მეორე ჩექმაზე დააცხრა. – ნელა, ბიჭო, თეძო არ ამომგლიჯო, – აღარ მალავდა სიცილს კუკარაჩა. ჩვენც ძალიან გავმხიარულდით. კუკარაჩამ ქამარი მოიძრო, რიყეზე დააგდო, ახლა ხალათი და გალიფე გაიხადა, ჯერ ხალათის ჯიბიდან რაღაც მოწმობა და სამი სისველისაგან ერთმანეთზე მიწებებული სამმანეთიანი ამოიღო, სასოებით დააცილა ერთმანეთს, მზეზე გაშალა, ზემოდან პატარა კენჭები დააწყო, ნიავს რომ არ აეფრიალებინა და წაეღო, ახლა ის მოწმობა გაშალა, ალბათ, წყლისაგან გადღაბნილ თავის გვარსა და სახელს დახედა, სინანულით თავი გადაიქნია, ის საბუთიც მზეზე გასაშრობად დადო და თავისთვის ჩაიბურდღუნა. – გაიგე ახლა, თუშურაშვილი ვარ თუ ჩიბურდანიძე... გაწურეთ მაინც, თქვე ოხრებო! – გვითხრა და შარვალ-ხალათი გადმოგვიყარა. მაისურის წურვა თვითონ დაიწყო. დაცოფილებივით ვეცით კუკარაჩას ტანსაცმელს, რომ როგორმე მისი გული მოგვეგო. – ჰა, არ დამიხიოთ, ხომ არ გგონიათ, წელს კიდევ ახალს მომცემენ, – კუკარაჩამ ნაგანი ამოიღო ბუდიდან, ტყვიები ამოალაგა ბარაბნიდან და ბრტყელ ქვაზე დააწყო სათითაოდ გასაშრობად. სუნთქვა შეგვეკრა ბიჭებს. როგორც გამრავლების ტაბულა, ისე ზეპირად მახსოვს დღესაც – შვიდი ცალი იყო, მოგრძო, თავწაჭრილი და თითოეული მათგანიდან სიკვდილი იხედებოდა. ნაგანი იქვე გვერდით დადო კუკარაჩამ და კოსტია ბერძენს მიუბრუნდა: – ახლა როგორა ხარ? – ახლა კარგად! – თქვა კოსტიამ და წამოდგომა დააპირა. – იწექი! – უბრძანა კუკარაჩამ, – თქვენ კი ისევ სიმაღლის მიხედვით დადექით, – გვითხრა ჩვენ. რა ხანია შიში დაგვავიწყდა და ამიტომ დიდი ხალისით დავდექით. კუკარაჩამ თათარივით მოირთხა ფეხი, ორთავე ხელები მუხლებზე დაიბჯინა, ირიბად ამოგვხედა ქვევიდან ზევით. – რომელმა თქვით პირველად მტკვარზე წავიდეთო?! – იკითხა უცებ. მართალია, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ან მეგობრის დაბეზღებას როგორ ვიკადრებდით, მაგრამ ძალაუნებურად ყველამ კუჭიკოს შევხედეთ. თხასავით გაყიდულმა კუჭიკომ თავი დახარა. – ვერე აღარ გყოფნით საბანაოდ, არა? დღეს მტკვარი მოგინდათ, ხვალ შავი ზღვა, ზეგ დარდანელი, მაზეგ ბოსფორი, მერე ხმელთაშუა ზღვა, მერე რა ჰქვია იმ სრუტეს?.. – გიბრალტარის, – ამოვილუღლუღე მე. – გიბრალტარიო, მერე ატლანტის ოკეანეო... – გააგრძელა უკარაჩამ. – სუეცის არხითაც შეიძლება ინდოეთის ოკეანეში გასვლა, მეწამული ზღვის გავლით, – შეუცვალა მარშრუტი ირაჩამ. – ხმა გაიკმინდე, შე მეხუთე კლასში ჩარჩენილო თავგასიებულო მაგელანო! – დატუქსა კუკარაჩამ არამკითხე ირაჩა და ფეხზე წამოდგა. – გამოდი! – უთხრა კუჭიკოს. კუჭიკო მორჩილად გავიდა, – ლაწ! – ისე მოულოდნელად გაულაწუნა კუკარაჩამ კუჭიკოს მარცხენა ყბაში, რომ კუჭიკომ ხელის აფარება კი არა, თავის გაწევაც ვერ მოასწრო. – რას მირტყამ, რას, შენი გაზრდილი ვარ? – იბღავლა კუჭიკომ. – ჯერ არა, მაგრამ მალე გახდები! – შეპირდა კუკარაჩა. – კაცი არა ხარ, ტყავი გადამძვრა მუხლებზე ვერეში ფორთხვით... – შესტირა კუჭიკომ. კუკარაჩამ ყურადღება არ მიაქცია მის ჩივილს. – შემდეგი! – შემდეგი ირაჩა იყო. მან შესანიშნავად გამოიყენა მისი წინამორბედის გაკვეთილი და გასვლისთანავე საოცარი სისწრაფით აიფარა ხელი მარცხენა ყბაზე, და უცებ ისეთი ალიყური მიიღო მარჯვენა ყბაში, რომ ბროძელი ორჯერ დატრიალდა ადგილზე, მაგრამ ჭკუა ეყო და უხმოდ დაბრუნდა. – ყველა უნდა გვცემო? – ჰკითხა მორჩილად დუდუმ, რადგან მისი ჯერი მოვიდა. – რა ვქნა? – გაეცინა კუკარაჩას, – რომ არ გცემო, სამართალი დაირღვევა, თან ამათაც ეწყინებათ... დუდუ გამოუძახებლად გავიდა. – რადგან ეგეთი თვინიერი და დამჯერი ხარ, ყურის აწევით დავკმაყოფილდები, – უთხრა კუკარაჩამ და ისე გადაუგრიხა ყური, პირადად მე გასილაქებას ვარჩევდი. ჩემი ჯერიც დადგა. კუკარაჩა თვითონ მომიახლოვდა, არ გამოვუძახებივარ. – დედაშენმა იცის, აქ რომ ხარ? – არა! – პასუხი დამთავრებული არ მქონდა, ალიყური რომ მივიღე, ცოტა შევქანდი, მაგრამ თავი შევიკავე. – გეტკინა? – მკითხა. – კი! – არ მოვატყუე მე, – ოღონდ დედას ნუ ეტყვი და კიდევ გამარტყი, – ვთხოვე. კუკარაჩა დაფიქრდა, მერე შეტრიალდა და ბერძენ კოსტიას დაადგა თავზე. იმანაც სულ მოიმკვდარუნა თავი, მაგრამ კუკარაჩას მომტყუებელი ვინ იყო? – ბიჭო, გაჭყლეტილი ბაყაყივით რომ გადმოგცვენია ეგ თვალები, ცურვა თუ არ იცოდი, რას მისდევდი ამ ბიჭებს, კარგი, მე დავიხრჩობოდი შენს გამო, დავიხრჩობოდი და ჯანდაბას, მაგრამ შენ რომ დამხრჩვალიყავი, შენი საცოდავი მშობლებისათვის რა გვეთქვა ან მე, ან ამ ბიჭებს?.. კუკარაჩა გაფითრდა, მერე ხმა აუკანკალდა, დაიხარა, ტანსაცმელი გადმოგვიყარა და თვითონ ისევ ქვაზე ჩამოჯდა. ჩვენ ტანსაცმელს შევესიეთ და გაქცევა დავაპირეთ. – ამ წყალქვეშა ნავს მე მიტოვებთ? – გვკითხა კუკარაჩამ. – ახლავე წაიყვანეთ და მის მშობლებს ჩააბარეთ, ვიდრე ჩემით დამიხრჩვია. კოსტია ბერძენმა ჩვენ შორის ყველაზე მკვირცხლად ჩაიცვა. – თქვენ არ წამობრძანდებით? – ზრდილობისათვის ჰკითხა კუჭიკომ. კუკარაჩამ რიყეზე გაფენილ თავის სველ ტანსაცმელს და ავლადიდებას გახედა ღიმილით. კუჭიკო მიხვდა, რა სისულელეც ჰკითხა, ამიტომ სწრაფად შეტრიალდა და წავიდა. ჩვენ ჭუკებივით უკან მივყევით. ფერდობს რომ მივუახლოვდით, კუკარაჩას ხმამ გაგვაჩერა. – ბიჭებო, არაფერი გეწყინოთ, ხომ იცით, სამსახური სამსახურია... თან ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან... – გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს, კუკარაჩას თხოვნა ჰქონდა ჩვენთან... – ერთი პატარა სათხოვარი, – გაიმეორა მან, – უბანში არ მოყვეთ, კუკარაჩამ ცურვა არ იცისო... – არც „ჰოს“ დაელოდა, არც „არას“, ზურგი შეგვაქცია და გათავდა. ჩვენ იმავე ბილიკით ავიარეთ ჩელუსკინელების ხიდის მარჯვენა ბურჯის ფერდობი, რომლითაც ჩამოვედით და ვარაზის ხევით უნივერსიტეტის აღმართს შევუდექით. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:28pm on დეკემბერი 8, 2014
თემა: ივან ილიჩის სიკვდილი
ეტში მოიყარეს. საუბარი ყველასთვის ცნობილ კრასოვსკის საქმეზე დაიწყო. ფეოდორ ვასილევიჩი დაბეჯითებით ამტკიცებდა, ეს საქმე არაგანსჯადიაო, ხოლო ივან ეგოროვიჩი თავისაზე იდგა. ერთადერთი, ვინც კამათში არ ჩართულა, პეტრე ივანოვიჩი იყო, იჯდა და ახლახან შემოტანილ «ვედომოსტს» ათვალიერებდა. – ბატონებო, ივან ილიჩი გარდაიცვალა! – გარდაიცვალა?! – აი, წაიკითხეთ! – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა ფეოდორ ვასილევიჩს და ჯერ ისევ სტამბის სუნით გაჟღენთილი გაზეთი გაუწოდა. შავ არშიაში ასეთი განცხადება იყო: «პრასკოვია ფეოდოროვნა გოლოვინა ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს მიმდინარე 1882 წლის ოთხ თებერვალს მწუხარებით აუწყებს საყვარელი მეუღლის – სასამართლოს პალატის წევრის ივან ილიჩ გოლოვინის გარდაცვალებას. გამოსვენება პარასკევს, ნაშუადღევს». ივან ილიჩი, ვინც აქ შეკრებილი ბატონების ამხანაგი იყო და ყველას უყვარდა, უკვე რამდენიმე კვირაა, ავადმყოფობდა – ამბობდნენ, რაღაც მოურჩენელი სენი სჭირსო... სამსახურში ივან ილიჩს ჯერ ისევ თავისი თანამდებობა ეკავა, მაგრამ, ვარაუდობდნენ, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის ადგილას შეიძლება ალექსეევი დაენიშნათ, ხოლო ალექსეევის ადგილას ან ვინიკოვი, ან შტაბელი. ამიტომაც, როგორც კი ივან ილიჩის სიკვდილის ამბავი შეიტყვეს, აზრი, რამაც ამ კაბინეტში თავმოყრილი თითოეული ბატონის თავში გაიელვა, იყო ის, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონებოდა ივან ილიჩის სიკვდილთან დაკავშირებულ გადაადგილებებ-დაწინაურებებს პალატის წევრებისა და მათი ნათესავებისათვის. «ახლა ალბათ შტაბელის ან ვინიკოვის ადგილს დავიკავებ. მე ამას დიდი ხანია მპირდებიან. ამ დაწინაურებით კანცელარიის გარდა დამატებით კიდევ რვაას მანეთამდე მომიწევს»... – ეს ფეოდორ ვასილევიჩი იყო. «სასწრაფოდ კალუგიდან ცოლისძმის გადმოყვანა უნდა ვითხოვო. იმას მაინც ვეღარ იტყვიან, ნათესავებისთვის არაფერს აკეთებსო», – ასე პეტრე ივანოვიჩმა გაიფიქრა, ხმამაღლა კი თქვა: – რომ ვერ ადგებოდა, მე ეს უკვე ვიცოდი... ეჰ, ძალიან საწყენია... – მაინც ისეთი რა ავადმყოფობა სჭირდა? – ექიმებმა ვერ დაადგინეს, უფრო სწორად, დაადგინეს, ოღონდ სხვადასხვანაირად, ზოგი იმას ამბობდა, ზოგი ამას... ბოლოს რომ ვნახე, უკეთესად იყო, მეგონა, გამოკეთდებოდა. – დღესასწაულების მერე მასთან აღარ ვყოფილვარ, ისე კი, სულ ვაპირებდი, წავალ, ვნახავ-მეთქი. – მაინც, რა ქონების პატრონია? – არ ვიცი, მგონი, ცოლს უნდა ჰქონდეს რაღაც ცოტაოდენი, თუმცა, ძალიან უმნიშვნელო. – ახლა უნდა წავიდეთ, მივუსამძიმროთ... ისე, ძალიან შორს ცხოვრობენ... – ესე იგი, თქვენგან ძალიან შორს... თქვენგან ხომ ყველაფერი შორია. – არა, ვერ მპატიობს, მდინარის იქით რომ ვცხოვრობ, – თქვა პეტრე ივანოვიჩმა, შებეკს გაუღიმა და ლაპარაკი ახლა ქალაქის მოშორებულ ადგილებზე დაიწყეს. სამსახურში მოსალოდნელ გადაადგილებებსა და შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება ივან ილიჩის სიკვდილს მოჰყოლოდა, ახლო ნაცნობის სიკვდილის ფაქტმა, როგორც ყოველთვის, – მოკვდა ის და არა – მე... მათ გულებში ერთგვარი სიხარულიც დაბადა... «როგორია, მოკვდა ის, მე კი, აი, ცოცხალი ვარ!» – იგრძნო ან გაიფიქრა თითოეულმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ახლო ნაცნობებმა, ანუ ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა, უნდოდათ თუ არა, იმაზეც იფიქრეს, რომ ახლა საჭირო იყო წასულიყვნენ პანაშვიდზე, მიესამძიმრებინათ ქვრივისთვის და ზრდილობის ეს მოსაწყენი წესი შეესრულებინათ. ყველაზე ახლო ერთმანეთთან ფეოდორ ვასილევიჩი და პეტრე ივანოვიჩი გახლდათ. პეტრე ივანოვიჩი ივან ილიჩთან სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან მეგობრობდა და მის წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა. სადილობისას პეტრე ივანოვიჩმა ცოლს ივან ილიჩის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა, ოლქში ცოლისძმის გადმოყვანის თაობაზე თავისი მოსაზრება გაუზიარა და ისე, რომ არც კი დაუსვენია, არ წამოწოლილა, ფრაკი ჩაიცვა და მაშინვე ივან ილიჩის სახლისკენ გასწია. ივან ილიჩის სახლის სადარბაზოსთან კარეტა და ორი მეეტლე იდგა. წინკარში საკიდართან კედელზე კუბოს ფარჩაგადაკრული, ფუნჯებითა და სირმებით გაწყობილი სახურავი იყო მიყუდებული. იქვე შავებში ჩაცმული ორი მანდილოსანი იდგა და ქურქებს იხდიდა. ამ ორთაგან ერთი პეტრე ივანოვიჩისათვის კარგად ნაცნობი ქალბატონი – ივან ილიჩის და იყო, ხოლო მეორე მისთვის სრულიად უცნობი გახლდათ... კიბეზე ზევიდან პეტრე ივანოვიჩის სკოლის ამხანაგი შვარცი ჩამოდიოდა, პეტრე ივანოვიჩი რომ დაინახა, კიბეზე შეჩერდა და თვალი ისე ჩაუკრა, თითქოს ეუბნება, ივან ილიჩმა ეს საქმე უდროო დროს წამოიწყო, თითქოს ახლა მე და შენ მეტი საქმე არა გვქონდესო! შვარცის ინგლისურ ბაკნებარდებიანი სახეც და ფრაკში გამოწყობილი მისი გამხდარი სხეულიც, როგორც ყოველთვის, დახვეწილი და ზეიმური იყო, ხოლო სახის გამომეტყველება სერიოზული, რაც მის ფუქსავატ ხასიათს არ ესადაგებოდა, თუმცა მის სახეს ჩვეული ლაზათი და მიმზიდველობა არც ახლა არ აკლდა.. ასე პეტრე ივანოვიჩი ფიქრობდა. ის ორი ქალი პეტრე ივანოვიჩმა წინ გაუშვა და თვითონ მათ უკან ნელა აუყვა კიბეს. შვარცი არ ჩამოსულა ზევიდან და პეტრე ივანოვიჩი, რა თქმა უნდა, მიხვდა, ასე რატომ მოიქცა: ეტყობა, უნდა შევთანხმდეთ, ვისტი ამ საღამოს სად ვითამაშოთო, – გაიფიქრა... ქალებმა კიბე აიარეს და ქვრივთან ახლოს დადგნენ... შვარცმა მსხვილი ტუჩები მოკუმა, ორაზროვნად გაიღიმა და – მიცვალებულის ოთახი მარჯვნივ არისო, – თვალით ანიშნა. პეტრე ივანოვიჩი შევიდა მიცვალებულის ოთახში, მაგრამ, როგორც ეს ყოველთვის ხდება, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მხოლოდ ის იცოდა, ასეთ დროს პირჯვრისწერა ხელს არასოდეს უშლიდა, აი ის კი, მისალმება და თავის დაკვრა ასეთ დროს საჭირო იყო თუ არა, წარმოდგენა არ ჰქონდა; ბოლოს ამ ორს შორის საშუალო აირჩია – ოთახში შესვლისას პირჯვარსაც იწერდა, ცოტა თავსაც ხრიდა და რამდენადაც ხელების და თავის მოძრაობა ამის საშუალებას აძლევდა, ოთახსაც ათვალიერებდა. ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი, მგონი, ივან ილიჩის დისშვილი იყო, პირჯვრის წერით ოთახიდან გავიდა... მოხუცი ქალი გაუნძრევლად იდგა და ვიღაც უცნაურად წარბაწეული მანდილოსანი ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. სურთუკში გამოწყობილი მხნე, დაუზარელი დიაკონი, ყოველგვარი წინააღმდეგობრიობის გამომრიცხავი გამომეტყველებით ხმამაღლა რაღაცას კითხულობდა. ბუფეტის კაცმა გერასიმმა პეტრე ივანოვიჩის წინ ფრთხილად გაიარა, იატაკზე რაღაც მოაბნია და პეტრე ივანოვიჩმა უცებ ხრწნაშეპარებული გვამის ოდნავი სუნი იგრძნო. ეს კაცი, ანუ გერასიმი, ივან ილიჩთან მან ბოლო ყოფნის დროს მის კაბინეტში ნახა. მაშინ ის მესასთუმლის მოვალეობას ასრულებდა და ივან ილიჩს, ეტყობა, განსაკუთრებულად უყვარდა... პეტრე ივანოვიჩი პირჯვარს იწერდა და კუბოსა და დიაკვანს შორის კუთხეში მაგიდაზე დაბრძანებული ხატებისკენ თავს ოდნავ ხრიდა. მერე მოეჩვენა, პირჯვარს დიდი ხანია ვიწერო, გაჩერდა, მიცვალებულს შეხედა და გულდასმით დაათვალიერა. მიცვალებული ისე იწვა კუბოში, როგორც მიცვალებულები წვანან – მძიმედ, უგემურად, გაფიჩხებული და კუბოს საფენებში ჩაკარგული. სასთუმალზე თავი როგორღაც საცოდავად ჰქონდა წამოწეული, გამელოტებული საფეთქლები ჩავარდნილი, ჩამოგრძელებული ცხვირი, გეგონება, ზედა ტუჩზე აქვს მიბჯენილიო... მას მერე, რაც ივან ილიჩი ბოლოს ნახა, გაცილებით გამხდარი და შეცვლილი ეჩვენა, თუმცა, როგორც ყველა მიცვალებულს, გალამაზებულ, აზრიან სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გეუბნება, ის, რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე და კარგადაც გავაკეთეო... გარდა ამისა, ამ გამომეტყველებაში იყო საყვედური, იყო შეხსენება ცოცხლებისადმი, რაც პეტრე ივანოვიჩს სრულიად უადგილო ეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული იყო, რომ ეს საყვედური მას სულაც არ ეხებოდა... მერე რაღაც არ ესიამოვნა, პირჯვარი ერთხელ კიდევ სწრაფად გადაიწერა, გატრიალდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა, თუმცა თავისი ეს საქციელი ზრდილობის წესებთან როგორღაც შეუსაბამო ეჩვენა... შვარცი წინა ოთახში ელოდა, ფეხები განზე გაედგა და ზურგს უკან ორივე ხელით თავის ცილინდრს ათამაშებდა. ლაღი, სუფთა, ელეგანტური შვარცის შეხედვაზე პეტრე ივანოვიჩი გამოცოცხლდა, მიხვდა, რომ ის – შვარცი – მაღლა დგას ყოველივე იმაზე, რაც აქ ხდება, არ ემორჩილება სულის ამ დამამძიმებელ შთაბეჭდილებას, მარტო მისი გარეგნობაც კი გეუბნება, რომ ივან ილიჩის პანაშვიდი კრების ჩაშლის მიზეზი ვერ იქნება, რომ არაფერს შეუძლია, ამ საღამოს, როცა ლაქია ოთხ უკურთხებელ სანთელს ჩამოდგამს, ხელი შეუშალოს ბანქოს დასტის ხმაურიან გახსნას და, საერთოდაც, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, თითქოს ამ ინციდენტს შეუძლია, დღევანდელი საღამოს სასიამოვნოდ გატარების საშუალება არ მოგცეს... ამ ფიქრში რომ იყო, პეტრე ივანიჩს შვარცმა გვერდით ჩაუარა და ყურში წასჩურჩულა, ვინტის თამაშში ამ საღამოს ფეოდორ ვასილევიჩს პარტიაში შეამხანაგებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პეტრე ივანოვიჩს დღეს ვინტის თამაში არ ეწერა... პრასკოვია ფეიდოროვნა, ტანდაბალი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ძალიან მსუქანი, განსაკუთრებით მხრებიდან ქვემოთ სულ უფრო სქელი და ფუშფუშა, თავით-ფეხამდე შავებში გამოწყობილი, მაქმანიანი თავსაბურველით და ისევე უცნაურად წარბაწეული, როგორც კუბოს იქითა მხარეს მდგარი ის მანდილოსანი, სხვა ქალებთან ერთად მოსასვენებლიდან გამოვიდა, ქალები იმ ოთახის კარამდე მიაცილა, სადაც მიცვალებული ესვენა, თვითონ კართან გაჩერდა და განაცხადა: – მობრძანდით, საცაა პანაშვიდი დაიწყება. შვარცმა თავი როგორღაც გაურკვევლად დააქნია – როგორც ჩანს, მისი ეს წინადადება არც მიიღო და არც უარყო... მაგრამ პეტრე ივანოვიჩი პრასკოვია ფეოდოროვნამ იცნო, ამოიოხრა, ძალიან ახლოს მივიდა, ხელში ხელი მოჰკიდა და ეუბნება: – ვიცი, ივან ილიჩის ნამდვილი მეგობარი იყავით, – თქვა, შეხედა და მისგან ამ სიტყვების შესაბამის პასუხს დაელოდა. პეტრე ივანოვიჩმა იცოდა, ისე, როგორც იქ პირჯვრის წერა არ იყო უადგილო, ისე აქაც ცუდი არ იქნებოდა, ხელი ჩამოერთმია, ამოეოხრა და – დიახ, რა თქმა უნდაო, – ეთქვა. ცხადია, ასედაც მოიქცა, რის შემდეგაც იგრძნო, რომ შედეგი სასურველი გამოვიდა – ამით პრასკოვია ფეოდოროვნაც გულაჩუყებული იყო და თვითონაც. – ვიდრე იქ პანაშვიდი არ დაწყებულა, აგერ, შევიდეთ ამ ოთახში, მინდა დაგელაპარაკოთ, მომეცით ხელი, – უთხრა ქვრივმა. პეტრე ივანოვიჩმა ხელი გაუწოდა და ორივემ შიდა ოთახისკენ გასწია. შვარცს გვერდი რომ აუარეს, მან მეგობარს – აჰა, ესეც შენი ვინტიო, – თვალი სევდიანად ჩაუკრა, – თამაშში ვეღარ შემოხვალთ, იმედი ნუ გექნებათ, თქვენს მაგივრად სხვა პარტნიორს შემოვიყვანთ, ისედაც სულ რაღაც ხუთნი ვართ, ახლა კი თქვენც მოგვაკლდით! – ეუბნებოდნენ მისი ანცი, მოუსვენარი თვალები. პეტრე ივანოვიჩმა კიდევ უფრო ღრმად, უფრო სევდიანად ამოიოხრა და პრასკოვია ფეოდოროვნამ მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა. შევიდნენ დაბურული ლამპით განათებულ, კედლებზე ვარდისფერ კრიტონგაკრულ სასტუმრო ოთახში და მაგიდასთან დასხდნენ – პარასკოვია ფეოდოროვნა დივანზე დაჯდა, პეტრე ივანოვიჩი ზამბარებჩაშლილ, ჯდომისგან ფორმადაკარგულ დაბალ პუფზე. ქვრივს უნდოდა, წინასწარ გაეფრთხილებინა, სხვა სკამზე დაჯექითო, მაგრამ გაახსენდა, რომ მის ახლანდელ მდგომარეობაში ეს უხერხული იყო და გადაიფიქრა... პუფზე რომ ჯდებოდა, პეტრე ივანოვიჩმა წარმოიდგინა, როგორ რთავდა, როგორ ალამაზებდა ამ სასტუმრო ოთახს ივან ილიჩი, რჩევას როგორ ეკითხებოდა, ეყიდა ეს მწვანეფოთლებიანი, ვარდისფერი კრეტონი თუ არ ეყიდა... სწორედ ამ დროს მაგიდის გვერდით გავლისას (მთელი ოთახი ავეჯით და ნაირ-ნაირი ნივთებით იყო სავსე) ქვრივმა მანტილიის შავი მაქმანი ჩუქურთმებიანი მაგიდის კუთხეს გამოსდო, პეტრე ივანოვიჩმა დასახმარებლად წამოიწია, გათავისუფლებული პუფი აზავთდა, ქვევიდან ჯიკავი დაუწყო, პეტრე ივანოვიჩი ისევ დაჯდა და აბობოქრებული პუფი ისევ ჩაწყნარდა. ქვრივი ახლა თავად შეეცადა მაგიდას წამოდებული მაქმანის მოხსნას, მაგრამ, იმის გამო, რომ მთლიანად ვერ მოაცილა, პეტრე ივანოვიჩი წამოდგა და პუფი ისევ აჯანყდა, ის კი არა, ტკაცუნიც დაიწყო... როცა ეს ყველაფერი დამთავრდა, ქალმა ბატისტის სუფთა ცხვირსახოცი ამოიღო და ატირდა. სამაგიეროდ პეტრე ივანოვიჩი მაქმანის ეპიზოდისა და პუფთან ბრძოლის შემდეგ იჯდა დამშვიდებული, კოპებშეკრული და მოღუშული... ამ უხერხული მდგომარეობიდან ისინი სოკოლოვმა – ივან ილიჩის მებუფეტემ გამოიყვანა, რომელმაც პრასკოვია ფეოდოროვნას მოახსენა, რომ სასაფლაოზე მის მიერ მონიშნული ადგილი ორასი მანეთი ეღირებოდა. ქალმა ტირილი შეწყვიტა, მსხვერპლის შესაბრალისი გამომეტყველებით პეტრე ივანოვიჩს შეხედა და ძალიან ცუდად ვარო, – უთხრა ფრანგულად. პეტრე ივანოვიჩს ხმა არ ამოუღია, რაც იმას ნიშნავდა, ამაში სრულიად დარწმუნებული გახლავართ, ვინაიდან სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყოო. – მოწიეთ, გეთაყვა, – უთხრა პრასკოვია ფეოდოროვნამ დიდსულოვნად პეტრე ივანოვიჩს, მერე ისევ სოკოლოვს მიუბრუნდა და სასაფლაოზე საუბარი დაუწყო. პეტრე ივანოვიჩი პაპიროსს ეწეოდა და ესმოდა, მიწის ფასზე ქალი რა დაწვრილებით, გულდაგულ გამოკითხავდა ყველაფერს და ბოლოს იმაზე შეჩერდა, რომელიც უფრო მისაღებად ჩათვალა. ადგილის ამბავი რომ გაარკვია, პრასკოვია ფეოდოვნა ახლა მგალობლების ამბით დაინტერესდა, მათ შესახებ თადარიგი დაიჭირა და სოკოლოვი წავიდა. – ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, – უთხრა პეტრე ივანოვიჩს. მაგიდაზე დაწყობილი ალბომები ცალ მხარეს მიაწყო, მაგიდაზე გაბნეულ პაპიროსის ფერფლს დახედა, საფერფლე მიუცურა და ჩაილაპარაკა: რომ ამბობენ, მწუხარების დროს მგლოვიარეს პრაქტიკული საქმეების თავი აღარა გვაქვსო, ფარისევლობად მიმაჩნია. ახლა ეს საქმე არათუ მამშვიდებს, შემიქცევს კიდევაც, ვინაიდან ამას ისევ მიცვალებულზე ზრუნვის გამო ვაკეთებ, – ისე თქვა, თითქოს საცაა უნდა ატირდესო, ცხვირსახოციც ამოიღო, მაგრამ, გეგონება საკუთარ თავს სძლიაო, თავი გააქნია და მშვიდად დაიწყო: – თუმცა მე თქვენთან საქმე მაქვს. პეტრე ივანოვიჩმა წამოიწია, თავი დაუკრა და პუფის ზამბარებს, რომლებიც მაშინვე ამოქმედდნენ, უფლება არ მისცა, თავის ნებაზე ამხედრებულიყვნენ. – ბოლო დღეებში ძალიან იტანჯებოდა, – თქვა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ პრასკოვია ფეოდოროვნამ. – ნუთუ ასე ძალიან?! – დიახ, ძალიან. მხოლოდ ბოლო წუთებში კი არა, ვიდრე გარდაიცვლებოდა, ყვიროდა და ყვიროდა საათობით. სამი დღე და სამი ღამე პირი არ გაუჩერებია. ეს მართლაც აუტანელი იყო... არ ვიცი, როგორ გავუძელი, ეს უბედურება როგორ გადავიტანე. მისი ყვირილი სამი კარის იქითაც კი თავზარს გცემდა. – ნუთუ მთელი ის დრო გონებაზე იყო? – ჰკითხა ისევ პეტრე ივანოვიჩმა. – დიახ, – თქვა ჩურჩულით ქალმა, – ბოლო წუთამდე... ვიდრე მოკვდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე ყველას გამოგვემშვიდობა, ისიც კი გვითხრა, ვალოდია გაიყვანეთო. პეტრე ივანოვიჩს ფიქრი იმ გაწამებული ადამიანისკენ გაექცა, ვისაც იმ დროიდან ასე ახლოს იცნობდა, როცა ის ჯერ ისევ მოწაფე იყო, პატარა, მხიარული ბიჭუნა, ხოლო მერე ასაკოვანი მამაკაცი და მისი პარტნიორი... იმის გაცნობიერებამ, ახლა რა ურცხვად ფარისევლობდნენ თვითონაც და ეს ქალიც, უცებ შეაძრწუნა, მიცვალებულის სანთელივით გაყვითლებულ შუბლს შეხედა, შეხედა ლამის ზედა ტუჩს მიჭყლეტილ ცხვირს და შეეშინდა – შეეშინდა საკუთარი თავის გამო – სამი დღე და სამი ღამე გაუსაძლისად იტანჯო და მოკვდე... ხომ შეიძლება ყოველ წუთს ასეთი რამ მეც დამემართოსო, – გაიფიქრა და წუთით ისევ შიშმა შეიპყრო. მაგრამ, მის დასახმარებლად მაშინვე, ისე, რომ თვითონაც ვერ გაიგო, როგორ გაჩნდა მის თავში ეს ნაცნობი, ჩვეულებრივი აზრი – მოკვდა ის, და არა მეო... პეტრე ივანიჩს კი სიკვდილი არათუ არ უნდა, არამედ არ შეიძლება... სიკვდილზე თუ იფიქრებს, უმძიმესი განცდა მოიცავს, ამიტომაც სიკვდილზე ფიქრი საჭირო არ არის. ამას შვარცის თვალებიც ამბობდნენ... ამგვარი ფიქრისა და განსჯის შემდეგ პეტრე ივანოვიჩი თანდათან დამშვიდდა და ინტერესით დაუწყო გამოკითხვა ივან ილიჩის სიკვდილის შესახებ. ყველაფერს ისე დაწვრილებით, ისეთი ინტერესით გამოკითხავდა, თითქოს სიკვდილი ის თავგადასავალი იყო, რომელიც მხოლოდ ივან ილიჩის თავს შეიძლებოდა ყოფილიყო, მასთან კი სულაც არაფერი ესაქმებოდა. ივან ილიჩის მიერ გადატანილ იმ აუტანელ ფიზიკურ ტანჯვაზე საუბრის შემდეგ (ამ ყველაფერს ასე გამოწვლილვით იმიტომ ჰკითხავდა, აინტერესებდა, მისმა ამ ტანჯვამ როგორ იმოქმედა ცოლის ნერვებზე) პრასკოვია ფეოდოროვნამ, ეტყობა, საჭიროდ ჩათვალა, საქმეზე გადასულიყო. – აჰ, პეტრე ივანოვიჩ, რომ იცოდეთ, რა მძიმეა, რა ძალიან მძიმეა, – თქვა მან და ატირდა. პეტრე ივანოვიჩმა ამოიოხრა, დაელოდა, ცხვირს როდის მოიხოცავდა და ბოლოს უთხრა: – დიახ, რა თქმა უნდა... მაგრამ, პრასკოვია ფეოდოროვნამ სიტყვის დამთავრება არ აცალა და ის მთავარი სათქმელი თქვა, რის თქმაც პეტრე ივანოვიჩისათვის უნდოდა, უფრო სწორად, უნდოდა ეკითხა, როგორ მოქცეულიყო, ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხაზინიდან ფულის მიღება რომ შესძლებოდა, თან ისეთი სახე მიიღო, თითქოს ხაზინიდან ფულის მიღებაზე კი არა, რჩევას პენსიის გამო ეკითხებოდა. თუმცა პეტრე ივანოვიჩი მიხვდა, ამ ქალმა ყველაფერი თითოეულ წვრილმანებამდე იცოდა, იცოდა ისიც კი, რაზეც თავად პეტრე ივანოვიჩს წარმოდგენაც არ ჰქონდა. იცოდა ყველა ის საშუალება, ყველა ის ფანდი, რომლითაც შეეძლო სიკვდილის ამ მომიზეზებით რაც შეიძლება მეტი ფული გამოეწურა და გაგებით სწორედ იმის გაგება უნდოდა, რა იყო საჭირო იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტი წაეგლიჯა ხაზინისათვის. პეტრე ივანოვიჩი შეეცადა, ქვრივის ამ სურვილის საპასუხოდ რაიმე ისეთი საშუალება გაეხსენებინა, ერთ ხანს იფიქრა კიდევაც, მაგრამ ვინაიდან ისეთი ვერაფერი მოიფიქრა, რითაც პრასკოვია ფეოდოროვნას ასიამოვნებდა, ძუნწები არიანო – კიცხვა მთავრობას დაუწყო და ბოლოს დასძინა – მეტის მიღება მგონი შეუძლებელიაო... პრასკოვია ფეოდოროვნამ ამოიოხრა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, ამ კაცისგან როგორ გათავისუფლებულიყო. პეტრე ივანოვიჩი ამას მიხვდა, პაპიროსი ჩააქრო, წამოდგა, ხელი ჩამოართვა და წინკარში გავიდა. იმ სასადილო ოთახში, სადაც ის საათი იყო, რომლის გამოც – ბრიკაბრაკში[3] ვიყიდეო, – ივან ილიჩი მაშინ ასეთი გახარებული ბრძანდებოდა, პეტრე ივანოვიჩი მღვდელს და პანაშვიდზე მოსულ კიდევ რამდენიმე ნაცნობს შეხვდა, ნახა აგრეთვე ივან ილიჩის ქალიშვილი, ვისაც ბავშვობიდან იცნობდა. ისიც თავით ფეხამდე შავებში იყო ჩაცმული და მისი ისედაც წერწეტი წელი შავებში კიდევ უფრო წერწეტი ჩანდა. ჰქონდა დაღვრემილი, შეუვალი, თითქმის მკაცრი გამომეტყველება. პეტრე ივანიჩს ისე მიესალმა, გეგონება, რამეში დამნაშავე ყოფილიყოს. ქალიშვილის უკან იდგა პეტრე ივანოვიჩის ნაცნობი, ძალიან მდიდარი ახალგაზრდა მამაკაცი – სასამართლოს გამომძიებელი, ვისაც ისეთივე მკაცრი, შეურაცხმყოფელი გამომეტყველება ჰქონდა და ვინც, როგორც პეტრე ივანოვიჩს უთხრეს, ამ ქალიშვილის საქმრო იყო... ახალგაზრდებს ის ცივად მიესალმა, უნდოდა იმ ოთახში გასულიყო, სადაც მიცვალებული ესვენა, რომ კიბის ქვეშ თვალი უცებ ილიჩის გიმნაზიელ ვაჟიშვილს მოჰკრა. ბიჭი ძალიან ჰგავდა მამას. ეს ის პატარა ივან ილიჩი იყო, როგორიც ის სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან ახსოვდა. თვალები ნამტირალევი ჰქონდა, თანაც ისეთი, როგორიც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭუნებს აქვთ. ბიჭმა პეტრე ივანოვიჩს შეხედა, დაიმორცხვა, პეტრე ივანოვიჩმა თავი დაუკრა, მიესალმა და მიცვალებულის ოთახში შევიდა. დაიწყო პანაშვიდი – სანთლები... კვნესა... საკმეველი... ქალების ხმამაღალი ქვითინი... ცრემლები... პეტრე ივანოვიჩი იდგა შუბლშეკრული და მის წინ მდგომთა ფეხებს მისჩერებოდა. მიცვალებულისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, არ მისცემია იქაურობის დამთრგუნველ გავლენას და ოთახიდან ერთ-ერთი პირველი გავიდა. წინკარში არავინ იყო. უცებ მიცვალებულის ოთახიდან გერასიმი სწრაფად გამოვიდა, გორად დამდგარ ქურქებს შორის მის ქურქს ძებნა დაუწყო, იპოვა და მიაწოდა. – რა იყო, ძმაო გერასიმ? – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა, რათა რაღაც ეთქვა, – გეცოდება? – ყველაფერი ღვთის ნებაა, აქ არავინ დარჩება, ყველანი იქ ვიქნებით... – თქვა გერასიმმა, თავისი თეთრი, მსხვილი, მამაკაცური კბილები გამოაჩინა და როგორც მთელი სულითა და გულით საქმეში ჩართულ ადამიანს სჩვევია, კარი სწრაფად გააღო, მეეტლეს გასძახა, პეტრე ივანოვიჩი ეტლში ჩასვა და უკან წინკარში ისე შეხტა, თითქოს იმის ფიქრშია, სასწრაფოდ კიდევ რა მაქვს გასაკეთებელიო. კარბოლატის, მიცვალებულის, საკმევლის მძაფრი სუნის შემდეგ პეტრე ივანოვიჩმა სუფთა, კამკამა ჰაერი ჩაისუნთქა და მოეშვა. – რას მიბრძანებთ, სად წავიდეთ? – ჰკითხა მეეტლემ. – ჯერ გვიანი არ არის, ფეოდორ ვასილევიჩთან შევივლი. – თქვა პეტრე ივანოვიჩმა და ეტლი ადგილიდან დაიძრა. იქ რომ მივიდა, ზუსტად პირველ რობერს ამთავრებდნენ, ისე რომ, თამაშში მეხუთე კაცად შესვლა სრულიად მოსახერხებელი აღმოჩნდა. ------------------------------------------------ 2 ივან ილიჩის ცხოვრების გზა სრულიად ჩვეულებრივი და უბრალო, მაგრამ ამავე დრო ყველაზე საშინელი იყო. სასამართლო პალატის წევრი ივან ილიჩი ჯერ მხოლოდ ორმოცდახუთი წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ის იმ ჩინოვნიკის ვაჟიშვილი გახლდათ, ვინც პეტერბურგის სხვადასხვა სამინისტროსა თუ დეპარტამენტში იმგვარ მდგომარეობას მიაღწია, როგორიც ადამიანს იმ გარემოებას უქმნის, როცა, მართალია, აშკარაა, ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ თანამდებობისთვის სრულიად გამოუდეგარია, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი ხანია მუშაობს, ჩინი აქვს, სამსახურიდან ვერ უშვებენ და გამოგონილ, ფიქტიურ თანამდებობებზე ნიშნავენ. მუშაობს ასე ათასობით ადამიანი ამგვარ ფიქტიურ თანამდებობებზე და ცხოვრობს ღრმა სიბერემდე ბედნიერად. დიახ, ასეთი გახლდათ ივან ილიჩის მამა – საიდუმლო მრჩეველი, სხვადასხვა არასაჭირო დაწესებულების არასაჭირო წევრი ილია ეფიმოვიჩ გოლოვინი. ჰყავდა სამი ვაჟიშვილი. ივან ილიჩი შუათანა იყო. უფროსმა ვაჟმა ზუსტად ისეთი კარიერა გაიკეთა, როგორიც მამამისმა, ოღონდ სხვა სამინისტროში. თან ძალიან სწრაფად აღწევდა იმ სამსახურეობრივ მდგომარეობას, რომლის დროსაც ჯამაგირს ინერციით იღებენ... მესამე ვაჟიშვილი უიღბლო გამოდგა. იმუშავა უამრავ დაწესებულებასა და თანამდებობაზე, მაგრამ, ვერსად ივარგა და ბოლოს რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. არც მამას, არც ძმებს, განსაკუთრებით კი მათ ცოლებს, არათუ არ მოსწონდათ მასთან ახლობლობა, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იყო, მის არსებობასაც კი ივიწყებდნენ. რაც შეეხება ილია ეფიმოვიჩ გოლოვინის ქალიშვილს, ანუ მის მეოთხე შვილს, ის ცოლად ბარონ გრეფს გაჰყვა, ისეთივე პეტერბურგელ ჩინოვნიკს, როგორიც მისი სიმამრი გახლდათ. სამაგიეროდ, ივან ილიჩი, როგორც ამბობენ, le phenix de la famille[4] იყო. არ იყო ისეთი ცივი და აკურატული, როგორიც მისი უფროსი ძმა, არც ისეთი მოუხერხებელი, როგორიც უმცროსი... იყო ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე, წესიერი, სასიამოვნო ადამიანი. იზრდებოდა უმცროს ძმასთან ერთად, მასთან ერთად სწავლობდა სამართალმცოდნეობის სასწავლებელში, თუმცა უმცროსი ძმა სასწავლებლის მეხუთე კლასიდან გარიცხეს, ხოლო ივან ილიჩმა სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ის უკვე სასწავლებელშიც ისეთი იყო, როგორიც მთელ მის შემდგომ ცხოვრებაში – ხალისიანი, კეთილი, გულღია, თავაზიანი და მკაცრად შემსრულებელი იმისა, რასაც თავის მოვალეობად თვლიდა. ხოლო მოვალეობად თვლიდა იმ ყველაფერს, რასაც უმაღლესი თანამდებობის ადამიანები თვლიდნენ. ფარისეველი და ფლიდი არც ყმაწვილობაში ყოფილა, არც მერე, დავაჟკაცებული. მაგრამ, ბავშვობიდან ისე ისწრაფვოდა მაღალი საზოგადოების პირთა გაცნობა-დაახლოებისაკენ, როგორც ბუზი სინათლისკენ. ითვისებდა მათ წესებსა და ცხოვრებაზე მათ შეხედულებებს. მისმა ბავშვურმა და ახალგაზრდულმა გატაცებებმა ისე ჩაიარა, მასზე მაინცდამაინც დიდი კვალი არ დაუტოვებია. იყო მგრძნობიარე და თავმომწონე, ხოლო დამამთავრებელ კლასებში ლიბერალობდა კიდევაც, ოღონდ ყოველთვის იმ გარკვეულ ფარგლებში, რასაც ალბათ ინტუიცია ჰკარნახობდა. სამართალმცოდნეობაში ზოგჯერ ისეთ ქმედებასაც ჰქონია ადგილი, რომელიც ადრე საშინელებად წარმოუდგებოდა და ასეთ დროს საკუთარი თავი სძულდა. მაგრამ მერე და მერე, როცა ნახა, ასე უმაღლესი თანამდებობის პირები იქცეოდნენ და სულაც არაფრად მიაჩნდათ, ეს ყველაფერი დაივიწყა და მისი გახსენებით თავი აღარასოდეს შეუწუხებია. სამართალმცოდნეობის სასწავლებლის მეათე კლასი რომ დაამთავრა და მამამ სპეციალური ტანსაცმლისთვის ფული აჩუქა, შარმეთან ეს ტანსაცმელი შეუკვეთა, ასეთ წარწერიანი – respice finem[5] – პატარა მედალიონი ჩამოიკიდა, პრინცს და აღმზრდელებს გამოემშვიდობა, მეგობრებთან ერთად დონონთან ისადილა, ყველაზე საუკეთესო მაღაზიებში შეკვეთილი თეთრეულით, სპეცტანსაცმლით, პლედით, საპარსებით და ტუალეტისთვის საჭირო ნივთებით სავსე ახალი მოდური ჩემოდნით ხელში, გუბერნატორის დახმარებით მამის მიერ ნაშოვნ საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკის ადგილის დასაკავებლად პროვინციაში გაემგზავრა. ივან ილიჩმა მალე იქ ისეთივე კარგი გარემო შეიქმნა, როგორიც სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ჰქონდა. შრომობდა, წინაურდებოდა, აკეთებდა კარიერას და დროს ლაღად, მხიარულად, სასიამოვნოდ ატარებდა. იყო წესიერი, პატიოსანი ახალგაზრდა. უფროსის დავალებით ზოგჯერ მაზრაში უწევდა წასვლა და, როგორც მაღალი, ისე დაბალი წრის ადამიანებთან თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა. საქმეში ზუსტი, პატიოსანი და მოუსყიდველი იყო, რითაც ამაყობდა კიდევაც. დავალებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა, ხოლო განსაკუთრებული გულმოდგინებით სტაროვერების საქმეს ეკიდებოდა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, მიუხედავად იმისა, რომ დროსტარება და გართობა უყვარდა, სამსახურში ძალიან თავშეკავებული იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ოფიციალური და მკაცრიც კი, ხოლო საზოგადოებაში ყოველთვის მხიარული, მახვილგონიერი, კეთილი და ზრდილი. უფროსებს, როგორც კაცებს, ისე ქალებს, შინაურად მიაჩნდათ და სიყვარულით bon enfant-ს[6] ეძახდნენ. პროვინციაში ერთ იმ გათხოვილ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზ, მოხდენილ სამართალმცოდნეს მოსვენებას არ აძლევდა. ჰყავდა ქუდების ოსტატი ქალიც. იყო ქეიფები და დროსტარება ჩამოსულ ფლიგელ ადიუტანტებთან, იყო ვახშმის შემდეგ შორ ქუჩაზე გასეირნებები... უფროსებთან პირფერობდა, ცდილობდა, გული არამარტო უფროსებისათვის მოეგო, არამედ მათი ცოლებისთვისაც და ამას ისეთ მაღალ დონეზე აკეთებდა, რომ შეუძლებელი იყო მისი საქციელი ურიგო სიტყვებით მოგეხსენებინა. მის ყველა მოქმედებას მხოლოდ ეს ფრანგული გამონათქვამი თუ მოუხდებოდა – il faut que jeumesse se passe[7]... ყველაფერს სუფთა ხელებით აკეთებდა, სუფთა პერანგებში გამოწყობილი. საუბრისას იყენებდა ფრანგულ გამონათქვამებს, რაც მთავარია, ყველაზე მაღალ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი საზოგადოების მოწონებით. ასე იმსახურა ხუთი წელი, მაგრამ დადგა სამსახურის შეცვლის დრო. რაც მთავარია, გაჩნდა ახალი სასამართლო დაწესებულებები, სადაც ახალი ადამიანები იყო საჭირო. ასეთი ახალი ადამიანი იყო ივან ილიჩი. მალე მას სასამართლოს გამომძიებლის ადგილი შესთავაზეს და მანაც მიიღო ეს შემოთავაზება. ახალი სამსახური სხვა გუბერნიაში იყო, რის გამოც იძულებული გახდა, მიეტოვებინა მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან დამყარებული საუკეთესო ურთიერთობა და ახალ ადგილას დაემყარებინა ახალი ურთიერთობები. ახალ სამუშაო ადგილზე წასვლისას ივან ილიჩი ამხანაგებმა გააცილეს, თან შეგროვილი ფულით ვერცხლის საპაპიროსე უყიდეს. ახალ სამსახურშიც ივან ილიჩი ისეთივე comme il faut იყო, ისეთივე წესიერი, ისევე შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობები და საზოგადოებრივი ცხოვრება ერთმანეთისაგან გაემიჯნა, ისეთივე პატივცემული ყოფილიყო საზოგადოებისაგან, როგორიც მაშინ, როცა განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებლის თანამდებობა ეკავა... თავად გამომძიებლის სამსახური ძველთან შედარებით ივან ილიჩისთვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. ძველი სამსახურის დროს შერმეროვის ვიცემუნდირში გამოწყობილს სიამოვნებდა მიღების მომლოდინე აკანკალებული მთხოვნელებისა თუ მოშურნე თანამდებობის პირთა წინ ამაყად გავლა, უფროსის კაბინეტში თავაღებით შესვლა, უფროსთან ერთად ჩაის დალევა და პაპიროსის გაბოლება, თუმცა, უშუალოდ მის საქმიანობასა და თავნებობაზე დამოკიდებული ადამიანები არც ისე ბევრნი იყვნენ. ასეთები მხოლოდ პოლიციის უფროსები და სტაროვერები გახლდათ, ესეც მაშინ, როცა მათთან დავალებით აგზავნიდნენ. ცდილობდა, მასზე დამოკიდებულ ამ ადამიანებს თავაზიანად მოპყრობოდა, თითქმის მეგობრულადაც კი. მოსწონდა, როცა ასეთ ადამიანებს აგრძნობინებდა, რომ მას, ვისაც შეეძლო გაესრისა, გაენადგურებინა ისინი, უბრალოდ, ადამიანურად ექცეოდა. ასეთი ხალხი მაშინ ცოტა იყო, ახლა კი სასამართლოს გამომძიებელი ივან ილიჩი გრძნობდა, ყველაზე თავმომწონე, საკუთარი თავით კმაყოფილი ადამიანები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველანი მის ხელთ იყვნენ, საკმარისია, სათაურიან ქაღალდზე რამდენიმე სიტყვა დაეწერა, რომ ამ ამაყ, თავმომწონე, თავისი თავით კმაყოფილ ადამიანს, როცა მასთან როგორც დამნაშავეს ან როგორც მოწმეს მოიყვანდნენ, თუ ნებას თავად ივან ილიჩი არ დართავდა – დაჯექიო, იდგებოდა მის წინ ასე გაჭიმული და კითხვებზე პასუხს ეგრევე ფეხზე მდგომი გასცემდა... თუმცა თავის ამ ძალაუფლებას ივან ილიჩი ბოროტად არასოდეს იყენებდა, პირიქით, ცდილობდა, შეემსუბუქებინა მდგომარეობა. ეს ახალი სამსახური მისთვის სწორედ ამ ძალაუფლებისა და ამ შემსუბუქების სურვილის გაცნობიერებით იყო საინტერესო. სამსახურში, კერძოდ, გამომძიებლობაში ივან ილიჩმა ძალიან მალე გაითავისა ის ხერხი, ყურს იქით გაეშვა, თავიდან აეცილებინა ყველაფერი, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული და ისეთი სახე მიეცა ყველაზე რთული საქმისათვის, რომლის დროსაც ეს საქმე მხოლოდ ზოგადად აისახებოდა ქაღალდზე და რომლის დროსაც სრულიად გამოირიცხებოდა მისი აზრი და პირადი შეხედულება და რაც მთავარია, დაცული იქნებოდა ყოველგვარი საჭირო ფორმალობა. ეს საქმე სრულიად ახალი იყო, ხოლო თვითონ იმ პირველ ადამიანთაგანი გახლდათ, ვინც 1864 წლის წესდების დანართი შეიმუშავა. მას შემდეგ, რაც ივან ილიჩმა სასამართლოს გამომძიებლის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, უამრავი ახალი ნაცნობი შეიძინა, დაამყარა ახალი კავშირები, სრულიად შეიცვალა ქცევა, თავდაჭერა, შეიცვალა ტონი. გუბერნიის ხელისუფლებისაგან თავი შორს ერთგვარი ღირსებით დაიჭირა. აირჩია ყველაზე უკეთესი წრე ქალაქში მცხოვრებ მოსამართლეებსა და მდიდარ აზნაურებს შორის. მიიღო ხელისუფლების მიმართ ოდნავ უკმაყოფილო პიროვნების, ზომიერი ლიბერალისა და ცივილიზებული მოქალაქის სახე. არ უღალატია ელეგანტური, ძვირფასი ტუალეტისათვის. ახალ თანამდებობაზე წვერს უკვე აღარ იპარსავდა – დაე, ისე გაზრდილიყო, როგორც უნდოდა და სადამდეც უნდოდა. ივან ილიჩის ცხოვრება ახალ ქალაქშიც შესანიშნავად აეწყო. გუბერნატორის წინააღმდეგ ფრონდერულად განწყობილი საზოგადოება მეგობრული და ერთსულოვანი გახლდა. მეტი იყო ჯამაგირი, მეტი სიამოვნება მოჰქონდა ვისტს, რისი ნიჭიც ჰქონდა და უნარიც, რათა ხალისით, მხიარულად, გააზრებულად ეთამაშა და ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩებოდა. ორი წლის მუშაობის შემდეგ, სწორედ იმ ქალაქში და იმ წრეში, რომელშიც ის ტრიალებდა, შეხვდა თავის მომავალ ცოლს, ყველაზე მიმზიდველ, ჭკვიან, მომხიბვლელ ქალიშვილს – პრასკოვია ფეოდოროვნა მიხელს და სასამართლო საქმეებისგან დაღლილმა გამომძიებელმა მასთან მსუბუქი ლაღი ურთიერთობა დაამყარა. როცა ივან ილიჩი განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი ბრძანდებოდა, ყოველთვის ბევრს და სიამოვნებით ცეკვავდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, მხოლოდ იშვიათად, გამონაკლის შემთხვევაში თუ იცეკვებდა. თან მხოლოდ იმ აზრით და განწყობით, საქმე ცეკვაზე თუ მიდგა, შემიძლია დავამტკიცო, რომ სხვებზე უკეთესად ვცეკვავო. პრასკოვია ფეოდოროვნასთან იშვიათად ცეკვავდა. ისიც მაშინ, როცა წვეულება თითქმის დამთავრებული იყო. მიუხედავად ამისა, პრასკოვია ფეოდოროვნა მიხელს სწორედ ცეკვის დროს შეუყვარდა, თანაც მაშინ, როცა სასამართლოს ახალგაზრდა მოსამართლეს ცოლის შერთვა აზრადაც არ ჰქონია, თუმცა რომ ნახა ქალიშვილს უყვარდა, ვითომ რატომ არ უნდა შევირთოო, უთხრა თავის თავს. პრასკოვია ფეოდოროვნა, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე გვარის გახლდათ და არც ურიგო შესახედი იყო, ცოტაოდენ ქონებასაც ფლობდა. მართალია, ივან ილიჩს შეეძლო, გაცილებით უკეთეს პარტიაზე ეფიქრა, მაგრამ არც ეს იყო ცუდი. თვითონ კარგი ხელფასი ჰქონდა, დარწმუნებული იყო, იმასაც ამდენივე შემოსავალი ექნებოდა. გარდა ამისა, ჰყავდა საუკეთესო ნათესაობა, თვითონაც ძალიან საყვარელი, წესიერი ქალი იყო. თუმცა იმის თქმა, ივან ილიჩმა ცოლი სიყვარულით შეირთო, მისი სახით ცხოვრებაზე თავისი შეხედულების თანამგრძნობ-თანამოზიარე ნახაო, ისეთივე უსამართლობა იქნებოდა, როგორც თქმა იმისა, თითქოს ეს ქალი ცოლად იმიტომ ითხოვა, რომ ეს არჩევანი მისი წრის ხალხმა მოიწონა. ისე კი სინამდვილეში ცოლად სწორედ ამ ორი მოსაზრების გამო ითხოვა: ერთი ის, რომ ასეთი ქალის თხოვნით თავისთვის მეტად კარგ საქმეს გააკეთებდა, მეორეც, კარგი იყო ის, რომ უმაღლესი თანამდებობის ადამიანები მის ამ არჩევანს სწორად მიიჩნევდნენ. ასე შეირთო ცოლი ივან ილიჩმა. ცოლქმრული ცხოვრების პირველი თვეები ცოლ-ქმარმა სიყვარულსა და ალერსში გაატარა. შეიძინეს ახალი ავეჯი, ახალი ჭურჭელი, თეთრეული, ისე, რომ, ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვნა დაორსულდებოდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო, იმდენად კარგად, რომ ივან ილიჩი უკვე იმასაც ფიქრობდა, ცოლის შერთვა არათუ არ შეცვლის ჩემს კარგ, სიამით სავსე ცხოვრებას, ყოველთვის წესრიგიანსა და საზოგადოების მიერ მოწონებულს, არამედ უფრო სასიამოვნოს გახდისო. მაგრამ, ცოლის ორსულობის პირველი თვეებიდან თავი რაღაც ისეთმა იჩინა, ისეთმა ახალმა, მოულოდნელმა და უსიამოვნომ, რასაც სრულიად არ ელოდა და რისგანაც თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო. ცოლის ყოვლად უმიზეზო, როგორც ივან ილიჩს ეჩვენებოდა, de gaité de coeur-ის[8] გამო, ყოველთვის მოწესრიგებულმა, სიამით სავსე ცხოვრებამ რღვევა იწყო. ქალი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეჭვიანობდა, ყველაფერზე შარს სდებდა, უწყობდა უხამს, უსიამოვნო სცენებს. თავიდან ივან ილიჩს იმედი ჰქონდა, ამ უსიამოვნებიდან, ცხოვრებისადმი იმ მსუბუქი, წესიერი დამოკიდებულების მეშვეობით გათავისუფლდებოდა, რომელსაც ადრე ყოველთვის გამოყავდა მდგომარეობიდან. სცადა, ცოლის ამგვარი განწყობისთვის ყურადღება არ მიექცია და ცხოვრებას ისევ ძველებურად განაგრძობდა – ბანქოს სათამაშოდ ისევ ისე ეპატიჟებოდა ნაცნობ-მეგობრებს, მაგრამ, ცოლმა ერთხელ უხეში სიტყვების ისეთი კორიანტელი დააყენა და ისე ჯიუტად განაგრძობდა მასთან ჩხუბს, რომ ეტყობა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, იქამდე არ შეჩერებულიყო, ვიდრე არ დაიმორჩილებდა, ანუ არ დაჯდებოდა სახლში ისიც მასავით მოწყენილი. ყოველივე ამან ივან ილიჩი დააბნია, მიხვდა, ცოლქმრული ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში თავის ამ ცოლთან, არათუ ხელს შეუწყობდა, ცხოვრება სიამესა და სიხარულში გაეტარებინა, არამედ პირიქით. ამიტომაც თავი მისგან შორს უნდა დაეჭირა და მიაგნო კიდევაც ამის საშუალებას – მიხვდა, რომ ერთადერთი, რაც პრასკოვია ფეოდოროვნას იმპონირებდა, მისი სამსახური იყო, ამიტომაც, სწორედ ამ სამსახურის, სამსახურეობრივი მოვალეობების მეშვეობით დაუწყო ცოლს ბრძოლა და თავისი დამოუკიდებელი სამყარო შეიქმნა. ბავშვის დაბადება, მისი კვება, ამ კვებასთან დაკავშირებული ნაირნაირი სიძნელე და წარუმატებლობა, ბავშვისა და დედის ნამდვილი თუ მოგონილი ავადმყოფობები, რომელიც ყოველივე ამაში ივან ილიჩის აუცილებელ მონაწილეობას მოითხოვდა და რომელსაც ვერაფერს უგებდა, ამ ყველაფრიდან თავის დახსნა და ოჯახისგან საკუთარ სამყაროში თავის შეფარება მისთვის კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. იმისდა მიხედვით, ცოლი რამდენადაც ჭირვეული, გამაღიზიანებელი და მომთხოვნი ხდებოდა, ივან ილიჩსაც საკუთარი ცხოვრების სიმძიმის ცენტრი სულ უფრო მეტად გადაჰქონდა სამსახურში, რომელიც ახლა კიდევ უფრო შეიყვარა და წინანდელთან შედარებით კიდევ უფრო პატივმოყვარე გახდა. დაქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ივან ილიჩი მიხვდა, ცოლის შერთვა, მართალია, ერთგვარად ხელსაყრელიც არის, მაგრამ არსებითად ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან, თუ გინდა ცოლის მიმართ შენი მოვალეობა პირნათლად შეასრულო, ანუ წესიერი საზოგადოების მოსაწონი ცხოვრებით იცხოვრო, საჭიროა, როგორც სამსახურის, ისე ოჯახით მიმართაც გარკვეული დამოკიდებულება შეიმუშაოო. და შეიმუშავა კიდევაც. ოჯახური ცხოვრებიდან ახლა მხოლოდ იმ სიკეთეს მოითხოვდა, რომლის მიცემაც მარტო ცოლს შეეძლო, როგორიცაა მაგალითად, სახლში მომზადებული ოჯახური სადილი, ოჯახის დიასახლისობა, ლოგინი და, რაც მთავარია, ზრდილობის იმ გარეგნული ფორმების დაცვა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მიხედვით არის განსაზღვრული. დანარჩენშიც ივან ილიჩი მხოლოდ სასიამოვნოს ეძებდა და თუ იპოვიდა, ძალიან კმაყოფილი ბრძანდებოდა. ხოლო შინ მისულს ცოლის ბუზღუნი და წინააღმდეგობა თუ დახვდებოდა, მაშინვე იმ სამსახურში გარბოდა. იქ მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, როგორც საუკეთესო მუშაკს, ამიტომაც იყო, რომ სულ რაღაც სამი წლის შემდეგ პროკურორის ამხანაგად განაწესეს. ახალი მოვალეობები, ამ მოვალეობების მნიშვნელობა, იმის უფლება, რომ შეუძლია, ვისაც მოისურვებს, სასამართლოში მოიყვანოს და ციხეში ჩასვას, ის, რომ ახალ სამსახურში უკვე წარმატება მოიპოვა, ის, რომ სიტყვით თავისი საჯარო გამოსვლები მოსწონს, ყოველივე ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიუწევს გული სამსახურისაკენ. მერე ბავშვები გაჩნდნენ. ცოლი დღითი დღე სულ უფრო ბუზღუნა და ბრაზიანი ხდებოდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრების მიმართ გამომუშავებული დამოკიდებულის გამო, ივან ილიჩს ყოველივე ამის მიმართ შეუღწევადს ხდიდა. იმ ქალაქში შვიდი წლის მუშაობის შემდეგ პროკურორად სხვა გუბერნიაში გადაიყვანეს და ის იქ მთელი თავისი ოჯახით გადაბარგდა. მართალია, ახალ ადგილას წინა სამსახურთან შედარებით ჯამაგირი მეტი ჰქონდა, მაგრამ ცხოვრება იმ ქალაქში გაცილებით ძვირი იყო, ამიტომ ფული მაინცდამაინც არ ჰყოფნიდათ და პრასკოვია ფეოდოროვნას იქაურობა არ მოსწონდა. გარდა ამისა, მოუკვდათ ორი ბავშვი და ოჯახური ცხოვრება ივან ილიჩისთვის კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა. პრასკოვია ფეოდოროვნა ამ ახალ ადგილას, სახლში ყოველგვარი უსიამოვნების გამო, ქმარს საყვედურობდა. ცოლისა და ქმრის საუბარში ბევრი რამ, განსაკუთრებით ბავშვების აღზრდის თაობაზე, მრავალ კითხვას ბადებდა. ახსენებდნენ თავიანთ იმ ჩხუბებს, რომელსაც შეიძლება ამ წუთშიაც ეფეთქა. რჩებოდა სიყვარულის ის იშვიათი პერიოდები, რომელიც დაეუფლებოდა ხოლმე ცოლ-ქმარს და რომელიც დიდხანს არ გრძელდებოდა – ეს ის პატარა კუნძულები იყო, სადაც მხოლოდ ცოტა ხნით თუ დაუტკბებოდნენ ერთმანეთს და მალე ისევ ურთიერთგაუცხოების, ერთმანეთის მიმართ გულში ჩამარხული მტრობის მორევში იძირებოდნენ. ამ გაუცხოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო დაემწუხრებინა ივან ილიჩი, თუ ჩათვლიდა, რომ ეს წესით არ იყო განსაზღვრული, რომ არ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო. მაგრამ, ახლა უკვე აღიარებდა, რომ ეს არა მხოლოდ ნორმალური იყო, არამედ ოჯახში მისი ქმედების მიზანიც, ხოლო ქმედების ეს მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად გაეთავისუფლებინა თავი ოჯახური უსიამოვნებებისგან და თავისი ქცევისთვის წესიერების, უწყინრობის ხასიათი მიეცა, რასაც იმით აღწევდა, რომ სახლში დროს სულ უფრო იშვიათად ატარებდა. ხოლო როცა იძულებული იყო, რაღაც დრო ოჯახში გაეტარებინა, ცდილობდა, მისი ყურადღება უფრო სტუმრებისკენ ყოფილიყო მიმართული და ამით შეემსუბუქებინა მდგომარეობა... მაგრამ მთავარი მისთვის სამსახური იყო. მთელმა მისმა ცხოვრების მიზანმა და ინტერესმა თავი სამსახურებრივ გარემოში მოიყარა და ამ ინტერესმა ის მთლიანად შთანთქა... საკუთარი ძალმოსილების შეგნება, ის, რომ შეუძლია გაანადგუროს ყველა, ვის განადგურებასაც მოისურვებს, სასამართლოში შესვლისას თუ ხელქვეითებთან შეხვედრისას თავისი ამპარტავანი გარეგნობით თავი მოიწონოს, როგორც ზემდგომების, ისე ხელქვეითების წინაშე, რაც მთავარია, თავისი ცოდნით და დიდი დახელოვნებულობით, რასაც თავადაც კარგად გრძნობდა, გულს სიამით უვსებდა. ამასთან, ამხანაგებთან საუბრები, სადილები და ვისტი ახარებდა და ისე მიედინებოდა მისი ცხოვრება, როგორც თავად ივან ილიჩი თვლიდა საჭიროდ, ანუ სასიამოვნოდ და მართებულად. ასე იცხოვრა კიდევ შვიდი წელიწადი. უფროსი ქალიშვილი უკვე თექვსმეტი წლის იყო. გარდაეცვალათ კიდევ ერთი ბავშვი. დარჩათ ქალიშვილი და გიმნაზიელი ბიჭუნა – ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის კიდევ ერთი ობიექტი: ივან ილიჩს უნდოდა, ბიჭს სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ესწავლა, თუმცა ქმრის ჯინაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ ის გიმნაზიაში შეიყვანა. ბიჭი იქ კარგად სწავლობდა, შესანიშნავად იზრდებოდა ქალიშვილი, რომელსაც სახლში ამეცადინებდნენ. 3 ასე გრძელდებოდა ივან ილიჩის ცხოვრება ცოლის შერთვიდან ჩვიდმეტი წელიწადი. ახლა ის უკვე ხანში შესული, დიდად გამოცდილი პროკურორი გახლდათ. ვინც იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ქალაქში თავმჯდომარის სასურველი ადგილის დაკავებას ელოდა, უარი თქვა რომელიღაც სამსახურებრივ გადაადგილებაზე. მოულოდნელად მოხდა ერთი მეტად არასასიამოვნო ამბავი, რამაც მისი მშვიდი ცხოვრება სრულიად შეცვალა. უნივერსიტეტის ქალაქში სასამართლოს თავმჯდომარის ის სასურველი ადგილი, რასაც ასე ელოდა ივან ილიჩი, გოპემ იყოჩაღა, წინ გაუსწრო და დაიკავა. ამან ძალიან გააღიზიანა ივან ილიჩი, გოპესაც ეჩხუბა და თავის უშუალო უფროსებსაც, რის შემდეგაც უფროსებმა ცივად დაუწყეს ყურება და გვერდი თანამდებობის შემდგომი განწესების დროსაც აუარეს. ეს იყო 1880 წელი – ყველაზე მძიმე წელიწადი ივან ილიჩის ცხოვრებაში. ერთი მხრივ აღმოჩნდა, რომ, საცხოვრებლად ხელფასი არ კმაროდა, გარდა ამისა, ის რომ ყველამ დაივიწყა და მის მიმართ თავიანთი ეს უმკაცრესი დამოკიდებულება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ, გულს ძალიან სტკენდა. აღარც თავად მიაჩნდა მამას შვილის დახმარება თავის მოვალეობად. და აი, ივან ილიჩმა იგრძნო, რომ ყველამ გვერდი უქცია, ვინაიდან მათი აზრით, სამიათას ხუთას მანეთიანი ხელფასით მისი მდგომარეობა სრულიად ნორმალური იყო, ის კი არა, ამით ძალიან ბედნიერიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იმ უსამართლობის გამო, როგორც მას ექცეოდნენ, იმის გამო, რომ ცოლი გამუდმებით ებუზღუნებოდა, იმ ფულისათვის, რომელსაც უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე შემოსავალი ამის საშუალებას იძლეოდა, მხოლოდ მან ერთმა იცოდა, არათუ ბედნიერი, ნორმალური მდგომარეობისგანაც კი ძალიან შორს იყო. იმ წელიწადს ჯამაგირს ცოტა რომ დაეზოგა, შვებულება აიღო და ცოლთან ერთად ზაფხულის გასატარებლად ცოლისძმასთან სოფელში წავიდა. იმის გამო, რომ უსამსახუროდ მთელ თავის ცხოვრებაში პირველად იყო, ივან ილიჩმა სოფელში არა მარტო მოიწყინა, არამედ აუტანელმა კაეშანმა მოიცვა და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო, რომ აუცილებლად რაღაც გადამწყვეტი ზომები უნდა მიეღო. ის ღამე ივან ილიჩმა ტერასაზე უძილოდ გაატარა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, პეტერბურგში წასულიყო, იქ სხვა რომელიმე სამინისტროში სამსახურის საშოვნელად რაიმე ეღონა და ის ადამიანები დაესაჯა, რომლებმაც არ დააფასეს, უფრო სწორად, ვერ შეძლეს მისი დაფასება. მიუხედავად ცოლის და ცოლისძმის მცდელობისა, წასვლაზე როგორმე უარი ეთქმევინებინათ, მეორე დღეს მაინც გაემგზავრა პეტერბურგში. წავიდა მხოლოდ ერთი მიზნით, ეთხოვა ისეთი სამსახური, სადაც ხუთი ათასი მანეთი ჯამაგირი ექნებოდა. მისთვის ახლა არც სამინისტროს ჰქონდა მნიშვნელობა, არც იმას, რა მიმართულების იყო ის სამინისტრო, არც იმას, რა სახის სამუშაო იქნებოდა, მას მხოლოდ ხუთი ათასმანეთიანი სამსახური სჭირდებოდა, იქნებოდა ეს კანცელარია, ადმინისტრაცია, ბანკი, იმპერატორ მარიას დაწესებულება თუ საბაჟო, მთავარია, ჯამაგირი ხუთი ათასი მანეთი ყოფილიყო და იმ სამინისტროდან წამოსულიყო, სადაც მისი დაფასება ვერ შეძლეს. და აი, ივან ილიჩის სწორედ ეს გამგზავრება დაგვირგვინდა სრულიად მოულოდნელი წარმატებით... კურსკში მატარებლის პირველი კლასის ვაგონში ამოვიდა მისი ნაცნობი ფ. ს. ილინი, რომელმაც გადასცა კურსკის გუბერნატორის მიერ მოსკოვიდან მიღებული ახალი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ დღე-დღეზე სამინისტროში დიდი ცვლილებები იწყებოდა – პეტრე ივანიჩის ადგილზე ივან სემიონოვიჩი გადაჰყავდათ. ამ სავარაუდო ცვლილებას, გარდა მთელი რუსეთისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ივან ილიჩისათვის ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს მისთვის მეტად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რადგან დაწინაურებული ორივე პიროვნება – პეტრე ივანოვიჩი და ზახარ ივანოვიჩიც მისი მეგობრები იყვნენ. როცა აღნიშნული ცნობა მოსკოვში დადასტურდა, ივან ილიჩმა პეტერბურგში ზახარ ივანოვიჩი მოინახულა, რომელიც დაბეჯითებით შეჰპირდა, რომ იუსტიციის თავის ყოფილ სამინისტროში ივან ილიჩი ადგილს აუცილებლად მიიღებდა. ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და ივან ილიჩმა სოფელში ასეთი შინაარსის დეპეშა გააგზავნა: «ზახარი მილერის ადგილას განწესებას მივიღებ პირველსავე საჯარო გამოცხადების შემდეგ». სამუშაო ადგილებზე იმ გადაადგილებების წყალობით ივან ილიჩი მალე, მართლაც, თავის ძველ სამინისტროში იმ თანამდებობაზე იქნა დანიშნული, რომლის გამოც თავის ძველ ამხანაგებთან შედარებით მთელი ორი საფეხურით დადგა. გარდა ხუთი ათასი მანეთი ჯამაგირისა, დაწინაურების კიდევ სამი ათასი მანეთი დაენიშნა და როგორც თავისი ძველი მეგობრების, ისე სამინისტროს მიმართ ყოველგვარი წყენა დაივიწყა, ისე, რომ ივან ილიჩი ახლა ძალიან ბედნიერი გახლდათ. სოფელში ისეთი მხიარული და კმაყოფილი დაბრუნდა, როგორიც დიდი ხანია აღარავის ენახა. გამხიარულდა პრასკოვია ფეოდოროვნაც და მალე მათ შორის დროებითი ზავი დამყარდა. ივან ილიჩი ცოლს დაწვრილებით მოუყვა, პეტერბურგში ყველანი როგორი პატივისცემით ექცეოდნენ, ხოლო ისინი, რომლებიც მისი მტრები ბრძანდებიან, პეტერბურგში ყველას ასე ძალიან რომ უყვარხართ, გვშურსო, როგორ ეპირფერებოდნენ. პრასკოვია ფეოდოროვნა უსმენდა და არაფერში ეწინააღმდეგებოდა – აქაოდა, ყველაფერი მჯერაო! თან ახალ გარემოში ცხოვრების დასაწყებად გეგმებს აწყობდა, ივან ილიჩიც გახარებული იყო, მისი და მისი ცოლის გეგმები ერთმანეთს რომ დაემთხვა, სჯეროდა, მისი წაბორძიკებული ცხოვრება ამიერიდან ძველებურად ისევ სასიამოვნო იქნებოდა. ვინაიდან ათ სექტემბერს უკვე თავის ახალ ადგილზე უნდა დაეწყო მუშაობა, ივან ილიჩი სოფელში მხოლოდ ცოტა ხნით ჩავიდა. გარდა ამისა, ახალ ადგილზე სახლის მოსაწყობად პროვინციიდან ავეჯის გადმოსატანად, უამრავი რაღაცის შესაკვეთად და საყიდლად დრო იყო საჭირო. ერთი სიტყვით, უნდოდა სახლი ისე გაელამაზებინა, ისე აეწყო ცხოვრება, როგორც გუნებაში ჰქონდა გადაწყვეტილი. კიდევ ისე, როგორც ამაზე პრასკოვია ფეოდოროვნა ოცნებობდა. ახლა, როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა ასე ზუსტად დაემთხვა მისი და ცოლის სურვილები, თან იმის გამოც, რომ დიდი ხანია ერთად არ ყოფილან, ისე შეთანხმებულად ცხოვრობდნენ, როგორც არასდროს, დაოჯახების პირველ წლებშიაც კი. ივან ილიჩს უნდოდა, ცოლ-შვილი ახლავე წაეყვანა იმ ახალ ადგილას, მაგრამ დისა და სიძის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, რომლებიც ივან ილიჩისა და მისი ოჯახის მიმართ უცებ განსაკუთრებულად მოსიყვარულე და ნათესაურები გახდნენ, მოხდა ისე, რომ ივან ილიჩი იქ მარტო გაემგზავრა. მთელი იმ დროის განმავლობაში ის მხიარული განწყობა, რომელიც სამსახურებრივი წარმატებისა და ცოლთან დამთბარი ურთიერთობების გამო დაეუფლა, არ ტოვებდა. მოიძებნა საუცხოო სახლი, ზუსტად ისეთი, როგორზეც ორივე ოცნებობდა – ცოლიც და თვითონაც. ფართო, მაღალჭერიანი მისაღები ოთახები, მყუდრო, უზარმაზარი კაბინეტი, ოთახები ცოლისა და ქალიშვილისათვის, საკლასო ოთახი გიმნაზიელი ბიჭუნასთვის, მოკლედ, ყველაფერი თითქოს მათთვის საგანგებოდ იყო ასე გამზადებული... ბინის მოწყობას ივან ილიჩმა თვითონ მოჰკიდა ხელი, არჩევდა შპალერებს, ყიდულობდა ავეჯს, განსაკუთრებულად ძველებურს – სახლს კომიფლურ იერს აძლევსო. ყიდულობდა ავეჯის ძვირფას გადასაკრავებს და ივსებოდა, ლამაზდებოდა ოთახები; თანდათან იმ იდეალის სახეს იღებდა, რომელიც მის წარმოსახვაში იყო და რა იდეალიც თავად შეიქმნა. ბინა ჯერ მხოლოდ სანახევროდ იყო მოწყობილი, რომ ოთახების სიმყუდროვემ და სასიამოვნო გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. იცოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, ბინა კიდევ უფრო კომიფლურ, დახვეწილ, მდიდრულ სახეს მიიღებდა. დასაძინებლად თვალებს რომ მილულავდა, წარმოიდგენდა, რა დიდებული იქნებოდა ზალა, წარმოიდგენდა მისაღებ ოთახს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ იყო დალაგებული, ბუხარს, ეტაჟერს, ირგვლივ მიმობნეულ სკამებს, კედლებზე დაკიდებულ ძვირფას თეფშებს, ლანგრებს, ბრინჯაოს ლამაზ ნაკეთობებს და უკვე თვალწინ ედგა, როგორი იქნებოდა აქაურობა, როცა ეს ყველაფერი თავ-თავის ადგილს დაიკავებდა. იმაზე ფიქრი ახარებდა, პაშასა და ლიზანკას, რომლებმაც ასევე კარგად იცოდნენ ამ ყველაფრის ფასი, როგორ გააოცებდა... ივან ილიჩი განსაკუთრებით იმით იყო კმაყოფილი, ეს ძველებური ნივთები, რომელიც ყველაფერს აკეთილშობილებდა, ასე იაფად რომ შეიძინა... სოფელში ოჯახის წევრებს, წერილებში ახალ სახლს, იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში იყო, განგებ ისე აუწერდა, თითქოს მაინცდამაინც დიდს არაფერს წარმოადგენდა, რათა შემდეგ გაეოცებინა ისინი. ამან ისე შეიქცია, ლამის თავისი ახალი სამსახურიც კი დაავიწყა... იჯდა ზოგჯერ კრებაზე თავჩაღუნული და იმაზე ფიქრობდა, ფარდებისთვის როგორი კარნიზები დაეყენებინა, ჩვეულებრივი თუ საგანგებოდ შერჩეული. სახლის მოწყობა-გალამაზებაში ისე იყო ჩართული, ავეჯს ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე თავისი ხელით გადააადგილებდა, თვითონ კიდებდა, თვითონ ცვლიდა ფარდებს – წვალობდა, თავს წუთითაც არ ზოგავდა. ერთხელაც ავეჯზე შალითების გადამკვრელისთვის რომ ეჩვენებინა, ფარდები ლამაზად როგორ დაეკიდა, ფეხი დაუსხლტა, კიბიდან ჩამოვარდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ძლიერი და მოქნილი იყო, თავი ადვილად შეიკავა და მხოლოდ გვერდი ჩამოჰკრა ფანჯრის სახელურს. ამის შემდეგ ცოტა ხანს იავადმყოფა, მაგრამ მალევე გამოკეთდა... მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ამ გარჯასა და წვალებაში იყო, ივან ილიჩი თავს ჯანმრთელად და ხალისიანად გრძნობდა. ასე მგონია, მთელი თხუთმეტი წლით გავახალგაზრდავდიო, – სწერდათ. ეგონა, სახლის საქმეებს სექტემბრამდე მორჩებოდა, თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სამუშაო ჯერ კიდევ საკმარისად იყო... ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა, რასაც მხოლოდ თვითონ კი არა, ვინც ნახავდა, ყველა აღნიშნავდა. სინამდვილეში მისი სახლიც ისეთი იყო, როგორიც ყველა არც ისე მდიდარი ადამიანის სახლია, ანუ იმათი, რომლებსაც ძალიან უნდათ მდიდრებს ჰგვანდნენ და ამიტომაც მათი სახლები ერთმანეთს ჰგავს – ავეჯის გადასაკრავი ძვირფასი აბრეშუმი, შავი ხის ავეჯი, ყვავილები, უძვირფასესი ფარდაგები, ბრინჯაო – ჩამუქებულიც და გაპრიალებულიც... ყველაფერი ის, რასაც ამ ტიპის ადამიანები აკეთებენ, აკეთებენ იმისთვის, რათა რაც შეიძლება ძალიან ჰგავდნენ ცნობილ ადამიანებს... ივან ილიჩის ეს ახალი სახლიც ისე ძალიან ჰგავდა იმ სახლებს, ყურადღების მიქცევადაც არ ღირდა. თუმცა თავად ილიჩს თავის სახლიც და ეს თავის ავეჯიც რაღაცით გამორჩეული, განსაკუთრებული ეგონა. როცა იგი ოჯახის წევრებს რკინიგზის სადგურში დახვდა, ხოლო იქიდან თავის განათებულ, მდიდრულად მოწყობილ სახლში მიიყვანა, როცა ყვავილებით მორთული კარი თეთრ ჰალსტუხში გამოწყობილმა ლაქიამ გაუღოთ, მერე კი ყველა სასტუმრო ოთახი და კაბინეტი დაათვალიერებინათ, კმაყოფილებისაგან ყველა ერთ სიცილსა და მხიარულებაში იყო, ივან ივანიჩს ყველა აქებდა და ადიდებდა და ისიც მათ ამ ქებას ისე ისრუტავდა, ისე იყო გახარებული, რომ პირდაპირ ბრწყინავდა. საღამოს, როცა პრასკოვია ფეოდოროვნამ ჰკითხა, კიბიდან როგორ ჩამოვარდიო, ივან ილიჩმა გაიცინა და ცოცხლად წარმოადგინა, კიბიდან როგორ გადმოფრინდა და ავეჯის გადამკვრელს გული როგორ გაუხეთქა. – ტყუილად როდი ვარ სპორტსმენი. სხვა ჩემ ადგილას, ალბათ, სულს გააცხებდა, – თქვა მან სიცილით, – მე კი მხოლოდ, აი, იმ სახელურს ჩამოვასკდი და გვერდი ვიტკინე. ხელს რომ დავიდებ, მართალია, ცოტა მტკივა, მაგრამ უკვე ნაკლებად, ეგ არის, ეს ადგილი ოდნავ გალურჯებულია. ასე დაიწყო მათი ცხოვრება ამ ახალ სახლში, რომელშიც, როგორც ყოველთვის, კარგად რომ გაისაცხოვრისეს, მხოლოდ ერთ ოთახს ნაკლულობდნენ. ახლანდელი შემოსავლიდან კი მხოლოდ სულ რაღაც ხუთასი მანეთი არ ჰყოფნიდათ, დანარჩენი კი ყველაფერი შესანიშნავად იყო. განსაკუთრებით თავიდან, როცა რაღაც-რაღაცებს ჯერ კიდევ ხელის წამოკვრა სჭირდებოდა, ზოგიერთი რამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელი იყო – რაღაც უნდა ეყიდათ, რაღაც შეეკეთებინათ, რაღაცისთვის ადგილი შეეცვალათ... მართალია, ცოლი და ქმარი ზოგიერთ რაღაცაზე ბოლომდე ვერ თანხმდებოდა, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ იმდენი ჰქონდათ, რომ ჩხუბისთვის არც ერთს ეცალა, არც მეორეს, რითაც ორივე კმაყოფილი გახლდათ. თუმცა საქმე როცა ბოლომდე მიიყვანეს, როცა გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა, ცხოვრება თითქოს მოსაწყენი გახდა, თითქოს რაღაც აკლდათ, მაგრამ, ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები, ახალ გარემოსთან შეჩვევა-შეგუება... და ცხოვრება თანდათან თავის კალაპოტში ჩადგა. ივან ილიჩი დილით სასამართლოში რომ წავიდოდა, სადილობისას უკვე სახლში იყო. პირველ ხანებში მშვენიერ გუნება-განწყობაზე ბრძანდებოდა, მართალია, სახლის საქმეების გამო წვალობდა, იღლებოდა კიდევაც, მაგრამ მხედველობიდან არაფერი რჩებოდა. ზოგჯერ სუფრასა ან რომელიმე ავეჯის აბრეშუმის ძვირფას გადასაკრავზე რაიმე პატარა ლაქაც რომ შეემჩნია, ანდა ფარდის ზონარს გაწყვეტილს დაინახავდა, ღიზიანდებოდა, გაპრიალებულ ავეჯზე თითოეული პატარა ნაკაწრიც კი ტკივილს ჰგვრიდა, ვინაიდან ამ ყველაფერში დიდი შრომა ჰქონდა ჩადებული... მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ცხოვრება ისე მიედინებოდა, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა – ლაღად, მსუბუქად, მართებულად... ადგებოდა დილით ცხრა საათზე, დალევდა ყავას, გაზეთს წაიკითხავდა, გამოეწყობოდა თავის ვიცმუნდირში, წავიდოდა სასამართლოში და იქ უკვე მოექცეოდა იმ მძიმე უღელქვეშ, რომელშიც მუშაობა უწევდა – მთხოვნელები, ცნობები კანცელარიიდან, თავად კანცელარია, კრებები – განმკარგულებელი თუ საჯარო და ამ ყველაფრიდან, უნდა შეძლებოდა, უნდა გამოერიცხა ის ნედლი და ცხოვრებისეული, რაც ყოველთვის ხელს უშლის სამსახურებრივი საქმეების სწორ წარმართვას, არ უნდა ჰქონოდა გარეშე პირებთან ურთიერთობა გარდა სამსახურებრივისა. მაგალითად, მოდის ადამიანი, ვისაც რაღაცის გაგება უნდა, მაგრამ, ვინაიდან ის ადამიანი კერძო პირია, ვერ დაეხმარება იმიტომ, რომ არ შეიძლება. სამაგიეროდ, ისეთი პირი თუა, ვინც სასამართლოს წევრია და ეს იმ ქაღალდზეა აღნიშნული, რომლის სათაურიც მთავრული ასოებით არის წარმოდგენილი, ამგვარი ვითარების ფარგლებში ივან ილიჩი აკეთებს ყველაფერს, რის გაკეთებაც შეიძლება. ამასთან ერთად იცავს მასთან გულითად, ადამიანურ დამოკიდებულებას, იცავს ზრდილობის წესებს. მაგრამ, როგორც კი დამთავრდება სამსახურებრივი ურთიერთობა, მთავრდება სხვა ყოველგვარი ურთიერთობაც – აქ ივან ილიჩს უკვე შეუძლია, ერთმანეთს შეუთავსოს სამსახურებრივი და პირადი. ამ უნარს ის უმაღლეს დონეზე ფლობს და ეს თავისი ხანგრძლივი პრაქტიკით და ნიჭით იმ დონემდე აქვს გამომუშავებული, რომ ზოგჯერ ნამდვილი ვირტუოზივით თავს უფლებას აძლევს, პირადი და სამსახურებრივი ერთმანეთისგან არ განაცალკევოს, ვინაიდან იცის, როცა დასჭირდება, სამსახურებრივი პირადულისგან განაცალკევოს, ამის ძალას ყოველთვის გრძნობს და ამას არა მხოლოდ ადვილად და სიამოვნებით აკეთებს, არამედ ვირტუოზულადაც... შუალედებში ეწევა, სვამს ჩაის, ცოტას პოლიტიკაზე საუბრობს, ცოტას ზოგად საკითხებზე, ცოტას ბანქოზე, ყველაზე მეტს განწესებაზე და ბოლოს დაღლილი, იმ ვირტოუზის განცდით, რომელმაც წარმატებით დაასრულა ორკესტრის პირველი ვიოლინოს ერთ-ერთი პარტია, წავა სახლში და შინ მისულს ცოლი და ქალიშვილი ან წვეულებაზე წასულები დახვდებიან ან მათთან ვიღაც არის სტუმრად... ვაჟიშვილი გიმნაზიაშია, რეპეტიტორებთან გაკვეთილებს ამზადებს და რასაც გიმნაზიაში ასწავლიან, ყველაფერს გულდასმით სწავლობს. მოკლედ ყველაფერი შესანიშნავადაა... სტუმრები თუ არ არიან, სადილის შემდეგ ივან ილიჩი ზოგჯერ წიგნს კითხულობს, განსაკუთრებით იმას, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ, საღამოს კი მიუჯდება საქმიან ქაღალდებს, კიდევ ერთხელ გადახედავს კანონებს, შეადარებს ჩვენებებს და მიუსადაგებს. ამ დროს ის არც მოწყენილია, არც მხიარული. თუ მოეწყინება, შეუძლია ვინტი ითამაშოს, მაგრამ, თუ ვინტი არა, ცოლის გვერდით ჯდომას მარტო ჯდომა ურჩევნია. ყველაზე მეტად პატარა წვეულებები უყვარს, რომელზეც მხოლოდ იმ ადამიანებს პატიჟებს, იმ კაცებს და იმ ქალბატონებს, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ადგილები უკავიათ და მათთან ისეთი დროსტარება უყვარს, რომელიც ისევე ჰგავს იმ ადამიანების დროსტარებას, როგორც მისი სასტუმრო ოთახი ჰგავს მათ სასტუმრო ოთახებს... ერთ საღამოს წვეულებაც ჰქონდა. იმ საღამოს ივან ილიჩი მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა. ყველაფერი ჩინებულად იყო, რომ არა ცოლთან ტორტისა და კანფეტების გამო ჩხუბი. ცოლს თავისი გეგმა ჰქონდა, ივან ილიჩი კი მოითხოვდა ტკბილეული იმ საკონდიტროში ეყიდათ, სადაც ყველაფერი ძვირი იყო, თან ტორტი რაც შეიძლება ბევრი უნდა ყოფილიყო. ჩხუბი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ კონდიტერმა ტორტში, რომელიც იმდენად ბევრი იყო, რომ ვერ შეჭამეს და დარჩა, ორმოცდახუთი მანეთი გამოართვათ. ჩხუბი ისე გამწვავდა, პრასკოვია ფეოდოროვნამ ქმარს – გულის გამაწყალებელო ჩერჩეტოო – ესეც კი უთხრა. ამაზე ივან ილიჩმა თავზე ხელი იტაცა და გაბრაზებულმა გაყრაზე რაღაც ახსენა... მიუხედავად ამისა, საღამომ მხიარულად ჩაიარა. იყო საუკეთესო საზოგადოება. ივან ილიჩმა თავადის ასულ ტრუფონოვასან, იმ ქალის დასთან იცეკვა, ვინც იმ ცნობილი საზოგადოების დამფუძნებელი გახლდათ, რომელსაც სახელად «წაიღე ჩემი სევდა ერქვა»... სამსახურებრივი წარმატებით გამოწვეული სიხარული ივან ილიჩს კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდიდა. სამსახურებრივი სიხარული თავმოყვარეობით გამოწვეული სიხარული იყო, საზოგადოებრივთან დაკავშირებული სიხარული – პატივმოყვარეობით. და მაინც, ყველაზე დიდ სიხარულს ივან ილიჩი ვინტის თამაშის დროს განიცდიდა. ისიც კი აღიარა, ყველა იმ ვითარებაში, რა ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო მის ბედნიერებას მოკლებულ ცხოვრებაში, სიხარულს, რომელიც ყოველივე ამის წინ სანთელივით ენთო, ვინტის თამაში ჰგვრიდა, ოღონდ, მყვირალა პარტნიორებთან კი არა, კარგ მოთამაშეებთან, თან აუცილებლად მეოთხე უნდა ყოფილიყო (მეხუთეობა არ უყვარდა, ცუდად გამომდისო, თუმცა თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ძალიანაც უყვარდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო), თამაშს ჭკვიანურად, სერიოზულად მოჰკიდებოდა (ეს მაშინ, როცა კარგი კარტი მოუვიდოდა), მერე ვახშმად ერთი ჭიქა ღვინო დაელია, დაწოლილიყო და გემრიელად დაეძინა, განსაკუთრებით ცოტა ფულიც თუ ექნებოდა მოგებული (ბევრი არა, არ ვარგა). ასეთ დროს ივან ილიჩი ყოველთვის შესანიშნავ გუნებაზე იძინებდა... აი ასე ცხოვრობდნენ ისინი. მათ ირგვლივ საუკეთესო საზოგადოება იკრიბებოდა, იყვნენ როგორც ცნობილი, ასაკოვანი ადამიანები, ისე ახალგაზრდები. ნაცნობი მამაკაცების წრეზე ივან ილიჩის ცოლიცა და ქალიშვილიც ერთი აზრისანი იყვნენ, სამაგიეროდ, ყოველგვარი ურთიერთშეთანხმების გარეშე, გვერდზე სწევდნენ, თავიდან იშორებდნენ იმ ნათესავებსა და ნაცნობებს, ანუ იმ თხუპნიებს, რომლებიც შემოლაგდებოდნენ მოულოდნელად ტკბილი, დათაფლული ლაპარაკ-ლაპარაკით მდიდრულად მოწყობილ, კედლებზე ძვირფასი იაპონური თეფშებით გალამაზებულ სასტუმრო ოთახში, მაგრამ მალე ის ფეთხუმი ნათესავ-მეგობრები ისე მოიცილეს თავიდან, ისე გათავისუფლდნენ მათგან, რომ მათი ხსენებაც აღარ იყო. გოლოვინების გვერდით ახლა მხოლოდ საუკეთესო საზოგადოება ტრიალებდა. ახალგაზრდა ვაჟები ლიზას ეარშიყებოდნენ, ლიზას ეარშიყებოდა პეტრიშევიც – დიმიტრი ივანოვიჩ პეტრიშევის ვაჟი და მისი ერთადერთი მემკვიდრე, რის გამოც ივან ილიჩმა პრასკოვია ფეოდოროვნას ისიც კი უთხრა, ტროიკით ხომ არ გავისეირნოთ, საღამო ხომ არ გავმართოთო... ასე ცხოვრობდნენ, ასე მიედინებოდა მათი ცხოვრება ყოველგვარი ცვლილებისა და სიახლის გარეშე. --------------------------------------------------------- 4 ოჯახში ყველა ჯანმრთელი, ყველა საღსალამათი იყო. ის, რომ ზოგჯერ ივან ილიჩი ამბობდა, პირში უცნაური გემო მაქვს, მარცხენა მხარეს მუცელში რაღაც უსიამოვნებას ვგრძნობო, არ შეიძლებოდა ამისთვის ჯერჯერობით ავადმყოფობა გეწოდებინა. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ამ უსიამოვნო შეგრძნებამ თანდათან იმატა, მართალია, ტკივილი ჯერ არ დასწყებოდა, მაგრამ იყო სიმძიმის შეგრძნება, იყო უგუნებობა, რაც დღითი დღე სულ უფრო საგრძნობი ხდებოდა. ივან ილიჩის ამ მდგომარეობამ გოლოვინების ოჯახის ბედნიერ ცხოვრებას ნირი უცვალა. ცოლ-ქმარი ახლა უფრო ხშირად ჩხუბობდა, მათ შორის ჩამოვარდნილი სიმშვიდე ნელ-ნელა გაქრა, ერთმანეთთან უკვე ზრდილობიანი დამოკიდებულებაც კი უჭირდათ. გახშირდა სცენები, დარჩა მხოლოდ ის პატარა, მცირეოდენი კუნძულები, რომელზეც შეეძლო ცოლსა და ქმარს ერთმანეთს ჩხუბის გარეშე შეხვედროდნენ. პრასკოვია ფეოდოროვნას ყველაფრის გაზვიადება უყვარდა, ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩემს ქმარს მძიმე ხასიათი აქვსო. მე რომ კარგი ხასიათი არ მქონდეს, ოცი წელიწადი ამას როგორ გავუძლებდიო. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩხუბს ახლა ყოველთვის, მართლაც, ქმარი იწყებდა. წვნიანის ჭამას დაიწყებდა თუ არა, ხან იმაზე მოსდებდა შარს, ჭურჭელი დაზიანებულიაო, ხან საჭმელი ვერ იყო ისეთი, ხან ის არ მოსწონდა, ბიჭი მაგიდასთან იდაყვდაყრდნობილი რატომ იჯდა. ხან თვალში ქალიშვილის თმის ვარცხნილობა არ მოსდიოდა და მისთვის რომ გეკითხათ, ეს ყველაფერი პრასკოვია ფეოდოროვნას ბრალი იყო. თავიდან ცოლი ეკამათებოდა, უამრავ საწყენ სიტყვას ეუბნებოდა, მაგრამ, ერთი-ორჯერ ჭამის დაწყებისას ივან ილიჩი ისე გაცოფდა, იფიქრა, მის ამ ავადმყოფურ მდგომარეობას, ალბათ საჭმელი იწვევსო და დამშვიდდა, კამათით აღარ ეკამათებოდა, მაგრამ, ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჭამა. ქმრისადმი ამ მორჩილებას პრასკოვია ფეოდოროვნა თავის დიდ დამსახურებად თვლიდა. დარწმუნებული იყო, ქმარმა თავისი ცუდი ხასიათით ცხოვრება გაუუბედურა, რის გამოც საკუთარი თავი ეცოდებოდა და ქმარი მით უფრო მეტად სძულდა, ის კი არა, ზოგჯერ მისი სიკვდილიც კი უნდოდა, მაგრამ ხელფასს ვინღა მოიტანსო, – გაიფიქრებდა შეშინებული და იმის გამო, რომ მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა სიკვდილსაც არ შეეძლო, თავი ყველაზე უბედურ ქალად მიაჩნდა, ამიტომ კიდევ უფრო ღიზიანდებოდა, მაგრამ მალავდა თავის ამ გაღიზიანებას და ეს ძალიან ცუდ გუნებაზე აყენებდა. ერთ-ერთი იმ სცენის შემდეგ, როცა ივან ილიჩი მის მიმართ განსაკუთრებულად უსამართლო გახლდათ, აუხსნა, რომ ეს მხოლოდ მისი ავადმყოფობის ბრალი იყო. ამაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ, ავად თუ ხარ, უნდა იმკურნალოო და სთხოვა, სამკურნალოდ რომელიმე ცნობილ ექიმთან წასულიყო. მართლაც, წავიდა ივან ილიჩი. ყველაფერი ისე იყო, როგორც ელოდა და როგორც ყოველთვის ხდება. ლოდინიც, ექიმის მოჩვენებითი თავდაჯერებულობაც (რაც მისთვის ძალიან ნაცნობი იყო, ვინაიდან თვითონაც ასე იქცეოდა სასამართლოში), მოსმენებიც, წინასწარ მომზადებული შეკითხვებიც, რომლებიც პასუხს არ საჭიროებდა, ექიმის ზემოქმედების მომხდენი შესახედაობაც, რომელსაც უნდა შთაეგონებინა, თქვენ მხოლოდ დაგვავალეთ და ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ, ვინაიდან კარგად ვიცით, ყველა ავადმყოფს ერთი წესით, ერთი მანერით როგორ ვუმკურნალოთო... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც სასამართლოში, ის ცნობილი ექიმიც ისე იქცეოდა, თავი ისე ეჭირა, როგორც თვითონ განსასჯელების წინაშე. ექიმმა – «ესა და ეს მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმში ასე და ასეა, მაგრამ ამის და ამის გამოკვლევის შემდეგ, თუ ეს არ დადასტურდა, მაშინ თქვენ შემთხვევაში მოგვიწევს ვივარაუდოთ ესა და ეს. ხოლო თუ ამას და ამას ვივარაუდებთ, მაშინ...» ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ივან ილიჩს კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, იყო თუ არა ან რამდენად იყო საშიში მისი მდგომარეობა? თუმცა მის ამ უადგილო კითხვებს ექიმი ყურს უკან უშვებდა. ვინაიდან მისი შეხედულებით, ეს კითხვა უაზრო იყო და განსჯას არ ექვემდებარებოდა... არსებობდა მხოლოდ აწონ-დაწონის, განხილვის ალბათობა – იყო ეს ბრმა ნაწლავი, ქრონიკული კატარი თუ ცდომილი თირკმელი... ივან ილიჩის სიცოცხლის საკითხი ექიმს ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია, კამათი მხოლოდ ცდომილ თირკმელს და ბრმა ნაწლავს, ანუ იმას შეეხებოდა, ტკივილის მიზეზი აქედან რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო – თირკმელი თუ ბრმა ნაწლავი. ეს საკითხი ექიმმა ივან ილიჩისავე თვალწინ ბრწყინვალედ გადაჭრა ბრმა ნაწლავის სასარგებლოდ, თუმცა თან დასძინა, შარდის ანალიზმა შეიძლება ახალი მამხილებელი ნიშნები გამოავლინოს, ამიტომაც საქმე მაშინ თავიდან იქნება გადასახედიო და სათვალის ზემოდან გამარჯვებულმა ზუსტად ისე გადმოხედა, როგორც განსასჯელის წინაშე თვითონ ივან ილიჩი ათასჯერ მაინც მოქცეულა... მთავარი მაინც ის იყო, ექიმის ამ დასკვნის მიხედვით, ივან ილიჩი მიხვდა, რომ მისი საქმე ცუდადაა და მაშინ როცა ის ასე ცუდად არის, ექიმისთვის და საერთოდ სხვა ყველასათვისაც ეს სულერთია... ამან ივან ილიჩს გული ატკინა, გააოცა, ექიმის ამგვარი გულგრილობის გამო ბრაზმა და გულისწყრომამ მოიცვა, საკუთარი თავი შეეცოდა. წამოდგა, ექიმს ფული მაგიდაზე დაუდო, ამოიოხრა და ეუბნება: – ჩვენ, ავადმყოფები ალბათ ხშირად ვიძლევით უადგილო შეკითხვებს. მიუხედავად ამისა, მაინც გეკითხებით, არის თუ არა საშიში ჩემი ავადმყოფობა? ექიმმა სათვალიდან ცალი თვალით ისე მკაცრად გადმოხედა, თითქოს ეუბნებოდა – განსასჯელო, თუ თქვენ ჩემ მიერ დასმული კითხვების საზღვრებიდან გამოხვალთ, იძულებული ვიქნები, განკარგულება გავცე, რათა კრებიდან გაგაძევონო და ბოლოს უთხრა: – მე უკვე გითხარით, რაც საჭიროდ ჩავთვალე, დანარჩენს გამოკვლევა გვიჩვენებს, – თქვა და გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა. ივან ილიჩი ოთახიდან ნელა გავიდა, მარხილში უხალისოდ ჩაჯდა და შინისკენ გასწია. მთელი გზა ექიმის ნათქვამ თითოეულ სიტყვას იხსენებდა, ცდილობდა, ის გაუგებარი სამეცნიერო სიტყვები ადამიანურ ენაზე ეთარგმნა და – მართლა, ძალიან ცუდად ვარ თუ ჯერ კიდევ არამიშავსო, – ამოეკითხა თავისი ამ კითხვის პასუხი. ყველაფერი, რაც ექიმმა თქვა, იმაზე მიანიშნებს, რომ საქმე ძალიან ცუდად არისო – გაიფიქრა გუნებაში... ქუჩაში ყველაფერი სევდიანი ეჩვენა, მეეტლეები სევდიანები იყვნენ, სევდიანი იყო სახლები, გამვლელ-გამომვლელები, სევდიანი იყო ჯიხურები. ეგონა, ამ ყრუ, მოუშუშებელმა ტკივილმა ექიმის გაუგებარი სიტყვების, მისი ბუნდოვანი ლაპარაკის შემდეგ გაცილებით სეროზული სახე მიიღო და საკუთარ ტკივილს ახლა კიდევ უფრო გულდამძიმებული უსმენდა. სახლში რომ მივიდა, ცოლს ამ ყველაფრის მოყოლა დაუწყო, მაგრამ შუა მოყოლაში რომ იყო, შლაპაში გამოპრანჭული მისი ქალიშვილი შემოვიდა (დედაც და შვილიც, ეტყობა, სადღაც აპირებდნენ წასვლას), ჩამოჯდა, მამას ცოტა ხანს უსმინა, მოსაწყენი ამბის მოსმენას დიდხანს ვერ გაუძლო და გავიდა. ბოლომდე არ მოუსმენია არც დედამისს. – ახლა ძალიან გახარებული ვარ. აბა, შენ იცი, დროზე მიიღე წამლები... აი ეგ რეცეპტი კი მომეცი, ახლავე გერასიმს აფთიაქში გავგზავნი, – უთხრა და ისიც ტანსაცმლის გამოსაცვლელად ოთახიდან გავიდა. ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვნა მასთან ოთახში იყო, ივან ილიჩს სუნთქვა ეკვროდა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა თავისუფლად, როცა ის ოთახიდან გავიდა და – ვნახოთ, იქნებ არც ისე ცუდად არის საქმეო, – თქვა ხმამაღლა. წამლები დალია, შარდის გამოკვლევის შემდეგ ექიმის მიერ შეცვლილი დანიშნულებები ბეჯითად შეასრულა. თუმცა, როგორც ამ გამოკვლევაში და იმაშიც, რაც ამ გამოკვლევას უნდა მოჰყოლოდა, რაღაც გაუგებრობა მოხდა და იმის გამო, რომ ექიმს ან დაავიწყდა გაფრთხილება, ან დაუმალა რაღაც, იძულებული იყო ისე მოქცეულიყო, როგორც ამას ექიმი გამოკვლევამდე მოითხოვდა. ხოლო ექიმთან რომ შესულიყო და რჩევა ეკითხა, მასთან შეღწევა თითქმის შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ივან ილიჩი მაინც ზუსტად ასრულებდა ექიმის ამ დანიშნულებას და ამან პირველ ხანებში თითქოს ცოტა შვება მისცა. მას შემდეგ, რაც ექიმმა მასთან სიარული დაიწყო, ივან ილიჩის მთავარი საქმე და საზრუნავი პირადი ჰიგიენა და ექიმის გამოწერილი წამლების ზუსტი მიღება იყო. ამასთან ერთად უნდა დაკვირვებოდა, როგორ მოქმედებდა ტკივილი მთელ მის ორგანიზმზე. ახლა ივან ილიჩი უმეტესად ადამიანის ჯანმრთელობით, ადამიანების ავადმყოფობების გამომწვევი მიზეზებით იყო დაინტერესებული. როცა მისი თანდასწრებით ავადმყოფობაზე, სიკვდილზე, ადამიანის განკურნებაზე ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით იმ ავადმყოფობაზე, რა ავადმყოფობაც თავად სჭირდა... მოსმენით ყველას უსმენდა, ყველას ყველაფერს ეკითხებოდა, თავის განცდებს კი მალავდა – ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა დაემალა. მართალია, ტკივილი არ იკლებდა, მაგრამ ივან ილიჩს უნდოდა შთაეგონებინა საკუთარი თავი, არა, კარგად ვარო და თუ ვინმე ან რაიმე არ გააღიზიანებდა, ახერხებდა კიდევაც თავის მოტყუებას. თუმცა, როგორც კი ცოლთან უსიამოვნება მოუხდებოდა, სამსახურში საქმე ისე არ გამოუვიდოდა, როგორც სურდა, ან ბანქოს თამაშისას ცუდი კარტი აღმოაჩნდებოდა, ტკივილს და ავადმყოფობას მაშინ მთელი ძალით გრძნობდა. ზოგჯერ მოერეოდა მთელ ამ უსიამოვნო განცდებს – მანამდე ვიბრძოლებ, მანამდე დაველოდები, ვიდრე ამ ტკივილზე, ამ ავადმყოფობაზე არ გავიმარჯვებ, ვიდრე დიდ შლემს არ დავიმსახურებო. მაგრამ, ყოველი მარცხი ახლა წელში ტეხდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა – «ეს-ესაა გამოჯანმრთელების გზას დავადექი, წამლებმა მოქმედება დაიწყო და აი, ისევ ეს წყეული ტკივილები, რომელიც ასე მანადგურებს», – ეუბნებოდა თავის თავს... ბრაზობდა თავის ავადმყოფობაზე, ბრაზობდა ადამიანებზე, რომლებიც მომაკვდინებელ უსიამოვნებას აყენებდნენ და გრძნობდა, როგორ ანადგურებდა ეს ბრაზი, თუმცა თავის შეკავება არ შეეძლო, მაშინ, როცა მისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, ძალას როგორ მატებდა მის ავადმყოფობას ეს ბრაზი, ეს გაღიზიანება ადამიანებსა თუ გარემოზე. საჭირო იყო, ყურს იქით გაეშვა, თვალი აერიდებინა ამ უსიამოვნებებისათვის, მაშინ, როცა ამის საწინააღმდეგოდ იქცეოდა... მართალია, ამბობდა, ჩემთვის სიმშვიდეა საჭიროო, ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა, მაგრამ თუ რამ სიმშვიდეს დაურღვევდა, მაინც ბრაზობდა, მაინც ღიზიანდებოდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ წიგნებს მედიცინაზე ინტერესით კითხულობდა და სრულიად უმნიშვნელოზეც კი რჩევას ექიმს ეკითხებოდა... ავადმყოფობა ისე თანაზომიერად, ისე თანმიმდევრულად უარესდებოდა, დღევანდელ მდგომარეობას გუშინდელს რომ შეადარებდა, განსხვავება იმდენად მცირე იყო, შეეძლო თავიც კი მოეტყუებინა, მაგრამ დაელაპარაკებოდა ექიმს და მისთვის უკვე აშკარა იყო, რომ მდგომარეობა არათუ უმჯობესდებოდა, არამედ პირიქით, უარესდებოდა, თანაც ძალიან სწრაფად. მიუხედავად ამისა, ექიმს მაინც გამუდმებით აკითხავდა, რჩევას ეკითხებოდა. ამ თვეში უკვე მეორე ცნობილ ექიმთანაც იყო და იმ მეორე ცნობილმა ექიმმაც თითქმის იგივე უთხრა, რაც პირველმა, თუმცა ძალიან განსხვავებულად. კითხვებიც ისეთი დაუსვა, რამაც ეჭვი და შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა... ამის შემდეგ კიდევ ერთ ძალიან კარგ ექიმს, თავისი მეგობრის მეგობარს მიაკითხა, რომელმაც სრულიად სხვაგვარად წარმოადგინა მისი ავადმყოფობა და შეჰპირდა, რომ დაუბრუნებდა ჯანმრთელობას, თუმცა თავისი კითხვებით და ვარაუდით კიდევ უფრო დააბნია და დააეჭვა.. იყო ჰომეოპატიც, ვინც ძალიან განსხვავებულად ახსნა მისი ავადმყოფობა და წამლებიც გადასცა, რომელსაც ივან ილიჩი ფარულად სვამდა, მაგრამ ერთმა კვირამ რომ გაიარა და შვება იოტისოდენადაც ვერ იგრძნო, რწმენა, როგორც ამ ჰომეოპატის, ისე იმ ორი ექიმისაც სრულიად დაკარგა და გული კიდევ უფრო დაუმძიმდა... ერთხელ ერთი მანდილოსანი მოუყვა, ხატებმა ავადმყოფი როგორ განკურნეს. ივან ილიჩი იმ ქალს დიდი ყურადღებით უსმენდა და ის, რომ მისი მონაყოლი დაიჯერა, ნუთუ ასე გამოვშტერდიო?! – შეშინებულმა გაიფიქრა... «სისულელეა, არ შეიძლება, არ უნდა ავყვე ეჭვებს, ერთ ექიმს რომ ავირჩევ, რასაც დამინიშნავს, რასაც მირჩევს, უნდა დავემორჩილო... ამიერიდან ასედაც მოვიქცევი, ცუდზე აღარაფერზე ვიფიქრებ. გაზაფხულამდე ბეჯითად ვიმკურნალებ, მერე კი ვნახოთ!..» ამის თქმა ადვილი იყო, ხოლო შესრულება თითქმის შეუძლებელი. ტკივილი სულ უფრო მატულობდა, პირში ისეთი უცნაური გემო ჰქონდა, ასე ეგონა, იქიდან რაღაც საშინელება მოდიოდა. ამის გამო მადა სრულიად დაკარგა და თანდათან დასუსტდა. თავის მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა – აშკარა იყო, რაღაც უფრო საშინელი, ახალი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ორგანიზმში და ეს მხოლოდ მან – ივან ილიჩმა იცოდა. მის ცოლ-შვილს არ ესმოდა მისი, ასე ეგონათ, ყველაფერი ისევ ძველებურად იყო, ეს კი გულს ყველაზე მეტად სტკენდა. შინაურებს, განსაკუთრებით ცოლს და ქალიშვილს, რომლებსაც სახლში თითქმის ვერ ხედავდა, არათუ არ გაეგებოდათ მისი მდგომარეობა, სწყინდათ, ასეთი მოწყენილი, ასეთი მომთხოვნი რატომ იყო. მართალია, ხმამაღლა არ ამბობდნენ, მაგრამ, ივან ილიჩი გრძნობდა, რომ ხელს უშლიდა მათ... ცოლმა მისი ავადმყოფობის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოიმუშავა და იმის მიუხედავად, ქმარი რას ამბობდა, ან რას აკეთებდა, ჯიუტად იდგა თავისაზე. – იცით, – ეუბნებოდა პრასკოვია ფეოდოროვნა ნაცნობებს, – ივან ილიჩს არ შეუძლია ისევე ზუსტად დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა, როგორც ყველა წესიერი ადამიანი უნდა იცავდეს, – დღეს დალევს წვეთებს, ჭამს იმას, რასაც ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა ჭამდეს, იძინებს დროზე, ხოლო მეორე დღეს, თვალი მე თუ არ მივადევნე, წამლის დალევაც ავიწყდება, ზუთხსაც კარგად მიირთმევს და ღამის პირველ საათამდე ბანქოსაც არხეინად უზის. – არა, აბა, როდის?! ეს ხომ მხოლოდ ერთხელ იყო, ისიც პეტრე ივანოვიჩთან, – იტყოდა ივან ილიჩი ნაწყენი. – გუშინ? გუშინ შებეკთან როგორღა მოიქეცი? – რა უნდა მექნა, სულერთია, მაინც ვერ დავიძინებდი ტკივილისგან. – რაც უნდა ყოფილიყო და რისგანაც უნდა ყოფილიყო, ასე ვერ გამოჯანმრთელდები და ამით ჩვენც გვტანჯავ და გვაწამებ... როგორც სხვების, ისე თვითონ ივან ილიჩის გამონათქვამების მიხედვით, პრასკოვია ფეოდოროვნას დამოკიდებულება ქმრის ავადმყოფობის მიმართ გარეგნულად ასეთი იყო: «საკუთარ ავადმყოფობაში ივან ილიჩი თვითონ არის დამნაშავე, ხოლო ეს ავადმყოფობა ჩემ მიმართ მოყენებული ერთი დიდი უსიამოვნებაა...» ივან ილიჩი გრძნობდა, პრასკოვია ფეოდოროვნას ეს მისდაუნებურად გამოსდიოდა, მაგრამ მას ეს სულაც არ ამშვიდებდა. ამჩნევდა, ან შეიძლება ფიქრობდა, რომ მის მიმართ სასამართლოშიც ზუსტად ასეთი უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ. ეგონა, ისე მიყურებენ, როგორც იმ ადამიანს, ვინც სამსახურში ადგილს მათთვის მალე გაათავისუფლებს... მისი ამ ეჭვიანობის გამო ამხანაგები უცებ მეგობრულად დაუწყებდნენ ხუმრობას, თითქოს ის რაღაც შემაძრწუნებელი, შიშის მომგვრელი და გაუგონარი, მის სხეულში რომ ჩაიბუდა, სისხლს სწოვს და სადღაც მიაქანებს, ყველაზე საინტერესო სახუმარო საგანი ყოფილიყოს. მოვიდოდნენ ამხანაგები ბანქოს სათამაშოდ, მოთელავდნენ უხმარ, გატკიცინებულ კარტს, გაჭრიდნენ, აურევდნენ, ერთმანეთის მიყოლებით დაალაგებდნენ შვიდივე აგურს. უკოზიროდ, – იტყოდა პარტნიორი და დააფარებდა ხელს ტუზს... რა იყო კიდევ? იყო ის, რომ მხნეს და მხიარულს უნდოდა დიდი შლემი მოეგო... მაგრამ ფერდში უცებ იმ სისხლისმწოველ ტკივილს იგრძნობდა, იგრძნობდა პირში იმ უსიამოვნო გემოს და ის, რომ შეიძლებოდა ახლა შლემს გაეხარებინა, უცნაურად მოეჩვენებოდა. უყურებდა მიხაილ მიხაილოვიჩს, პარტნიორს, უყურებდა, როგორ ურტყამდა სანგვინიკურ ხელს მაგიდას, როგორ იკავებდა თავს, კარტს არ ჭრიდა და ივან ილიჩს კარტების მოგროვებით სიამოვნება რომ მიენიჭებინა, ხელი შორს არ გაეწოდებინა და არ შეწუხებულიყო, კარტებს მიუცურებდა... «ნუთუ ჰგონია, ისე დავძაბუნდი, ხელის გაწოდებაც აღარ შემიძლიაო», – გაიფიქრებდა ივან ილიჩი, კოზირის აღება დაავიწყდებოდა, თავის თულფს კიდევ ერთხელ ზედმეტად ჩამოვიდოდა და წააგებდა შლემს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, ხედავდა, ამ წაგების გამო, როგორ იტანჯებოდა მიხაილ მიხაილოვიჩი, მაშინ როცა მისთვის ყველაფერი სულერთი გახლდათ, თუმცა მეტად მტკივნეული იყო ფიქრი იმაზე, თუ რატომ იყო მისთვის ყველაფერი ასე სულერთი. ხედავენ, ცუდად არის და – თუ დაიღალეთ, შეგვიძლია შევწყვიტოთ თამაში, დაისვენეთო, – ეუბნებიან... «დაისვენოს? არა, რატომ?! არ არის დაღლილი! ამ ხელს სხვებთან ერთად უსათუოდ ჩაამთავრებს...» ყველა მოღუშულია, ხმას არავინ იღებს. ივან ილიჩი გრძნობს, რომ ასეთი მოწყენილები მის გამო არიან, მაგრამ მათ დასამშვიდებლად არაფერი შეუძლია. სტუმრები ივახშმებენ და წავლენ, თვითონ კი დარჩება აქ მარტო, დარჩება იმ განცდით, რომ ცხოვრება არა მარტო მისთვის იქცა საწამლავად, არამედ სხვებსაც უწამლავს სიცოცხლეს და რომ ის საწამლავი არათუ იკლებს, არამედ სულ უფრო მეტად და მეტად წამლავს მის ორგანიზმს. ამ განცდით, ამ ფიზიკური ტკივილით, დაწვება ახლა დასაძინებლად და მთელ ღამეს თეთრად გაათენებს. დილით ისევ ადგება, გამოეწყობა, წავა სასამართლოში და ჩაერთვება ისევ თავის საქმეში – დაწერს, ილაპარაკებს... თუ არ წავა, მთელი ოცდაოთხი საათი სახლში თუ იჯდება, ყოველ წუთს და საათს წამებაში გაატარებს... იქნება ასე მარტოდმარტო, სასიკვდილოდ განწირული, გვერდით ერთი ადამიანიც არ ეყოლება, ვინც გაუგებს და ვისაც შეეცოდება. გაგრძელება →…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 3:00pm on დეკემბერი 24, 2018
თემა: შემოსვლა
ესწრო ამ დღეს. მგონი სიმბოლურია, რომ ვაჟა თბილისში გარდაიცვალა, იმიტომ რომ ახლოს იყო ამ ქალაქთან და შეეძლო, მისი ნამდვილი მოქალაქე ყოფილიყო.    ასეთი კაცი იყო, რომ იოლად ერწყმოდა ამ ქალაქს. ბოლოს გაზაფხულზე ჩამოვიდა. სანდროს შეხვდა ქუჩაში, მისი სახლისკენ მიმავალი, ნაბადში გამოხვეული და მთელი ზამთარი ავადა ვარო, უთხრა, მამცივნებს და ახლაც ავადა ვარო, მაგრამ უნდა ჩამოვსულიყავიო. სანდროსთანვე ჩავარდა ლოგინად, ძმის სახლში. ექიმი არ დაჰკლებია. ივანე გომართელი სულ თავზე ადგა.    ომის დრო იყო. სახლშივე, სანდროსთან გაუკეთეს პატარა ოპერაცია, გამოუღეს სითხე გომართელმა და მუხაძემ. თანდათან თითქოს მომჯობინდა, მაგრამ სუსტად იყო ძალიან და ფშავისკენ იწევდა, მაგრამ მარტო არ შეეძლო, ჯანი არ ჰქონდა.    მერე ერთხელ უთხრა სანდროს, უკვე საავადმყოფოში ყოფნისას, რა იქნებ, ერთი ავტომობილი ვიქირაოთ და წამიყვანო სადმე მთაშიო. ექიმებიც ამბობდნენ, კურორტი უნდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაადგილება უკვე ძალიან სახიფათო იყო. სახლში რომ ვერ მოიკეთა, გადაიყვანეს მერე წმინდა ნინოს ლაზარეთში, დღევანდელი თბილისის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მესამე სართულზე, მარცხენა მხარეს და იქ ჰყავდათ უკვე უშუალო საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ. დრო იყო მძიმე, ბევრი დაჭრილი ჰყავდათ ფრონტებიდან მოყვანილი.   მაგრამ ეს არ იყო მთავარი. იყო აუტანელი სიცხეები თბილისში, განსაკუთრებით ივნის-ივლისში და ვერაფრით ეგუებოდა ამ სიცხეს, წყალსაც რომ სვამდა, ამბობდა, რა წყალია ესაო, არ იყო მიჩვეული ასეთი წყლის სმას და ერთხელ ვერაზე მოსკოვის ქუჩიდან ავიდნენ მაღლა, იქ მაშინ რაღაც წყარო ყოფილიყო და მოუტანეს ბიდონებით წყალი სანდრომ და შიო მღვიმელმა და გახარებული იყო, ძლივს წყალი დავლიეო! არაფერი არ აკლდა და საზამთროს ჭამდა ერთადერთი, ყოველდღე მოჰქონდათ საზამთრო და ერთი სოლოლაკელი მოვაჭრე, სესიაშვილი, ყოველდღე უგზავნიდა წითელ ღვინოს და ამ წითელ ღვინოზე, როცა ხასიათი მოსდევდა, ხუმრობებს ააწყობდა, როგორც იცოდა ხოლმე. ყველა მომსვლელი სვამდა ხოლმე ამ ღვინოს. ასეთი ლაღი ქართველური ვითარება იყო: კაცი აქეთ გადადებული იყო და მაინც რაღაც მხიარულება სუფევდა გარშემო, უამრავი მნახველი ჰყავდა. მოწყალების და, ანიკო კობიაშვილი უვლიდა და იტყოდა ხოლმე ხითხითით, ანიკო კი წეეპარება საღამოობით ამ წითელას ნელ-ნელაო.    უნდოდა გასვლა, სიცხე აგიჟებდა. მეორე კონსილიუმმა აჩვენა, რომ ძალიან მძიმედ იყო და დაადგინეს, წაიყვანონ აგარაკზე. აი, ეს რომ დაადგინეს და ორი დღის თავზე გარდაიცვალა. დილით უთხრა ანიკოს: მიკვირსო, რომ დღესაც ცოცხალი ვარო, საღამომდე ვერ გავატანო და ასეც მოხდა.    სანდრო შანშიაშვილი რომ მივიდა მანამდე, მიხვდა, აქეთ ვეღარ მობრუნდებაო. ძალიან გამხდარი იყო და იკლებდა წონაში. ფოტოებს უღებდნენ და სანდრომ უთხრა, მხატვარს მოვიყვან და დაგხატავს და აი, მერე ნახავო, კარგად რო გახდები, როგორი გამხდარი ყოფილხარო, მოტყუება უნდოდა. სინამდვილეში კიდევ, მინდოდა, რომ სიკვდილის წინა სურათი მქონოდაო.    ვაჟა-ფშაველა მოსე თოიძეს ჰყავდა დახატული ერთი და მორჩა. ჰოდა, მოვიდა სიდამონ-ერისთავი და ხატავდა მთელი დღე მომაკვდავს, შანშიაშვილს უთხრა ერთი კარგი ფრაზა: მიხარია, ვეფხო, რო არ დაგავიწყდიო. ყველაფერს აქცევდნენ ყურადღებას. ხომ იცით, როგორ არის ხოლმე, როცა ადამიანი მიდის იმქვეყნად, ყველაფერს უკვირდებიან. სანდროს ახსოვს, რომ ერთ საღამოს ლაპარაკი დაიწყო. ამბობდა სრულიად მიუღებელ ფრაზებს და ისე შემეშინდაო, ამას ავადმყოფსაც არ პატიობდნენ იმ დროშიო. ლაპარაკობდა რაღაცას სრულიად თამამს და თავზე ხელაღებულს არსებული რეჟიმის და მეფის წინააღმდეგ, იქ ასეთი ფრაზებიც იყო, რო ტახტი გადმოვარდაო და მერე მითხრა, გამოვფხიზლდი ეხლაო, ბოდიშიო, როგორცა ჩანს, ვბოდავდიო.    გარდაიცვალა საღამოს პირზე, ქაშუეთიდან გამოასვენეს და ივანე გომართელმა თქვა პირველი გამოსათხოვარი სიტყვაც, დაასვენეს მერე დიდუბეში, ოჯახი ჩამოიყვანეს. აი, მაინც უცნაური კაცი იყო, მარტო გარდაიცვალა. სანდრო რომ მივიდა იმ დღეს, უკვე გარდაცვლილი დაუხვდა. ქვემოთ შიო მღვიმელი ელოდებოდა და მერეღა დაუძახა ამას, ლუკა აღარ არიო. სიცხეში, უაზრობაში გარდაიცვალა და არ იყო არც მოხუცი. ჭარმაგი კაცი იყო, მაგრამ მოუვლელობის, გლეხური უბედურების გამო.    გვირგვინი ერთი იყო მის დაკრძალვაზე, ეს მართლა კარგად და ქართულად მოიფიქრეს და ზედ ეწერა „ვაჟა-ფშაველას საქართველოსაგან“, პრინციპში მეტი არაფერი უნდოდა. და მოხდა ესა! როგორ გამოვიდა, ვის უნდოდა და ვის არ უნდოდა, ახლა ვერ დავთვლი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - იყო ასეთი. იარსება თითქმის სამ წელიწადს. მას მეთაურობდნენ მენშევიკები, ისინი, ვინც ოდესღაც გურიის ერთობა მოახერხეს. და საქართველო იყო დამოუკდებელი ქვეყანა მთელ ორ წელიწადსა და ცხრა თვეს, თითქმის. საქართველო არ მიიღეს ერთა ლიგაში. რომ მიეღოთ, უნდა დაეცვათ. მერე, ვის უნდოდა საქართველოს დაცვა? ნამეტანი ქრისტიანობა იქნებოდა. უკვე მერე, უბედურების ჟამს, პარიზში ერთმა ფრანგმა გენერალმა რუკასთან მიიყვანა გენერალი მაზნიაშვილი, წარმოშობით რუსი, სხვათა შორის, მაგრამ იშვიათი ქართველი, და უთხრა, ერთი შეხედე, მეგობარო, ამ რუკასო, რუსეთი რამხელაა და საქართველო რამხელააო. და მოხდა ამ ორი წლის და ცხრა თვის თავზე ქართველი ბოლშევიკების მიერ მოქოქილი ამბავიც. ეხვეწებოდნენ ლენინს, თუმცა, სახვეწარიც ბევრი არ გაუხდებოდათ, მაგრამ ეხვეწებოდნენ. და იყო ომი, რომელმაც წაშალა რუკიდან დამოუკიდებელი საქართველო. ჯერ ხეირიანად არც იყო დატანილი რუკაზე და ეგრევე წაშალა. „ერთი ნაღველის ორი სახელი: კრწანისის ველი და თებერვალი“, ალექსანდრე აბაშელის ამ ორი სტრიქონით ნამდვილადაც ჩანს ძველი ომის ამბავი. ომი გრძელი არ იყო. თითქმის ერთ თვეს გრძელდებოდა, ბოლოსკენ არც კი ისროდნენ, მოლაპარაკებებიც იყო და ოფიციალურად მარტის შუა რიცხვებში დამთავრდა. ბევრი რამ მოხდა ამ ომში. ბევრი სიცოცხლე დაიწვა. ქვეყანა დაიკარგა. მთავრობა წავიდა. გადამწყვეტი მაინც ერთი დღე იყო. წაგებულ საქმეს ჰგავდაო, რას დაუდგებოდიო, უკვე ყველა მხრიდან მოდიოდნენო, მერე ამბობდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ერთი 24 საათი იყო, ან ეგებ ნაკლებიც. ანუ ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ თბილისი დატოვა და აქ რუსული ჯარი შემოვიდა. ეს დღე 1921 წლის 25 თებერვალია, მაგრამ 25 თებერვალს რომ მივადგეთ, 24 თებერვლის საღამოს უნდა შევხედოთ დაკვირვებით. იმ საღამოსთვის ომი ორი კვირის დაწყებული იყო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ამ ორ კვირაში იყო ის, რომ 16 თებერვალს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, მთავარსარდლის თანამდებობიდან გადააყენა გენერალი ოდიშელიძე და დანიშნა ის თავის სამხედრო მრჩევლად, ხოლო მთავარსარდლობა დაუბრუნა გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც მანამდეც არაერთხელ ყოფილიყო მთავარსარდლად და ასევე არაერთხელ მოეხსნათ. კვინიტაძე ყველაზე წარმატებული სარდალი იყო დამოუკიდებლობის იმ ორწელიწად-ნახევარში, მაგრამ როგორც კი რაღაც წარმატებას მიაღწევდა, მოხსნიდნენ ხოლმე. მთავრობის თავმჯდომარე ჟორდანია ომის დროს დღეში ორჯერ მიდიოდა მთავარსარდლის შტაბში, რათა იქ უშუალოდ მთავარსარდლისგან შეეტყო ფრონტის ამბები. 24 თებერვალსაც, საღამოს 8 საათზე, ის მივიდა შტაბში თავისი ადიუტანტის, კოტე იმნაძის თანხლებით. მთავარსარდლის ოთახში მას დაუხვდნენ თვითონ კვინიტაძე და გენერალი ოდიშელიძე, რომელიც კუთხეში იჯდა მდუმარედ. იქ ასევე იყო პოლკოვნიკი გედევანიშვილი, რომელიც შტაბის ოპერატიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. როდესაც ჟორდანია და იმნაძე კაბინეტში შევიდნენ, კვინიტაძე იდგა რუკასთან, რომელზეც ქინძისთავებით იყო მონიშნული საჭირო ადგილები და გამუდმებით ეწეოდა პაპიროსს თავისი განთქმული მუნდშტუკით. ცნობილი ამბავია, რომ ის ისედაც ძალიან ბევრს ეწეოდა, ჟორდანიასგან განსხვავებით. მთავარსარდალს ხეირიანად არც მიუქცევია ყურადღება ქვეყნის მეთაურისთვის, კვლავაც დასცქეროდა რუკას, ხოლო გედევანიშვილმა მოსულებს დაახვედრა ცუდი ამბავი - ვაზიანის მიდამოებში რუსების ტანკებს გამოერღვიათ სახალხო გვარდიელთა სანგრები. იმ დროის საქართველოში გვარდია სოცალ-დემოკრატების პარტიული ჯარი იყო და მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. ამ ომის დროს გვარდიას სარდლობდა გენერალი ჯიჯიხია, რახანღა ნამდვილი სამხედრო გვარდიაში არ მოიძებნებოდა და მეთაურების პირად წარმოდგენებს ბრძოლის შესახებ არაერთხელ წაუხდენია საქმე. ჰოდა, გენერალი ჯიჯიხია ცდილობდა, გვარდიელებს მწყობრად მაინც დაეხიათ უკან, რაც მათგან ასევე ძნელი წარმოსადგენი იყო. სწორედ ამ ამბავს დაეფიქრებინა რუკას ჩაღრმავებული კვინიტაძე. ოთახში მიმდინარე საუბარს ის საერთოდ არ უგდებდა ყურს და ორადორი სიტყვა, რომელსაც წამოისვრიდა ხოლმე, იყო: ჯიჯიხია, გვარდია, ჯიჯიხია, გვარდია. კვინიტაძე ლაპარაკობდა რუსულად, ქართული ძალიან ცუდად იცოდა, სხვათა შორის, და მერე ემიგრაციაშიღა ისწავლა. ის იყო ვაჟი ცნობილი პოლკოვნიკის, ივანიკა კვინიტაძისა, შამილის დატყვევებაში რომ მონაწილეობდა და აკაკი წერეთელს რომ ატკბობდა თავისი ლექსებით. მამისგან განსხვავებით, გიორგიმ ყველანაირი სამხედრო განათლებაც მიიღო და ძალიან კარგი კარიერაც გაიკეთა მეფის ჯარში. თუმცა რევოლუციის შემდეგ მოხვდა და დარჩა საქართველოში, სადაც მას, რა თქმა უნდა, იყენებდნენ სამშობლოსთვის საჭირო საქმეში, მაგრამ ვერც იყენებდნენ ხოლმე ბოლომდე და ისე, როგორც უნდა გამოიყენო ასეთი გენერალი. საერთოდ, როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა და ქართველმა ოფიცრობამ საქართველოსკენ იწყო დენა, სულ გამოვიდა 28 გენერალი, რომელთაგან 25-ს ჰქონდა წმინდა გიორგის ჯვარი - ძალიან მაღალი ხარისხის ორდენი. ეს ნიშნავდა, რომ ქართველი ოფიცრობა ძალიან გამორჩეული იყო რუსულ ჯარში. ეს კი ერთ-ერთი საამაყო რამ იყო, რაც არსებობდა იმ დროში. ამასობაში კი მთავარსარდლის კაბინეტში მოულოდნელად მოვიდა სასიხარულო და იმედის მომცემი ტელეგრამა, რომ ჯიჯიხიამ შეკრა გვარდიელთა მწყობრები და პირიქით შეუტია რუსებს. ეს იყო ძალიან სასიხარულო ამბავი და ჟორდანიაც აღივსო იმედით. ომის ბოლო დღეები გარეგნულად სავსე იყო სასიხარულო ამბების წყებით, იმიტომ რომ ქართველებმა რამდენიმე პატარა და ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ეს კვინიტაძის დამსახურება იყო. უბრალოდ მისმა დანიშვნამაც კი ჯარს გუნება გამოუკეთა. სალდათები და ოფიცრები მას უფრო ენდობოდნენ, ვიდრე მობერებულ გენერალ ოდიშელიძეს, რომელსაც თავისი უკვე ნამსახური ჰქონდა, მაგრამ მაინც ხშირად იყო ხოლმე ასეთ მაღალ თანამდებობებზე. განსაკუთრებით სასიხარულო იყო გენერალ მაზნიაშვილის წარმატება სოღანლუღთან. იქ მაზნიაშვილმა პირადი გმირობის საოცარი მაგალითიც უჩვენა და საერთოდ, ეს გამორჩეული ხასიათისა და უნარების კაცი იყო. ის პოლკოვნიკად დაბრუნდა რუსეთიდან საქართველოში და გენერლობა უკვე რესპუბლიკამ მიანიჭა. კაბინეტში მოსულმა ცნობამ სიხარული კი გამოიწვია, მაგრამ კვინიტაძეს არც კი შეუმჩნევია ესა. უცბად მოიხედა, მაგიდაზე მუშტუკი მიაგდო და თქვა: „один чёрт, отступаю“ . ყველამ პირი დააღო. ეს ნიშნავდა, რომ ყველა ტოვებს თბილისს და ეცდება, რომ ფრონტი აღადგინოს მცხეთასთან. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა მან ჟორდანიას. ეს იყო შოკისმომგვრელი განცხადება, მაგრამ როდესაც მან აუხსნა იქ მყოფთ, თუ რატომ აკეთებს ასე, ჟორდანია ვეღარ შეეწინააღმდეგა. კვინიტაძემ აუხსნა ჟორდანიას, რომ ფრონტი ძალიან გაწელილია, მთელ 90 კილომეტრზე, და რომ ყველა მხარეს ჯარს ელოდება ხიფათი. იქით კიდევ გვარდიელებს ვერ დაეყრდნობი, იმიტომ, რომ მთელი ომის განმავლობაში მათ ორჯერ-სამჯერ ძალიან უწესრიგოდ დაიხიეს უკან და, საერთოდ, გვარდიის მართვა ძალიან ძნელია და ჯიჯიხია კი არა, იქ ნაპოლეონიც ვერაფერს გააწყობდა. ეს მხოლოდ გვარდიელთა ხასიათით და მათი პარტიულობით კი არ იყო გამოწვეული. იქ საკმაოდ კარგი ვაჟკაცებიც იყვნენ. უბრალოდ, ეს რევოლუციური ჯარი იყო და გვარდიის წყობაც კი გამორიცხავდა რაიმე სამხედრო წესრიგს. გვარდიაში არ იყო არც პოლკი, არც დივიზია, არაფერი. ეს იყო მწყობრებად აგებული ერთობა, რომელსაც სარდლობდა რევოლუციონერი ვალიკო ჯუღელი, ძალიან კოლორიტული და ცოტათი ოდიოზური ფიგურა იმ დროის საქართველოში. ცნობილია მისი საოცარი წიგნი „მძიმე ჯვარი ანუ სახალხო გვარდიელის ჩანაწერები“, რომელშიაც ძალიან ძნელია, ტყუილი და მართალი გამოარკვიო. იქ ძალიან ბევრი გმირობაა თავმოყრილი იმ 2-3 საბრალო წლისთვის, საშინელი ამბები კი რომანტიზებულია. ამას რომ დავუმატოთ ცეზარული განწყობა, ნერონის აჩრდილის მოხმობა გადამწვარი ოსური სოფლის ცქერისას და სხვა ასეთი სისულელეები, ვალიკოს პოლიტიკური სიბრძნიდან ცოტა შეგვრჩება.მაშინ ამბობდნენ, რომ ეს დღიურები მერეა დაწერილი, ანუ უშუალოდ ამბების მიდევნებით არ დაუწერიაო. კვინიტაძემ ახსნა უკან დახევის ამბავი იმით, რომ უკვე მზადა აქვს ძალიან კარგი უკან დახევის გეგმა, რომელიც გამოდგა მართლა ძალიან კარგი, იმიტომ, რომ რუსების მე-11 არმიის სარდალმა, ჰეკერმა თქვა თბილისში შემოსვლის შემდეგ, რომ არსებობდეს უკან დახევისთვის ორდენი, კვინიტაძეს ეკუთვნისო. კვინიტაძემ უთხრა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ თბილისი არაფერია, იმიტომ რომ მცხეთასთან აღადგენს და შეამოკლებს ის ფრონტს, შეძლებს ძალების გადაჯგუფებას, შექმნის რეზერვს, შემოუტევს მტერს და თბილისს ისევ დაიბრუნებს. მიუხედავად ასეთი კარგი და ლოგიკური, აწყობილი ოპერაციისა, ეს მაინც იყო ძალიან ტრაგიკული განცხადება, იმიტომ რომ თბილისი არ იყო უბრალოდ ტერიტორია, თბილისი იყო დედაქალაქი და ქვეყნის გული. კვინიტაძემ ქართველების ხასიათი ვერ გაითვალისწინა. თბილისის დატოვებით ეს ომი ფსიქოლოგიურად უკვე წაგებული იყო, იმიტომ, რომ ისედაც ამბობდნენ, რუსებს წინ რა დაუდგებაო. ერთი წლით ადრე, ორჯონიკიძეს და სტალინს ძალიან უნდოდათ შემოსვლა და ამბებიც ატეხეს თბილისში და აზერბაიჯანის საზღვარზე და ჟორდანია წერს, არ ვამხელდით, თუ რუსები გვიტევდნენ, ვამბობდით, აზერბაიჯანთან გვაქვს კონფლიქტი, რათა ხალხს ხელი არ ჩაექნიაო. მაშინ არ გამოუვიდათ, რუსეთმა და საქართველომ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. კი წერდა სერგო დეპეშებს, ბრწყინვალედ გამოვაო, მაგრამ არ გამოვიდა იმ ჯერზე. ამასობაში, კვინიტაძემ დაიწყო თავისი გეგმის პოლკოვნიკ გედევანიშვილისთვის კარნახი, რათა ბრძანებები ტელეგრაფით დაეგზავნათ გენერლებისთვის, რომლებიც მიმართულებებს სარდლობდნენ. ეს იყო მართლაც ვირტუოზულად შედგენილი უკან დახევის გეგმა, რიგ ადგილებში ბრძოლით, რიგ ადგილებში გამოპარვით. როგორც ჩანს, იმ ჩაფიქრებისას სწორედ ამას ითვლიდა, იმიტომ რომ ეტყობა, მართლა შეუძლებელი ჩანდა ამ გაწელილი რკალის შენარჩუნება და უკანდაუხევლად შევიწროვება. ნირწამხდარი ჟორდანია წამოდგა, რომ წამოსულიყო შტაბიდან და ამ დროს კუთხეში მჯდომმა გენერალმა ოდიშელიძემ თქვა, თბილისის დატოვება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ომს ვეღარ შემოვატრიალებთო. ამას ჯობია... და მან უკვე თავისი გეგმა დასახა. თქვა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოვახერხოთ პარტიზანული გამოვარდნებით, ათასი რაღაცით, როგორმე შევაკავოთ აქეთ-იქიდან მომავალი რუსული დივიზიები და პოლკები და მისი ეს აზრიც არ იყო მოკლებული ლოგიკას, მაგრამ გენერალმა კვინიტაძემ არც კი მოხედა ოდიშელიძეს, ისე კარნახობდა ამ უკანდახევის გეგმას. მათ ერთმანეთი არ უყვარდათ, რბილად რომ ვთქვათ. მერე უკვე მატარებელში უთხრა ოდიშელიძემ კოტე იმნაძეს: სამწუხარო იცით რა არის, შვილოო, მე იმიტომ მომხსნეს, რომ შაგალის ხიდთან მომივიდა კატასტროფა და ის არავის ახსოვს, რომ მე რუსეთ-იაპონიის ომის დროს დივიზიის მეთაური ვიყავი, ხოლო კვინიტაძე მაშინ მხოლოდ მოხალისეთა ასეულს მეთაურობდა, დღეს კი მან ჩემი მოსმენაც არ იკადრაო. ისინი მთელი ამ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ცვლიდნენ ერთმანეთს მთავარსარდლის თანამდებობაზე და ერთმანეთის ატანა უჭირდათ. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირად მტრობაში არ გადაზრდილა. გენერალი კვინიტაძე ვერ იტანდა მთავრობას და აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისთვის ყველაფერი, რასაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აკეთებდა. მაგრამ ყოველთვის, როცა მოხსნიდნენ ხოლმე, ეუბნებოდა, როცა დამიძახებთ, მოვალო, იმიტომ რომ აქ საქმე საქართველოს ეხებოდა. თუმცა, სოციალ-დემოკრატები მაინც არ ენდობოდნენ ქართველ გენერლებსა და ოფიცრებს. ჟორდანიას პირდაპირ უწერია მოგონებებში, რომ ესენი იყვნენ რუსეთუმე ხალხი, მეფის ყოფილი ოფიცრები, არანაირი შინაგანი რწმენა, რომ საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა, არ ჰქონდათ და არც ექნებოდათო. გარდა ამისა, ყველას თვალწინ ჰქონდა რუსეთის მაგალითი. ვინ ხელმძღვანელობდა რევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას? დენიკინი, კოლჩაკი, იუდენიჩი - სულ მეფის გენერლები. ჰოდა, ჩვენს სოციალ-დემოკრატებსაც ალბათ ეშინოდათ ჩვენი გენერლების განაპოლეონების, მით უმეტეს, რომ გენერალი კვინიტაძე ძალიან უყვარდათ ჯარში და სხვა გენერლებიც, იგივე სპირიდონ ჭავჭავაძე, ანდრონიკაშვილი და მაზნიაშვილიც. ეს უცნაური შეხამება იყო, ადამიანები, რომლებიც იმპერიის დაცვისათვის იღებდნენ ორდენებს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი ადამიანები, რომლებიც ამ იმპერიის დაქცევის გამო ისხდნენ ციხეებში, გადასახლებებში, ისროდნენ ყუმბარებს, თავისუფალი საქართველოს სახელით თანამშრომლობდნენ. კვინიტაძის დანიშვნაც იმ 16 თებერვალს იყო მოულოდნელი, მაგრამ სხვა გამოსავალი მათ უბრალოდ აღარ ჰქონდათ. ოდიშელიძე კი გადააყენეს, მაგრამ იცოდნენ, რომ კაცი, რომელიც ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს, არის მხოლოდ ერთი - კვინიტაძე. ამიტომ მას თვით ვალიკო ჯუღელმა დაურეკა. კვინიტაძემ უთხრა, რა თქმა უნდა, როგორც კი დამიძახებთ, მოვალო, მაგრამ ჯუღელმა - არა, მე მოვალ და მე დაგელაპარაკებითო. ეს მისგან იყო ძალიან დამთმობი ჟესტი, იმიტომ რომ ჯუღელს თავი მიაჩნდა რევოლუციის სარდლად და ძალიან ტრაბახობდა ამით. ტრაგიკული კაცი იყო ვალიკო ჯუღელი. 1924 წელს ჩამოიპარა საქართველოში აჯანყების სახელმძღვანელოდ და პლეხანოვზე დაიჭირეს. მერე დახვრიტეს იქ, სადაც ახლა ვაკის პარკია. ციხეში მოატყუეს ჩეკისტებმა, წერილები დააწერინეს. უფრო სწორად, დაანახეს, რომ აჯანყება უკვე გაცემული იყო. იხვეწებოდა, ისეთი საწამლავი დამალევინეთ, რომ სამი დღის განმავლობაში მოვკვდე, მანამდე კი ხალხი გავაფრთხილო, რომ სისხლი არ დაიღვაროსო. ყველამ, ვინც საქართველოში დარჩა, ძალიან მძიმედ დაამთავრა სიცოცხლე და ძალიან სახელოვნადაც. კვინიტაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დატოვა შტაბი და წამოვიდა მთავრობის სასახლეში, სადაც შეკრებილიყვნენ დეპუტატები და ჟორდანიამ გამოუცხადა მათ მთავარსარდლის ბრძანებისა და გადაწყვეტილების შესახებ. ახლა კიდევ ახალი შოკი. ჟორდანიამ უთხრა: რა ვქნა, ეს არის მთავარსარდლის გადაწყვეტილება, თუ არ მოგწონთ, მოვხსნი მას და დაგნიშნავთ თქვენო. საქართველოს კონსტიტუციით კი შეეძლო მთავრობის თავმჯდომარეს, დაენიშნა და მოეხსნა მთავარსარდალი, მაგრამ თვითონ არ იყო მთავარსარდალი. თუმცა კონსტიტუციას იმ დღეებში იღებდნენ. 21 თებერვალს მიიღეს. ისევ 16 რიცხვს რომ დავუბრუნდეთ, კვინიტაძე დაეთანხმა ჯუღელს, რომელიც მას სახლში ეწვია. კვინიტაძის ბოლო გათავისუფლება იყო ჯუღელის პირადი მოთხოვნა, ეს სამეფო გენერალი მოაშორეთ ჩვენი რევოლუციური ქვეყნის ჯარსო. ამ დონის მოთხოვნები იყო, მეტი კი არაფერი ხდებოდა. ჰოდა, ახლა უბოდიშო ბოდიშის ვიზიტი იყო. მოკლედ, იმავე ღამეს კვინიტაძე წაიყვანეს ნოე ჟორდანიასთან სახლში, სადაც შეკრებილიყვნენ მინისტრები და სამხედროები და იყო სამხედრო გეგმის განხილვა. ეს იყო კომიკური სურათი, იმიტომ რომ ლაპარაკობდნენ მინისტრები და დეპუტატები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ სამხედრო საქმეზე. ოდიშელიძე კუთხეში იდგა ისევ და უთხრა კვინიტაძეს, გაბარებ ჯარს და გისურვებ წარმატებასო. იქ ისეთ რამეებს ამბობდნენ, კვინიტაძეს ნერვები აეშალა. უცებ შინაგან საქმეთა მინისტრმა და ძველმა სახელოვანმა რევოლუციონერმა, ნოე რამიშვილმა, მოიტანა რუკა და აღუწერა იქ მყოფთ თავისი გეგმა, რომელიც რაღაც ერთ კონკრეტულ ოპერაციას შეეხებოდა, მგონი, ფოილოს ხიდს და ეს გეგმა ისეთი უცნაური იყო, სულელურიც არ ეთქმოდაო, კვინიტაძე იხსენებს. მე ამას შევეწინააღმდეგე და უცებ ლაპარაკი შეწყდა და ჟორდანიამ თქვა: აბა, ახლა ყველამ მივცეთ ხმა, რომ კვინიტაძე დაინიშნოს სარდლადო და ასე აირჩიეს. როგორც გაირკვა, ჯერ მთავარსარდლად არ დაუნიშნავთ, ერთი მიმართულების სარდლად დანიშნეს. მაგრამ იმ ხმაურში ვერავინ ვეღარ გაიგო ეს ყველაფერი. მერე ბენია ჩხიკვიშვილი, თბილისის გენერალ-გუბერნატორი, ეუბნებოდა კვინიტაძეს: მე მეგონა, მთავარსარდლად გირჩევდი, ასე მივეცი ხმაო.ერთი დღის მერე გაირკვა შეცდომა და ისევ დანიშნეს მთავარსარდლად. ეს ყველაფერი ოფიციალური სახელმწიფო ქაღალდების ამბავია, მეტი არაფრის. მოკლედ, დეპუტატებიც დათანხმდნენ გენერალ კვინიტაძის გადაწყვეტილებას. იმდენი კი ესმოდათ იმ წუთში, რომ სამხედრომ უკეთ იცის, რა გააკეთოს. თუმცა, თბილისის დატოვება იყო ძალიან ტრაგიკული და, როგორც გამოჩნდა, ამან გადაწყვიტა კიდეც ომისა და ქვეყნის ბედიც. თუმცა, ამას კვინიტაძე ალბათ იმ წუთში ნაკლებ ანგარიშს უწევდა. სამხედროსათვის გადაწყვეტილება იყო სწორი, მაგრამ რეალურად ქვეყნისთვის ეს იყო დაქცევა. მოხდა ასეთი ამბავი და მოხდა. რა უნდა ექნა ჟორდანიას? ჟორდანიამ დაწერა მოწოდება უკვე მიძინებული თბილისის მოსახლეობისათვის. ახალი ამბავი ქალაქში ბევრმა არავინ იცოდა. გამზადდა მატარებლები იმისთვის, რომ მთავრობა მცხეთაში უნდა გადავიდეს. დროებით, რამდენიმე დღით, მხოლოდ მანამდე, სანამ კვინიტაძე დაიბრუნებს ქალაქს. ჟორდანიამ დაწერა მოწოდება და ეს მოწოდება კოტე იმნაძემ წაიღო სტამბაში, გასამრავლებლად და ქალაქში გამოსაკრავად. იქ პირველი რიგითი მოქალაქე, რომელმაც ეს მოწოდება წაიკითხა, იყო ერთ-ერთი ასოთამწყობი, ვისაც უნდა აეკრიფა ტექსტი და ამ მოხუცმა კაცმა დაიწყო ტირილი. იმიტომ, რომ უბრალო ადამიანის დონეზე, ყველაფერი გარკვეული იყო. ამის შემდეგ კი უნდა გადავინაცვლოთ თბილისის სადგურზე, სადაც დგას მთავრობის თავმჯდომარის მატარებელი. აქ არის ერთი ვაგონი ჟორდანიასი, ვაგონ-რესტორანში კი აწყვია უამრავი სახელმწიფო ქაღალდი და იქავე არიან დეპუტატები და მინისტრები. არის ასევე გენერალ-გუბერნატორი ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც იმავდროულად საქართველოს რკინიგზების უფროსია და ჟორდანია ეუბნება კოტე იმნაძეს, თუ ჩამეძინოს, აუცილებლად გამაღვიძეო. რამდენიმე ღამე არ უძინია და ეტყობა გრძნობდა. ჟორდანიას ამ ღამის ძილი არის აპოთეოზი მთელი ამ ისტორიის. გამაღვიძე, იმიტომ რომ მცხეთაში ხომ ისედაც გავჩერდებითო. ამ სიტყვებით გამოეთხოვა იმნაძე მას და ვაგონებში ბოდიალისას გადააწყდა ისევ კუთხეში მიმჯდარ გენერალ ოდიშელიძეს, რომელსაც უთხრა, რომ ალბათ ის გეგმა სწორია, მაგრამ ეგებ თქვენ მითხრათ თქვენი აზრი უფრო დაწვრილებით, რა იყოო. მათ ილაპარაკეს, მაგრამ იმნაძისა და ოდიშელიძის ლაპარაკი იქ არაფერს არ წყვეტდა და ოდიშელიძის გეგმაც ალბათ უფრო ნაკლებად ძლიერი იყო სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ვიდრე კვინიტაძისა. კოტე იმნაძე ამ სათავმჯდომარეო მატარებლის კომენდანტადაც დანიშნა ჟორდანიამ. იმნაძემ ერთხელ შეიჭყიტა ჟორდანიასთან, რომელსაც თავისი განთქმული პლედი ჰქონდა წაფარებული და ეძინა. მთავრობის თავმჯდომარე ასე წაძინებული ტოვებდა თავისი ქვეყნის დედაქალაქს. კარგია, თუ დავიჯერებთ, რომ გულწრფელად ეგონა, რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდებოდა. მცხეთიდან თბილისამდე რამდენი უნდა იყოს მატარებლით?! ჟორდანიას არ გაეღვიძა. რას გაეღვიძებოდა. იმნაძეს მოერიდა გაღვიძება. ქვეყნის ბედი წყდებოდა, ჰოდა, შევიდა ბენია ჩხიკვიშვილთან, გენერალ-გუბერნატორთან, ასევე ძველ და ძალიან ცნობილ რევოლუციონერთან, რომელიც მერე ასევე კომუნისტებმა დახვრიტეს ვლადიმირის ცენტრალში და უთხრა, სძინავს და უნდა გავაღვიძოო. მატარებელი კი მიდის, არ ჩერდება, იმიტომ რომ ბრძანება უნდა გაიცეს, რომ გაჩერდეს მცხეთაში. ჩხიკვიშვილმა უთხრა, ეგაო დაღლილიაო და ეძინოსო. სად გავაღვიძოო? იმნაძემ. გორში გავაღვიძოთო. გორში როგორ, მცხეთაში უნდა გავაჩეროთ მატარებელი, მე მატარებლის უფროსი ვარო. მაგრამ ბენიამ უთხრა, მე მაბარია ეს ყველაფერი, მე ვარ გენერალ-გუბერნატორი და საქართველოს რკინიგზების უფროსი და გიბრძანებ, გორამდე მატარებელი არ გააჩერო, დაისვენოსო. იმან იქ დაისვენა და ღამის 12 საათზე კი დაიწყო ქართული ჯარების უკანდახევა უმაღლეს დონეზე, როგორც იყო შეთანხმებული და მოფიქრებული კვინიტაძის მიერ. ყველაფერი ამ ღამის განმავლობაში განმავლობაში გაკეთდა და ასე ვთქვათ, თითქოს უკვე ლაგდებოდა მცხეთასთან ფრონტი. ისე რომ, კვინიტაძე ავიდა მუხათგვერდზე სამასი კაცით და შტაბით, რომ კარგად ეყურებინა, გარშემო რა ხდებოდა. სისხამ დილიდანვე ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით. მთავარსარდალი უყურებდა, როგორ მოვიდა და დალაგდა მაზნიაშვილის ძალები. იღებდა ცნობებს, რომ კოჯრიდან მოიხსნა ეს ბატალიონები. სრულიად გმირული ადგილი იყო ეს კოჯორი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ იუნკრები იყვნენ, პირტიტველა ბიჭები და მაშინ ფასდებოდა ესა, ახალგაზრდა და გამოუცდელი რომ იბრძვის. მოკლედ, კვინიტაძე იყო კმაყოფილი ყველაფერი ამით, მაგრამ კვლავაც ჯიჯიხიას გვარდიელების არეული უკანდახევა აგიჟებდა და ხედავდა, რომ ეს ხალხი ბატებივით დადიოდა აქეთ-იქით. მან მცხეთაში ნახა ვალიკო ჯუღელი და უთხრა, შეკრიბე გვარდიის ნაწილებიო. ჯუღელმა, ყველანაირად ვეცდებიო და რამდენიმე საათის შემდეგ კი უთხრა, გორამდე მე ამ გვარდიელებს ვერ შევკრებ, აცაბაცა დადიანო. ამასობაში რა ხდება მატარებელში? მატარებელი ეჰე-ჰეი და უახლოვდება გორს. გაჩერდა გორის სადგურში. გაჩერდა და ჟორდანიასაც გაეღვიძა და გაიხედა ფანჯრიდან. გაიხედა ფანჯრიდან - ეს არის სადგური, სადაც ჯარისკაცები ირევიან და არც ერთი ოფიცერი იქ არ არის. ჟორდანია წერს თავის მოგონებებში, რომ უოფიცრებოდ დაყრილები იყვნენო. კვინიტაძე ავი ღიმილით პასუხობს თავის მოგონებებში, უოფიცრებოდ კი არ იყვნენ, ეგენი დეზერტირები იყვნენ და ოფიცრები ამიტომ არ ახლდნენ, მაგას ჯარზე წარმოდგენა არ ჰქონდა და რას მოსთხოვო. გამოუძახა იმ წუთში ზარით კოტე იმნაძეს და ჰკითხა, სადა ვართო? გორში ვართო. ერთი პატარა ამბავი ის არის, რომ ჟორდანიას მემუარებში შეცდომა გაეპარა. სადაც უნდა ეწეროს, რანდევუ (შეხვედრის ადგილი) იყო მცხეთაო, უწერია, რანდევუ იყო აღსტაფაო. აღსტაფა არის აზერბაიჯანში. ის უკვე მოხუცი წერდა ამას და ამიტომ აერია, მაგრამ ამას სულ წამოაძახებდნენ ხოლმე: რანდევუ იყო აღსტაფა, როგორ იყოო?თუმცა მემუარები მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. ჰოდა, იმნაძემ უთხრა გორშიო. რატომ არ გამაღვიძეო და ასე მიბრძანა გენერალ-გუბერნატორმა ჩხიკვიშვილმაო.ჟორდანიამ უთხრა: კაცო, მე ხომ გითხარი, მცხეთაში გამაღვიძე-მეთქი. ამიტომ, როცა მოგვარდება ეს საქმე, შენ სამხედრო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეო. თავის ადიუტანტს ეუბნება, ვითომ რამეს წყვეტს იმნაძის გასამართლება. ამ დროს კიდევ ერთხელ გაიხედა ფანჯრიდან და რომ შეხედა ამ არეულ ჯარისკაცებს, როგორ არ გამაღვიძეო, კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა და მერე ძალიან ყრუდ თქვა, დაიღუპა საქართველოო. ესე იგი, ეს ამბავი მისთვისაც უკვე დამთავრებული იყო. ყველასთვის დამთავრებული ჩანდა, კვინიტაძის გარდა. ამ დროს მცხეთასთან მართლა ლაგდება ეს ფრონტი, თუმცა კვლავ გვარდიელთა მოუწესრიგებლობა უშლის ხელს და ჟორდანიამ ბრძანა, გავბრუნდეთ მცხეთაშიო. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, უკვე დილაა, 25 თებერვალი. ამ დროს გორთან ხდება ერთი ამბავი - შალვა ამირეჯიბი იყო ჟორდანიას მატარებელში, დეპუტატი და არა მარტო დეპუტატი, კიდევ ერთი საოცარი კაცი ამ ჩვენი ისტორიისა და ის იხსენებს, რომ ჩამოვედი ბაქანზე, დავინახე შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელიც იდგა თოფით ხელში სრულიად მარტოო. და დავუწყე გამოკითხვა და მანაც ხეირიანად არაფერი იცოდაო. მერე რამიშვილმა ჯარისკაცებს ჩხუბი აუტეხა, ამ დეზერტირებს და მათ გაიწიეს, უკვე არად დაგიდევდნენ, მინისტრია, თუ ვინ არის. ძლივს შემოიყვანეს რამიშვილი ვაგონში, ცხელგულიანი კაცი იყო და არ თმობდა ასეთ რამეებს. ამასობაში გაიგზავნა დეპეშა კვინიტაძესთან, რომ მცხეთის სადგურმა მიიღოს მთავრობის თავმჯდომარის მატარებელი და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ სადგური გაჭედილია და არ არის არც ერთი თავისუფალი ხაზი.ამიტომ იძულებული შეიქნენ, მატარებელი გორში შეეჩერებინათ. ჯარი იხევდა ძალიან არეულად. ის ისტორია, რომელიც კარგად დაიწყო კვინიტაძემ, მცხეთაშივე მოიშალა.საღამოს თვითონ კვინიტაძე მოვიდა გორში. ამ დროს თბილისი უკვე დატოვებულია და იქ რუსები უკვე ერთი გასროლის გარეშე შემოდიან. ძალიან ტრაგიკული სურათი იყო: დილით რომ გვარდიელები ეუბნებოდნენ კვინიტაძეს, მცხეთაში ვერა და გორში შევკრავთ გვარდიასო, ახლა გორში ეუბნებოდნენ, გორში ვერა და ხაშურში შევკრავთო. ქუთაისამდეც ორიოდე ნაბიჯი იყო დარჩენილი და საღამოს გორში ჩასულმა კვინიტაძემ რომ დაინახა მოშლილი და დეზერტირული ამბავი, დაიწყო სირბილი ბაქანზე. ეკითხებოდა ჯარისკაცებს, შენ რომელი ნაწილიდან ხარ? ეუბნებოდა, შენ აქ დადექი, შენ იქით დადექიო და ცდილობდა, გაემწკრივებინა, მაგრამ სანამ ათი კაცი დააყენა, იქით ათი დაიშალა. ჩაიქნია ხელი და ავიდა ისევ ვაგონში. ამ დროს მოვიდა ცნობა, რომ გვარდიელები კვლავ არ გაჩერდნენ და უკვე წიფის გვირაბში არიან და გადადიან დასავლეთ საქართველოში. ძალიან საწყენია ეს ყველაფერი. თითქოს ყველა თავის საქმეს აკეთებს და თითქოს სწორადაც და თითქოს ეს ყველაფერი რატომღაც უნდა დაბრალდეს გვარდიას. ეს იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვარდათ და არ ენდობოდნენ, თუმცა ყველანაირად ცდილობდნენ, ერთად ეკეთებინათ საქმე. თბილისში კი უკვე იდგნენ წითლები. სერგო ორჯონიკიძე არ იყო თბილისში, მიუხედავად გავრცელებული ლეგენდისა და ბაქოდან სწერდა თავის მეგობრებსა და მასწავლებლებსაც - ლენინს და სტალინს: თბილისის თავზე ფრიალებს გამარჯვების წითელი დროშა, გაუმარჯოს სოციალისტურ საქართველოს!ტყუილი იყო ეს ყველაფერი. ჯანდაბას, მხოლოდ ტყუილი რომ ყოფილიყო. ერთი ძველი სიმღერაა და ძალიან მხიარულიც ეთქმის და ცოტა დარდიანიც: „შემოვიდნენ რუსები, ატყდა დავიდარაბა, რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა“.ძალიან ცნობილი სიმღერა იყო თავის დროზე, ახლა ძნელად გაიგონებ. ეს სიმღერა იმაზეა, თითქოსდა ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ საიდანაც ქარი მოუბერავს, მერე უცბად იქით გადავალთ ხოლმე. კიდევ ერთ ძველ ლექსს ეხმიანება ძალიან კარგად, ორი ათასი წლით ადრინდელს: შენ, გივო ამილახვარო, სვიანო, დავლათიანო, ხან აქეთა ხარ, ხან იქით, საითაც ქარნი ქრიანო.ანუ ვიყავით მენშევიკები და გავხდით ბოლშევიკები. ამას თუ დაგვაჯერეს, ხომ კარგიო, კიდევ იმასაც იტყოდნენ. რუსები რომ ხელახლა შემოვიდნენ, აქედან სულ დასეტყვეს კრემლი ტელეგრამებით: ქართველი მშრომელი ხალხი სიხარულით ეგებება წითელ არმიას, ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. აჩვენებდნენ, რომ ხალხი კმაყოფილია. იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ნოე რამიშვილმა, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სადღაც თქვა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უბრალო ხალხმა არ ივარგაო, მართლა გამოვა, რომ ეძგვერაძე ბარნაბას ამბავია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე იოლად არ იყო, ივარგა თუ არა უბრალო ხალხმა, მაგის დათვლა შორს წაგვიყვანდა, თუმც იგივე უბრალო ხალხი ხშირად ალალ-მართალი და უკან დაუხეველიც იყო იმავე ოციან წლებშიც. სერგო ორჯონიკიძეს რაც არ უნდა ეტრაბახა მოსკოვში, ეს არ იყო იოლი ქვეყანა წითელი წესრიგის დასამყარებლად. ბევრ ქართველ ბოლშევიკს საერთოდ სხვანაირად წარმოედგინა საქართველოში წითელი ჯარის შემოსვლა. რა გულუბრყვილო გაქანების ხალხი იყო, ძნელი სათქმელია, მაგრამ ასე ტკბილად კი ეგონათ, რუსებს მენშევიკების გასაყრელად მოვიხმართ და მერე ჩვენ მოვხედავთ, ჩვენს დამოუკიდებელ საბჭოთა საქართველოსო. მერე შეწუხდნენ. ბუდუ მდივანმა იხუმრა, მარქსმა კი თქვა, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდითო, მარა თბილისში შეერთდითო, ნამდვილად არ უთქვამსო. ქუთაისში რომ შევიდნენ წითლები, რევკომის შენობასთან ბომბი აფეთქდა და თქვეს, ბაჭუა იქნებოდა, ნაწყენი ყოფილა ჩვენზე, ჯარით რომ შემოვედითო. შამშე ლეჟავა იყო იქ ბოლშევიკი და გაეცინა, არ იყო ეგ ბაჭუა, ბაჭუა ასაფეთქებელს ააფეთქებდაო. მივიდა მერე ბაჭუა ფილიპე მახარაძესთან და თავისი ძველი ბოლშევიკური მანდატი დაუგდო, ამისთვის ვიომე ოც წელიწადს, რო ვიღაცა ნაბიჭვრებს ხალხი ეხვრიტათო?უცნაური ხალხი იყო. ქვეყანა კი გაძეძგილი იყო ჯარით. განსაკუთრებით, რთულად წოდებული ადგილები. აი, 1923 წელი. საქართველოს გაწითლებიდან ორი წელია გასული. მხოლოდ ქალაქ ოზურგეთში თავმოყრილია: საკუთრივ ოზურგეთის მილიციის რაზმი, სამაზრო მილიციის რაზმი, საგანგებო ნაწილი, იგივე ჩინის რაზმი, თბილისიდან გამოგზავნილი წითელი ჯარი. სავსეა იქაურობა. იმ დროის მოგონებებს რომ კითხულობ, გაგიკვირდება - რომელ სოფელშიც არ შევლენ ქართველები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, ყველგან ეუბნებიან, ფრთხილად, სოფელი სავსეა მილიციითო. ან ამდენი საიდან იყო. ისინიც ქართველები არ იყვნენ? თუ ამდენი იდეური ბოლშევიკი გამოჩნდა უცბად, ეს კიდევ ერთხელ დაგვაბრუნებს ნახსენებ სიმღერასთან, მაგრამ ეს მაინც არ არის წამყვანი ამბავი ამ შემთხვევაში. ქართველი ბოლშევიკების ერთი ნაწილის გულუბრყვილობაზე შეიძლება ხმამაღლა არა, მაგრამ ძალიან მაგრად იცინოდნენ მოსკოვში და თბილისშიც მათი გუშინდელი ამხანაგები. თედო სახოკიას ერთ მოკლე მემუარში აღწერილია, როგორ ეუბნება მას წითელი საქართველოს ჯარისა და ზღვის სახალხო კომისარი, შალვა ელიავა, თედო, რას შვებიან, ვერ გავიგეო, ჩემთან დასახვრეტების სიები მოაქვთ, მაგრამ მე ხელს არ ვაწერო... მოსკოველი უფროსების სახელები ცნობილია. შეჭამეს ლენინი, სანამ ეს საქმე არ მოაკვარახჭინეს. ახლა, ლენინს არ უნდოდა და თავს იკლავდა, საქართველოს არ მიეკაროთო, ნამეტანი იქნება, მაგრამ ამათ უნდოდათ ძალიან. ომის დაწყების წინ კობამ რუსული ასოებით, ქართული სიტყვებით შედგენილი დეპეშა გამოუგზავნა სერგო ორჯონიკიძეს: დასტურია, აიღე ქალაქი. ზუსტად ასე ეწერა. პირველ წლებში რეჟიმი მძიმე იყო იმით, რომ ყველაფერზე პასუხი იყო უბრალო - მეტეხის ციხე და ტყვია. გაზეთებშიც ეწერა: ჩვენ ვუპასუხებთ ტყვიით საგანგებო კომისიიდან - ჩეკადან, ესე იგი. აი, ასეთი პასუხი იყო კაცისთვის, რომელიც როგორღაც მოხვდებოდა ამ რეჟიმისა და ჩეკას თვალთახედვაში, თორემ, მეორე მხრივ, საქმე ისე გამოდიოდა, რომ ამ ომში ყველა ყველას იცნობდა ორივე მხრიდან და ყველა ყველას იცნობდა ბავშვობიდან. უცხო ერთმანეთისთვის თითქმის არავინ არ იყო და იმ ქართველი ოფიცრების უმრავლესობა, რომლებიც არ წაჰყვნენ მთავრობას, რომლებიც თებერვალში წითელ არმიას ებრძოდნენ, მოხვდნენ ოფიცრებად ახალ, წითელ ქართულ ჯარში. მაგალითად, იგივე ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავიდან ირიცხებოდა ქართულ წითელ კავალერიაში. ომის დამთავრებისას ის ბათუმში იყო და სწორედ იქ შეხვდა დამპყრობი წითელი კავალერიის მეთაურს, ჟლობას, რომელიც ასევე მეფის დროინდელი ოფიცერი იყო. იმ დროის საქართველოს საინტერესო და ტრაგიკული კაცი იყო პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, რომელიც უკვე წითელ ქართულ დივიზიას მეთაურობდა. მაგრამ ამბავიც ეს იყო, რომ ასეთი ხალხის უმრავლესობას ჰქონდა ორმაგი ცხოვრება. როსტომ მუსხელიშვილი წითელ მეთაურად კი შექნილიყო, მაგრამ ექვემდებარებოდა იატაკქვეშა სამხედრო ცენტრს, რომელიც გეგმავდა აჯანყებას. საერთოდ, საქმე ისე იყო, რომ ვინც არ გაიქცა, იატაკქვეშა საქმიანობას მისდევდა, იმიტომ რომ ასეთი იყო დროის კარნახი. იცით, როგორი ქვეყანა იყო? ყველაფერი იყო მოსწრებაზე. მაგალითად, იყო საშუალება, რომ უცბად გამართულიყო მიტინგი. ჰოდა, აი, ვლასა მგელაძეს, უშიშარ მენშევიკს, მეტსახელად იტრიას, შეეძლო, უცბად შემხტარიყო პარაპეტზე, ჩაეტარებინა მიტინგი და სანამ ჩეკისტები მოცვივდებოდნენ, გამქრალიყო. დრო მოითხოვდა ძალიან დიდ სიმამაცეს, თუ ბრძოლა გინდოდა. და ბევრი ადამიანისგან ეს სიმამაცეც იყო. ტყე სავსე იყო ხალხით. ტყე ყოველთვის იყო საქართველოს გადამრჩენელი. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელს ეუბნებოდნენ მტრები, შენ ტყეების ხელმწიფე ხარო და ველზე ვერ გამოხვალო. ჰოდა, ახლაც მთელი საქართველოს ტყეები სავსე იყო მამაცი ხალხით, რომლებიც ელოდნენ ნიშანს. ტყის რაზმები იყო ბევრი აღმოსავლეთ საქართველოშიც, დასავლეთ საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ. ქაქუცას შესახებ დღეს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ იყო მიშა ლაშქარაშვილიც და მრავალი სხვა. მაგრამ თავიდან არ იყო საერთო ორგანიზაცია, თანდათან შეიქმნა, რახან საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველომ უნდა იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის. საქართველოში აჯანყებები 1921 წლიდანვე დაიწყო. პირველად იყო სვანეთში და აჯანყება ჩაახშეს. კაცი, რომელიც ამ აჯანყებას მეთაურობდა სვანეთში, იყო პოლკოვნიკი მუშნი გარდაფხაძე, საარაკო სამხედრო და ყველა ქართული კამპანიის მონაწილე დამოუკიდებლობის დროს. წარმოუდგენელი სიზუსტის მსროლელი, რომლის შესახებაც ლეგენდებს ყვებოდნენ, თუ როგორ ალაგებდა თავზე კვერცხებს თავის ჯარისკაცებს და როგორ ასწავლიდა ასე სიმამაცეს და ამტანობას, ესროდა თვითონ სამოცდაათი ნაბიჯიდან და ყოველთვის ზუსტად. საერთოდ, ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ვისაც ჭკუა ეკითხებოდა, ყველა იჯდა მეტეხის ციხეში და ამ ხალხს საჭიროების მიხედვით, ანუ მიზეზის მიხედვით ხვრეტდნენ. ხვრეტდნენ ძალიან ცნობილ და ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგ ხალხს. აი, გურული ეგზეკუციების დროს გოგია ღლონტმა ჯალათი საშა ობოლაძე მოკლა, პირდაპირ ეტლში შეუხტა. საპასუხოდ ჩეკამ მეტეხის ციხიდიან 93 კაცი დახვრიტა. როსტომ მუსხელიშვილის ამბავს რომ მოვხედოთ, მისგან განსხვავებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მალევე მიატოვა წითელი კავალერია და ტყეში გავიდა. 1922 წელს ქაქუცამ უმეთაურა მთიულებს და ხევსურები გამოიყვანა. ამ აჯანყებას მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატები უჭერდნენ მხარს და თან ხედავდნენ, რომ ასეთ აჯანყებას აზრი არა აქვს. თვითონ ქაქუცა თავს იკავებდა, მაგრამ ხევსურები ძალიან მოითხოვდნენ, მეტის გაძლება აღარ შეგვიძლიაო. სოციალ-დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშეთმა არ დაუჭირა მხარი ამ აჯანყებას, მაგრამ მაინც მოხდა ეს ამბავი. დუშეთში იყო დიდი ომი და უბედურება და თბილისიდან ამ აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს სწორედ როსტომ მუსხელიშვილი, ანუ ადამიანი, რომელიც სინამდვილეში ექვემდებარება იმ ორგანოს, რომელიც ეთანხმებოდა ამ აჯანყებას. წარმოიდგინეთ, მეფის ორი პოლკოვნიკი, ორი წარმოსადეგი და ვაჟკაცი ოფიცერი, იდგა ერთმანეთის პირისპირ. თანაც, ისინი არა მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებენ, არამედ მეგობრებიც არიან და ერთს არ უნდა აჯანყება, მაგრამ აჯანყდა, მეორე კი წესით უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ უნდა შეებრძოლოს და როგორ უნდა შეებრძოლოს? რას აკეთებს მუსხელიშვილი?! ის როგორღაც უკავშირდება დუშეთში ერთ ექიმს, მენშევიკს, საიდუმლოდ ხვდება და ეუბნება, რომ თუ გინდათ, მე ხელ-ფეხი გახსნილი მქონდეს, სოციალ-დემოკრატები, ვინც არის იქ შეიარაღებული, დაუქვემდებარეთ ჩემს საიდუმლო ბრძანებებსო. ამით მას საბრძოლო სურათის კონტროლი უნდოდა და ეგებ გადაწყვეტილიც კი ჰქონდა ბოლო მომენტში აჯანყებულთა მხარეს გადასვლა. ეს არ გამოვიდა. დიდი შეტაკებების შემდეგ ქაქუცა და მისი ხალხი გაუჩინარდა ისევ ტყეებში და მერე გადაღმაც გადავიდნენ. როსტომ მუსხელიშვილი კი დაბრუნდა თბილისში, მაგრამ მას დიდი დღე არ ეწერა. იმ აჯანყებამ გამოაჩინა, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს ერთად და თუ აჯანყებაა, უნდა იყოს მთელ საქართველოში და შეიქმნა ერთიანი ორგანო. მანამდეც არსებობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, მაგრამ ახალი იყო ინტერპარტიული და მისი მეორე და უკანასკნელი თავმჯდომარეც იყო კოტე ანდრონიკაშვილი. ყველაფერი ძალიან დამალულად და იატაკქვეშ ხდებოდა. ამ ორგანოს დაექვემდებარა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ყველა ტყის რაზმელიც. წინა დამკომი კი ჩავარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატმა სტუდენტმა, გასცა მთელი სამხედრო ცენტრი. ეს ნიშნავდა, რომ მთელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობა გენერალ კონსტანტინე აფხაზის თაოსნობით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მათ შორის დააპატიმრეს მუსხელიშვილიც. ეს ხალხი 1923 წლის გაზაფხულზე დახვრიტა ჩეკამ. ჰოდა, დრამატული დამთხვევა იყო, რომ გაზეთ კომუნისტში რომ გამოქვეყნდა ცნობა ამათი დახვრეტის შესახებ, სწორედ იმ დღეს გამოუშვეს ჩეკადან კათალიკოსი ამბროსი, რომელიც კარგა ხანს ჰყავდათ იქ იმ ცნობილი წერილის გამო, გენუის კონფერენციას რომ მისწერა საქართველოს თავისუფლების შესახებ. კათალიკოსმა სიონში გადაუხადა პარაკლისი დახვრეტილებს. ვისაც გული ერჩოდა, იქ იყო. მაგრამ პირველსავე სიტყვებზე კათალიკოსი გახდა ცუდად. ვინ თქვა, რომ ქართველებს რწმენა აღარა აქვთო, - თქვა ესა და გული წაუვიდა. სიონის დეკანოზმა, შემდგომში თვითონაც კათალიკოსმა, კალისტრატე ცინცაძემ, მრევლშივე იპოვა ექიმები და უწმინდესი მოასულიერეს. მან იქადაგა და ყველა დაამშვიდა. მოკლედ, სურათი ამ ქალაქში იყო საშინელი და დამთრგუნველი. ქვეყანაშიც, მაგრამ თბილისში ძალიან იგრძნობოდა. ისინი ყველაფერს პასუხობდნენ ტყვიით, სხვა პასუხი არ ჰქონდათ, არც არსებობდა ალბათ. მაგრამ მზადდებოდა აჯანყება. ხშირად გაიგონებთ ხოლმე, რომ ქართველებმა აჯანყების ორგანიზება არ იციან, ქართველებს წესრიგი არა აქვთ და არც უყვართ, ქართველებს ასეთი რამეები არ გამოსდით, ქართველებს ჰყავთ გამცემები. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მგონი, ეს იყო ბრწყინვალედ ორგანიზებული აჯანყება. იმათი მხრიდან, ვინც ამზადებდა, ყველაფერი სწორი იყო. მაგრამ არც ვითარება და არც დრო არ იყო ისეთი, რომ ეს აჯანყება განხორციელებულიყო. ხალხი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდა ამას და ეს იყო თავზე ხელაღებული და ძალიან ჭკვიანი ხალხი, რომლებიც ფაქტობრივად დღის სინათლეზეც კი ვერ გამოდიოდნენ, იმიტომ რომ ყოველი დაჭერილი კაცი ნიშნავდა ინფორმაციის წასვლას და არა მარტო ინფორმაციის, არამედ სერიოზული ძალისასაც. აჯანყება მზადდებოდა დიდხანს და ძალიან საფუძვლიანად. რახან მასში უნდა ყოფილიყო ჩართული მთელი საქართველო, შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო სოფელიც კი, სადაც სააჯანყებო საქმის საიდუმლო ხალხი არ იმოქმედებდა და ასეც იყო. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ კეთდებოდა. ისე იყო, ვაჟა რომ ამბობდა ქოსების დუქანში. აჯანყების მზადებას ჰყავდა თავისი გმირები. ერთ-ერთი საქმის კაცი ამ აჯანყების მზადებისას იყო პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი. ეს იყო სრულიად საოცარი კაცი. ის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გარდაიცვალა რუმინეთში, სადაც ქართველ ტყვეებს პატრონობდა. საგანგებოდ ჩავიდა, იცოდა, რომ იქ ქართველი ტყვეები იყვნენ, საბჭოთა საქართველოდან. ეს იყო კაცი, რომელიც თავის დროზე იყო მეფის არმიის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პოდპოლკოვნიკი. მოჯანყეთა უმრავლესობა ძველ ცხოვრებაში იყო ძალიან გამორჩეული ადამიანი. სოლომონი იყო ორივე ფეხში დაჭრილი I მსოფლიო ომის დროს და დიდხანს სიარული უჭირდა, მაგრამ ამ კაცმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო ფეხით მოიარა. რა იყო მისი ცხოვრება? მოგეხსენებათ, მაშინ ისეთი ტელეფონი არ არსებობდა, რომ ტყეში კაცს დაელაპარაკო, არც ინტერნეტი და არც რამე სხვა, რაც დღეს არსებობს. მაშინ ყველაფერი ხდებოდა პირადად. პირადად უნდა გაგეკეთებინა და ხდებოდი სამშობლოს ფოსტალიონი. ეს საქმეები უნდა გეკეთებინა ჩუმად. სულ უბრალო, ერთი რიგითი წასვლა თბილისიდან სააჯანყებო საქმეზე, დიდი სირთულე იყო. აი, სოლომონ ზალდასტანიშვილიმა უნდა მოინახულოს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართლში, სადღაც კასპის მაღლა, ტყეებში, სადაც ქაქუცა თავს ინახავს ოცდაათი კაცით. ამბავი უნდა ჩაუტანოს და დირექტივა გადასცეს. წარმოიდგინეთ: ოჯახი გყავს, ცხოვრობ ჩვეულებრივი ცხოვრებით, მაგრამ გაქვს მეორე - დამალული ცხოვრება. იატაკქვეშა ცენტრი გავალებს, გადასცე საჭირო ამბავი ქაქუცა ჩოლოყაშვილს. ჩამოდის კაცი, მეკავშირე, რომელმაც იცის, სად არის ქაქუცა და უნდა წაგიყვანოს. მას არა აქვს დირექტივის გადაცემის უფლება, უბრალო გამყოლია. და ღამით ორნი მიდიან თბილისიდან მატარებლით კასპში, ან სადამდეც მივა ის მატარებელი. ზალდასტანიშვილი იხსენებს, ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს ჩემთან ერთად მატარებელში იყო ასევე ტყის ცნობილი მეთაურის, მიშა ლაშქარაშვილის ცოლი, რომელიც რაღაც საქმეზე მიდიოდა ქართლში სოციალ-დემოკრატების კომიტეტის დავალებითო. ჰოდა, ჩამოვედით გამთენიას, ზემო ხანდაკს, და როგორც კი ჩამოვედი ვაგონიდან, დავინახე, ლაშქარაშვილის ცოლთან ვიღაც გლეხკაცი მივიდა და რაღაც უთხრა, ეს ქალი სასწრაფოდ შეტრიალდა და შევიდა სადგურის შენობაშიო. მოკლედ, ლაშქარაშვილის ცოლი ეუბნება ჩოლოყაშვილის მეკავშირეს, სოფელი გაჭედილია მილიციელებით და ჩეკისტებით და მითხრეს, რომ სახეზე მიცნობენ და მისვლა არ მირჩიეს, ეხლა უკანა მატარებელს ველოდებიო, ანუ ჩაეშალა. ზალდასტანიშვილმა მაინც განაგრძო გზა და მივიდა მტკვრის პირამდე, სადაც ბორანი იყო. თან ისე მიდიან ესა და მეკავშირე, რომ ვითომ ცალ-ცალკე არიან. უწიეს ბორანს და შევიდნენ იმ ხუხულაში, სადაც მებორნე ზის ხოლმე. იმ შენობაში კი აღმოჩნდნენ მილიციელები. ჰოდა, ესენი ვითომ ცალ-ცალკე არიან და სოლომონმა მოიგონა, რომ ვითომ სააგარაკო ადგილს ეძებს ოჯახისთვის. მილიციელებმა უთხრეს, ჩვენ გაპოვნინებთო, მაგრამ აშკარაა, არ ენდობიან, გაჰყავთ ეს ქაქუცას კაცი და რაღაცეებს ეკითხებიან: ვინ არის ეს კაციო, სად შეგხვდაო და ასე. იცით, რა არის? იერი ხშირად ყიდდა ამ ხალხს. იერით იყვნენ ძალიან სხვები. სხვა საქართველო. იმავე დროის ამბავია, დასავლეთ საქართველოდან, უკვე აჯანყების შემდგომი. ახალგაზრდა, ინტელიგენტი კაცი, დადაშ გელოვანი, დაიჭირეს და დახვრიტეს მხოლოდ იმის გამო, რომ დუქნიდან გამომავალს გზის პირას პენსნე ამოუვარდა ჯიბიდან. გლეხურად კი ეცვა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ინტელიგენტია და მიხვდნენ, რომ ვიღაცაა და დაიჭირეს და დახვრიტეს. იერი ყოველთვის ყიდდა კაცს და ყოველთვის რაღაცა ხიფათის შემცველი იყო. სოლომონ ზალდასტანიშვილს რომ დაინახავდნენ, ხვდებოდნენ, რომ არ არის უბრალო კაცი, მაგრამ იძახის, სააგარაკედ ოთახი მაშოვნინეთო და ასე გათენდა, ბოლოს და ბოლოს, და თითქოს ყველა ერთად უნდა გადავიდნენ ბორნით მეორე ნაპირზე, მაგრამ მილიციელები ეუბნებიან, თქვენ წადით, ჩვენ აქ საქმეები გვაქვსო. ჰოდა ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ მივხვდი, მაინც რაღაცას ეჭვობენ და უნდათ დაადგინონ ერთადა ვართ მე და ეს მეკავშირე თუ არაო. ის თავის წიგნში არ ახსენებს ბევრი ადამიანის სახელს და გვარს, იმიტომ რომ ისინი ისევ საქართველოში ცხოვრობენ, როცა სოლომონი უკვე ემიგრაციაშია. გადავიდნენ ბორნით ორნი და შეთანხმდნენ, რომ მთელი დღე ცალ-ცალკე გაატარონ და შებნელებულზე შეხვდნენ ერთმანეთს დათქმულ ადგილას და მერეღა წავიდნენ ქაქუცასთან. ამ დღის მანძილზე იმ მადევრების ამბავიც გამოჩნდება. მთელი დღე. სად უნდა გაატაროს კაცმა? მთელი დღე ბუჩქებში ვიჯექიო, წერს. ღამე შეხვდებიან ერთმანეთს ისევ, მიდიან ქაქუცასთან და სალაპარაკოს ერთ საათზე მეტი არ მოუნდათ და ეს კაცი იმავე მარშრუტს უკვე ღამე მიჰყვება და დილით თბილისშია: არის ჩვეულებრივი ადამიანი და ცხოვრობს, მიდის და მოდის. არის კიდევ ერთი ესეთი ეპიზოდი, უკვე ზედ აჯანყების წინა დღეებისა და იქაც ასე ხდება, რომ ქაქუცასთან ფეხით ჩამოდის კაცი დუშეთიდან და ჩამოაქვს რაღაც ცუდი ამბავი. ქაქუცა ეუბნება, დაისვენე და აუცილებლად დღესვე უნდა წახვიდეო და ამ კაცმა არ დაისვენა და წავიდა ისევ ფეხით. ეს იმიტომ მახსენდება, რომ ყოფით დონეზე ასეთი საქმეების კეთება ძალიან ძნელი იყო და მაინც კეთდებოდა კარგად და ფრთხილად, მაგრამ ამ აჯანყების მთავარი ნაკლი უცხოეთთან ცუდი კავშირი იყო. ასე ამბობენ. და კიდევ, შიგნით ხშირი იყო გაცემა. ეს მოსალოდნელიც იყო. როცა მთელმა ქვეყანამ იცის, რომ უნდა ავჯანყდეთ და ეს მართლა იცოდა მთელმა საქართველომ, ყოველმა სოფელმა და, ცხადია, ბევრი რამ იცოდა ჩეკამაც. მაგრამ რაც ჩეკამ და ხელისუფლებამ იცოდა, მათთვის საკმარისი არ იყო. და იყო კიდევ რაღაც უცნაური სტილი წერილებით ლაპარაკისა ჩეკასა და დამოუკიდებლობის კომიტეტის წარმომადგენლებს შორის. ეს ძალიან უცნაურია დღევანდელი დღისთვის. აი, ვთქვათ, მოხდა ასეთი ამბავი: იყო ეროვნულ-დემოკრატი, ძალიან კარგი კაცი და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ამ აჯანყების მზადებისა გიორგი წინამძღვრიშვილი. ის დაიჭირეს მაშინ, როცა იარაღის პარტია ჰქონდა მზად ქაქუცასთან გასაგზავნად. მაშინ ცნობილი ჩეკისტი ეჯიბია დაეცა და დაიჭირა ამ თავისივე იარაღით. დახვრეტას არ ჩქარობდნენ, სულ უნდოდათ, რაღაც წერილები მიეწერა დაჭერილს. ჰოდა, დამოუკიდებლობის კომიტეტის სხდომაზე მოაქვთ წინამძღვრიშვილის წერილი, რაღა თქმა უნდა, შედგენილი ჩეკისტების კარნახით, რომ მე ამათ ამას და ამას მოვუყვები და ამათი პირობები კი არის ასეთი და ასეთი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პასუხი იყო ერთი: არ ვიცი, როგორც გინდა ისე დაიძვრინე მანდედან თავიო, იმიტომ, რომ ამათ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი არ იყო. ასეთი რამ ხშირი იყო. ყოველდღიური საქმე იყო საჭირო. აქეთ ძალიან ჭირდა, აღმოსავლეთ საქართველოში, ეს იყო უფრო რთული, მიუხედავად იმისა, რომ ჯარი და ჩეკა დასავლეთ საქართველოში რომ იყო, იმდენი უნდოდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, გურიაში, საქმე იყო ბევრად კარგად და უზუსტესად ორგანიზებული და როცა აჯანყება მოხდა, მაშინ გამოჩნდა, რომ ყველაზე მაგრად გურიაში მომზადებულან. სამეგრელოში და იმერეთშიაც. თუმცა იმერეთში სხვა რამ გაუგებრობა მოხდა, ოღონდ ეს სულ სხვა ისტორიაა. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა ბევრი პროფესიონალი რევოლუციონერი, რომლებიც მანამდე ოც წელიწადს ნიკოლოზას ებრძოდნენ, როგორც იმ დროის საქართველოში იტყოდნენ. აღმოსავლეთში კი პრაქტიკულ საქმეს აკეთებდნენ პროფესიონალი სამხედროები. არის ასეთი საოცარი წიგნი, „ბრძოლა სამშობლოსათვის“, რომელიც დაწერა სიმონ გოგიბერიძემ, ერთ-ერთმა რიგითმა სოციალ-დემოკრატმა. ვინ იყო ეს კაცი? ის იყო ჯერ რევოლუციონერი, მერე კარგი მოხელე დამოუკიდებელ საქართველოში, მერე კი - იატაკქვეშა ლიდერი წითელ საქართველოში. მან არაჩვეულებრივად მოამზადა აჯანყება თავისი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ - იმ ადგილას, სადაც მას ეხებოდა. როცა დამარცხდა და წავიდა ემიგრაციაში, შემოიპარებოდა ხოლმე საქართველოში ათასი საქმით. ბოლომდე არ დაუკარგავს იმედი და ბოლო შემოსვლისას, უკვე 30-იან წლებში, ჩავარდა და დაიჭირეს. ჩვენ ვეღარ ვიპოვით მის საფლავს, ეს წიგნი კი დარჩა. აი, ასეთი ხალხი აკეთებდა საქმეს დასავლეთ საქართველოში. ყველა საქმეს უხდება დროის თანხვედრა. ისე მოხდა, რომ 1924 წლის საქართველოში მზადყოფნა და აჯანყება ერთმანეთს არ დაემთხვა და გაიწელა თვეები. თვითონ მონაწილეები ამბობდნენ, რომ 1923 წლის შემოდგომისთვის სამხედრო საქმე და ყველაფერი მოგვარებული იყო. აჯანყების არსი იყო ძველქართული, როგორც ქართველების წესია - დაძახებით და ქუდზე კაცით. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ აჯანყება უნდა მოხდეს და როცა დაგვიძახებენ, უნდა მივიდეთ. ეს ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ხნავდა მიწას, ერიდებოდა წითლებს და ელოდებოდა თარიღს. მაგრამ ამბავს მარტო ერთი მხარე არა აქვს. ცხადია, აქვს მეორე მხარეც ხელისუფლება, რომელიც ასევე ძალიან მაგრად და ჭკვიანურად მუშაობდა. მთელი ამ აჯანყების დროს საქართველოში პარიზიდან მოდიოდნენ ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აჯანყების მზადების საქმეში, მაგალითად, მინისტრი ნოე ხომერიკი; ანდა პოპულარული ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი გოგიტა ფაღავა; ანდა კოწია კანდელაკი; ან თვით ვალიკო ჯუღელი. გოგიტა ფაღავა არის ის კაცი, რომელმაც პირველმა შეატყობინა საქართველოს მეფის რეჟიმის დამხობის ამბავი პეტერბურგიდან თავისი ცნობილი სახუმაროდ დაშიფრული დეპეშით: „მთავრობაძე გარდაიცვალა, შეატყობინეთ მეგობრებს და ახლობლებს“. გოგიტა ფაღავა იმავდროულად იყო ევგენი გეგეჭკორის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დისშვილი. ჰოდა, აი გოგიტა იყო ჩამოსული, ვასილ ნოდია... ბევრი ხალხი,… მოკლედ. ემისრები სულ ჩამოდიოდნენ და სულ იყო მზადება, მაგრამ საქმეც ეს იყო, რომ თვითონ ჩეკა მოქმედებდა ძალიან ჭკვიანურად და სწორად ასეთ ვითარებაში. ანუ უცაბედი დაცემით საქმეს არ იფუჭებდნენ. შეიძლება იცოდნენ, რომ სადღაც საიდუმლო კრებაა, მაგრამ არ დაეცემოდნენ. იჭერდნენ თითო-თითოდ. ასე დაიჭირეს საბრალო ფაღავაც, რომელსაც ბაქოსთან კავშირის გაბმის დროს ჩეკისტებმა წაუსწრეს, იმიტომ რომ ის აზერბაიჯანელები, ვისაც ელაპარაკებოდა, ასევე რაღაცაში იყვნენ გახვეულნი. ნოე ხომერიკიც დაიჭირეს და ბევრი სხვაც, ნაკლებად ცნობილი. სხვა საკითხია, რას ლაპარაკობდა ეს ხალხი ჯურღმულებში. ტყვეობაში ისინი იქცეოდნენ ძალიან ვაჟკაცურად. საქმე იყო, რა ხარისხის ამბავს შეიტყობდა ჩეკა შენგან, თორემ აჯანყების ამბავი იცოდა ყველამ. ჰოდა, კვლავ უნდა ვახსენოთ ერთი კაციც, რომელზეც მართლაც ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ეს იყო საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, რომელიც, როგორც თვითონ თქვა დაკითხვისას, დაბრუნდა საქართველოში აჯანყების სამეთაუროდ. რა კაცი იყო ვალიკო ჯუღელი? ერთ დროს ბოლშევიკი, მერე მენშევიკი, ის იყო ძალიან უშიშარი კაცი, თავზე ხელაღებული, რევოლუციური რომანტიკით სავსე, არცთუ ძალიან შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი. დამოუკიდებლობის წლებში ის მონაწილეობდა ყველა სამხედრო კამპანიაში თავის სახალხო გვარდიასთან ერთად. სამწუხაროდ, ახლა არ არის ადგილი იმისა, რომ ავხსნა, რა იყო სახალხო გვარდია. მოკლედ კი, ეს არის მენშევიკების პირადი ჯარი, რევოლუციური სახალხო გვარდია. მანამდე წითელი იყო და მერე სახალხოდ მაინც გადააკეთეს. გვარდიაში ბევრი ღირსეული ადამიანი იყო და ბევრი ძალიან საინტერესო კაცი, მაგრამ ეს ყოველგვარ ორგანიზაციას და ხშირად საღ აზრს მოკლებული დაწესებულება იყო და სარდლად ჰყავდა ვალიკო ჯუღელი, რომლის წიგნი - „მძიმე ჯვარი ანუ სახალხო გვარდიელის ჩანაწერები“ - ადრეც ვახსენე. იქ ვალიკო აღწერს თავის სამხედრო გმირობებსა და ფატალიზმს. ვთქვათ ლაშქრობა ქურთასა და ყორნისზე, როცა ოსებმა წითელი ოსეთი გამოაცხადეს და პირველად გამოეყვნენ საქართველოს. სამჯერ გამოაცხადეს ბოლშევიკური ოსეთი და ბოლოს შევიდა ჯუღელი. დღემდე იხსენებენ იმიტომ რომ მან რამდენიმე სოფელი გადაწვა და თავის დღიურებში უწერია ყოვლად სულელურად, რომ როცა ვუყურებდი, სოფლები როგორ იწვოდაო, ვხვდებოდი, რას გრძნობდა ნერონი რომის ხანძრისასო... ამ გაქანების კაცი იყო. რომის მასშტაბი ელანდებოდა. ბევრი ასეთი ეპიზოდი აქვს თავის წიგნში. ერთი ასეთია, რომ პატარა გემით მოცურავენ სოხუმთან გვარიან ღელვაში და ყველა განიცდის, გადარჩება გემი თუ არა, ვალიკო კი შედის და კაიუტაში იძინებს. ჯერ შავი ზღვის ნაპირზე რა ღელვა უნდა იყოს ისეთი, რომ გემი ასე უკანმოუხედავად ჩაიძიროს, მერე კიდევ…, ეჰ, უშიშარი კაცი იყო ვალიკო ჯუღელი, ცნობილი. დატანჯული ჰყავდა ქართველი გენერლები, თუ რამე არ მოეწონებოდა და არაფერს აცლიდა. ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი იყო, რომელიც, ილია რომ მოკლეს, არ აღშფოთდა. ცნობილი გამოთქმა სოციალ-დემოკრატებისა, სადაც ხეს ჭრიან, იქ ნაფოტიც ცვივაო, ხან ნოე ჟორდანიას მიეწერება, ხან კი სწორედ ვალიკოს, რომელსაც თითქოს სტუდენტურ კრებაზე შეეყვიროს ესა. ის მაინც იყო რევოლუციური „ბრავადით“ სავსე კაცი და შიში მართლაც არა ჰქონდა. ძალიან სიმპათიური იყო გარეგნულად. იმერელი კაცი, ახალგაზრდა, მხნე და ყველა საქმეში მონდომებით ჩამრთველი, მაგრამ მასთან ლაპარაკი და სახელმწიფო საქმის გარჩევა იყო უბედურება. რომ წარმოვიდგინოთ, იქითა მხრის სერგო ორჯონიკიძე შეიძლება დავარქვათ. რაღაც ამბავში, რა თქმა უნდა. და ალბათ ასევე ძნელი იყო მასთან ლაპარაკი იმ საბრალო დამოუკიდებლობის კომიტეტის სხდომებზეც, რომლებსაც ის ესწრებოდა და იძახდა ალბათ ისევ, „სახალხო გვარდია“, თუმცა მან, საბრალომ, ერთი ათად გადაიხადა ეს ყველაფერი, მოკვდა გმირივით, მეტიც, მოწამესავით. ჯუღელი დაიჭირეს. 6 აგვისტოს. ამ დროს ვითარება ისეთი იყო, რომ, 15-16 აგვისტოს აჯანყება უნდა დაიწყოს და ამისთვის ბევრგან ყველაფერი მზადაა. ქაქუცა ყოველთვის ითხოვდა, ნუ გადაწევთ, ნუ გადაწევთ, მე ვიცნობ აღმოსავლეთ საქართველოში გლეხის შეგნებას, სანამ მოსავალს არ დააბინავებს, სანამ ყურძენს არ დაკრეფს, სანამ ღვინოს არ მიხედავს, არ მოვა. ან უნდა მოვიდეს ამ საქმემდე გვარიანად ადრე, ან შემდეგ. არადა, გლეხები არიან. აჯანყება - ეს არის მთავარი ძალა, რომელიც ბოლომდე ენდობა მეთაურებს და თან კი აქვთ მონდომება კი არა და, საერთოდაც გმირული განწყობა. 6 აგვისტოს, გაღმიდან საბურთალოს მხარეს ბორნით გადამავალი ჯუღელი დაიჭირეს. ამბობენ, რომ ქალთან ერთადაც იყო და საიდუმლო კრებაზეც მიდიოდაო. დაიჭირეს და იქვე მიიყვანეს პლეხანოვზე, რკინიგზელთა სახლში. ჩეკას შეეძლო ეამაყა ამით. მთავარი უბედურება კი ის იყო, რომ ჩეკისტებმა პირველივე საღამოს იოლად დააჯერეს ჯუღელი, რომ ყველამ ყველაფერი იცის. მას კითხავდა გამომძიებელი მოროზოვი, რომელმაც - ამ ამბებზე თავს ვერავინ ვერ დადებს, რა იყო და როგორ იყო - ალალბედზე უთხრა: ჰა, 10 დღეში იწყებთ აჯანყებას? და ამან ჯუღელზე მოახდინა სრულიად გამანადგურებელი შთაბეჭდილება, ისე რომ, მან ცხადლივ დაინახა, რომ ეს აჯანყება სისხლის ტბების მეტს არაფერს მოიტანს, რადგან ყველაფერი იცოდნენ. ჯუღელმა ძალიან ვაჟკაცური რაღაცეები ითხოვა, თუმცა იმის ალღო მაინც არ ეყო, რომ არდასაჯერებელი არ დაეჯერებინა. ვინ გაამტყუნებს? ვერავინ. იქ მოხვედრილი კაცის გამტყუნება არ გამოვა. მან ჯერ ითხოვა, წერილი მიმაწერინეთო, რაზეც უარი მიიღო. მერე თქვა, ისეთი საწამლავი დამალევინეთ, რომ თანდათან მომკლას და გამიშვით, ვნახავ მეთაურებს და გავაფრთხილებ, რომ არ ღირსო. ეს ყველაფერი ოც დღეზე მეტს გრძელდება. ამაზეც უარი უთხრეს. ძალიან მძიმე იყო იქ, ჩეკაში. ერთმა კარგმა ანდრონიკაშვილმა, უკვე მერე, კედლიდან ლურსმანი გამოაძრო და ის დაარტყა ყელში გამომძიებელ შუხმანს. ჯუღელმა კოვზით გადაიჭრა ვენები. დახვრიტეს შემოდგომაზე, აჯანყების შემდეგ. სადაც ახლა ვაკის კიდეა, იქ ხვრეტდნენ ხევში და იქ სიტყვა თქვა სიკვდილის წინ და როგორც ამბობენ, იყო ვიღაც ჩეკისტი, გვარად ზარგინავა, რომელიც კარგა ხანს, აგერ 70-იან წლებამდე ცოცხალი იყო და მან იცოდა ეს სიტყვა ზეპირად, იმიტომ რომ ესწრებოდა დახვრეტას. ეს ძალიან რომანტიკული და გმირული ამბავია, მაგრამ თვითონ აჯანყებისთვის ამ საქმეს კარგი არაფერი მოუტანია. სააჯანყებო სურათი ასეთი იყო: მთლიანად დასავლეთ საქართველო, როგორც იტყვიან, სანერვიულო არ იყო. ბათუმის გამოკლებით. გეგმით, ორი მთავარი ქალაქი აჯანყებისთვის იყო ბათუმი და თბილისი. სხვაგან ყველაფერი ბევრგან ბრწყინვალედ იყო. მაგრამ ბათუმისა და თბილისის ამბავი ჩავარდა და აჯანყებაც ჩავარდა. ბათუმშიც ჩეკისტებმა იყოჩაღეს, ადრევე გაანადგურეს იატაკქვეშა ცენტრი. თბილისში კი საქმე ბევრად რთულად იყო. მოკლედ, 1-დან 6 აგვისტომდე სააჯანყებო ვითარება იყო ძალიან ხელსაყრელი. იმიტომ რომ აჯანყებულებმა იცოდნენ: რაც საქართველოში ქვემეხი და ზარბაზანია, სულ 120 ერთეული, მიტანილია და დგას ვაზიანში, ანუ მათ ძებნა არ სჭირდება და მათგან ხიფათი ნაკლებად მოსალოდნელია, თუ ჭკვიანურად დაარტყამ საჭირო ადგილას. მეორე ამბავი ის იყო, რომ წითელი ჯარი იწყებდა მანევრებს სწორედ აგვისტოში და დაიწყო კიდეც ეს მანევრები, რაც აწყობდათ, ვთქვათ, აჯანყებულებს, მაგრამ ჯუღელის დაჭერის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. ხელისუფლებამაც ბევრი რამ შეიტყო და ბევრი გაკეთდა, ჯარი უკან დაბრუნდა, გზებზე კონტროლი გამკაცრდა და ასე შემდეგ. ვითარება უკვე წამგებიანი იყო და ამ ვითარებაში დამოუკიდებლობის კომიტეტი ამბობს: თარიღი უნდა გადავწიოთო. ამბავი ყველას უნდა შეატყობინო, თან დასავლეთ საქართველოში უკვე გადაცემულია პირველი გეგმა და კავშირები გაიშვიათებულია, ძალიან ძნელია თითოეულ ცენტრთან დაკავშირება. უნდა გადავწიოთ ორი კვირით მაინც. ერთი თარიღი იყო 9 აგვისტოც. ეს არ მოეწონა არც ერთ მეთაურს, ვინც ტყეში იყო და ვისაც რეალურად ჰქონდა ხალხთან შეხება და ვისი გამოსაყვანიცაა ხალხი. ქაქუცა ჩოლოყაშვილთან თუნდაც ორმოცდაათი კაცი ყოფილიყო, მას ხუთასი სჭირდებოდა. ეს ორმოცდაათი მეთაურებად თუ ეყოფოდა. ნაცადი ხალხი. ასე იყო სხვაგანაც და ამან ძალიან დასცა მეთაურების განწყობა. ჯუღელის დაპატიმრების შემდეგ სულ იყო ორჭოფობა, აბა, საერთოდ დავიწყოთ, თუ არ დავიწყოთ, მარა საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილი იყო, რომ დაეწყოთ. სპირიდონ ჭავჭავაძე უკვე დანიშნული იყო მთავარსარდლად და ის ქაქუცასთან ბანაკშიც გავიდა უკვე, როგორც მთელი ქართული აჯანყების მეთაური. ყველაფერი კეთდებოდა წესების სრული დაცვით. მთავარსარდალს უნდა ჰყავდეს შტაბი, ადიუტანტები და ეს ყველაფერი იყო ორგანიზებული, მაგრამ წარმოიდგინეთ, მეთაურებმა იციან, აღმოსავლეთ საქართველოში ვითარება არის ძალიან არასასურველი. მიუხედავად თარიღის დაუდგენლობისა, ხალხი ჯერ კიდევ იწევს. ამ გაწევამ 20 რიცხვამდე გასტანა. ალექსანდრე კარგარეთელის მოგონებაა: ის იყო 16-17 წლის და სოფელ კავთისხევში იყო დასასვენებლად ზაფხულის არდადეგებზე. ჰოდა, მეზობლის ბიჭმა უთხრა საიდუმლოდ, აჯანყება იწყებაო. 14-15 აგვისტოს ამბავია. აჯანყება იწყება და რა ვქნათო. რა უნდა ვქნათ, უნდა ჩავებათო და შეიკრიბა ხუთი ბიჭი, გავიდნენ მეკავშირეზე, ნახეს ეს მეკავშირე, მასთან ერთად იარეს უამრავი და მივიდნენ დიდგორზე. იქ დახვდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვებიც, ევროპულად ჩაცმული ხალხი, მათ შორის შალვა ამირეჯიბი და კოტე ანდრონიკაშვილი და ქაქუცამ ერთი გადმოხედა და ეს ბავშვი სადღა წამოგიყვანიათო, ჩემზე უთხრაო. მაგრამ ეს ბავშვი ბოლომდე იყო იქა და მერე მოახერხა და გავიდა მათთან ერთად საზღვარგარეთ, უკვე დამარცხებული აჯანყების შემდეგ. ანუ ხალხს ჯერ უნდოდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ შეიქნა სულ სხვა ვითარება. პოლკოვნიკი ცაგურია, რომელიც დაძრწოდა ქართლის სოფლების გარშემო და ელოდა 200-300 კაცს, იმიტომ რომ ციფრები ყველა მხრიდან იყო ძალიან იმედის მომცემი აგვისტოს დასაწყისში, ბოლოს თავისი ათი კაცით დარჩა. ხუთჯერ განაიარაღა მილიციელები, აგროვებდა ამ თოფებს, მაგრამ რისთვის აგროვებდა? ათი კაცით რა ექნა? ძალიან კარგად იყო ორგანიზებული თვითონ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ლაშქარაშვილის რაზმები, მარა ერთხელაც ვერ მოხერხდა, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ. სულ ეუბნებოდნენ, გადი, ქალაქთან ახლოს არ მოხვიდე, იმიტომ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყება ვერ დაიწყო ისე, როგორც უნდა დაწყებულიყო. ამ დროს უკვე ცნობებია: ქუთაისიც ვერ აიღეს, მიადგნენ და უკან დაბრუნდნენ, იმიტომ რომ იქ აღმოჩნდა დათვლილზე ბევრი წითელი ჯარი. ერთი ტრაგი-კომიკური მომენტი ამ აჯანყებისა ის იყო, რომ ერთადერთმა ადგილმა საქართველოში, ერთადერთმა ქალაქმა დაიწყო აჯანყება ერთი დღით ადრე. ეს ყველაფერი უნდა დაწყებულიყო მარიამობას, ღამის 2 საათზე, მაგრამ 24 საათით ადრე აჯანყება დაიწყო ჭიათურაში. ეს ძალიან ბნელი ისტორიაა. ეს არ არის მარტო ის, რომ ქართველურად ვიღაცეებს აერიათ და ერთი დღით ადრე გამოცვივდნენ ქუჩაში ძველი აზნაურები და აფიცრები. ამ დღეს გაიტანეს ჭიათურის მარგანეცის სალარო. რამდენიმე ახალგაზრდა კაცმა ქნა ესა. თუ არა ვცდები, მერე უკვე ქაქუცა ჩოლოყაშვილი ამ ახალგაზრდა კაცებს შეხვდა თურქეთში, სადაც ისინი მზეზე აშრობდნენ დასველებულ ბანკნოტებს. კაცმა არ იცის, ეს წიგნებშიაც კი ჭორად არის, თუმცა რამდენიმე ამათგანის ვინაობაც ცნობილია. მაგრამ ეს უბრალო დამთხვევა იყო. ეს ახალგაზრდები თავის დასაცემ საქმეზე იყვნენ იქა, თუ თავიანთი საქმე განგებ ჩააბეს აჯანყებას, ვინ იცის. ასე იყო თუ ისე იყო, უცბად გავარდა ამბავი, რომ ჭიათურაში დაიწყო აჯანყება და შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სადაც გაიგეს ეს ამბავი, მეორე დილითვე ყველგან დაიწყეს. ამ დროს კი უნდა მოეცადათ, რომ ერთ დროს, ერთ წუთს და ერთ საათს დაწყებულიყო. და რა მოხდა აღმოსავლეთ საქართველოში? აქ მთავარი იყო, ხალხი რომ მოვიდოდა, დაარტყამდნენ თბილისს. ჭავჭავაძესაც ასეთი გეგმა ჰქონდა და ქაქუცამაც იტრიალა თბილისის გარშემო. მანამდე იყო მანგლისის ყაზარმების შტურმი, მერე ავიდნენ ისევ დუშეთისკენ და ვერ აიღეს. მოკლედ, დიდი უთავბოლობა იყო გარშემო, მაგრამ აშკარა იყო ერთი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ინიციატივა იყო ხელისუფლების ხელში, ანუ ბოლშევიკები კარნახობდნენ ვითარებას. შენ რომ მოძრაობას გააკეთებდი, ისინი წინ გხვდებოდნენ, რაც არ იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც გაძლეს და სანამდე გაძლება იყო, გაძლეს და მერე უკვე ყველანაირი აზრი დაკარგული ჰქონდა და შეწყვიტეს. რა უბედურებაც მოაყოლეს ამას და რაც დატრიალდა, ყველამ იცის. სერგო ორჯონიკიძე პოლიტბიუროზე რომ გამოდიოდა, იქ თქვა, კი, ცოტა მეტი მოგვივიდაო. ტროცკიმ ჰკითხა: როცა იქ მენშევიკების მთავრობა იყო, მენშევიკები გხვრეტდნენო? დასცინა. მაგრამ რის მენშევიკი?! ანადგურებდნენ ქვეყანას მთლიანად. ხვრეტდნენ და ხვრეტდნენ. ვის - საქმისთვის, ვის - გარეგნობის და ვის - გვარიშვილობის გამო. სწორედ ამ აჯანყების დღეებში, სექტემბრის პირველ რიცხვებში გაჩნდა გაზეთებში ჯუღელის წერილი, რომელიც მანამდე არაფრით არ გამოაქვეყნეს: გაჩერდით, ყველაფერი იციანო. სისხლი უკვე ბევრი იყო და აი, მაშინ გამოაქვეყნეს ეს წერილი. აქაოდა და ამ წერილს, რა თქმა უნდა, სიები, სიები მოჰყვება, რომ ვინც მეტეხშია, იმათ უკვე ხვრეტენ და დანარჩენი დასაჭერია. ჰო! ყველაზე კარგი რა იყო ამ აჯანყებაში - არსად, ძალიან ბევრი სოფელი და ქალაქი აიღეს აჯანყებულებმა და არსად ერთი წითელიც კი არავის დაუხვრეტია, არავინ! ბევრნი გარბოდნენ, სხვები კი იმდენად საცოდავები იყვნენ, რომ ოთახებში ჰყავდათ ჩაკეტილი და საჭმელს უდგამდნენ. ეს იყო ამ აჯანყების კარგი, ქართველური ამბავი. სხვანაირად კი, ძნელი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცუდ დროს დაიწყო. წაგებული საქმე იყო. მერე ქაქუცა ერთხანს შიომღვიმეში იყო, ისევე როგორც ეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები. მერე მოიხსნა იქიდან და ავიდა მთებში, იქ, სადაც ყოველთვის ჰქონდა ბინა და სადაც ყოველთვის კაცურად შეინახავდნენ და იქ კი, შიომღვიმეში, დაიჭირეს ყველანი, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, კოტე ანდრონიკაშვილის მეთაურობით. ეს კარგი ხალხი იყო. საქართველოში პარტიებს ხომ სძულდათ ერთმანეთი. ჰოდა, მენშევიკები ამბობდნენ კოტე ანდრონიკაშვილზე, რომელიც მენშევიკი იყო, ეგ რა მენშევიკია, ეროვნულ-დემოკრატების მხარეს არისო და ეროვნულ-დემოკრატები ამბობდნენ დამკომის სხვა წევრზე, იასონ ჯავახიშვილზე, ეგ მენშევიკების მხარეს გადასულაო. ანუ დამკომის წევრები სწორად მუშაობდნენ და საქართველოს საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოდგა. არის საშინელი კარიკატურა ამ დატუსაღებისა. გაზეთ „კომუნისტშია“ დაბეჭდილი. შიომღვიმის მონასტრის გალავანთან გასუქებული მღვდლები და ბანდიტის სახიანი ადამიანები დგანან და წითელარმიელები მათ ამარცხებენ. ყველანი დახვრიტეს. სპირიდონ ჭავჭავაძემ გააღწია ქაქუცასთან ერთად. მიუხედავად მთელი ამ წაგებული საქმისა, მოხდა ეგეთი ცნობილი ამბავი: ხელისუფლება უკვე ითვლიდა გზებს, რომელი რაზმი საით მიდიოდა. გამოცნობადი იყო ქაქუცას გზაც. და მოხდა ხევგრძელზე ომი. რაზმელები ტყეში გაჩერდნენ დასასვენებლად და 15 წუთში ატყდა სროლა. წითლები ბევრნი იყვნენ, ორი მხრიდან იყო შეტევა, ზარბაზნებსაც კი გვესროდნენო. ჰოდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გააკეთა ძალიან მახვილგონივრული სვლა და რაზმელები იგონებენ, გორაკს შემოგვატარა და ისე მოხდა, რომ კომუნისტების ქვემეხი ქაქუცას დადევნებულ კომუნისტებსვე ესროდაო. ჩვენ სამშვიდობოს გავედით, მათ კი ერთმანეთი ახოცვინაო. სპირიდონ ჭავჭავაძემ უთხრა ქაქუცას, შენ ნაპოლეონი ყოფილხარო. კი ამბობდნენ მანამდე, ბევრი ამბობდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყოს სარდალიო, მაგრამ დამოუკიდებლობის კომიტეტში არ დაეთანხმნენ და სპირიდონ ჭავჭავაძე იყო თვითონ ქაქუცას კანდიდატურა. რაც აჯანყებას მოჰყვა და რა დღეშიც საქართველო ჩავარდა, მტერსაც ვერავინ უსურვებს, მაგრამ ის არ არის სწორი, რომ თითქოს კომუნისტებმა რეპრესიები აჯანყებას მოაყოლეს. მთელი ეს სამი წელიწადი იყო ხვრეტა და უბედურება, ეგზეკუციები და რა აღარ. გურიის ამბავი რად ღირს მარტო, ეს ობოლაძისა და ტალახაძის ცნობილი საეგზეკუციო რეჟიმები. ხალხი საშინელ დღეში იყო. ყველაზე მტკივნეული მომენტები ამ ისტორიაში რა იყო იცით? ეს ადამიანები ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ. მაგალითად, ობოლაძე ოჯახებს რომ არბევდა გურიაში, იმ ოჯახებში როგორც რევოლუციონერი, ტერორისტი და ბანდიტი, 10-15 წლით ადრე თვითონ ინახავდა თავს. ეს იყო ძნელი, თორემ იმ ეპოქის სისასტიკე ცნობილია. გასაგებია, რომ შეშლილი ადამიანები რაღაცას აკეთებენ და რაღაცის საძირკველს ქმნიან და ამიტომ ხოცავენ ყველას და ყველაფერს. მაგრამ საქართველოში შენიანის და სხვისიანის გარჩევა რომ აღარ არის, რაღას უნდა მოელოდეს კაცი. ყველა ქართველი ბოლშევიკი არ იყო ეგეთი. ის საბრალო აჯანყება იყო. უბრალოდ, დრო იყო ცუდი და ქართველებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ჯერ ღვინო დაებინავებინათ და მერე მიეხედათ სამშობლოსთვის. ბევრმა, ყველამ კი არა. ვინც არ გადაწყვიტა და ისინი ან შეაწყდნენ, ან როგორღაც გაასწრეს. მერე იყო სხვა საქართველო. საერთოდ სხვა. ეს ბოლო ნამდვილი საქართველო იყო, რაც მოხდა. თუ ვეძებთ იმ საქართველოს, იმის ამბავი ასე იწყება: რომელმან შექმნა სამყარო...… გრძელია და ეგებ საზეპიროდ მოსაწყენიც. მეორე, უფრო იოლი, ასე მოისმის: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა, ერი გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა, შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა…...“ ეს გრიგოლ ორბელიანმა თქვა, რუსის გენერლად რომ მოვიხსენიებდი მთელი ამ ნაწერის სიგრძეზე. მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა.…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:57pm on დეკემბერი 21, 2016
თემა: ჯონ გოლზუორთი - ფორსაიტის ხსნა
ტყუპისცალმა ძმამ ყურზე ხელისგული მიიფარა. – არ მესმის შენი ნათქვამი. მეუბნებიან, უნდა იმკურნალოო. ყოველთვის რაღაც არის სამკურნალო – ემილიც მკურნალობდა! სუითინმა მიუგო: – ძალიან ჩიფჩიფებ. მე ჩემი ფარეშის, ადოლფისა, მესმის. თვითონვე გავწვრთენი... სასმენი ბუკი უნდა იქონიო. ერთობ დაჩამიჩდი, ჯეიმზ. დუმილი ჩამოვარდა. მერე, თითქოს გამოცოცხლდაო, ჯეიმზ ფორსაიტმა შენიშნა: – მგონი, ანდერძი უკვე შედგენილი გექნება. ალბათ შენი ქონება ოჯახს დაუტოვე – აბა, სხვა ვინ გყავს, რომ დაუტოვო! ამას წინ დენსონი გარდაიცვალა და თავისი ქონება საავადმყოფოს უანდერძა. სუითინს თეთრი ულვაში აეჯაგრა. – ჩემმა ტუტუცმა ექიმმა მითხრა, ანდერძი დაწერეო, – თქვა მან. – ჭირივით მეჯავრება, ვინც მირჩევს, ანდერძი დაწერეო. მადა კარგი მაქვს. გუშინ საღამოს კაკაბი გეახელი, უფრო და უფრო მინდა ჭამა. ექიმმა მითხრა, შამპანურს თავი დაანებეო! ჩინებულად ვისაუზმე. ჯერ ოთხმოცისაც არა ვარ, შენც ჩემი ხნის ხარ, ჯეიმზ, მაგრამ ძალიან კი შეიფერთხე! ჯეიმზ ფორსაიტმა თქვა: – სხვასაც უნდა ჰკითხო რჩევა, ბლენკი მოიწვიე – ახლა პირველი კაცია, ემილისთვის მომყავდა; ორასი გინეა დამიჯდა. ჰომბერგს გაგზავნა, ახლა ეგეც პირველი ადგილია. პრინციც იქ ბრძანდებოდა... ყველა იქ დადის. სუითინმა მიუგო: – ახლა გარეთ ვეღარ გამოვდივარ და ღამით კარგად არ მძინავს. მერე ახალი ეტლი მაინც არ მეყიდა და ისიც რა ძვირად! შენ ბრონქიტი არასოდეს გქონია? მეუბნებიან, შამპანური საშიშიაო; მე კი დარწმუნებული ვარ, უკეთესი არაფერია. ჯეიმზ ფორსაიტი წამოდგა. – შენ მაინც სხვასაც უნდა ჰკითხო რჩევა. ემილიმ სიყვარულით მოგიკითხა. შემოვლა უნდოდა, მაგრამ „ნიაგარაში“ იყო წასასვლელი. ყველა იქ დადის. ეგ არის ახლა მთავარი ადგილი. რეიჩელი ყოველ დილით დადის. ამდენს ვეღარც გაუძლებს და ალბათ მალე ჩავარდება ლოგინად. ამაღამ იქ მასკარადი იმართება. დუკა დაარიგებს ჯილდოებს. სუითინ ფორსაიტმა გაჯავრებით წარმოთქვა: – აქ ვერც ერთი საჭმელი რიგიანად ვერ გავაკეთებინე! კლუბში ისპანახი მაინც ჩინებული იციან. ფეხების ცახცახზე საბანიც უტოკავდა. ჯეიმზ ფორსაიტმა სიტყვა ჩამოართვა: – კარგად მოიგებდი ტინტორეტოს სურათებში. ბლომად დაგრჩებოდა ფული. მიწებიდანაც ცოტა არ შემოგივა. იმდენი გექნება, რომ აღარ გეცოდინება, რა უყო. ამ სიტყვებზე პირი გააწლაპუნა, თითქოს ნერწყვი მოადგაო. სუითინ ფორსაიტმა თვალები გადმოუბრიალა. – ფული! – შესძახა მან. – ჩემს ექიმს უამრავი მიაქვს! ჯეიმზ ფორსაიტმა ცივი, სველი ხელი გაუწოდა. – მშვიდობით! მაინც სხვასაც ჰკითხე რჩევა, ცხენებს დიდხანს ვერ გავაჩერებ – ახალი წყვილი მყავს; სამასი დამიჯდა. თავს უნდა გაუფრთხილდე. ბლენკს მოველაპარაკები შენზე, უნდა მოიწვიო – ყველა ამბობს, პირველი კაციაო. მშვიდობით! სუითინ ფორსაიტს თვალი კვლავ ჭერისთვის მიეშტერებინა; გაიფიქრა: „რა საცოდაობაა ჯეიმზი! თავკერძა გლახაკი! ალბათ ორასი ათასი მაინც ექნება!“ ქოშინით სუნთქავდა. წუთისოფლის ფიქრებმა წაიღო... იგი ავადმყოფი და ეული გახლდათ. მრავალ წელს იყო ეული, ამ ორ წელიწადს კი სენმაც დარია ხელი. მაგრამ როგორც თავისი პირველი სიგარა მოსწია ბოლომდე, ასევე გაატარებს თავის სიცოცხლესაც – მტკიცედ და ქედმოუხრელად, ბედისწერისგან განკუთვნილ აღსასრულამდე. ყოველ ცისმარე დღე დადიოდა კლუბში ზამბარიანბალიშებიანი ჩინებული ეტლით. ცოტა წინ წამოწეულს ხელები მუხლებზე ეწყო. უცნაურად ზვიადი იერი ჰქონდა და ოდნავ ირწეოდა. ავიდოდა მარმარილოს დარბაზში. ღაბაბის ნაკეცები საყელოში ჰქონდა ჩაჭედილი და გაჯგიმულად მიდიოდა ჯოხით. შემდეგ ისადილებდა, ყინულიან ვედროში ჩაცივებულ შამპანურის ბოთლს ამოფარებული, პირის ტკბარუნით, დიდრაჯულად შეექცეოდა – ჟილეტზე ხელსახოცი ეფარა და ფარეშს ან ოდნავ უბრიალებდა თვალებს, ან არადა აშტერდებოდა. არასოდეს მოუდრეკია ქედი ან ზურგი, ვინაიდან ურიგო იყო ასე მოქცევა. რაკი მოხუცი და დაყრუებული გახლდათ, არავის ელაპარაკებოდა. არც არავინ ეკონტაქტებოდა. კლუბის ჭორიკანა, ირლანდიელი, ყველა ახალმოსულს ეუბნებოდა: – მოხუცი ფორსაიტი! ერთი შეხედეთ! ალბათ ცხოვრებაში რაღაცამ ძალიან გაამწარა! მაგრამ სუითინს არაფერი შეხვედრია თავის ცხოვრებაში ისეთი, რომ გაემწარებინა.        ახლა კარგა ხანია იწვა ლოგინში; სიგარის სუნით გაჟღენთილსა და ვერცხლით, ალისფრითა და ელექტროშუქით აელვარებულ-გაჭახჭახებულ ოთახში ფარდები ჩამოეშვათ, ცეცხლი ღუოდა, საწოლის გვერდით მაგიდაზე ქერისნაყენიანი სურა და „ტაიმსი“ იდო. სცადა წაეკითხა; ვერ შეძლო და კვლავ ფიქრებში გაერთო. მის ოთხკუთხნიკაპიანი სახე ბალიშში ჩასმულ თეთრი ტყავის ნაჭერს მიაგავდა. რა მარტო იყო! ოთახში რომ ქალი ყოფილიყო, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა! მერედა რატომ არ შეირთო ცოლი? მძიმედ ამოიხვნეშა და გომბეშოსავით მიაშტერა თვალი ჭერს. მოგონებამ აუშალა ფიქრები. ეს გახლდათ დიდი ხნის – ორმოცზე მეტი წლის წინ. მაგრამ თითქოს გუშინ იყო...         ეს მოხდა მაშინ, როცა იგი ოცდათვრამეტი წლის იქნებოდა და ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მოგზაურობდა კონტინენტზე, ტყუპისცალ ჯეიმზსა და ვინმე ტრეკერთან ერთად. გერმანიიდან ვენეციას მიმავალმა ზალცბურგის სასტუმრო „ოქროს ალპებში“ ამოყო თავი. აგვისტო იწურებოდა და ღვთაებრივი ამინდი იდგა: დღისით კედლებზე მზის შუქი და სუროს ფოთლების ჩრდილი ციაგობდა, ღამღამობით კი – მთვარის შუქი და კვლავ სუროს ფოთოლთა ჩრდილები. სუითინმა სხვათა რჩევას ყური არ ათხოვა და უარი თქვა ციხე-დარბაზის მონახულებაზე. მთელი დღე მარტოკა იჯდა თავისი საწოლი ოთახის სარკმელთან, სიგარას სიგარაზე ეწეოდა და ქირდვით გასცქეროდა გამვლელთ. მოწყენილობამ ნასადილევს ქუჩაში გამოაგდო. მკერდი მტრედის ჩიჩახვივით გამოებერა და მტრედისებურივე რაღაც ცივი და დაკვირვებული თვალით მედიდურად მიალაჯებდა; ეჩოთირებოდა მხედრული მუნდირების სიხშირე, რაც უმაქნისადაც ეჩვენებოდა და შეურაცხმყოფლადაც. მისი ზაფრიანობა კიდევ უფრო გააღრმავა უცხოელთა ბრბომ, რომელიც გაუგებარ ენაზე რატრატებდა, პირი შებანჯგვლული ჰქონდა და მყრალ თამბაქოს ეწეოდა. „უცნაური ხალხია!“ – გაიფიქრა მან. კაფედან გამომავალმა მუსიკის ხმამ მიიზიდა. შევიდა. ბუნდოვნად უღიტინებდა რაიმე თავგადასავლის გადაყრის სურვილი; ოღონდ ისე კი, რომ თავგადასავლის ჩვეულებრივ უსიამო შედეგს არ შეეწუხებინა. თან ეგებ ნასადილევის ავი სულიც უბიძგებდა. კაფე წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ლუდხანა გახლდათ. ორივე ბოლოში კარი ჰქონდა და ხის უზარმაზარი ფარანი ანათებდა. ვიწრო ბაქანზე სამი მევიოლინე უკრავდა. ხალხი სათითაოდ ან ჯგუფ-ჯგუფად შემოსხდომოდა თორმეტიოდე მაგიდას. ფარეშები დაქროდნენ მათ შორის და თასებს ავსებდნენ. ჰაერში თამბაქოს ბუღი იდგა. სუითინი ჩამოჯდა. – ღვინო! – ბრძანა პირქუშად. გაკვირვებულმა ფარეშმა ღვინო მოართვა. – აქ! – იმავე მრისხანე სახით უბრძანა მან. ფარეშმა დაუსხა. „ოჰო! – გაიფიქრა სუითინმა, – როცა ნებავთ, ესმით კიდეც“.       იქვე ახლოს ოფიცრების ჯგუფი ხორხოცობდა. სუითინმა მათ ამრეზით შეხედა. თითქმის მის ყურთან ჩუმი ხველა გაისმა. მხარმარცხნივ ვიღაც კაცი იჯდა, იდაყვები ჟურნალის კიდეებისთვის დაებჯინა და კითხულობდა. გამხდარი ბეჭები ყურებამდე აწეწოდა. თხელი, მოგრძო, ნესტოებში გაგანივრებული ცხვირი ჰქონდა; მუქი წაბლისფერი, მარაოსავით გაჩეჩილი წვერი მკერდზე ეფინა; სახეზე, რაც კი უჩანდა, ძველებური ეტრატის ფერი ედო, უცნაური, შლეგი და თან ამპარტავანი ვინმე უნდა ყოფილიყო! სუითინს ცოტა უსიამოდ ეცა თვალში მისი ტანსაცმელი – ჟურნალისტის ანდა მოხეტიალე მსახიობისას ჰგავდა. მაინც მიიქცია მისი ყურადღება, ესეც საკვირველი იყო. როგორ შეიძლებოდა მისი გულისყური მიეპყრო ასეთ სამოსიან ვიგინდარას! კაცმა გაიწოდა შავი ბანჯგვლიანი ხელი და მოჰკიდა თასს, რომელშიც მუქი სასმელი იდგა. „ბრენდი!“ – გაიფიქრა სუითინმა. წაქცეული სკამის ჯახანმა შეაკრთო – მისი მეზობელი წამოდგა. იგი უზომოდ მაღალი, ოღონდ ძალიან გამხდარი კაცი აღმოჩნდა. ვეება წვერი თითქოს იღვრებოდა მისი პირიდან. თვალებს უბრიალებდა ოფიცერთა ჯგუფს და ლაპარაკობდა. სუითინმა ორი სიტყვა გაარჩია: – „ძაღლებო! გერმანელო ძაღლებო!“ „გვარიანი მაგარი ნათქვამია!“ – გაიფიქრა მან. ერთი ოფიცერი წამოხტა და ხმალი იშიშვლა. ახმახმა სკამს წამოავლო ხელი; ირგვლივ ყველანი წამოცვივდნენ და შემოეხვივნენ მას. ახმახმა შესძახა: „მადიარებო, ჩემკენ!“ სუითინს გაეღიმა. ასე უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული აყლაყუდა ძალაუნებურად აღტაცებას იწვევდა. ერთი წამით თავშიაც კი გაუელვა, მივეშველებიო. მაგრამ იფიქრა, „ცხვირის გატეხის მეტს ვერას გამოვრჩებიო!“ და მყუდრო კუთხეს დაუწყო ძებნა. სწორედ ამ დროს შიგ ყბაში მოხვდა ნასროლი ლიმონი. იგი წამოვარდა ზეზე და მიაშურა ოფიცრებს. უნგრელმა, სკამს რომ იქნევდა, მადლიერი თვალით გადმოხედა. საკუთარი ვაჟკაცობით აღტაცებული სუითინი ერთი წამით გაიბადრა, მაგრამ ვიღაცის ხმალმა გაუკენწლა მკლავი და მყის აიყარა გული უნგრელზე. „ეს კი მეტისმეტია“, გაიფიქრა მან; აიტაცა სკამი და ფარანს ესროლა. გაისმა ჭახანი – სახეები და ხმლის პირები გაუჩინარდა. გაჰკრა ასანთს, მიაშურა კარს და თვალის დახამხამებაში ქუჩაში ამოყო თავი. II        ვიღაცამ ინგლისურად მოაძახა: – უფალმა გაკურთხოს, ძმაო! სუითინმა მოიხედა და თვალი მოჰკრა აყლაყუდა უნგრელს, რომელიც ხელს უწვდიდა. ხელი ჩამოართვა და თან გაიფიქრა, რა სიბრიყვე მომივიდაო. უნგრელის ქცევაში რაღაც იყო ისეთი, რაც აგრძნობინებდა, „შენ ჩემი ღირსი ხარო!“ ეს ვერაფრად ეჭაშნიკა, მაგრამ ცოტაოდენი შთაბეჭდილება კი მაინც მოახდინა მასზე. კაცი წინანდელზე უფრო მაღალი ეჩვენა. ლოყა ჰქონდა გაჭრილი და სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა წვერზე. – ოჰ, ინგლისელებო! – შესძახა მან. – მე მინახავს, როგორ ქოლავდით ჰეინაუს; მინახავს, როგორ მიესალმებოდით კოშუთს. თქვენი თავისუფლებისმოყვარე სისხლი გვენათესავება ჩვენ. – მერე სუითინი შეათვალიერა: – დიდი კაცი ყოფილხართ; სულიც დიდი და მძლავრი გქონიათ – ეჰ, როგორ მირეგვ-მორეგვეთ ისინი! სუითინი მოკურცხვლის გუნებაზე დადგა. – მე ბოლეშკე გახლავარ, – უთხრა უნგრელმა, – თქვენ ჩემი მეგობარი ბრძანდებით! ჩინებულ ინგლისურს ლაპარაკობდა. „ბალშ-კაი-ე, ბარლშ-კაი-ე, – გაიფიქრა სუითინმა. – რა უცნაური გვარია!“ – მე კი ფორსაიტი ვარ, – მოახსენა მან კუშტად. უნგრელმა გაიმეორა. – ლოყა ღრმად გაქვთ გაჭრილი, – უთხრა სუითინმა. გაბუძგნილი, აჩეჩილი წვერის დანახვა გულს ურევდა. უნგრელმა ლოყაზე მოისვა ხელი, გასისხლიანებულ თითებს დააშტერდა და მუჭაში მოგროვილი წვერის ბღუჯა ჭრილობაზე გულგრილად მიიდო. – ოჰ, რას შვრებით! – შესძახა სუითინმა. – აი, ჩემი ცხვირსახოცი მიიდეთ! უნგრელმა თავი დაუკრა. – გმადლობ! – უთხრა მან. – ვერც კი მოვიფიქრებდი მაგას! მადლობელი ვარ! – გამომართვით! – დაიბრდღვინა სუითინმა, რომელსაც ეს საქმე ფრიად მნიშვნელოვანი ეჩვენა. ცხვირსახოცი ხელში მიაჩეჩა და მკლავში ტკივილი იგრძნო, „ოჰო! – გაიფიქრა მან. – კუნთი თუ დამეჭიმა!“ უნგრელი ჩალადაც არ აგდებდა გამვლელებს და ბურტყუნს განაგრძობდა: – ღორები! რა კარგად მირეგვ-მორეგვეთ! ორ-სამს მაინც გაუსკდებოდა თავი!... ჯაბანი ღორები! – გამიგონეთ! – თქვა ანაზდად სუითინმა. – საით არის „ოქროს ალპები“? – განა ჩემთან არ შემობრძანდებით ერთი ჭიქა ღვინის დასალევად? – შეეკითხა უნგრელი. სუითინმა თავი ჩაღუნა. „აზრადაც არ მომსვლია!“ – გაუელვა თავში. – ოჰ! – შესძახა უნგრელმა ზვიადი იერით. – არ გნებავთ ჩემთან მეგობრობა? „რა ფხუკიანი ვინმეა!“ – გაიფიქრა სუითინმა. – რას ბრძანებთ! – ენის ბორძიკით წარმოთქვა მან. – თუკი აგრეა... უნგრელმა თავის დაკვრით ჩაიბურტყუნა: – ბოდიშს ვიხდი! ათიოდე ნაბიჯიც არ გაევლოთ, რომ უწვერული, ლოყებჩაცვივნული ჭაბუკი გადაუდგათ წინ. – ქრისტეს გულისთვის, შემეწიეთ, ბატონებო! – შემოჰღაღადა მან. – გერმანელი ხართ? – დაეკითხა ბოლეშკე. – დიახ, – მიუგო ჭაბუკმა. – მაშ, ჯანდაბას შენი თავი! – ბატონო, შემომხედეთ! ყმაწვილმა პალტო გაიღეღა და შიშველი სხეული გამოიჩინა, რომელსაც მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი ტყავის სარტყელი. სუითინს კიდევ მოუარა მოკურცხვლის სურვილმა. მას გულს უმღვრევდა საზარელი წინათგრძნობა, როცა ითვალისწინებდა, რომ ისეთ ამბებში გაიხლართა, რომლებში ჩარევაც ჯენტლმენს არ შეშვენოდა. უნგრელმა პირჯვარი გადაიწერა. – ძმაო, – მიმართა მან ჭაბუკს, – შემომყევი შინ! სუითინმა ალმაცერად გადახედა და ისიც მათ მიჰყვა. ბუნდოვან შუქში ხელის ცეცებით აიარეს რაღაც კიბე და დიდ ოთახში მოხვდნენ, ქუჩაში გამავალი ფანჯრიდან მთვარის შუქი იჭრებოდა, ბუნდოვნად კიაფობდა ლამპა. სასმელებისა და თამბაქოს სუნი იდგა, რომელსაც თითქოს ვარდის ფურცლების ოდნავ საგრძნობი, თავისებური სურნელიც ერთვოდა. ერთ კუთხეში წინწილი იდგა, მეორეში – გაზეთების ვეება გროვა. კედელზე რამდენიმე ძველებური დამბაჩა და ქარვის კრიალოსანი ეკიდა. ყველაფერი კოხტად იყო გაწყობილ-განლაგებული, მაგრამ მტვერი ედო. ბუხართან, მაგიდაზე საჭმლის ნარჩენები ელაგა. ჭერი, იატაკი და კედლები სულ ხის იყო. მიუხედავად უცნაური აღრეულობისა, ოთახს მაინც ერთგვარი ნატიფი იერი ჰქონდა. უნგრელმა კარადიდან ბოთლი გამოიღო, ჭიქები აავსო და ერთი სუითინს მიაწოდა. სუითინმა ფრთხილად მოიყუდა. „კაცმა არ იცის, რას გწევს ბედი! რა გაეწყობა!“ – გაიფიქრა მან და ნელა დალია. ღვინო სქელი, ძალიან ტკბილი, მაგრამ ჩინებული გემოსი ჩანდა. – ძმებო! – შესძახა უნგრელმა და კვლავ შეავსო ჭიქები. – თქვენი გამარჯვებისა იყოს! ყმაწვილმა გადაკრა თავისი ჭიქა. სუითინმაც ამჯერად უყოყმანოდ გადაყლურწა. ახლა კიდეც შეებრალა ეს საცოდავი ბიჭი. – ხვალ შემომიარეთ; ერთ-ორ პერანგს მოგცემთ! – უთხრა მან. ოღონდ, როცა ყმაწვილი წავიდა, შვებით გაახსენდა, რომ მისამართის მიცემა დაავიწყდა. „აგრე სჯობია, – გაიფიქრა მან, – უთუოდ ვინმე თაღლითია“. – თქვენ რა უთხარით იმას? – ჰკითხა სუითინმა უნგრელს. – მე ვუთხარი, – მიუგო ბოლეშკემ, – თქვენ უკვე მაძღარი ხართ. ღვინოც დალიეთ და ახლა უკვე ჩემი მტერი ხართ-მეთქი! – სრული ჭეშმარიტებაა, სრული! – კვერი დაუკრა სუითინმა. – მათხოვარი ყოველი კაცის მტერია! – თქვენ ვერ გამიგეთ, – თავაზიანად მოახსენა უნგრელმა. – სანამ ის მათხოვარი იყო... მეც დამჭირვებია ცხოვრებაში თხოვნა! – (სუითინმა გაიფიქრა: „ღმერთო ჩემო, ეს რა საშინელებააო“). – მაგრამ ახლა, როდესაც იგი უკვე მაძღარია, უბრალო გერმანელის გარდა სხვა რაღა იქნება? ჩემს ოჯახში ავსტრიელი ძაღლი ფეხს ვერ შემოდგამს! უნგრელს, როგორც სუითინს ეჩვენა, ცხვირის ნესტოები უშნოდ დაებერა და ხმაც უსიამოდ ჩაეხრინწა. – მე ლტოლვილი გახლავარ... მთელი ჩემი მოდგმა ლტოლვილია. ეგ უღვთო ძაღლები! სუითინი სასწრაფოდ დაეთანხმა. მის ლაპარაკში ვიღაცამ შემოიჭყიტა კარში. – როჟი! – გასძახა უნგრელმა. შემოვიდა ყმაწვილი ქალი. ცოტა ტანმორჩილსა და ნატიფად ჩამრგვალებულ-ჩათქვირებულს სქელი ნაწნავი ჰქონდა. გაიღიმა და მწყობრი კბილები გამოუჩნდა. შორი-შორს ჩამჯდარ წყლისფერ, ჟუჟუნა თვალებს ხან ერთს შეავლებდა, ხან მეორეს. სახეც მრგვალი ჰქონდა, მაღალყვრიმალებიანი, გარეული ვარდისფერი, ოდნავ წარბებაპრეხილი. შეშინებულმა, უცბად ლოყაზე იტკიცა ხელი და შეჰყვირა: „მარგიტ!“ დაძახილზე უფროსი და უფრო მაღალი ქალიშვილი გამოჩნდა. მხრებმშვენიერი, დიდთვალა, კოხტაპირიანი და, როგორც შემდგომში სუითინმა გაიხსენა თავისთვის, „სულელურცხვირიანი“. ორივე ქალიშვილი ალერსით შეუდგა მამის ჭრილობის მოვლას. სუითინმა ზურგი შეაქცია მათ. მკლავი სტკიოდა. „ეს იცის სხვის საქმეში ჩაჩრამ! – გაიფიქრა მან პირქუშად. – შეიძლებოდა კისერიც მომეტეხა!“ ანაზდად ხელში ნაზი, ფაფუკი ხელი ჩაუდეს და ნახევრად მოხიბლულმა, ნახევრად მორცხვმა ორმა თვალმა კდემით შემოანათა. მერე ვიღაცის ხმა გაისმა: „როჟი!“ კარი მიიხურა და იგი ოდნავ შეჩქვიფებული და გრძნობააფორიაქებული, კვლავ მარტო აღმოჩნდა უნგრელთან ერთად. – თქვენს ქალიშვილს როზი ჰქვია? – ჰკითხა მან. – ჩვენც გვაქვს მაგისთანა სახელი ინგლისში – ვარდს, ყვავილს ნიშნავს. – როზი კი არა, როჟი ჰქვია,– მიუგო უნგრელმა. – თქვენი ენა მძიმეა, უფრო მძიმე, ვიდრე ფრანგული, გერმანული, ჩეხური; უფრო მძიმე, ვიდრე რუსული ან რუმინული... მეტი კი აღარ ვიცი. – რაო, – შესძახა სუითინმა, – ექვსი ენა იცით? – გულში კი გაიფიქრა, „კარგი ტყუილიც გცოდნია!“ – თქვენც რომ ჩემისთანა ქვეყანაში გეცხოვრათ, – წაიბუტბუტა უნგრელმა, – სადაც ყველანი შემოგსევიან, თქვენც გეცოდინებოდათ! თავისუფალი ხალხი ვართ... მომაკვდავი... მაგრამ ჯერ მაინც ვცოცხლობთ! სუითინმა თავი და ბოლო ვერ გაუგო მის ნალაპარაკევს. თეთრ ტილოსსახვევიანი ამ კაცის სახე, კუშტი თვალები, ვეება, გაბანჯგვლული წვერი, ბრაზიანი ბუტბუტი, ყრუ ხველება – ყოველივე ეს სულაც არ ეჭაშნიკებოდა სუითინს. უნგრელი თითქოს ცოტა შექანჯალებულად ეჩვენებოდა. მისი ვნებათა ღელვა მართლაც ისე შეუოკებელი, შმაგი და დაუფარავი გახლდათ, რომ ეს უეჭველი გულწრფელობა სუითინის ერთგვარ ძრწოლასა და მოწიწებას იწვევდა. თითქოს გახურებულ ბრძმედში ჩაახედვინაო ვინმემ. ბოლეშკემ შეწყვიტა ბოლთის ცემა. – თქვენ გგონიათ ყველაფერი გათავდა? – თქვა მან, – მე თქვენ გეუბნებით, რომ ყოველი მადიარის გულში ჯოჯოხეთი ტრიალებს. სიცოცხლეზე ტკბილი რა არის? ყოველ ჩვენს ამოსუნთქვაზე წმინდა რა არის? ოჰ! ჩემი სამშობლო! ეს სიტყვები ისე მძიმედ წარმოთქვა, ისეთი მძაფრი სევდით, რომ სუითინმა პირი დააღო, მაგრამ ეს მოძრაობა მთქნარებაში ჩაატარა. – მითხარით, – მიმართა ბოლეშკემ, – რას იზამდით, ფრანგებს რომ დაეპყარით? სუითინმა გაიღიმა. მერე კი უცბად, თითქოს რაღაცამ უჩხვლიტაო, წაიბურდღუნა! – მაგ ბაყაყებს? აბა ერთი სცადონ! – მიირთვით! – უთხრა ბოლეშკემ, – უბადლო ღვინოა! – და სუითინს ჭიქა აუვსო. – ჩემს ამბავს მოგიყვებით. სუითინი სასწრაფოდ წამოდგა. – გვიანაა, – მოიბოდიშა მან, – კარგი ღვინო კია. ბევრი გაქვთ? – ეს უკანასკნელი ბოთლია. – რაო? – შესძახა სუითინმა. – მერე მათხოვარს დაალევინეთ? – მე შტეფან ბოლეშკე გახლავარ, კომორნელ ბოლეშკეთაგანი, – თქვა უნგრელმა, ზვიადად თავაწეულმა. ამ ფრაზის უბრალოებამ, რომელიც თითქოს ღაღადებდა – რაღა საჭიროა მეტი ახსნა-განმარტებაო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სუითინზე და მოსასმენად დარჩა. ბოლეშკეს ამბავი გრძელდებოდა და გრძელდებოდა. – ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, – ბუბუნებდა მისი ბოხი ხმა, – ბევრი ვნება... ბევრი სიმუხთლე! ვხედავდი, როგორ იქუფრებოდა ღრუბლები... როგორ იგრაგნებოდა ჩვენი ველ-მინდვრების თავზე. ავსტრიელებს ეწადათ, სული ამოეხადათ ჩვენთვის... თავისუფლების აჩრდილი, მარტოოდენ ესღა რომ გვქონდა შემორჩენილი! ორი წლის წინ... ორმოცდარვა წელს, როცა დიდი და პატარა გამოეხმაურა დიდებულ მოწოდებას... ეჰ, ძმაო, რა ძაღლური სიცოცხლეა!... კალამი აწრიპინო, როცა მთელი შენი მოდგმა-ჯილაგი იბრძვის!.. მაგრამ ეს მარგუნა წილად ბედმა! ვაჟიშვილი მომიკლეს ბრძოლაში; ძმები ციხეში ჩამიყარეს... მე კი წუწკი ძაღლივით გამომაძევეს... მთელი ჩემი გულის ძარღვები დავიწყვიტე წერაში; ჩემი სხეულის მთელი სისხლი ამოვაშრე წერაში!..        იგი ადამიანის აწოწილი ჩრდილივით აღმართულიყო და პირქუში, შფოთიანი თვალები კედლისთვის მიეშტერებინა. სუითინი ადგა და წაიბურტყუნა: – დიდად გმადლობ... ფრიად საინტერესოა. ბოლეშკე აღარ შეჰპატიჟებია, დარჩიო – კვლავ თვალი მიეშტერებინა კედლისთვის. – ღამე მშვიდობისა! – დაემშვიდობა სუითინი და მძიმედ დაეშვა კიბეზე. III ბოლოს, როცა სასტუმრო „ოქროს ალპებს“ მიაღწია, კართან შეშფოთებით მდგარი ძმა და მეგობარი დახვდა. ნაადრევად გამომხმარმა, ქილვაშიანმა ტრეკერმა, შოტლანდიური კილოთი შენიშნა, „კაცო, შენ შექეიფიანებულხარო!“ სუითინმა რაღაც გაურკვევლად წაიბურდღუნა და საწოლს მიაშურა. მკლავზე მცირე ჭრილობა აღმოაჩინა. სასტიკად გაგულისდა – ბედმა ისეთი რამ ანახვა, რისი დანახვა სულაც არ ეჭაშნიკებოდა. მაინც დროდადრო აგონდებოდა როჟი, მისი ფაფუკი ხელი და ეს ესალბუნებოდა და უამებდა გულს. მეორე დილით, საუზმეზე, ძმამ და ტრეკერმა აუწყეს თავიანთი განზრახვა, გზა განვაგრძოთო. ჯეიმზ ფორსაიტმა შენიშნა კიდეც, ეს „კოლექციონერის“ ადგილი არ არის, რადგან „სიძველეთა“ ყველა მაღაზია ან ურიების ანდა ძალიან წუწურაქი ხალხის ხელთაა – ამას უმალვე მივხვდიო. სუითინმა განზე გადადგა თავისი ფინჯანი. – თქვენ როგორც გნებავთ ისე მოიქეცით, მე კი აქ ვრჩები! – განაცხადა მან. ჯეიმზ ფორსაიტმა ენის ბორძიკით მიუგო: – რატომ! რად გინდა აქ დარჩენა? აქ არაფერი გესაქმება. თუ ციხე-დარბაზში არ ახვალ, არც სანახავია რამე, და ეგეც არ გინდა. სუითინმა დაიბრდღვინა: – ვინ მოგახსენა? რაკი გული მოიოხა და თავის ქეიფზე გაიარა, უკეთეს გუნებაზე დადგა. ხელი აბრეშუმის სახვევით ეკიდა ყელზე და მოჭორა, ფეხი დამიცურდა და ვიტკინეო. უფრო გვიან გარეთ გამოვიდა და ხიდისკენ გაუყვა გზას. კაშკაშა მზეში, აბრჭყვიალებული სერების ფონზე, სახლებისა და ეკლესიების წვეტიანი თავები კიაფობდა. ქალაქს ფაქიზი, ხალისიანი ელფერი ედო. სუითინმა ციხე-დარბაზს ახედა და გაიფიქრა: „მაგარი ადგილი ჩანს! არც გამიკვირდება, რომ შეუვალი იყოს!“ და ეს რატომღაც გულში ეამა. ანაზდად უნგრელის სახლის ნახვა მოეპრიანა. დაახლოებით შუადღისას, ორი საათის ყიალის შემდეგ პაპანაქება სიცხისგან ფერმიხდილი, მაგრამ კიდევ უფრო გაჯიუტებული სუითინი უნიათოდ ბლეტდა თვალებს, რომ უცბად ზემოდან დაძახილი მოესმა – „ბატონო!“ აიხედა და როჟი დაინახა. ქალს თავისი მომრგვალებული ნიკაპი ფაფუკ ხელზე დაეყრდნო და ღრმად ჩამჯდარი ჭკვიანი თვალებით გადმოჰყურებდა. სუითინმა რომ ქუდი მოუხადა, ქალწულმა ტაში დაუკრა. სუითინს კვლავ გულში მოუხიცინა, აღტაცებით რომ უყურებდნენ და ეალერსებოდნენ. დაუდევარი, უზრუნველი სახით, რაც სასაცილო იერს ანიჭებდა მის ახმახ, უგერგილო პიროვნებას, კარისკენ გაემართა. ორივე ქალიშვილი კართან გამოეგება. – Maam selles,– წამოიწყო მან, – ...bon jour... – ე... მამათქვენი ... pere, comment? – ჩვენც ვიცით ინგლისური, – მოახსენა უფროსმა. – შემობრძანდით, ბატონო! სუითინმა გული მოიცა და შევიდა. დღის სინათლეზე ოთახი გაქუცული და მოუვლელი ჩანდა, თითქოს იგი მუდამ ტრაგიკული და უკუღმართი ბედის ადამიანების ბუდე ყოფილიყოს. სუითინი ისეთი იერით ჩამოჯდა, თითქოს მისი თვალები ამბობდნენ: „მე უცხოელი გახლავარ, მაგრამ ნუ ეცდებით და ვერც მომატყუებთ, გეთაყვა, – ეგ შეუძლებელი საქმეაო!“ გოგონები უხმოდ შეჰყურებდნენ. როჟის ოდნავ მოკლე შავი კაბა და თეთრი ხალათი ეცვა, ბეჭებზე ამოქარგული მოსახვევი მოედო; მისი და მუქ მწვანე კაბაში გამოწყობილიყო და მარჯნის ყელსაბამი ეკეთა. ორივეს დაწნული ჰქონდა თმა. ცოტა ხანი რომ გამოხდა, როჟიმ მის მტკივან მკლავს შეავლო ხელი. – არაფერია! – წაიბურტყუნა სუითინმა. – მამა სკამით მაინც იბრძოდა, თქვენ კი სკამიც არ გაგაჩნდათ! – განცვიფრებით თქვა ქალწულმა. სუითინმა მომუჭა ჯანსაღი ხელი და ჰაერში მოიქნია. მისდა გასაოცრად ქალმა გადაიკისკისა. ამით დაბნეულმა სუითინმა მძიმე მაგიდას ქვემოდან ამოსდო ხელი და ასწია. როჟიმ ტაში შემოჰკრა. – ოჰ, ახლა კი ვხედავ, რა ღონიერი ყოფილხართ! თან რევერანსი გაუკეთა და ფანჯრისკენ გაცქრიალდა. სუითინს მისი ჭკვიანი, მკვირცხლი თვალების შემოხედვა აბნევდა. ხანდახან ქალის თვალები მის იქით, თითქოს რაღაც უჩინარს უჭვრეტდნენ, ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა ვაჟკაცს. მარგიტისგან შეიტყო, რომ ისინი ორი წელი ინგლისში ცხოვრობდნენ, სადაც მათი მამა ენებს ასწავლიდა და ამით ირჩენდნენ თავს, ახლა, ერთი წელია, ზალცბურგში ბინადრობენ. – ჩვენ ველით! – უცბად წამოიძახა როჟიმ და მარგიტმაც საზეიმო იერით კვერი დაუკრა. – ჩვენ ველით! სუითინმა თვალები დააჭყიტა, რათა მიმხვდარიყო, რას ელოდნენ. რა უცნაური გამომეტყველება აქვთ, თითქოს სადღაც მის მიღმა რომ იჭვრიტებიან! გოგონების აღნაგობა შეათვალიერა. „კარგი რამ იქნება, ლამაზად რომ ჩააცვა!“ – გაუელვა თავში და სცადა წარმოედგინა როჟი ვიწროწელიან, ლამაზ ფურჩალებიან კაბაში, თან თმაც რომ კოხტად ექნებოდა დავარცხნილი. ისეთი სხარტი ტანი, ფაფუკი თმა და პაწია ხელები აქვს, რომ ჩაცმული მართლაც კარგი იქნება! და უცბად თავისი საკუთარი ხელების, სახისა და სამოსის მოგონებაზე შეწუხდა. წამოდგა, დაუწყო თვალიერება კედელზე ჩამოკიდებულ დამბაჩებს და გული აემღვრა გაქუცული, მტვრიანი ოთახის დანახვაზე. „სამიკიტნოსავით ყარს!“ გაიფიქრა მან. კვლავ როჟის მიუჯდა ახლოს. – ცეკვა გიყვართ? – ჰკითხა ქალიშვილმა, ცეკვა სიცოცხლეა! ჯერ მუსიკის ხმას რომ გაიგონებ – როგორ აგექავება ფეხები! საოცარია! იწყებ ნელა, მერე აუჩქარებ... კიდევ უფრო აუჩქარებ, უკვე მიქრიხარ... აღარაფერი გახსოვს... ფეხები ჰაერში ნავარდობს. საოცარია! სუითინს ცოტა შეუფაკლდა სახე. – ოჰ! – განაგრძობდა როჟი და თან თვალს არ აშორებდა მას, – როცა ვცეკვავ... იქ შორს, სადღაც ველ-მინდვრებს ვხედავ... ფეხები მოძრაობს... ერთი-ორი-სამი... ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, კიდევ უფრო ჩქარა... და! იგი დაიძაბა, თითქოს ჟრჟოლამ დაუარა მთელ სხეულში. – მარგიტ, ვიცეკვოთ!        სუითინის განსაცვიფრებლად ქალიშვილებმა ერთმანეთს მხრებზე ხელები დააწყეს და ფეხების ფრატუნსა და აქეთ-იქით რხევას მოჰყვნენ. თავები უკან გადაეგდოთ, თვალები ნახევრად მიელულათ. უცბად ფეხი ააჩქარეს; ხან ერთ მხარეს იხრებოდნენ, ხან მეორე მხარეს და მერე სწორედ მის წინ დაიწყეს ციბრუტივით ტრიალი. სუითინი ვარდის ფურცლების სურნელში გაეხვია. გოგონები კვლავ ბზრიალებდნენ. მათ ცეკვაში ბოლეშკე შემოვიდა ოთახში. მან ორივე ხელით ჩამოართვა ხელი სუითინს. – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძმაო! ოჰ, თქვენ ხომ ნატკენი გაქვთ მკლავი! მე არ დამვიწყებია. – მისი გაყვითლებული სახე და ღრმად ჩამჯდარი თვალები ღირსეულ მადლიერებას გამოხატავდნენ. – ნება მიბოძეთ, ჩემი მეგობარი, ბარონი კაშტელიზი წარმოგიდგინოთ. სუითინმა თავი დაუკრა შუბლდაბალ კაცს, რომელიც ფეხაკრეფით შემოვიდა და ხელთათმანიანი ხელები წელზე ჰქონდა შემოწყობილი. სუითინმა ანაზდად ზიზღი იგრძნო ამ კატისებური, შემპარავი კაცისადმი. ბოლეშკეს ზიზღს ვერ შეჰბედავდი – ეს გამოწვეული გახლდათ ბრძოლაში დაბადებული ამხანაგობის გრძნობით, მისი სახის ზვიადი და მძვინვარე იერით თუ ბუნდოვანი შეგრძნებით, რომ მას ადვილად ვერ აიგდებდი აბუჩად; მაგრამ ეს ნატიფნიკაპიანი, შუბლდაბალი, ხავერდოვანი და თან ცეცხლოვანთვალებიანი კაშტელიზი კი ჭეშმარიტ ინგლისურ გულისწყრომას იწვევდა მასში. – თქვენი მეგობრები ჩემი მეგობრები გახლავან, – წაიბუტბუტა კაშტელიზმა. იგი თავაზიანად ლაპარაკობდა, ოღონდ ენა ეჩლიქებოდა. ოთახში გაგრძელებული, მთრთოლვარე ჟღერა გაისმა. სუითინმა მოიხედა და დაინახა, რომ როჟი წინწილს მისჯდომოდა. ქალწულის ხელში პაწია ჩაქუჩები უწყვეტ, ჟღრიალა ბგერებს გამოსცემდნენ უცნაურ ჰანგზე. კაშტელიზს ნაკვერცხლებივით მოელვარე თვალები დამკვრელისთვის მიეპყრო. ბოლეშკე თავს აქნევდა და იატაკს ჩაშტერებოდა, ხოლო სახეგაფითრებული მარგიტი ქანდაკებასავით გაქვავებულიყო. „რა მოსწონთ ამისი? ეს რა ჰანგია!“ – გაიფიქრა სუითინმა და ქუდს ხელი წამოავლო. როჟიმ თვალი მოჰკრა და შედგა. ბაგეები ოდნავ უკმაყოფილო გამომეტყველებამ გაუპო. სუითინს გაუქრა პირადი შეურაცხყოფის გრძნობა და ცოტა კიდეც შეებრალა ყმაწვილი ქალი. როჟი წამოხტა ზეზე და ტუჩებაბზუებით იბრუნა პირი მისგან. სუითინი შთაგონებამ აიტაცა. – ხვალ სადილად მეწვიეთ „ოქროს ალპებში“, – უთხრა მან ბოლეშკეს, – თქვენი მეგობარიც მოიყვანეთ! იგრძნო, ყველას თვალი როგორ მიაშტერდა მას – უნგრელის ლამაზი თვალები; მარგიტის გაფართოებული სამზერები; კაშტელიზის დაწკურული მხურვალი მზერა და ბოლოს – როჟის თვალები. კმაყოფილების ჟრუანტელმა დაუარა. ქუჩაში რომ ამოყო თავი, პირქუშად გაიფიქრა, „ეგეც ხომ ჩავიდინეო!“ და ვიდრე რამდენიმე ნაბიჯი არ გადადგა, უკან არ მიუხედავს. მერე ნაძალადევი ღიმილით იბრუნა პირი და ფანჯარაში გადმომდგართ ქუდი მოუხადა. მიუხედავად ამ წუთიერი ბოღმიანობისა, მთელ დღეს აღგზნებულ გუნებაზე ბრძანდებოდა და სადილობისას უცნაურ, იდუმალ მზერას არ აშორებდა თავის ძმასა და ტრეკერს. „აბა, ამათ რა იციან ცხოვრების? – ფიქრობდა იგი – შეიძლება, ერთი წელიწადიც გაატარონ აქ და მაინც ვერას გაიგებენ“. ხუმრობდა; ფარეშს ზურგში მენიუ მიაკრა. – მომწონს ეს ადგილი, – თქვა მან. – აქ სამი კვირა უნდა დავრჩე! ჯეიმზმა, რომელსაც, ის-ის იყო, ქლიავი უნდა ჩაედო პირში, შეშფოთებით შეხედა. IV         სადილის დღეს სუითინი გვარიანად ბორგავდა. უსიამოდ აგონდებოდა ბოლეშკეს ჩაცმულობა. ადრე მოიწვია სტუმრები, რათა უფრო ცოტა ხალხი ყოფილიყო რესტორანში. სადილის დრო რომ მოახლოვდა, ერთგვარი ნატიფი ბრწყინვალებით მოიკაზმა და თუმცა მკლავი ჯერ კიდევ ტკიოდა, სახვევი მოიცილა... „ოქროს ალპებიდან“ სუითინი მხოლოდ სამიოდე საათის შემდეგ გამობრძანდა თავისი სტუმრებითურთ. მზე ჩადიოდა და მდინარის სანაპიროზე სახლები მკვეთრად ისახებოდა ბინდში. ქუჩები შინ აჩქარებით მიმავალ ხალხს აევსო. სუითინს დაბინდულ თვალებში ცარიელი ბოთლები ელანდებოდა, ფეხქვეშ გაშლილი მიწა და მთელი ქვეყნიერება თავისი ეგონა. პირზე ღიმილი ეფინებოდა, როცა აგონდებოდა თავისი ჭკვიანური ლაპარაკი; გაკვირვებული, დაძმარებული სახეები სადღაც უკან მიმჯდარი ძმისა და ტრეკერისა, რომლებიც თავიანთ ჩვეულებრივ იჯრას შეექცეოდნენ. თან სიარულში თავს ძალას ატანდა, რათა დაემტკიცებინა, რომ ვაჟკაცობით თავის სტუმარს ორივე სჯობდა. ბუნდოვნად იცოდა, რომ სადღაც რაღაც მიზნისთვის მიდიოდა. როჟის სახე დაპირებასავით უთამაშებდა თვალწინ. ერთი-ორჯერ კაშტელიზს შეავლო გამყინავი მზერა. მეორე მხრივ, კი ბოლეშკეს მიმართ გულთბილი გრძნობები უღვიოდა გულში და აღტაცებით იხსენებდა, ჟამდაჟამ ძირს როგორ დგამდა იგი გამოყლურწულ ჭიქებს. „მომწონს, მის სმას რომ ვუყურებ, – ფიქრობდა სუითინი, – ბოლოს და ბოლოს, მართლა ვაჟკაცი და ჯენტლმენია“. ბოლეშკე გამწარებული მიაბოტებდა და არაფერს აქცევდა ყურადღებას, კაშტელიზიც წინანდელზე უფრო დაემსგავსა კატას. თითქმის ჩამობნელდა, როცა ვიწრო შუკას მიადგნენ საკათედრო ტაძრის ახლოს. ერთ სახლთან შეჩერდნენ. კარი დედაბერმა გააღო. სუფთა ჰაერიდან გახურებულ, დახუთულ ტალანში შესვლამ, მათ უკან მოხურული კარის ხმაურმა და დედაბრის შეშფოთებულმა მზერამ სუითინი გამოაფხიზლა. – თქვენზე ვუთხარი მოხუცს, ისე ვაგებ პასუხს, როგორც საკუთარ შვილზე-მეთქი. სუითინს გული მოუვიდა: ვინ ეკითხება ამ კაცს ჩემზე პასუხისმგებლობასო! ისინი კაცებითა და ქალებით სავსე დიდ ოთახში აღმოჩნდნენ. სუითინმა შენიშნა, ყველა მას შესჩერებოდა. თავის მხრივ თვითონაც დააშტერდა მათ. ყოველი კლასის წარმომადგენელი ჩანდა იქ. ზოგი შავ სამოსსა ან აბრეშუმის კაბაში იყო გამოწყობილი, სხვანი – მუშა ხალხის ტანსაცმელში. ერთ კაცს, მეჯღანეს, ტყავის წინსაფარიც კი ეფარა, თითქოს პირდაპირ სამუშაოდან გამოქცეულიყოს. ბოლეშკემ მკლავზე დაადო ხელი სუითინს და ეტყობოდა შეკრებილთათვის მისი ვინაობის გაცნობას შეუდგა. ბევრმა ხელი ჩამოართვა. ვინც ვერ მისწვდა, შორიდან უკრავდა თავს. სუითინმა ქედის ოდნავ მოდრეკით უპასუხა მისალმებებს. მერე დაინახა, სხვები სხდებიანო და თვითონაც დაჯდა. ვიღაცამ წაიჩურჩულა მისი სახელი – მარგიტი და როჟი სწორედ მის უკან ისხდნენ. – გამარჯობა! – უთხრა მარგიტმა; მაგრამ სუითინი როჟის შეჰყურებდა. როჟის ისე აღელვებული და ათრთოლებული სახე ჰქონდა! „რას ჩოჩქოლობენ? – გაიფიქრა მან. – რა ლამაზია!“ ქალწულს სახე აელეწა, მსწრაფლ მიმალა ხელები და სუითინს იქით, ოთახში გადაიტანა მზერა. „რა ამბავია?“ – გაიფიქრა სუითინმა. ჟინმა მოუარა, უკან გადახრილიყო და ტუჩებში ეკოცნა ქალისთვის. გაჯავრებულმა სცადა, თვითონაც განეჭვრიტა, რას ხედავდა როჟი ერთ მხარეს მიმალულ მთელ ამ სახეებში. ბოლეშკე სალაპარაკოდ წამოდგა. არავინ შერხეულა; მისი ბოხი ხმის გარდა სხვა ბგერა არსად დაძრულა. იგი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა მძვინვარე, ზვიადი კილოთი და მისი ხმის აწევასთან ერთად ყველა სახე, თეთრი თუ შავგვრემანი, თითქოს ერთი და იმავე გრძნობით აღენთო. სუითინმა მათ სახეებში სასტიკი დაძაბულობა შეიგრძნო და აბა ეს რას ჰგავდა! მთელ ამ ლაპარაკში მხოლოდ ერთადერთი სიტყვა გაარჩია – „მადიარი“ – რომელიც მეორდებოდა და მეორდებოდა. ბოლოს თითქმის ჩასთვლიმა. წინწილის ჟღრიალმა გამოაფხიზლა. „რაო? კიდევ ის ჯოჯოხეთური ჰანგია?“ – გაიფიქრა სუითინმა. მარგიტი გადმოიხარა მისკენ და წასჩურჩულა. – ყური დაუგდეთ! რაკოცია! ეს აკრძალულია!        სუითინმა შენიშნა, რომ როჟი აღარ იჯდა თავის სკამზე – სწორედ ის უკრავდა იმ აკრძალულ ჰანგს. მან აქეთ-იქით მიმოიხედა – ყოველ მხარეს იგივე გაქვავებული სახეები, იგივე მოჯადოებული გარინდება და მძვინვარე დუმილი სუფევდა. მუსიკის ხმაც ყრუდ ისმოდა, თითქოს მას უჩუმრად უსკდება გულიო. სუითინმა რაღაც ძრწოლა იგრძნო. ის ვეფხვთა ბუნაგი ხომ არ იყო? მსმენელთა იერი, მათი მრისხანე დუმილი შემაძრწუნებელი ჩანდა!.. სავარძლის სახელურებს ჩაებღაუჭა და ოფლმა დაასხა. ნუთუ გარეთ გაძრომა არ შეიძლება? „ჰანგი რომ დასრულდება, ალიაქოთი ატყდება!“ – გაიფიქრა სუითინმა, მაგრამ დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე დუმილი ჩამოწვა. თავში გაუელვა, ახლა რომ მტრულად განწყობილი ვინმე გამოჩნდეს აქ, სულ ლუკმა-ლუკმად დაგლეჯენო. ერთი ქალი ქვითინებდა. ყოველივე ეს აუწერლად ეჩოთირებოდა სუითინს. წამოდგა და გვერდულად გაიძურწა კარისკენ. უცბად გაისმა ძახილი – „პოლიციაო!“. მთელი ხალხი მას მიაწყდა. სუითინი მალე გააღწევდა გარეთ, მაგრამ ცოტა უკან თვალი ჰკიდა წაქცეულ როჟის. მისმა დამფრთხალმა თვალებმა გააგულისა. „მთელი ეს ალიაქოთი ამან გამოიწვია, მაგრამ მაინც არ დაუმსახურებია ასეთი მოპყრობაო!“ – გაიფიქრა. პირქუშად და ძალით გაიკაფა გზა მისკენ. ქალიშვილი მოებღაუჭა ვაჟკაცს და სუითინს ჟრუანტელმა დაუარა ძარღვებში. მას მაგრად ეპყრა ქალი და ისე მიიკვლევდა გზას ბრბოში. გარეთ რომ გავიდნენ, ხელი უშვა. – შემეშინდა, – თქვა როჟიმ. – შემეშინდაო! – ჩაიბურტყუნა სუითინმა, – დიახაც რომ შეგეშინდებოდათ! იგი აღარ გაჰკარებია ქალს. სიბრაზემ კვლავ მოუარა. – თქვენ ისეთი ძლიერი ხართ! – წაიბუტბუტა ქალიშვილმა. – აქ თქვენ არაფერი გესაქმებათ, – დაიბრდღვინა სუითინმა, – შინ უნდა წაგიყვანოთ! – ოჰ! – შესძახა როჟიმ. – მერე მამიკო და მარგიტი? – მათ თვითონ იციან თავიანთი საქმე! – და გააქანა იგი შინისკენ. ქალმა მკლავქვეშ შეუცურა ხელი. მისი ნაზი, ნატიფი სხეული ოდნავ ეხებოდა და ყოველი შეხება სულ უფრო და უფრო უძლიერებდა ავგუნებობას. სუითინს სწვავდა უთავბოლო, უკუღმართი რისხვის ალი, თითქოს მასში ჩაბუდებული ყოველი ვნება დუღს და გადმოხეთქვას ლამობსო; თითქოს გესლი ცდილობდა გზის პოვნას მის დონდლო, მძიმე სხეულში. იგი ჯიუტად დუმდა. როჟისაც არ დაუძრავს კრინტი; მაგრამ სახლის კარს რომ მიაღწიეს, ხელი გამოაძრო მკლავიდან. – თქვენ ჯავრობთ! – უთხრა მან. – ვჯავრობ? – სულაც არა! – წაიბუტბუტა სუითინმა. – საიდან მოიგონეთ? მას მწველმა სურვილმა მოუარა, ეკოცნა მისთვის. – დიახ, გაჯავრებული ხართ, – გაიმეორა ქალმა, – მე აქ დავუცდი მამიკოსა და მარგიტს. კედელთან ასვეტილმა სუითინმაც დაუწყო მათ ლოდინი. ერთი-ორჯერ, რაკი გამჭრიახი მხედველობა ჰქონდა, შენიშნა, როგორ შეავლო ქალმა თვალი ფარვით, მავედრებელი თვალი; მან კი რაღაც ერთგვარი სიამოვნებით კიდევ უფრო გაიქვავა გული. ხუთიოდე წუთის შემდეგ ბოლეშკე, მარგიტი და კაშტელიზიც გამოჩნდნენ. როჟი რომ დაინახეს, შვებით შეჰყვირეს; კაშტელიზმა კი თვალი შეავლო სუითინს და თან ქალის ხელს დაეკონა. როჟის შემოხედვამ თითქოს აგრძნობინა, ამას თქვენც ხომ არ ინებებდითო? სუითინი კი უკმეხად შემოტრიალდა და გზას გაუდგა. V        სუითინს თითქმის მთელი ღამე არ ეძინა – თავის სიცოცხლეში პირველად შფოთავდა ასე. ერთხელ წამოხტა კიდეც ლოგინიდან, აანთო სანთელი, მიადგა სარკეს და დიდხანს, გულმოდგინედ ისინჯავდა თავს. მოგვიანებით ჩაეძინა, მაგრამ შემაძრწუნებელი სიზმრები ეზმანა. რომ გაეღვიძა, პირველად თავში გაუელვა – „ღვიძლი თუ მტკივაო!“ თავზე ცივი წყალი გადაივლო, სასწრაფოდ ჩაიცვა და გარეთ გამოვიდა. მალე სასტუმროც მოიტოვა უკან. ყველაფერს ნამი ედო. ბუჩქებში შაშვები ჭახჭახებდნენ. სუფთა და კამკამა ჰაერი იდგა. არ ახსოვდა, პატარა ბიჭობის მერე ასე ადრიანად წამომდგარიყოს. რატომ მიაბოტებდა ჩანოტიებულ ტყეში ამ დილაადრიან? რაღაც აუტანელმა, ძნელად მოსანელებელმა და უჩვეულომ თუ გამოაგდო გარეთ. ჭკუათმყოფელი აბა ვინ ჩაიდენდა ამას! უცბად შედგა და ლასლასით გამობრუნდა შინისკენ. სასტუმროს რომ მიაღწია, ისევ ლოგინში ჩაწვა და ესიზმრა, ვითომ სადღაც მიყრუებულ კუთხეში ცხოვრობდა, მწერებით სავსე ოთახში; პირისფარეშს, როჟის, ხელთ ცოცხი ეჭირა და სევდიანი თვალებით შეჰყურებდა მას. თითქოს სასწრაფოდ სადღაც უნდა გამგზავრებულიყო. იგი სთხოვდა როჟის, მოემზადებინა მისი ნივთები, ოღონდ ჩემოდანში ჩალაგებამდე გულმოდგინედ გაეფერთხა. შეიტყო, რომ ეს საქმე ოცდაორი შილინგი დაუჯდებოდა; ეძვირებოდა, ყოყმანობდა. „არა, მე თვითონ ჩავალაგებ და წავიღებო“, – წაიბუტბუტა. პირისფარეში უცებ რაღაც გალეულ არსებად იქცა და სუითინს გულისტკივილით გამოეღვიძა.         თვალი მოჰკრა თავის დასველებულ წაღებს. ყოველივე ამან ძალიან დააფრთხო და სწრაფად წამოხტა, ჩემოდნებში ტანსაცმლის ჩაყრას შეუდგა. თორმეტი საათი იქნებოდა, როცა ქვემოთ ჩავიდა. მისი ძმა და ტრეკერი კვლავ მაგიდასთან ისხდნენ და მოგზაურობის გეგმას აწყობდნენ. სუითინმა სახტად დატოვა ისინი, რომ თქვა, მეც მოვდივარო. მეტი აღარ გაუგრძელებია სიტყვა – პირდაპირ საჭმელს ეცა. ჯეიმზს გაგონილი ჰქონდა, ამ სანახებში სადღაც მარილის მაღაროები მოიპოვებაო. მისი წინადადება იყო, ერთი-ორი საათით გზაში შეჩერებულიყვნენ მათ დასათვალიერებლად. ჯეიმზმა თქვა: „ყველა გვკითხავს, მარილის საბადოები ნახეთ თუ არაო, და მე სულაც არ მეჭაშნიკება ვთქვა, არა, არ გვინახავს-მეთქი. იტყვიან, აბა, რაღას მიემგზავრებოდით იქ, თუ მარილის საბადოებს არ ნახავდითო?“ თანაც ყოყმანობდა, მეორე ფარეშსაც, ერთ დოყლაპია ვინმეს, მივცეთ გადასაკრავი ფული თუ არაო. გაიმართა კამათი, მაგრამ სუითინი პირქუშად განაგრძობდა ჭამას იმ შეგნებით, რომ მისი გონება უფრო დიდ საქმეთა განსჯაში გახლდათ. ანაზდად ქუჩის იქითა მხარეს როჟიმ და მისმა დამ ჩაიარეს. მკლავებზე პაწია კალათები ჰქონდათ გადაკიდებული. სუითინი წამოხტა. სწორედ ამ დროს როჟიმაც მოიხედა. მისი სახე პირდაპირ ცდუნების განსახიერებას წარმოადგენდა – ზეაწეული ნაზი ნიკაპი, ცოტა წამოწეული ქვედა ბაგე, ყარყარა ყელი. სუითინმა წაიბურდღუნა: თქვენი საქმე თავად მოაგვარეთ, მე თავი დამანებეთო! გავარდა დარბაზიდან და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი და შეშფოთებული ჯეიმზი მიატოვა. მაგრამ ქუჩაში რომ გამოვიდა, ქალიშვილები უკვე აღარსად ჩანდნენ. ეტლი გააჩერებინა. „გარეკე!“ – უბრძანა მეეტლეს ჯოხის გაქნევით და როგორც კი ბორბლებმა ქვაფენილზე დაიწყო რახრახი, საზურგეზე გადაწვა და ფრთხილად შეუდგა აქეთ-იქით თვალის დევნებას. მალე გადაუწყდა მათი პოვნის იმედი, მაგრამ მეეტლეს მაინც აპროწიალებდა წაღმა-უკუღმა. მთელი დღე დაქროდა შორს, ქალაქგარეთაც გაიჭრა და მაინც კიდევ აგულიანებდა მეეტლეს – უფრო აუჩქარეო. უცნაურ აფორიაქებასა და აღგზნებას განიცდიდა. ბოლოს ერთ სოფლურ დუქანში ისადილა და ამან უფრო გააღიზიანა – საზიზღარი სადილი გამოდგა. გვიან საღამოს უკან დაბრუნებულს ტრეკერის ბარათი დახვდა. „კაცო, სრულ ჭკუაზე ხარ? – კითხულობდა იგი. – ჩვენ აღარ გვქონდა დრო აქ ტყუილუბრალოდ ჩალიჩობისთვის. თუ ჩვენთან ყოფნა მოგინდება, ვენეციაში, დანიელის სასტუმროში ვიქნებით“. სუითინმა ჩაიცინა ამის წაკითხვაზე. სასტიკ დაღლას გრძნობდა. ჩაწვა ლოგინში და მკვდარივით ჩაეძინა. VI სამი კვირის შემდეგ სუითინი კვლავ ზალცბურგს იმყოფებოდა; ოღონდ სასტუმრო „ოქროს ალპებში“ კი არ ბინადრობდა, არამედ ბოლეშკეთა ახლოს მდებარე ერთი დუქნის მეორე სართულზე. მთელი პატარა ქონება გაფლანგა ყვავილების ყიდვაში. მარგიტი დაღუღუნებდა თავს მათ, ხოლო როჟი ზომიერად თქმული „დიდი მადლობით“, თითქოს ეს მისი უფლება ყოფილიყოს, დიდხანს იცქირებოდა სარკეში და ერთ ყვავილს თმაში იბნევდა. სუითინს აღარაფერი აკვირვებდა, რაც უნდა ჩაედინათ დებს. ერთ საღამოს ბოლეშკე ვიღაც ფერმკრთალ, გაბურძგნილ კაცთან მუსაიფში გართული დახვდა. – ჩვენი მეგობარი ბატონი ფორსაიტი – გრაფი დ. – გააცნო ისინი ერთმანეთს. სუითინმა უნებურად ოდნავ რაღაც რიდი იგრძნო ამის გაგონებაზე, მაგრამ გრაფის შარვალს რომ დახედა, გაიფიქრა: „ვერაფერი შვილი გრაფი ჩანსო!“ ირონიული ღიმილით დაუკრა თავი მდუმარე ქალიშვილებს, პირი იბრუნა და ქუდს ხელი მოჰკიდა. მაგრამ ჩაბნელებული კიბის ძირს რომ მიაღწია, ფეხის ხმა მოესმა. როჟიმ სირბილით ჩამოიქროლა, გარეთ გაიხედა და თითქოს იმედგაცრუებულმა მკერდზე მიიდო ხელები. ანაზდად მოიხედა და თვალი მოჰკრა მას. სუითინმა მკლავში სტაცა ხელი. ქალი გაუსხლტა და სახე თითქოს გამომწვევი იერით თუ სიცილით გაუხალისდა. როჟიმ სამიოდე საფეხური აირბინა. შედგა. მერე მხარუკუღმა მოხედა და აღმა მოკურცხლა. სახტად დარჩენილი, გაოგნებული სუითინი განაწყენებული გამობრძანდა გარეთ და გზას დაადგა. „ნეტავი რისი თქმა უნდოდა?“ – თავში სულ ეს უტრიალებდა სუითინს. ამ სამ კვირაში ათასი კითხვა უბურღავდა ტვინს: ხომ არ ასულელებენ? მართლა ხომ უყვარს როჟის? ან თვითონ რას აკეთებს აქ? და ხანდახან, ღამით, როცა სანთლებს აანთებდა, თითქოს სინათლეს არის მოწყურებულიო, ხოლო ფანჯრიდან სიო უბერავდა, სუითინი ნახევრად მოწეული სიგარით ხელში საათობით იჯდა და მიშტერებოდა კედელს. „მეყო!“ – გაიფიქრებდა ხოლმე იგი ყოველ დილით. ორჯერ მთლიანად აიბარგა; ერთხელ სამგზავრო ეტლის მორთმევაც ბრძანა, მაგრამ მეორე დღეს გააუქმა ბრძანება. დაბეჯითებით არ იცოდა, რისი იმედი ან რა ზრახვა შეიძლებოდა ჰქონოდა, რა გადაეწყვიტა. სულ როჟიზე ფიქრობდა – ვერ გამოეცნო მისი უცნაური გამომეტყველების აზრი. ქალწულს მარწუხებში ჰყავდა მოქცეული, თუმცა მის ირგვლივ ყველაფერი სუითინის არსებობის სწორედ წმიდათაწმიდას ემუქრებოდა შებღალვით. მერე ბოლეშკე! როცა კი თვალს შეავლებდა მას სუითინი, მყის გაიფიქრებდა – ნეტავი ფაქიზი მაინც იყოსო! და თითებით უნებურად მოსინჯავდა კოხტად განასკვულ საკუთარ ყელსაბამს. მასთან ლაპარაკში ხომ თითქოს იძულებული იყო ისეთი საგნებისთვის შეეხედა, რომელნიც დღის სინათლეზე არც გამოიჩინებიან – თავისუფლება, თანასწორობა, თავდადება! „რატომ რაიმე საქმეს არ მოჰკიდებს ხელს, მთელი ამ ფუჭი ლაყბობის ნაცვლად?“ – ფიქრობდა სუითინი. ბოლეშკეს ანაზდეული ყოყმანი, გულშეუჯერებლობა, თვითგვემა და სასოწარკვეთილება აღიზიანებდა მას. „ხუშტურიანი ვინმეა! – ჩაიბუტბუტებდა ხოლმე სუითინი. – მადლობა ღმერთს, მე არ მაქვს აგრე თხელი კანი! თან რა ამპარტავანია! – გასაოცრად! მერე ისიც მაგისთანა ღატაკი კაცი!“ ამასთანავე ერთ საღამოს ბოლეშკე მთვრალიც მობრძანდა შინ. სუითინმა იგი მის საწოლ ოთახში შეათრია, ტანთ გაახდევინა და მანამ არ მოშორებია, სანამ არ ჩაეძინა. „მეყო ეს სიკეთე! – გაიფიქრა მან. – საკუთარი ქალიშვილების წინაშე მაინც არ გალეშილიყო!“ ამის შემდეგ გახლდათ, რომ ბრძანა, სამგზავრო ეტლი გამიმზადეთო. მეორედ მაშინ ჩაალაგა ბარგი, როცა ერთ საღამოს არა მარტო ბოლეშკემ, თვით როჟიმაც ხელით მიირთვა წიწილი.        დილაობით სუითინი სიგარის მოსაწევად ხშირად დადიოდა მირაბელში. ჩაფიქრებული, გულგრილად მისჩერებოდა ქანდაკებებს – ნახევრად გმირი ვაჟკაცები რომ იტაცებდნენ ნახევრად შეჭირვებულ დიაცებს. ქუდს ჩამოიფხატავდა, რომ მზისგან დაეფარა ცხვირი და სიამით ატარებდა ასე მთელ საათს. კიბეზე როჟი რომ გაუსხლტა ხელიდან, სუითინი იმის მეორე დღესაც ჩვეულებისამებრ მივიდა ბაღში. ლაჟვარდოვანი დილა იყო; მზის შუქი დასთამაშებდა ძველებურ, კარგად მოვლილ, გაწიკწიკებულ ბაღს, მის ურთხლებს, ნახევრად სერიოზულ, ნახევრად კომიკურ ქანდაკებებსა და გარგარისა და ქლიავის რიგებს. როცა სუითინი მიუახლოვდა თავის სკამს, ვინ დახვდებოდა იქ, თუ არა როჟი! – დილა მშვიდობისა, – წაიბურტყუნა სუითინმა. – მაშ თქვენ იცოდით, რომ ეს ჩემი სკამი იყო? როჟიმ თვალები დახარა. – დიახ, – მიუგო მან. სუითინი სახტად დარჩა. – ხომ იცით, რომ ძალიან უცნაურად და სასაცილოდ მეპყრობით? სუითინის განსაცვიფრებლად როჟიმ თავისი ნაზი, პაწია ხელი ძირს დაუშვა და მის ხელს შეახო. მერე კრინტის დაუძრავად წამოხტა ზეზე და მოკურცხლა. სუითინს ერთი წუთი მაინც დასჭირდა, რომ გონს მოსულიყო. ირგვლივ ხალხი ირეოდა. გაქცევაც არ უნდოდა, მაგრამ ხიდზე მაინც მიეწია და მისი ხელი მკლავში ამოიდო. – ეგ არ უნდა გექნათ, – უთხრა მან. – ხომ იცით, მე არ უნდა გამირბოდეთ. როჟიმ გადაიკისკისა. სუითინმა მოაშორა მკლავი; თან ჟინმა მოუარა, ერთი კარგად შეენჯღრია ქალი. კარგა ხანს იარა ჩუმად და შემდეგ იკითხა: – ეგებ კეთილი ინებოთ და მითხრათ, რისთვის მოხვედით და დაჯექით იმ სკამზე? როჟიმ თვალები შეანათა. – ხვალ დღესასწაულია, – მიუგო მან. სუითინმა ჩაიბურტყუნა: – მერე ეგ არის და ეგ? – თუ თქვენ არ წაგვიყვანთ, ჩვენ ვერ წავალთ. – ვთქვათ, მე უარი ვთქვი, – განაცხადა სუითინმა პირქუშად. – სხვებიც ბევრნი არიან! როჟიმ თავი ჩაღუნა და ფეხი ააჩქარა. – არა, – წაიჩურჩულა მან, – თუ თქვენ არ წამოხვალთ, მე არ მინდა წასვლა. სუითინმა ისევ ამოიჩარა მისი ხელი იღლიაში. რა ფაფუკი და ნაზი ხელია! სცადა სახეში შეეხედა ქალისთვის. როჟი რომ სახლს მიუახლოვდა, სუითინი დაემშვიდობა – რაღაც ბნელი, იდუმალი მიზეზის გამო არ უნდოდა, მასთან ერთად ენახათ. მანამდე უყურებდა, სანამ არ მიიმალა და მძიმედ გაუდგა გზას ბაღისკენ. როცა იმ ადგილს მიაღწია, სადაც ქალი იჯდა, ნელა მოუკიდა სიგარას, მოსწია, ამის შემდეგაც დიდხანს იჯდა მდუმარე ქანდაკებების წინაშე. VII        ფარდულების გარშემო ბრბო ჩოჩქოლებდა. სუითინი იძულებული გახდა მკლავი შეეთავაზებინა ქალიშვილებისთვის. „თითქოს ვინმე პატარა კოკნი კლერკი ვიყო!“ – გაუელვა თავში. მისი უკმაყოფილება არავის შეუნიშნავს – გოგონები რატრატებდნენ, კისკისებდნენ, ჩანდა, მთელი ამ ალიაქოთის ყოველი სანახაობა, ყოველი ხმა პირდაპირ გულში სწვდებოდათ. სუითინი დაცინვით ადევნებდა თვალს – მათი ხალისიანი ჟღურტული და მოწონების ხმადაბალი ღუღუნი უზნეობად და უზრდელობად ეჩვენებოდა. სქელ ბრბოში სუითინმა ნელა დასხლიტა ხელი მარგიტს, მაგრამ როგორც კი თავისუფლად დაიგულა თავი, დაუპატიჟებელი ხელი კვლავ შემოუცურდა მკლავქვეშ. კიდევ სცადა, მაგრამ მარგიტი, მხიარული, საამურ გუნებაზე მყოფი, კვლავ ამოეტუზა გვერდში და თავის მარცხი სუითინს ამჯერად სასაცილოდ ეჩვენა. ოღონდ, როცა როჟი გადაიხრებოდა მისკენ, მისი ფუნთუშა ღაწვი, მოღიმარი ბაგე, გრემა თვალების იდუმალი, უცნაური ჟუჟუნი ვნებიან ჟრუანტელს ჰგვრიდა. იგი იძულებული გახდა ეყურყუტა, ვიდრე ისინი ბოშა დედაკაცს ეყბედებოდნენ, რომლის აბურდული თმა და გაძვალტყავებული ხელები სამართლიან ზიზღს იწვევდა მასში. „სისულელეა!“ – წაიდუდღუნა მან, როცა როჟიმ ხელისგული გაუწოდა დედაბერს. ბებერმა ჩაიბურტყუნა და წყრომით შეავლო თვალი კაცს. როჟიმ გამოსტაცა ხელი ბოშას და პირჯვარი გადაიწერა. „სისულელეა!“ – კვლავ გაიფიქრა სუითინმა; სტაცა მკლავებში ხელი ქალიშვილებს და იქაურობას მოაშორა. – რა თქვა ბებერმა კუდიანმა? – იკითხა მან. როჟიმ თავი გააქნია. – ნუთუ მაგათი გჯერათ? ქალს ცრემლით აევსო თვალები. – ბოშები ბრძენები არიან, – ჩაიჩურჩულა მან. – მერედა რა გითხრათ? ამჯერად როჟიმ დაფეთებულმა მოავლო ირგვლივ თვალი და ბრბოში შერგო თავი. ცოტაოდენი ძებნის შემდგომ ისევ იპოვეს იგი და შეშინებულმა სუითინმა დაიბუხუნა: – ასე არ უნდა იქცეოდეთ, ურიგოა! ამაღლებულ ადგილას სამხედრო ორკესტრი უკრავდა. ამ ჯადოსნურ წრეში მოხვედრის უფლებისთვის სუითინმა სამი კრონი გადაიხადა და, რასაკვირველია, საუკეთესო ადგილები ირჩია. ღვინოც მოატანინა და დასხმისას ცალ თვალს როჟის არ აცილებდა. ამ ალიაქოთში სულ დაიკარგა მისი გუშინდელი მფარველური სინაზე-სისათუთე. ბოლოს და ბოლოს ყველა თავის თავს გაუფრთხილდეს! ლოყები კვლავ აელეწა ქალიშვილს, თან კისკისებდა და მანჭავდა ტუჩებს. ანაზდად როჟიმ განზე გასწია თავისი ფიალა. – დიდად გმადლობ, – კმარა! – თქვა მან. მარგიტმა, სიცილით შესძახა: – Lieber gott! განა დიდებული არ არის სიცოცხლე? ეს ისეთი კითხვა არ გახლდათ, რომ სუითინს ეკისრა მასზე პასუხის გაცემა. ორკესტრმა ვალსი დაუკრა. – ახლა ცეკვა დაიწყება. Lieber gott! განა საოცარი არაა სანათურები? ლამპები ხეებში ციცინათელების გუნდივით ციმციმებდა. ვეება სკასავით ისმოდა ზუზუნი. გამვლელთა სახეები ჩნდებოდა და კვლავ უჩინარდებოდა ბრბოში. როჟი მოჯადოებულივით შეჰყურებდა მათ, თითქოს ეს გამოჩენა და გაქრობა დიდად საამო რამ ყოფილიყოს. მოედანი მალე ბზრიალა წყვილებით აივსო. როჟიმ ტაქტს შეუწყო თავის ქნევა. – ოჰ, მარგიტ! – წაიჩურჩულა მან. სუითინი გაიფუყა და აიმრიზა. ვიღაცა კაცმა ქუდი მოუხადა და მკლავი შესთავაზა მარგიტს. ქალმა მხარუკუღმა მოხედა სუითინს, რათა დაეშოშმინებინა. – მეგობარია, – მოაძახა მან. სუითინმა როჟის შეხედა – მას თვალები უბრწყინავდა, ბაგეები უთრთოდა. ქალმა გამოაცურა ხელი მაგიდაზე და ვაჟკაცის თითებს შეეხო. მერე თვალები შეანათა – მუდარა, საყვედური, სინაზე, ყველაფერი შიგ იყო ასახული. ნუთუ საცეკვაოდ იწვევს? ნუთუ იმ ნაძირალებში სურს გარევა? ნუთუ უნდა, რომ თვითონ ისიც ამ ორომტრიალში ჩაითრიოს? ვიღაცის ხმამ თქვა, „საღამო მშვიდობისაო“. მათ წინაშე წელში გამოყვანილ შავ მუნდირში გამოწყობილი კაშტელიზი იდგა. – თქვენ არ ცეკვავთ, როჟი კოჟანონი? ნება მიბოძეთ, მე გაგიწვიოთ.        მკლავი შესთავაზა. სუითინს ძირს დაეხარა თვალები. საცეკვაოდ გასვლისას როჟიმ შემოხედა და სრულიად მკაფიოდ, თითქოს სიტყვებით ეთქვას, ანიშნა, თქვენ არ გინდათო? მაგრამ პასუხის ნაცვლად სუითინმა თვალი აარიდა; ხოლო, როცა კვლავ იქით მიიხედა, ქალი უკვე აღარ ჩანდა. სუითინმა ანგარიში გაისტუმრა და ბრბოს შეერია. მიმავალს ალმურავარდნილმა და აქაქანებულმა როჟიმ ჩაუქროლა გვერდით. ქალი გადმოიხარა უკან, თითქოს მისი შეჩერება უნდაო და სუითინმა მის თვალებში აკიაფებული ცრემლი შენიშნა. მერე კვლავ დაეკარგა იგი თვალთაგან. ერთად ყოფნის პირველსავე წუთს მიატოვოს და ისიც იმ თავწვრილა, თვალებდაჭყეტილი მატრაკვეცას გულისთვის? ეგ უკვე მეტისმეტი იყო! და უცბად თავში გაუელვა, რომ როჟი მარტო დარჩა კაშტელიზთან – მარტო ღამეში და სახლიდან შორს. „ჰოდა, მე რა მენაღვლება!“ – გაიფიქრა მან და კვლავ განაგრძო მუჯლუგუნებით გზის გაკაფვა ბრბოში. ახია იმაზე, ამისთანა ხალხს რომ გაუყადრა თავი! ზეიმი მიატოვა, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა, მით უფრო ერეოდა ბოღმა; მით უფრო საზარლად ეჩვენებოდა შეურაცხყოფა, უფრო უღრმავდებოდა ეჭვიანობა. „გლახაკი ბარონი!“ – უტრიალებდა მას თავში. გვერდში ვიღაც აეტუზა – ბოლეშკე იყო. სუითინი ერთი თვალის შევლებით მიხვდა, რა ყოფაშიც ბრძანდებოდა იგი. კიდევ გალეშილა! ამან კი გაუწყვიტა მოთმინების უკანასკნელი ძაფიც. საუბედუროდ ბოლეშკემ იცნო. იგი ფრიად აღელვებულ-აფორიაქებული ჩანდა. – სად არიან ჩემი ქალიშვილები? – წამოიწყო მან. სუითინმა გასხლტომა სცადა, მაგრამ ბოლეშკემ მკლავში სტაცა ხელი. – გამიგონე, ძმაო! – უთხრა მან. – ამბავი მოვიდა ჩემი სამშობლოდან! ზეგ... – ეგ ამბავი თქვენთვის შეინახეთ! – წაუღრინა სუითინმა და მკლავი გამოჰგლიჯა. მან პირდაპირ თავის ბინას მიაშურა და შუქჩამქრალ სასტუმრო ოთახში ხმელ ტახტზე წამოწოლილმა მწარე ფიქრებს მისცა თავი. ბოღმის მიუხედავად, როჟის მოსხლეტილი ტანი, გაბუტული ბაგეები და ცუღლუტური, მავედრებელი თვალები მაინც არ ასვენებდნენ. VIII        სუითინმა დილით ეტლის შოვნა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა სახვალიოდ გადაედო გამგზავრება. მოღუშული და ნისლიანი დღე იყო. იგი დაკარგული, გზააბნეული ძაღლივით დაძრწოდა ქალაქში. შინ გვიან დაბრუნდა. სასტუმრო ოთახის კუთხეში როჟი ატუზულიყო. გამარჯვების თრთოლვა და შვების გრძნობა, რომელმაც იგი შეიპყრო, ბაგეზე შეპარულ ოდნავ ჩაღიმებაში გამოხატა მხოლოდ. როჟის კრინტი არ დაუძრავს; სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და მისი მდუმარება მძიმედ დააწვა გულზე სუითინს. ქალი აიძულებდა, მას გაეტეხა ნავსი. რად იფარებდა ხელებს? თვითონ მისი სახე ხომ ღია იყო? რატომ არ იღებს ხმას? აქ რად არის? – ისიც მარტო! უთუოდ რაღაც უკუღმართობაა! ანაზდად როჟიმ ძირს დაუშვა ხელები. ალეწილი სახე უთრთოდა. თითქოს ერთი სიტყვა, თუნდ ერთი ნიშანიც და ცრემლი წასკდებაო. სუითინი ფანჯარას მიადგა. „დაე გონს მოვიდეს!“ – გაიფიქრა და ამ დუმილით რატომღაც გაოგნებული, უცბად მოტრიალდა და მკლავებში სტაცა ხელი. როჟი ჯერ უკან მიაწყდა, მერე წინ წატორტმანდა და სახე მის მკერდში ჩარგო... ნახევარი საათის შემდეგ სუითინი ბოლთას სცემდა თავის ოთახში. ვარდის ფურცლების სურნელი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. იატაკზე ხელთათმანი ეგდო: აიღო და კარგა ხანს ეჭირა იგი ხელში. თავში ათასნაირი ფიქრი და გრძნობა უტრიალებდა. ეს გახლდათ ყველაზე უწმინდესი და ყველაზე ნაკლებ თავკერძა ჟამი მისი ცხოვრებისა; ჟამი, როცა ეს ქალი დანებდა მას. მაგრამ ამ წმინდა მადლიერების გრძნობამ, გამოწვეულმა ქალის ცეცხლოვანი, გულმხურვალე, ალალი თავშეწირვითა და თავდავიწყებით, დიდხანს არ გასტანა. მას მოჰყვა ზეიმის წვრილმანი გრძნობა და უხერხული დაბნეულობა. ჯერ კიდევ ხელთ ეჭირა პაწია ხელთათმანი, რომ ახლა სხვა სტუმარი გამოეცხადა. ეს გახლდათ კაშტელიზი. – რით შემიძლია გემსახუროთ? – დაცინვით შეეკითხა სუითინი. უნგრელს, ეტყობოდა, ბოღმა ახრჩობდა. რატომ დაყარა ბედის ანაბარა ქალიშვილები წინა ღამეს? რით იმართლებს თავს? რა ჰქვია ასეთ ქცევას? სუითინმა, ამჟამად ბულდოგს რომ ძალიან ჰგავდა, მიუგო: ეგ რა შენი საქმეაო. ეს გახლავთ ჯენტლმენისა და ვაჟკაცის საქმე! რა უფლება აქვს ინგლისელს, ყმაწვილ ქალს რომ დასდევს? – დასდევსო? – სიტყვა ჩამოართვა სუითინმა, – მაშ თქვენ ჯაშუშობდით? – ვჯაშუშობდი?... მე... კაშტელიზს... მაურუს იოჰანს... ეგ ხომ შეურაცხყოფაა!.. – შეურაცხყოფა! – დაცინვით ბრეცდა ტუჩებს სუითინი. – თქვენ გნებავთ მითხრათ, რომ სწორედ ახლა ქუჩაში არ ბრძანდებოდით? კაშტელიზმა პასუხად წაისისინა: – თუ თქვენი ნებით არ დატოვებთ ამ ქალაქს, მე დაგატოვებინებთ ჩემი ხმლით... გესმით? – თქვენ კი თუ არ დატოვებთ ჩემს ოთახს, ფანჯრიდან გადაგიძახებთ! რამდენიმე წუთს კაშტელიზი წმინდა უნგრულ ენაზე ლაპარაკობდა, ხოლო გაშტერებული სუითინი ნაძალადევი ღიმილით ელოდა – მას უნგრულისა არაფერი გაეგებოდა. – თუ ხვალ საღამოს კიდევ გნახავთ ქალაქში, – განუცხადა კაშტელიზმა ინგლისურად, – საჯაროდ მოგაფურთხებთ! სუითინმა ფანჯრისკენ იბრუნა პირი და სიამის, სიჯიუტისა და აღელვების რაღაც უცნაური ნარევი გრძნობით ადევნებდა თვალს მიმავალ სტუმარს. „ოჰო! ეგ, მგონი, მართლაც გამიყრის მახვილს!“ – გაიფიქრა მან. ეს ვერაფერი სასიამოვნო ფიქრი გახლდათ და თან კვლავ და კვლავ უტრიალებდა თავში; ოღონდ ამან კიდევ უფრო განუმტკიცა განზრახვა. თავი მხოლოდ როჟის ნახვის გეგმებით ჰქონდა სავსე – მისმა ხვევნა-კოცნამ სისხლი აუდუღა. IX        მეორე დღეს სუითინი დიდხანს ჭოჭმანობდა, როდის წასულიყო როჟისთან. გადაწყვიტა, ხუთ საათამდე მაინც არ მოვიცვლი ფეხსო. „ძალიანაც არ უნდა გავიიაფო თავი!“ – ფიქრობდა იგი. ცოტა კიდეც გადასცდა ხსენებულ საათს, რომ ბოლოს გამობრძანდა გარეთ და გულის ფანცქალით დაადგა ბოლეშკეთა გზას. ახედა ფანჯარას; თითქმის სჯეროდა, რომ იქ როჟის მოჰკრავდა თვალს,. მაგრამ ფანჯარაში არავინ ჩანდა და ცოტა გაუკვირდა კიდეც, სარკმელი ღია რომ დახვდა. გარეთ მდგარ მცენარეებსაც უჩვეულო მოწყენილი იერი ედოთ. დააკაკუნა. არავინ გამოხედა. გამწარებით დაუწყო ბრახაბრუხი. ბოლოს კარი ვიღაც მოჟღალოწვერიანმა გაუღო – ასეთი გესლიანი სახე მარტო ტევტონური მოდგმის მეწაღეებს თუ აქვთ ხოლმე. – რა გნებავთ; რა ალიაქოთ აგიტეხიათ? – დაეკითხა იგი გერმანულად. სუითინმა ზემოთ, კიბისკენ, ანიშნა. კაცმა ჩაიქირქილა და თავი გააქნია. – ზემოთ ასვლა მინდა, – უთხრა სუითინმა. მეჯღანემ მხრები აიჩეჩა. სუითინი აიჭრა ზემოთ. ოთახები ცარიელი დახვდა. ავეჯი ისევ ეწყო, ოღონდ სულიერის ჭაჭანება არსად იყო. მისი მიტანილი ერთი თაიგული, დამჭკნარი, მინის ლარნაკში იდო. ბუხარში ნაცარი სულ გაცივებულიყო. ბუხრის წინ, ფილაქანზე, ქაღალდის დაქუცმაცებული ნაჭრები ეყარა. ოთახში უკვე იგრძნობოდა ობის სუნი. საწოლ ოთახში გავიდა და გამოშტერებული დააჩერდა კედელთან გვერდიგვერდ მდგარ ქალიშვილების საწოლებს. თვალში ბაფთის ნაჭერი მოხვდა. აიღო და ჯიბეში ჩაიდო – ეს გახლდათ მოწმობა, რომ როჟი ოდესღაც მართლა არსებობდა. სარკესთან ქინძისთავები მიმოეფანტათ. ცოტაოდენი პუდრიც ებნია. შეხედა თავის შეშფოთებულ სახეს და გაიფიქრა, მომატყუესო. მეწაღის ხმამ გამოაფხიზლა: – Tausend Teufel! Eilen Sie, nur! Zeit ist geld! Kann nich langer Werten! სუითინი მძიმე ნაბიჯით ჩამოვიდა ძირს. – საით გაემგზავრენ? – ძლივს ამოღერღა სუითინმა. – თითო ინგლისურ სიტყვაში თითო გირვანქა სტერლინგს მოგცემთ, თითო გირვანქას! – და თითებით წრე ანიშნა. მეწაღეს ღიმილი მოერია პირზე: – Geld! Mff! Eilen Sie, nur! მაგრამ სუითინს ყელში სასტიკი ბოღმა მოებჯინა. – თუ არ მეტყვით, უარესი იქნება თქვენთვის. – უთხრა მან. – Sind ein komischer Kerl! – შენიშნა მეწაღემ – Hier ist meine Frau! ხანში შესული ქალი მოეშურებოდა და გერმანულად იძახდა: არ გაუშვა, არ გაუშვაო! მეწაღემ ბუზღუნით აქცია ზურგი სუითინს და წაფრატუნდა. დედაკაცმა ქურდულად ჩასჩარა სუითინს ხელში ბარათი და მორიდებით დაუწყო ლოდინი. ბარათი როჟის დაეტოვებინა. „მაპატიეთ, – იწერებოდა იგი, – რომ გამოუმშვიდობებლად მივემგზავრები. დღეს მამაჩვენმა ასე დიდი ხნის ნანატრი მიწვევა მიიღო ჩვენი მშობლიური ქალაქიდან. ორ საათში გზას უნდა დავადგეთ. ვევედრები ქალწულ მარიამს, რომ მარად მშვიდობით გამყოფოთ და რომ სულ არ დამივიწყოთ. – თქვენ მუდამ მახსენებელი კეთილი მეგობარი როჟი“.        სუითინმა ეს რომ წაიკითხა, პირველად ისე იგრძნო თავი, თითქოს ჭაობში ეფლობოდა; შემდეგ კი ისევ სიჯიუტემ მოუარა. „ვერ გამაცურებენ“, – გაიფიქრა მან. ამოიღო ოქროს ფული და სცადა, მიეხვედრებინა დედაკაცი, რომ მას შეეძლო ეს ფული მიეღო, თუ ეტყოდა, საით გაემგზავრენ ისინი. ბოლოს, როგორც იქნა, რაღაც სიტყვები ჩააწერინა თავის უბის წიგნაკში, ფული მისცა და მიაშურა „ოქროს ალპებს“, სადაც ინგლისურად მოლაპარაკე ფარეში ეგულებოდა. თარგმანი შემდეგს იუწყებოდა: „სამ საათზე დაადგნენ ეტლით ლინცის გზას. ცხენები ცუდი ჰყავთ. ბატონი თეთრ ცხენზე ზის“. სუითინმა მსწრაფლ გააჩერებინა ეტლი და ისიც ჭენებით გაუდგა ლინცის გზას. მირაბელის ბაღთან თვალი მოჰკრა კაშტელიზს და ჩაიცინა. „ეს მაინც გავაცურე, – გაიფიქრა მან, – რამდენიც უნდა იყბედონ, დიდი უმაქნისები არიან ეს უცხოელები!“ გუნებაზე მოვიდა, მაგრამ მალე ისევ წაუხდა ხასიათი. ვითომ მოახერხებს, რომ დაეწიოს მათ? ისინი სამი საათით წინ არიან! თუმცა ორი უკანასკნელი ღამის წვიმებს გზა გაეფუჭებინა, თან ბარგი ჰქონდათ და უხეირო ცხენებიც ჰყავდათ; თვითონ კი ჩინებული ცხენებითა და მოქრთამული მეეტლით, შეეძლო ათი საათისთვის მაინც დასწეოდა! მაგრამ ეწადა კი ეს? რა სიტუტუცე მოუვიდა, ბარგი რომ თან არ წამოიღო; მაშინ უფრო დარბაისლური, საპატიო იერი ექნებოდა! რა პირუტყვს ემსგავსება პერანგგამოუცვლელი და თანაც პირგაუპარსავი! თავზარდაცემულმა წარმოიდგინა თავისი თავი, სულ შეჯაგრული და ჭუჭყიანპერანგიანი. ხალხს გიჟი ეგონება! „მე თვითონ გავისულელე თავი, – გაუელვა გონებაში, – აბა, რა უნდა ვუთხრა ახლა მათ?“ და იგი პირქუშად დააშტერდა მეეტლის ზურგს. კვლავ გადაიკითხა როჟის ბარათი. მისი სურნელი უდიოდა. უფრო და უფრო ჩამობნელდა და ეტლით ჯაყჯაყში თან თავისი წინდახედულება და კეთილგონიერება ტანჯავდა, თანაც – ვნებათა ღელვა.        კიდევ უფრო აცივდა და ჩამობნელდა. პალტოს საყელო ყურებამდე აიწია. თვალწინ პიკადილი წარმოუდგა. ეს დამთხვეული დევნა უცბად ფრიად საშიშ და ბუნდოვან საქმედ ეჩვენა. შუქის ჩახჩახი, მეგობრები, მყუდროება! „ეს აღარასოდეს იქნება! – მწარედ ფიქრობდა იგი. – რატომ არ მანებებენ ისინი თავს?“ მაგრამ არ იყო ცხადი, რას გულისხმობდა ამ „ისინში“ – პირობით წეს-ჩვეულებებს, ბოლეშკეებს, თავის ვნებათა ღელვას თუ როჟისთან დაკავშირებულ აკვიატებულ მოგონებებს. ნეტავი ერთი ჩემოდანი მაინც ჰქონდეს თან! რა უნდა ეთქვა, რისთვის იღვწოდა? ამ კითხვებზე პასუხს ვერ ახერხებდა. თვით წყვდიადი არ ჩანდა ისე ბნელად, როგორც მისი გრძნობა. დროდადრო საათს სინჯავდა. ყოველ სოფელში კითხულობდა მეეტლე ლტოლვილთა ამბავს. ათ საათს გადასცდა, რომ ეტლი ანაზდად შედგა. ვარსკვლავები ფოლადივით კრიალებდნენ და გზის პირას ლელიანი ტბა მთვარის შუქზე ლაპლაპებდა. სუითინს გააჟრჟოლა. შუა გზაში ცხენოსანი კაცი იდგა. – გარეკე! – უბრძანა მეეტლეს გულგრილად. ეს კაცი ბოლეშკე აღმოჩნდა, რომელიც, გახრეკილ თეთრ ჯაგლაგზე მჯდარი, რაღაც ფრთოსან არსებას წააგავდა. იგი ისეთ ადგილას ჩამდგარიყო, რომ ეტლისთვის გზა გადაეღობა. ხელში დამბაჩა ეჭირა. „ტაკიმასხარა!“ – გაიფიქრა სუითინმა ნერვიული ღიმილით. თავი ისე მოაჩვენა, ვითომ ვერ იცნო. ბოლეშკემ ნელი ნაბიჯით მოაყენა თავისი ბეხრეკი ეტლს. როცა დაინახა შიგ ვინც იჯდა, მის განცვიფრებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. – თქვენ ხართ? – შეჰყვირა მან, ხელი დაირტყა გამხდარ თეძოზე და ისე გადმოიხარა, რომ წვერით შეეხო სუითინს. – თქვენც წამოხვედით? თქვენც წამოგვყევით? – აგრე ჩანს, – ჩაიბუზღუნა სუითინმა. – თქვენ გინდათ ჩვენი ბედი გაიზიაროთ? განა ეგ შესაძლებელია? თქვენ... თქვენ ყოფილხართ მაშ მოგზაური რაინდი! – უფალო შემიწყალე! – შესძახა სუითინმა. ბოლეშკემ შემოჰკრა თავის ჯაგლაგ რაშს და წააჩინდრიკა მთვარის შუქში. მერე უკან დაბრუნდა. ძველი წამოსასხამი გაიძრო და არ მოეშვა, სანამ ბეჭებზე არ მოასხა იგი სუითინს. თან მოზრდილი მათარაც მიაჩეჩა ხელში. – როგორ გაბაბანებთ! – თქვა მან. – საოცარი, საოცარი ხალხი ხართ ინგლისელები! ერთხანს მადლიერ თვალებს არ აშორებდა სუითინს. უკვე დაეწივნენ სხვა ეტლს, მაგრამ წამოსასხამში მობუზულ სუითინს სულაც არ უცდია, დაენახა წინ რა იყო. გულში სწყევლიდა უნგრელის მადლიერებას. ბოლოს ამაოდ დახარჯული ირონიით შენიშნა: – ჩანს, გეჩქარებათ? – ჩვენ რომ ფრთები გვქონდეს, იმათაც გამოვიყენებდით! – მიუგო ბოლეშკემ. – ფრთები? – ჩაიბურტყუნა სუითინმა ჩუმად. – ჩემთვის ფეხებიც სავსებით საკმარისია! X        სასტუმროს რომ მიაღწიეს, სადაც ღამე უნდა გაეთიათ, სუითინმა ფეხი აითრია, ეგებ „უსცენოდ“ მოვახერხო შინ შეპარვაო, მაგრამ როცა ბოლოს ჩამოხტა, გოგონები კარის ზღურბლზე შემოეგებნენ და მარგიტი აღტაცებული ჩურჩულით მიესალმა, რომელშიაც სუითინს ფარული დაცინვაც მოეჩვენა. ფერმიხდილმა, ათრთოლებულმა და თითქოს დამფრთხალმა როჟიმ ხელი გამოუწოდა, ოღონდ სასწრაფოდ ისევ წაჰგლიჯა და დას ამოეტუზა ზურგს უკან. ქალები რომ ზევით ავიდნენ, თავიანთ ოთახში, სუითინმა ბოლეშკე მოძებნა. იგი შესამჩნევად გახალისებულიყო. – უთხარით სასტუმროს პატრონს, ვახშამი გაგვიშალოს, – უთხრა მან. – ერთი ბოთლი მაინც გადავკრათ ჩვენს სადღეგრძელოდ. სუითინი სასტუმროს პატრონთან გაეშურა. ოთახის სარკმელი ტყეს გადაჰყურებდა, რომელიც ისე ახლოს მოსჯროდა შენობას, თითქმის ხელს მიაწვდენდა კაცი ხეებს. ფიჭვის სურნელი სცემდა ცხვირში. მან ზურგი შეაქცია სურნელოვან წყვდიადს და ბოთლების გახსნას შეუდგა. საცობის ამოღების ხმაზე ბოლეშკე გამოცხადდა. თავიდან ფეხებამდე ტალახში ამოსვრილიყო და ცოტა საჯინიბოს სუნიც დაჰკრავდა. მალე მარგიტიც გამოჩნდა. ქორფა და ხალისიანი, ოღონდ როჟი არ ჩამოსულა. – სად არის თქვენი და? – ჰკითხა მან. როჟი, ეტყობოდა, დაღლილი გახლდათ. – ჭამა ძალას დაუბრუნებს, – თქვა სუითინმა. ბოლეშკემ წაიდუდუნა: – იმანაც უნდა დალიოს ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელო. და წავიდა მის მოსაყვანად. მარგიტიც გაჰყვა. სუითინი წიწილის აქნას შეუდგა, მაინც უმისოდ დაბრუნდნენ: „შაკიკი აქვს და ცუდ გუნებაზეაო“. სუითინი მოიღუშა. – აბა, მეც ვცდი. თქვენ ნუ დამიცდით! – თქვა მან. – ჰო, – მიუგო ბოლეშკემ და სევდიანად ჩაეშვა სავარძელში, – სცადეთ, ძმაო, სცადეთ... რაც შეგიძლიათ, სცადეთ! სუითინმა ტალანი რაღაც უცნაური გულის ფანცქალით ჩაიარა და როჟის კარზე დააკაკუნა. როჟიმ მალევე გამოიჭყიტა. თმა გაშლილი ჰქონდა და თვალები გაკვირვებით შემოანათა. – როჟი, – წაიბლუკუნა სუითინმა. – რატომღა მიფრთხი ახლა? ქალმა თვალები გააშტერა, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს. – რატომ არ მოდიხარ? როჟის არც ახლა ამოუღია ხმა, ოღონდ ანაზდად შიშველი მკლავი გამოუწოდა, სუითინმა სახე დააკონა ზედ. აცახცახებულმა ქალმა ზემოდან ჩასჩურჩულა ყურში, „ჩამოვალო“, და წყნარად მოხურა კარი. სუითინი ფეხაკრეფით გამობრუნდა და ერთ წუთს სასტუმრო ოთახის წინ შედგა, რათა სული მოეთქვა. ბოლეშკეს დანახვამ, რომელსაც ხელთ ბოთლი ეპყრა, გაამხნევა. – მოდის, – თქვა მან. და მართლაც მალე როჟიც შემოვიდა. სქელი თმა სახელდახელოდ ჰქონდა დაწნული. სუითინი ქალიშვილებს შორის იჯდა, ოღონდ ხმას არ იღებდა, რადგან მართლაც შიოდა. ბოლეშკეც დუმდა, პირქუშ ფიქრებში გართული როჟი დამუნჯებულიყო; მარტო მარგიტი ჭიკჭიკებდა. – თქვენც ხომ მოდიხართ ჩვენს მშობლიურ ქალაქში! რამდენ რამეს გაჩვენებთ! როჟი, რას არ ვაჩვენებთ! როჟიმაც ხელების ოდნავ მავედრებელი მოძრაობით გაიმეორა: – რას არ გაჩვენებთ! ანაზდად თითქოს მანაც კვლავ ამოიდგა ენაო და ქალიშვილები, ღაწვებშეფაკლებულნი, საჭმლით პირსავსენი, ციყვებივით თვალებდაცეცებულნი ყბედობდნენ და იგონებდნენ „ძვირფას მშობლიურ ქალაქს“, „ძვირფას მეგობრებსა“ და „ძვირფას სახლს“. „ერთი ბეჩავი ადგილი იქნება!“ – ძალაუნებურად გაუელვა თავში სუითინს. ასეთი აღტაცება ეხამუშებოდა, მაგრამ ცდილობდა ცნობისმოყვარე იერი მიეღო და თანაც ამ საქმეში მხნეობას მატებდა როჟის ჟუჟუნა თვალების კვესებაც. ღვინო იკლებდა და ბოლეშკეც უფრო და უფრო პირქუში ხდებოდა, მაგრამ დროდადრო რაღაც ნათელი სხივიც გამოკრთებოდა ხოლმე მის სახეში. ბოლოს ფეხზე წამოდგა. – ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ეგებ დასაღუპავად, სასიკვდილოდაც მივდივართ, – განაცხადა მან. – ჩვენ კი, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ, რადგან ჩვენს სამშობლოს ასე ესაჭიროება. აქ, ამაში არავითარი პატივი არ გვეკუთვნის არც მე და არც თქვენ, ჩემო ასულნო. მაგრამ ამ კეთილშობილ ინგლისელზე კი რა გვეთქმის? მადლობა უფალს სულგრძელობისთვის. იგი მოდის არა სამშობლოს, არა სახელისა და დიდების, არა ფულის გულისთვის, არამედ სუსტთა და ჩაგრულთა შემწედ. მაშ დავლიოთ მისი სადღეგრძელო: კვლავ და კვლავ შევსვათ გმირი ფორსაიტის სადღეგრძელო! სამარისებურ მდუმარებაში სუითინმა როჟის თვალებში ერთგვარი ვედრება და თან ოდნავი დაცინვაც ამოიკითხა. ახლა უნგრელს შეავლო თვალი. ხომ არ დასცინის იგი? მაგრამ ბოლეშკემ ჭიქა რომ დაცალა, კვლავ თავის ადგილას დაჯდა და ანაზდად, ყველას განსაცვიფრებლად, ხვრინვა ამოუშვა. მარგიტი წამოდგა, დედასავით დაადგა თავს და წაიჩურჩულა. – დაიღალა – ცხენით სიარულის ბრალია! წამოაყენა თავისი ღონიერი ხელებით და მის მხარზე დანდობილი ბოლეშკე ბარბაცით გავიდა ოთახიდან. სუითინი და როჟი მარტო დარჩნენ. ვაჟმა უხეში ტილოს სუფრაზე გააცურა ხელი ქალის ხელისკენ. იგი თითქოს ამ შეხებას ელოდაო. რაღაცამ იჩინა თითქოს პირი მასში და სიტყვები წყაროსავით წამოსდინდა. მცირე ხნით დაავიწყდა თავი, დაავიწყდა ყველაფერი, მის საიხლოვეს ყოფნის გარდა. ქალმა მხარზე მიაყრდნო თავი. სუითინი იყნოსავდა მისი თმის სურნელს. – ღამე მშვიდობისა! – ჩასჩურჩულა როჟიმ და ეს ჩურჩული ამბორს ჰგავდა. მაგრამ ვიდრე მის შეჩერებას მოასწრებდა, ქალი უკვე გაქრა. როჟის ფეხის ხმა მიწყდა ტალანში, სუითინს კი მიეშტერებინა თვალი დაღვრილი ღვინის ეული მოკამკამე წვეთისთვის, რომელიც მაგიდის კიდეზე თრთოდა. ამ დროს როჟი, თავისი უმწეობითა და გატაცებით, ყველაფერი იყო მისთვის ამქვეყნად, თვით თავისი საკუთარი ცხოვრება კი არაფრად მიაჩნდა. ყველაფერი – თავისი წეს-ჩვეულებანი, რწმენანი, აღზრდა და საკუთარი თავი – ყველაფერი შორეულად ეჩვენებოდა, ვნებათაღელვისა და უცნაური რაინდობის გრძნობის ბურუსს ამოჰფარებოდა. პურის ნატეხით ფრთხილად აწმინდა მოკამკამე წვეთი და უცბად თავში გაუელვა: „ეს რა დიდებულიაო!.. და დიდხანს იდგა იქ, ფანჯარასთან, ჩაშავებული ფიჭვების სიახლოვეს. XI        ამ უგერგილო, უცნაური ადგილითა და უთავბოლო სიზმრებით შეწუხებულს დილაადრიან გამოეღვიძა. დალიანდაგებული საბნიდან ცხვირამოყოფილი იწვა და ანაზდად საზარელი ეჭვი დაებადა თავში. რომ ვეღარ გაუძლო ეჭვს, ლოგინში შეხტა კიდეც. ეს მხოლოდ შეთქმულება რომ იყოს მის დასაქორწინებლად? მზაკვრული, ვერაგი ფიქრი გახლდათ და ცოტა ზიზღიც აღუძრა გულში. თვით მან კი, შესაძლოა, არც იცოდეს ეს! მაგრამ განა ასე უმანკოა? აბა, რომელი უბიწო ქალიშვილი მივიდოდა მასთან ოთახში იმნაირად? აბა რომელი? მერე კიდევ მამამისი, მარტო თავისი სამშობლოსთვის მზრუნველად რომ მოაქვს თავი! შეუძლებელია, რომელიმე კაცი ასეთი ტუტუცი ყოფილიყოს. ყოველივე ეს წინასწარ დაწყობილი შეთქმულების ნაწილი ჩანდა – ის თვალთმაქცი არამზადა, კაშტელიზიც როგორ ემუქრებოდა! მათ უნდოდათ ეს ქალი მიესაღებინათ მისთვის! და ეს საზარელი ფიქრი კიდევ უფრო განამტკიცა ქორწინების წინაშე მისმა მოწიწებამ. ეს გახლდათ ღირსეული, საპატიო საქმე; მას არ სწამდა სხვა ჯურის liaison – როგორღაც ძალიან უხეშად და მდაბიურად ეჩვენებოდა. და მაინც ქორწინების ფიქრმა პირდაპირ სისხლი გაუყინა ძარღვებში. რომ გაითვალისწინა, იგი კიდეც დამნებდაო, სულ თავზარი დაეცა! დილის ცივ, საბედისწეროდ მკაფიო სინათლეში ახლა პირველად განჭვრიტა თავისი მდგომარეობის მთელი სიძნელე და ხმელეთზე გადმოგდებული თევზივით აბჩენდა პირს, ამ აღმოჩენას რომ ითვალისწინებდა. სასტიკი ბოღმა დაუტრიალდა გულში ამ ვერაგული ცდის წინააღმდეგ. სუითინი ლოგინში წამოჯდა, თავზე ხელები შემოიწყო და საგულდაგულოდ შეუდგა ფიქრს, რა აზრი და მნიშვნელობა ექნება ასეთ ქორწინებასო. უპირველეს ყოვლისა იგი სასაცილო იქნებოდა, მეორე მხრითაც სასაცილო იქნებოდა და მესამე მხრითაც – სასაცილო. ის ქალი კვლავ თითებით აიღებდა და შეჭამდა წიწილის ხორცს – იმ თითებით, რომელთა დასაკოცნად ახლაც ცეცხლი ეკიდებოდა ტუჩებზე. იცეკვებს გიჟურად ვიღაც ვიგინდარებთან. იყბედებს თავის „ძვირფას სამშობლო ქალაქზე“ და მთელი დროის განმავლობაში სადღაც მის მიღმა ექნება მიშტერებული თვალები, ანდა კაცმა არ იცის, სად ექნება გული და გონება! სუითინი ზეზე წამოხტა, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და ერთხანს ეგონა, ვგიჟდებიო.        მათ უნდოდათ იმაზე დაექორწინებინათ! თვით მასაც, ქალსაც კი ეწადა მასზე დაქორწინება! მისი გამაღიზიანებელი იდუმალება, მისი ანაზდეული ოდნავ ფერება, მისი ჩაკისკისება, მისი სწრაფი, ნამალევი, მწველი კოცნანი; თვით მისი ხელების მოძრაობაც კი, ანდა მისი ცრემლები – ყველაფერი როჟის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა. არც ერთი ეს ქცევა, რომელთაც ბუნების შთაგონებით სჩადიოდა ქალი, მის სასარგებლოდ არ ჩაუთვლია. მაგრამ მაინც როგორ უღვივებდნენ ისინი ვნებას, წადილს, ტანჯვას! სუითინი მიადგა სარკეს და სცადა, თითებით გაეყო თმა, მაგრამ ძალიან წმინდა ჰქონდა და სწორ ზოლებად ეშლებოდა შუბლზე. ამანაც ვერ მიანიჭა შეღავათი. გამოათრია თავისი ტალახიანი წაღები. უცბად თავში გაუელვა: მე რომ მისი მარტო ნახვა მოვახერხო, რაიმე გადაწყვეტილებას დავადგებიო!.. მერმე როგორღაც გამომათაყვანებელი გრძნობით აღმოაჩინა, რომ არავითარი გადაწყვეტილება არ უშლიდა საქმეს და რომ ყველა მათგანი სახიფათო, საალალბედო და დამღუპველი იქნებოდა. სტაცა ხელი ქუდს და იმ კურდღელივით, რომელსაც თოფი ესროლეს, ისარივით გაიჭრა გარეთ. დაბოღმილი და გულდამძიმებული დიდხანს თავჩაქინდრული დალასლასებდა ჩანესტიანებულ ტყეში. მზე რომ ამოვიდა და ჰაერში ფიჭვების საამო სურნელი დატრიალდა, კვლავ დამშვიდდა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ უკვე დანებდა კიდეც და თითქოს არც აგრე იყო საქმე!.. და თავისივე საკუთარი ფეხის ხმა უნერგავდა გულში იმედს, რომ ყველაფერი როგორმე მოწესრიგდებოდა. „პრაქტიკულად შევეხოთ საქმეს“, – ფიქრობდა იგი. რაც უფრო ჩქარა მიაბიჯებდა, მით უფრო უმტკიცდებოდა რწმენა, რომ იგი კვლავ მოახერხებდა აქედან თავის დაძვრენას. საათი ამოიღო. შვიდს გადასცდენოდა, საჩქაროდ შინისკენ იბრუნა პირი. სასტუმროს ეზოში მეეტლე ცხენებს აბამდა ეტლში. სუითინი მივიდა. – ვინ გითხრათ, შეაბითო? – ჰკითხა მან. მეეტლემ მიუგო: – Der Herr. სუითინი მოტრიალდა. „ათ წუთში, – გაიფიქრა მან, – კვლავ ამ ეტლში ვიჯდები, თავში კი ასეთი დომხალი მაქვს! ვშორდები ინგლისს, ყველაფერს, რასაც აქამდე შევჩვევივარ... და მივეშურები... საით?.. შეუძლია მას ამის ატანა? შეუძლია მას ყოველივე იმის ატანა, რაც ამ დილით განსაჯა? ატანა ყოველდღიურად, ყოველ ღამე? ზემოთ რომ აიხედა, როჟის მოჰკრა თვალი – ღია ფანჯრიდან გადმოჰყურებდა. ასე ტურფა, საამო და მიმზიდველი ჯერ არასოდეს სჩვენებია. სუითინი გამოუთქმელმა შიშმა შეიპყრო. გადაირბინა ეზო და პირდაპირ ეტლში შეხტა. – ზალცბურგისკენ! – შეჰყვირა მან. – გარეკე! და ეტლმა რომ გაიხრიგინა ეზო, სუითინმა უკან მოუხედავად სოვერინი მიუგდო მეჯინიბეს. სახეგაფითრებული, გამოთაყვანებული და დრუნჩა გოშიასავით გამოშტერებული სუითინი აქეთ გზობას წინანდელზე გაცილებით მეტი გამწარებით მოქროდა კრიჭაშეკრული. მანამდე არ გააჩერებინა ცხენები მეეტლეს, სანამ თავისი ბინის კარს არ მიადგა. XII მეხუთე დღის საღამო ხანს, ჩაყვითლებული და მგზავრობისგან მისავათებული სუითინი გონდოლით მიადგა დანიელის სასტუმროს. კიბეზე მდგომმა ძმამ შიშითა და ცნობისმოყვარეობით გადმოხედა. – ოჰ, შენ ხარ? – წაიბლუკუნა მან. – მშვიდობით ჩამოხვედი? – რა მჭირდა სამშვიდობო? – დაიღრინა სუითინმა. ჯეიმზმა მიუგო: – მეგონა, შენს მეგობრებს არ მიატოვებდი! – უცბად დაეჭვებით ჩაეკითხა: – თან ხომ არ ჩამოგიყვანია შენი მეგობრები? – ვინ მეგობრები? – კიდევ დაიღრიალა სუითინმა. ჯეიმზმა ლაპარაკის საგანი შეცვალა. – ვერ გამოიყურები კარგად, – უთხრა მან. – მართლა? – წაიბურტყუნა სუითინმა, – ეგ რა შენი საქმეა? იმ საღამოს სადილად გამოვიდა, მაგრამ ყავის სმის დროს კი ჩაეძინა. არც ტრეკერსა და არც ჯეიმზს მეტი აღარაფერი უკითხავთ, არც ზალცბურგი უხსენებიათ. ოთხი დღის განმავლობაში, რაც მათ ვენეციაში გაატარეს, სუითინი თავაღერილი დაბრძანდებოდა, ოღონდ თვალები ნახევრად მილულული ჰქონდა გაოგნებულივით. მხოლოდ გენუაში რომ გემში ჩასხდნენ, მაშინ გამოიჩინა ერთგვარი ჯანსაღი ინტერესი სიცოცხლისადმი: როცა ნახა, ვიღაცა კაცი გამუდმებით აჟღარუნებდა პიანინოს, ჩაკეტა საკრავი და ზღვაში გადაუძახა კლიტეს. იმ ზამთარს ლონდონში თითქმის ჩვეულებრივად იქცეოდა, მაგრამ ხანდახან დაღვრემილობა, პირქუშობა დასჩემდა, რომლის დროსაც ვერაფერი საამო საურთიერთო გახლდათ.        ერთ საღამოს, როცა იგი მეგობართან ერთად პიკადილიზე მისეირნობდა, გვერდით ქუჩიდან გამოსულმა გოგომ გერმანულად მიმართა. სუითინი ერთხანს მდუმარედ დააშტერდა და მერე, თავისი მეგობრის განსაცვიფრებლად, ხუთ გირვანქა სტერლინგიანი მიაჩეჩა ხელში; ოღონდ თვითონაც ვერ აგიხსნიდათ ხელგაშლილობის ამ ახირებული ხუშტურის მიზეზს. როჟისა არასოდეს აღარაფერი შეუტყვია... ეს გახლდათ მთავარი ამბავი, რაც ლოგინად ჩავარდნილ სუითინს გაახსენდა. ხელი გაიწოდა და ზარს დააჭირა. შვედი მსახური, რომელიც დიდი ხანია ემსახურებოდა, კატასავით ფეხაკრეფით შემოვიდა, პატარა კაცუნა, სახეგამომშრალი, ჯაგარულვაშიანი, ავადმყოფურად ნერვიული და თავისი ბატონის უცნაურად ერთგული. სუითინმა ძლივს გაანძრია ხელი. – ადოლფ, – უთხრა მან, – ძალიან ცუდად ვარ. – მესმის, ბატონო! – რას გაშტერებულხარ მოზვერივით? – დატუქსა სუითინმა. – ვერ ხედავ, რა ცუდად ვარ? – დიახ, ბატონო! მსახურს სახის ნაკვთები დაემანჭა, თითქოს ფარულ გრძნობათა შენიღბვას ცდილობსო. – ნასადილევს უკეთ ვიქნები. რა დროა? – ხუთი საათი გახლავთ. – მე მეტი მეგონა. ნაშუადღევები ძალიან ჭიანურდება ხოლმე. – დიახ, ბატონო! სუითინმა ამოიხვნეშა, თითქოს უარყოფაში ნუგეშს ეძებსო. – ჯობია, ცოტა წავთვლიმო. შვიდის ნახევარზე ცხელი წყალი შემომიტანე და სადილის წინ გამპარსე. პირისფარეში კარისკენ გაემართა. სუითინი წამოიწია. – რა გითხრა ბატონმა ჯეიმზმა? – ბრძანა, სხვა ექიმი უნდა მოიყვანოსო; ორი ექიმი სჯობს ერთსო. ისიც ბრძანა, შინისკენ რომ გამოვბრუნდები, კიდევ შემოვივლიო. სუითინმა წაიდუდუნა: – უფ! სხვა რაღა თქვა? – ბრძანა თქვენზე, თავს არ უფრთხილდებოდაო. სუითინმა თვალები გადმოაბრიალა. – კიდევ ვინმე იყო ჩემს სანახავად? პირისფარეშმა თვალი აარიდა. – უკანასკნელ ორშაბათს ორი კვირა გახდა, რაც ტომას ფორსაიტის მეუღლე გეახლათ. – რამდენი ხანია ავად ვარ? – შაბათს ხუთი კვირა შესრულდება. – როგორ გგონია, ძალიან ცუდად ვარ? ადოლფს უცბად სახე დაეპრანჭა. – მაგისთანა რამეს არ უნდა მეკითხებოდეთ! მაგისთანა კითხვების საპასუხოდ კი არ მაძლევენ, ბატონო, ჯამაგირს! სუითინმა ძლივს წაილუღლუღა: – ფხუკიანი ტუტუცი ხარ! გამიხსენი შამპანური! ადოლფმა კარადიდან შამპანურის ბოთლი გამოიღო და გასახსნელი დადო. მერე სუითინს დააჩერდა. – ექიმმა ბრძანა... – გახსენი ბოთლი! – ეგ ხომ არ... – გახსენი ბოთლი... თორემ გაგაგდებ! ადოლფმა საცობი ამოაძრო. გულმოდგინედ გაწმინდა ჭიქა, აავსო და ფრთხილად მიუტანა საწოლთან. ანაზდად ულვაში აიგრიხა, ხელი ხელს შემოჰკრა და წამოიძახა: – ეგ ხომ საწამლავია! სუითინმა ძლივძლივობით ჩაიღიმა: – აი შე უცხოელო ტუტუცო! გადი გარეთ!        ფარეში გავიდა. „თავი აიგდო!“ – გაიფიქრა სუითინმა. ნელა ასწია ჭიქა, ნელავე დადგა ისევ ძირს და ქოშინით დაეშვა ბალიშებზე. თითქმის მაშინვე ჩაეძინა. ესიზმრა, თავის კლუბში იყო. ხალხით გაჭედილ, ქათქათაკედლებიან და სამფა სანათურებით გაჩახჩახებულ თამბაქოს მოსაწევ დარბაზში იჯდა ნასადილევს. იქ უყვარდა ჯდომა ყოველ საღამოს, დინჯს, ზვიადსა და ეულს; ხანდახან ჩათვლემდა ხოლმე და ფერმკრთალი, ბებრული, ოთხკუთხი სახით ცალ მხარეს ყვინთავდა. ესიზმრებოდა, რომ ბუხრის თავზე დაკიდებულ სურათს შეჰყურებდა, რომელზედაც გამოხატული იყო მაღალსაყელოიანი, ფრიად ნატიფსახიანი და წარბებაპრეხილი მოხუცი სახელმწიფო მოღვაწე. ეს გახლდათ სურათი სალუქი და თითქოს ლაქწასმული ისეთი კაცისა, რომელიც, ჩანდა, უდავო ჭეშმარიტების უჭკუო სიბრძნეს ღაღადებდა მარად. ირგვლივ სულ მისი თანაკლუბელები ყბედობდნენ. მხოლოდ თვითონ, ეს მოხუცი, კლუბის სნეული წევრი, დუმდა. ნეტავი იცოდნენ მისმა ამხანაგებმა, როგორია მარტოდმარტო ჯდომა და სულ უქეიფოდ ყოფნა! რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი. ისინი მუსაიფობდნენ ფულის დაბანდებაზე, სიგარებზე, ცხენებზე, მსახიობ ქალებზე, მანქანებზე. ეგ რა არის? ორთქლის ქვაბების საწმენდი უცხოური პატენტი? მაგისთანა რამ არსად მოიპოვება: ყოველმა ბრიყვმა იცის, რომ ქვაბები არ იწმინდება! თუ ინგლისელმა ვერ მოახერხა საორთქლე ქვაბის გაწმენდა, უცხოელი სულ ვერ მოახერხებს. მან მოხუც სახელმწიფო მოღვაწეს შეხედა თვალებში. მაგრამ მის თვალებში თითქოს ეჭვი გამოკრთა; დაინისლა, გამომეტყველება დაეკარგა და ბოლოს სულაც გაქრა. მათ ადგილას როჟის წვრილი, ღრმად ჩამჯდარი თვალები გამოჩნდა, შორიშორს ჩამსხდარი, შორს გამჭვრეტი და სუითინი რომ შეჰყურებდა, მათ თითქოს კრიალი დაიწყეს ფოლადივით და გამოელაპარაკნენ კიდეც. ნელ-ნელა მთელი სახეც გამოჩნდა, სურათის ჩაშავებულ ფონზე ამოტივტივებული. იგი იყო ვარდისფერი, უცხო, მიუწვდომელი, მომხიბლავი, ფაფუკთმიანი და ბაგემთრთოლვარე – სწორედ ისეთი, როგორიც უკანასკნელად იხილა. „ეძებ რამეს? – თითქოს ჩაულაპარაკა მას, – მე გაპოვნინებ!“ „მე არაფერიც არ მჭირდება“, – მიუგო სუითინმა და ძილში წამოიკვნესა. შუბლზე თითების შეხება იგრძნო. „სიზმარია“, – გაიფიქრა ძილშივე. ქალი გაქრა და შორიდან, სურათის მიღმიდან, ფეხის ხმა მოისმა. ძილში სუითინმა ხმამაღლა წაიბურტყუნა: „მე ის დამეკარგა“. კვლავ მოესმა მსუბუქი ნაბიჯების ხმა და იქვე, ყურის ძირში, რაღაც ხმა – თითქოს სლუკუნი. გამოეღვიძა: თვითონვე ამოესლუკუნებინა. შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები ასხდა. „რა ამბავია? – გაიფიქრა. – განა რა დამეკარგა?“ გონების თვალით ნელ-ნელა მიმოიხილა თავისი ფულის დაბანდებათა საქმენი – არც ერთი სახიფათოდ არ ეჩვენა. მაშინ რა დაეკარგა? ბალიშებიდან წამოიწია და საღვინე ჭიქას მოეჭიდა. ბაგეები დააკარა ღვინოს. „ეს რა ჰაიდსეკია!“ – გაიფიქრა გაჯავრებით და ამ უსიამოვნების ნამდვილმა განცდამ მთელი ის ბუნდოვანი ზმანებანი გაფანტა. მაგრამ დასალევად რომ წამოიხარა, რაღაც ჩასწყდა თითქოს და ამოკვნესასთან ერთად სუითინ ფორსაიტმა ღვინის ბუშტების ბუყბუყში სულიც განუტევა... როცა შინ მიმავალმა ჯეიმზ ფორსაიტმა კიდევ შემოიარა, პირისფარეშმა ცახცახით ჩამოართვა ქუდი და ჯოხი. – როგორ არის შენი ბატონი? – ჩემი ბატონი გარდაიცვალა, ბატონო! – გარდაიცვალა? შეუძლებელია! ამ ერთი საათის წინ საღსალამათი დავტოვე! საწოლზე სუითინის სხეული ტომარასავით ჩაკეცილიყო. ხელში კვლავ ჩაბღუჯული ჰქონდა ჭიქა. ჯეიმზ ფორსაიტმა შეიცადა. – სუითინ! – ჩასძახა მან და ყურზე ხელმოფარებულმა პასუხს დაუწყო ლოდინი. პასუხი არავის გაუცია; მხოლოდ ჭიქაში უკანასკნელი ბუშტი ამოცურდა და გასკდა. 1900 წ.  იხილეთ სხვა მოთხრობები: ჯონ გოლზუორთი - მოთხრობები …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:54pm on ნოემბერი 22, 2014
თემა: პოლიტიკოსი (გაგრძელება)
რომ ის ჯერ მკაფიოდ არაა გამიჯნული მასთან ახლოს მდგომ [ხელოვნებათაგან], რომლებთანაც თანამშრომლობს კიდეც, თუმცა ბევრი სხვა მონათესავე ხელოვნებისაგან გამოყოფილია. უმცროსი სოკრატე თქვი, რომელი მონათესავე [ხელოვნებისგან]. უცხოელი როგორც ჩანს, ჩამორჩი ნათქვამს. მგონი, კვლავ დასასრულიდან დასაწყისისკენ უნდა წავიდეთ. თუ ხვდები, რას გულისხმობს ნათესაობა, ჩვენ ეს-ესაა გადასაფარებლის შექმნა ორად გავყავით, იმის მიხედვით ტანზე შემოსახვევია თუ ძირს დასაფენი. უმცროსი სოკრატე ვხვდები. [280c] უცხოელი ასევე თავი დავანებეთ ყველაფერს, რაც სელისა და ჩალიჩის და, როგორც ადრე ვუწოდეთ, [სხვა] მცენარეული ძაფებით კეთდება. შემდეგ გამოვყავით აგრეთვე თელვის ხელოვნება და შედუღებითა და ნაკერებით შეერთება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მეწაღეობაა. უმცროსი სოკრატე ნამდვილად ასეა. უცხოელი შემდეგ გავმიჯნეთ ყველანაირი გადასაფარებლის კეთების ხელოვნება, იქნება ეს ტყავის დამზადება თუ გადახურვა, რაც მშენებლობის, დურგლობის და ნებისმიერი სისველისგან [280d] დაცვის ხელოვნებაში გამოიყენება; ასევე გამოვყავით ქურდებისა და ყაჩაღების საწინააღმდეგო საგნებისა და შემოსარაგავის დამზადების ხელოვნება, რაც დამცავების კეთებასა და კარების გამაგრებას [გულისხმობს] და მჭედლობის ხელოვნების ნაწილია. შემდეგ გამოვაცალკევეთ შეიარაღების ხელოვნება, რაც თავდაცვის საშუალებების დამზადების დიდი და მრავალფეროვანი ხელოვნების ნაწილია. [280e] თავიდანვე ყველაფრისგან გამოვყავით შხამსაწინააღმდეგო წამლებთან დაკავშირებული მაგიის ხელოვნება და დავტოვეთ, როგორც საჭიროდ ჩავთვალეთ, ხელოვნება, რომელსაც ვიკვლევთ, რომელიც გულისხმობს შალის დამზადებას, გვიცავს სიცივისგან და რომელსაც ეწოდება ქსოვის ხელოვნება. უმცროსი სოკრატე როგორც ჩანს, ასეა. უცხოელი მაგრამ, ბიჭუნავ, ის, რაც ითქვა, ჯერ კიდევ არაა დასასრული. ჩანს, რომ ის, ვინც დასაწყისში ტანსაცმლის დამზადების ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, [281a] ქსოვის საპირისპირო [რამეს] აკეთებს. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი ქსოვა ერთგვარი გადაწვნაა. უმცროსი სოკრატე დიახ. უცხოელი [არსებობს აგრეთვე] შეერთებულისა და გადაწნულის დარღვევა. უმცროსი სოკრატე რას გულისხმობ? უცხოელი მჩეჩავის ხელოვნების საქმიანობას. განა გავბედავთ, ჩეჩას ქსოვა ვუწოდოთ, მჩეჩავს კი – მქსოველი? უმცროსი სოკრატე არავითარ შემთხვევაში. უცხოელი თუ ვინმე ფუძისა და მისაქსველის შექმნას ქსოვის ხელოვნებას უწოდებს, განა უცნაურ და მატყუარა [281b] სახელს არ დაარქმევს? უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი მაშ რა? ვიტყვით, რომ თელვის ხელოვნება მთლიანობაში და ტანსაცმლის შეკეთების ხელოვნება ტანსაცმლის მოვლასა და ზრუნვასთანაა დაკავშირებული, თუ ამ ყველაფერს ქსოვის ხელოვნებას ვუწოდებთ? უმცროსი სოკრატე არავითარ შემთხვევაში. უცხოელი მაგრამ ისინი ქსოვის ხელოვნებას შეეცილებიან ტანსაცმლის დამზადებასა და მის მოვლაში; უდიდეს ნაწილს მას დაუთმობენ, თუმცა თავიანთი თავისთვისაც დაიტოვებენ დიდ ნაწილებს. [281c] უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი ამასთან, [ქსოვისთვის საჭირო] იარაღის შემქნელი ხელოვნებებიც, რომელთა მეშვეობითაც იქმნება ქსოვილები, ნებისმიერი ქსოვილის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად ჩაითვლება. უმცროსი სოკრატე ზუსტად ასეა. უცხოელი მაშ, ქსოვის ხელოვნების შესახებ ჩვენი ნათქვამი, [მისი] ის ნაწილი, რომელიც გამოვყავით, საკმარისად იქნება განმარტებული, თუ მას შალის ტანსაცმელთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ზრუნვაზე [281d] უფრო უკეთესად და მნიშვნელოვნად ჩავთვლით? თუ გარკვეულწილად სიმართლეს კი ვიტყვით, მაგრამ ის არ იქნება გასაგები და დასრულებული, სანამ [ქსოვას] ხელოვნების სხვა სახეთაგან არ გამოვყოფთ? უმცროსი სოკრატე მართალია. უცხოელი ამის შემდეგ ის არ უნდა გავაკეთოთ, რაც ვთქვით, მსჯელობა რომ სათანადოდ წარიმართოს? უმცროსი სოკრატე როგორ არა? უცხოელი უპირველეს ყოვლისა, დავაკვირდეთ, რომ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მზადდება, ორი ხელოვნება არსებობს. უმცროსი სოკრატე რომელი? უცხოელი ერთი წარმოქმნის დამხმარე მიზეზია, მეორე – თავად [ძირითადი] მიზეზი. უმცროსი სოკრატე როგორ? [281e] უცხოელი მიზეზები, რომლებიც თავად ნამუშევარს კი არ ქმნიან, არამედ მისი შექმნისთვის [საჭირო] იარაღებს ამზადებენ, რომელთა გარეშე ვერც ერთი ხელოვნება ვერასოდეს აღასრულებს მისთვის დაკისრებულ საქმეს, დამხმარეა, ხოლო ისინი, რომლებიც თავად ნამუშევარს ქმნიან, – [ძირითადი] მიზეზები. უმცროსი სოკრატე გონივრულია. უცხოელი ამის შემდეგ, [ხელოვნებას], რომელიც ქმნის მაქოს, თითისტარს და ნებისმიერ სხვა იარაღს, რომელიც ტანსაცმლის შექმნაში მონაწილეობს, დამხმარე მიზეზი ვუწოდოთ, მათ კი, რომლებიც [ნამუშევრებს] ქმნიან და [მათზე] ზრუნავენ – თავად, [ძირითადი] მიზეზები. უმცროსი სოკრატე სავსებით მართალია. [282a] უცხოელი თავად, [ძირითად] მიზეზთაგან ცალკე გამოვყოთ რეცხვის, ტანსაცმლის შეკეთების და სხვა ნებისმიერი მოვლის ხელოვნება, რადან მორთვის ხელოვნება დიდია და ამ ყველაფერს თელვის ხელოვნება ვუწოდოთ. უმცროსი სოკრატე მშვენიერია. უცხოელი ხოლო ჩეჩა, ქსოვა და ყველაფერი სხვა, რაც თავად ტანსაცმლის შექმნაზე ზრუნავს, როგორც ითქვა, ერთი ხელოვნებაა და მას ყველა მატყლის რთვის ხელოვნებას უწოდებს. უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. [282b] უცხოელი მატყლის რთვის ხელოვნებას ორი ნაწილი აქვს და თითოეული მათგანი ორი ხელოვნების ნაწილია. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი ჩეჩის ხელოვნებას და მაქოს გამოყენების ხელოვნების ნახევარს და ყველა ხელოვნებას, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს ერთამანეთში გადახლართულს, ერთი სიტყვით ვუწოდოთ მატყლის რთვის ხელოვნება. და ყველაფერში გვაქვს კიდევ ორი დიდი ხელოვნება: შეერთებისა და დაყოფის. უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი ჩეჩის ხელოვნება და ყველაფერი ის, რაც ახლა ითქვა, დაყოფის ხელოვნებაა. [282c] მატყლის და ქსელის დაყოფის გამო ეწოდა დაყოფის ხელოვნება. მაქო ამას ერთი ხერხით აკეთებს, ხელები კი – მეორეთი. უმცროსი სოკრატე ნამდვილად ასეა. უცხოელი კვლავ ავიღოთ შეერთების ხელოვნება და მასში შემავალი მატყლის რთვის ხელოვნების ნაწილი. ყველაფერი, რაც დაყოფის ხელოვნებას მიეკუთვნებოდა გვერდით გადავდოთ, ხოლო მატყლის რთვის ხელოვნება ორ ნაწილად – დაყოფისა და შეერთების ხელოვნებებად – დავყოთ.[123] უმცროსი სოკრატე დაიყოს [ასე]. უცხოელი ნაწილი, რომელიც ერთდროულად შეერთების ხელოვნებასაც მიეკუთვნება და მატყლის რთვის ხელოვნებასაც [282d], უნდა დაიყოს, სოკრატე, თუ საკმარისად ვზრუნავთ ადრე ნათქვამი ქსოვის ხელოვნების განმარტებაზე. უმცროსი სოკრატე ასეა საჭირო. უცხოელი საჭიროა. ვთქვათ, რომ [შეერთების ხელოვნების] ერთი ნაწილი ძახვის ხელოვნებაა, ხოლო მეორე – წვნის ხელოვნება. უმცროსი სოკრატე ნუთუ მივხვდი? მგონია, რომ ძახვის ხელოვნებაში ქსელზე მუშაობას გულისხმობ. უცხოელი არა მხოლოდ [ქსელზე მუშაობას], არამედ მისაქსველით [მუშაობასაც]. განა შევძლებთ ძახვის გარეშე რაიმეს შექმნას? უმცროსი სოკრატე ვერასგზით. [282e] უცხოელი მაშ, განმარტე ორივე. ეს განმარტება შეიძლება შენთვის დროული აღმოჩნდეს. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი ასე: ჩეჩის ხელოვნების ნიმუშთაგან იმას, რაც სიგრძეში მატულობს და რასაც სიგანე აქვს, გორგალს არ ვუწოდებთ? უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი თითისტარით დახვეულ [გორგალს], რომელიც გამძლე ნართად იქცევა, ნართის ქსელს ვუწოდებთ, იმ ხელოვნებას კი, რომელიც მის [შექმნაზეა] პასუხისმგებელი – ქსელის შექმნის ხელოვნებას. უმცროსი სოკრატე მართალია. უცხოელი იმ ყველაფერს, რასაც [შეუძლია] დაუშვას ქსელში შეწნული რბილი ნართი, რათა ადვილად და რბილად ვჩეჩოთ ხაოიანი მაუდი, ნართის მისაქსველს ვუწოდებთ, ხოლო მისთვის განკუთვნილ ხელოვნებას – [283a] მისაქსველით რთვის ხელოვნებას. უმცროსი სოკრატე ჭეშმარიტად. უცხოელი მაშ, ქსოვის ხელოვნების ის ნაწილი, რომელიც წინ წამოვწიეთ, უკვე ყველასათვის გასაგებია. მატყლის რთვის ხელოვნების შემაერთებელი ნაწილი, როდესაც მისაქსველისა და ქსელის სწორი გადაწვნით ქმნის წნულს, მას ვუწოდებთ დაწნულ შალის სამოსს და მასთან დაკავშირებულ ხელოვნებას – ქსოვის ხელოვნებას. უმცროსი სოკრატე სავსებით მართალია [283b]. უცხოელი იყოს ასე. მაშ, რატომ პირდაპირ არ ვუპასუხეთ, რომ მისაქსველითა და ქსელით დაწვნა ქსოვის ხელოვნებაა, არამედ გარს ვუვლიდით და ბევრ რამეს ფუჭად განვსაზღვრავდით? უმცროსი სოკრატე უცხოელო, რაც ითქვა, არაფერი მომჩვენებია ფუჭ ნათქვამად. უცხოელი არც არის გასაკვირი, ძვირფასო, მაგრამ მალე შეიძლება მოგეჩვენოს. იმ სენის საწინააღმდეგოდ, რომელიც ხშირად მოგვიანებით გვეწვევა – რაც სულაც არ არის საკვირველი – მაშ, მოისმინე სიტყვა [283c], რომელიც შეეფერება ყველაფერს, რაც ითქვა. უმცროსი სოკრატე მხოლოდ მითხარი. უცხოელი თავდაპირველად განვიხილოთ ყველა სახის სიჭარბე და ნაკლებობა, რათა გონივრულად ვაქოთ ან ვაძაგოთ საჭიროზე უფრო ვრცელი, ან პირიქით, მოკლე საუბარი. უმცროსი სოკრატე ასეა საჭირო. უცხოელი ამ საკითხებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩვენთვის, მართებული იქნებოდა. უმცროსი სოკრატე რომელ [საკითხებზე]? უცხოელი სიგრძის, სიმოკლის, ყველა სახის სიჭარბისა [283d] და ნაკლებობის [შესახებ]. ამ ყველაფერს გაზომვის ხელოვნება უკავშირდება. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი მაშ, დავყოთ ის ორ ნაწილად. ეს იმას სჭირდება, რისთვისაც ახლა ვიღწვით. უმცროსი სოკრატე თქვი, როგორ უნდა დაიყოს. უცხოელი ამგვარად: ერთი ნაწილი დიდისა და მცირეს ურთიერთდამოკიდებულების შესაბამისია, მეორე – წარმოშობის აუცილებელი არსის შესაბამისი. უმცროსი სოკრატე რა თქვი? უცხოელი არ გგონია, რომ, ბუნების შესაბამისად, უფრო დიდი სხვა არაფერზეა უფრო დიდი, თუ არა უფრო მცირეზე და უფრო მცირე [283e] უფრო დიდზე მცირეა და სხვა არაფერზე. უმცროსი სოკრატე ასე მგონია. უცხოელი მაშ რა? იმას, რაც ზომიერის ბუნებას აღემატება ან მის მიერაა აღმატებული სიტყვითაც და საქმითაც, ჭეშმარიტად მომხდარს არ ვუწოდებთ და ჩვენთან ამით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ცუდი და კარგი [ადამიანები]? უმცროსი სოკრატე როგორც ჩანს. უცხოელი მაშ უნდა ჩაითვალოს, რომ ორი სახისაა არსებობაც და დიდისა და მცირეს [ერთიმეორისგან] გარჩევაც და ისინი უნდა განვიხილოთ – არა როგორც ადრე ვთქვით – მხოლოდ ერთიმეორის მიმართ, არამედ – როგორც ახლა ითქვა – ერთი [არსებობა] განხილულ უნდა იქნას მეორესთან, ხოლო მეორე [არსებობა] – ზომიერთან მიმართებაში? რატომაა ასე, ვისურვებდით ამის გაგებას? უმცროსი სოკრატე და რატომაა? [284a]. უცხოელი თუ დავუშვებთ, რომ უფრო დიდი უფრო მცირეს მიემართება და სხვას არაფერს, მას არ ექნება ზომიერთან მიმართება, ასე არაა? უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი ამგვარი მსჯელობით ხელოვნების ამ სახეებსა და მათ ყველა საქმეს ხომ არ გავანადგურებთ და პოლიტიკის ხელოვნებასაც ხომ არ მოვსპობთ, რომელსაც ვიკვლევთ და ქსოვის ხელოვნებასაც, რომელზეც ახლახან ვილაპარაკეთ? ხელოვნების ყველა სახე ერიდება იმას, რაც ზომიერზე მეტი ან ნაკლებია, სხვა რამის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ ეს რთულია [284b] ამგვარად ინარჩუნებს ზომიერებას და ქმნის ყველაფერს კეთილსა და მშვენიერს. უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი თუ პოლიტიკის ხელოვნებას გავაქრობთ, მაშინ მეფობის მეცნიერების კვლევაც ხომ გართულდება? უმცროსი სოკრატე ძალიანაც [გართულდება]. უცხოელი ამგვარად, როგორც სოფისტის [შემთხვევაში] იძულებული გავხდით [გვეღიარებინა], რომ არარსებული არსებობს [124] , რადგან ჩვენი მსჯელობიდან ასე გამოვიდა, განა ახლაც იძულებულნი არ ვართ [ვთქვათ], რომ უფრო დიდი და უფრო მცირე უნდა იზომებოდეს არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ [284c] ზომიერის მიმართაც? ხომ არ შეიძლება პოლიტიკოსის ან ან სხვა პრაქტიკულ საქმეთა მცოდნის არსებობა ეჭვქვეშ დავაყენოთ, თუ ამაზე არ შევთანხმდებით? უმცროსი სოკრატე მაშ ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ. უცხოელი მაგრამ, სოკრატე, ეს უფრო რთული საქმეა, ვიდრე ის, თანაც გვახსოვს, ის რამდენად ხანგრძლივი იყო. თუმცა ძალიან სამართლიანი იქნება, მსგავსი რამ დავუშვათ. უმცროსი სოკრატე რა? [284d] უცხოელი რომ ის, რაც ახლა ვთქვით, ოდესმე ამ [საკითხის] ნათლად წარმოსაჩენად დაგვჭირდება. იმაში, რაც ამჟამად ჩვენთვის კარგად და საკმარისადაა გამჟღავნებული, ვფიქრობ, დიდწილად ის მსჯელობა გვეხმარება, რომლის თანახმადაც, ყველა ხელოვნება მსგავსად არსებობს, ხოლო უფრო დიდი და უფრო მცირე არა მხოლოდ ერთიმეორის მიმართ, არამედ ზომის [ერთეულის] მიმართაც იზომება. თუ ეს არსებობს, არსებობენ ისინიც და თუ ისინი არსებობენ, ესეც არსებობს, ხოლო თუ რომელიმე მათგანი არ არსებობს, მაშინ არც ერთი არასოდეს იარსებებს. [284e] უმცროსი სოკრატე მართალია, მაგრამ ამის შემდეგ რაღაა? უცხოელი ცხადია, რომ როგორც ითქვა, გაზომვის ხელოვნებას ორ ნაწილად გავყოფთ. ერთ ნაწილს შეიძლება მივაკუთვნოთ ყველა ის ხელოვნება, რომელიც რიცხვს, სიგრძეს, სიღრმეს, სიგანესა და სიჩქარეს მათი საპირისპიროს მიმართ ზომავს, მეორე [ნაწილს] კი – ის [ხელოვნებები], რომლებიც ზომიერის, შესაფერისის, დროულის, სათანადოს და ყველა სხვა უკიდურესობას შორის არსებულის მიმართ [ზომავს]. უმცროსი სოკრატე დიდი და ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ნაწილი დაასახელე. უცხოელი სოკრატე, როგორც ხანდახან ბევრი ჭკვიანი ადამიანი აღნიშნავს, [285a] როგორც სიბრძნეს, თითქოს გაზომვის ხელოვნება ყველაფერ არსებულს უკავშირდება, ზუსტად იგივე ვთქვით ახლა. ყველაფერი, რაც ხელოვნებას მიეკუთვნება, რაიმე ფორმით მონაწილეობს გაზომვაში. ვინაიდან [ადამიანებს] არ სჩვევიათ სახეებად დაყოფა და ისე გარჩევა, ერთმანეთისგან განსხვავებულ [სახეებს] პირდაპირ ერთად ათავსებენ და ფიქრობენ, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია. ამის საპირისპიროდ იქცევიან, როცა სხვა რამეებს ნაწილებად არ ყოფენ. არადა, [285b] როდესაც ვინმე მრავალთა შორის რაღაც საზიაროს შენიშნავს, არ უნდა მოეშვას, სანამ ყველა იმ განსხვავებას არ აღმოაჩენს, რაც ამ სახეებში არსებობს, და პირიქით, როდესაც ბევრ განსხვავებას დაინახავს სიმრავლეში, არ უნდა დაფრთხეს და თავი არ უნდა დაანებოს, ვიდრე ყველა მონათესავეს მსგავსთა ერთ [გვარში] არ მოაქცევს და რაიმე გვარის არსით არ შემოსაზღვრავს. მათ შესახებ, ისე, როგორც ნაკლებობისა და ზედმეტობის შესახებ საკმარისად ითქვა. მხოლოდ გაზომვის ხელოვნების ორი მოძიებული გვარი [285c] შევინარჩუნოთ და დავიმახსოვროთ, რა ვთქვით მათ შესახებ. უმცროსი სოკრატე დავიმახსოვროთ. უცხოელი ამ მსჯელობის შემდეგ სხვაზე გადავიდეთ, რომელიც იმას ეხება, რასაც ვიკვლევთ და აგრეთვე, ყველაფერს, რითიც ამგვარი მსჯელობისას ვართ ხოლმე დაკავებული. უმცროსი სოკრატე რომელ [მსჯელობაზე გადავიდეთ]? უცხოელი ვთქვათ, გვეკითხებიან იმ მოსწავლეთა შესახებ, რომლებიც ასოებს სწავლობენ. როდესაც რომელიმე მათგანს ეკითხებიან რომელი ასოებისგან შედგება [ესა თუ ის] სიტყვა, რას ვიტყვით, [285d] ეს შეკითხვა დაისვა მხოლოდ ამ ერთი [საკითხის] გამო, თუ იმის გამო, რომ ყველა დასმულ [საკითხთან] დაკავშირებით უფრო მცოდნე გახდეს? უმცროსი სოკრატე ცხადია, რომ ყველა [საკითხის] გამო. უცხოელი მაშ, რატომ ვიკვლევთ ახლა პოლიტიკოსს? მხოლოდ მის გამო დაისვა საკითხი, თუ იმის გამო, რომ ყველაფერთან დაკავშირებით უფრო მეტად დიალექტიკოსები გავხდეთ? უმცროსი სოკრატე აქაც, ცხადია, რომ ყველა [საკითხთან] დაკავშირებით. უცხოელი მაშ, ქსოვის ხელოვნებაზე მსჯელობას მხოლოდ მის გამო ჭკუათმყოფელი არ გამოედევნებოდა. არამედ მიმაჩნია, რომ უმრავლესობისთვის დაფარულია, რომ არსებულთა მარტივად [285e] შესაცნობად არსებობს რაღაც შეგრძნებადი მსგავსებები, რომელთა გამოვლენაც არაა რთული, როცა ვისმეს სურს, რომ შეკითხვას პასუხი მარტივად გასცეს მსჯელობის გარეშე. რაც შეეხება არსთა ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ნაწილს [286a], მათ არ გააჩნიათ ადამიანებისთვის მკაფიო გამოსახულებები, რომელთა საშუალებით ის, ვისაც სურს შეკითხვის დამსმელს სული აუვსოს, ამას შეგრძნებებთან შერწყმით საკმარისად შეძლებდა. ამიტომ, ყველამ უნდა ივარჯიშოს, რომ შესაძლებელი იყოს განმარტების მიცემაც და მიღებაც. უსხეულო, უმშვენიერესი და უმნიშვნელოვანესი არსნი მკაფიოდ მხოლოდ მსჯელობით შეიძლება გამომჟღავდნენ და სხვა არაფრით. სწორედ მათ გამო ითქვა ყველაფერი. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მცირედით ვარჯიში უფრო ადვილია, [286b] ვიდრე – უფრო დიდით. უმცროსი სოკრატე შესანიშნავად თქვი. უცხოელი გავიხსენოთ, რის გამო ვილაპარაკეთ ამ ყველაფრის შესახებ. უმცროსი სოკრატე რის [გამო]? უცხოელი ძირითადად იმის გამო, რომ ქსოვის ხელოვნების შესახებ, აგრეთვე სამყაროს წრებრუნვაზე და სოფისტთან დაკავშირებული არარსებულის არსის შესახებ ვრცელი საუბრისას, უსიამოვნო განცდა დაგვეუფლა. მივხვდით, რომ [მსჯელობა] მეტისმეტად გრძელი იყო და ამ ყველაფრის გამო საკუთარი თავი გავკიცხეთ, [286c] რადგან შიში დაგვეუფლა, რომ უსარგებლოდ და ვრცლად ვლაპარაკობდით. აქამდე სწორედ იმიტომ ითქვა ეს ყველაფერი, რომ კვლავ იგივე არ განვიცადოთ.. უმცროსი სოკრატე ასე იყოს, ოღონდ თანმიმდევრულად ილაპარაკე. უცხოელი მაშ, მე და შენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც ახლახან ითქვა და ნათქვამის სიგრძე-სიმოკლე ყოველთვის უნდა დავიწუნოთ ან შევაქოთ არა მხოლოდ ერთიმეორის სიგრძესთან მიმართებაში, [286d] არამედ გაზომვის ხელოვნების იმ ნაწილის შესაბამისად, რომელზეც ვთქვით, რომ უნდა გვახსოვდესო, ანუ შესაფერისთან მიმართებაში. უმცროსი სოკრატე მართალია. უცხოელი მაგრამ ყოველთვის ამის მიხედვით არ [უნდა შევაფასოთ]. სიამოვნებასთან დაკავშირებით არ გვჭირდება მისთვის შესაფერისი ხანგრძლივობის დადგენა. შესაძლოა, ეს მხოლოდ დამატებით გახდეს საჭირო. როცა გვსურს წამოჭრილი საკითხი რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად გამოვიკვლიოთ, გონება გვკარნახობს, რომ მას მივმართოთ არა პირველ, არამედ მეორე რიგში. ყველაზე მეტად და უპირველეს ყოვლისა უნდა დავაფასოთ მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია სახეებად დაყოფა [286e] და თუ მსჯელობა, თუნდაც ის ძალიან გრძელი იყოს, მსმენელს უკეთ მიახვედრებს, მაშინ მას უნდა მივმართოთ და არ შევცბეთ არც სიგრძის, და არც პირიქით – სიმოკლის გამო. თუ ვინმე ამგვარ მსჯელობას სიგრძის გამო აძაგებს და არ აღიარებს შემოვლით გზებს, მან პირდაპირ და სწრაფად კი არ უნდა ჩაიქროლოს [287a] მხოლოდ იმის თქმით, რომ ძალიან გრძელია, არამედ იმავდროულად უნდა წარმოაჩინოს, რომ იცის, უფრო მოკლედ მოსაუბრენი როგორ გახდებიან უფრო მეტად დიალექტიკოსები და უფრო უკეთ როგორ გაიგებენ არსებულის შესახებ მსჯელობას. სხვების მიერ მათი ძაგება და ქება კი არად ჩავაგდოთ და მათ საუბარს ნურც მოვუსმენთ. ამ [საკითხზე] საკმარისად ითქვა, თუ შენც მეთანხმები. კვლავ პოლიტიკოსს დავუბრუნდეთ [287b] და მაგალითად უკვე ნახსენები ქსოვის ხელოვნება მოვიყვანოთ. უმცროსი სოკრატე მშვენივრად თქვი და ისე მოვიქცეთ, როგორც ამბობ. უცხოელი მეფობა ხომ მისი ყველა მონათესავე [ხელოვნებიდან] და განსაკუთრებით კი ჯოგთან დაკავშირებული [ხელოვნებებიდან] გამოვყავით. ახლა კი დავასახელოთ დარჩენილი [სახეები], რომლებიც სახელმწიფოსთან დაკავშირებული მიზეზი ან დამხმარე მიზეზია და რომლებიც თავდაპირველად ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. უმცროსი სოკრატე სწორია. უცხოელი იცი, რომ მათი ორად დაყოფა რთულია? [287c] მიზეზი კი წინ რომ წავალთ, ვფიქრობ, უფრო ნათელი გახდება. უმცროსი სოკრატე ასეც მოვიქცეთ. უცხოელი მაშ, დავანაწევროთ, როგორც მსხვერპლად შეწირული ცხოველი, რადგან შეუძლებელია მისი ორად გაყოფა. ყოველთვის ორთან რაც შეიძლება უფრო მიახლოებულ რიცხვად უნდა დაიყოს. უმცროსი სოკრატე ახლა როგორ მოვიქცეთ? უცხოელი როგორც ადრე, როცა ქსოვის ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა იარაღი დამხმარე მიზეზად დავადგინეთ. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ და ამის გაკეთება კიდევ უფრო [287d] საშურია. თითოეული ხელოვნება, რომელიც სახელმწიფოსთვის მცირე თუ დიდ იარაღს ქმნის, დავადგინოთ დამხმარე მიზეზად. მათ გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც პოლიტიკის ხელოვნება ვერასოდეს იარსებებდა. მეფობის ხელოვნება კი მათ საქმედ არ ჩავთვალოთ. უმცროსი სოკრატე არა, რა თქმა უნდა. უცხოელი რთულ [საქმეს] მივყავით ხელი, ამ გვარის სხვა დანარჩენებისგან გამოყოფას რომ ვცდილობთ. იმის თქმა, რომ ის რაც არსებობს, რაღაც ერთის ან მეორის იარაღია, როგორც ჩანს, დამაჯერებელია. [287e] თუმცა ამჟამად სახელმწიფოში სხვა [სახის] მფლობელობის შესახებ ვილაპარაკებთ. უმცროსი სოკრატე რას [გულისხმობ]? უცხოელი იმას, რასაც ასეთი ძალა არ აქვს. ის წარმოშობის მიზეზთან კი არაა დაკავშირებული, როგორც იარაღი, არამედ იმისთვის არსებობს, რომ ქმნილება იხსნას. უმცროსი სოკრატე რომელი? უცხოელი ის მრავალფეროვანი სახე, რომელიც შექმნილია მშრალისა და სველისგან, ცეცხლოვანისა და უცეცხლოსგან და რომელსაც ერთი სიტყვით სათავსს ვუწოდებთ. ეს ძალიან გავრცელებული სახეა და [288a] როგორც ვიცი, არავითარი კავშირი არ აქვს იმ ცოდნასთან, რომელსაც ვიკვლევთ. უმცროსი სოკრატე როგორ [ექნება]? უცხოელი ამათ გარდა, [არსებობს] ფლობასთან დაკავშირებული და მათგან განსხვავებული მესამე სახეც, რომელშიც კარგად შეინიშნება სახმელეთო და წყალქვეშა, მოძრავი და უძრავი, ძვირფასი და იაფფასიანი, რომელსაც ერთი სახელი აქვს, რადგან მუდამ ვიღაცის დასაჯდომია და იმისთვის არსებობს, რომ მასზე დასხდნენ. უმცროსი სოკრატე რომელი? უცხოელი მას გადაადგილების საშუალებას ვუწოდებთ და პოლიტიკის ხელოვნების საქმე საერთოდ არაა, არამედ უფრო მეტად დურგლობის, მეთუნეობის და სპილენძის დამზადების ხელოვნებებს უკავშირდება. უმცროსი სოკრატე გასაგებია. [288b] უცხოელი და მეოთხე რომელია? მათგან უნდა გამოვყოთ, თუმცა ადრე ნახსენებთაგან ბევრ რამეს მოიცავს – ყველანაირ ტანსაცმელს, იარაღს, კედელს, მიწისა თუ ქვის თავშესაფარს და ათას სხვა რამეს. ვინაიდან ეს ყველაფერი დასაცავადაა გაკეთებული, ყველაზე სამართლიანი იქნება, მათ საერთო სახელი – დამცავი ვუწოდოთ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი მშენებლობისა და ქსოვის ხელოვნებებს უფრო მეტად და მართებულად უკავშირდება, ვიდრე – პოლიტიკის ხელოვნებას. უმცროსი სოკრატე ნამდვილად ასეა. [288c] უცხოელი ხომ არ ვისურვებდით მეხუთე სახეც დაგვედგინა, რომელიც მორთვასა და მხატვრობას უკავშირდება და აგრეთვე იმას, რაც ამ უკანასკნელსა და მუსიკას იყენებს, ბაძავს და მხოლოდ ჩვენი სიამოვნებისთვის იღწვის? სამართლიანი არ იქნებოდა ამ ყველაფრის ერთი სახელით განმარტება? უმცროსი სოკრატე რომელი [სახელით]? უცხოელი რაღაც თამაშისმაგვარი რომ ეწოდება. უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი ამ ყველაფერს ეს ერთი სახელი უნდა დაერქვას, რადგან სერიოზული რამის გამო არც ერთი არაფერს აკეთებს, არამედ – გართობისთვის. [288d] უმცროსი სოკრატე ესეც თითქმის გასაგებია. უცხოელი ამ ყველაფრისთვის მასალის მიმცემი, ის, რისგანაც და რითიც იქმნება ახლახან მოხსენიებული ხელოვნებები. ის მრავალფეროვანი სახე, რომელიც მრავალი სხვა ხელოვნების შთამომავალია, მეექვსე [სახედ] ხომ არ დავადგინოთ? უმცროსი სოკრატე რომელი? უცხოელი ოქრო, ვერცხლი და ყველაფერი, რაც მიწიდან მოიპოვება და რაც ხის ჭრის ხელოვნებისა და ნებისმიერი ხერხვით იჭრება და დურგლობისა და წვნის ხელოვნებებს გადაეცემა, აგრეთვე მცენარეთა ქერქისა [288e] და ცხოველების ტყავის გაცლის ხელოვნებები, მეწაღეობა და ყველა სხვა მსგავსი ხელოვნება, რომელიც საცობს, პაპირუსსა თუ ქამარს, ანუ შედგენილ (რთულ) სახეებს ამზადებს არაშედგენილი (მარტივი) გვარებისგან. ამ ყველაფერს ერთს ვუწოდებთ, ადამიანებისთვის პირველად და მარტივ საკუთრებას [125] ; მას ხომ არავითარი კავშირი არ აქვს მეფობის ცოდნასთან. უმცროსი სოკრატე მშვენიერია. უცხოელი საზრდოს და იმ ყველაფრის მოპოვება, რისი ნაწილებიც სხეულის ნაწილებს შეერევა, [289a] მასზე ზრუნავს და ძალასაც აძლევს, მეშვიდე [სახედ] უნდა მოვიხსენიოთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ჩვენი საზრდო, თუ რამე უკეთესი არ გამოჩნდება. ყველაფერ ამას მიწათმოქმედებას, ნადირობას, გიმნასტიკას, მედიცინას და მზარეულობას უფრო სამართლიანად მივაკუთვნებთ, ვიდრე პოლიტიკის ხელოვნებას. უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი ვფიქრობ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც საკუთრებას შეეხება, გარდა შინაური ცხოველებისა, ამ შვიდ გვარში იყო მოხსენიებული. შეხედე: ყველაზე სამართლიანი იქნებოდა ისეთი განლაგება, რომ დასაწყისში [289b] იყოს პირველადი გვარი და ამის შემდეგ კი – იარაღი, სათავსი, გადაადგილების საშუალება, დამცავი, თამაში და საზრდო. რაც გამოვტოვეთ, თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ იქნა, ამ [გვარებს] შეიძლება მივაკუთვნოთ, როგორიცაა, მაგალითად, მონეტები, ბეჭდები და ყველანაირი ტვიფრები. ისინი არ წარმოადგენენ რაიმე დიდ და ერთიან გვარს. შეიძლება შეთანხმება და ზოგიერთი მათგანის, მართალია იძულებით, მაგრამ მაინც მოსართავთან შეერთება, ზოგის კი – იარაღთან. რაც შეეხება შინაური ცხოველების ფლობას, [289c] მონების გარდა ყველაფერი ახლახან გამოყოფილი ჯოგური გამოზრდის ხელოვნებას მიეკუთვნება. უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი დარჩნენ მონები და ყველა ის მსახური, რომელთა შორისაც, ვწინასწარმეტყველებ, რომ გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც მეფეს შეეცილბიან, როგორც ფეიქრებს [შეეცილნენ] მრთველები, მჩეჩავები და სხვები, ვისზეც ვილაპარაკეთ. ყველა სხვა, რომელიც დამხმარე მიზეზებად დავასახელეთ, თავიანთი საქმეებითურთ ცალკე გამოვყავით და გამოვაცალკევეთ [289d] მეფობისა და პოლიტიკის ხელოვნების საქმეთაგან. უმცროსი სოკრატე ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. უცხოელი მოდი, დარჩენილებს მივუახლოვდეთ და ისე განვიხილოთ, რათა უფრო სარწმუნოდ შევიტყოთ [მათ შესახებ]. უმცროსი სოკრატე ასეა საჭირო. უცხოელი თუკი აქედან დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მსახურებს იმის საპირისპირო საქმეები და თვისებები აქვთ, რაც გვეგონა. უმცროსი სოკრატე რომელ [მსახურებს]? უცხოელი ნაყიდებს, რომლებიც ამ გზით მოიპოვეს. მათ ხომ [289e] უდავოდ შეიძლება მონები ვუწოდოთ? ისინი ყველაზე ნაკლებად იზიარებენ მეფობის ხელოვნებას. უმცროსი სოკრატე როგორ არა. უცხოელი მაშ რა? თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ხდებიან იმათი მსახურები, ვისზეც ეს-ესაა ვილაპარაკეთ, მიწათმოქმედებისა და სხვა ხელობათა ნაყოფს ერთმანეთში რომ ინაწილებენ და დაატარებენ, ზოგი ბაზარში, ზოგიც ქალაქიდან ქალაქში, ხმელეთითა თუ ზღვით ფულს სხვა რამეზე რომ ცვლიან, ან ფულს – ფულზე, გადამცვლელებს, [290a] ვაჭრებს, მეხომალდეებს და წვრილ ვაჭრებს რომ ვუწოდებთ, განა რამეში შეეცილებიან პოლიტიკის ხელოვნებას? უმცროსი სოკრატე ყველაზე უფრო მეტად ვაჭრობის ხელოვნებაში. უცხოელი მაგრამ დაქირავებულებს, რომლებიც ვხედავთ, რომ მუდამ მზად არიან ყველას ემსახურონ, განა ოდესმე ვიხილავთ, რომ მეფობის ხელოვნებას ეზიარებოდნენ? უმცროსი სოკრატე რანაირად? უცხოელი და რაც შეეხება იმათ, ვინც ჩვენ ყოველთვის ასე გვემსახურება? უმცროსი სოკრატე რას ამბობ და ვისზე? [290b] უცხოელი მაცნეების ჯგუფზე და იმათზე, რომლებიც წერაშიც გაიწვრთნენ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საქმეშიც მრავალჯერ ემსახურნენ მმართველებს, რას ვიტყვით მათზე? უმცროსი სოკრატე როგორც ახლახან თქვი, მსახურები არიან და არა სახელმწიფოთა მმართველები. უცხოელი მაგრამ, არა მგონია, სიზმარში მენახა და მეთქვა, რომ ასე გამჟღავნდებიან ისინი, ვინც მოისურვებს პოლიტიკის ხელოვნებას შეეცილოს. აშკარად ძალიან უადგილო იქნებოდა [290c] მათი ძებნა მოსამსახურის ხელოვნების ფარგლებში. უმცროსი სოკრატე ნამდვილად ასეა. უცხოელი მაშ, მივუახლოვდეთ იმათ, ვინც ჯერ არ გამოგვიცდია. ისინიც, ვინც მისნობასთან არის დაკავშირებული, ფლობენ მსახურის ცოდნის გარკვეულ ნაწილს, რადგანაც ითვლება, რომ ღმერთების [ნათქვამს] ადამიანებს განუმარტავენ. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი ასეა ქურუმთა გვარის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მშვენივრად იციან ჩვენ მაგივრად როგორ შესწირონ ღმერთებს მსხვერპლი [290d] და ლოცვით ჩვენთვის სიკეთე სთხოვონ. ეს ორივე, გარკვეულწილად, მოსამსახურის ხელოვნების ნაწილია. უმცროსი სოკრატე როგორც ჩანს, ასეა. უცხოელი მგონია, რომ უკვე მივაგენით კვალს, რომელსაც უნდა მივდიოთ. ქურუმებისა და მისნების მდგომარეობა ისეთია, რომ ისინი დიადი აზრებით არიან სავსე და მათ დიდ პატივს მიაგებენ მათი საქმიანობის მნიშვნელობის გამო. მაგალითად, ეგვიპტეში არ არსებობს მეფის მმართველობა ქურუმის გარეშე, [290e] მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ სხვა გვარის წარმომადგენელი ძალისმიერი გზით [გამეფდა], შემდგომ იგი მაინც უნდა გაერთიანდეს ამ გვარში. ასევე ბერძნებთანაც ბევრ ადგილას დიად მმართველებს ეკუთვნით მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვაც. თქვენთანაც [126] , ცხადია, რომ ისეა, როგორც ვამბობ. ვისაც წილად ხვდება მეფობა, მასვე ერგება ყველაზე პატივსაგები და ყველაზე ადგილობრივი უძველესი მსხვერპლშეწირვა. უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. [291a] უცხოელი მაშ, განვიხილოთ ეს არჩეული მეფეები და ქურუმები, ასევე მათი მსახურები და ის დიდი ბრბო, რომელიც ახლახან გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც სხვებისგან გამოვყავით. უმცროსი სოკრატე ვისზე ამბობ? უცხოელი საკმაოდ უცნაურ [ადამიანებზე]. უმცროსი სოკრატე და მაინც? უცხოელი მრავალფეროვანია ეს გვარი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათგან ბევრი ლომებს და კენტავრებს [127] ჰგავს, [291b] სხვა მსგავს [არსებებსაც], უმეტესობა კი – სატირებს [128] და სხვა სუსტ და მრავალსახოვან ცხოველებს. სწრაფად იცვლიან სახესა და შესაძლებლობებს. სოკრატე, ვფიქრობ ახლაღა გავუგე ამ ადამიანებს. უმცროსი სოკრატე თქვი, როგორც ჩანს, რაღაც უცნაური შეამჩნიე. უცხოელი კი, უცოდინრობისგან ხდება ყველაფერი უცნაური. სწორედ ეს დამემართა ახლა. უცებ ვერ ვიცანი, [291c] გუნდი, რომელიც სახელმწიფოს [საქმეებთანაა] დაკავშირებული. უმცროსი სოკრატე რომელი [გუნდი]? უცხოელი ყველა სოფისტთა შორის ყველაზე უფრო დიდი თაღლითები და ამ ხელოვნებაში ყველაზე გამოცდილები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული გასაკეთებელია, ისინი ჭეშმარიტი პოლტიკოსებისა და მეფეებისაგან უნდა გავმიჯნოთ, თუ გვსურს ნათლად გავიგოთ ის, რასაც ვეძებთ. უმცროსი სოკრატე მაგრამ ამას არ უნდა მოვეშვათ. უცხოელი მეც ასე [ვფიქრობ]. აბა, ერთი ეს მითხარი. უმცროსი სოკრატე რა? [291d] უცხოელი მონარქია ხომ სახელმწიფო მართვის ერთ-ერთი [ფორმაა]? უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი მონარქიის შემდეგ კი, ვფიქრობ, უმცირესობის მმართველობა შეიძლება დავასახელოთ. უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი სახელმწიფო მართვის მესამე ფორმა განა უმრავლესობის მმართველობა არაა, რომელსაც დემოკრატია ეწოდება? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი ამ სამიდან განა ხუთი არ წარმოიქმნება, თუ მათგან კიდევ ორი სხვა სახელი იშვება? უმცროსი სოკრატე რომელი? [291e] უცხოელი თუ გავითვალისწინებთ ძალადობასა და კეთილ ნებას, სიღარიბესა და სიმდიდრეს, კანონსა და უკანონობას, რაც [სახელმწიფო მართვის ფორმებს] ახასიათებს, ამ ორიდან თითოეული მათგანი კიდევ ორად დაიყოფა, მონარქია კი ორ სახეს მოიცავს და [მას] ორ სახელს ვუწოდებთ, ტირანიას და მეფობას. უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი სახელმწიფოს კი, რომელსაც უმცირესობა მართავს, არისტოკრატიას და ოლიგარქიას [ვუწოდებთ]. უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი დემოკრატიას კი, მიუხედავად იმისა, უმრავლესობა მესაკუთრეებს ძალადობით მართავს თუ კეთილი ნებით, [292a] კანონებს ზუსტად იცავს, თუ – არა, ჩანს, რომ ვერავინ ვერასოდეს შეუცვლის სახელს. [129] უმცროსი სოკრატე მართალია. უცხოელი მაშ რა? ჩავთვალოთ, რომ ამ სახელმწიფო მმართველობათაგან რომელიღაცა სწორია, თუ მის ფარგლებში [მართვა] ხდება ერთის, უმცირესობის, უმრავლესობის მიერ, სიმდიდრით ან სიღარიბით, ძალადობით ან კეთილი ნებით, დაწერილი კანონებით ან კანონების გარეშე? უმცროსი სოკრატე და რა გვიშლის ხელს? [292b] უცხოელი უფრო კარგად დააკვირდი და ისე გააგრძელე. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი დავჯერდეთ იმას, რაც თავდაპირველად ვთქვით, თუ შევეწინააღმდეგოთ? უმცროსი სოკრატე რას გულისხმობ? უცხოელი ვფიქრობ, ვთქვით, რომ სამეფო მმართველობა გარკვეული ცოდნაა. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი და ის ყველა ხელოვნებიდან კი არ ამოვირჩიეთ, არამედ – სხვათაგან [გამოყოფილი] განსჯისა და ბრძანების გაცემის ხელოვნებათაგან. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი ბრძანების გაცემის ხელოვნება კი [დავყავით] უსულო საგნებზე [292c] და სულიერ არსებებზე ბრძანების გაცემად. ასე დაყოფით აქამდე მოვედით და არ დაგვვიწყებია ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევძელით მისი საკმარისად განმარტება. უმცროსი სოკრატე მართალს ამბობ. უცხოელი მაშ, უკვე ვხვდებით, რომ [სახელმწიფო მართვის ფორმათა დაყოფის] საფუძველი არ შეიძლება იყოს უმცირესობა და უმრავალესობა, კეთილი ნება და ძალადობა, სიღარიბე და სიმდიდრე, არამედ რაღაც ცოდნა, თუ, რა თქმა უნდა, აქამდე [ნათქვამს] მივყვებით? [292d] უმცროსი სოკრატე სხვაგვარად ვერ მოვიქცევით. * * * უცხოელი მაშ, ახლა იმის დადგენაა აუცილებელი, [სახელმწიფო მართვის] რომელი [ფორმა] მოიცავს ადამიანების მართვის ცოდნას, რაც თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია. ეს უნდა გავიგოთ, რათა ვიპოვოთ ისინი, ვინც ბრძენი მეფისგან უნდა გაიმიჯნოს, რომლებსაც თავი მოაქვთ თითქოს პოლიტიკოსები არიან, არწმუნებენ უმრავლესობას, თუმცა საერთოდ არ არიან [ასეთები]. უმცროსი სოკრატე ეს უნდა გავაკეთოთ, როგორც მსჯელობამ გვიკარნახა. [292e] უცხოელი ნუთუ ითვლება, რომ ამ ქალაქში უმრავლესობა შეიძლება ამ ცოდნას ფლობდეს? უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი და ათასკაციან ქალაქში შეიძლება, რომ ასი ან ორმოცდაათი საკმარისად ფლობდეს ამ [ცოდნას]? უმცროსი სოკრატე ასე რომ იყოს, ეს ყველა ხელოვნებაზე უფრო მარტივი იქნებოდა. ხომ ვიცით, რომ ათას კაცში არათუ მეფე, არამედ ამდენი შაშის კარგი მოთამაშეც კი არ მოიძებნება სხვა ბერძნულ [ქალაქებთან] შედარებით. ვისაც სამეფო ცოდნა აქვს, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა, წინა [293a] მსჯელობის თანახმად, მას მეფე უნდა ეწოდოს. უცხოელი კარგია რომ გაგახსენდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორად მართვა ერთ, ორ, ან რამდენიმე კაცთან უნდა ვეძებოთ, თუ სწორად [მართვა საერთოდ] არსებობს. უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი კეთილი ნებით მართავენ, თუ ნების საწინააღმდეგოდ, დაწერილი კანონებით, თუ მათ გარეშე, მდიდრები არიან თუ ღარიბები, უნდა ჩაითვალოს, როგორც შევთანხმდით, რომ მართვის რაღაც ხელოვნებით მართავენ. ექიმებს [293b] ხომ ექიმებად მივიჩნევთ იმის მიუხედავად, ჩვენი ნებით გვკურნავენ თუ ნების საწინააღმდეგოდ, როცა რაღაცას გვაჭრიან, მოგვიწვავენ, თუ სხვა სახის ტკივილს მოგვაყენებენ, დაწერილი კანონებით [მოქმედებენ] თუ დაუწერელი, ღარიბები არიან თუ მდიდრები, მათ ექიმებს ვუწოდებთ მანამ, სანამ [ექიმობის] ხელოვნებით ხელმძღვანელობენ, წმენდენ, ასუსტებენ ან აძლიერებენ და ამგვარად მხოლოდ კარგს უკეთებენ სხეულს, რომ გააუმჯობესონ მისი მდგომარეობა [293c] და გადაარჩინონ თითოეული პაციენტი, რომელსაც მკურნალობენ. ვფიქრობ, ასე და არა სხვაგვარად მიავადექით არა მხოლოდ საექიმო, არამედ ნებისმიერი სხვა მმართველობის სწორ განმარტებას. უმცროსი სოკრატე სწორედ ასეა. უცხოელი სახელმწიფო [მართვის ფორმათაგან], როგორც ჩანს, სწორედ ის იქნება გამორჩეულად სწორი და ერთადერთი მმართველობა, სადაც აღმოვაჩენთ ჭეშმარიტად მცოდნე მმართველს, და არა იმათ, ვინც ასეთად მხოლოდ ჩანს. ხოლო კანონებით მართავენ ისინი, თუ კანონების გარეშე, კეთილი ნებით [293d] თუ მის საწინააღმდეგოდ, ღარიბები არიან, თუ მდიდრები, ამის გათვალისწინებას არასოდეს არავისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. უმცროსი სოკრატე მშვენიერია. უცხოელი და თუ ისინი სიკვდილით სჯიან ან ვინმეს აძევებენ და ამგვარად წმენდენ და აუმჯობესებენ სახელმწიფოს, კოლონიებში გარეკავენ ფუტკრებივით, რომ რაოდენობა შეამცირონ, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავთ, რომ რაოდენობა გაზარდონ, სანამ ცოდნითა და სამართლიანობით მოქმედებენ და შეძლებისდაგვარად გადაარჩენენ და აუმჯობესებენ [სახელმწიფოს] [293e], მანამ და ამ პირობებში მას უნდა ვუწოდოთ ერთადერთი სწორი სახელმწიფო მმართველობა. სხვა [მმართველობები] კი, რაც ჩამოვთვალეთ, კანონიერი და ნამდვილი კი არაა, არამედ მხოლოდ ბაძავს მას; ისინი, რომლებსაც კეთილმოწყობილს ვუწოდებთ, კარგში ბაძავენ, ხოლო სხვები – ცუდში. უმცროსი სოკრატე ის, რომ კანონების გარეშე მართვაა საჭირო, მძიმე მოსასმენია, დანარჩენი კი, უცხოელო, მისაღები ჩანს. უცხოელი ცოტა დამასწარი შენი შეკითხვით, სოკრატე. ვაპირებდი [294a] მეკითხა, შენთვის ყველაფერი მისაღებია, თუ ნათქვამიდან რამე გაღელვებს-მეთქი. ახლა უკვე ნათელია, რომ გვსურს კანონების გარეშე მართვის სისწორე განვიხილოთ. უმცროსი სოკრატე ნამდვილად ასეა. უცხოელი ცხადია, რომ გარკვეულწილად კანონმდებლობის ხელოვნება მეფობის ხელოვნების ნაწილია, მაგრამ ყველაზე უკეთესია, როცა ძალა კანონებს კი არ ეკუთვნის, არამედ – გონიერ მეფეს. იცი, რატომ? უმცროსი სოკრატე თქვი, რატომ? უცხოელი რადგან კანონი ვერასოდეს მოიცავს საუკეთესოს [294b] და ყველაზე სამართლიანს და ვერ დაადგენს ყველასთვის უმჯობესს. განსხვავებებია ადამიანებსა და მათ საქმეებს შორის, ასევე ყველაფერი, რაც ადამიანს უკავშირდება, ასე ვთქვათ, არასოდესაა მშვიდად. ამიტომ, ვერასოდეს ვერანაირი ხელოვნება ვერ იქნება [გამოსადეგი] ყოველთვის და ყველაფერთან დაკავშირებით. ამაში ვთანხმდებით? უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი კანონი კი, როგორც ვხედავთ, თითქმის ამგვარ რამეს [294c] ესწრაფვის, როგორც თავდაჯერებული და გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც არავის არაფრის ნებას არ რთავს მისი ბრძანების გარეშე, არც შეკითხვის დასმის [უფლებას აძლევს] ვინმეს, მაშინაც კი, თუ სხვას რაღაც ახალი და იმაზე უკეთესი მოუვა აზრად, ვიდრე მან დაადგინა. უმცროსი სოკრატე ჭეშმარიტად. ზუსტად ისე გვექცევა კანონი, როგორც ახლა თქვი. უცხოელი ხომ შეუძლებელია, მარტივი გამოსადეგი იყოს იმ ყველაფრისთვის, რაც არაა მარტივი? უმცროსი სოკრატე ასე გამოდის. უცხოელი მაშ, რატომ არის აუცილებელი კანონშემოქმედება, თუ [294d] კანონი ყველაზე უფრო მართებული არ არის? ამის მიზეზი უნდა მოვიძიოთ. უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი ხომ არსებობს თქვენთან, ისე როგორც სხვა ქალაქებში, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ერთად ვარჯიშობენ სირბილში ან სხვა რაიმეში გამარჯვების მოპოვების სურვილით? უმცროსი სოკრატე [არსებობს] და ძალიან ბევრიც. უცხოელი მაშ, კვლავ გავიხსენოთ გიმნასტების ხელოვნებასთან დაკავშირებული ბრძანებები, რომლებსაც გასცემენ ისინი, ვისაც ამის უფლებამოსილება აქვს. უმცროსი სოკრატე რომელი? უცხოელი მათ არ მიაჩნიათ, რომ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე დეტალურად უნდა მიუდგნენ, და მითითება გასცენ თითოეული სხეულის შესაფერისად, [294e] არამედ თვლიან, რომ უფრო უხეშად უნდა უბრძანონ ის, რაც უმრავლესობის სხეულისთვის სასარგებლოა. უმცროსი სოკრატე მშვენიერია. უცხოელი ამიტომაც ყველას თანაბრად უნაწილებენ დატვირთვას, ყველას ერთდროულად აწყებინებენ სირბილს და ასევე ერთდროულად ამთავრებინებენ. იგივე ითქმის ბრძოლასა და ყველა სხვა სახის ფიზიკურ დატვირთვაზე. უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი მაშ, უნდა ჩავთვალოთ, რომ კანონმდებელიც, რომელიც ჯოგს წინამძღოლობს სამართლიანობისა და ერთმანეთთან მოლაპარაკების საკითხებში [295a], ვერასოდეს შეძლებს ყველასთვის ერთიანად ბრძანების გაცემით, თითოეულ მათგანს მისცეს ის [მითითება], რომელიც მას შეჰფერის. უმცროსი სოკრატე ასე ჩანს. უცხოელი ვფიქრობ, უფრო მეტად უმრავლესობისთვის დაადგენს კანონს, უფრო ზოგადად – ინდივიდებისთვის, იქნება ეს წერილობითი თუ დაუწერელი [კანონები], წინაპრების ჩვეულების თანახმად. უმცროსი სოკრატე მართალია. უცხოელი რა თქმა უნდა, მართალია. განა ოდესმე ვინმე შეძლებს, [295b] სოკრატე, რომ გვერდით ეჯდეს და თითოეულ ადამიანს ზუსტად იმას უდგენდეს, რაც მას შეეფერება? ვფიქრობ, თუ ამას შეძლებდა ვინმე, ვინც ჭეშმარიტად მიიღო მეფობის ცოდნა, ის საერთოდ არ ისურვებდა საკუთარი თავი შეეზღუდა ზეპირი კანონების წერით. უმცროსი სოკრატე ასეა, უცხოელო, იქიდან გამომდინარე მაინც, რაც უკვე ითქვა. უცხოელი და კიდევ უფრო [გასაგები] გახდება, ჩემო კარგო, იქიდან გამომდინარე, რაც აწი ითქმება. უმცროსი სოკრატე რომელი [ნათქვამიდან]? უცხოელი შემდეგი რამ: წარმოვიდგინოთ, რომ [295c] რომელიმე ექიმი ან გიმნასტიკის მწვრთნელი წასვლას აპირებს და დიდ ხანს იქნება შორს მისგან, ვისზეც ზრუნავს. თუ ჩათვლის, რომ მისი პაციენტები ან გიმნასტები ვერ დაიმახსოვრებენ მის ნათქვამს, ხომ მოისურვებს დაწეროს და ჩანაწერები მათ დაუტოვეოს, არა? უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი და თუ იმაზე უფრო ადრე ჩამოვა, ვიდრე შორს ყოფნას გეგმავდა? განა ვერ გაბედავს, რომ [მისივე] დაწერილისგან განსხვავებული რამ ურჩიოს, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი უკეთ გახდა, [295d] რადგან ქარის ან ზევსისგან გამომდინარე სხვა რაიმე [მიზეზით] მოულოდნელად და უჩვეულოდ რაღაც შეიცვალა? განა იფიქრებდა, რომ არ უნდა გადაეხვია ადრე დადგენილი კანონიდან, თავადაც არ უნდა დაედგინა სხვა და არც პაციენტს უნდა გაებედა დაწერილისგან გადახვევა, რადგან ის იყო მედიცინის [შესაბამისი] და განმკურნავი, სხვა ყველაფერი კი – ავადმყოფობის მომტანი და არასწორი? ასეთი რამ მეცნიერებასა [295e] და ჭეშმარიტ ხელოვნებაში რომ მომხდარიყო, ამგვარ კანონმდებლობას ხომ დიდად დასცინებდნენ? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა, ასეა. უცხოელი ვინც სამართლიანსა და უსამართლოზე, მშვენიერსა და უშნოზე, კარგსა და ცუდზე დაწერილ და დაუწერელ კანონებს ადგენს ადამიანთა ჯოგებისთვის, რომლებიც თავიანთ ქალქებში ძოვენ დაწერილი კანონების შესაბამისად, თუ სხვა მსგავსი ვინმე მოვა, დახელოვნებული კანონმდებელი, ნუთუ [მას] უფლება არ ექნება [296a] სხვისი დაწერილის საპირისპირო დაადგინოს? განა ამის აკრძალვა ნაკლებ სასაცილო იქნებოდა? უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი იცი, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა რას ამბობს? უმცროსი სოკრატე უცებ ვერ ვხვდები. უცხოელი და ძალიანაც სწორად ამბობს, რომ თუ ვინმემ ძველზე უკეთესი კანონები იცის, მან ჯერ თავისი ქალაქ-სახელმწიფო უნდა დაარწმუნოს და იქ დანერგოს კანონები, და არა სხვაგვარად. უმცროსი სოკრატე და რა? მართალი არაა? [296b] უცხოელი შეიძლება, მაგრამ თუ ვერავინ დაარწმუნა და ძალის გამოყენებით ამკვიდრებს უკეთესს, მიპასუხე, რა ჰქვია ამ ძალადობას? თუმცა ჯერ ადრე ნათქვამზე მითხარი. უმცროსი სოკრატე რომელზე ამბობ? უცხოელი თუ რომელიმე [ექიმი] ვერ დაარწმუნებს პაციენტს, თუმცა თავისი საქმის ხელოვანია და აიძულებს ბავშვს, კაცსა თუ ქალს, რომ დაწერილის ნაცვლად გააკეთოს ის, რაც უკეთესია, რა ერქმევა ამ ძალადობას? ყველაფერი შეიძლება დაერქვას, «ხელოვნების საწინაამღდეგო და მავნებელი ცოდვის» გარდა, ხომ? და ძალადობის მსხვერპლიც ყველაფერს [296c] იტყვის იმის გარდა, რომ მოძალადე ექიმისგან მავნებლური და არაოსტატური რამ გადაიტანა. უმცროსი სოკრატე სრულ სიმართლეს ამბობ. უცხოელი პოლიტიკის ხელოვნების საწინააღმდეგო შეცოდებას რას ვეძახით? სამარცხვინოს, ბოროტსა და უსამართლოს ხომ? უმცროსი სოკრატე უეჭველად. უცხოელი თუ ვისმეს აძალებენ დაწერილი კანონებისა და ტრადიციების საპირისპიროდ გააკეთოს სხვა რამ, ადრინდელზე უფრო სამართლიანი, უკეთესი და მშვენიერი, [296d] მითხარი, ასეთი ძალადობის გაკიცხვა, ყველასთვის სასაცილო არ იქნება? რადგან ყველაფერი შეიძლება ითქვას გარდა იმისა, რომ სირცხვილი, უსამართლობა და ბოროტება დაითმინეს როდესაც მოძალადემ მათზე ძალადობა განახორციელა? უმცროსი სოკრატე სრულ სიმართლეს ამბობ. უცხოელი მაშ, თუ მოძალადე მდიდარია, ძალადობა სამართლიანია, ხოლო თუ ღარიბი – უსამართლო, ასეა? თუ რომელიმე [მმართველი] მიუხედავად იმისა, შეძლო თუ არა ვინმეს დარწმუნება, მდიდარია თუ ღარიბი, დაწერილი თუ დაუწერელი კანონების თანახმად აკეთებს რაიმე [296e] სასარგებლოს, ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს სწორად მართვის ყველაზე უფრო მართებული განსაზღვრება, რომლითაც ბრძენი და ქველი ადამიანი მის ქვეშევრდომებს მართავს? ისევე როგორც გემის კაპიტანი მუდამ ხომალდისა და მეზღვაურების [297a] სარგებელზე ზრუნავს, დაწერილი კანონებით კი არა, არამედ ხელოვნებით იხსნის თანამგზავრებს. ამგვარად ამავე ხერხით სწორად უნდა იმართებოდეს სახელმწიფო მის მიერ, ვისაც შეუძლია ხელოვნება კანონებზე მეტად გააძლიეროს? და ყოველთვის ასე რომ იქცევიან, გონიერი მმართველები არ უშვებენ შეცდომას მანამ, სანამ [297b] ერთ მნიშვნელოვან [წესს] იცავენ, რომლის თანახმადაც გონებისა და ხელოვნების შესაბამისად სახელმწიფოში [ყველას ყველაფერს] ყველაზე სამართლიანად უნაწილებენ, იხსნიან მათ და უარესს, შეძლებისდაგვარად, უკეთესს ხდიან. უმცროსი სოკრატე შენს ნათქვამს ვერ შეეწინააღმდეგები. უცხოელი არც იმის საწინააღმდეგო იქნება [რამე]. უმცროსი სოკრატე რას გულისხმობ? უცხოელი უმრავლესობას, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერასოდეს ექნება ასეთი ცოდნა და ვერ შეძლებს სახელმწიფოს გონივრულად მართვას, [297c] არამედ პატარა [ჯგუფში], უმცირესობაში ან ერთში უნდა ვეძიოთ სახელმწიფოს სწორად მართვის ერთადერთი ფორმა, დანარჩენები კი მიბაძვად უნდა ჩაითვალოს, და როგორც ცოტა ხნის წინ ითქვა, ზოგიერთი უკეთესს ბაძავს, ზოგი კი – უარესს. უმცროსი სოკრატე რას გულისხმობ? ადრეც ვერ გავიგე მიბაძვების შესახებ. უცხოელი სისულელე იქნებოდა, თუ ვინმე წამოიწყებდა ამგვარ მსჯელობას, შემდეგ თავს დაანებებდა, აღარ გააგრძელებდა, რომ არ აღმოეჩენა [297d] მასთან მასთან დაკავშირებული შეცდომა. უმცროსი სოკრატე რომელი? უცხოელი ეს [შეცდომა] უნდა ვეძიოთ, არც ძალიან ხშირია და არც მარტივი. უნდა შევეცადოთ მის მოხელთებას. მოდი, მითხარი: თუ სახელმწიფო მმართველობის მხოლოდ ის [ფორმაა] სწორი, რომელიც ჩვენ ავღნიშნეთ, იცი, რომ [მმართველობის სხვა ფორმებმა] უნდა გამოიყენონ თავიანთი დაწერილი კანონები, რათა გადარჩნენ და გააკეთონ ის, რასაც ახლა ვაქებთ, რაც ძალიან მართებულიც არ არის? უმცროსი სოკრატე რა? [297e] უცხოელი ის, რომ ვერც ერთმა მოქალაქემ ვერ უნდა გაბედოს კანონსაწინააღმდეგოდ რამის ჩადენა და თუ გაბედავს, სიკვდილით ან სხვა უკიდურესი [ფორმით] უნდა დაისაჯოს. ეს [მართვის] ყველაზე სწორი და კარგი [ფორმაა], როგორც მეორე [არჩევანი], თუ ვინმე პირველ ადგილას მოხსენიებულ [ფორმებს] გადაუხვევს. მაშ, გავიაროთ, თუ როგორია [მართვის ეს ფორმა], რომელსაც მეორე ვუწოდეთ, კარგი? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი დავუბრუნდეთ ხატებს, რომლებიც აუცილებელია მეფე-მმართველების აღსაწერად. უმცროსი სოკრატე რომელ [ხატებს]? უცხოელი კეთილშობილი გემის კაპიტანი და ექიმი, რომელიც სხვა მრავლის მაგივრობას გაგვიწევს. დავაკვირდეთ მათ და მათი საშუალებით შევქმნათ გარკვეული სახე. უმცროსი სოკრატე რომელი? უცხოელი აი, ეს: წარმოვიდგინოთ, რომ მათი წყალობით ყველანი საშინლად ვიტანჯებით. ვისაც მოისურვებენ, რომ გადაარჩინონ, გადაარჩენენ, ისე როგორც სხვა გადაარჩინეს. ხოლო ვისაც მოისურვებენ, რომ დაღუპონ, მას ღუპავენ, ჭრიან, წვავენ და გადასახადებს უწესებენ, საიდანაც პაციენტზე ძალიან მცირეს ან სულაც არაფერს ხარჯავენ, დანარჩენს თავად ისინი და მათი მსახურები იყენებენ. [298b] ისეც ხდება, რომ პაციენტის ნათესავის ან რომელიმე მტრისგან მიღებული ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, მათ კლავენ კიდეც. კაპიტნებიც ბევრ მსგავს რამეს აკეთებენ, რაიმე ბოროტი ჩანაფიქრით, გემის მგზავრებს უდაბურ სანაპიროებზე ტოვებენ, ზღვაში რაიმე შეცდომას უშვებენ და მათ წყალში ყრიან და სხვა სიავეებსაც ჩადიან. თუ ამ ყველაფერს გავიაზრებთ და გადავწყვეტთ, რომ ხელოვნების ამგვარ სახეებს [298c] აღარასოდეს დავანებებთ არც მონებისა და არც თავისუფალ [ადამიანთა] შეუზღუდავად მართვას, თავად შევკრებთ ან მთელ ხალხს, ან – მხოლოდ მდიდრებს, კერძო პირები იქნებიან ეს თუ სხვადასხვა ხელობის მცოდნენი და მათ ნაოსნობასა და სნეულებებთან დაკავშირებით თავიანთ აზრს ვათქმევინებთ: რომელი წამლები და სამკურნალო საშუალებები გამოვიყენოთ პაციენტებისთვის, როგორი ხომალდები [298d] და საზღვაოსნო საშუალებები ვიხმაროთ ნაოსნობის დროს საფრთხის შემთხვევაში, ქარისა და უამინდობისას, მეკობრეებს თუ გადავეყრებით; ან უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა დიდმა გემებმა მსგავს ხომალდებთან საზღვაო ბრძოლებში. რასაც უმრავლესობა ამ საკითხებზე გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა ამაში ექიმები, გემის კაპიტნები თუ უბრალოდ კერძო პირები მიიღებენ მონაწილეობას, [298e] დაფებსა და სვეტებზე უნდა დაიწეროს, ზოგიერთი რამ კი შემდგომში, როგორც მამაპაპური დაუწერელი ჩვეულება, დიდი ხნის განმავლობაში გამოვიყენოთ ნაოსნობაშიც და მკურნალობის დროსაც. უმცროსი სოკრატე ძალიან უცანაური რამე თქვი. უცხოელი ყოველ წელს დანიშნავენ ხალხის მმართველებს ან მდიდართაგან, ან მთელი მოსახლეობიდან, იმის მიხედვით, თუ ვის აირჩევენ კენჭისყრით. ეს დანიშნული მმართველები კი დაწერილი კანონების შესაბამისად მართავენ, გემებს წინამძღვრობენ და პაციენტებზე იზრუნებენ. უმცროსი სოკრატე ეს კიდევ უფრო რთულია. უცხოელი ისიც ნახე, მერე რა მოხდება. მას შემდეგ, რაც თითოეულ მმართველს ერთი წლის [ვადა] გაუვა, მათ სასამართლო უნდა მოვუწყოთ, რომლის [წევრებიც] არჩეული იქნებიან კენჭისყრით ან მდიდართაგან, [299a] ან ყველა მოქალაქიდან. მათ მიუყვანენ მმართველებს და პასუხს აგებინებენ. მსურველს შეუძლია ბრალი დასდოს მათ იმაში, რომ გემს მთელი წელი არც დაწერილი კანონების თანახმად მართავდნენ და არც წინაპართა ჩვეულებებით. ზუსტად იგივე ითქმის პაციენტებზე მზრუნველებთან დაკავშირებითაც. და თუკი ბრალს დასდებენ, გადაწყდება რა სასჯელს ან რა ჯარიმას იმსახურებენ. უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა, ვინც მოისურვებს თავისი ნებით ამგვარ [პირობებში] მმართველობას, [299b] სამართლიანი იქნება, რომ დაითმინოს ნებისმიერი სასჯელი. უცხოელი და გარდა ამისა საჭირო იქნება ისეთი კანონის შემოღება, რომ თუ ვინმე გემის მართვის, ნაოსნობის ან ჯანმრთელობასა და მედიცინასთან დაკავშირებული ჭეშმარიტების – რაც ქარს, სიცხესა და სიცივეს ეხება – კვლევას დაიწყებს დაწერილი კანონების საპირისპიროდ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვითომ ცოდნას შეიძენს, უპირველეს ყოვლისა, მას ექიმს ან გემის კაპიტანს კი არ უწოდებენ, არამედ ცაში მომზირალს[130], მოლაყბესა და სოფისტს, ან ახალგაზრდების შემცდენელს, ვინაიდან მათ არწმუნებს, [299c] რომ კაპიტნობას და ექიმობას მიუდგნენ არა კანონების შესაბამისად, არამედ თვითნებურად მართონ გემები და ავადმყოფები. ნებისმიერი მსურველი შეძლებს მას ბრალი წაუყენოს სასამართლოში, რადგან კანონებისა და დაწერილი წესების საწინააღმდეგო ცოდნით არწმუნებს ახალგაზრდებსა თუ ასაკოვნებს, უკიდურესი [ფორმით] უნდა დაისაჯოს. არაფერი უნდა იყოს კანონზე უფრო ბრძნული, არავინ უნდა უგულებელყოს მედიცინა და ჯანმრთელობა, გემის კაპიტნობა, ნაოსნობა, ვინაიდან მსურველს შეუძლია ისწავლოს [299d] დაწერილი კანონებითა და მამა-პაპური ჩვეულებებით. სოკრატე, თუ ეს, რასაც ვამბობთ, მოხდებოდა სხვა სახის ცოდნასთან დაკავშირებით, როგორიცაა მხედართმთავრობა, ნებისმიერი სახის ნადირობა, მხატვრობა, ბაძვის ხელოვნების ნებისმიერი ნაწილი, მშენებლობა, ხელსაწყოების დამზადება, მიწათმოქმედება და ნებისმიერი სახის მემცენარეობა, მეცხენეობა და ეს ყველაფერი რომ დაწერილი წესების შესაბამისად ხდებოდეს, ჯოგებზე ზრუნვა, მისნობა, ნებისმიერი სახის მომსახურება, [299e] შაშის თამაში და მთელი არითმეტიკა, სუფთა სახით იქნება ის თუ ზედაპირის, სიღრმისა და სიჩქარის გაზომვასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ასე რომ ხდებოდეს, დაწერილი კანონების და არა ხელოვნების მოთხოვნების შესაბამისად, რა გამოვიდოდა? უმცროსი სოკრატე ცხადია, რომ ყველა ხელოვნება მთლიანად მოისპობოდა და თავიდან აღარასოდეს წარმოიშობოდა, რადგან მის კვლევა-ძიებას კანონი აკრძალავდა, ამგვარად, სიცოცხლე, რომელიც ახლაც რთულია, მაშინ საერთოდ აუტანელი გახდებოდა. [300a] უცხოელი და ამაზე რას იტყვი, თუ ყველაფერი, რაც ითქვა, უნდა მომხდარიყო დაწერილი კანონების შესაბამისად და მათ დამცველად ვინმე ხმის მიცემით ან კენჭისყრით არჩეული რომ დაგვედგინა, მას კი არად ჩაეგდო დაწერილი და სარგებლის ან ვინმეს გულის მოგების გამო, მის საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო, ყოველგვარი ცოდნის გარეშე. განა ეს წინანდელზე უფრო დიდი ბოროტება არ იქნებოდა? უმცროსი სოკრატე ჭეშმარიტად. [300b] უცხოელი ვფიქრობ, თუ ვინმე გაბედავდა და უმრავლესობას დაარწმუნებდა, რომ ხანგრძლივ გამოცდილებასა და კეთილი მრჩევლების რჩევებზე დაფუძნებული კანონების საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო, იმ შეცდომაზე უფრო ბევრად დიდ შეცდომას დაუშვებდა და უფრო მეტად აურევდა ყველაფერს, ვიდრე დაწერილი კანონები. უმცროსი სოკრატე როგორ არ მოხდებოდა ასე? [300c] უცხოელი ამის გამო, ვინც კანონებსა და დაწერილ წესებს ადგენს, მეორე რიგში იმაზე უნდა [იზრუნოს], რომ მათ საწინააღმდეგოდ არც ერთს და არც მრავალს არასოდეს არაფერი გააკეთებინოს. უმცროსი სოკრატე მართალია. უცხოელი განა თითოეული ეს [კანონი] ჭეშმარიტების მიბაძვა არაა, რომელიც შეძლებისდაგვარად მცოდნე ადამიანის მიერაა დაწერილი? უმცროსი სოკრატე როგორ არა? უცხოელი ხომ ვთქვით, თუ გახსოვს, ვთქვით, რომ ჭეშმარიტად პოლიტიკოსი თავის საქმიანობაში ყველაფერს ხელოვნების შესაბამისად აკეთებს და არ ზრუნავს დაწერილ კანონებზე, რადგან [300d] შეიძლება მიიჩნიოს, რომ სხვა რამე უკეთესია, ვიდრე თავად მის მიერ დაწერილი და შორს მყოფთათვის გაგზავნილი [წესი]. უმცროსი სოკრატე ასე ვთქვით. უცხოელი ე. ი. თუ რომელიმე ადამიანი ან [ადამიანთა] ჯგუფი, რომელსაც კანონების დაწესება მოუხდა, მათ საწინააღმდეგოდ მოიქცევა, რადგან სხვა [კანონი] უკეთესია, ის დაახლოებით ისე არ მოიქცევა, როგორც ჭეშმარიტად პოლიტიკოსი? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი მაშ, თუ ის, ვინც ასე იქცევა, უცოდინარია, როდესაც ჭეშმარიტის მიბაძვას ცდილობს, ძალიან ცუდად არ ბაძავს? [300e] და თუ მცოდნეა, ეს ხომ მიბაძვა აღარაა, არამედ – თავად ჭეშმარიტება? უმცროსი სოკრატე სწორედ ასეა. უცხოელი და ადრე ხომ ვაღიარეთ, რომ ბრბო ვერანაირად ვერ ფლობს ხელოვნებას. უმცროსი სოკრატე ასე შევთანხმდთ. უცხოელი თუ არსებობს მეფის რაიმე ხელოვნება, ვერც მდიდართა ბრბო და ვერც მთელი ხალხი ვერასოდეს დაეუფლება პოლიტიკის ამ ცოდნას. უმცროსი სოკრატე როგორ [შეძლებს]? უცხოელი როგორც ჩანს, ასეთმა სახელმწიფოებმა, თუ სურთ, [301a] რომ რაც შეიძლება უკეთ მიბაძონ ჭეშმარიტ სახელმწიფო მმართველობას, რომელსაც ერთი დახელოვნებული [პირი] ახორციელებს, არასოდეს არაფერი უნდა გააკეთონ დაწერილი კანონებისა და მამა-პაპური ჩვეულების წინააღმდეგ. უმცროსი სოკრატე შესანიშნავად თქვი. უცხოელი როდესაც მმართველობის ამგვარ [ფორმას] მდიდრები ბაძავენ, მას არისტოკრატიას ვუწოდებთ, ხოლო როდესაც კანონებზე არ ზრუნავენ – ოლიგარქიას. უმცროსი სოკრატე სავარაუდოდ. უცხოელი როდესაც ერთი [პირი] მართავს კანონების თანახმად და ბაძავს მცოდნეს, [301b] მას მეფეს ვუწოდებთ და სახელით აღარ ვარჩევთ, იმის მიხედვით ცოდნით და კანონების შესაბამისად მართავს, თუ მხოლოდ თავისი შეხედულებით. უმცროსი სოკრატე ჩანს, ასეა. უცხოელი მაშ, როდესაც ჭეშმარიტად მცოდნე ერთპიროვნულად მართავს, მას ყოველთვის მეფე ეწოდება და არა სხვა რამ. ამის გამო ის ხუთი სახელი, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმებს ვუწოდეთ, ერთად იქცევა. [131] უმცროსი სოკრატე ასე ჩანს. უცხოელი ხოლო როდესაც ერთპიროვნულად მმართველი არც კანონების, არც ჩვეულებების შესაბამისად არ იქცევა, [301c] ვითომც საქმის მცოდნეს თავი მოაქვს, თითქოს დაწერილი კანონების საწინააღმდეგოდ უკეთესად მოქმედებს, არადა მართვისას თავისი ვნებითა და უცოდინრობით ბაძავს, განა მას და ყველა მისნაირს ტირანი არ უნდა ვუწოდოთ? უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი როგორც აღვნიშნეთ, ასე წარმოიშვა ტირანი და მეფე, ოლიგარქია, არისტოკრატია და დემოკრატია, ვინაიდან ადამიანები უკმაყოფილონი იყვნენ ერთი მონარქით, არ სჯეროდათ, რომ ერთი ვინმე იქნებოდა ამგვარი მმართველობის ღირსი, [301d] რომ ენდომებოდა და შეძლებდა სიქველითა და ცოდნით მართვას, სამართლიანად და სწორად თითოეულისთვის [მისი] შესაფერისის მიგებას, არამედ ისინი სპობენ, ხოცავენ და სიავეს უკეთებენ ყველას, ვისაც მოისურვებენ. თუ იარსებებდა ისეთი [მმართველი], როგორსაც აღვწერთ, იგი ეყვარებოდათ და მის სწორ და ზუსტ ერთპიროვნულ მმართველობაში ბედნიერად იცხოვრებდნენ. უმცროსი სოკრატე სავარაუდოდ. უცხოელი ახლა კი, როცა ასეთი მეფე, [301e] როგორსაც აღვწერთ, სახელმწიფოებში არ იბადება ისე, როგორიც ფუტკართა ოჯახში, ანუ თავიდანვე გამორჩეულია სხეულითა და სულით, ერთად უნდა შევიკრიბოთ, დადგენილებები ვწეროთ, და როგორც ჩანს, ყველაზე სწორი სახელმწიფო მმართველობის გზას დავადგეთ. უმცროსი სოკრატე ასე ჩანს. უცხოელი განა გვიკვირს, სოკრატე, ის სიავე, რაც ხდება და რაც მოხდება ამგვარ სახელმწიფო მმართველობაში, რომელსაც ისეთი საფუძველი აქვს, რომ დაწერილი კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად კეთდება [ყველაფერი] და არა – ცოდნის. [302a] ყველასათვის ცხადი არაა, რომ სხვა სახის [ხელოვნებაც] ასე რომ ემოქმედა, თავადვე მოსპობდა ყველაფერს, რასაც შექმნიდა? ის უფრო არ უნდა გვიკვირდეს, რამდენად ძლიერია სახელმწიფო თავისი ბუნებით? ასეთ რამეებს უსაზღვროდ დიდხანს ითმენენ სახელმწიფოები. ზოგიერთი მათგანი მდგრადია და არაფერი ემართება, ხოლო ბევრი – დიდ ტალღებში მოხვედრილი ხომალდივით ნადგურდება, უკვე განადგურდა ან მომავალში განადგურდება მათი კაპიტნებისა და მეზღვაურების უუნარობის გამო, რომელთაც უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არავითარი ცოდნა არ გააჩნიათ [302b], არაფერი გაეგებათ პოლიტიკის ხელოვნებისა, მაგრამ ჰგონიათ, რომ ყველა მეცნიერებას შორის ყველაზე უკეთ მას ფლობენ. უმცროსი სოკრატე სრული ჭეშმარიტებაა. უცხოელი ამ სახელმწიფო მმართველობების არასწორი ფორმებიდან რომელ [მმართველობაში] ცხოვრებაა ნაკლებ რთული, თუმცაღა ყველა რთულია, და რომელია ყველაზე მძიმე? ეს საკითხიც ხომ როგორღაც უნდა განვიხილოთ, თუმცა მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაზეც ვმსჯელობთ? მთლიანობაში კი სწორედ მისი გულისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. უმცროსი სოკრატე როგორ არ უნდა [განვიხილოთ]? [302c] უცხოელი მაშ, შეიძლება თქვა, რომ [სახელმწიფო მმართველობის] სამი [ფორმიდან] ერთი ყველაზე რთული და იმავდროულად ყველაზე მარტივია. უმცროსი სოკრატე რას ამბობ? უცხოელი სხვას არაფერს ვამბობ, გარდა იმისა, რომ მონარქია, უმცირესობის და უმრავლესობის მმართველობა – ეს სამი მოვიხსენიეთ საუბრის დასაწყისში, რომელიც ძალიან გაგვიფართოვდა. უმცროსი სოკრატე სწორედ ისინი [ვახსენეთ]. უცხოელი [მმართველობის] თითოეული [ფორმა] ორად გავყოთ და ასე მივიღოთ ექვსი, ხოლო სწორი [ფორმა] მათგან მეშვიდედ გამოვყოთ. უმცროსი სოკრატე როგორ? [302d] უცხოელი მონარქიიდან სამეფო ხელოვნება და ტირანია გამოვყავით, უმცირესობის მმართველობიდან – არისტოკრატია, რომელზეც ვთქვით, რომ კარგად ჟღერს, და ოლიგარქია, უმრავლესობის მმართველობას კი ერთი მარტივი სახელი – დემოკრატია – ვუწოდეთ და ისიც ორმაგად უნდა ჩავთვალოთ. უმცროსი სოკრატე ის როგორღა უნდა დაიყოს? უცხოელი ისე, როგორც სხვები, და არა განსხვავებულად. თავად მისი სახელიც ხომ ორმაგია. [302e] კანონების შესაბამისად ან მათ გარეშე ცხოვრება [დემოკრატიის] პირობებშიც შეიძლება და სხვა [მმართველობის] დროსაც. უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი მაშინ, როდესაც [მმართველობის] სწორ ფორმას ვეძებდით, ეს დაყოფა გამოსადეგი არ იყო, როგორც უკვე გამოჩნდა, მას შემდეგ კი, რაც ეს გამოვყავით და სხვები კი [მმართველობის] აუცილებელ ფორმებად დავადგინეთ, თითოეული მათგანი ორად გაიყო კანონიერისა და უკანონოს საფუძველზე. უმცროსი სოკრატე იქიდან გამომდინარე, რაც ითქვა, ასეა. უცხოელი მონარქია უკავშირდება კარგად დაწერილ წესებს, რომლებსაც კანონებს ვუწოდებთ და [მმართველობის] ექვსი [ფორმიდან] საუკეთესოა. უკანონო ცხოვრება კი რთული და მძიმეა. [303a] უმცროსი სოკრატე სავარაუდოდ. უცხოელი უმცირესობის მმართველობა, რადგან ის გულისხმობს ერთსა და მრავალს შუა [არსებულ] რიცხვს, ამ ორს შორის საშუალოდ ჩავთვალოთ. რაც შეეხება უმრავლესობის მმართველობას, ის ყველაფერში სუსტია და სხვებთან შედარებით არც სიკეთის არც ბოროტების დიდი ძალა არ აქვს, ვინაიდან მასში მთელი ძალაუფლება პატარ-პატარა მოცულობით ბევრს აქვს გადანაწილებული. ამიტომ თუ მმართველობა კანონზეა დამყარებული, ყველაზე ცუდია, ხოლო თუ უკანონოა – მაშინ საუკეთესო. [303b] და თუ ყველაფერი მიშვებულია, მაშინ ცხოვრება უმჯობესია დემოკრატიის პირობებში, ხოლო თუ მოწესრიგებულია, მაშინ მასში ცხოვრება ყველაზე მძიმეა. მმართველობის პირველი ფორმა უპირველესი და საუკეთესოა, თუ არ ჩავთვლით მეშვიდეს, რომელიც მმართველობის ყველა სხვა ფორმიდან ცალკე უნდა გამოიყოს, ისე როგორც ღმერთი – ადამიანებისგან. უმცროსი სოკრატე როგორც ჩანს ასეა, ასე ხდება და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ამბობ. უცხოელი აგრეთვე ყველა ის, ვინც მმართველობაში მონაწილეობს, [303c] საქმის მცოდნის გარდა, უნდა გაიმიჯნოს არა როგორც ჭეშმარიტად პოლიტიკოსი, არამედ როგორც ამრევი და უდიდესი მოჩვენებების დამცველი, რომელიც თავადაც მოჩვენება ხდება, დიდი მიმბაძველი და თაღლითია და სოფისტებს შორის უდიდეს სოფისტად იქცევა[132]. უმცროსი სოკრატე ამ სიტყვებით ძალიან სწორად დაახასიათე ვითომ პოლიტიკოსები. უცხოელი იყოს ასე. ჩვენთვის ეს ნამდვილი დრამაა, როგორც წეღან ვთქვით, კენტავრებისა და სატირების ხმაურიან დასს ვხედავთ, [303d] რომელიც პოლიტიკის ხელოვნებიდან უნდა გამოიყოს. [133] ძლივს, მაგრამ [მაინც] გამოვყავით. უმცროსი სოკრატე ასე ჩანს. უცხოელი კიდევ ერთი გვარი რჩება, რომლის გამოყოფაც უფრო რთულია, რადგან უფრო მეტად ჰგავს სამეფო ხელოვნებას და უფრო ძნელად გასაგებია. მეჩვენება, რომ იმავეს განვიცდით, რასაც ის, ვინც ოქროს წმენდს. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი ისინიც თავდაპირველად მიწას, ქვებსა და სხვა მსგავს რამეებს აშორებენ, შემდეგ [303e] ოქროსთან შერეული და მისი მსგავსი ძვირფასი [ნივთიერებები] რჩება – სპილენძი და ვერცხლი, ხანდახან ანდამატიც, რომლებიც მხოლოდ ცეცხლით გამოიყოფა დიდი წვალების შედეგად. მხოლოდ ამის შემდეგ ვიხილავთ სუფთა ოქროს როგორც ასეთს. უმცროსი სოკრატე ამბობენ, რომ ეს სწორედ ასე ხდება. უცხოელი როგორც ჩანს ამავე [გზით] უნდა გამოვყოთ პოლიტიკის ცოდნიდან ყველაფერი განსხვავებული, უცხო და მტრული და დავტოვოთ მხოლოდ ღირებული და მონათესავე. ესენია მხედართმთავრის, სასამართლო და [304a] რიტორიკის ხელოვნება [134] , რომელიც სამეფო ხელოვნებას უკავშირდება, სიმართლეში არწმუნებს და სახელმწიფოს მართვაში ეხმარება. [135] მაშ, რა გზით გამოვყოთ ცალკე ის, რასაც ვიკვლევთ ისე, რომ შიშვლად და თავისი თავის იგივეობრივად წარმოჩნდეს? უმცროსი სოკრატე ცხადია, რომ როგორღაც უნდა ვცადოთ ამის გაკეთება. უცხოელი ვცადოთ და გამოჩნდება. მისი გამოვლენა მუსიკის მეშვეობით ვცადოთ. მოდი, მითხარი... უმცროსი სოკრატე რა? [304b] უცხოელი არსებობს მუსიკის სწავლება ისევე, როგორც სხვა მეცნიერებანი, რომელნიც ხელის ოსტატობასთანაა კავშირში? უმცროსი სოკრატე არსებობს. უცხოელი და ამაზე რაღას ვიტყვით: არსებობს სხვა მეცნიერება, რომელიც მათ უკავშირდება და გვეუბნება, საჭიროა თუ არა მათი შესწავლა? უმცროსი სოკრატე ვიტყვით, რომ არსებობს. უცხოელი ვაღიარებთ, რომ ის სხვა [მეცნიერებათაგან] განსხვავებულია? უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი მათგან არც ერთი [მეცნიერება] არ უნდა მართავდეს მეორეს, [304c] ისინი უნდა მართავდნენ ამას, თუ ეს უნდა მფარველობდეს და მართავდეს ყველა სხვას? უმცროსი სოკრატე ეს [უნდა მართავდეს] სხვებს. უცხოელი მაშ, ფიქრობ, რომ ის [მეცნიერება], რომელიც ადგენს, საჭიროა თუ არა სხვა [მეცნიერებების] შესწავლა უნდა მართავდეს იმათ, რაც ისწავლება და რასაც ასწავლიან? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი და ის [მეცნიერება, რომელიც წარმოაჩენს], საჭიროა თუ არა დარწმუნება [უნდა მართავდეს] იმას, რომელსაც შეუძლია დარწმუნება? უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი დაე, იყოს ასე. რომელ მეცნიერებას მივაკუთვნებთ უმრავლესობისა და ბრბოს დარწმუნებას [304d] ამბების მოყოლით, და არა სწავლებით? უმცროსი სოკრატე ვფიქრობ, აშკარაა, რომ ის რიტორიკას უნდა მივაკუთვნოთ. უცხოელი და რომელი მეცნიერება განვსაზღვროთ იმისთვის, რომ დაადგინოს ვინმეს დარწმუნებაა საჭირო, ძალის გამოყენება თუ უმოქმედობა? უმცროსი სოკრატე ის, რომელიც დარწმუნებისა და საუბრის ხელოვნებას განაგებს. უცხოელი ვფიქრობ, სხვა არაფერი იქნება, თუ არა პოლიტიკოსის ძალა. უმცროსი სოკრატე მშვენივრად თქვი. უცხოელი როგორც ჩანს, რიტორიკა სწრაფად განცალკევდა პოლიტიკის ხელოვნებიდან, [304e] როგორც განსხვავებული სახე, რომელიც მას ემსახურება. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი ასეთი ძალის შესახებ რა უნდა ვიფიქროთ? უმცროსი სოკრატე რომელი [ძალის შესახებ]? უცხოელი რომელიც ადგენს, როგორ უნდა ვებრძოლოთ იმას, ვისთან ბრძოლაც გადავწყვიტეთ. მასაც აქვს კავშირი ხელოვნებასთან, თუ არა? უმცროსი სოკრატე როგორ ვიფიქრებთ, რომ ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს მაშინ, როცა მას მხედართმთავრობა და მთელი სამხედრო საქმე მიმართავს? უცხოელი და [ხელოვნებას], რომელმაც იცის და რჩევას იძლევა, ომია საჭირო თუ დაზავება, იმავედ ჩავთვლით თუ განსხვავებულად? უმცროსი სოკრატე ადრე ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ, განსხვავებულად უნდა ჩავთვალოთ. [305a] უცხოელი თუ ისევე ვიმსჯელებთ, როგორც ადრე, აღმოვაჩენთ, რომ ეს მართავს სხვას. უმცროსი სოკრატე ვთქვათ. უცხოელი სხვა რომელ ხელოვნებას დავასახელებთ ამ საოცარი და დიდი – საომარი ხელოვნების ბატონად, თუ არა ჭეშმარიტად სამეფო ხელოვნებას? უმცროსი სოკრატე არც ერთ სხვას. უცხოელი მაშასადამე, მხედართმთავრობის ცოდნას პოლიტიკის ხელოვნებად არ დავადგენთ, ვინაიდან მას ემსახურება. უმცროსი სოკრატე არ შეეფერება. [305b] უცხოელი მოდი, იმ მოსამართლეთა ძალაც განვიხილოთ, ვინც სწორად მართავს სასამართლოს. უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი რა შეუძლია ამ ძალას იმაზე მეტი, რომ ურთიერთვალდებულებების განსჯისას, კანონმდებელი მეფისგან მიიღოს კანონები და მათ საფუძველზე გადაწყვიტოს, რა არის სამართლიანი და რა – უსამართლო? ხოლო თავად მისი სიქველე იმაში გამოიხატება, რომ არც საჩუქრების, არც შიშის, არც თანაგრძნობის, [305c] არც მტრობის ან მეგობრობის გამო არ მოისურვებს კანონმდებლის მიერ დადგენილი წესრიგის დარღვევას, ურთიერთბრალდებების [მოსმენისას]. უმცროსი სოკრატე სხვა არაფერი. თითქმის ისაა ამ ძალის საქმე, რაც თქვი. უცხოელი მაშ, აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლეების ძალა მეფური კი არ არის, არამედ ამ უკანასკნელის მსახური და კანონების დამცველია. უმცროსი სოკრატე ასე ჩანს. უცხოელი უნდა გავიაზროთ, რომ მას შემდეგ, რაც განვიხილეთ ყველა მეცნიერება, არც ერთი არ აღმოჩნდა პოლიტიკის ხელოვნება. [305d] ჭეშმარიტად მეფობის ხელოვნება თავად კი არ უნდა მოქმედებდეს, არამედ უნდა მართავდეს სხვა [ხელოვნებებს], რომლებსაც მოქმედება შეუძლია. ვინაიდან იცის სახელმწიფოში მნიშვნელოვანი [საქმეების] წამოწყებისა და განხორციელებისთვის როდისაა ხელსაყრელი და არახელსაყრელი დრო, სხვებმა ის უნდა გააკეთონ, რასაც უბრძანებს. უმცროსი სოკრატე მართალია. უცხოელი ამიტომ, ის ხელოვნებები, რომლებსაც ახლახან შევეხეთ, არც ერთმანეთს მართავს და არც – საკუთარ თავს. თითოეული მათგანი თავის საქმეს აკეთებს და მისი თავისებურებიდან გამომდინარე სამართლიანად ატარებს საკუთარ სახელს. [305e] უმცროსი სოკრატე ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. უცხოელი მას კი, რომელიც ყველა [ხელოვნებას] მართავს, კანონებსა და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ყველა [საკითხზე] ზრუნავს და ყველაფერს დიდი სიზუსტით აქსოვს ერთმანეთს, თუ მის ძალას ერთ სახელში მოვაქცევთ, როგორც ჩანს, ყველაზე სამართლიანი იქნება პოლიტიკის ხელოვნება ვუწოდოთ. უმცროსი სოკრატე აუცილებლად. უცხოელი ხომ არ მოვისურვებდით ახლა მის განხილვას ქსოვის ხელოვნების მაგალითზე, რადგან სახელმწიფოსთან დაკავშირებით მისი ყველა გვარი ჩვენთვის უკვე გაცხადდა? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. [306a] უცხოელი მგონია, რომ სამეფო წნულზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორია, როგორ იწნება და რა ქსოვილს გვაძლევს. უმცროსი სოკრატე ცხადია. უცხოელი როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა რთული საკითხის გაცხადება. უმცროსი სოკრატე თუმცა აუცილებლად უნდა განიმარტოს. უცხოელი სიქველის ნაწილი სიქველის სხვა სახისაგან გარკვეულწილად განსხვავებულია, თუმცა ამ [მოსაზრებას] კამათის მოყვარულნი ადვილად შეეწინააღმდეგებიან უმრავლესობის თვალსაზრისის გათვალისწინებით. უმცროსი სოკრატე ვერ გავიგე. უცხოელი გაგიმეორებ. ვფიქრობ, რომ სიმამაცეს [136] [306b] სიქველის ერთ-ერთ ნაწილად თვლი. უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი კეთილგონიერებაც, რომელიც სიმამაცისგან განსხვავდება, იმავე [სიქველის] ერთ-ერთი ნაწილია. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი მათთან დაკავშირებით უცნაური რამის თქმა უნდა გავბედოთ. უმცროსი სოკრატე რას გულისხმობ? უცხოელი იმას, რომ ისინი ბევრ რამეში გარკვეულწილად ერთმანეთს მტრობენ და ექიშპებიან. უმცროსი სოკრატე რას ამბობ? უცხოელი სრულიად უჩვეულო მოსაზრებაა, რადგან ამბობენ, რომ [306c] სიქველის ნაწილები ერთმანეთთან მეგობრობენ. უმცროსი სოკრატე კი. უცხოელი მაშ, ვნახოთ, უკეთ რომ დავაკვირდებით, ასე მარტივად არის საქმე თუ მონათესავეთა შორის რაღაც უთანხმოება მაინც არსებობს? უმცროსი სოკრატე კი, თქვი, როგორ დავაკვირდეთ. უცხოელი ყველაფერში უნდა მოვიძიოთ ის, რასაც მშვენიერს ვუწოდებთ და ორ ურთიერთსაპირისპირო სახედ დავადგინოთ. უმცროსი სოკრატე უფრო გასაგებად ილაპარაკე. უცხოელი არსებობს სხეულის, სულისა თუ ხმის სიმკვეთრე და სისწრაფე [306d], ისევე როგორც მათი გამოსახულებები, რომლებსაც მუსიკა და მხატვრობა ბაძავს. რომელიმე მათგანი ან თავად არ შეგიქია, ან სხვათაგან არ გსმენია მათი ქება? უმცროსი სოკრატე როგორ არა? უცხოელი გახსოვს თითოეულ შემთხვევაში ამას როგორ აკეთებენ? უმცროსი სოკრატე საერთოდ არა. უცხოელი ნეტავ შევძლებდი, სიტყვებით მეჩვენებინა ის, რასაც ვფიქრობ? [306e] უმცროსი სოკრატე რატომაც არა? უცხოელი მგონი, ეს ძალიან მარტივი გგონია. მოდი, განვიხილოთ ურთიერთსაწინააღმდეგო გვარების შემთხვევაში. ხშირად, როდესაც მოგვწონს აზროვნების, სხეულისა თუ ხმის სისწრაფე, სიძლიერე თუ სიმკვირცხლე, მის საქებრად ვიყენებთ ერთ სიტყვას – სიმამაცეს. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი პირველ [შემთხვევაში] ვამბობთ, რომ მკვეთრი და მამაცია, ან სწრაფი და მამაცი, ასევე – ძლიერი და მამაცი. და ყოველთვის, როცა ყველა დასახელებულ თვისებას საერთო სახელით მოვიხსენიებთ, მათ ვაქებთ. უმცროსი სოკრატე კი. [307a] უცხოელი განა რა? ხშირად, ბევრ სხვადასხვა შემთხვევაში, სიმშვიდის გამოვლინებასაც არ ვაქებთ? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი იქნებ, მის შესახებ საუბრისას იმის საპირისპიროს ვაცხადებთ, რაც ადრე ითქვა? უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი ყოველთვის ვამბობთ, რომ მშვიდი და კეთილგონიერია, როცა საქმე აზროვნებას ეხება; ქმედებაზე [ვაცხადებთ], რომ ნელი და რბილია; ხმა ნაზი და ღრმაა, ხოლო რიტმული მოძრაობა და [307b] მუსიკა მთლიანობაში – შესაფერისად ნელი. და ამ ყველაფრისთვის ვიყენებთ არა სიმამაცის, არამედ სინაზის აღმნიშვნელ სახელს. უმცროსი სოკრატე ჭეშმარიტად. უცხოელი როდესაც ორიდან რომელიმე მათგანი ერთ დროს ხდება, დამოკიდებულებას ვცვლით და მათ საპირისპირო სიტყვებით ვკიცხავთ. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი როდესაც რაიმე უფრო მკვეთრია, ვიდრე საჭიროა ან უფრო სწრაფი, ან უფრო უხეში, მას ძალადობრივსა და შეშლილს ვუწოდებთ, [307c] ხოლო როდესაც უფრო ნელი, მძიმე და რბილია, [ვამბობთ, რომ] მხდალი და დუნეა. და თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ, რომ კეთილგონიერი და მამაცი ბუნება ერთმანეთის საპირისპიროა, ომი და განხეთქილება აქვთ ერთიმეორესთან და არასოდეს შეერევიან ერთმანეთს თავიანთ ქმედებებში და კარგად თუ გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ისინი, ვინც მათ სულში ატარებს, ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან. უმცროსი სოკრატე რაში გულისხმობ [განსხვავებას]? უცხოელი ყველაფერში, რაც უკვე აღვნიშნეთ, და [307d] როგორც ჩანს, ბევრ სხვა რამეშიც. ვფიქრობ, ვისაც ისინი ენათესავებიან, მათ აქებენ როგორც საკუთარს და აძაგებენ მათგან განსხვავებულს, როგორც უცხოს და ბევრ [საკითხთან] დაკავშირებით ერთმანეთს დიდად ექიშპებიან. უმცროსი სოკრატე სავარაუდოდ. უცხოელი სახეებს შორის ასეთი დაპირისპირება ბავშვური [საქციელია], მაგრამ როდესაც უმნიშვნელოვანეს [საკითხებს] ეხება, მაშინ სახელმწიფოში ყველაზე ავ სნეულებად იქცევა. უმცროსი სოკრატე რას გულისხმობ? [307e] უცხოელი ყველაფერს, როგორც ჩანს, ცხოვრების მთელ მოწყობას. ის, ვინც წესრიგით გამოირჩევა, სულ მონდომებულია მშვიდი ცხოვრებით იცხოვროს, მხოლოდ თავისი [საქმე] აკეთოს. ასეთი ურთიერთობა აქვს ყველასთან, შინაც და გარეთაც. სხვა სახელმწიფოებთანაც მზად არის რაიმე გზით მშვიდობა დაამყაროს. ამ სიყვარულის გამო, რომელიც უფრო ნაკლებ დროულია, ვიდრე საჭიროა, როცა აკეთებენ იმას, რაც სურთ, ისინი შეუმჩნევლად ომის უუნარონი ხდებიან და ასეთებად აქცევენ თავიანთ ახლაგაზრდებსაც. მათ მუდამ თავს ესხმიან და არც ისე დიდი ხნის შემდეგ ისინი, მათი შვილები და მთელი [308a] სახელმწიფო, მათთვის შეუმჩნევლად მონად იქცევიან. უმცროსი სოკრატე მძიმე და საშინელ განსაცდელზე ამბობ. უცხოელი იმათზე რას იტყვი, ვინც მამაცობისკენ იხრება? მუდამ ომებისკენ ხომ არ უბიძგებენ თავიანთ სახელმწიფოებს და ასეთი ცხოვრების მიმართ საკმარისზე უფრო ძლიერი ლტოლვის გამო მტრად ხომ არ იკიდებენ ბევრ ძლიერ სახელმწიფოს, თავიანთ სამშობლოს მთლიანად ხომ არ ანადგურებენ, ან მტერს ხომ არ აპყრობინებენ და ამონებინებენ? [308b] უმცროსი სოკრატე ასეცაა. უცხოელი როგორ არ უნდა ვთქვათ, რომ ასეთ [შემთხვევებში] ამ ორივე გვარს ერთმანეთის მიმართ მუდამ დიდი მტრობა და განხეთქილება აქვს? უმცროსი სოკრატე სხვაგვარად ვერ ვიტყვით. უცხოელი ის არ აღმოვაჩინეთ, რასაც თავიდანვე ვეძებდით, რომ სიქველის არცთუ მცირე ნაწილები ბუნებით ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთმანეთისგან ასევე განსხვავდებიან ისინი, ვინც [ამ ნაწილებს] ფლობს? უმცროსი სოკრატე სავარაუდოდ. უცხოელი მაშ, ეს საკითხიც განვიხილოთ. უმცროსი სოკრატე რომელი? [308c] უცხოელი თუ რომელიმე შედგენილი მეცნიერება თავის ამა თუ იმ ნამუშევარს, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოს, თავისივე სურვილით შეადგენს უსარგებლო და სასარგებლო [ნაწილებისგან], და ან თუ თითოეული მეცნიერება შეძლებისდაგვარად განაგდებს უსარგებლოს, რომელთაგან ზოგი მსგავსია და ზოგი – არამსგავსი, ამ ყველაფერს ერთად უყრის თავს და ქმნის ერთ ძალასა და იდეას? უმცროსი სოკრატე აბა რა? უცხოელი მაშ, ბუნებით ჭეშმარიტი პოლიტიკის ხელოვნებაც საკუთარი სურვილით არასოდეს შეადგენს სახელმწიფოს სასარგებლო და ცუდი ადამიანებისაგან, არამედ, ცხადია, თავდაპირველად ხუმრობით გამოცდის მათ, შემდგომ კი გადასცემს მათ, ვისაც შეუძლია აღზრდა და ამ საქმის სამსახური, ხოლო თავად უხელმძღვანელებს და ბრძანებებს გასცემს, ისევე როგორც ქსოვის ხელოვნება ხელმძღვანელობს და უბრძანებს მჩეჩავებსა და ქსოვისთვის საჭირო [იარაღების] გამკეთებლებს. თითოეულ მათგანს [308e] მიუთითებს, რა უნდა გააკეთოს, მისი აზრით, ამა თუ იმ ქსოვილისთვის შესაფერისი. უმცროსი სოკრატე ზუსტად ასეა. უცხოელი ვფიქრობ, რომ მეფობის ხელოვნებას, რომელსაც თავად აქვს მეთვალყურეობის ძალა, იმ მასწავლებლებსა და აღმზრდელებს, რომლებიც კანონების შესაბამისად [მოქმედებენ], არ დართავს სწავლების ნებას, თუ [სწავლება] არ შექმნის იმ ხასიათს, რომელიც მის მიერ შექმნილ ნაზავს არ შეესაბამება. მხოლოდ ასეთი [რამეების] სწავლებას უბრძანებს. ამგვართა აღზრდის ბრძანებას მხოლოდ თავად გასცემს. ხოლო, ვინც ვერ ეზიარება მამაცის, კეთილგონიერისა და სხვა, სიქველისაკენ მიდრეკილ ხასიათს, არამედ [309a] ცუდი ბუნების გამო უღმერთობის, ძალადობისა და უსამართლობისაკენ იხრება, მას სიკვდილით დასჯის, გადაასახლებს ან სხვა უმძიმეს სასჯელს მიუსჯის. უმცროსი სოკრატე ამბობენ, რომ ასეა. უცხოელი მათ კი, ვინც უცოდინრობასა და დიდ სიმდაბლეში იძირება, მონური გვარის უღელში აბამს. უმცროსი სოკრატე ჭეშმარიტებაა. უცხოელი სხვათაგან კი, რომელთა ბუნებაც, საკმარისი აღზრდა თუ მიიღო, კეთილშობილი [309b] ხდება და ერთმანეთს შეერევა ხელოვნების მოთხოვნების შესაბამისად, მათი, ვინც უფრო მეტად იხრება მამაცობისკენ და მტკიცე ხასიათის გამო ისეთია, როგორც ქსოვაში ქსელი და მათი, ვინც მიდრეკილია წესრიგისკენ და კვლავ შედარებას რომ მივმართოთ, გამოიყენება როგორც სქელი და რბილი ძაფის მისაქსველი, ანუ ამ ურთიერთსაპირისპიროთა ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს ისე, რომ რაიმე სახით შეკრას და მოქსოვოს. უმცროსი სოკრატე როგორ? [309c] უცხოელი ნათესაობის მიხედვით თავდაპირველად სულის მარადიულ ნაწილს ღვთაებრივს უკავშირებს, ხოლო შემდეგ ცხოველურ ნაწილს – ადამიანურს. უმცროსი სოკრატე ეს როგორ თქვი? უცხოელი მშვენიერის, სამართლიანისა და კეთილის, ასევე მათ საპირისპიროთა შესახებ ჭეშმარიტი და დადასტურებულია შეხედულება, რომელიც სულში იბადება, ღვთაებრივში ღვთაებრივ გვარს წარმოშობს. უმცროსი სოკრატე ასე უნდა იყოს. [309d] უცხოელი ვიცით, რომ მხოლოდ პოლიტიკოსსა და კარგ კანონმდებელს შეუძლია ეს ჭეშმარიტი შეხედულება მეფობის ხელოვნების მუზის საშუალებით ჩამოუყალიბოს მათ, რომელთაც სწორად აქვთ მიღებული განათლება და რომელთა შესახებ ახლა ვლაპარაკობდით? უმცროსი სოკრატე ასე ჩანს. უცხოელი ვისაც ასეთი რამის გაკეთება არ შეუძლია, სოკრატე, მას არასოდეს ვუწოდებთ იმ სახელს [137] , რომელსაც ახლა ვიკვლევთ. უმცროსი სოკრატე სავსებით მართალია. უცხოელი მაშ რა? როცა მამაცი სული ასეთ ჭეშმარიტებას ფლობს [309e] უფრო თვინიერი არ ხდება და არ სურს, უფრო მეტად ეზიაროს სამართლიანს? და როცა არ ფლობს ამ [ჭეშმარიტებას], მაშინ უფრო მეტად არ გადაიხრება ცხოველური ბუნებისაკენ? უმცროსი სოკრატე როგორ არა? უცხოელი რას იტყვი მოწესრიგებული ბუნების შესახებ? ამ შეხედულებებს რომ გაითავისებს, ჭეშმარიტად კეთილგონიერი და მოაზროვნე არ გახდება სახელმწიფოებრივ საკითხებშიც? ხოლო თუ არ ეზიარა იმ [ცოდნას], რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, სავსებით დამსახურებულად სულელის სამარცხვინო სახელს არ მიიღებს? უმცროსი სოკრატე რა თქმა უნდა. უცხოელი არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ნაქსოვი და კავშირი ბოროტებს, ან კეთილებსა და ბოროტებს შორის ვერასოდეს იქნება მდგრადი და, რომ ვერანაირი მეცნიერება ვერ გამოიყენებს მათ სერიოზულად ამგვარი ადამიანების გასაერთიანებლად? უმცროსი სოკრატე ასე როგორ? [310a] უცხოელი ხელოვნების ეს წამალი მხოლოდ მათთვისაა, ვინც თავიდანვე კეთილშობილი ხასიათით დაიბადა და თავისი ბუნების შესაბამისად და კანონების თანახმად იზრდებოდა, და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის სიქველის შემადგენელი ნაწილების ყველაზე უფრო ღვთაებრივი კავშირი, რომელიც განსხვავებულებსა და ერთმანეთის საპირისპიროთ აერთიანებს. უმცროსი სოკრატე სავსებით მართალია. უცხოელი ვინაიდან არსებობს ეს ღვთაებრივი კავშირი, სხვა, ადამიანური კავშირების გააზრება და გააზრების შემდეგ, [მათი] განხორციელება არ არის რთული. [310b] უმცროსი სოკრატე როგორ და რომელ [კავშირებს გულისხმობ]? უცხოელი მათ, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში ქორწინებასა და ბავშვების შვილად აყვანას [138] ეხება და განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ერთ სახელმწიფოში გათხოვებასა და ქორწინებებთანაა დაკავშირებული. უმრავლესობა ხომ ბავშვების გაჩენისთვის არასწორად უკავშირდება [ერთმანეთს]. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი განა შეეცდება ვინმე გაკიცხოს ის, ვინც [ქორწინების დროს] სიმდიდრესა და ძალაუფლებას გამოეკიდება, თითქოს ეს მსჯელობად ღირდეს? უმცროსი სოკრატე საერთოდ არა. უცხოელი უფრო სამართლიანი იქნებოდა ეს გაგვეკეთებინა და გვესაუბრა იმათთან დაკავშირებით, ვინც თავის მოდგმაზე ზრუნავს, [310c] იქნებ რამეს სათანადოდ არ აკეთებს. უმცროსი სოკრატე როგორც ჩანს, ასეა. უცხოელი ისინი მართებული აზრებით კი არ მოქმედებენ, არამედ წამიერ სიმშვიდეს ეძლევიან, თავიანთ მსგავსთ სიამოვნებით იღებენ, განსხვავებულები კი არ უყვართ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ მიმართ ამ უსიამოვნო გრძნობას. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი ის ვინც მოწესრიგებულია, თავის მსგავს ხასიათს ეძებს და შეძლებისდაგვარად ასეთებზე ქორწინდება [310d], თავის [ქალიშვილებსაც] ასეთებს მიათხოვებს; ასევე იქცევა მამაცთა გვარიც, თავისნაირ ბუნებას ეძიებს, არადა ორივე გვარმა სწორედ ამის საპირისპირო უნდა გააკეთოს. უმცროსი სოკრატე როგორ და რატომ? უცხოელი იმიტომ რომ თანდაყოლილი სიმამაცე, რომელიც მრავალი თაობა კეთილგონიერებას არ შერევია. თავდაპირველად სიძლიერით ყვავის, ბოლოს კი სიშლეგედ იქცევა. უმცროსი სოკრატე ასეა. უცხოელი ხოლო მოკრძალებით მეტისმეტად სავსე სული, რომელიც არაა შერეული [310e] გამბედაობასა და მამაცობას და მრავალი თაობიდან თაობას ასე უცვლელად გადაეცემა, დროსთან ერთად დუნდება და საბოლოოდ სრულიად ხეიბარი ხდება. უმცროსი სოკრატე როგორც ჩანს, ასე ხდება. უცხოელი სწორედ ამ კავშირებზე ვთქვი, რომ არ არის რთული მათი დამყარება, თუ ორივე გვარს ერთი შეხედულება ექნება სიკეთესა და სილამაზეზე. სწორედ ესაა სამეფო ქსოვის ერთადერთი საქმე, რომ არ დაუშვას გონიერი ხასიათის მამაცისგან განცალკევებულად არსებობა, არამედ ერთმანეთში გადახლართოს ერთსულოვნებით, ღირსებებითა, უღირსობებით, შეხედულებებით, დაპირებების ურთიერთგაცვლით, რომ მათგან მოქსოვოს გლუვი, და როგორც ამბობენ, კარგად ნაქსოვი [311a] ქსოვილი, რათა ორივე [გვარი] ერთად დაუშვას სახელმწიფო მმართველობაში. უმცროსი სოკრატე როგორ? უცხოელი თუ ერთი მმართველია საჭირო, ისეთი ხელმძღვანელი უნდა იქნას არჩეული, რომ ეს ორივე [თვისება] ჰქონდეს, ხოლო თუ მრავალია ასარჩევი, მაშინ [ამ თვისებების მქონეთა] თანაბრად შერევაა საჭირო, რადგან კეთილგონიერი მმართველი მეტისმეტად ფრთხილი, სამართლიანი და წინდახედულია, ხოლო გამბედაობა, სიმკვეთრე და ქმედითუნარიანობა აკლია. უმცროსი სოკრატე როგორც ჩანს, ასეა. [311b] უცხოელი მამაცებს აკლიათ სამართლიანობა და სიფრთხილე, მაგრამ ისინი საქმეებში გამბედაობით გამოირჩევიან. საერთოდ სახელმწიფოში კერძო და სახელმწიფო [საქმეები] კარგად ვერ იქნება, თუ ეს ორივე [გვარი] არ იარსებებს. უმცროსი სოკრატე აბა რა. უცხოელი ვთქვათ, რომ ესაა პოლიტიკური საქმიანობის ქსოვილის დასასრული: მეფობის ხელოვნება პირდაპირი ქსოვით ერთმანეთს აქსოვს მამაცი და კეთილგონიერი ადამიანების ხასიათს, ერთსულოვნებითა და მეგობრობით ერთმანეთთან [311c] აკავშირებს მათ ცხოვრებას და ამგვარად ქმნის დიდებულ და საუკეთესო ქსოვილს, მთელ სახელმწიფოში ყველასათვის საზიაროს, როგორც მონების ისე თავისუფალი [ადამიანებისთვის]; შემოახვევს მათ ამ ქსოვილს და ისე მართავს და ხელმძღვანელობს, რომ არაფერი დააკლოს, რაც ბედნიერ სახელმწიფოს შეეფერება. უმცროსი სოკრატე უცხოელო, მშვენივრად წარმოგვიდგინე მეფეც და პოლიტიკოსიც. …
დაამატა Kakha to ფილოსოფია at 10:35pm on ოქტომბერი 9, 2018
თემა: სალამბო
და, რადგანაც პატრონი აქ არ იყო, მხოლოდ ისინი მრავლად იყვნენ, ნებისამებრ ჭამდნენ და სვამდნენ.ბრინჯაოს კოთურნებით ფეხშემოსილი მეთაურები შუა გასასვლელში მოთავსდნენ ოქროსფოჩებიან ძოწეულ ჩარდახქვეშ, რომელიც თავლის კედლიდან სასახლის პირველ ტერასამდე იყო გადაჭიმული. ჯარისკაცთა კრებული ხეთაქვეშ განლაგდა. აქედან ჩანდა ბანიან შენობათა სიმრავლე: საწნახლები, მარნები, ბეღლები, სახაბაზოები, ზარადხანები, აგრეთვე სპილოების ქართა, ორმოები მძვინვარე მხეცებისათვის და მონათა დილეგი. სამზარეულოებს ერტყა ლეღვის ხეები, ნეკერჩხლის ტყე გადაჭიმულიყო მწვანე ჭალაკამდე, სადაც ბამბის თეთრ ქულებს შორის ელვარებდნენ ბროწეულები. მტევნებით დახუნძლული ვაზის ლერწები ფიჭვთა ტოტებში გახლართულიყო, ჭადრებს ქვეშ ვარდები ყვაოდნენ, მოლზე ალაგ-ალაგ შროშანები ყელყელაობდნენ; ბილიკებზე ეფინა დანაყილ მარჯანში არეული შავი სილა, ხოლო შუაში ერთი ბოლოდან მეორემდე მწვანე ობელისკების ორკეც კოლონადასავით გადაჭიმულიყო კვიპაროზების ხეივანი.       ყვითელფორეჯებიანი ნუმიდიური მარმარილოთი ნაგები ჰამილკარის სასახლე აღმართულიყო შორს, ქვით ამოშენებულ ფართო საძირკველზე თავისი ოთახი, ერთიმეორეზე განლაგებული სართულით. დიდი, სწორი, ეკალმუხისაგან გამოთლილი კიბე, რომლის ყოველი საფეხურის კუთხეში ნალაფარი ხომალდების წინამხარი იყო დამაგრებული, შავი ჯვრებით მოხატული წითელი კარები თითბრის მავთულის ზღურბლით მორიელებისაგან თავდასაცავად, ოქროს მსუბუქი ხარიხები სარკმლებს რომ ეფარა ზემოდან - ეს უკარებელი სიმდიდრე ისევე მკაცრი და განუჭვრეტელი ეჩვენებოდათ ჯარისკაცებს, როგორც სახე ჰამილკარისა.       საბჭომ ამოურჩია მათ ჰამილკარის სახლი ამ ღრეობის მოსაწყობად. მოკეთებული ჯარისკაცები, რომელნიც ეშმუნის ტაძარში ათევდნენ ღამეს, ცისკრიდანვე წამოხანხალდნენ ყავარჯნებზე დაყრდნობილნი. ყოველ წამს მოდიოდნენ სხვებიც. ყოველის გზით მოემართებოდნენ განუწყვეტლივ, როგორც ნაკადები ტბისკენ რომ ისწრაფვიან. ხეთა შორის დარბოდნენ სამზარეულოს მონები, შეშფოთებულნი და ნახევრად შიშველნი. ველობზე კიკინით გარბოდნენ ქურციკნი. მზე ჩადიოდა და ლიმონის ხეთა სურნელი კიდევ უფრო ამძიმებდა ამ ოფლიანი ბრბოს ამონასუნთქს.       აქ ნახავდით ყოველი ეროვნების კაცს - ლიგურიელთ, ლუზიტანიელთ, ბალეარელთ, ზანგებს და რომიდან ლტოლვილთ. დორიული მძიმე კილოს გვერდით ისმოდა საბრძოლო ეტლებივით გრუხუნა კელტური სიტყვები. იონიური დაბოლოებანი ტურის მჭახე კივილის დარ უდაბნოს თანხმოვნებს ეჯახებოდნენ. ბერძნებს იცნობდით თხელი აღნაგობით, ეგვიპტელს - აწოწილი მხრებით, კანტაბრიელს - მსხვილი კანჭებით. კარიელნი ამაყად არხევდნენ მუზარადებზე მიმაგრებულ ფრთებს, კაპადუკიელ მშვილდოსნებს ბალახთა წვენით დიდრონი ყვავილები დაეხატათ სხეულზე, ხოლო რამდენიმე საყურეებიანი ლიდიელი ქალის კაბაში გამოწყობილი და ფოსტლებით ფეხშემოსილი შეექცეოდა ტაბლას. სხვანი საზეიმოდ სინგურით მოთითხნილიყვნენ და მარჯნის ქანდაკებებს ჰგავდნენ.       ისინი ბალიშებზე გაშხლართულიყვნენ, ჩაცუცქულიყვნენ უზარმაზარი ლანგრების გარშემო და ჭამდნენ, ანდა თავდაღმა გაწოლილნი ითრევდნენ ხორცის ნაჭრებს და იდაყვებზე დაყრდნობილნი ძღებოდნენ მსხვერპლის მშვიდად მჯიჯგნავი ლომებივით. გვიან მოსულნი ხეებს მიყრდნობოდნენ, შესციცინებდნენ დაბალ, ალისფერი სუფრით სანახევროდ დაფარულ მაგიდებს და თავიანთ რიგს ელოდნენ.       ჰამილკარის სამზარეულოები აღარ გასწვდათ და საბჭომ მონები, ჭურჭლეული და საგები გამოუგზავნა მათ. შუა ბაღში, ბრძოლის ველზე რომ დახოცილთ წვავენ, ისე ბრიალებდა ცეცხლი და წვავდნენ ხარებს. ანისწაყრილ პურებს ბადროზე მძიმე ყველის თავები მოსდევდა; ღვინით სავსე თასები და წყლის ბადიები ყვავილებიანი, ოქროწნული კალათების გვერდით ეწყო. ყველას თვალები გაფართოებოდა სიხარულისაგან, რომ, ბოლოს და ბოლოს, შეეძლოთ პირთამდე ამოეყორათ მუცელი. აქა-იქ სიმღერა წამოიწყეს.       პირველად წითელი თიხის შავად მოხატული თეფშებით მწვანე საწებელგადასხმული ფრინველები მოართვეს. მერმე - ყოველგვარი ზუმილი, კართაგენის სანაპიროებზე რომ აგროვებენ, და კორკოტი ხორბლისა, ცერცვისა და ქერისა, აგრეთვე ლოფორთქინები ქარვის ლამბაქებზე.       შემდეგ სუფრა აივსო ხორცეულით: რქებიანად შემწვარი ანტილოპებით, ფრთებიანი ფარშევანგებით, ტკბილს ღვინოში მოხარშული ცხვრებით, აქლემისა და კამეჩის ბარკლებით, თევზის შიგნეულით შეზავებული ზღარბებით, მოხრაკული კალიებითა და დამუჟუჟებული ციყვებით. ტამრაპანულ ხის გობებზე ზაფრანის წვენში ტივტივებდა ქონის მსხვილი ნაჭრები. ყველაფერს წათხი ესხა, ქამა-სოკოთი და ასაფეტიდათი იყო შეკაზმული. ხილეულის პირამიდები ეყრებოდა თაფლის კვერებს; არ დაევიწყებინათ არც ის პატარა, მსხვილმუცლიანი და ვარდისფერბალნიანი, ზეთისხილის ჩენჩოთი გასუქებული ძაღლები - კართაგენული საჭმელი, რომელიც სხვა ხალხებს გულს ურევს. ახალ-ახალი საჭმელები ღორმუცელობას უღვივებდათ. გალები, რომელთაც გრძელი თმა კეფაზე გამოესკვნათ, ერთმანეთს ხელიდან ჰგლეჯდნენ საზამთროებსა და ლიმონებს და ქერქიანად თქვლეფდნენ. ზანგებს ზღვის კიბოები არასოდეს ენახათ თურმე და მათი წითელი ეკლებით დაეკაწრათ ცხვირ-პირი. მარმარილოზე მეტად თეთრი, პირგაპარსული ბერძნები ზურგს უკან ისროდნენ ნამუსრევს, ხოლო მგლის ტყავებით შემოსილი ბრუტიუმელი მწყემსები უჩუმრად სანსლავდნენ კერძს თეფშებში ცხვირჩარგულნი.       ღამე ჩამოწვა ჩამოასხეს კვიპაროზების ხეივანზე გადაჭიმული დიდი ჩარდახი და ჩირაღდნები მოიტანეს.       ნავთობის მოფარფატე ალმა, მეწამული ქვის ლარნაკებში რომ ენთო, კედრების კენწეროებზე დააფრთხო მთვარეს შეწირული მაიმუნები. მათმა წიკვინმა გაამხიარულა მხედარნი.       სპილენძის აბჯრებზე ციმციმებდა სინათლის ანარეკლი. ძვირფასი თვლებით მოჭედილი ჭურჭელი ათასფრად ციალებდა. ამოზნექილი სარკეების არშიით შემკული თასები ამრავლებდნენ საგნების გადიდებულ გამოსახულებას. ჯარისკაცნი მოჯარულიყვნენ ირგვლივ, განცვიფრებით იყურებოდნენ, იმანჭებოდნენ და სიცილით იჭაჭებოდნენ. მაგიდის ზემოთ ერთმანეთს ტყორცნიდნენ სპილოს ძვლის დაბალ სკამებს და ოქროს ჩქიფებს. ხარბად სვამდნენ ტიკებში ჩასხმულ ბერძნულ ღვინოებს, ამფორებში მოთავსებულ კამპანიის ღვინოს და კასრებით მოტანილ კანტაბრიულ ღვინოებს, უნაბის, დარიჩინისა და ლოდოსის სასმელებს. მიწაზე ღვინის წუმპე დადგა და ფეხი უსხლტებოდათ. მოხარშული ხორცის ორთქლი ნასუნთქთან ერთად ადიოდა ხეთა ვარჯებამდე. ერთსა და იმავე დროს ისმოდა ყბების კაპუნი, ყაყანი, სიმღერა, ხმა კამპანიური ლარნაკების მსხვრევისა, რომელნიც ათას ნამცეცად იფანტებოდნენ, და ვერცხლის დიდი ლანგრების წმინდა წკრიალი.       რაც უფრო ეკიდებოდათ ღვინო, უფრო და უფრო აგონდებოდათ კართაგენის უსამართლობა. ომისგან ქანცმილეულმა რესპუბლიკამ ხელი არ შეუშალა უკან დაბრუნებული ბანდების ქალაქში თავმოყრას. მათ სარდალს გისკონს კეთილგონიერება გამოეჩინა და ნაწილ-ნაწილ უშვებდა ჯარისკაცებს, რათა გაეადვილებინა ჯამაგირის გადახდა, საბჭოს ეგონა - ისინი ბოლოს და ბოლოს თანხის შემცირებაზე დათანხმდებიანო. ეს ვალი, ხალხის აზრით, უთანაბრდებოდა იმ სამი ათას ორას ევბეურ ტალანტს, რომელსაც ლუტაციუსი ითხოვდა და კართაგენი დაქირავებულ მეომრებს ისევე თვლიდა მტრად, როგორც რომაელებს. ჯარისკაცებმა იცოდნენ ეს და აღშფოთებას მუქარითა და მრისხანებით გამოხატავდნენ.       ბოლოს ნებართვა მოითხოვეს, რომ შეკრებილიყვნენ და გამარჯვების წლისთავი ედღესასწაულათ. მშვიდობის პარტია დათანხმდა ჰამილკარის ჯავრის ამოსაყრელად, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ომს. მისი ცდის მიუხედავად, ომი დასრულებულიყო და იმედგაცრუებულს როქის სპის სარდლობა გისკონისათვის გადაეცა. ჯარისკაცების მისაღებად მისი სასახლის არჩევით საბჭოს უნდოდა ჰამილკარსაც ხვდომოდა წილი იმ მძულვარებისა, რომელსაც როქის სპანი გრძნობდნენ, ამასთანავე ღრეობას ძალიან დიდი ხარჯი სჭირდებოდა და თითქმის მთლიანად ჰამილკარს უნდა ეზღო.       რესპუბლიკის მოდრეკით გაამაყებული ჯარისკაცები ფიქრობდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს დაბრუნდებოდნენ სამშობლოში და თან წაიღებდნენ წამოსასხამზე მიკერებულ ყაბალახებში გამოკრულ საზღაურს დაღვრილი სისხლისას. მაგრამ სიმთვრალის ბურუსში თავიანთი ღვაწლი სასწაულებრივად, აუნაზღაურებლად ეჩვენებოდათ. ერთმანეთს ჭრილობებს უჩვენებდნენ, უამბობდნენ გარდახდილი ბრძოლებისა და მოგზაურობათა ამბებს: ლაპარაკობდნენ, თუ როგორი ნადირობა იცოდნენ სამშობლო მხარეში; ბაძავდნენ ველური მხეცების ძახილს და ნავარდს. შემდეგ დაიწყო ამაზრზენი სანაძლეოები: ამფორაში ყოფდნენ თავს და მოწყურებული ღურკანი აქლემებივით სვამდნენ თავაუღებლად. ერთ უზარმაზარ ლუზიტანიელს ორი კაცი აეყვანა მარჯვენითა და მარცხენით და მაგიდებს უვლიდა ასე, ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ლაკედემონიელნი, რომელთაც აბჯარი არ შემოეხსნათ, მძიმედ ხტუნავდნენ. ზოგი ქალივით დაგოგმანობდა და უხამსად იგრიხებოდა. სხვანი ტანთ იხდიდნენ, რათა გლადიატორებივით შებრძოლებოდნენ ერთმანეთს აქვე, სასმისთა შორის. რამდენიმე ბერძენი ცეკვავდა ნიმფების გამოსახულებით შემკული ვაზის ირგვლივ, ხოლო ერთი ზანგი თითბრის ფარზე აბრახუნებდა ხარის ძვალს.       უეცრად გულისმომწყლველი სიმღერა შემოესმათ, ხმიერი და ტკბილი, დაკოდილი ფრინველის ფრთებით რხევასავით რომ ადიოდა ჰაერში და ისევ ეშვებოდა.ეს - მონები მღეროდნენ დილეგში. ჯარისკაცები წამოცვივდნენ და გაეშურნენ მათ გასათავისუფლებლად.       ისინი ყვირილით დაბრუნდნენ, თან მტვერში მოლალავდნენ ოციოდე კაცს, რომელნიც სახის სიფერმკრთალით გამოირჩეოდნენ. შავი თექის პატარა, წოწოლა ქუდები ეხურათ გადახოტრილ თავზე. ყველას ხის სანდალი ეცვა. ბორკილები მიმავალი ეტლივით ჟღარუნობდა.       მონები კვიპაროზების ხეივნამდე მოვიდნენ და ბრბოში გაიფანტნენ. მათ გამოკითხვა დაუწყეს. ერთი მათგანი განზე გადგა. დაფხრეწილ ტუნიკაში ნაიარევით დასერილი ბეჭები მოუჩანდა, თავდახრილი უნდოდ იმზირებოდა ირგვლივ, ჩირაღდნების სინათლე თვალსა სჭრიდა და ქუთუთოები მოეჭუტა; მაგრამ, როცა შეატყო, რომ ეს შეიარაღებული ხალხი არა ერჩოდა, ხმამაღლა ოხვრა აღმოხდა მკერდიდან. ბურტყუნებდა, ქირქილებდა და სიხარულის ცრემლები სდიოდა სახეზე; შემდეგ ხელები სტაცა სავსე სასმისს, ზეაღაპყრო. ბორკილები მაჯებზე ჩამოეკიდა, ზეცისკენ თავაწეულმა და ხელებგაშვერილმა წარმოთქვა: - პირველ ყოვლისა, დიდება შენდა ბაალ -ეშმუნო, მხსნელო, ჩემს სამშობლოში ესკულაპეს რომ გიწოდებენ! დიდება თქვენდა, წყაროთა, სინათლისა და ტყვეთა სულნო! დიდება თქვენდა, მთებისა და მიწის წიაღში მიმალულო ღმერთებო! სალამი თქვენდა, ელვარე საჭურვლით შემოსილო ძალოვანო ვაჟკაცებო, რომელთაც მიხსენით მე!       შემდეგ გადააგდო თასი და მოჰყვა თავის ამბავს. სპენდიუსი რქმევია. კართაგენელებს ეგინას ბრძოლაში დაუტყვევებიათ. ბერძნულ, ლიგურიულ და პუნიკურ ენებზე უძღვნა მადლი ჯარისკაცებს; ხელები დაუკოცნა ახლომდგომთ, ბოლოს მიულოცა დღესასწაული და გაიკვირვა - წმიდა ლეგიონის თასებს რატომ ვერ ვხედავო ნადიმზე? ამ თასების ექვსსავე ოქროს წახნაგზე ზურმუხტით ვაზის ლერწები იყო გამოყვანილი. თასები ეკუთვნოდა დამცველ რაზმს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ტანის ახალგაზრდა პატრიციებისგან შედგებოდა და თასის მფლობელობა დიდი წარჩინება, თითქმის სამღვდელო პატივი იყო; რესპუბლიკის საუნჯეთაგან არაფერი ისე არ ეწადა როქის სპას, როგორც ეს სასმისები. ამის გამო ეჯავრებოდათ ლეგიონი; ზოგი სიცოცხლესაც სწირავდა ასეთი თასიდან ღვინის შესმის მიუწვდომელ სიამოვნებას.       მაშინვე გაგზავნეს მონები თასების მოსატანად. თასები ინახებოდა სისიტებთან - მოვაჭრეთა თაბუნებში, რომელნიც ერთად ტრაპეზობდნენ. მონები ხელცარიელნი დაბრუნდნენ, სისიტთა თაბუნის ყველა წევრს ეძინა ამ დროს.გააღვიძეთ! - ბრძანეს ჯარისკაცებმა.       მეორედ გაგზავნილებმა პასუხი მოიტანეს - ტაძარშიაო ჩაკეტილი.       გააღონ! - შესძახეს მხედრებმა       და როდესაც აკანკალებული მონები გამოტყდნენ - თასები სარდალ გისკონის ხელთააო, შეჰყვირეს: მოიტანოს!       მალე ბაღის სიღრმეში გისკონიც გამოჩნდა წმიდა ლეგიონის რაზმის თანხლებით, თავსდარქმულ ოქროს მიტრაზე მიმაგრებული ფართო, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი შავი მოსასხამი მთლიანად ფარავდა მას და ცხენის ფლოქვებამდე ეშვებოდა მისი თეთრი წვერი, თავმორთულობის ბრწყინვალება და ბრტყელი, ლურჯი ქვების სამმაგი ფარღული, რომელიც მკერდზე ერხეოდა.       როდესაც შემოვიდა, ჯარისკაცებმა ერთი ყოფით შეჰყვირეს: თასები, თასები!..მან დაიწყო იმით, რომ - სიმამაცით დაიმსახურეთო ეს პატივი, ბრბო სიხარულით აღრიალდა და ტაში დაუკრა.       მე ეს კარგად ვიცი, მე გსარდლობდით და უკანასკნელ კოჰორტასთან ერთად დავბრუნდიო უკანასკნელი გალერით!       მართალია! მართალია! - დაუმოწმეს მას.       ამასთანავე, განაგრძო გისკონმა, რესპუბლიკა პატივს სცემს თქვენს ჩვეულებებსა და რწმენას, ეროვნებებისდა მიხედვით დაგანაწილეთ, სავსებით თავისუფალნი ხართ კართაგენში! რაც შეეხება წმიდა ლეგიონის თასებს, კერძო პირთა საკუთრებააო.       უეცრად სპენდიუსის წინ ერთი გალი გადაევლო მაგიდებს და გისკონს მივარდა. ემუქრებოდა, ორ გაშიშვლებულ მახვილს უღერებდა.       სარდალმა სიტყვის შეუწყვეტლად ჩაარტყა თავში თავისი მძიმე, სპილოს ძვლის კვერთხი. ბარბაროსი დაეცა. გალებმა დაიღრიალეს, მათი სიშმაგე სხვათაც გადაედო და ბრაზით აღანთო ლეგიონერები. გისკონმა მხრები აიჩეჩა მათი გაფითრებული სახეების დანახვაზე. გაიფიქრა, რომ მისი სიმამაცე ამაო იქნებოდა ამ გაუთლელი, გაშმაგებული მხეცების წინააღმდეგ. შემდგომ ამოიყრის ჯავრს რაიმე ვერაგული ხრიკით: ამიტომ თავის მხედრებს ანიშნა და ნელი ნაბიჯით განშორდა ბრბოს, ჭიშკართან როქის სპისკენ მიიბრუნა პირი და დაუყვირა - განანებთო.       ღრეობა განახლდა. მაგრამ გისკონს ხომ შეეძლო დაბრუნებულიყო, გარს შემორტყმოდა ბოლო სიმაგრეებამდე გადაჭიმულ გარეუბანს და ქალაქის კედლებზე მიეჭყლიტა ისინი. ობლად იგრძნეს თავი, თუმცა მრავალნი იყვნენ და დიდმა ქალაქმა, რომელსაც მათ წინაშე, დაბლა, სიბნელეში ეძინა, ანაზდად შეაშინა ისინი თავისი ერთიმეორეზე დახორხლილი კიბეებით, მაღალი შავი სახლებითა და თვისი გაურკვეველი ღმერთებით. ეს ღმერთები კიდევ უფრო მძვინვარენი იყვნენ, ვიდრე ხალხი. შორით, ნავთსაყუდელში, რამდენიმე სანიშნო ნათურა ცორიალებდა, ქამონის ტაძარშიც მოჩანდა ცეცხლი. ჰამილკარი მოაგონდათ. სად იყო ახლა? რატომ მიატოვა ისინი დაზავების შემდგომ? მისი განხეთქილება საბჭოსთან უეჭველად ხრიკი იყო მხოლოდ, მათ დასაღუპავად მოგონილი ახლა მისდამი იგრძნეს დაუცხრომელი სიძულვილი; სწყევლიდნენ მას და ერთიმეორის სიშმაგეს აღვივებდნენ. ამ დროს ჭადრების ქვეშ შეიყარა ბრბო. უმზერდნენ ერთ ზანგს, რომელიც მიწას ეხეთქებოდა თვალგაშტერებული, კისერმოღრეცილი, დუჟმორეული. ვიღაცამ დაიძახა - მოწამლულიაო. ყველამ მოწამლულად იგრძნო თავი. მონებს ეძგერენ. საზარელი ყვირილი ატყდა, მსხვრევის გრიალმა გადაუარა გალეშილ ჯარს. ეცნენ, რაც წინ დახვდათ, ამსხვრევდნენ, კლავდნენ. ზოგი ხის ფოთლებში ისროდა ჩირაღდანს, სხვანი ლომების ბაკის მოაჯირზე გადაეკიდნენ და ისრებით მუსრს ავლებდნენ ცხოველებს. უფრო მამაცნი სპილოებს მივარდნენ - ხორთუმების მოჭრა და ეშვების დახვრა უნდოდათ. ამასობაში ბალეარელი მეშურდულენი, რომელთაც სასახლის კუთხისათვის შემოევლოთ, რათა უფრო ადვილად აეკლოთ, ინდური ბამბუკის მაღალმა ღობემ შეაჩერა. ხანჯლებით დაჭრეს საგდულის ღვედები და კართაგენისაკენ მიქცეული სასახლის ფასადის წინაშე აღმოჩნდნენ, მეორე ბაღში, სადაც გასხლული მცენარეები იდგა, თეთრი ყვავილების კვლები ერთმანეთს მისდევდნენ და ლაჟვარდით მოფენილ მიწაზე წერდნენ ვარსკვალვთა ხვიჭის მსგავს გრძელ მრუდებს. მრუმით დაფარულ ბუჩქებს თბილი, მსუყე სურნელი ასდიოდა. ზოგი ხის ტანი სინგურით შეეღებათ და სისხლით მოთხვრილ სვეტებს ჰგვანდნენ. შუა ბაღში სპილენძის თორმეტ კვარცხლბეკზე ელაგა მინის დიდი ბირთვები. რომელთა შიგნით მოწითალო სინათლე კრთოდა, თითქოს უზარმაზარი გუგები იყვნენ და ჯერ კიდევ სიცოცხლით ფეთქავდნენ. ჯარისკაცები ჩირაღდნებით ინათებდნენ გზას; ფეხი უბორძიკებდათ დამრეც, ღრმად დაბარულ ფერდობზე.       მათ დაინახეს პატარა ტბა, რამდენიმე აუზად დაყოფილი ლურჯი ქვის ჯებირებით. წყალი ისე გამჭვირვალე იყო, რომ ჩირაღდანთა ალის ანარეკლი ციმციმებდა თეთრი კენჭებითა და ოქროს ფხვნილით მოფენილ ფსკერზე. წყალი აბუყბუყდა, ელვარე ლანდებმა დასერეს მსხვილი თევზები, რომელთაც ხახა თვალ-მარგალიტით ჰქონდათ მოჭედილი, ამოცურდნენ ზედაპირზე. ჯარისკაცებმა სიცილ-ხარხარით გაუყარეს თითები ლაყუჩებში და სუფრაზე წაიღეს. ეს ბარკას საგვარეულოს თევზები იყო, შთამომავალნი პირველყოფილი ღლავებისა, რომელთაც შექმნეს მისტიკური კვერცხი, შიგ რომ ქალღმერთი ბუდობდა. იმ აზრმა, რომ მკრეხელობას ჩადიოდნენ, სიხარბე გაუცხოველა მეომრებს. სასწრაფოდ გააჩაღეს ცეცხლი, შემოდგეს სპილენძის კარდლები და ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ, როგორ ფართხალებდნენ ლამაზი, ცოცხალი თევზები მდუღარე წყალში. მოჯარული მეომრები იჯგვლიმებოდნენ. შიშს გაევლო, ისევ დაიწყეს სმა. ნელსაცხებელი სდიოდათ შუბლზე, მოწვეთავდა და უსველებდათ დაფლეთილ ტუნიკებს. მუშტები დაეყრდნოთ მაგიდებზე, რომელნიც, ასე ეგონათ, საზღვაო გემებივით ტორტმანებდნენ. ხარებივით აბრიალებდნენ ჩასისხლიანებულ თვალებს, რათა მზერით მაინც შთაენთქათ ის, რისი შეჭმაც აღარ შეეძლოთ უკვე. სხვანი პირდაპირ ძოწეული სუფრით დაფენილ მაგიდებზე დაალაჯებდნენ და ამტვრევდნენ სპილოს ძვლის სკამებს და ტვიროსული ჭიქის ფიალებს. ერთვოდა სიმღერის ხმა სასმისთა ნამტვრევებში დაყრილი მონების ხიხინს. ჯარისკაცები მოითხოვდნენ ღვინოს, ხორცს, ოქროს; ყვიროდნენ - ქალები მოგვიყვანეთო. ათას ენაზე ბოდავდნენ. ზოგიერთს აბანოში ეგონა თავი, ირგვლივ ამდგარ ოხშივარს რომ ხედავდა; ზოგს, ხეების შემყურეს, ნადირობა წარმოედგინა და თანამეინახეებს ესხმოდა, როგორც ველურ ცხოველებს. ხანძარი ერთი ხიდან მეორეზე გადადიოდა და მაღალი ხეების ფოთლოვანი ვარჯი, საიდანაც ბოლი გრძელ, თეთრ ხვეულებად გამოდიოდა, ამოქმედებულ ვულკანებს ჰგავდა. გოდება გაორკეცდა. დაჭრილი ლომები ბდღვინავდნენ სიბნელეში.       უეცრად განათდა სასახლის უმაღლესი ტერასა. კარი გაიღო და ქალი, თავად ჰამილკარის ქალი გამოჩნდა ზღურბლზე, შავით მოსილი. ის ჩამოვიდა პირველ კიბეზე, რომელიც დამრეცად გასდევდა ზედა სართულს, შემდეგ მეორე, მესამე კიბე ჩამოათავა და უკანასკნელ ტერასაზე შედგა, ხომალდების ჩინამხრებიანი კიბის თავზე. უძრავი და თავდახრილი შეჰყურებდა იგი მეომრებს. მის უკან, ორივ მხრივ ორ მწკრივად იდგნენ ფერმკრთალი, უწვერული, უთმო, უწარბო კაცები, რომელთაც თეთრი ფეხებამდე დაშვებული წითელფოჩიანი კაბები ეცვათ. მოელვარე ბეჭდებით შემკული ხელებით უზარმაზარი ქნარები ეჭირათ და წვრილი ხმით მღეროდნენ კართაგენის ქალღმერთის საგალობელს. ესენი იყვნენ ტანიტის ტაძრის საჭურისი ქურუმები, რომელთაც სალამბო ხშირად იწვევდა სასახლეში.       ბოლოს ხომალდების კიბეც ჩამოათავა ქალმა. ქურუმები უკან მოჰყვებოდნენ. სალამბო კვიპაროზების ხეივნისკენ გაემართა და წყნარად მიაბიჯებდა მეთაურთა მაგიდებს შორის. ჯარის მოთავენი გზას უთმობდნენ, ოდნავ იხევდნენ უკან.       სალამბოს თმა იისფერი ფხვნილით დაფერილი ქანაანელი ქალწულების ჩვეულებისდა მიხედვით კოშკის დარად იყო დახვეული და ამის გამო უფრო მაღალი ჩანდა ქალი. მარგალიტის გრეხილი საფეთქლებთან ემაგრა და ეშვებოდა სანახევროდ გახლეჩილი ბროწეულივით ვარდისფერ ტუჩებამდე. მკერდზე ეკიდა მოციმციმე თვლების აცმულა, რომელიც სიჭრელით გველთევზის ქერეჭს ემსგავსებოდა. ალმასებით შემკული მკლავები შიშველი ჰქონდა წითელი ყვავილებით მოხატული შავი ქსოვილისაგან შეკერილ უსახელო ტუნიკაში. კოჭები ოქროს ძეწკვით ჰქონდა გადაბმული, რათა თანაბარი ნაბიჯებით ერონინა. დიდი, იშვიათი ქსოვილის მუქი ძოწისფერი მოსასხამი უკან მოსთრევდა მის ყოველ ნაბიჯზე ფართო ტალღასავით იშლებოდა. ჟამითი ჟამად ქურუმები ჩამოჰკრავდნენ თითებს ქნარს და დახშულ აკორდებს აჟღერებდნენ, ხოლო შუალედებში ისმოდა ძეწკვის წკრიალი და პაპირუსის სანდლების თანაზომიერი ტყაპატყუპი.       აქამომდე არავინ იცნობდა სალამბოს. იცოდნენ მხოლოდ, რომ განდეგილად ცხოვრობდა და ღვთისმოსაობაში ატარებდა დროს. ჯარისკაცებს დაენახათ ღამღამობით, სასახლის ბანზე ვარსკვლავების წინაშე მულხმოდრეკილი აბოლებულ საცეცხლურთა შორის; მთვარეს გაეფერმკრთალებინა მისი სახე და მსუბუქი ნისლივით შემოხვეოდა ღმერთების სუნთქვა. მისი გუგები შორს, მიწიერი სივრცეების მიღმა იმზირებოდნენ თითქოს. თავდახრილი მოაბიჯებდა, მარჯვენა ხელში შავი ხის პატარა ქნარი ეჭირა.       ჯარს შეესმა მისი ჩურჩული: მოუკლავხართ, მოუკლავხართ ყველანი! აღარასდროს მოცურდებით ამიერიდან ჩემი ხმის მორჩილნი, როგორც უწინ, ტბის პირას რომ ჩამოვჯდებოდი და საზამთროს მარცვლებს გიყრიდით პირში! ტანიტის იდუმალება ბუდობდა თქვენს თვალებში, რომლებიც უფრო ანკარა იყო, ვიდრე წყლის წვეთები მდინარის ზედაპირზე, - და სათითაოდ მოუხმობდა, თვეების სახელებით ეძახდა თევზებს: სივ! სივან! თამუზ, ელულ, თიშრი, შებარ! ჰე, შემიწყალე მე, ქალღმერთი!       ჯარისკაცები სალამბოს ირგვლივ მოგროვდნენ, თუმცა არ ესმოდათ, რას ამბობდა ის. ანცვიფრებდათ მისი მორთულობა. შიშნეული, ხანდაზმული მზერა გაშალა და რამდენჯერმე გაიმეორა: რა ქენით, რა ქენით! მოსალხენად გქონდათ პურიც, ხორციც, ზეთიც, ყოველგვარი ნუგბარი საკუჭნაოებიდან. მე მოვარეკინე ხარები ჰეკატომბილიდან, მონადირენი დავგზავნე უდაბნოში! - ქალმა ხმა აიმაღლა, ღაწვები შეეფაკლა და განაგრძო: - არ გესმით, სადა ხართ? დაპყრობილ ქალაქში თუ ბატონის სასახლეში? და მერე რომელი ბატონის? სუფეტ ჰამილკარის, მამაჩემის, ბაალთ მსახურის! მონების სისხლით შეღებილი თქვენი იარაღის გადაცემაზე მან უარი უთხრა ლუტაციუსს! იცნობთ კი ვინმეს თქვენს ქვეყნებში, რომ მისი დარი სარდალი იყოს? შეხედეთ! ჩვენი სასახლის საფეხურები ავსებულია ნაალაფარით! განაგრძეთ! დაწვით სასახლე! მე წავიყვან სახლის ანგელოზს, ჩემ შავ გველს. რომელსაც ლოტოსის ფოთლებზე სძინავს მაღლა! მე დავუსტვენ და წამომყვება. გემში რომ ჩავჯდები, ჩემი ხომალდის კვალს, აქაფებულ ტალღებს გამოყვება ცურვით... თხელი ნესტოები უთრთოდა. მკერდზე დაბნეულ ძვირფას თვლებზე იმსხვრევდა ფრჩხილებს. თვალები დაებნიდა. განაგრძო: ეჰა, საბრალო კართაგენო! საცოდავო ქალაქო! აწ აღარ გყვანან მფარველებად ძალოვანი ვაჟკაცები გარდასულ დროთა, ოკეანეებს რომ გადასცურავდნენ ხოლმე და სანაპიროებზე აგებდნენ ტაძრებს. ირგვლივ მდებარე ყველა ქვეყანა შენ გემსახურებოდა და შენი ხოფებით გადაფარცხული ზღვის ტრამალები ატორტმანებდნენ შენს ნალეწს.       შემდეგ მელქარტის, სიდონელთა ღმერთებისა და თავისი ოჯახის წინაპრის, საგმირო საქმეთა შესახებ დაიწყო გალობა.       მოუთხრობდა ერისიფონის მთად ამაღლებაზე, ტარტესის მოგზაურობასა და მაზიზაბალის ბრძოლაზე გველთა დედოფლის შურის საგებლად: იგი მისდევდა ჭალაკში დედალ ურჩხულს, რომლის კუდი ვერცხლის ნაკადულივით მიიკლაკნებოდა დაცვენილ ფოთლებში; და მიაღწია ველს, სადაც დრაკონისთავიანი დედაკაცები მოჯარულიყვნენ ბრიალა კოცონის ირგვლივ და თავიანთი კუდების წვერებზე წამოსკუპულიყვნენ, სისხლისფერი მთვარე ელვარებდა მკრთალ შარავანდში და მეწამულ მეთევზეთა მარცახივით გაპობილ გრძელ ენებს ასარსალებდნენ ცეცხლის პირამდე...       მერმე სალამბომ იმღერა, მაზიზაბალის დამარცხების შემდგომ მელქარტმა თუ როგორ მიაჭედა მისი მოკვეთილი თავი თავისი ხომალდის წინამხარს: - ტალღების ყოველ შეთრთოლებაზე ქაფში იმალებოდა იგი; მზე მურავდა და ოქროზე მეტად გამაგრდა, მაგრამ თვალები მაინც ტიროდნენ და ცრემლები განუწყვეტლივ წვეთავდა ზღვაში.       სალამბო მღეროდა ქანაანელთა ძველ ენაზე, რომელიც ბარბაროსებს ჯერ არ გაეგონათ. ისინი თავს ეკითხებოდნენ - რას გვეუბნებაო ამ მრისხანე ხელისქნევით, რასაც ქალი სიმღერას აყოლებდა, - და მის ირგვლივ მაგიდებზე, საგებზე, ნეკერჩხლის ტოტებზე გასულნი, პირდაღებულნი და კისერწაგრძელებულნი ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ ამ ბუნდოვან მოთხრობას, რომელიც მათს წარმოსახვას აჩრდილებად ესახებოდა.       მხოლოდ უწვერულვაშო ქურუმებს გაეგებოდათ სალამბოს სიმღერა. უთრთოდათ დანაოჭებული ხელები, ქნართა სიმებზე რომ ეწყოთ. დროდადრო ქუშ აკორდებს აუკრავდნენ. ბებერ დიაცებზე მეტად გულსუსტნი იყვნენ ისინი და ერთსა და იმავე დროს მისტიკური აღფრთოვანებითა და შიშით თრთოდნენ - ვაითუ ჯარისკაცებმა სიავე გვიყონო. ბარბაროსები ყურადღებას არ აქცევდნენ მათ, მომღერალ ქალწულს უსმენდნენ. არავინ ისე დაშტერებით არ უყურებდა, როგორც ნუმიდიელთა ახალგაზრდა ბელადი, რომელიც მეთაურთა მაგიდასთან იჯდა თვისტომ მხედართა შორის. ქამარში იმდენი ისარი გაერჭო, რომ კუზიანივით ჰქონდა გამობერილი ტყავის თასმით საფეთქელთან მიმაგრებული მოსასხამი. მხრებზე გაფარფაშებული მოსასხამი ჩრდილს ჰფენდა სახეზე და მხოლოდ ორი ანთებული, ერთ წერტილზე მიშტერებული თვალი უჩანდა. იგი შემთხვევით მოხვედრილიყო ღრეობაზე: მამამისს ბარკას ოჯახისათვის მიებარებინა მეფეთა ჩვეულებისამებრ, რომელნიც შვილებს დიდ ოჯახებში გზავნიდნენ მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად. ნარჰავასი ექვსი თვეა აქ ცხოვრობდა, მაგრამ ჯერ არ ეხილა სალამბო და ახლა დაკუნცხული, თავის ისრებზე წვერებდახრილი უჭვრეტდა ქალს და ნესტოები ებერებოდა ლერწმებში ჩასაფრებულ ავაზასავით.       მაგიდის იქეთა მხარეს იჯდა ერთი უზარმაზარი ლიბიელი, შავ და ხუჭუჭთმიანი. მხოლოდ სამხედრო ქურთუკი ეცვა და თითბრის ფირფიტებს დაეფხრიწა საგების ძოწი. ვერცხლის ნახევარმთვარეების შიბი დახლართულიყო მის ფაჩვნიერ მკერდზე. სისხლის შხეფებს დაეწინწკლა მისი სახე; მარცხენა იდაყვს დაყრდნობოდა და ფართოდ გახსნილი ტუჩებით იღიმებოდა. სალამბომ შეწყვიტა წმიდა საგალობელი. ბარბაროსთა ყველა ენაზე ალაპარაკდა და ქალური გულისხმიერებით ცდილობდა დაეყუჩებინა მათი სიშმაგე. ბერძნებს ბერძნულად ესაუბრებოდა, შემდეგ ლიგურიელთა, კამპანიის მკვიდრთ, ზანგებს მიუბრუნდა და ყოველი მათგანი სამშობლო ქვეყნის სიტკბოებას პოულობდა მის ხმაში. კართაგენის წარსულით გატაცებული სალამბო ახლა რომის წინააღმდეგ გარდახდილ ომებზე ამღერდა, ჯარისკაცებმა ტაში დაუკრეს. ქალი გაშიშვლებული მახვილების ბრწყინვამ აღაგზნო, ხელებგაშლილი გასძახოდა. ქნარი დაუვარდა, გაჩუმდა: - ორივე ხელი გულზე დაიკრიფა და რამდენსამე წამს იდგა ასე თვალებდახუჭული, ტკბებოდა მთელი ჯარის მღელვარებით.       ლიბიელი მათო გადმოიხარა მისკენ. სალამბო უნებლიეთ მიუახლოვდა და მისი ნიშნად აღფრთოვანებით გულგალხობილმა ჯართან შერიგების ნიშნად დაუსხა ღვინო ოქროს სასმისში.       დალიე! - უთხრა სალამბომ.       მათომ გამოართვა სასმისი და ტუჩებთან მიიტანა. მაშინ იმ გალმა, წეღან რომ გისკონმა დაჭრა, მხარზე დაჰკრა ხელი და მხიარული იერით იხუმრა რაღაც თავის მშობლიურ ენაზე. სპენდიუსიც აქვე იყო და შესთავაზა - გადაგითარგმნიო.       თქვი! - უთხრა მათომ.       ღმერთები გფარავდნენ, გამდიდრდები, როდისაა ქორწილი?       ვისი ქორწილი? შენი! ჩვენში თუ ქალი ღვინოს დაუსხამს მეომარს თავის სარეცელსა სთავაზობს ამით, - უპასუხა გალმა.       დამთავრებული არა ჰქონდა, რომ ნარჰავასი წამოხტა, ქამრიდან ამოიძრო ხელშუბი, მარჯვენა ფეხი მაგიდის კიდეს მიაბჯინა და სტყორცნა მათოს.       შუბმა გაისისინა სასმისთა შორის, ხელი გაუხვრიტა ლიბიელს და ისე მაგრად ჩაესო მაგიდაში, რომ ტარი აცახცახდა ჰაერში.       მათომ სასწრაფოდ ამოიგლიჯა შუბი, მაგრამ იარაღი არ ესხა ნახევრად შიშველს. მან ორივე ხელში ასწია გაწყობილი მაგიდა და ნარჰავასს გაუქანა მათ გასაშველებლად მოვარდნილ შუა ბრბოში. ჯარისკაცნი და ნუმიდიელნი ერთმანეთს მიჭყლეტოდნენ და მახვილის ამოღება არ შეეძლოთ. მათომ თავურით გაარღვია ბრბო და როდესაც ასწია თავი ნარჰავასი გამქრალიყო. თვალებით დაუწყო ძებნა. სალამბოც წასულიყო.       მაშინ სასახლისაკენ გაიხედა და დაინახა, როგორ დაიხურა სულ ზევით წითელი, შავი ჯვრით მოხატული კარი და იქით გაიქცა.       დაინახეს, როგორ არბოდა იგი ხომალდების წინამხართა შორის, შემდეგ სამივე კიბის სიგრძეზე წითელ კარებამდე, როგორ ეძგერა კარს მთელი სხეულით; აქოშინებული კედელს მიეყრდნო, რომ არ დაცემულიყო.       ვიღაც მოსდევდა. ბინდბუნდში ღრეობის სანთურებს სასახლის ძგიდე ეფარებოდა. სპენდიუსი იცნო.       - მომშორდი! - უბრძანა ლიბიელმა.       მონამ პასუხის გაუცემლად კბილებით დაფხრიწა თავისი ტუნიკა. შემდეგ მუხლი მოიყარა მათოს წინ, ფრთხილად აიღო მისი ხელი და მოუთათუნა, ჭრილობას ეძებდა. მთვარე ღრუბლებიდან გამოცურდა და მის სინათლეზე სპენდიუსმა დაინახა პირდაღებული იარა. ქსოვილის ნაჭერი შემოახვია, მაგრამ მათო ბრაზით ეუბნებოდა: - თავი დამანებე! დამანებე თავი!       - ო, არა! - მიუგო მონამ, - შენ გამათავისულე ჯურღმულიდან. მე შენ გეკუთვნი! შენა ხარ ჩემი ბატონი! მიბრძანე!       მათომ კედლებზე ხელის ცეცებით შემოუარა ტერასას. ყოველ ნაბიჯზე აყურადებდა და მოოქროვილი ლერწმის ხარიხებიდან იყურებოდა შიგნით, დადუმებულ სახლში. ბოლოს სასოწარკვეთილი შედგა.       - ყური დამიგდე! - უთხრა მონამ, - ო, ნუ შემიძაგებ ჩემი სისუსტისათვის! მე სასახლეში ვარ ნაცხოვრები. შემიძლია ძლოკვივით გავძვრე კედლებში. წამო! წინაპრების ოთახში ყოველი ფილის ქვეშ ოქროს ზოდია დაფლული, მიწისქვეშა ხვრელია გაყვანილი საფლავებამდე.       - ეჰ , რაღად მინდა! - წარმოსთქვა მათომ.       სპენდიუსი დადუმდა. ისინი ტერასაზე იდგნენ. მათ წინ ფუთფუთებდა წყვდიადი და ის თითქოს შავად გაქვავებული ოკეანის გიგანტური ტალღების მსგავსი რაღაც ზოდებით იყო სავსე. მაგრამ ნათლის ზოლი ადგა აღმოსავლეთის მხრიდან. მარცხნივ, აქვე, მეგარის დაკლაკნილმა არხებმა დაიწყეს თეთრად კრთომა მწვანე ბაღჩათა შორის. შვიდწახნაგოვანი ტაძრების აწოწილი სახურავები, კიბეები, ტერასები, სიმაგრეები ნელ-ნელა გამოინაკვთნენ გარიჟრაჟის მკრთალ სინათლეზე: მთელი კართაგენის ნახევარკუნძულის ირგვლივ ირწეოდა თეთრი ქაფის სარტყელი, ხოლო ზურმუხტისფერი ზღვა განთიადის სიდიადეში შედედებულსა ჰგავდა. რაც უფრო ფართოვთებოდა ატმისყვავილისფერი ზეცა, უფრო და უფრო ჩნდებოდნენ ფერდობზე მიჯრილი მაღალი სახლები, როგორც მთიდან ჩამომავალი შავი თხების არვე. უკაცრიელი ქუჩები გადაჭიმულიყვნენ ერთი ბოლოდან მეორემდე. აქა-იქ კედლებზე ამაღლებული პალმები არ ირხეოდნენ; პირთამდე სავსე წყალსაცავები ეზოებში დაყრილ ვერცხლის ფარებსა ჰგვანდნენ; ჰერმეუმის კონცხის შუქურა გამკრთალდა. აკროპოლის ზეთავზე, კვიპაროზების ჭალაკში, ეშმუნის რაშებმა გათენება იგრძნეს, მარმარილოს მოაჯირს ადგამდნენ წინა ფეხებს და მზის მხრისაკენ გასჭიხვინებდნენ.       მზეც ამოვიდა. სპენდიუსმა ხელები აღაპყრო და შეჰღაღადებდა.       ყველაფერი შეიძრა გადმოღვრილ სიწითლეში. ღმერთი თითქოს იგლეჯდა სხეულს და უხვი სხივებით ასხურებდა კართაგენს ოქროს წვიმას თავისი ძარღვებიდან. ხომალდების ქიმები ელვარებდნენ, ქამონის ტაძრის სახურავი ცეცხლმოკიდებულს ჰგავდა სავსებით. ახალგაღებულ ტაძრებში ცეცხლი აკიაფდა. სოფლებიდან ჩამოსული ფორნების თვლები არახრახდა ქუჩების ფილაქანზე. დატვირთული ღურკანი აქლემები ჩამოდიოდნენ ფერდობებზე. ზარაფები მებოძირზე მდგარი თავიანთი დუქნების დარაბებს აღებდნენ. მიფრინავდნენ ყარყატები. თრთოდნენ თეთრი აფრები. ტანიტის ჭალაში დოლს უკრავდნენ წმიდა მეძავნი, ხოლო მაპალებში აბოლდნენ თიხის კუბოთა გამოსაწვავი ღუმელები. სპენდიუსი გადაიხარა მოაჯირზე. კბილები აუკაწკაწდა, იმეორებდა: - აჰ! ჰო... ჰო... პატრონო! მესმის, რად იუკადრისე ახლახან სასახლის გაძარცვა.       მათო თითქოს მისი ხმის სისინმა გამოაფხიზლა, თითქოს არა ესმოდა რა. სპენდიუსმა განაგრძო: - აჰ! რა სიმდიდრეა! ხოლო რომელთაც ის ეკუთვნის, იარაღიც არა აქვთ მის დასაცავად!       მარჯვენა ხელი გაიშვირა და დაანახა რამდენიმე ბოგანო, რომელნიც ჯებირს გადაღმა სილაში დაღოღავდნენ, ოქროს ფხვნილის ძიებით გართულნი.       - აი! - უთხრა, - რესპუბლიკა ამ გლახაკებს ჰგავს: ოკეანეებზე გადაფოფრილი ყველა სანაპიროს უფათურებს ხარბ ხელებს და ტალღათა ხმაური ისე უჭედავს ყურებს, რომ აღარ ზურგს უკან მომდგარი მბრძანებლის ფეხის ხმა! ტერასის სანაპირო მხარეზე წაიყვანა მათო და დაანახა ბაღი, სადაც ხის ტოტებში ჩამოკიდებული ჯარისკაცთა კალდიმები თინათინებდა მზეზე. აქ არიან ვაჟკაცნი, უდიდესი მძულვარებით აღვსილნი! მათ არაფერი აკავშირებთ კართაგენთან, არც ოჯახი, არც ფიცი, არც ღმერთი!       მათო იდგა წინანდებურად კედელს მიყრდნობილი. სპენდიუსი მიუახლოვდა და ხმადაბლა განაგრძო: გესმის ჩემი, მეომარო? სატრაპებივით ძოწეულში გამოწყობილნი ვივლით, ნელსაცხებელში გვაბანავებენ; მეც მეყოლება მონები! არ მოგბეზრდება მაგარ მიწაზე ძილი, ბანაკებში მოჭმახებული ღვინის სმა და გამუდმებული საყვირის ხმა? იმისი იმედი ხომ არა გაქვს, რომ შემდგომ დაისვენებ, როდესაც ჯავშანს აგაგლეჯენ, ხოლო შენს ლეშს სვავებს გადაუგდებენ? თუ მაშინ, როცა დაბრმავებული, დაკოჭლებული, დაძაბუნებული კარდაკარ იწანწალებ ყავარჯნით და ბალღებსა და წათხის გამყიდველებს უამბობ შენი სიჭაბუკის ამბებს? მოიგონე შენი უფროსების უსამართლობა, თოვლში დაბანაკება, მცხუნვარე მზეში სიარული, სასტიკი დისციპლინა და ჯვარცმის გამუდმებული მუქარა! ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ საპატიო ფარღული მოგიგდეს, ასე ვირს აბამენ ეჟვნების ასხმულას, რომ დარეტიანდეს დაღლა არ იგრძნოს; და ეს შენ გიყვეს, პიროსზე მამაცს! მაგრამ რომ ინდომებდე! აჰ! რა ბედნიერი იქნები, უზარმაზარ, გრილ დარბაზებში ქნარის წკრიალზე რომ მიეცემი განცხრომას ვარდების სარეცელზე წამოწოლილი, მასხარებითა და ქალებით გარშემორტყმული! ნუ მეტყვი, რომ ეს განუხორციელებელია! განა როქის სპამ არ დაიპყრო რეგიუმი და სხვა სიმაგრეები იტალიაში? ვინ აღგიდგება? ჰამილკარი აქ არაა. ხალხს სძულს მდიდრები; გისკონი რას უზამს ირგვლივ თავმოყრილ ლაჩრებს? შენ მამაცი ხარ! დაგმორჩილდებიან. წარუძეღ სპას! კართაგენი ჩვენია, შევესიოთ!       - არა! - უთხრა მათომ, - მოლოქის წყევლა მაწევს. მე ეს მის თვალებში ვიგრძენ. ამას წინათ კიდევ შავი ერკემალი ვნახე ტაძარში, უკუღმა მიდიოდა! - შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა და იკითხა: - სადაა ის?       სპენდიუსი მიხვდა, რომ უდიდეს მღელვარებას შეეპყრო მათო და გაგრძელება ვეღარ გაბედა. მათ უკან ისევ ბოლავდა ხეები. გაშავებული ტოტებიდან ჟამდაჟამ მაიმუნების სანახევროდ დამწვარი ჩონჩხები ცვიოდა გაშლილ სუფრებზე. პირდაფჩენილი ჯარისკაცები ხვრინავდნენ მკვდრების გვერდით, ხოლო ვისაც არ ეძინა, თავი ჩაექინდრა დღის სინათლით თვალდაბრმავებულებს. გათქერილ მიწაზე სისხლის ღვარი იდგა. სპილოები გასისხლიანებულ ხორთუმებს აქნევდნენ შემოღობილის ხიმინჯებს შორის. ღია ბეღლებში ჩანდა ტომრებიდან გადმობნეული ხორბალი, ჭიშკართან - ბარბაროსთაგან მიყრილი ეტლების რიგი; კედრის ტოტებზე ჩამომსხდარი ფარშევანგები კუდებსა შლიდნენ და ყივყივებდნენ.       მათოს უძრაობა აკვირვებდა სპენდიუსს. იგი უფრო გაფითრებული იყო, ვიდრე ახლახან და ერთი წერტილისათვის მიეშტერებინა თვალები, ცის დასალიერს გაჰყურებდა ტერასის მოაჯირზე ორივე მჯიღით დაყრდნობილი. სპენდიუსი გადაიხარა და მიხვდა, რას უჭვრეტდა მათო. შორს, უტიკის მტვრიან გზაზე, ოქროს წერტილი ბრუნავდა. ეს იყოს ორჯორშებმული ეტლის ღერძის თავი. ხელნის წინ მონა გარბოდა და აღვირი ეჭირა, ეტლში ორი ქალი იჯდა. ჯორებს ფაფარი სპარსულ ყაიდაზე ჰქონდათ გადმოშლილი ყურებს შორის და ცისფერი მარგალიტივით მოქსელილი. სპენდიუსმა იცნო და ყვირილი შეიკავა.       ფართო რიდეს აფრიალებდა ქარი. თავი მეორე. სიკაში       ორი დღის შემდეგ როქის სპა კართაგენიდან გავიდა.       ყოველ ჯარისკაცს თითო ოქრო მისცეს იმ პირობით, რომ სიკაში დასაბანაკებლად წასულიყვნენ, და ლიქნით უთხრეს: - თქვენა ხართ კართაგენის მხსნელი! მაგრამ, თუ აქ დარჩით, ქალაქი დაიმშევა, ვალის გადახდას ვეღარ შეძლებს. წადით! რესპუბლიკა დაგიმადლებთ შემდეგ ამ დათმობას. დაუყონებლივ ავკრებთ გადასახადებს. ჯამაგირსაც სრულად გადაგიხდით და გალერებსაც აღვჭურავთ თქვენთვის, სამშობლოში წასაყვანად. მეომრებმა არ იცოდნენ, რა ეპასუხათ ამაზე. ომს დაჩვეული ვაჟკაცები მოწყენილნი ისხდნენ ქალაქში. მათი დარწმუნება არ გასჭირვებიათ და ხალხი გალავანს მოეფინა, რათა დაენახათ, როგორ გადიოდნენ ისინი.       მათ მწყობრად გაიარეს ქამონის ქუჩა და სირტას კარი მშვილდოსნები და ჰოპლიტები, მეთაურები და მხედრები, ლუზიტანიელნი და ბერძნები ერთმანეთში იყვნენ არეულნი ლაღად მიაბიჯებდნენ, მძიმე კოთურნებს აჟღრიალებდნენ ფილაქანზე. მათი საჭურველი ფილაკვანს დაებრიცა, სახე ბრძოლებში გაშავებოდათ; ხრინწიანი ყვირილი ამოსდიოდათ გაბანჯგვლული წვერებიდან; გაგლეჯილი თორნი მახვილის ბუნიკზე ჩხარუნობდა და დახვრეტილ აბჯარში მოჩანდა ჯარისკაცთა შიშველი ტანი, საშინელი, როგორც საომარი მანქანა. შუბები, ნაჯახები, ნაბდის ქუდები და ბრინჯაოს მუზარადები - ყველაფერი ერთად, თანაზომიერად ირხეოდა. ჯარს აევსო ქუჩა და გეგონებოდათ, კედლებს დახეთქავსო შეჭურვილი მეომრების ეს გრძელი ნიაღვარი, რომელიც მაღალ, ექვსსართულიან, კუპრით შეგლესილ სახლთა შორის დიოდა. რკინისა და ლერწმის ხარიხების მიღმა ჩადრიანი ქალები იდგნენ და უჩუმრად უმზერდნენ, როგორ მიდიოდნენ ბარბაროსები. ტერასები, სიმაგრეები, კედლები ფარავდა ბრბოს თვალთაგან შავმოსიან კართაგენელებს. მეზღვაურთა ტუნიკები სისხლის ლაქებივით მოჩანდნენ ამ მუქ ფონზე; ნახევრად შიშველი ბავშვები, კანი რომ უბზინავდათ, სპილენძის სალტეებს შორის, მწვანით შემოსილი სვეტებიდან და პალმების შტოებიდან უქნევდნენ ხელს მიმავალთ. ზოგი უხუცესიც გამოსულიყო კოშკთა თავანზე. ერთი გრძელწვერიანი კაცი გამოჩნდებოდა ხან აქ და ხან იქ, იდგა ღრმად ჩაფიქრებული. არავინ უწყოდა რატომ იქცეოდა ასე; შორს, ზეცის ფონზე ბუნდოვნად, აჩრდილივით ინაკვთებოდა და ქვასავით უძრავად იდგა.       ყველა ღელავდა. ეშინოდათ - ვაითუ ბარბაროსებმა იგრძნონ თავიანთი ძალა და დარჩენის სურვილმა მოუაროთო. მაგრამ მეომრები ისე დანდობილნი სტოვებდნენ ქალაქს, რომ კართაგენელთ გული მოეცათ და ჯარს შეერივნენ. ფიცითა და ხვევნით შეუწუხეს სული, ზოგი გადაჭარბებული გაიძვერობითა თავხედური ლიქნით აქეზებდა - ქალაქიდან ნუ გახვალთო. ნელსურნელებას, ყვავილებს და ვერცხლის ხურდას აყრიდნენ მიმავალთ; სნეულების საწინააღმდეგო ავგაროზებით ასაჩუქრებდნენ, ოღონდ წინასწარ სამგზის აფურთხებდნენ ზედ, რათა სიკვდილი მიეზიდათ, ანდა ტურის ბალანს აკერებდნენ, რომ თილისმის პატრონს სიმხდალე შეჰპარვოდა გულში. მელქარტის წყალობას მოუხმობდნენ ხმამაღლა მათთვის, ხოლო ჩურჩულით - შეჩვენებას.       შემდეგ ბარგმა, სააღალე საქონელმა და ჩამორჩენილებმა გაიარეს. ცალკუზიან აქლემებზე ამხედრებული ავადმყოფები ვიშვიშებდნენ; დაკოჭლებულთ გადატეხილი შუბები დაებიჯგებინათ. ლოთებს ტიკები მოჰქონდათ, ხოლო ღორმუცელებს - ხორცი, ღვეზელები, ხილი, ლეღვის ფოთლებში გახვეული ერბო და ტილოს ტომრებში ჩაჩუთული თოვლი. ზოგს საჩრდილობელი ეჭირა ხელში და თუთიყუში უჯდა მხარზე. მიჰყავდათ ძაღლები, ქურციკები და ავაზები. ვირებზე შემსხდარი ლიბიელი დედაკაცები თათხავდნენ ზანგის ქალებს. რომელთაც მალქის საროსკიპოები დაეტოვებინათ და ჯარისკაცებს ასდევნებოდნენ; ზოგი ძუძუს აწოვებდა მკერდზე ტყავის თასმებით ჩამოკიდებულ ბალღს. კარვებით დატვირთული ჯორები წელში იზნიქებოდნენ საპალნის სიმძიმისაგან და მარეკნი მახვილების ჩხვლეტით მიერეკებოდნენ. აქვე მოლასლასებდა უამრავი მსახური და დაჩაჩანაკებული, ციებისგან გაყვითლებული და დამღიერებული თულუხჩი; ესენი იყვნენ ნაძირალები კართაგენელ მდაბიოთაგან, რომელნიც ბარბაროსებს მიჰკედლებოდნენ.       როცა ამათაც ჩაიარეს, ქალაქის კარიბჭე მიხურეს, ხალხი მაინც არ ჩამოდიოდა კედლებიდან. ლაშქარი მალე ნახევარკუნძულის ყელის მთელ სიფართეზე გაიშალა. ჯარი უთანაბრო ნაწილებად დაიყო. შუბები ბალახის მაღალ ღერებს დაემსგავსნენ სიშორეში, შემდეგ სავსებით დაიკარგნენ მტვრის ბუღში; ჯარისკაცები კართაგენისკენ მიხედვისას ვერაფერს ხედავდნენ, გარდა გრძელი კედლებისა, რომელნიც უკაცრიელი ქონგურებით ინაკვთებოდნენ ცისკიდურზე. მაშინ ბარბაროსებს ყვირილის შემოესმათ. იფიქრეს - ნაწილი ალბათ ქალაში დარჩა და რომელიმე ტაძრის ძარცვით იქცევს თავსო. (მათ არ უწყოდნენ ზუსტად რამდენი იყვნენ). ბევრი იცინეს ამის გამო. შემდეგ ისევ განაგრძეს გზა. უხაროდათ, რომ წინანდებურად ერთად მიაბიჯებდნენ მინდვრებზე; ბერძნები მამერტინების ძველებურ სიმღერას გასძახოდნენ.       ჩემი შუბითა და მახვილით ვხნავ და ვიმკი მე. მე ვარ მამა სახლისა! აბჯარაყრილი მტერი ჩემს ფერხთით განრთხმის მიწას და უფალს და მეფეს მიწოდებს. ყვიროდნენ, ხტოდნენ, გულმხიარულნი ჰყვებოდნენ არაკებს; დასრულდა ჟამი ჭირთა თმენისა. ტუნისს რომ მიაღწიეს, ზოგიერთმა შეამჩნია, რომ ბალეარელ მეშურდულეთა რაზმი აკლდათ, მაგრამ - შორს არ იქნებიანო და მეტი აღარ უფიქრიათ ამაზე.       ნაწილი სახლებში დაბინავდა, სხვანი - გალავნის ძირას. მოქალაქენი მოდიოდნენ ჯარისკაცებთან სასაუბროდ.       მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლი გიზგიზებდა ცისკიდურზე. კართაგენის მხარეს. ხანძრის გამონაკრთომი გიგანტური ჩირაღდნებივით ალანძულიყო გაქვავებული ტბის იქეთა ნაპირს. არც ერთმა მეომარმა არ უწყოდა, რას დღესასწაულობდნენ იქ.       მეორე დღეს ბარბაროსებმა ნათესებით დაფარული სოფელი გადაიარეს. გზის გასწვრივ პატრიციების მამულები იყო ჩარიგებული. პალმის ჭალაკებში რუები მოწანწკარებდა; ზეთისხილის ხეები გრძელ მწვანე მწკრივებად დაერგოთ. გორაკთა შორის ვარდის ბურუსი იდგა. შორს ლურჯი მთები აღმართულიყვნენ. რბილი ქარი ქროდა. კაქტუსების ფართო ფოთლებზე ქამელეონები დახოხავდნენ.       ბარბაროსებმა ნაბიჯი შეანელეს. განკერძოებულ რაზმებად მიდიოდნენ, ანდა ცალ-ცალკე შორიშორს მიჰყვებოდნენ ერთმანეთს. ვენახებში გადიოდნენ და ყურძენს მირთმევდნენ. ბალახში კოტრიალობდნენ და განცვიფრებით შესცქეროდნენ ხარების ხელოვნურად დაგრეხილ გრძელ რქებს, ნერბ ცხვრებს, რომელთაც ტყავი ჰქონდათ ჩამოცმული საწმისის დასაფარავად, ჯვარედინად რომბებივით დახნულ ორნატებს, გემის ღუზების მაგვარ სახნისებს გუთნისას და ბროწეულის ხეებს, რომლებსაც სილფიუმით რწყავდნენ. ხიბლავდათ მიწის ბარაქა და ადამიანის ბრძნული გამოგონებანი.       საღამოს გაუშლელ კარვებზე დაწვნენ და ვარსკვლავებისკენ პირმიქცეულნი, რულმორეულნი ნანობდნენ, რომ ჰამილკარის ღრეობა დასრულებულიყო.       მეორე დღეს, ნაშუადღევს, ერთი მდინარის ნაპირას დადგნენ, ოლანდრების ბუჩქნარში. სასწრაფოდ დაყარეს შუბები, ფარები, შეიხსნეს ქამრები; ყიჟინით იბანდნენ თავპირს, მუზარადებით იღებდნენ წყალს, ზოგი მუცელზე გაწოლილიყო და სვამდა ტვირთჩამოხსნილ საქონელთან ერთად.       ჰამილკარის ბაღში მოპარულ ღურკან აქლემზე ამხედრებულმა სპენდიუსმა შორით თვალი ჰკიდა მათოს, რომელსაც დაჭრილი ხელი მკერდზე ჩამოეკიდებინა, უქუდოს თავი ჩაეღუნა, წყალს ასმევდა თავის ჯორს და ლივლივა ჭავლებს დასცქეროდა. სპენდიუსი მისკენ გაექანა, ბრბოს მიარღვევდა და ეძახდა: - პატრონო! პატრონო!       მათომ ცალყბად უთხრა მადლობა დალოცვისათვის. სპენდიუსმა ყურადღება არ მიაქცია ამას და უკან აედევნა. დროდადრო შეშფოთებით მოიხედავდა ხოლმე კართაგენის მხარეს.       იგი ბერძენი რიტორისა და კამპანიელი მეძავის ბუში იყო. თავდაპირველად ქალების ვაჭრობით გამდიდრებულიყო, შემდგომ გემის დაღუპვას გაეღატაკებინა; სამნიუმელ მწყემსებთან ერთად ეომა რომაელთა წინააღმდეგ. დაეტყვევებინათ, გაქცეულიყო, მაგრამ ისევ დაეჭირათ, ქვისსატეხებში ემუშავებინათ, ცხელ საქვაბოებში მრავალგზის დახუთვოდა სული, ყელი ამოხაფვროდა წამების დროს ყვირილით, მრავალი პატრონის ხელში გამოევლო და ყოველი მათგანის სისასტიკე ეწვნია. ბოლოს, ერთ დღეს, სასოწარკვეთილი ზღვაში გადამხტარიყო ტრირემიდან, რომელზედაც მენიჩბედ ჰყოლოდათ. ჰამილკარის მეზღვაურებს შეეფარებინათ მომაკვდავი და კართაგენში ჩამოეყვანათ, სადაც ერგასტულში, მონების დილეგში ჩაემწყვდიათ. კართაგენს რომიდან გამოქცეული რომაელებისთვის უნდა გადაეცა. შეშინებულ სპენდიუსს ესარგებლა არეულობით და თავისთვის ეშველა, როქის სპას მიჰკედლებოდა.       მთელ გზაზე მათოს არ მოსცილებია, მიართმევდა საჭმელს, ეხმარებოდა ჩამოხდომისას, საღამოობით ნოხს უგებდა სასთუმლად. მისმა მზრუნველობამ გული მოულბო მათოს და თანდათან გაუხსნა კრიჭა.       მათო სირტას ყურეში იყო დაბადებული. მამას ამონის ტაძარში დაჰყავდა თურმე სალოცავად. მერმე სპილოებზეც უნადირია გარამანტების ტყეებში. ბოლოს კართაგენის სამსახურში შევიდა. დრეპანუმის აღების შემდეგ ტეტრარქის წოდება მიანიჭეს. რესპუბლიკას ოთხი ცხენი, ოცდასამი მედიმნი ხორბალი და მთელი ზამთრის ჯამაგირი ემართა მისი. მას ეშინოდა ღმერთებისა და სურდა თავის მამულში მომკვდარიყო.       სპენდიუსი უამბობდა თავის მოგზაურობათა, იმ ტომთა და ტაძართა შესახებ, რომელთაც ქვეყნის ზურგზე ხეტიალისას გადასწყდომოდა. ბევრი რამ შეესწავლა: იცოდა სანდლების კერვა და შუბის გათლა, ბადეთა ქსოვა, გარეული ცხოველების მოშინაურება და თევზის მოხარშვა. ზოგჯერ შეწყვეტდა ხოლმე ლაპარაკს და ყრუ, ხორხისმიერ ძახილს ამოუშვებდა, მატოს ჯორი ფეხს აუჩქარებდა, სხვა ცხოველებიც აჩქარდებოდნენ. შემდეგ სპენდიუსი ისევ განაგრძობდა საუბარს. მუდამ შეშფოთებული იყო. მხოლოდ მეოთხე საღამოს დამშვიდდა.       ისინი მხარდამხარ მიაბიჯებდნენ წყების გვერდით, ერთი გორაკის ფერდობზე. ქვევით ველი იყო გადაშლილი და დასალიერი ღამის ბურუსში იკარგებოდა. ჯარისკაცთა მწკრივები, რომლებიც მათ ქვევით მიაბიჯებდნენ, ტალღებივით ირხეოდნენ ბინდბუნდში. დროდადრო მთვარით გაშუქებულ მაღლობს გადაუვლიდნენ. მაშინ შუბის წვერი ვარსკვლავივით ციალებდა, მუზარადები წამით გაბრწყინდებოდნენ, მერმე გაქრებოდნენ და ახლა სხვები გამოჩნდებოდნენ მის ადგილას. შორს ბღაოდა გამოღვიძებული ნახირი და უსაზმნო სიმშვიდე ეფინებოდა თითქოს დედამიწის პირას.       თავგადაწეული, სანახევროდ თვალებდახუჭული სპენდიუსი ღრმად ისუნთქავდა გრილ ნიავს, ხელებს შლიდა და თითებს კვარჯღავდა, რათა უკეთ შეეგრძნო სიტკბოება. ტანში რომ ეღვრებოდა. შურისძიების დაუცხრომელმა წყურვილმა წამოუარა. ტუჩებზე ხელი მიიჭირა, რომ ქვითინი შეეკავებინა და ვნების სიმთვრალით ცნობამიხდილმა ხელი გაუშვა ავშარას თავისი აქლემისას, რომელიც გრძელი, თანაბარი ნაბიჯით მიირწეოდა. მათო ნაღველს მისცემოდა, ფეხები მიწამდე ჩამოეშვა და ბალახი რომელიც კოთურნებს სწვდებოდა, განუწყვეტლივ შრიალებდა. გზა ისე გაგრძელდა, თითქოს არასდროს გათავდებოდა. ხეობათა ბოლოს მრგვალი ველობები ხვდებოდათ, შემდეგ ისევ მინდორზე გადიოდნენ და მთები, რომლებიც კრავდნენ ჰორიზონტს, თითქოს შორს იწევდნენ, რაც უფრო უახლოვდებოდა გორაკებს იქით. ზოგჯერ გვერდს აუვლიდნენ უზარმაზარ პიტალოს, გემის წინამხარს ან რომელიღაც ბუმბერაზის კვარცხლბეკს რომ წააგავდა. გზაზე ერთიმეორისგან თანაბარი მანძილის დაშორებით ხვდებოდათ პატარა, ოთხკუთხა ტაძრები რომელთაც სიკაში მიმავალი მლოცველები თავშესაფრად იყენებდნენ. ეკლესიები აკლდამებივით იყვნენ დაგმანული. ლიბიელები გამეტებით უბრახუნებდნენ კარებზე - გააღეთო. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. დამუშავებული მინდვრები გაიშვიათდა. ჯარი შევიდა სილიან უდაბნოში, სადაც აქა-იქ ამოშვერილიყო მეჩხერი ეკლნარი. ცხვრის ფარები კორტნიდნენ ქვებს შუა ამოწვერილ ბალახს. ცისფრად შეღებილი საწმისებით წელგაკრული ქალები მწყემსავდნენ ფარებს, კლდეთა შორის შუბოსან მეომრებს მოჰკრავდნენ თუ არა თვალს, კივილ-კივილით გარბოდნენ და იკარგებოდნენ.       მოწითალო ბორცვებს შუა დერეფანივით გაჭიმულ გრძელ ხეობას მიჰყვებოდნენ მოლაშქრენი. უეცრად გულისამრევი სუნი ეცათ და უცნაური სანახავი იხილეს: ერთი ხის ფოთლებში, საკმაოდ მაღლა, ლომის თავი მოჩანდა.მიირბინეს. ლომი ოთხივე კიდურით გაეკრათ ჯვარზე ბოროტმოქმედივით. უზარმაზარი დრუნჩი მკერდში ჩაერგო მხეცს, ხოლო წინა თათები ფაფრით ჰქონდა სანახევროდ დაფარული და ფრინველის ფრთებივით გაშლილი. გადაჭიმული კანის ქვეშ ნეკნები ამობურცვოდა. ოდნავ აწეული უკანა ფეხები ერთიმეორეზე მიელურსმათ. შავი სისხლი მოღვენთავდა ბალანზე და ჯვრის გასწვრივ ჩამოპორწიალებული კუდის წვერზე სტალაქტიტებივით შედედებულიყო. ჯარისკაცები გაამხიარულა ამ სანახაობამ; კონსულსა და რომის მოქალაქეს ეძახდნენ ჯვარცმულ ლომს და კენჭებს ესროდნენ თვალებზე მისეული მუმლის ასაქშევად.       ასი ნაბიჯის დაშორებით კიდევ ორი ლომი იყო ჯვარცმული, შემდეგ უეცრად გამოჩნდა გრძელი მწკრივი ჯვრებისა, რომლებზედაც ლომები იყვნენ გაკრული. ზოგი დიდი ხნის მკვდარი იყო და ხეზე ჩონჩხის ნარჩენებიღა შერჩენილიყო. სხვანი სანახევროდ დახრულნი იყვნენ, საშინლად დაჯღანოდათ ცხვირ-პირი; ზოგიერთი უზარმაზარი იყო. ჯვრების ძელი იზნიქებოდა მათი სიმძიმით, ქარი აქანავებდა მათ და შავი ყორნები გუნდ-გუნდად დასტრიალებდნენ თავს განუწყვეტლივ. ასე იყრიდნენ ჯავრს კართაგენელი გლეხები, როდესაც ველურ მხეცს შეიპყრობდნენ, ამით სურდათ დაეშინებინათ ნადირები. ბარბაროსებს სიცილი პირზე შეახმათ და დიდხანს იდგნენ გაოგნებულნი. „ ეს რა ხალხია, - ფიქრობდნენ ისინი, - რომ ლომების ჯვარცმით იქცევს თავს!“       განსაკუთრებით აღელდნენ და შეძრწუნდნენ ჩრდილოეთის მკვიდრნი, სნეულება დაერიათ; ალოს ეკლებზე დაეკაწრათ ხელები, უზარმაზარი კოღოები ჩაბზუოდნენ ყურებში; ფაღარათი მოედო ჯარს. წუხდნენ, რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს სიკას. შეეშინდათ - ვაითუ გზა დაგვებნეს და უდაბნოში ამოვყოთ თავი, ამ ქვიშისა და საშინელებათა ქვეყანაშიო. ბევრმა გზის გაგრძელება არ ისურვა და კართაგენისაკენ გაბრუნდა.       ბოლოს, მეშვიდე დღეს, ქედის ძირის გაყოლებით კარგი ხნის სიარულის შემდგომ, გზამ მარჯვნისკენ მიუხვია და მათ დაინახეს თეთრ კლდეებზე წამომართული ზღუდეთა ხაზი. მერმე თვალწინ გადაეშალათ მთელი ქალაქი. ლურჯი, ყვითელი, და თეთრი რიდეები ფრიალებდა ქონგურებზე მეწამული დაისი სინათლეში. ეს ტანიტის ქურუმი ქალები მოცვენილიყვნენ მამაკაცთა შესახვედრად, სიმაგრეთა გასწვრივ გამწკრივებულიყვნენ და დაირებს აჯაჯგურებდნენ, ჩანგებს აჟღერებდნენ. წინწილებს არხევდნენ. მათ ზურგს უკან, ნუმიდიის მთებს გადაღმა, ჩამავალი მზის სხივები ატანდა ქნართა სიმებს შორის, რომლებსაც შიშველი ხელებით უკრავდნენ. ჟამდაჟამ საკრავთა ხმა მიწყდებოდა ერთბაშად და გულისგამგმირავი კივილი ატყდებოდა, მძაფრი, მძვინვარე, ჟამიერი, მსგავსი ყეფისა, რასაც ტუჩების ორსავ კუთხეზე ენის ცემით გამოსცემდნენ. ზოგნი იდაყვებს დაყრდნობოდნენ, ნიკაპი მუჭში მოექციათ და სფინქსებივით უძრავი თავიანთი დიდი, შავი თვალები მიეშტერებინათ ამომავალი ჯარისთვის.       თუმცა წმიდა ქალაქი იყო სიკა, მაინც ვერ დაიტევდა ამოდენა სპას; მარტო ტაძარს მინაშენებითურთ ნახევარი ქალაქის სივრცე ეკავა. ამიტომ ბარბაროსები მინდორზე განლაგდნენ გუნებისამებრ. დისციპლინირებული ნაწილები - რაზმებად, სხვანი ეროვნებისდა მიხედვით, ანდა როგორც მოეპრიანათ.       ბერძნებმა ერთიმეორის გასწვრივ ჩაამწკრივეს ტყავის კარვები, იბერიელებმა ტილოს ტალავრები წრიულად გამართეს, გალებმა ფიცრის ალაჩუხები შეკრეს, ლიბიელებმა ქვით აახოხოლეს ყორეები, ხოლო ზანგებმა ფრჩხილებით ამოთხარეს სილაში საძილე ორმოები. ბევრმა არ იცოდა, სად დაბინავებულიყო და საბარგულებთან დაწრიალებდა, ღამით კი მიწაზე იძინებდა დაფხრეწილ ლაბადაში გახვეული.       მათ ირგვლივ გადაშლილიყო მთებით გარშემორტყმული ვაკე, აქა-იქ, ქვიშის ბორცვებზე, პალმები გადმოხრილიყვნენ. ნაძვები და მუხები მუქ ლაქებად აჩნდნენ ხევისპირებს. ზოგან ხანდახან გრძელი ყაბიწივით დაეშვებოდა ზეციდან წვიმა, მაშინ როდესაც სხვაგან ველ-მინდვრებს კვლავინდებურად ლაჟვარდი და მცხუნვარება ადგა თავს; მერმე თბილი ქარი მტვრის კორიანტელს დააყენებდა; ნაკადული მიჩქრიალებდა სიკას კლდეებზე, სადაც ქვეყნის მეუფის - კართაგენის ვენერას ოქროსსახურავიანი, ბრინჯაოსსვეტებიანი ტაძარი წამომართულიყო. ყოველივე მისი სულით იყო გამსჭვალული თითქოს. ეს ბორცვიანი რელიეფი, სითბოსა და სიცივის მონაცვლეობა და სინათლის თამაში აცხადებდა მის გონმიუწვდომელ ძლიერებას და მისი მარადიული ღიმილის სიმშვენიერეს. მთების მწვერვალები ნამგალა მთვარის კიდურებს ჰგავდა, ზოგი ქალის კერტებდაბერილ ძუძუებს ემსგავსებოდა და დაღლილი ბარბაროსები რაღაცნაირ საამო მოთენთილობას გრძნობდნენ.       სპენდიუსმა თავისი აქლემი გაყიდა და ამ ფულით მონა შეიძინა. მთელი დღეების განმავლობაში ეძინა მათოს კარვის წინ გაშოტილს. ზოგჯერ ელდით ეღვიძებოდა - სიზმრად მათრახის სისინი ეზმანებოდა. გამოფხიზლებული ღიმილით გადაისვამდა ხელს ნაიარევით დასერილ ფეხებზე, იმ ადგილას, სადაც დიდხანს ეკიდა ბორკილები, და შემდეგ ისევ ძილად მიეგდებოდა.       მათო ითმენდა მის სიახლოვეს. როცა სადმე წავიდოდა, მხარიღლივ მახვილგადაკიდებული სპენდიუსი ხელარგნოსანივით დასდევდა ყველგან. მათო დაუდევრად ეყრდნობოდა ხელით მხარზე: სპენდიუსი დაბალი იყო.       ერთ საღამოს ბანაკის შუკაში მიაბიჯებდნენ და თეთრმოსასხამიანი ხალხი შენიშნეს. მათ შორის ნარჰავასიც ერია, ნუმიდიელთა ბატონიშვილი. მათო აცახცახდა. მოიტა ხმალი! - წამოიძახა მან, - უნდა მოვკლა!       დაიცა! - შეაჩერა სპენდიუსმა. ნარჰავასი მათკენ მოდიოდა.       მან ორივე ცერი დაიკოცნა შერიგების ნიშნად და თავისი ფიცხი საქციელი ღრეობაზე სიმთვრალეს გადააბრალა. შემდეგ დიდხანს აგინებდა კართაგენს, თუმცა არ უთქვამს, თუ რატომ შეერთებოდა ბარბაროსთა სპას.       „ჯარს ღალატობს თუ რესპუბლიკას?“ - თავს ეკითხებოდა სპენდიუსი და რადგანაც ყოველგვარი არეულობიდან თავისთვის სარგებელს გამოელოდა, მადლიერი იყო ნარჰავასისა იმ მომავალ მუხანათობათა გამო, რასაც უეჭველად ჩაიდენდა ნუმიდიელთა ბელადი.       ნარჰავასი დარჩა როქის სპასთან. ეტყობოდა, მათოსთან დაახლოება სურდა. მსუქან-მსუქან თხებს, ოქროს ქვიშას და სირაქლემას ფრთებს უგზავნიდა. მისი ლაქუცით განცვიფრებული ლიბიელი ყოყმანობდა, არ იცოდა - ასევე მოქცეულიყო, თუ რისხვა მიეგო. სპენდიუსი აწყნარებდა და მათოც ემორჩილებოდა მონას - იგი ჯერაც ვერ გამორკვეულიყო და უნიათობისგან ვერ დაეღწია თავი იმ კაცივით, საწამლავი რომ შეუსვამს და აუცილებლად უნდა მოკვდეს. ერთ დღეს სამივენი ლომებზე სანადიროდ წავიდნენ, ნარჰავასმა ხანჯალი დამალა მოსასხამის კალთაში. სპენდიუსი არ მოშორებია, სულ უკან დასდევდა და შინ ისე მობრუნდნენ, რომ ნარჰავასს ხანჯალი არ ამოუღია.       მეორეჯერ ნუმიდიელმა ძალზე შორს გაიტყუა ისინი, თავისი სამეფოს საზღვრამდე მიიყვანა, ერთ ვიწრო ხეობაში მოხვდნენ. ნარჰავასმა ღიმილით განაცხადა - გზა აღარ ვიციო. სპენდიუსმა გაიგნო გზა.       უფრო ხშირად წინასწარმეტყველივით დამწუხრებული მათო მზის ამოსვლისთანავე მიდიოდა ველ-მინდვრებზე, სახეტიალოდ. სილაზე დაწვებოდა სადმე და საღამომდე უძრავად ეგდო.       ჯარის ყველა მისანს ეთათბირა, იმათაც, ვინც გველის ხოხვაზე მკითხაობდა და ვინც ვარსკვლავებზე კითხულობდა ბედს, აგრეთვე ვინც მკვდრების ფერფლს უბერავდა სულს და ისე მისნობდა. ყლაპავდა კევს, მთის კამას და ჭრელი უნასების გულისგამყინავ შხამს; ზანგის ქალები მთვარის სინათლეზე უგალობდნენ ბარბაროსულ შელოცვებს და ოქროს ბებუთებით უკაწრავდნენ შუბლის კანს. ფარღულებითა და ავგაროზებით დაიტვირთა. რიგრიგობით ევედრებოდა ბაალ-ქამონს, მოლოქს შვიდ ქაბირს, ტანიტსა და ბერძენთა აფროდიტეს. სპილენძის ფირფიტაზე ამოკვეთა ერთი სახელი და თავისი კარვის შესასვლელთან ჩაფლა სილაში. სპენდიუსს ესმოდა, როგორ ოხრავდა და ბოდავდა იგი.       ერთ ღამეს შევიდა შიგნით.       ცხედარივით გაშიშვლებული მათო ლომის ტყავზე გართხმულიყო გულაღმა და სახე ხელებით დაეფარა; დაკიდული სანთურა აშუქებდა მის თავთან, კარვის დედაბოძზე ჩამოკიდებულ იარაღს.       იტანჯები? - ჰკითხა მონამ. - რა გინდა? მითხარი! - და მხარზე მოავლო ხელი, შეაჯანჯღარა, რამდენჯერმე ჩასძახა: - პატრონო! პატრონო!       ბოლოს მათომ აღაპყრო ფართო, ამღვრეული თვალები და ახედა.       მისმინე! - უთხრა ხმადაბლა და თითი მიიდო ტუჩებზე, - ღმერთები გამირისხდნენ! ჰამილკარის ქალის სახე არა მცილდება! მეშინია მისი, სპენდიუს! - მოჩვენებებისაგან შეშინებული ბავშვივით მიეკრა მონას მკერდზე, შემდეგ განაგრძო: - მითხარი რამე! ავადა ვარ! განკურნება მინდა! ყველაფერი ვცადე! იქნებ, შენ იცოდე უებარი შელოცვა, ან უფრო ძლიერ ღმერთებს იცნობ, იქნება?       რად გინა? - ჰკითხა სპენდიუსმა.       მათომ თავში მუშტები წაიშინა და უპასუხო: ეგების მოვიშორო!       შემდეგ თავის თავს დაუწყო ლაპარაკი, ხამუშ-ხამუშ ისროდა სიტყვებს: მე ის მსხვერპლი ვარ უეჭველად, მას რომ აღუთქვამს ღმერთებისათვის!... უჩინარი ჯაჭვით შემკრა, შემბოჭა, რომ დავდივარ, მე კი არა, ის დადის, რომ ვჩერდები - იგი ისვენებს მაშინ! მისი თვალები მწვავენ, მისი ხმა მესმის. იგი გარს მერტყმის, მსჭვალავს. მგონია ჩემს სულად იქცა! და მაინც უნაპირო ოკეანის უჩინარი ტალღებია ჩვენს შუა თითქოს! შორეული და მიუწვდომელი იგი! მშვენიერების ბრწყინვალება ნათლის ღრუბელივით მოსავს; და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არასოდეს მინახავს... რომ არც არსებობს... რომ ყოველივე სიზმარია!..       ასე გოდებდა მათო ბნელში. ბარბაროსთა ბანაკს ეძინა. მის შემყურე სპენდიუსს მოაგონდა ის ჭაბუკები, ოქროს თასები რომ ეპყრათ ხელთ და ევედრებოდნენ მას ოდესღაც, როდესაც ქალაქებში დაატარებდა თავის მეძავ ქალებს; მონას შეებრალა მათო და უთხრა: გამაგრდი, ჩემო პატრონო! გამაგრდი, ღმერთებს ნუ ევედრები, ადამიანის ვედრებას ყურადღებას არ აქცევენ ისინი! გულდედალივით რად სტირი! არა გრცხვენია, ქალისთვის მაგრე რომ იტანჯავ თავს?       განა ბავშვი ვარ! - უთხრა მათომ, - ხომ არ გგონია, ქალის სახე ან სიმღერა მხიბლავდეს კიდევ? დრეპანუმში თავლებს ვაგვევინებდი დიაცებს, მყოლია ქალი იერიშის დროსაც კი, მაშინაც კი, ჭერი რომ გვენგრეოდა თავზე და ფილაკვნებს ჯერ არ შეეწყვიტათ სროლა!.. მაგრამ ეს ქალი, სპენდიუს, ეს ქალი!.. მონამ შეაწყვეტინა: ჰამილკარის ასული რომ არ იყოს...       არა! - წამოიძახა მათომ - იგი კაციშვილს არა ჰგავს! დაგინახავს მისი ხშირი წარბების ქვეშ ფართოდ გახელილი თვალები, საზეიმო თაღებში გამობრწყინებულ მზეებს რომ ჰგვანან? გაიხსენე: როცა გამოჩნდა, ჩირაღდნების ალი შიშველი კანი მისი მკერდისა პატიოსან თვალებზე უფრო ელვარე იყო; უკან ისეთ სურნელს სტოვებდა, ტაძარში რომ დგას და მთელ მის სხეულში რაღაც ღვინოზე მეტად ტკბილი და სიკვდილზე უფრო საზარელი გამოსჭვიოდა. ჯერ მოდიოდა, შემდეგ შედგა...       გაოგნებული გაჩუმდა, თავი დახარა, თვალები გაუშტერდა.       მწყურია ის! მინდა! ვკვდები მისი სურვილით! ოცნება - თითქოს ჩემს მკლავებში მყავდეს ჩახვეული, გიჟური სიხარულით მათრობს, მაგრამ მაინც მძულს, იგი სპენდიუს! მინდა ვგვემო! რა ვქნა? თავს მონათა ბაზარზე გავიყიდდი ოღონდ მისი ყმა გავმხდარიყავი. შენ ხომ იყავი იმისი მონა! შეგეძლო გემზირა მისთვის. მელაპარაკე მასზე. ხომ ყოველ ღამით გამოდიოდა თავისი სასახლის უმაღლეს ტერასაზე? აჰ! ქვებს უნდა ეცახცახათ მისი სანდლების ქვეშ და ვარსკვლავები ძირს უნდა ჩამოსულიყვნენ მის სანახავად! გაშმაგებული მათო დაეცა და დაკოდილი ხარივით ახრიალდა.       შემდეგ სიმღერა დაიწყო: იგი მისდევდა ჭალაკში დედალ ურჩხულს, რომლის კუდი ვერცხლის ნაკადულივით მიიკლაკნებოდა დაცვენილ ფოთლებში.       მათო ბაძავდა სალამბოს ხმას და წინ გაშვერილ ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს სალამბოს ნაზი თითები ეხებოდნენ ქნარის სიმებს.       სპენდიუსი ანუგეშებდა, მაგრამ მათო იმას იმეორებდა, რაც თქვა, და ღამეები გადიოდა ასე ოხვრა-კვნესასა და შეგონებებში.       მათო ცდილობდა მწუხარება ღვინოში ჩაეხშო. გამოფხიზლებულს კიდევ უფრო იპყრობდა დარდი. ცდილობდა კამათელზე გადაეყოლებინა გული და ერთიმეორის მიყოლებით თავისი ოქროს ფარდულის ყველა თვალი წააგო. ქალღმერთის მხევლებთან დაჰყვებოდა სხვებს, მაგრამ გორაკიდან ქვითინით ჩამოდიოდა, თითქოს დაკრძალვიდან ბრუნდებოდა.       სპენდიუსი კი, პირიქით უფრო გათავხედდა და გამხიარულდა. ხშირად ნახულობდნენ თალარქვეშ გამართულ დუქნებში ჯარისკაცებთან ბაასით გართულს. აახლებდა ძველ აბჯარს, აპრიალებდა ხანჯლებს; მინდვრად სამკურნალო ბალახებს კრეფდა ავადმყოფთათვის, ხუმრობდა, ოხუნჯობდა, ენამზეობდა; ბარბაროსები დაეჩვივნენ მის სამსახურს. ყველას შეაყვარა თავი. როქის სპა ელოდა კართაგენის ელჩს, რომელსაც ოქროთი გავსებული ბათმანებით დატვირთული ჯორები უნდა მოეყვანა. ისევ და ისევ ანგარიშობდნენ და სილაზე თითებით წერდნენ ციფრებს, მომავლის გეგმებს აწყობდნენ; მხევლები და მონები გვეყოლება, მიწა გვექნებაო, - ფიქრობდნენ. ზოგს სურდა მიწაში ჩაეფლა განძი, ზოგსაც უნდოდა თან წაეღო და ხომალდს ნდობოდა. უსაქმურობამ ხასიათი გაუფუჭათ. გამუდმებული აყალმაყალი იყო მხედრებსა და ქვეითებს, ბარბაროსებსა და ბერძნებს შორის; განუწყვეტლივ გაისმოდა ქალების ყურისწამღები კაპასი.       ყოველდღე ემატებოდათ ხალხი, რომელთაც მზისგან თავის დასაფარავად ბალახბულახის კონები ჩამოეფხატათ ქუდებზე. ესენი იყვნენ მდიდარ კართაგენელთა მოვალენი, რომელთაც იძულებით ამუშავებდნენ მინდვრებში და ახლა გამოქცეულიყვნენ თავდასახსნელად. მათ უერთდებოდათ უამრავი ლიბიელი, გადასახადებისაგან გაღატაკებული გლეხობა, დევნილები, ბოროტმოქმედნი; ჯარს ეკედლებოდა მოვაჭრეთა ურდო, ღვინის და ზეთის გამყიდველნი, რომელნიც იმას გაეშმაგებინა, რომ არ მიეზღოთ, რაც ერგებოდათ და რესპუბლიკის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი ამის გამო. სპენდიუსი ყელს იგლეჯდა კართაგენის გინებით. მალე სურსათ-სანოვაგეც შემოაკლდათ. ლაპარაკი დაიწყეს: ერთობლივად შევესიოთ კართაგენს, ანდა რომაელებს მოვუწოდოთო.       ერთ საღამოს ვახშმობის ხანს, შემოესმათ ყრუ ჟღრიალი, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. შორით, უსწორმასწორო გზაზე, რაღაც წითელი საგანი გამოჩნდა.       ეს იყო სირაქლემას ნაკრტენით ძგიდეებშემკული დიდი, ძოწისფერი ტახტრევანი. ბროლის შუბები და მარგალიტის ასხმული ეხათქუნებოდნენ დახშულ მოფარდაგულს. ტახტრევანს აქლემები მოჰყვებოდნენ მკერდზე ჩამოკიდებული ეჟვნების ჟღარუნით. აქლემებს წვივებიდან მხრებამდე ოქროს ქერეჭოვანი აბჯრებით შეჭურვილი მხედრების რაზმი ერტყა გარს.       ისინი ბანაკიდან სამასი ნაბიჯის მოშორებით დადგნენ, რათა უნაგირს უკან მიკრული ბუდეებიდან მრგვალი ფარები, პირფართო მახვილები და ბეოტიური მუზარადები ამოეღოთ. მხედართა ნაწილი აქლემებთან დარჩა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს. ბოლოს გამოჩნდა რესპუბლიკის ემბლემებიც - ხის ლურჯი ლატნები, რომლებსაც ცხენის თავი ან ნაძვის გირჩები ეკეთა წვერზე. ბარბაროსები ფეხზე დადგნენ და ტაშის ცემა ატეხეს; ქალები ლეგიონერებს მისცვივდნენ და ფეხებს უკოცნიდნენ მხედართ.       ტახტრევანი თორმეტ ზანგს მოჰქონდა მხრებით. ისინი შეწყობილად, მოკლე ნაბიჯებით და სწრაფად მოდიოდნენ; მარცხნივ და მარჯვნივ ეხლებოდნენ, კარვების თოკები ებლანდებოდათ ფეხებში, მოყიალე პირუტყვი, ზედადგარები და სამფეხები უხერგავდა გზას. მოფარდაგულიდან ზოგჯერ ვიღაც ჰყოფდა მსუქან, ბეჭდებით ახორხლილ ხელს და იგინებოდა ხრინწიანი ხმით; მაშინ ზანგები ჩერდებოდნენ და სხვა გზას ადგებოდნენ.       ტახტრევანს ძოწეული ფარდები გადახადეს და გამოჩნდა ფართო ბალიშზე მისვენებული უგრძნობელი და გაბღენძილი თავი; წარბები შავი ხის ორ თაღს უგავდა, ბოლოებით შეერთებულს. ოქროს ქვიშა ბრწყინავდა მის ხუჭუჭ თმაში, ხოლო სახე ისე გაფერმკრთალებოდა, თითქოს მარმარილოს ფხვნილი წაეყარაო. ტანზე ეფინა ცხვრის საწმისები, რომლებითაც ავსილი იყო ტახტრევანი. ჯარისკაცებმა იცნეს წამოწოლილი კაცი - სუფეტი ჰანონი, ის ჰანონი, რომელმაც თავისი სიზარმაცის წყალობით წააგო ბრძოლა ეგატის კუნძულებთან; ჰეკატომპილთან რომ გაიმარჯვა და ლმობიერად მოეპყრო დამარცხებულ ლიბიელებს, ეს სიხარბით მოუვიდაო, ფიქრობდნენ ბარბაროსები, რადგანაც მან ყველა ტყვე სარფიანად გაყიდა, ხოლო საბჭოს განუცხადა - მოვაკვდინეო. ჰანონი რამდენსამე წუთს ეძებდა მოხერხებულად ადგილს, რომ იქიდან სიტყვით მიემართა ჯარისკაცებისათვის. ბოლოს ანიშნა ზანგებს და ტახტრევანი გააჩერეს. სუფეტს ორი მონა ამოუდგა მხრებში და მან ბარბაცით ჩამოდგა ფეხები მიწაზე. შავი თექის ხამლი ეცვა მას, ვერცხლის ნახევარმთვარეებით მოჩითული. ფეხები მუმიასავით თასმებით ჰქონდა გაკრული და ზოგან ხორცი მოუჩანდა გადაჯვარადინებულ სახვევებს შორის; მუცელი გადმოვარდნოდა ალისფერი ქურთუკიდან, რომელიც თეძოებს უფარავდა. ღაბაბი მკერდამდე ჩამოჰფენოდა ხარივით, ყვავილებით მოხატული ვიწრო ტუნიკა იღლიებში ასკდებოდა, რიდე ეხვია, ქამარი ერტყა და შავი, ყურთმაჯებიანი, ზონრით შეკრული მოსასხამი ეხურა. ტანისამოსის სიმრავლე, ლურჯი ქვების უზარმაზარი ყელსაბამი, ოქროს საკინძეები და მძიმე საყურეები კიდევ უფრო საზიზღარს ხდიდა მის სიმახინჯეს. მოუხეშავ კერპსა ჰგავდა, ლოდისგან გამოჩორკნილს; მკრთალი ჭორფლი, რომელიც მთელ სხეულზე მოჰფენოდა, უსიცოცხლო საგანს ამსგავსებდა, მხოლოდ ქორის ნისკარტივით მოკაუჭებული ცხვირის ნესტოები ებერებოდა ძალუმად შესუნთქვისას და შეწებებული წამწამებით შემორგული ვიწრო თვალები ფოლადივით მკაცრად უელვარებდა. ხელში ალოს ჩქიფი ეჭირა კანის მოსაფხანად.       ბოლოს ორმა შიკრიკმა ჩაჰბერა ვერცხლის საყვირებს; ჩოჩქოლი მიწყდა, ჰანონმა ლაპარაკი დაიწყო. პირველად ღმერთებს აღუვლინა ხოტბა და რესპუბლიკა ადიადა; ბარბაროსებს უნდა უხაროდეთ, რომ მათ ემსახურებოდნენო - თქვა. მაგრამ მეტი კეთილგონიერება უნდა გამოიჩინონ, მძიმე დროება დაგვიდგაო: - თუ პატრონს სამი ზეთისხილი აქვს მხოლოდ, განა სამართალი იქნება, თავისთვის ორი არ დაიტოვოსო?       ასე ანდაზებით და იგავებით ლაპარაკობდა ბებერი სუფეტი, თავს აკანტურებდა, რათა მსმენელთა გული მოეგო.       იგი პუნიკურ ენაზე მეტყველებდა, ხოლო მის ირგვლივ კამპანიელნი, გალები და ბერძნები იდგნენ (ყველაზე მარდებმა უიარაღოდ მოირბინეს) და არც ერთ მათგანს არ ესმოდა, რას ამბობდა სუფეტი. ჰანონმა შეამჩნია ეს და დადუმდა, ჩაფიქრებული მძიმედ ინაცვლებდა ფეხს და ტორტმანებდა.       ბოლოს იფიქრა, სჯობს მეთაურებს მოვუხმოო, და მისმა შიკრიკებმა ხმამაღალი ძახილით ამცნეს ჯარს ეს ბერძნულად - იმ ენაზე, რომელზედაც ქსანტიპეს დროიდან ბრძანებები გაიცემოდა კართაგენის სპაში.       მხედრებმა მათრახის ცემით დაახევინეს უკან ჯარისკაცთა ბრბოს. ბოლოს გამოცხადდნენ სპარტულ ყაიდაზე დაწყობილი ფალანგებისა და ბარბაროსთა კოჰორტების მეთაურები, რომელთაც ხარისხის შესაფერისი ნიშნები ეკეთათ და ეროვნული საჭურველი ესხათ. ღამე ჩამოწვა. მინდორზე დიდი აურზაური იდგა; აქა-იქ ცეცხლი აბრიალდა. ერთ ადგილას ვერავინ ჩერდებოდა, ყველა წრიალებდა და კითხულობდა: რა მოხდა, სუფეტი ფულს რატომ არ არიგებსო? სუფეტი მეთაურებს მოახსენებდა რესპუბლიკის გაჭირვების ამბავს: - ხაზინა ცარიელია, ხარკი, რომელსაც რომაელებს ვუხდით, ტყავს გვაძრობს, აღარ ვიცით, რა ვქნათ!.. რესპუბლიკა სავალალო დღეშიაო დროდადრო ალოს ჩქიფით იფხანდა სხეულს, სიტყვას წყვეტდა, რათა ძმარში მოდუღებული, სინდიოფალას ფერფლისა და სატაცურის ლაბა შეესვა ვერცხლის თასიდან, რომელსაც მონა აწოდებდა. მერმე ალისფერი ხელსახოცით იწმენდდა ტუჩებს და განაგრძობდა: რაც წინათ ერთი სიკლი ვერცხლი ღირდა, ახალი ოქროს სამი სიკლი ღირს. ომის დროს მიტოვებული სახნავ-სათესი აღარაფერს იძლევა! ძოწეულის სარეწი თითქმის აღარც არსებობს, ხოლო მარგალიტის ფასმა წარმოუდგენლად აიწია; ძლივსღა ვშოულობთ საკმარის ნელსულნელებას ღვთისმსახურებისათვის! სურსათ-სანოვაგეს ნუღარ იკითხავთ, - უბედურებაა! გალერები არ გვყოფნის და სანელებლები ვეღარ შემოგვაქვს, სილფიუმის შემოზიდვაც გაჭირდა კირენის საზღვარზე ამტყდარი ამბოხის გამო. სიცილია, საიდანაც წინათ უამრავი მონა შემოგვყავდა, ახლა ჩაკეტილია ჩვენთვის! გუშინ იყო სწორედ - ერთ მექისესა და ოთხ მზარეულში უფრო მეტი გადამახდევინეს, ვიდრე წინათ წყვილ სპილოში ვაძლევდი! პაპირუსის გრძელი გრაგნილი გაშალა და არც ერთი რიცხვი არ გამოუტოვებია, ისე წაიკითხა მთავრობის ყველა გასავლის ნუსხა: რამდენი დაეხარჯათ ტაძრების მომსახურებისათვის, ქუჩების მოსაკირწყლავად, ხომალდების ასაგებად, მარჯნის მოსარეწად, სისიტთა თაბუნების გაფართოებისათვის და კანტაბრიის მაღაროებში ოწინარების მოსაწყობად. მაგრამ ჯარისკაცებზე უკეთ არც მეთაურებს ესმოდათ პუნიკური ენა, თუმცა ამ ენაზე ესალმებოდნენ ერთმანეთს. ჩვეულებრივ ბარბაროსთა სპაში რამდენიმე კართაგენელ ასისთავს განაწესებდნენ ხოლმე თარჯიმნის მოვალეობის შესასრულებლად; ომის დამთავრების შემდეგ ისინი სადღაც გადაკარგულიყვნენ - შური არ იძიონო. ჰანონს არც მოჰფიქრებია თარჯიმნის წამოყვანა, თანაც ქარს მიჰქონდა მისი დახშული ხმა.       რკინისქამრებიანი ბერძნები ყურთასმენას ძაბავდნენ, ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ ჰანონის სიტყვების აზრს, ხოლო დათვებივით ბეწვეულში გამოხვეული მთიელები უნდოდ შეჰყურებდნენ და ამთქნარებდნენ, თითბრის სამსჭვლებიან კომბლებზე დაყრდნობილნი. გალები ყურადღებას აქ აქცევდნენ სუფეტს, მასხრად იგდებდნენ და სიცილით არხევდნენ გრუზა ქოჩრებს, უდაბნოს ქვეყნელნი უძრავად იდგნენ და ისე უსმენდნენ, ნაცრისფერი შალის სამოსი მჭიდროდ შემოეხვიათ ტანზე. უკნიდან თანდათან ემატებოდათ მსმენელნი, ჰანონის მხედრები, რომელთაც ბრბო ავიწროებდა, ირყეოდნენ ცხენებზე. ზანგებს ნაძვის ანთებული კვარები ეჭირათ, ხოლო ღიპიანი კართაგენელი ბალახით შემოსილ ბორცვებზე შემდგარიყო და გულისგამაწყალებლად ქაქანებდა.       ბარბაროსებს მოთმინების ფიალა აევსოთ, ბუზღუნი იწყეს, უკმეხად აწყვეტინებდნენ სიტყვას. ჰანონი თავის ჩქიფს აქნევდა; ბარბაროსთაგან ზოგი ცდილობდა ხმამაღალი შეყვირებით დაეჩუმებინა სხვები და ეს უფრო აძლიერებდა ხმაურს.       უეცრად ერთი ჩია კაცი მიიჭრა ჰანონთან, გამოჰგლიჯა საყვირი შიკრიკს და ჩაჰბერა. ამით სპენდიუსმა (ეს სპენდიუსი იყო) ამცნო ხალხს, რომ ფრიად მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი. მან სწრაფად განაცხადა ეს ხუთ სხვადასხვა ენაზე, ბერძნულად, ლათინურად, გალურად, ლიბიურად და ბალეარულად. ოდნავ განცვიფრებულმა მეთაურებმა ღიმილით შესძახეს „ თქვი! თქვი!“       სპენდიუსი შეყოყმანდა. ცახცახებდა. მერმე, რადგანაც ბრბოს უმეტესობას ლიბიელნი შეადგენდნენ, მათ მიმართ: ყველამ გაიგონეთ ამ კაცის საშინელი მუქარა? ჰანონი არ აღშფოთებულა, მაშ არა სცოდნია ლიბიური; სპენდიუსმა ცდა განაგრძო და სხვა ბარბაროსულ ენებზედაც გაიმეორა იგივე ფრაზა.       მსმენელნი განცვიფრდნენ, შემდგომ ყველა, თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენო, ან თუ ეგონათ - გავიგეთო, თანხმობის ნიშნად დახარა თავი.       მაშინ სპენდიუსმა მღელვარე ხმით განაგრძო: ამან პირველად თქვა, რომ სხვა ტომთა ღმერთები აჩრდილნიღა არიან კართაგენის ღმერთთა წინაშე! მხდლები, ქურდები, მატყუარები, ძაღლები და ძაღლისშვილები ხართო, გითხრათ! თქვენ რომ არ ყოფილიყავით, რესპუბლიკა იძულებული არ გახდებოდა რომაელებისთვის ხარკი ეხადაო, ასე თქვა! თქვენი შემოსევის გამოისობით გამოგველია ნელსაცხებელი, მონები და სილფიუმი, კირენის საზღვარზე მოსახლე მომთაბარეებთან შეჰკარითო პირი და იმიტომ! მაგრამ დამნაშავენი დაისჯებიანო! წაგიკითხავთ სასჯელთა ნუსხა - ქუჩებს მოგაკირწყვლინებთ, ხომალდებს შეგაჭურვინებთ, სისიტთა სახლებს დაგალაგებინებთ, სხვებს კანტაბრის მაღაროებში გავგზავნითო მიწის სათხრელად. სპენდიუსმა გაუმეორა იგივე გალებს, ბერძნებს, კამპანიელებს, ბალეარელთ მეომრებს ეცნაურათ ზოგიერთი სიტყვა, რომელიც ყურში ჩარჩენოდათ და დარწმუნდნენ, რომ სპენდიუსი ზუსტად გადმოსცემდა სუფეტის ნალაპარაკევს. რამდენიმემ დაუძახა: „ტყუიო“, მაგრამ მათი ხმა საყოველთაო ალიაქოთმა და ჩოჩქოლმა ჩაახშო. სპენდიუსმა დაუმატა: ხომ დაინახეთ, რომ ბანაკს გარეთ დატოვა თავისი მხედრების ნაწილი? საკმარისია ნიშანი მისცეს, რომ მოგვცვიდნენ და ყელი გამოგვღადრონ ყველას! ბარბაროსები იმ მხრისკენ მიბრუნდნენ, და, როდესაც ბრბო გაიშალა, დაინახეს წელში მოკაკული, გაძვალტყავებული, სავსებით შიშველი და აბურძგნილი, ჭუჭყიანი, ხმელი ფოთლებითა და ნამჯით ავსებული თმით წელამდე დაფარული ადამიანის მსგავსი არსება, რომელიც ძლივსღა მოლასლასებდა, აჩრდილივით. წელზე და მუხლებზე ბზეში აზელილი თიხა შემოეგლისა და ტილოს ნაფლეთები ეხვია; დანაოჭებული და ჭუჭყისფერი კანი ისე ეკიდა გამხდარ მკლავებზე, როგორ კონკები ხმელ ტოტებზე, ხელები განუწყვეტლივ უცახცახებდა, ძლივსღა მოკელანობდა, ზეთისხილის ჯოხს დაყრდნობილი.       იგი მიუახლოვდა ზანგებს, რომელთაც ხელში ჩირაღდნები ეჭირათ მერმე სულელივით გაიღრიჯა და მკრთალი ღრძილები გამოაჩინა. ფართოდ დაჭყეტილი, შეშინებული თვალებით შესცქეროდა ირგვლივ შემოჯარულ ბარბაროსთა ბრბოს.       უეცრად ძრწოლით შეჰყვირა და უკანვე გაიქცა, ბარბაროსთა ზურგს ამოეფარა, ენადაბრკმობით აბუტბუტდა: „აი, ისინი! ისინი! „ და უთითებდა სუფეტის მხედრებზე, რომელნიც უძრავად იდგნენ და აბჯარი უბრჭყვიალებდათ. ჩირაღდნები ტკაცატკუცით ბრიალებდნენ სიბნელეში, ცხენებს სინათლე თვალსა სჭრიდათ და ყალყზე დგებოდნენ. ლანდად ქცეული კაცი მკერდზე ხელს იბრაგუნებდა და ღმუოდა: ამათ მოკლეს ისინი!       ამ სიტყვებზე, რომელსაც იგი ბალეარულად გაიძახოდა, ბალეარელნი მოცვივდნენ და იცნეს. ის კი პასუხს არ აძლევდა თვისტომთ და იმეორებდა: დიახ, ყველა მოკლეს, ყველა! ყურძნის კუმპლებივით დაჭყლიტეს, რა მშვენიერი ჭაბუკები იყვნენ! მეშურდულენი! ჩემი და თქვენი ამხანაგები!       საცოდავს ცოტა ღვინო დაალევინეს და ტირილი დაიწყო; შემდეგ სულმოუთქმელად ალაპარაკდა.       სპენდიუსი ძლივს იკავებდა სიხარულს - ბერძნებსა და ლიგურიელთ უთარგმნიდა ზარქსასის საზარელ ნაამბობს; დაუჯერებლადაც კი ეჩვენებოდა, ისე დაემთხვა ეს მის ნათქვამს. ბალეარელთ ფერი დაეკარგათ, როცა გაიგეს, თუ როგორ ამოეჟლიტათ მათი ამხანაგები.       ეს ყოფილა ის რაზმი, რომელშიაც სამასი მეშურდულე შედიოდა და გამოსვლის წინა დღეს ჩამოვიდა ზღვით. დაღლილებს დილით გვიან გაღვიძებიათ. ქამონის მოედანზე რომ მოსულან, როქის ჯარი წასული დახვედრიათ. თავდაცვაც კი აღარ შეეძლოთ - მათი თიხის სატყორცნები აქლემებზე აეკიდებინათ დანარჩენ ბარგთან ერთად და სპას გაჰყოლოდა; საბრალონი სათების ქუჩაზე გაუტარებიათ კართაგენელებს და თითბრით შეჭედილ მუხის კარიბჭემდე მიუშვიათ; იქ კი მთელი ხალხი დახვევია ერთობლივ. დახოცილ ბალეარელთა ცხედრები ქამონის ტაძრის კედლის გასწვრივ მდგარი პატეკი ღმერთების მკლავებზე დაუწყვიათ კართაგენელთ; მათთვის დაუბრალებიათ დაქირავებული ლაშქრის ყველა დანაშაული: გაუმაძღრობა, ქურდობა, ურწმუნოება, უკადრისობა და თევზთა ამოჟლეტა სალამბოს მტილოვანში. მკვდრები სამარცხვინოდ დაუსახიჩრებიათ; ქურუმები თმებს უხუკავდნენ თურმე, რათა დატანჯულიყო მათი სულიც; ყასბებს ჩანგლებზე ჩამოუკიდებიათ ასო-ასო აქნილი გვამები, ზოგიერთი კბილებითაც ღეჭავდა თურმე; გზაჯვარედინზე კოცონები აუნთიათ, რათა მათი სიმსილაც გაექროთ. ეს ის ცეცხლი იყო, ტბის იქითა კიდეზე რომ გიზგიზებდა იმ ღამით. ცეცხლი ზოგიერთ სახლსაც მოსდებია და ამიტომ დანარჩენი ცხედრებიცა და მომაკვდავებიც სასწრაფოდ გადმოუყრიათ ქალაქის კედლებიდან; ზარქსასი მეორე დღემდე ლელიანში დამალულა ტბის პირას. მერმე მინდვრებში უხეტიალია, მტვრიან გზებზე უძებნია ლაშქრის ნაკვალევი. დილდილობით გამოქვაბულებს აფარებდა თავს, შებინდებისას ისევ დაადგებოდა გზას, იარებიდან სისხლი სდიოდა, შიმშილით კუჭი უხმებოდა თურმე. ბოლოს ერთ დღეს ჰოროლებისთვის მოუკრავს თვალი ცისკიდურზე და უკან გამოჰყოლია, შიშისა და გაჭირვებისგან ჭკუიდან აბორგდნენ, უნდოდათ ამოეჟლიტათ კართაგენელი მხედრები და ჰანონიც ზედ მიეყოლებინათ. ზოგიერთნი წინ გადაუდგნენ - ჯერ გავიგოთ, ჯამაგირს გადაგვიხდიან თუ არაო.       - ჩვენი ფული! ჩვენი ფული! - აყვირდა ყველა       ჰანონმა უპასუხა, მოგიტანეთო.       მაშინ ბარბაროსები წინა სიმაგრეებისკენ გაიქცნენ და სუფეტის საბარგული კარვებთან მოიტანეს; მონებს აღარ დაუცადეს, სასწრაფოდ გახსნეს კალათები. ფირუზისფერი კაბები, ღრუბელი, საფხეკები, ჯაგრისები, ნელსაცხებლები, თვალების მოსახატავი სურმის ჩხირებიღა შერჩათ ხელთ. ყოველივე ეს ფუფუნებას დაჩვეულ მდიდარ მხედრებს ეკუთვნოდა. ბრინჯაოს უზარმაზარი როფიც კი აეკიდებინათ აქლემისათვის. სუფეტს წამოეღო, რათა გზაში ებანავა. იგი ყოველნაირად უფრთხილდებოდა თავს - ჰეკატომპილის სინდიოფალებიც კი წამოეყვანა გალიებით რომელთაც ცოცხლად წვავდნენ სამკურნალო შესამზადებლად.       ისეთი სენი სჭირდა, რომ ვერაფრით იყორავდა მუცელს და წამოეღო უამრავი სანოვაგე და ღვინო, წათხებსა და თაფლში ჩაწყობილი ხორცი და თევზი, გადამდნარი ბატის ქონით ავსებული კომაგენური ქოთნები, რომელსაც დაკეპილ თივაში არეული თოვლი ეყარა ზემოდან. ბატის ქონი ბლომად მოემარაგებინა სუფეტს - ყოველ ძარში პოულობდნენ კომაგენურ ქოთნებს და ყოველი მხრიდან შემოჯარული ბარბაროსების ხარხარი ტალღებივით ეფინებოდა არეს.       ხოლო როქის სპის ჯამაგირი თხილის შტოებისგან მოწნულ ორ ძარსაც არ ავსებდა პირთამდე. ერთ მათგანში ტყავის რგოლებიც კი ეყარა. რასაც რესპუბლიკა ლითონის ფულის სანაცვლოდ ხმარობდა ოქრო- ვერცხლის დასაზოგავად. განცვიფრებულ ჯარისკაცებს ჰანონმა განუცხადა, თქვენი ჯამაგირი ძნელი საანგარიშებელია, უხუცესებმა ვერ მოიცალეს და ჯერჯერობით ესღა გამომატანესო.       მაშინ ყველაფერი დაამხეს და გადაჯეგეს ბარბაროსებმა - ჯორები, მსახურნი, ტახტრევანი, სანოვაგე, ბარგი. პეშვებით იღებდნენ ფულს კალათებიდან და ჰანონს აყრიდნენ ცხვირ-პირში. სუფეტი ძლივს შეაბობღდა ვირს, კისერზე ჩაებღაუჭა და გარეკა; ღმუილითა და ტირილით ირხეოდა სულდაღებული და წყევლიდა და კრულავდა ბარბაროსებს. მკერდზე ჩამოკიდებული ფარღული ყურებამდე უხტოდა, გრძელი მოსასხამი, რომელიც უკან მისთრევდა, კბილებით ეჭირა. ბარბაროსები შორიდან მისძახოდნენ: - წაეთრიე, ლაჩარო! ღორო! მოლოქის ღარღანავ! წაეთრიე შენი ოქროიან-ჭირიანად უფრო სწრაფად მოუსვი, უფრო სწრაფად!       თავგზააბნეული მხედრები ჭენებით გაჰყვნენ სუფეტს.       მაგრამ გამძვინვარებული ბარბაროსები არ დამშვიდებულან. მოაგონდათ, რომ ზოგი მათგანი კართაგენს წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, მოაკვდინეს უეჭველად. ამოდენმა უსამართლობამ გააშმაგა სპა. კარვების ბოძკინტებს მისცვივდნენ, თხრიდნენ, მოსასხამებს ახვევდნენ, ცხენებს კაზმავდნენ; მუზარადებსა და ხმლებს დაავლეს ხელი და ერთ წუთში გაემზადნენ სალაშქროდ, ვისიც იარაღი არ აღმოჩნდა, ჭალაში გავარდა კეტების მოსაჭრელად. თენდებოდა. სიკას მოსახლეობას გაღვიძებოდა და ქუჩებში დაძრწოდა. კართაგენზე ილაშქრებენო, - გავარდა ხმა და მთელ მხარეს მოედო. ყოველის მხრიდან მოდიოდა ხალხი, ღრანტეებზე დაკლაკნილი ბილიკებით მოემართებოდნენ, მწყემსები ჩამორბოდნენ გორაკებიდან. როცა ბარბაროსები წავიდნენ, პუნიკურ ულაყზე ამხედრებულმა სპენდიუსმა დაიარა მინდორი, თან მონა ახლდა, რომელსაც მარქაფად მესამე ცხენი მიჰყავდა.       ერთადერთი კარავი დარჩენილიყო აუშლელი. სპენდიუსი შიგ შევიდა.       - ადექი, პატრონო! ადექი! გავდივართ!       - საით? - ჰკითხა მათომ.       - კართაგენისკენ! - უპასუხა სპენდიუსმა       მათო მოახტა ცხენს, რომელიც მონამ დაახვედრა შესასვლელთან. თავი მესამე. სალამბო       მთვარე ამოვიდა ზღვის ტალღების დონეზე და ჯერ ისევ წყვდიადით დათქმულ ქალაქში აცრიატდა ნათლის თეთრი ლაქები; სადღაც ეზოში დაგდებული გუთნის რვილი, თოკზე გაკიდებული ტილოს კონკები, კედლის კუთხე, ოქროს ფარღული კერპის მკერდზე. აქა-იქ ტაძრის სახურავებზე ალმასებივით აბრჭყვიალდა მინის ბირთვები. მკრთალად გამოკვეთილი ნანგრევები, შავი მიწის ნაყარი და ბაღები ქუფრად ჩაბნელებულიყო, ხოლო მალქის ქვემო მხარეს, სახლებს შუა, გაკიდებული სათევზაო სათხევლო უზარმაზარ ფრთაგაშლილ ღამურებს ემსგავსებოდნენ. მიმწყდარიყო წყალსაქაჩი თვლების ჭრიალი, რომელთა მეშვეობითაც სასახლეების ზედა სართულებზე აჰყავდათ წყალი. ტერასებზე სირაქლემებსავით მუცელზე გაწოლილიყვნენ აქლემები და ისვენებდნენ; მეკარეებს ზღურბლებთან ეძინათ ქუჩებში, უკაცრიელ მოედნებზე კერპების ჩრდილი გაწოლილიყო. ხანდახან შორს ბრინჯაოს კრამიტებიდან ჯერაც მღვივანი სამსხვერპლოს კვამლი ამოიბოლქვებოდა, ხოლო ნელ ნიავს სურნელთან ერთად ზღვის ბალახების სუნი მზეზე გახურებული კედლების ანაორთქლი მოჰქონდა. კართაგენის ირგვლივ გაქვავებული წყლის ზედაპირი ელვარებდა - მთვარე ერთსა და იმავ დროს გორაკებით გარშემორტყმულ ყურესაც აფენდა შუქს და ტუნისის ტბასაც. სადაც დასილულ თავთხელებზე ვარდისფერი ფლამინგოები გამწკრივებულიყვნენ, გრძლად, ხოლო უფრო შორს, კატაკომბებთან, ვრცელი მარილოვანი ყურე ციმციმებდა ვერცხლის ფირფიტასავით. ლურჯი ცის თაღი, ერთის მხრივ, დაბლობზე ამდგარ მტვრის ბუღს ერთვოდა დასალიერზე, მეორე მხარეს - ზღვაზე დამდგარ ნისლს; აკროპოლის ზეთავზე ეშმუნის ტაძრის ირგვლივ აწოწილი კვიპაროზები ირწეოდნენ და შრიალებდნენ, როგორც ზვირთები, ზანტად რომ ესხმოდნენ ჯებირს მიწაყრილის ძირას.       სალამბო თავისი სასახლის ტერასაზე ავიდა. მხევალი შველოდა, გაღვივებული ნაკვერცხლები მოჰქონდა რკინის ლანგრით.       შუა ტერასაზე სპილოს ძვლის პატარა სარეცელი იდგა, ჯიქის ტყავგადაფარებული. ზედ ელაგა თუთიყუშის, ღვთაებათადმი შეწირული გულთმისანი ფრინველის, ბუმბულისაგან გაკეთებული ბალიშები. სარეცლის ოთხსავე კუთხეში ნელსურნელებით, საკმევლით, დარიჩინითა და ნარდით ავსებული მაღალი მუჯამრები იყო აღმართული. მხევალმა ცეცხლი შეუგზნო ნელსაკმეველს. სალამბომ ჩრდილოეთის ვარსკვლავს მიაპყრო მზერა, თაყვანი სცა ნელიად ცის ოთხსავე კიდეს და დაიჩოქა იატაკზე, რომელიც ცის კამარის მიმსგავსებით ოქროს ხვიჭაარეული ცისფერი ფხვნილით იყო მოფენილი. შემდეგ იდაყვები ფერდებზე მიიკრა, ხელები წინ გაიშვირა და თითები გაშალა, თავი უკან გადააგდო - პირსახე მთვარის შუქს მიუშვირა და საწყალობელი ხმით წარმოთქვა, თითქოს ვიღაცას უხმობდა: ო, რაბეთნა!.. ბაალეთ!.. ტანიტ!.. ანაიტის!.. ასტარტე! დერკეტო! ასტორეთ! მილიტა! ათარა! ელისა! ტირათა!.. ფარული ნიშნებით, მჟღერი სისტრებით, მიწის ორნატებით, მარადიული დუმილით და მარადიული ნაყოფიერებით გესალმები, ბნელი ზღვისა და ლაჟვარდოვანი სანაპიროების მეუფევ, წყლის დედოფალო!       ორჯერ თუ სამჯერ შეირხა მთელი ტანით, შემდეგ ხელები გაშალა და ჩაემხო მტვერში.       მხევალმა მარდად წამოაყენა, რადგან, ღვთისმსახურების წესის თანახმად, ვინმე სხვას უნდა აეყენებინა მიწაზე გართხმული მლოცველი იმის ნიშნად, რომ ღმერთებმა შეისმინეს მისი მუდარა. სალამბოს გამდელი გულმოდგინედ ასრულებდა ყოველთვის ამ ღვთის სათნო ვალს. სავსებით ბალღი ყოფილა იგი, როცა დარიტიის გეტულიელ ვაჭრებს ჩამოუყვანიათ კართაგენში. გააზატების შემდგომაც არ ინდომა თავისი გაზრდილის მიტოვება. ეს იმაზედაც ეტყობოდა, რომ მარჯვენა ყურის ბიბილო გაეხვრიტა. თეძოებზე შემოჭერილი, ფერად ზოლებიანი, კოჭებამდე ჩამოშვებული ქვედაკაბა ეცვა, ფეხებზე კალის რგოლები ეკეთა, უგერგილო სახეც ყვითელი ჰქონდა თავის ტუნიკასავით; უკან გრძელი ქინძისთავები ჩაემაგრებინა თმებში მარაოს დარად, ცალ ნესტოში მარჯნის ჩხირი გაერჭო და ჰერმასავით უძრავად იდგა თვალებდახრილი. სალამბო ტერასის კიდეს მიუახლოვდა. თვალი მოავლო ცის დასალიერს, შემდეგ მიძინებულ ქალაქს გადახედა და ღრმად ამოიოხრა, მკერდი შეერხა და აუფრიალდა გრძელი თეთრი სიმარა, რომელიც ისე ებურა, უსაკინძოდ და უსარტყელოდ, ჭვინტიანი სანდლები მთლიანად ზურმუხტით ჰქონდა მოკენჭილი, გაშლილი თმები ძოწეული მაქმანით აეკრა. ისევ ზეაიღო თავი მთვარის საჭვრეტად და ჩურჩულით დაიწყო, შიგადაშიგ საგალობელთა ნაწყვეტებს ურთავდა: რა მსუბუქად დაცურავ იგავმიუწვდომელი ეთერის ტალღებში, შენს ირგვლივ რომ კამკამებს! შენა ხარ ქართა და ცვართა გამრიგე. შენს კლებასა და გავსებასთან ერთად ვიწროვდება და ფართოვდება კატის თვალები და ავაზას რუხი ლაქები. შობის ტკივილებით გათანგული მშობიარენი გაჰკივიან შენს სახელს! შენ ზრდი ნიჟარებს! ადუღებ მაჭარს! ხრწნი ცხედრებს! ქმნი მარგალიტის ზღვათა სიღრმეში!       და ყოველი ჩანასახი შენს ნოტიო და ბნელ წიაღში ღვივდება ქალღმერთო!       როდესაც მოგვევლინები, სიმშვიდე ეფინება დედამიწას; ყვავილები იხუჭებიან, ზვირთები ცხრებიან, დამაშვრალი ადამიანები გულაღმა იძინებენ შენკენ მკერდმოშვერილნი და მთელი ქვეყანა, თვისი ოკეანეებით და მთებით, იყურება შენს სახეში, როგორც სარკეში. თეთრი ხარ, ნაზი, სხივნათებული, უბიწო, მშველი, განმწმედელი და წყნარი!...       ნამგალა მთვარე ცხელი წყაროების გორაკს გასწორებოდა და უნაგირას შუა მოჩანდა ყურის მეორე მხარეს. მის ქვემოთ პატარა ვარსკვლავი ბრჭყვიალებდა, მკრთალ შარავანდში, რომელიც ირგვლივ ეფინა მნათობს. სალამბომ განაგრძო: საშინელიც ხარ, მეუფეო!.. ურჩხულებს, შემზარავ ლანდებს და მატყუარა სიზმრებსა ბადებ. შენი თვალები ჭამენ ნაგებობათა ქვებს და მაიმუნებს ასნეულებ შენი ყოველი განახლებისას. მაინც სად მიხვალ? რატომ იცვლი მარადდღე სახეს? ხან გაწლობილი და მოდრეკილი მიცურავ სივრცეში უიალქნო გალერასავით, ხანაც მწყემსს ჰგავხარ, ვარსკვლავთა შორის, მწყემსავ ფარას. ბრწყინვალე და მრგვალი ეტლის თვალივით დაგორავ მწვერვალებზე.       ო, ტანიტ! ხომ გიყვარვარ? აუ, რამდენი მიჭვრეტია შენთვის! მაგრამ, არა! შენ ლაჟვარდებში დანავარდობ, მე კი ისევ ამ უძრავ მიწაზე მტოვებ.       ტაანაქ, ნებალი აიღე და დაუკარ ჩუმად ვერცხლის სიმზე, გული დამიმწუხრე. მხევალმა ასწია ეკალმუხისაგან გამოთლილი საკრავი, რომელიც ქნარს ჩამოჰგავდა, მაგრამ უფრო მაღალი და სამკუთხა იყო, ააწყო და ორივე ხელი ჩამოჰკრა ძალებს.       ყრუ ბგერები სწრაფად მოსდევდნენ ერთიმეორეს, ფუტკრებივით ბზუოდნენ, ხმოვანები ემატებოდათ და ტალღების ჩივილთან და აკროპოლის დიდი ხეების შრიალთან ერთად მიფრინავდნენ წყვდიადში.       გაჩერდი! - შესძახა სალამბომ.       რა მოგივიდა, ქალბატონო? ნიავის წამოქროლება თუ ღრუბლის გადავლა, ყველაფერი შენ გაშფოთებს და გაწუხებს!       აბა, რა ვიცი! - უთხრა სალამბომ.       ხანგრძლივი ლოცვით იქანცავ თავს! ოჰ! ტაანაქ, ყვავილი რომ დნება ღვინოში, ისე მინდა ლოცვაში გავქრე!       იქნებ საკმევლის კვამლი გვნებს? არა! - მიუგო სალამბომ, - ღმერთთა სული ბუდობს სურნელში. მაშინ მამის შესახებ გაუბა საუბარი მხევალმა. ფიქრობდნენ, რომ ის მელქარტის სვეტს გადაღმა იყო წასული, ქარვის ქვეყანაში. თუ ვეღარ დაბრუნდა, - ეუბნებოდა მხევალი - უხუცესთა ვაჟებს შორის უნდა აირჩიო საქმრო, ასე დაიბარა, და შენი სევდა განქარდება მამაკაცის მკლავებში. როგორ? - იკითხა ქალწულმა. ყველა მამაკაცი, ვინც კი აქამომდე ენახა, ძრწოლასა ჰგვრიდა მხეცური, ცხოველური ღრეჭითა და უხეში სხეულით. ხანდახან, ტაანაქ, ჩემი არსების სიღრმიდან რაღაც ცხელი, ვულკანის ბოლოზე მძიმე ბურუსი მომაწვებოდა, სხვა ხმები მესმის, ცეცხლის ბირთვი მიტრიალებს მკერდში, მახრჩობს. სიკვდილის პირამდე მივყავარ. მერმე რაღაცნაირი სიტკბოება თავთ ფეხებამდე დამივლის ტანში... რაღაც შემომეხვევა ალერსით და გულზე მაწვება; თითქოს ღმერთი გარდმოსულიყოს ჩემზე. ოჰ! როგორ მინდა ღამეულ ნისლს შევერიო, ნაკადულთა ჩქერს, ხეების წვენს შევენივთო, განვიძარცვო სხეულისაგან და მხოლოდ სუნთქვა ვიყო, მხოლოდ სხივი და ავფრიალდე, შენამდე ავმაღლდე, დედაო!       ხელები ზეაღაპყრო, აღიმართა. მთვარესავით მკრთალი და მსუბუქი ჩანდა თავის გრძელ სამოსელში. შემდეგ სულშეხუთული ქალი სპილოს ძვლის სარეცელზე დაემხო ისევ. ტაანაქმა შიშის გასაქარვებლად ქარვისა და დელფინის ღოჯების ფარღული შეაბა კისერზე, სალამბომ ძლივს გასაგონი ხმით უთხრა: წადი, შაჰაბარიმს მიხმე!       ჰამილკარს არ უნდოდა, რომ სალამბო ქურუმ ქალთა თაბუნში შესულიყო, ან თუნდაც ის სცოდნოდა, თუ როგორ წარმოედგინა ხალხს ტანიტი. უნდოდა ისე გაეთხოვებინა, რომ ქალიშვილის ქორწინება თავის პოლიტიკაში გამოსდგომოდა. და ამიტომ იყო, სალამბო მარტოდმარტო ცხოვრობდა სასახლეში, დედამისი დიდი ხანია აღარ იყო ცოცხალთა შორის.       თვითგვემის, მარხულობისა და სულისმარგებელი ლოცვის ატმოსფეროში გაიზარდა ქალწული, მუდამ მშვენიერი და დიდებული ნივთები ერტყა ირგვლივ, სხეული ნელსურნელებით ჰქონდა გაჟღენთილი, სული - ლოცვებით. არასოდეს მოესვა ღვინო, არც ხორცი ეჭამა, არც ბილწ ცხოველს მიჰკარებოდა და არც რომელიმე გარდაცვლილის ოჯახში შეუდგამს ფეხი ოდესმე. უხამსი ხატი რა იყო, არ იცოდა; ყოველი ღმერთი ხომ განსხვავებული სახით ევლინება ქვეყანას, ხოლო ერთსა და იმავ ღვთაებრივ არსს წინაუკმოდ, სხვადასხვაგვარად ეთაყვანებიან. სალამბო ტანიტის ციურ ხატებას ეთაყვანებოდა, და მთვარეც თავის ძალას სცდიდა ქალწულზე: როდესაც დამცხრალი იყო, სალამბოც მისუსტდებოდა; მთელ დღეს მოთენთილი ქალი საღამოობითღა ხალისდებოდა. მთვარის ერთ-ერთი დაბნელების ჟამს კინაღამ მოკვდა. ეჭვიანი რაბეთი შურს იძიებდა იმისათვის, რომ სალამბოს სიქალწულე მას არ შესწირეს და აწამებდა ასულს მწველი ვნებით. სალამბოს გაურკვეველ სურვილებს რწმენა ერთვოდა და კიდევ უფრო აცხოველებდა მის ვნებებს.       ჰამილკარის ასული გამუდმებით ფიქრობდა ტანიტისათვის. გაეცნო მის თავგადასავალსა და მოგზაურობათა ამბავს, შეისწავლა მისი ყველა სახელი და განუწყვეტლივ იმეორებდა; არ კი უწყოდა, რომ ყოველ მათგანს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქალწულს სურდა ტანიტის ტაძრის იდუმალ საგანძურში შეეღწია როგორმე და ბრწყინვალე მოსასხამით შებურული მთვარის ძველისძველი კერპი ეხილა - ამ მოსასხამზე იყო დამოკიდებული კართაგენის ბედი. ღვთაება და მისი გამოსახულება ერთმანეთისაგან გარკვევით არ განიყოფოდნენ ქალის წარმოდგენაში და ხატის ხილვა ან მისთვის ხელის შევლება ღვთის ძლიერების ნაწილს მომანიჭებსო, ქალღმერთი ერთგვარად დამმორჩილდებაო, ეგონა.       სალამბო შემობრუნდა. ეუცნაურა ოქროს ეჟვნების წკრიალი, რომლებიც შაჰაბარიმს ეკიდა სამოსლის ქობაზე.       შაჰაბარიმი კიბეზე ამოვიდა, ტერასის ზღურბლთან შედგა მკლავებდაჭდობილი. ღრმად ჩაცვენილი თვალები ეკვდერის ლამპარებივით უელვარებდა; მაღალი, ხმელი ტანი ჩაჰკარგოდა სელის კაბაში, რომელიც წვივებამდე ეშვებოდა და ქობაზე ჩამორიგებული ეჟვნებითა და ზურმუხტის თვლებით იყო დამძიმებული. სხეული - დაძაბუნებული, კეფა - მრუდე და ნიკაპი გამხმარი ჰქონდა. კანი გასციებოდა, ჩაყვითლებული სახე თითქოს გამუდმებულ წადილსა და მწუხარებას დაეღარა ღრმა ნაოჭებით.       ტანიტის ქურუმთუხუცესი და სალამბოს მოძღვარი იყო იგი.       თქვი! - უთხრა მან ქალწულს, - რა მოგსურვებია?       ვიმედოვნებდი... შენ ხომ თითქმის დამპირდი... - სალამბოს ენა ებმოდა მღელვარებისგან, შემდეგ მტკიცედ უთხრა: - რად გძულვარ? ხომ არაფერი დამვიწყებია ღვთისმსახურებისას? ჩემი მოძღვარი ხარ და მრავალგზის გითქვამს, რომ ჩემსავით არავინ ჩასწვდომია ტანიტის სჯულს. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც არ გსურს გამიმხილო, ხომ მართალს ვამბობ მამაო? შაჰაბარიმს მოაგონდა ჰამილკარის დანაბარები და მიუგო: არა, მეტი არაფერია სათქმელი!       რომელიღაც სული შთამაგონებს მის სიყვარულს. - განაგრძო ქალმა, - ცდომილთა და სულთა ღვთაების ეშმუნის კიბეზედაც ავფორთხებულვარ, ტვიროსის ახალშენების მეუფის, მელქარტის, ოქროს ზეთისხილის ხის ძირასაც მძინებია, სინათლისა და ნაყოფიერების ღმერთის ბაალ-ქამონის ბჭეებსაც მივახლებივარ, ტყეების, ქართა, ყვავილებისა და მთების ღმერთების - ქვესკნელის ქაბირებისათვისაც შემიწირავს მსხვერპლი, მაგრამ ყველა ესენი ძალზე შორეულნი, მაღალნი და შეუცნობელნი არიან, გესმის? ხოლო ტანიტი და ჩემი სიცოცხლე განუყოფელია. მისით ამვსებია სული და შინაგანი სწრაფვა მათრთოლებს, თითქოს იგი ფეთქავს ჩემს სულში, უნდა თავი აიშვას. მგონია თითქოს ეს-ესაა შემომესმება მისი ხმა, ვიხილავ მის სახეს; ელვარება მჭრის თვალს, შემდეგ ისევ მეხვევა წყვდიადი.       შაჰაბარიმი დუმდა. სალამბომ ყვედრებით მიაპყრო თვალი.       ბოლოს ქურუმმა ანიშნა ქალწულს - დაეთხოვა მოახლე. რომელიც არ ეკუთვნოდა ქანაანელთა ტომს. ტანააქი გაქრა. შაჰაბარიმმა ხელი ცისკენ აღაპყრო და დაიწყო: სანამ ღმერთები მოევლინებოდნენ სამყაროს, წყვდიადი იყო მხოლოდ და სუნთქვა ქროდა, მძინარე კაცის შეგნებასავით მძიმე და ბუნდოვანი. შემდგომ წყვდიადი შედედდა, წადილი და ღრუბელი წარმოიქმნა, ხოლო წადილისა და ღრუბლისაგან გამოვიდა პირველყოფილი მყარი. ეს იყო შავი ყინულივით ცივი, ღრმა და ჭუჭყიანი წყალი, რომელიც იმ უგრძნობელ ნაწილებს შეიცავდა, ტაძრების კედლებზე რომაა გამოსახული.       მერმე მყარი შენივთდა და კვერცხად იქცა. კვერცხი გატყდა, ერთი ნახევრისაგან მიწა წარმოიქმნა, მეორისგან - ცარგვალი. მზე, მთვარე, ქარი და ღრუბლები გაჩნდა; მეხის გრუხუნზე გონიერმა არსებებმა გამოიღვიძეს. მაშინ ვარსკვლავების სფეროზე ეშმუნი გაიფოფრა; მზეზე ქამონი გამობრწყინდა, მელაქარტმა თვისი მკლავებით გადააგორა იგი გადესს იქით, ქაბირებმა ვულკანებში ჩაიბუდეს და რაბეთნა გადიასავით გადმოიხარა სამყაროსაკენ, რძესავით გადმოაღვარა სინათლე და მოსასხამივით შემოახვია ღამე. გაგრძელება → გუსტავ ფლობერი …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:15pm on იანვარი 28, 2015
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი 3 მოწონება

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი 3 მოწონება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!