შველი მარტო იყო. მარტო დადიოდა ზამთრის დანაღვლიანებულ ტყეში, წიწკნიდა ნედლად შემორჩენილ ბალახებს, კვნეტდა ნორჩ ყლორტებს, მწვანედ უქაფდებოდა პირი. ჩადიოდა ჩაღრმავებულში, ხმელი ფოთლებით სავსე ოდნავ ჩაბინდულ ხევში, დაეწაფებოდა პაწაწინა ტალღების ლიცლიცით მიმავალ მოშავო წყალს. სკუპით გადახტებოდა იმ წყალზე, ავიდოდა მაღლა, გაჩერდებოდა, იხედებოდა აქეთ-იქით, თუკი საეჭვოს არაფერს იგრძნობდა, ჩუმად დაიხავლებდა: _ ბეე! ბეე! _ არავინ გამოეპასუხებოდა და ისევ წავიდოდა, ისევ მისწიწკნიდა ბალახებს. ამოირჩევდა მთლად დიდ ხეს, იქაც დააყურადებდა, შეციებულივით აიღებდა და ფრთხილად დადგამდა ფეხს. მერე ჩაიკრიფებოდა ხის ძირში, იწვა, სთვლემდა, მშვიდად სუნთქავდა, მაგრამ თვალებს მაინც მალ-მალე ახელდა. გაახელდა, თავაწეული გაჰყურებდა ტყეს, ხეების მაღლა ჩამოქუფრულ ცას. ცას რაღაც ცუდი სამზადისი ჰქონდა. დამძიმებული ღრუბლები დაბლა-დაბლა იწევდნენ, ედებოდნენ მაღალი წიფლების კენწეროებს, თითქოს მოჩურჩულებდნენ კიდეც. შველი მაინც ხუჭავდა თვალებს. ჩამოიარა ღმუცუნით, შლაგაშლუგით ღორების კოლტმა. შველი უფრო შეფიქრიანდა. წამოდგა. დაკვირვებით, ცისკენ ხშირ-ხშირი მზერით ისიც ნელ-ნელა ჩავიდა ქვემოთ, მაგრამ სადღაც გავარდა თოფი, ერთხელ, მეორედ, შველი მობრუნდა და ისევ ზევით გაიქცა. გაჩერდებოდა და შემკრთალი მოიხედავდა უკან. თითქოს თოფის ხმა იყო ნიშანი, წამოვიდა თოვლი. ჯერ კანტიკუნტი ფიფქები, მერე ხშირი. ისეთი ხშირი და დიდი ფანტელები ჩამოდიოდა, ვერ გაიგებდი, იმათ ჩამოაბნელეს თუ ისედაც დაბინდდა. შველი მაინც წიწკნიდა ბალახებს, ჩქარ-ჩქარა ატოკებდა ყბებს, ასწევდა თავს და აყურადებდა. ჩამოდიოდა ზღვად ფანტელები. ხეებს ტოტები შეეფუმფლათ. შველს წელი დაუსველდა, წავიდა, რამდენიმე კამარა შეკრა. ბებერი გადმოზნექილი მუხა მონახა, იმის ძირში გაჩერდა. ღამდებოდა. იდგა, ყბებს ატოკებდა, თან თოვას უყურებდა. ერთი გაბმული ჩმაჩუნ- ჩურჩული ისმოდა. ჯერ ზეზეურად და-ხუჭა თვალები, მერე ჩაწვა, მუხის ამოზნექილი ფესვების შეღრმავებაში შეიყუნჭა, მაღლიდან ტოტებგაგრაგნილი მუხა გადმოჰფარებოდა. გაახელდა შეშფოთებულ თვალებს. ფანტელები თითქოს სამტროდ მოსეული მწერები იყვნენ, ირგვლივ უვლიდნენ, ჯერ კი ვერ ბედავდნენ შეხებას. შველი თავს მხარზე დაიდებდა, ჩაიძინებდა, მაგრამ ისევ მალე ეღვიძებოდა.

      შეწუხებული უყურებდა თოვას. სადღაც მგელი აყმუვლდა. ეს არ იყო სანადიროდ გამოსული მგლის ყმუილი. ეს იყო შიშისზარი. ტყე რაღაც შეუცნობელ შიშს მოეცვა. შველი წამოდგა. მუხას ეკვროდა, კანკალებდა, თან შიშით, თან სიცივით. მგლის ყმუილი უფრო შორიდან მოისმა, ამან ცოტა დაამშვიდა, მაგრამ მუხას მაინც არ მოსცილებია. ასე იდგა დიდხანს. ხან და-ხუჭავდა, ხან გაახელდა თვალებს. ბოლოს, დაღლილი, გათანგული, ისევ დაწვა, დაიძინა. ძილში ესმოდა ფიფქების ჩამიჩუმიც კი. შუაღამისას წიფლის დიდი ტოტი ჩამო-ტყდა, ლაწანით ჩამოიტანა იმ ტოტმა სხვა ტოტებიც.

      შველი წამოხტა. იცდიდა, კიდევ რა მოხდებოდა. ეჩვენებოდა, რომ თოვა მატულობდა. კიდევ ჩამოტყდა სადღაც სხვა ტოტი. შველი იდგა და კანკალებდა. ბოლოს მაინც დაწვა, ისევ თვალები დახუჭა, დაიძინა. რომ გარიჟრაჟდა, შემკრთალი წამოდგა, თოვლი გალავანივით შემოვლებოდაირგვლივ. ისევ ჩამოდიოდნენ ფიფქები. შველმა ისკუპა, თოვლის გალავანს გადაევლო, მაგრამ მუცლამდე ჩაიფლო. კიდევ ისკუპა. ნახტომი არ გამოუვიდა. ხტებოდა, თოვლს აბუქებდა. შეშფოთებული შეჩერდა. იდგა. აქეთ-იქით იხედებოდა, საცოდავად დაიხავლა. თოვლში იწვა. მაღლიდანაც თოვლს ადებდა. მობრუნდა, თოვლის ბუქებით ისევ მუხასთან მივიდა. მუხის ძირში სიმშრალეც იყო, სითბოც, ხმელი ბალახებიც. ის ბალახები მოწიწკნა. მერე ხავსიც შეახოხნა მუხას, იდგა, ტოკავდა, ასწევდა და დაადგამდა ხან ერთ ფეხს, ხან მეორეს. მიბრუნდებოდა, ელოდებოდა მზეს. მოვიდოდა მზე, თოვლს დაადნობდა. დაბლა დასწევდა, შველი ტყვეობიდან განთავისუფლდებოდა. მაგრამ ისე დაღამდა ის დღე, არც მზე გამოჩენილა, არც თოვა შეწყვეტილა. თოვლის გალავანმა იმდენად აიწია, აყელყელავება უხდებოდა, რომ დაბლა გადაეხედა. აყელყელავდებოდა, გადაიხედავდა დაბლა, _ რა უნდა დაენახა? თეთრად მიბუნდოვანებული ტყე, თოვლი, თოვლი, _ დაიხევდა უკან, მიეკვრებოდა მუხას და იდგა, ან ხავსს ახოხნიდა. ხან აქ, ხან იქ ტყდებოდა ტოტები. შველმა იცოდა, რა ხმებიც იყო ეს. მაინც კრთოდა. დაწვებოდა, ჩაეძინებოდა, მალევე გაიღვიძებდა, სიცივით შეწუხებული წრიალებდა, ისევ დაწვებოდა. მხოლოდ გათენებისას ჩაყუჩდა ყველაფერი. თოვა შეწყდა. ხეებს შორის ვარსკვლავები გამოჩნდა. ყინვამ იმატა. მაგრამ შველს მაინც თვალებში იმედი ჩაუდგა. მალე მზე მოვიდოდა. მართლაც, მთლად რომ გათენდა, ჯერ მზის სხივები მოვიდნენ ხეების კენწეროებზე, მერე თვითონ გულით მცინარი მზეც მობრძანდა. შველი შეჰყურებდა, შეჰფოფინებდა, კუდს სიხარულით აქიცინებდა. დაიწყო თოვლმა დნობა. შველი გაფაციცებული უსმენდა ხეებიდან თოვლის ნაფლეთების ცვენას. სულ ეჩვენებოდა, ვიღაც მოდიოდა რბილ თოვლზე.

      ნაშუადღევისთვის მზემ ისე იმძლავრა, სადაც შველი იდგა, იქ წყალმა გამოჟონა. თოვლის გალავანი აშკარად დადაბლდა. მხიარული კივკივით მოფრინდა მუხაზე ორი კოდალა, ატეხეს კაკუნი. უყურებდა შველი კოდალებს, მათ გარჯას, თვითონაც გული ეძლეოდა. ხავსს ვეღარ სწვდებოდა, გადახტა თოვლის გალავანს იქით, წინა ფეხებით ამძვლევდა თოვლს, მიფორთხავდა, წვალებით მიაღწია რცხილის ტოტებამდე. დახარბებული კვნეტდა, ღეჭავდა, აქეთ-იქით იხედებოდა. ტყე ახლა ძალიან ნათელი იყო, თოვლზე ხეების გრძელი ჩრდილები იწვა. სინათლეც აშინებდა. სულ დაუსველდა ფერდები. მზე რომ ჩასასვლელად მიუახლოვდა გორის თხემს, ყინვამ იმატა. სველი ფერდები შეეყინა. ისევ მუხასთან დაბრუნდა. ძალიან ცოტაღა იყო იქაც მშრალი. იმ მშრალზე მიიჭუჭკა, მოიკუნტა, მთლად დაპატარავდა. ეძინა, არც ეძინა. შეღამებისას ისევ მოისმა მგლების ყმუილი. ადგა, დაფეთებული იყო, ცახცახებდა. მაგრამ მგლები არ მოახლოებულან. ისევ დაწვა. მთელ ღამეს ჩახჩახებდა ყველა ვარსკვლავი. ყინვას ტკაცუნი გაჰქონდა, სხეულს უთანგავდა. ადგებოდა, ადგილზე ტრიალებდა, თითქოს ბუზანკალებს იგერიებდა, მუხას ეხახუნებოდა. დაწვებოდა. ისევ ადგებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გალეული მთვარეც გამოჩნდა. ახლა მალე გათენდებოდა. დაიწყო გათენებაც. სადაცაა, მზის სხივებიც მოვიდოდნენ ხეების კენწეროებზე. ვეღარ მოითმინა, ისკუპა, გადახტა თოვლში მზის მოსასვლელისკენ. პირშეყინული თოვლი ფხლაწუნით ჩაუტყდა, მუცლამდე ჩაიჭედა. უნდოდა კიდევ ესკუპა, მაგრამ ყინულებმა არ გაუშვეს. შიშმა შეიპყრო, აბორგდა. ყინულები მიმოამსხვრია, ერთხელაც გადახტა, ისევ მუცლამდე ჩაჯდა, იქაც იბრძოლა, იქიდანაც გადახტა, ისევ ყინულებში ჩაიჭედა, ახლა უკვე მიწამდე ვერ დააწვდინა ჩლიქები. თითქოს ჰაერში გაჩერდა. ამაოდ ატოკებდა ფეხებს. მუხლებთანაც წვა იგრძნო, მკერდთანაც. თოვლზე სისხლიც დაინახა. ამან მთლად თავზარი დასცა. საცოდავად დააღო პირი. დაიხავლა. დახედავდა სისხლსდა დაიხავლებდა. ვეღარ ერეოდა ფეხებსაც. ფერდებით ყინულს შეეწება. სიცივისაგან შიგნეულიც ასტკივდა, მარტო თავსღა ასავსავებდა, ხაოდა, ცრემლი ჩამოსდიოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მზეც მოვიდა, ახლა მოცდაღა იყო საჭირო. თავი მხარზე დაიდო, ძირს დაუვარდა, აღარც აუღია. მთლად მზეს მიენდო. მაგრამ მალე მზეს ბურუსი გადაეფარა, ბურუსი გადაეფარა მთელ ცას. შველი ისევ შიშის ზარმა აიტანა. ტოკავდა, ვეღარც ტოკავდა. ხაოდა, მზეს ეძახდა. ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი. მზე მაინც არ ჩნდებოდა. შველს ცისკენ ჰქონდა აწეული თავი, ისევ ხაოდა, ისევ მზეს ეძახდა. მერე აღარც ხმა ჰქონდა, _ პირდაღებული უხმოდღა შესტიროდა მზეს...

      - მიხედე, მზევ, თოვლში ჩაყინულ შვლებს! _ შორეულ გრგვინვასავით გაისმა ღრუბლებში. გადაბურულ ცას ნელ-ნელა უჩნდებოდა ლურჯი, ლურჯი ბზარები

ნახვა: 307

ტეგები: qwelly, ამბავი, ბლოგი, მოთხრობა, შველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters